Jump to content

1460-1465 წწ. - ფიცის წიგნი გიორგი მეფისა ზევდგინიძე-ამილახორისადმი

From Wikisource




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა

[edit]

დედანი: დაკარგულია.
საბუთის ძლიერ დაზიანებული დედანი ხელთ ჰქონია ე. თაყაიშვილს, რომელმაც გამოსცა იგი 1926 წელს. კორპუსში საბუთი გადაბეჭდილია ე. თაყაიშვილის გამოცემიდან, ოღონდ შევსებულია ანალოგიური ფიცის წიგნებისათვის დამახასიათებელი დიპლომატიკური ფორმულებით.

საბუთის აღწერა ე. თაყაიშვილის მიხედვით:

  • საფიცრის წიგნი, მიცემული მეფე გიორგი მეცხრის მიერ ზევდგინიძე-ამილახვრისადმი. 27 x 16,5 სანტ., დაწერილია მოყვითალო ქაღალდზედ მრგვალი მხედრულის ხელით. ნიშნებათ იხმარება ორ-ორი წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ. თავი აკლია, თავისკენ მარჯვენა მხარე მოხეული აქვს და ისეც ძლიერ დაზიანებულია. სიგელი უნდა ეკუთვნოდეს 1460 - 1465 წლებს.

საბუთის შინაარსი

[edit]

[ქ. სახელითა ღმრთისათა, მამისა, ძისა და წმიდისა სულისათა; მინ]დობითა და შუამდგომელობითა [ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობლისა, მარადის ქალწულისა მარიამისითა; თავსმდებო]ბითა და შუამდგომელობითა [წმიდათა თავთა მოციქულთა, პეტრე და პავლესითა, და ყოველთა ღმრთისა წმიდათა.

ამათ ყოველთა] თავდებობითა [და შუა]მდგომლობითა ესე [უთუმცაო, მიზეზშემოუღებელი, ჩუენად დღედ სიკუდილამდის გასა]თავებელი ფიცი, პირი [და სიგელი გიბოძეთ ჩუენ, მეფეთ მეფემან] პატრონმან გიორგი, [თქუენ, ზევდგინისძესა ამილახორსა...] და თქუენთა შვილთა.

ას[რე და ამა პირსა ზედა, რო]მე ვიყუნეთ თქუენდა [უზიანონი და მოპატივენი]. არას კაცის ენითა გაუკითხავა[დ და უსარჩლავა]დ არა შეგიბეზღოთ. არას... [ჟამს] კაცსა საძალოდ, წასახდენელად და დასარბ[ევად და უსარჩლავ]ად არა დაგანებოთ. რასაცა [თქუენ მქ]ონებელნი იყუნეთ, ანუ მამულ[ისა, ანუ სახელო]სა, თუ არა მოგიმატოთ, მისგან არა დაგამცი[რო]თ. რა ვიცით, და ან მამულისა [ან ყმის]ას ვისმე მიესარჩლებოდეთ, რაც შევატყოთ, მართალი სამართლითა გარდაწყუეტასა და წყალობას ვეცადნეთ და უსამართლოდთ არა რომელსა გარდავსწიოთ.

ამისად გათავებისად თავდებად თავად ღმერთი და ესე ზემოწერილნი წმიდანი მოგუიცემიან.

გიორგი.

საბუთის დათარიღება

[edit]
საბუთი უთარიღოა. ე. თაყაიშვილი მას 1460-1465 წლებით ათარიღებს, რასაც იზიარებს კორპუსი. სიგელის ადრესატი თვით საბუთის შემორჩენილ ტექსტში არ სჩანს, თუმცა ე. თაყაიშვილმა ის ზევდგინიძე-ამილახვარს მიაკუთვნა, რაც გაზიარებულია კორპუსშიც.

საბუთის პუბლიკაციები

[edit]