Jump to content

ჯაჭვის ხიდი

From Wikisource
ჯაჭვის ხიდი
ავტორი: გიორგი ქუჩიშვილი
1916 წელი


ლეგენდა


1

ვის უნახავს ძველისძველი
ჯვარის მონასტერი,
რომლის გუმბათს თავს ევლება
ნისლი მშვენიერი -
ვის უნახავს ძველისძველი
ჯვარის მონასტერი?

2

იგი დღესაც ისევე სდგას,
როგორც იდგა წინათ:
წარსულ დროთა მატიანეთ,
დიდების გვირგვინათ -
დღესაც ისე ამაყად სდგას,
როგორც იდგა წინათ.

3

შორის გზიდან ეს ტაძარი
ისე მოსჩანს მთაზე,
ვით ზღაპრული ციხე-კოშკი,
დაკიდული ცაზე -
შორის გზიდან ეს ტაძარი
ისე მოსჩანს მთაზე,
რომ მგზავრის თვალს შეაჩერებს
მისი სილამაზე.

4

თურმე უწინ ამ ტაძარში
იყო ვინმე ბერი,
წმინდა მამას უწოდებდა
ქრისტიანი ერი -
თურმე უწინ ამ ტაძარში
იყო ვინმე ბერი,
თოვლიან ტყეს ჩამოჰგავდა
მისი თმა და წვერი.

5

წმინდა ჯვარის მონასტრიდან
მცხეთის მონასტრამდე
ხიდი იყო გადებული,
ღვთის და ცის რისხვამდე -
წმიდა ჯვარის გუმბათიდან
მცხეთის გუმბათამდე
ჯაჭვის ხიდი ქანაობდა,
ბერის წაწყმენდამდე.
არაგვი მოხმაურობდა
ჯაჭვის ხიდის ქვეშა,
გულ-ხვეული მოღელავდა,
ეხლებოდა კლდესა -
არაგვი მოხმაურობდა
ჯაჭვის ხიდის ქვეშა,
მის ხმაურში მოისმოდა
დედა-ქართლის კვნესა.

6

ერთხელ ბერი ჯაჭვის ხიდით
მცხეთას გადიოდა,
ხიდქვეშ ქალი ბანაობდა,
წყალზე ქანაობდა;
სითეთრით და სილამაზით
აფროდიტას სჯობდა,
ტალღა ვნებით ეხვეოდა,
ეშხით მუსიკობდა -
ჯაჭვის ხიდით მცხეთისაკენ
ბერი გადიოდა,
ხიდ ქვეშ ქალი ბანაობდა.
ზვირთზე ქანაობდა.

7

თვალი მოჰკრა შიშველ ქალწულს
და დაება ბერი,
ანგელოსიც არ უნახავს
ისე მშვენიერი,
ვით ის ქალი მოლივლივე,
ქალი ტან-შიშველი:
თეთრ გულ-მკერდზე უფეთქოდა
ორი სეფისკვერი,
გაუშლელი ორი კვირტი.
ორივ ხორბლის ფერი,
სამაცდურო ცოდვის ქსელი,
სიყვარულის ფსკერი.

8

ბერი ვნებით ჩააშტერდა
წამწყმედ ძუძუებში, -
ჩაწყდა ჯაჭვი, ჩაიღუპა
არაგვის ზვირთებში...

9

და მას შემდეგ სიყრუეა
ჯვარის მონასტერში,
საცეცხლურად დაკიდულან
ღამურები ჭერში. -
აღარავინ აღარ სწირავს
დღეს ამ მონასტერში
და ისპობა ყოველივე
დრო და ჟამის მტვერში,
მხოლოდ რჩება ეს ლეგენდა
უკვდავ ქართველ ერში.