Jump to content

ჯანყი გურიაში

From Wikisource
ჯანყი გურიაში
ავტორი: ეგნატე ნინოშვილი
1888


ჯანყი გურიაში
ისტორიული რომანი 1841 წლის გურიის ცხოვრებიდან
I
- უფ, რა გრილი ღამეა! პერანგისამარა გამოვედი და საშინლად მცივა!
- თუ გცივა, გულზე მომეკონე და გათბები.
- გულზე? არ ჯობს. მოწიფული კაცის გული და ზღვაი ერთია. სხვაი რამე რომ გაგიპირდეს, მაშვინ რაღაი? ხომ იცი, სიმონ, ჩვენი ჯვარისწერის საქმე ჯერ ცხრა ქედს გადაღმაა!
- მანა, გული მტკენია, რომ ამაზე მეტი დანდობა არ გაქ ჩემზე! რა გეივლე გულში აგი! აბა უნამუსო ვყოფილვარ, თუ ჯვარისდაწერამდე შენ საიმგვაროთ შეგეხე! ისე იმასაც ვიტყვი, ჩვენი ჯვარისწერის საქმე, შენ რომ ფიქრობ, არც ისე დაკარგულია. გუშინ ჩემს დედ-მამასთან განგებ შენი ქება ვთქვი და ბოლოს დავატანე: ვინც გინდა თავმომწონე აზნაურმა შეირთოს, ზრახი არ ეთქმება-მეთქი. არა, მე და ჩემმა ღმერთმა, ჩვენს სოფელში მანაის ფარდი ქალი არ მოიძებნებაო, დამემოწმა მამა. კაი დედ-მამის შვილია და კაი გამოვიდაო, თქვა დედაჩემმა. თუ კაია, ჩემია-მეთქი, გევივლე გულში. ერთი ორ-სამჯელ კიდევ მოვუყოლებ ამბავს და ბოლოს გავუტეხ ჩხირს: მანაი ჩემია, მე უნდა შევირთო-მეთქი. მგონია, უარი ვერ მითხრან. მეტყვიან და შენ მაინც ჩემი ხარ!
- შენი ვარ, სიმონ, შენი! აჰა, გული დანითაც რომ დასჭრა, იმ დღიდან მაინც შენია. ნუ გეწყინება, რომ ხანდახან ეჭვი შემომეპარება.
- ნუ, ნუ მოაკარეფ შენს გულს, მანა, იმ, უღვთო ეჭვს. აა, ასე დაგიკოცნი თვალებს, ყელს, გულს... კოცნა აბა სხვაი რა? სხვაფერ ჯვარის დაწერამდი და-ძმაი ვართ.
ასე საუბრობდენ გურიის ერთ სოფელში 1841 წელს, მაისის მოწმენდილ ღამეს, ისლით დახურულ ფიცრულა სახლზე ცოტა მოშორებით, დიდი კაკლის ხის ძირში მსხდომნი მანა, გლეხი X-შვილის ქალი და აზნაური სიმონ №-ძე. პირველი, მანა X-შვილის ქალი, იყო თექვსმეტი თუ ჩვიდმეტი წლის, მომაღლო მშვენივრად მოყვანილი ტანისა. მის თეთრყირმიზს, ცისფერი დიდრონი თვალებით გაბრწყინებულ პირისახეს რაღაც ისეთი გვარი მომჯადოებელი სხივი ეკერა, რომ ბერათ განყენებულსაც კი გულს უბრუნებდა და აუტოკებდა. მანას მოტრფიალე აზნაური სიმონ №-ძე ოცი-ოცდაორი წლის, საშუალო ტანის ყმაწვილი კაცი იყო. მის ლამაზ, სუფთა პირისახეს ძლიერ უხდებოდა ახალამოშლილი, წაბლისფერი წვერ-ულვაში და დიდრონი თაფლისფერი თვალები. სიმონ, როგორც ახლო მეზობელი, თვით ბავშვობიდანვე მეგობრულად განწყობილი იყო მანას მშობლებთან და მეტადრე მანას ძმა ბესიასთან. ხშირათ დადიოდა იმათ ოჯახში და, რა თქმა უნდა, მანასაც დაახლოვებით იცნობდა. “რა ლამაზია იი ყაძახის გოგო! რა მოხდენილი სიტყვა-პასუხი აქ. ერთ ქალად მარტო იმის ჩანგურის დაკვრა და მღერა ღირს”, - ფიქრობდა ის უწინდაუწინ მანას შესახებ. შემდეგ ეს ფიქრი ნელ-ნელა სიყვარულად შეეცვალა და ეს ყმაწვილი აზნაური შეიქნა “ყაძახის გოგოს” თაყვანისმცემელი. რა რომ მანამ ყმაწვილი, ლამაზი თვალტანადი აზნაური მის მოტრფიალეთ დაინახა, თითონაც გაება სიყვარულის ბადეში და, როცა სიმონმა მას განუცხადა, მიყვარხარ, ცოლათ უნდა შეგირთოო, რასაკვირველია, უარი აღარ უთქვამს სიმონისთვის.
