ქართლის მბრძანებლისადმი გაცემული უავგუსტოესი ხელშეკრულების პირია
[edit]იესოელთა დიდებული თავადების სიამაყევ, მესიელთა ხალხში წარჩინებულთა რჩეულო, ქრისტეს მაღიარებელ გვარ-ტომთა საქმეების კეთილად წარმმართველო, ქართლის ქვეყნის მფლობელო სიმონ-ხან - ალლაჰმა კეთილი დასასრული მისცეს მას - როდესაც [ეს] მაღალი და სამეფო სიგელი [თქვენთან] მიაღწევს, იცოდეთ, რომ ამას წინათ ჩემს მაღალ და ბედნიერებამოსილ ზღურბლსა და სამართლიანობად წოდებულ ჩემს უზენაეს სამეფო სასახლეში შენ გამოაგზავნე შენი ძმა, შენი ნათესავი, შენი მოურავი და [კიდევ] ნდობით აღწურვილი რამდენიმე კაცი. ჩემი სარდალი, პატივმოსილი დესთური, ჩემი დიდებული მუშირი, ქვეყნის მომწესრიგებელი ვეზირი ჩემი ფერჰად ფაშა - ხანგრზლივი იყოს დიდებულება მისი - დიდი ყურადღებით ეკიდება შენს საქმეებს; და ამას წინათ შენც მას, აღნიშნულ ცვენს სარდალს, წერილი გამოუგზავნე და ჩემს სვებედნიერ სამეფო ტახტს ყოველმხრივი მორჩილება და გამგონობა გამოუცხადე, მისი მოხარაჯეობა ბედნიერების წყაროდ მიიჩნიე და ზემოხსენებულ [სარდალს] სენი წლიური ხარაჯა გამოუგზავნე და [ამრიგად] ერთგულად და გულწრფელად მიენდვე და შემოაფარე თავი ჩემს უზენაეს კარს. ამიტომ აღნიშნულმა ჩემმა სარდალმაც ყოველმხრივ შეგიწყნარა და მოგეცა შენ [სარდლისაგან] ხელშეკრულება იმაზე, რომ შენს უფლებასი მყოფი შენი ქვეყანა უწინდებურად შენს ხელში იყოს, შთამომავლიდან შთამომავლამდე შენ იყო მისი მფლობელი და სხვა ვინმეს ამაში ხელი არ ჰქონდეს და [ამ საქმეში] არ ჩაერიოს. [ამ ხელშეკრულების] შესაბამისად თქვენ ჩემი ბედნიერების ბუდე სასახლიდანაც გითხოვიათ სამეფო პირობის წიგნი. ამგვარად, გარდა იმისა, რომ შენი სურვილი და საწადელი კეთილად იქნა [ჩვენს მიერ] დაკმაყოფილებული, შენი ძმა და სხვა შენი კაცები ჩემი მაღალი ოსმალთა სახელმწიფოსათვის შესაფერისი პატივით იქნენ მიღებულნი და მათ მიმართ გამოჩენილ იქნა მზრუნველობა და მფარველობა და უწინ მოცემული ხელშეკრულების შესაბამისად, ჩემი უზენაესი კარიდანაც ეს-ეს იყო მტკიცე საბუთი უნდა მოგვეცა, რომ მაგ მხარეში მყოფ მესაზღვრე ბეგლარბეგებისაგან ზედიზედ წერილები მოვიდა. [ამ წერილებით] მომახსენეს და შემატყობინეს, რომ შენ ხშირად მორჩილებიდან გამოდიხარ, ციხეში მომსვლელებს და სხვა გამვლელ-გამომვლელებს ავიწროებ და, გარდა ამისა, აქაოდა მე მოხარაჯე ვარო, ციხესთან ახლო მდებარე ნათესებიდან უშურს ითხოვ და ამბობ, რომ ციხეების გარშემო განლაგებული და ჩემი სამეფო და უძლიერესი ჯარის მიერ დაპყრობილი სოფლები და ნათესები უწინდელივით ჩემს მფლობელობაში უნდა იყოსო, ჩხუბობ და საქმეში ერევი. ამრიგად, უწინ რომ ამოდენა ერთგულება და გულწრფელობა გვაჩვენე, ხარაჯა გამოგზავნე და ახლა, როდესაც ჩვენს შორის მშვიდობიანობისა და შეთანხმებულობის დამყარებას ველოდით, ასეთი ვითარების შექმნა ეწინააღმდეგება ჩვენს მიზანდასახულობას. ამიტომ ბეგლარბეგებს უკვე დაეგზავნათ პატიოსანი ბრძანებები, რათა მათ ჭეშმარიტებით გაარკვიონ თუ რა არის [ყველაფერი] ამის არსი დათითოეული ბეგლარბეგი ფრთხილად იყოს და მისი საბეგოსადმი დაქვემდებარებული ჩემი ძლევამოსილი ჯარით სრულ მზადყოფნაში იდგეს. ამჟამად კი თბილისის ბეგლარბეგმა გამოგზავნა წერილი, რომელშიაც შენს შესახებ მომახსენა, რომ შენ სრულ მორჩილებასა და გამგონობას იჩენ სვებედნიერი [ჩემი] კარის წინაშე, როდესაც აჩიკბაშისაკენ მიემართებოდი, დახმარება ითხოვე და თბილისის ყულის ჯარიდან დამხმარე სამხედრო ძალა მოგეცა, წახვედი და მტერზე გაიმარჯვე. თუ ეს ასე იყო, მე კეთილად მოვისმინე შენი ასეთი მორჩილება და გამგონობა და ამიტომ კვლავ გავუგზავნე ბეგლარბეგებს მტკიცე და პატიოსანი ბრძანებები და თითოეული მათგანი მტკიცედ და დაბეჯითებით გავაფრთხილე და მივუთითე, რომ რამდენადაც ჩვენთან ერთგულად და პირიანად არის, მის ქვეყანას არ ჩააცივდეთ და მის საქმეში არ ჩაერიოთ-მეთქი, იმის მეგობარს მეგობრობა, ხოლო მის მტერს მტრობა გაუწიეთ და მასთან ყოველნაირად მეგობრულად და გულითადად იყავით-მეთქი. მაგრამ არც შენ შეგფერის, მხოლოდ იმიტომ, რომ მოხარაჯე ვარო და ციხეები რომ შენდებოდა ჩემი ძლიერი და სამეფო ჯარებით დაპყრობილი და დამორჩილებული სოფლებისა და ნათესების საქმეებში ერევი და ციხის მიდამოებში მდებარე ყანებიდან უშურს ითხოვ. ყველა ციხის გარშემო მდებარე სოფელი და ნათესი გალავნით არაა შემოზღუდული.
