Jump to content

1477 წ. - დავით მეფის მიერ მაღნარაძეებისათვის მიცემული სასისხლო სიგელი

From Wikisource
საბუთი Sd-796




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

პირი:

საბუთის შინაარსი

[edit]

საბუთის ტექსტი: 1881 - დ. ფურცელაძე - Грузинские дворянские грамоты

საბუთის ტექსტი: 1924 - კაკაბაძე სარგის - სასისხლო სიგელების შესახებ


ქ. სახელითა სახიერისა ღმრთისათა, მამისა, ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩუენ იესიან-დავითიან-ბაგრატოვანმან, ნებითა ღმრთისათა აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სვანთა, ბერძენთა, სომეხთა მეფისა, შანშე და შარვანშე, ყოვლისა აღმოსავლეთისა, დასავლეთისა, ჩრდილოეთისა, ლიხთიმერისა და ლიხთამერისა ნებითა ღმრთისათა ორთავე სახელმწიფოთა ტახტგვირგვინთა ხელმწიფებითა მფლობელისა მპყრობელისა, დიდისა მეფეთ-მეფისა ღმრთივ-გუირგუინოსნისა დავით მეფისა წინაშე;

მოვიდეს ჩუენთანა ჩუენი დიდათ ნამსახურნი, თქუენ, საყდრის შვილნი ინდოეთს მოსახლენი მაღნარაძენი ივანე და გიორგი, გეგელიას ძისა შვილი ივანე, გუგუაი, მამისთვალა, ესტატე, მუქაფაი, ივანეში, ქრისტეშია, ღმრთისავარი, მამისთემნა, კირველიში და უკლებაი, მიქაი, კაკიაი, კუგალია, გუაგუვინაი, მამაბედი, ივანე გვეაჯენით და გაჯებინეთ, შეგიწყნარეთ და გიბოძეთ და გაგიჩინეთ და მოვიკითხეთ თქუენი გვარისა იადგარი, თქუენით მოკითხული ქუთათის თქუენი ნათესავისა კაცისა იადგარი, წმინდა აზნაურიშვილი გამოვიდა საძოვრითა, სათიბითა, ტყითა, წყლითა, საბალახოთა, ყოველითა ფერითა წმინდა აზნაურიშვილი გამოვიდა.

აწ, ჩუენ მეფეთ-მეფემან დავით თქუენ მაღნარაძესა ივანეს, გიორგის, გეგელიას, ივანეს, გუგუვაის, მამისთვალას, ესტატის, მუქაფაის, ვანეშის, მიქაიას, თქუენთა შვილთა და მომავალთა ყოველთავე. ვინც ადამის ტომისა ნათესავისა კაცსა თქუენ, მაღნარაძის ნათესავი კაცნი შემოაკუტეს, გინა მამაკაცი, გინა დიაცი შემოაკუდეს, თავი სისხლი გაუჩინეთ ოთხასი ათასი ძველი კირმანაული თეთრი დაგეურვოს. მას გარედ სანახშიროდ ოცი ათასი თეთრი დაგეურვოს.

ვინცა ცოლი წაგიღოს, სისხლისა ნახევარი სისხლი დაგეურვოს; ვინცა ქალი დაგიგდოს, სისხლისა მესამედი დაგეურვოს; ვინცა შინა მოგიხთეს, სრული სისხლი დაგეურვოს; ვინცა დაგკოდოს ანი იარაღი დაგასვას, მეექვსედი სისხლი დაგეურვოს; თუ კბილი ჩაგაგდებინოს, მეშვიდედი სისხლი დაგეურვოს; ანი ჩინსა ადგილსა გაჩნდეს, მერვედი სისხლი დაგეურვოს; ანუ შვილი წაგივიდეს, მეექვსედი სისხლი დაგეურვოს; თუ ვინმე სასაფლავო გაგიტეხოს, სრული სისხლი დაგეურვოს; თუ ვინმე გრძნეულება უმეცრად შემოგყივლოს, სისხლისა ნახევარი დაგეურვოს; ანუ ჯოგი გაგიტეხოს, მეექვსედი სისხლი დაგეურვოს; თუ ვინმე უკაცროვმან კაცმან ნაბანი შეგასვას ანუ გაფიცოს, მართალი დარჩე, ნახევარი სისხლი დაგეურვოს; თუ უსამართლოდ პატრონსა ჩაგასმინოს, მართალი გამოხვიდე, სრული სისხლი დაგეურვოს; თუ ვინმე შინა ყმა ანუ ბაზიერი ანუ მონადირე ანუ სეფექალი ანუ მწყევსი ანუ მეხადილე ვინც ეს ავად გაგიხადოს, მეცხრედი სისხლი დაგეურვოს; სხვანი ნაკოდნი, ნაძარცვნი, ნაგინებნი, ნაუპატივები ზემოწერილისა ზედა ანგარიშით მისი წესითა დაგეურვოს.