რადგანაც ორივე - მანაც და სიმონიც - ერთმანეთთან შეუღლების თანახმანი და მოხარულნი იყვენ, იმათი ჯვარისწერაც ადრე უნდა მომხდარიყო. მაგრამ ამ საქმეს გადაეღობა წინ ერთი დიდი დამაბრკოლებელი მიზეზი: ეს მიზეზი იყო სიმონის მშობლები, რომლებთანაც სიმონი ჯერჯერობით ვერა ბედავდა ეთქვა, გლეხის ქალი მანა უნდა შევირთოვო. ამ უშველებელი მიზეზის გამო მანამ და სიმონმა თავიანთი ჯვარისწერა გადადვეს იმ დრომდე, როცა რაიმე ბედნიერი შემთხვევა ამ საქმის შესახებ სიმონის მშობლების ნებართვას მისცემდათ. მისცეს ერთმანეთს პატიოსანი სიტყვა, რომ მანა სიმონის გარდა სხვა ქმარს არ გაჰყოლოდა და სიმონს მანას გარდა სხვა ცოლი არ შეერთო. აგრეთვე დადეს პაემანი, რომ ჯვარის დაწერამდე ყოველ კვირაში სამ-სამხელ ნახონ ერთმანეთი და ამ საშუალებით მოიწყვიტონ სიყვარულისაგან აღძრული ნახვის წყურვილი. რადგანაც მანას და სიმონს ეშინოდათ, დღით ვისმე ბოროტი თვალი შემოგვესწრება, ხალხში ცუდ ხმას დაგვიყრისო, ამიტომ გადაეწყვიტათ, ღამით, როცა სოფელი ძილს მიეცემოდა, ენახათ ერთმანეთი. მართალია, სრულიად შიშს მოკლებულნი არც აქ იყვენ, აქაც ეშინოდათ, გულფიცხელმა ბესიამ (მანას ძმამ) არ გაგვიგოს ეს მარტოდმარტო ერთმანეთის შეხვედრაო, მაგრამ იმათი სიყვარულის ძალა იმდენად მძლავრი იყო, რომ ეს უკანასკნელი საშიშროება ვერ არღვევდა დათქმულ პაემანზე ერთმანეთის ნახვას.
აი, ერთი ამგვარი ნახვის პაემანი ანუ დათქმულობა ჰქონდათ მანას და სიმონს იმ ღამეს, როცა ჩვენ მკითხველო, პირველად გავიცანით ეს შეყვარებულები. მიჯნურთაგან დიდი პატივცემული და საამურად მიჩნეული მთვარე სრულის თავისი სიმრგვლე-დიდებით გამოკიდულიყო მოწმენდილი ცისქვეშე და, თითქო დედამიწის მოვერცხლ-მოოქროება უნდაო, ჩამოეშო მზისგან ნასესხები სხივები. მიჯნურთა მომღერალი ბულბულის ხმა დაუწყნარებლად მოისმოდა ყოველის მხრით. ამ ორი მოწამის გარდა მანას და სიმონის ტრფიალობა-საუბარს ჰყავდა კიდევ მესამე მოწამეც. ეს მესამე მოწამე იყო ერთი დიდი ძაღლი, რომელიც ისე ახლო მიმჯდარიყო მოტრფილე ქალ-ვაჟთან, რომ გეგონებოდათ, ეს მესამე მოტრფიალე უნდა იყვესო.