ამრიგად, თქვენს ბუნებით თანდაყოლილი ერთგულებისა და გულითადობის შესაბამისად ეცადეთ იყოთ მშვიდობიანად და პირიანად, სხვისი შეცდენისა და წაქეზების მეშვეობით ტყუილ-უბრალოდ ბოროტებას ნუ ჩაიდენთ. უკეთუ ჩემს ბეგლარბეგებში თავს იჩენს ისეთი ვითარება, რომელიც ეწინააღმდეგება ჩემს უზენაეს ბრძანებას, შენს მიერ ნდობით აღწურვილი კაცის საშუალებით დაწვრილებით და სიმართლისა და ჭეშმარიტების საფუძველზე მომწერე ამის შესახებ და ჩემს უზენაეს კარს მოახსენე, რომ მათ სათანადო სასჯელი მიეზღოთ. შენ კიდევ შენს ხელქვეით მყოფი შენი თავადები და აზნაურები და სხვები მტკიცედ გააფრთხილე და მიუთითე, რომ ციხეებში მიმავალ-მომავალ ჩემს ჯარისკაცებს, სურსათისა და ხაზინის დამტარებლებსა და გამვლელ-გამომვლელებს ნურავითარ შემთხვევაში ნუ ერჩიან და ნუ გადაეკიდებიან. და საერთოდ საჭიროა, რომ შენი კეთილი მზრუნველობით ქვეყანაში როგორმრე დამყარდეს მშვიდობა და სიწყნარე, რათა შეუძლებელი იყოს ვნება და ზიანი მიეყენოს ვისიმე ქონებასა და სიცოცხლეს. ხოლო თუ ვინმე მეციხოვნე ჯარიდან ჩვენს მფლობელობაში მყოფი სოფლების გარდა შენი ქვეყნისადმი დაქვემდებარებული სოფლებისა და ნათესების საქმეში ჩაერევა, ან ვისმე თავს დაესხმის, ეს მათ ბეგლარბეგს აცნობე, რომ მაგისთანა ავაზაკებს სათანადოდ გაუსწორდნენ და ამისი საშუალება არ მისცენ. და უკეთუ მათმა ბეგლარბეგმა ამას ყურადღება არ მიაქციოს, დაუყოვნებლივ მოახსენე ჩემს სვებედნიერ კარს, რათა ამ ბეგლარბეგს მარტო სამსახურიდან სამუდამოდ დათხოვნა კი არ ვაკმარო, არამედ უფრო სასტიკად გავუსწორდე. ამ ვითარების შესახებ შენი ხელით დამაკმაყოფილებელი პასუხი დაწერე და გამომიგზავნე, რომ ეს შენი წერილი ჩემს ბედნიერებამოსილ სასახლეში სახელმძღვანელო დასტურლამალა იყოს, თქვენ კი მყუდროებაში იყოთ და დამშვიდებული გეძინოთ, გამუდმებულად ღირსი გახდეთ ჩემი მრავალნაირი სამეფო წყალობისადა ისე, რომ შენი თანატოლები შენ შეგშუროდნენ.
გამომცემლები შინაარსის მიხედვით დოკუმენტს 1589-1590 წლებით ათარიღებენ. ამ დროს სვიმონ I დროებით დაუზავდა ოსმალებს და ზავი დასდო მის სარდალ ფერჰად-ფაშასთან და ამ საზავო შეთანხმების დამტკიცება სულთან მურად III-განაც მოისურვა, რისთვისაც თავისი ძმის მეთაურობით ელჩობა მიავლინა სულთნის კარზე.
სწორედ ამ ამბების გამოძახილია ოსმალეთის სულთან მურად III-ის წერილი ქართლის მეფე სიმონ I-თან.