Jump to content

1432 წ. ვახტანგ მეფის სასისხლო სიგელი გურალიძეებს

From Wikisource





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

გურალიძეთა სასისხლო სიგელი

საბუთის ტექსტი

[edit]

საბუთის ტექსტი: 1912 - სარგის კაკაბაძე - ვახტანგ, უცნობი მე-XV საუკუნის აფხაზ-იმერეთის მეფეთაგანი - გვ.11-13

საბუთის ტექსტი: 1924 - კაკაბაძე სარგის - სასისხლო სიგელების შესახებ - გვ.60-62

საბუთის ტექსტი: 1982 - საურმაგ კაკაბაძე - Грузинские документы IX—XV вв. - გვ.143-146



ქ. სახელითა ღთისათა და ყოვლად წმიდისა ღთისმშობლისათა იესიან დავითიან პანკრატოვან ზეგარდამოცხებულ ღთივ გვირგვინოსანმან და ორთავე ტახტთა მსხდომარემან მეფეთ მეფე რანთა, კახთა, სვანთა, ბერძენთა, სომეხთა, მეგრელთა, ქართველთა, ჯიქთა, აფხაზთა, ალანთა, შარვანთა და შარვაშიანთა ლიხთ იმერისა და აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთისა და ყოვლისა საქრისტიანოსა მეფეთ მეფემან და ამათმან მპყრობელ-მჭირველმან, პირველ დასაბამითგან ვიდრე უკუნისამდე შეუცვალებელი და ხელმწიფობითა დამტკიცებული ესე წიგნი სიგელისა დაგიწერინეთ იადგარი ესე,

ასე რომე, ჩუენისა დარბაზის წინაშე შემოხვეწით მოდით და ვისმინეთ თქუენი შეხვეწა და გაგიჩინეთ სისხლი პირველ ძეობისაგან მეფისა ნამსახური ვახტანგისა და ერთგული ყოფილან გურალიძენი ჩარაჩე და მისი შვილი და მომავალი, და გამოვიდა ხასი აზნაურისა შვილი გარეთ მოსახლე კაცითა, შიგნითა ყმითა, ეკლესიისა კარითა, საფლავითა, ცხენითა, ცხენისა საომარისა იარაღითა, ჯაჭვითა და მუზარადითა, ქორითა და ბაზიერითა, ტყითა, სათევზოთა, მიწითა, წყლითა, საძებარითა და უძებარითა, მისითა ყოვლისფერითა.

გამოვიდა გურალიძე ჩარაჩე და მისი შვილი ხასი აზნაურისშვილი და გაუჩინეთ სრული სისხლი ხუთასი ათასი ძუელი თეთრი დაეურვოდეს, სანახშიროდ თუთხმეტი ათასი ძუელი თეთრი.

თუ ვინმე ცოლი გაგიუპატიუროს, სრული სისხლი დაგიურვოს.

თუ ვინმე ან ქალი დაგიგდოს ან ორსულს დედაკაცს გიცეს და შვილი მოაგდ(ებინ)ოს, სრული სისხლი დაეურვოს.

თუ ვინმემ გურალიძის გუარი კაცი მოკლას, სრული სისხლი დაგიურვოს.

თუ ვინმემ ექუსთაგან ერთი დაგაკლოს, სრული სისხლი დაგიუროს.

თუ ვინმე სახლში მოუხდეს, ან დაგიწვას, ან აგიალაფოს, სრული სისხლი დაგიურვოს.

თუ ვინმემ გრძნეულობა შემოგწამოს და მართალი დარჩე, სისხლის ნახევარი დაგიურვოს.

თუ ვინმემ ჯოგი წაგისხას ან მეჯოგეს გიცეს, თორმეტი ათასი თეთრი დაგიურვოს.

თუ ვინმე მეხადილე გაგიცარცოს ან გიცეს, ხუთი ათასი დაგიურვოს.

თუ ვინმე დარბაზს შეგაბეზღოს და მართალი დარჩე, სისხლისა ნახევარი დაგიურვოს.

თუ ვინმემ გურალიძის გუარის კაცს სცეს ან მჯიღით, ან ქუსლით, ან არგნით, სისხლის ნახევარი დაგიურვოს.

აწე რაცა ამას ზემო სწერია, თუ რამე საქმე მოხდეს, დაიჯერეთ მართლისა სამართლისა გამგენო, პირველ ჯარი დასხედით და ეს სიგელი გამოიღეთ და ამავე წესითა და საქმითა დაეურვებოდეს სისხლი.

და აწე ქრისტეს მიერ კურთხევითა აფხაზეთისა, ქართლისა კათალიკოზნo, თქვენცა აგრე დაუმტკიცენითა თქვენითა ჯვრითა და კურთხევითა. მამა ჭყონდიდელო, თქვენცა ასრე დაუმტკიცენით ჯვრითა და კურთხევითა, დრანდელ მოქველო, თქვენც აგრე დაუმტკიცენით თქვენითა ჯვრითა და კურთხევითა. ცაიშელ ხოფელო, თქვენცა აგრე დაუმტკიცენით თქვენითა ჯვრითა და კურთხევითა.

აწ რაცა ამას ზემო სწერია რამე, აწი ამისნი მოწამენი არიან თავად ღმერთი და კაცთაგან ამირეჯიბი აფაქიძე ციხისთავი და ერისთავი და ციხე-ქალაქთა მოაბჯრე მოლარეთუხუცესი და პურისა ხარჯისა მომკრეფელი.

აწე დაიწერა სიგელი ესე მეფეთ მეფისა ვახტანგსობასა, ქორონიკონსა ასოცდახუთსა (ასოცსა) ხელითა მწიგნობარისა გიორგი მოლაზონისძისა, ამინ.


დათარიღება

[edit]
საბუთის არქივში დაცულ პირებს თარიღად უზის 1432 წელი, ხოლო პეტერბურგში დაცულ პირს - 1437 წ. მკვლევართა უმეტესობა 1432 წელს ანიჭებს უპირატესობას.

პუბლიკაცია

[edit]