ჯერ არ მომკვდარა მორწმუნე გული!
ჯერ არ მომკვდარა მორწმუნე გული! ავტორი: ვაჟა-ფშაველა |
1883 წ. |
ჯერ არ მომკვდარა მორწმუნე გული:
შავმა დრომ მხოლოდ დააავადა;
მაგრამ ნუგეში, დღეს განკიცხული,
გამწყრალმა გულმა ფთხილად დამალა.
ერთხელც იქნება, ცივი ზამთარი
მოკვდება – მუდამ ის ვერ იხარებს, –
კბილ-აფთრიანი, მღმუარი მგელი
მუდამ ბავშვებსა ვერ შეგვიშინებს.
ერთხელც იქნება ცა დაიჭექებს,
ზვავი გრიალით დაიწყებს დენას,
შავად ხევები აღელვდებიან,
არწივი მთაზედ დაიწყებს „ყეფას“¹.
კლდის შავარდნისა მაღლა „კივილი“²
ამცნებს არესა ზამთრის სიკვდილსა;
მოგროვდებიან ბუნების ძალნი
და დაიწყებენ მოთქმით ტირილსა.
ამოვა ნაზი ბუჩქის ძირს ია,
ღიმილით მეტყვის „გამარჯვებასა“;
მეც სალამს მივცემ, თავს მოვევლები
და ამოვიდგამ დაბმულს ენასა.
გული მოიკრებს თავის ძალასა,
დაგუბებული გრძნობა იფეთქებს;
სხვაფერ იწყობენ სიმნი კანკალსა,
გრძნობა სარჩულად იას დაიდებს.
ვიმღერ ბუნების მშვენიერებას,
არ შემაძრწუნებს ტრფობით მოკლული;
აღარ ვახსენებ საზარ „შიმშილსა“,
ახლა შვენებას ეძმობა გული.
მაგრამ ჯერ, მინამ ზამთარი არი,
უნდა ვიძახო „პური“ და „პური“;
ვისც არ უნახავს შიმშილით მკვდარი,
იმას ჩლუნგი აქვს, ძმავ, გულისყური.
იმას არ ესმის მშიერის კვნესა,
გულს არ უშფოთებს მას ცრემლის გუბე:
თვალს მოარიდებს ამ „უშნო“ სურათს,
მას შორს ეძახის ბუნების უბე.
ის ზამთარშიაც „იას“ იძახის,
მღერას არ უშლის მკვდარი ბუნება.
მაგრამ ვინც შრომობს, გულითა სტირის,
დროებით უნდა მას დასვენება.