იმ დროიდან მოწყებული, რაც მანამ და სიმონმა ღამღამობით ერთმანეთის ნახვა დაიწყეს, ეს ძაღლი ერთგულ დარაჯად ემსახურებოდა ამ შეყვარებულებს: ის მუდამ ფხიზლობდა, გაბრაზიანებულის ყეფით მივარდებოდა ყოველივეს, რაც კი რამ ამათ სიახლოვეს გაიჭაჭანებდა. ამ ძაღლის ერთგულობის მიზეზი ის იყო, რომ მანამ ის თავის მზრუნველობით გამოზარდა.
- მე არ მიამება, გგონია, გულში ჩაკონება? - უთხრა მანამ სიმონს, როცა ამ უკანასკნელმა მიიკრა ის გულზე, - მეც შენსავით გული და სისხლი მაქ, მარა მეშინია, სიმონ, ბოლოს ქვეყნის საყბო არ გავხთე-მეთქი. წეღანაი მისაყვედურე: ეჭვიანოფ, დანდობა არ გაქო. ეჭვიანობით არ ვეჭვიანოფ, მარა მაინც რომ დავფიქრდები, ჩვენი ცოლქმრობა არ მოხთება, მგონია. აბა იფიქრე, შენ გვარს აზნაური ქვია, ჩემსას - ყაძახი! არა, სიზმარია ჩვენი ცოლქმ-რობა!..
- მანა, ან შენ რეიზა იტეხ გულს და ან მე რეიზა მაწვალებ? - უთხრა წყენით სიმონმა. - თავადაზნაურობა და ყაძახობა კაცის გამონაფიქრია, ჩვენი სიყვარული ჩვენი გულღვიძლის ნამდვილი შვილია, იმისთანა შვილი, რომ სანამდი ჩვენ ცოცხალი ვიქნებით, არ შეიძლება იგი რამემ მოკლას. ჩვენი სიყვარული მაშინვე მოკტება, თვითან ჩვენ რომ აღარ ვიქნებით ქვეყანაზე. აზნაურიო! უნდა გითხრა, ახლა რომ გვარის საქმეს შევხედე, კინტრათაც არ მიმაჩნია ჩემი აზნაურობა და თუ დამიჯერებენ, არც იი თავადობაა საბოლოო საქმე. დღეს მე ვარ აზნაური, ასე ქვია, ხვალ ეგება მე ყაძახი შევიქნა და ჩემი ყაძახი - აზნაური. ამას წამართვი-წაგართვი ქვია, მეტი არაფერი და ბევრით ჯობს, ყველას ერთი სახელი გვქონდეს. რაა რომ გეიკვირე დიდი საქმეა გაყაძახება თუ? მე გამიგონია, ჩვენი ძველი ყაძახი იყო თურმე.
- აბა რაფერ გააზნაურებულა ნეტაი? ადვილი აღარ იქნებოდა, - ცნობისმოყვარეობით ჰკითხა მანამ.
მიყურე და ქე გეტყვი, რა ადვილად უშონია. დედოფალს თურმე მუცელმა დაუცა ისე ურიგოთ, რომ გამობახთებოდა დედოფალი, თუ ერთი ჩვენი ძველი იქინეი არ შეხვედროდა. მარა იი ცხონებული ჩვენი ძველი ძაან მოხერხებული ყაძახი იყო თურმე, დედოფალის სამოქმედო მიიმისა, ასე რომ, გამოვიდა შვა დარბაზში და თქვა: მე დღეს იმისთანა საქმე მიყო ჩემმა ოხერმა მუცელმა, ისე გამაბახა ამდენ დარბაისელში, რომ ჩემი სიცოცხლე აღარ ღირს და აწი რაც გენებოსთ, იგი მიყავითო. რაღამც შენ იმდონი ზდილობა გაქ, რომ ამგვარი ბოდიშის მოხდა გააკვლიე, აზნაურობა მიჩუქებიაო, უთხრა თურმე საჩქაროთ სხვისი პირის და ხერხის გამო ბოდიშმოხდილმა დედოფალმა. აა, ამგვარათ ნაშოვარი აქ ჩვენ გვარს აზნაურობა!
- უჰ, სიმონ, რა ხუმარა ხარ, რაფერ მომკალი სიცილით! - უთხრა მანამ, რომელიც ამ დროს ვეღარ იჭერდა თავს სიცილისაგან, - დედოფალს მუცელმა დაუცა და თქვენ აზნაურობა მოგცეს? თითო მუცლის დაცემაზე რიგდებოდა აზნაურობა?
