Jump to content

1573 წ. წყალობის წიგნი სვიმონ მეფისა გულბაად ელიოზისძის შვილ გედეონისადმი

From Wikisource

საბუთის ტექსტი: 2016 წლის გამოცემის მიხედვით

დ ე დ ა ნ ი: ხეც, Sd-527; მოყვითალო ფერის ქაღალდი; ზომა: 56,2X14 სმ. შავი ფერის მელანი; მხედრული, განკვეთილობის ნიშანი: ორწერტილი და სამწერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ; დაზიანება: თავნაკლული, ტექსტი მცირედ დაზიანებული, შევსებულია სარესტავრაციო ქაღალდით. ტექსტის ერთი სტრიქონი გადაშლილია შავი მელნით. საბუთს თავში მიწებებული აქვს ქაღალდი რუსული სარეგისტრაციო ჩანაწერით (საბუთი სარეგისტრაციოდ წარუდგენიათ 1817 წ. 12 აპრილს, რეგისტრაცია გაუვლია 1820 წ.).

თ ა რ ი ღ ი: ქორონიკონი სნია (261), რაც გვაძლევს 1573 წელს.

საბუთის დ ა მ წ ე რ ი: ხერხეულიძე ნავროზ.

გ ა მ ო ც ე მ ე ბ ი: თაყაიშვილი, 1909: #99, გვ.125-126; დოლიძე 1965: გვ.194-195; კორპუსი, 2016: გვ. 287-288.

ტექსტი

[ქ. სახელითა ღმრ(თი)სა, სამგუამოვნად ცნობილისა, არსებადაუბადებე]ლისა დ[ა] [ერთარსებისა], მამისა, ძისა და სულისა წმიდისათა; მეოხებითა ყოვლად წმიდისა ღ(მრ)თისმშობელისა, მარადის ქალწულისა მარიამისითა და ყოველთა წმიდათა ღ(მრ)თისათა ზეცისა და ქუეყანისათა ჴორციელთა და უჴორცოთასა, მინდობითა და შუა მდგომლობითა ჩუენ, ღ(მრ)თივ გუირგუინოსანმან მეფეთ-მეფემან პატრონმან სვიმონ და თანამეცხედრემან ჩუენმან დედოფალთა დედოფალმან პატრონმან ნესტანდარეჯან , და ძეთა ჩუენთა: პატრონმან გიორგი, პატრონმან ლუარსაბ და პატრონმან ალექსანდრე , და ძმათა ჩუენთა პატრონმან ვახტანგ და პატრონმან ალექსანდრე, ესე უკუნისამდე ჟამთა გასათავებელი წყალობისა წიგნი და სიგელი გიბოძეთ თქუენ, ჩუენთა ერდგულად ნამსახურს ელიოზიძესა გულბაადის შვილსა გედეონს, მას ჟამსა, როდეს [თქუ]ენის კერძის მამულის წიგნსა გვეაჯენით.

ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქუენი და, რაცა მამული გრგებოდა, მოწმენი გყუანდეს კ(ათალიკო)ზი დომენტი, სახლისუხუცესი ზაზაი, როსაბ ბარათაშვილი და იესე მიწობლიძე.

შეგიწყალეთ და გიბოძეთ. იმისი წიგნი და ნიშანი გრგებოდა საუფროსოდ და წილადი ჟირიული მამული, რასაცა დღეს მქონებელი არის, იმითურთ პატატუნაური მამული, რასაცა დღეს მქონებელი არის, ი[მ]ითურთ; ბაბუცაშვილი მისით მამულითა, ქრისტესაი და ბაიაი მათით მამულითა, მირიანას ნახევარი მამული[1]; კუნელაური, ნადირა და შალუტა მათით მამულითა, ღორიწველაშვილი მისით მამულითა, მიქელაური მამული. და სხვა, რაცა სასახლო მამული იყო, ანუ სასახლეები, ანუ მთა, ანუ ბარი, ანუ ზვრები, ანუ ხოდაბუნები, ანუ საწყლისპირო, ანუ საჴმარი და ანუ უჴმარი, რაც ყოფილა, როდესცა თქუენ და ელიოზ გაყრილხართ, ამისი ნახევარი თქუენ, გულბათს და შენსა შვილსა გედავანს გრგებოდა და ბაღნიაურის მამულის ნახევარი. და ამისი წიგნი და სიგელი გვიბოძებია.

გქონდეს და გიბედნიეროს ღ(მერ)თმან თქუენ, ელიოზიძესა ჯვარისმტვირთველს გედავანს , ჩუენსა და სვეტისცხოვლისა სამსახურსა და ერდგულობასა შინა. და თუ ვისმე სხვასა წიგნი და ნიშანი ჰქონდეს, ყოველივე სიგლითა ამით გაგვიცუდებია.

დაიწერა ბ(რ)ძ(ანე)ბა ესე ჴელითა [ფრ]იად ცოდვილსა ხერხეულისძისა ნავროზისითა ქ(ორონი)კ(ონ)სა სნია.


ხელრთვები ხვეულად: სვიმონ, ნესტანდარეჯან, ლუარსაბ, ვახტანგ, ალექსანდრე.

საბუთს თავში, აშიაზე უზის ხელრთვა.

მინაწერები:

რუსულ რეგისტრაციას ახლავს მინაწერი: სოვეტნიკი თ(ავად)ი დიმიტრი თარხანოვი.


  1. სიტყვებთან: "ნახევარი მამული", ტექსტი გადაშლილია.