აწი ქრისტეს მიერ კურთხევით კურთხეულნო, ქართლისა და აფხაზეთისა კათალიკოზნო, თქუენითა ჯვარითა თქუენცა აგრე დაუმტკიცეთ. აწ, არიან ამისნი მოწამენი ქართლისა ამირეჯიბი ციციშვილი დავით, ერისთავი აბღაჭელიძე გიორგი, ამილახორი ჩხეტიძე ივანე, მეაბჯრეთუხუცესი ღოღაბერიძე დავით, ჩიჯავაძე გიორგი, ჭილაძე ქუელი, ჭილაძე თუქლამ ციხისთავი, ეჯიბი აფაქიძე, გოშოძე, ჩუნჩერახი გავაშელ ამუნასკირი, მოლარეთუხუცესი ქორთოძე, მეღვინეთუხუცესი რომანავიძე, ჭარხალაძე ივანე, ქოჩაქიძე როსტან, მიქელაძე, ნაფიცხვიძე ფანოველ, სხვანი ქართლისა ებისკოპოზნი დამამტკიცებელი ამა დაწერილისა რომანოზ, ბიჭვინტელი აბრამ, ჭყონდიდელი აბრამ, ევთიმე ცაიშელი, საბა მოქველი, სვიმეონ გელათელი, გელათისა მოძღვართ-მოძღვარი.

ჩუენ, მეფემან დავით გიბოძეთ თქუენ მაღნარაძესა ივანეს, გიორგის, გეგელიას ძისა შვილსა ივანეს, გუგულაის, უკლებაიას, მიქაილს, ესტატის, მუქაფაის, ხვთისავარის, მამისთემნას, კირველიშის, კაკიალის, ივანეს, გუნგულიას, გუაგინაის, მამაბედის, გუგუნაის, სულამიას, მახუტიას. გიბედნიეროს ღმერთმან.

დაიწერა ბრძანება და სიგელი ესე ნებითა ღმრთისათა, დამიწერია მეფისა მწიგნობარსა ლომინაძესა, მოწამეცა ვარ ნებითა ღმრთისათა.

საბუთის დათარიღება და პერსონალია

[edit]

დ. ფურცელაძე საბუთს 1477 წლით ათრიღებს, რაც ალბათ საბუთის პირის თარიღი იყო. სარგის კაკაბაძემ საბუთი 1486-1488 წლებით დაათარიღა და მის გამცემად ჩათვალა კონსტანტინე II-ის შვილი დავითი (მომავალი მეფე დავით X), რომელიც იმ ხანებში კონსტანტინემ იმერეთის მმართველად დანიშნა. ეს მოსაზრება გაიზიარა გონელი არახამიამაც. ეს დავითია ჩათვლილი სიგელის გამცემად პირთა ანოტირებულ ლექსიკონშიც, თუმცა იქ საბუთი ხან XV საუკუნითაა დათარიღებული; ხან XVII საუკუნით.

ჩვენი აზრით, არაა გამორიცხული საბუთის გამცემი დავით მეფე, ის დავითი იყოს, რომელსაც კონსტანტინე ძმას უწოდებს და რომელიც ზევდგინიძეთა საჩივრის წიგნებშიც მოიხსენიება.

გამოკვლევა საბუთის შესახებ

[edit]

2017 - გონელი არახამია - სასისხლო სიგელთა შესწავლისათვის - გვ.122-124

მაღნარაძეების სასისხლო სიგელი

შემონახულია ეტრატზე გადაწერილი პირი, რომელიც დაცულია საქართველოს საისტორიო არქივში (1448-5040). საბუთის შინაარსი რუსულ ენაზე გამოაქვეყნა დიმ. ფურცელაძემ[1]. გასული საუკუნის 20-იან წლებში ქუთაისის არქივში ს. კაკაბაძემ მიაკვლია საბუთის პირს, გადაწერილს XIX ს. პირველ ნახევარში და გამოაქვეყნა 1924 წ.[2].

სიგელის მიმღებნი არიან საყდრისშვილები, მაღნარაძეები: ივანე, გიორგი, გეგელია და ამ უკანასკნელის შვილები.

საბუთი გაცემულია დავით მეფის მიერ[3]. ეტრატის ხელნაწერს ბოლო ნაწილი აკლია, სადაც თარიღის შესახებ უნდა ყოფილიყო მითითება. ს. კაკაბაძის ხელთ არსებული პირი, როგორც პუბლიკაციიდან ჩანს, თარიღს არ შეიცავდა. დიმ. ფურცელაძის განკარგულებაში არსებული პირი გაცემის თარიღად 1477 წ. უჩვენებდა[4].

