(არ მინდა სიტყვა...)
Appearance
არ მინდა სიტყვა, არ მინდა სიტყვა!
როდესაც სიტყვა დაიბადება,
სამართლის ალი - როგორც ბურუსი,
ისე ირღვევა და იფანტება.
მხოლოდ თვალებით, მაგ განუსაზღვრელ
სევდის მორევში მცურავ თვალებით,
მითხარი რამე, თორემ სულს დავლევ
გამოურკვეველ ქენჯნა-წვალებით.
მე სული არ მაქვს ამქვეყნიური,
შენზე ოცნებით დაიწვა იგი,
განშორდა სოფელს და თუ კვლავ სცოცხლობს,
სცოცხლობს ისე, ვით ტრფობის ტარიგი.
და ზექვეყნიურ სიყვარულით მწვავს
გამოუთქმელი და მწარე ალი,
სადაა სიტყვა, რომ ამოაშროს
გულში ნაგრძნობი და ნაფიქრალი?