- ღმერთმანი, მანა, ასე იყო! ჩვენს გარდა კიდევ ძაან ბევრს აქ ამისთანა ახირებული რამეით ნაშოვარი ბატონობა.
- არა, სიმონ, შენ ცრუობა გაგიგონია, ბატონობა და ყაძახობა ზეცას არის დაწესებული და დარიგებული.
- უი, უწინ მეც ისე მომატყუეს, მარა მერე რომ გავაყურე, აღარ დარჩა ასე.
- ამით მაიმედებ?
- მე იმით გაიმედებ, რომ ჩვენ შეყვარებული ვართ და ყაძახ-აზნაურობას აღარ აქ ჩვენთან ძალა. შენ ჩემი ცოლი ხარ და მე შენი ქმარი. შენი ყაძახობა და ჩემი აზნაურობა ვისაც უნდა, იმან წეიღოს. თუ დედ-მამა მომიშლის ამ ჭკუაზე ყოფნას, თვითან ახლთენ იი აზნაურობა, ჩვენ გევიპაროთ სხოგან და იქინეი ვიცოცხლოთ.
- სიმონ, გაპარვა კაია, თვარა ისე ამ სოფელში არ გვაცოცხლებენ, ვიცი.
- ფიქრი ნუ გაქ, მანა, ჩვენ ერთმანეთის ვართ. სიკვტილს გარდა რაღაა ქვეყანაზე იმისთანაი, მე და შენ რომ გაგვაშოროს?!
- ვინ იცის, სიმონ, აგიც არ ითქმება, რაღაა ქვეყანაზე, მე და შენ რომ მოგვაშოროსო...
- რაა, მიგეგონება?
- მე არ მიმეგონება, მარა... რა ვიცი, ათასი უცნაურია...
- მანა, ხანდახან შენი გაბედულობა და გულის სიმაგრე მაკვირვებს და ხანდახან შენი გულგატეხილობა და მშიშარობა! რა არის...
სიმონს უნდოდა რაღაც ეთქვა, მაგრამ ზარის ხმამ, რომელიც გარკვეულად გამოისმა დაწყნარებულ ღამეში, უცებ გააწყვეტინა ლაპარაკი...
- რა იყო, რა დაგემართა? - ჰკითხა მანამ.
- ყურობ, რეკენ!
- მერე საყდრის ყალაური იქნება.
- არა, თავის შეყრის რეკაა. ახლა ბესიე გამოვა გარეთ საყდარზე წასავალათ და თუ შეგვატყო, მაშვინ... მანა, რამეგვარათ შეიპარე სახლში.
მანა წამოდგა და დააპირა სახლში წასვლა, მაგრამ ამ დროს შეიჭრიალა სახლის წინა კარებმა და გარეთ გამოვიდა მაღალი, ნაკვთად მოყვანილი, ამაყი შეხედულობის ყმაწვილი კაცი. ეს იყო ბესია, მანას ერთადერთი ძმა. მანა და სიმონ ბესიას დანახვაზე უსაზომო შიშმა შეიპყრა: იმათ გაკმინდეს სულისთქმა და ისე მიეკრე ნიგვზის ხეს, თითქო მის გულში შეძრომას აპირებდენ. იმათ საბედნიეროთ, ბესიას სრულიად არ შეუნიშნავს იმათი იქ ყოფნა, ისე გაიარა მათ სიახლოვეს და გაუდგა თავის გზას.
- ღმერთო, შენ გმადლობ, რომ გადაგვარჩინე! - თქვა მანამ, როცა ბესია გაშორდა თვალისაგან.
- ასე დასდევს, მანა, სიყვარულს შიში და განსაცთელი. მარა ახლა მეც უნდა წევდე საყდარზე, ვერ დავაკლტები.
- სიმონ, თუ გიყვარდე, მითხარი რა ამბავია, რაზე გაქვან ამდენი თავისყრა წრეულს? მერე კიდევ ღამღამობით! ბესიას ვკითხე და, ქალის საქმე არ არისო, გამიწყრა.
- მანა, მე შენ ყველა გულის პასუხს გაგიმხელ, არ მეშინია, მარა, ამ საქმეში ხატზე ნაფიცი ვარ, არსად ვთქვა-მეთქი და ამიზა, მომიტევე, ვერ გეტყვი.
მანამ თითქო იწყინა ეგ პასუხიო, ცოტაოდენ ხანს გაჩერდა და შემდეგ წარმოსთქვა:
- შენ თუ გაწყენს, ნუ მეტყვი.
