(გორა-გორა...)
Appearance
გორა-გორა, ვაზი-ვაზი,
მთვარით მონამკედარი:
ხევით ხევზე, მთიდან მთაზე,
ეშურება მხედარი.
ფეოდალი ძველისძველი,
მეფეთ შთამომავალი,
ვისიც იყო მთა და ველი
და კოშკები მრავალი,
ახლა მიჰქრის, იგი მიჰქრის,
მერანს ცეცხლი ედება.
არა! ეს გზა არის ფიქრის,
ყველგან რომ ეხეტება.
ნანგრევს იქით, კოშკებს იქით,
სიზმარიც კი მკრთალია.
ეს შრომაა ლალის ჭიქით...
რა დროს ფეოდალია!
შრომით მოველ, შრომით წავალ,
მხოლოდ შრომა ამიერ,
იყოს მრავალ, უფრო მრავალ,
კიდევ მრავალჟამიერ!