საბუთში მოწმეებად დასახელებულნი არიან: დავით ციციშვილი, ერისთავი აბღაჭელიძე გიორგი, ამილახორი ივანე ჩხეტიძე, მეაბჯრეთუხუცესი დავით ღოღობერიძე, გიორგი ჩიჯავაძე, ქველი ჭილაძე, ციხისთავი თუქლამ ჭილაგიძე, ეჯიბი აფაქიძე, გოშოძე, ჩუხჩარეხი გავაშელ ამუნასკირი, მოლარეთუხუცესი ქორთოძე, მეღვინეთუხუცესი რომანავიძე, ივანე ჭარხალაძე, როსტან ქოჩაქიძე, მიქელაძე, ფანოველ ნაფიცხვიძე; ეპისკოპოსები - რომანოზ ბიჭვინტელი, აბრამ ჭყონდიდელი, ეფთვიმე ცაიშელი, საბა მოქველი, სვიმეონ გელათის მოძღვართ-მოძღვარი[5].

დასახელებულ პირთაგან დავით ციციშვილი, ერისთავი გიორგი აბღაჭელიძე და ფანოველ ნაფიცხვიძე ალექსანდრე II იმერთა მეფის მიერ გაცემულ თოფურიძეთა სასისხლო სიგელშიც იხსენიებიან (ორი უკანასკნელი როგორც "გიორგი ერისთავი" და "ფანუელ ლაფიცხუძე"), რაც მაღნარაძის სასისხლო სიგელს ქრონოლოგიურად აახლოებს თოფურიძეთა სასისხლო სიგელთან ანუ XV ს. 80-იან-90-იან წლებთან.

ჩამოთვლილი საერო და საეკლესიო პირები, დასავლეთ საქართველოს - არგვეთის, რაჭის, ლეჩხუმის, სამოქალაქოს, სამეგრელოსა და აფხაზეთის დიდებულები და საეკლესიო იერარქები არიან. გამონაკლისს წარმოადგენს დავით ციციშვილი, მაგრამ ციციშვილების საფეოდალო და შიდა ქართლის დასავლეთი ნაწილი XV ს. და XVI ს. პირველ მეოთხედში ქუთაისის ტახტზე მსხდომ მეფეთა საგამგებლოში შედიოდა. ამიტომ ციციშვილის მოხსენიება აქ სავსებით ბუნებრივია. ასე რომ, ეს ჩამონათვალი წარმოგვიდგენს ქუთაისის სამეფო კარს და ქუთაისის სამეფო ტახტზე მჯდომი მეფის გარემოცვას და საგამგებლოს.

აღნიშნული პოსტულატიდან გამომდინარე, მაღნარაძეთა სასისხლო საბუთის გამცემი დავით მეფე ქუთაისის ტახტზე ზის.

ქუთაისის სამეფო ტახტისათვის ბრძოლა XV ს. 80-იან წლებში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა თბილისის ტახტის მფლობელ კონსტანტინე II-სა და ქართლ-იმერეთის მეფის ბაგრატ VI-ის მემკვიდრე ალექსანდრეს შორის. 1484 წ. ქუთაისის ტახტზე მეფედ დაჯდა ალექსანდრე II, რომელიც 1486 წ. ჩამოაგდო კონსტანტინე II-მ, 1487-1488 წლების მიჯნაზე ალექსანდრე II-მ მეფობა დაიბრუნა, შემდგომ 1491 წ. შუა ხანებში კონსტანტინე II-მ მოკლე ხნით ალექსანდრე II გადააყენა ტახტიდან. საბოლოოდ ალექსანდრე II-მ განიმტკიცა მდგომარეობა ტახტზე და კონსტანტინეც ამ ფაქტს შეურიგდა.

სწორედ კონსტანტინე II-ის ქუთაისის ტახტზე გაბატონების ერთ-ერთ ეპიზოდს უკავშირებს ს. კაკაბაძე ქუთაისის ტახტზე მისი უფროსი შვილის, დავითის გამეფებას და მაღნარაძეებისათვის სიგლის ბოძებას. დავითის ხანმოკლე მეფობას და მაღნარაძეთა სიგელის გაცემას ს. კაკაბაძე 1486-1488 წლებით ათარიღებს[6]. აღნიშნული მოსაზრება, არსებული მასალების ფონზე, მისაღები ჩანს.


  1. ფურცელაძე 1881: 36-37.
  2. კაკაბაძე 1924: 19-22
  3. კაკაბაძე 1924: 20
  4. |ფურცელაძე 1881: 37
  5. კაკაბაძე 1924: 21
  6. კაკაბაძე 1924: 22, 252.

პუბლიკაცია

[edit]