სიმონმა დამშვიდობების ნიშნად ერთი კიდევ მხურვალედ გადაკოცნა მანა, შემდეგ წამოავლო თავის თოფს ხელი და გასწია იმ გზით, რომლითაც იმ რამდენიმე წამის წინედ ბესია წავიდა. მანა კი წამოდგა ზეზე, მიეყრდნო ნიგვზის ხეს, უმზერდა მიმავალ სიმონს, რომლის თოფი ბრჭყვიალებდა მთვარის სინათლეზე, მაგრამ რა რომ სიმონი მიიკარგა სივრცეში და მანას თვალისაგან გადაეფარა, მანა მოწყენილათ მობრუნდა, შეხედა თავის ძაღლს და უთხრა:
- ყურშა, ჩვენო ერთგულო ყურშა, სიმონი წევიდა და ჩვენ რაღა გვინდა აქანაი, ახლა ჩვენც წევიდეთ და, სიმონ რომ მოვა, კიდევ შევხთეთ.
ძაღლმა ამ ალერსზე გააქიცინა კუდი და მოუსვა თავისი სველი ენა მანას თეთრ ხელებზე, მაგრამ საჩქაროდ მოიბრუნა თავი, გაუყურა რაღაცას და გაბრაზებულის ყეფით გაექანა ბუჩქებისაკენ; მას გაჰყვნენ სხვა ძაღლებიც და ვიღაცას აუტეხეს გაცხარებული ყეფა. “დედაო!” - წამოიძახა მანამ და შიშისაგან აჟრჟოლებული გაიქცა თავის სახლისკენ, ჩუმად გააღო ამ სახლის უკანა კარები, შეიპარა შიგ და დაწვა თავის ლოგინში, ისე რომ, არც ერთს მის მშობელთაგანს არ შეუტყვია ეგ გარემოება.
მანას ჯერ კიდევ არ ეძინა და ფიქრობდა, ნეტა რა იყო, ძაღლებმა რომ დაუყეფესო, რომ მისმა სატრფომ სიმონმა კიდევაც მიაღწია მთის წმ. გიორგის ეკლესიას.
ეს ეკლესია იდგა ერთ იმ გორთაგანზე, რომლებითაც ისე მოუსწორმასწორებულია გურიის არემარე. ეს იყო ერთი პატარა, მუხის ყავრით დახურული, ქვითკირის ოთხკუთხედი შენობა. ამ ეკლესიის რომელიმე მრევლთაგანისთვის რომ გეკითხათ, როდის ააშენეს ეს ეკლესიაო, ის შეუყოყმანებლად გიპასუხებდა: როდის და თამარ მეფის დროს, თვითონ თამარმა ააგებინა თავის კალატოზსო. ამასთან ის დაგიწყებდა რწმუნებას, რამ ის აგორავებული ადგილი, რომელზედაც ეს ეკლესია სდგას, თამარ მეფის ამალა ქალების ქოშზე მონაფხეკი მიწისაგან არის გაკეთებული; ბატონი თამარი თურმე ჩამობრძანებულა გურიაში, დაბრძანებულა ღამის გასათევად ჩვენს სოფელში. დილაზე, წასვლის დროს, მის ამალა ქალების ქოშები დაუფხეკიათ, ის მონაფხეკი მიწა ისე ბევრი ყოფილა, რომ იმისგან გორა გაკეთებულა. ბატონ თამარს შეუხედავს ამ გორაკისთვის და უბრძანებია თავის კალატოზებისთვის: ამ გორაკზე საჩქაროდ ეკლესია ააგეთო. ეს კია, რომ ეს ხალხი ვერავითარ დასამტკიცებელ საბუთს თავის ნათქვამის შესახებ ვერ გაჩვენებდა. იმათ ვისგანღაც გაეგონათ თურმე, ეგრე ყოფილაო. და, როგორც ყველა უსწავლელ ხალხს, რომელსაც რაც კი ძველადგან გაუგონია, ყველა სიმართლე ჰგონია, ამათაც დაეჟინა: ეგრეა და ეგრეო.
ამას გარდა ამ ეკლესიის მრევლს ბევრი გადმოცემა შეენახა იმ სასწაულთმოქმედებაზე, რომელსაც, მათი სიტყვით, ამ ეკლესიაზე მყოფი წმ. გიორგის ხატი შვრებოდა ძველ დროში. თუკი შემთხვევას იპოვნიდენ ლაპარაკისას, დიდიდან პატარამდე თვითეული მათგანი სრულის დარწმუნებით გიამბობდა, რომ ამ წმინდა გიორგის ხატმა ქვათ აქცია ამ ხატის სახელობაზე გაშვებული ხარის შემჭმელი მგელი; მესენაკე დედაბერის თხოვნაზე ფრთებდამტვრეული ჩამოაგდო ძირს ქორი, რომელსაც მესენაკისთვის წიწილა მოეტაცნა; ერთმა მუშა კაცმა ეკლესიის ეზოში წკნელი მოსჭრა: საღამოს, შინ რომ დაბრუნდა, ავად შეიქნა და სანამდის ხატის სახელზე ხარი არ შესწირა, წმინდა გიორგი მკლავს, ყვიროდაო, და სხვა ათასგვარ სასწაულებს მოგიყვებოდენ იმის შესახებ, თუ რისთვის მიუტოვებია ხსენებულ ხატს სასწაულთმოქმედება, რისთვის აღარ სურდა ამ დროშიაც ექნა ისეთი სასწაულები, რომლებსაც. ხალხის სიტყვით, ის ძველ დროში შვრებოდა. არც კითხვა იყო და არც პასუხი. სასწაულთმოქმედებას გარდა ეს ხატი მით იყო შესანიშნავი, რომ ნამდვილი ოქროსაგან იყო გაკეთებული და ძვირფასი თვლებით მორთული. ეკლესიის წინ, ურთხლის ბოძზედ ეკიდა ერთი პატარა ზარი, რომელიც ამ ოცი თუ ოცდაათი წლის წინეთ ეყიდა ამ ეკლესიის მრევლსა. ამ ზარის ყიდვამდე ზარის ადგილს იჭერდა ცაცხვის ფიცარი და წითელი ხის ურო. წირვის დაწყების წინეთ დეკანოზი უროს ურტყამდა ფიცარზე, რომლისაგან გაისმოდა ერთ უსიამოვნო რახუნის ხმა, რომლის გაგონებაზე ღვთისმოყვარე ხალხი იკრიბებოდა ეკლესიაში. გარშემო მიდამო ანუ გზა ეკლესიისა ვიწრო იყო და, გარდა ერთის მხრისა, ტყით დაბურვილი. ერთი დიდი ცაცხვის ხე და ერთი დიდი ურთხლის ხე ისე ახლოს ედგენ ეკლესიას, რომ იმისაგან მონაცვენის ფოთლებით ეკლესიის სახურავი ერთობ მოფენილიყო. თუმცაღა ერთი უცაბედით რომ ამ ხეებისთვის ქარს ტოტი მოეგლიჯა, ეკლესიას დამტვრევა არ ასცდებოდა, მაგრამ ხალხი მაინც ვერა ჰბედავდა იმათ მოჭრას, რადგანაც დარწმუნებული იყო, რომ ეს ხეები ჯვარის ძალის მოსასვენო და სასხდომი არიანო.
სიმონს დახვდა ეკლესიის ეზოში კარგა ძალი ხალხი, რომლის შუაში საქმიანი, გაბედული სახით გაჩერებულიყო ერთი შავწვერულვაშა კაცი და ყვიროდა: “აბა, თუ ვინმე დარჩა კიდევ დაუფიცებელი, მეიყვანეთ და ბარემ მოვრჩეთ ამას!” მის გვერდით მყოფ მღვდელს ეჭირა რაღაც ნაგლეჯი ქაღალდი, რომლისაგან ის კითხულობდა იმ სიტყვებს, რომლებიც უნდა წარმოეთქვათ ფიცის მიმღებთ. მათ შუა, მიწაზე იდო წმ. გიორგის ხატი. ერთ ჭაღარა კაცს ეჭირა ხელში ზარის ენაზე მიბმული ბაწარი და ხანდახან შემოჰკრავდა ზარს.
ხალხს ჯერ კიდევ ემატებოდა თითო-ოროლა კაცი; იმათგანში, რომელთაც ჯერ ფიცი არ მიეღოთ, მღვდელი აფიცებდა, რომ ისინი არ გამოტეხილიყვენ იმ საქმეში, რომელსაც ხალხის უმეტესობა დაიწყებდა. არ ეღალატნათ თავის ქვეყნისთვის და რაც ძალ-ღონე ჰქონდათ, ემოქმედათ თავის ქვეყნის გასათავისუფლებლად, არ დაეზოგათ მისთვის თავისი სიცოცხლე. ვინც ამგვარი ფიცის მიღებაზე უარს განაცხადებდა, იმას ყვირილით მისცვინდებოდენ ყველა დაფიცულები და ძალად აღებინებდენ ფიცსა. ახალ დაფიცებულები ჯერ ემთხვეოდენ იქვე მიწაზე მყოფ წმ. გიორგის ხატს და შემდეგ სხვა ხატების სამთხვევად შედიოდენ ეკლესიაში, რომლის კარი ამ დროს ღია იყო და რომლიდანაც გამობჟუტავდა თაფლის სანთლის სუსტი სინათლე.
- აჰა, სიმონმაც მოაწია, ახლა მზათ ვართ, - დაიძახა ვიღაცამ, რა რომ სიმონ №-ძე ავიდა ეკლესიაზე.
- რა დეიჩემე, სიმონ, აი დაგვიანება! - უსაყვედურა ბესიამ.
- შეუძლოთ ვარ და იმიზა დამაგვიანდა, - იმართლა სიმონმა თავი და ბოლოს დაატანა კითხვა: - რა იყო, ვითამ უჩემობით წახდა რამე თუ?
- რაი და ბესიამ არჩია, ერთი ნასტავლი ბიჭი იცი, იმას ვკითხოთ ჩვენი საქმეო. ამიზა ამოგარჩიეთ აზნაურებში ევანე და შენ, ყაძახებში ბესიეი, პეტრიეი, ათარმიზაი და სამი კიდევ. თქვენ უნდა წახვიდეთ, დააფიცოთ იი ვინცხაა და მერე ჰკითხოთ ჩვენ საქმეზე! - უთხრა ერთმა ჭაღარა კაცმა სიმონს.
- გიორგის ვკითხოთ-მეთქი, სიმონ, რავა, მოგწონს? - დაეკითხა ბესია.
- გიორგი? ღირს, მე და ჩემმა ღმერთმა, ძაან ნასტავლი ყმაწვილია! - უპასუხა სიმონმა.
- მერე რეზა მე ან სხვაი ვინმე, თქვენს გარდა, არ ვიცნობთ იმ თქვენ გიორგის, თუკი იმისთანაი ნასტავლი არის? გურიაში არც ერთი წარჩინებული კაცი არ არის, რომ მე ვერ ვიცნობდე! სთქვა ამპარტავნულად ერთმა მაღალ-მაღალმა, ქოსა წვერულვაშა, ცბიერი სახის ქერა კაცმა, რომელსაც ივანეს ეძახდენ და რომელიც აზნაურების მხრით იყო ამორჩეული, რომ გაჰყოლოდა სიმონს და ბესიას.
- ნუ ყოყმანობთ, ბარემ წადით იმ კაცთან, ეგება ერთი კაი რამე გვირჩიოს, - დაიძახა ვიღაცამ.
- წადით! ჰო, წადით! - დაიძახეს რამოდენიმე სხვებმაც.
- წევდეთ აბა, - სთქვა ბესიამ და დააპირა წასვლა, მაგრამ ამ დროს ივანემ წამოიძახა:
- მე ჩემი ბიჭი კოზიეი თუ არ მახლავს, ისე ვერ წავალ.
- ვითომ სად არის, რეზა არ მოვიდა ამდონ ხანს კოზიეი? - შექნეს ხალხში კითხვა.
- სადმე საქურდალათ იქნება წასული, - ჩაილაპარაკა ვიღაცამ.
ამ დროს ჩავიდა ეკლესიის ჭისკრებში ერთი ბეჭებგანიერი, უსიამოვნო შეხედულების შავგვრემანი ყმაწვილი კაცი, რომლის ჩაღრმავებული წვრილ-წვრილი თვალები გამომეტყველებდენ ამ კაცის ვაჟკაცობასაც და თან ავსულობასაც. ეს იყო კოზია, აზნაური ივანე X-ძის შინაყმა.
- გვეღირსა, მოვიდა კოზიეიც, აბა, ეხლა წავიდეთ, - სთქვა ბესიამ, გაიდო თოფი მხარზედ და წაუძღვა თავის ამახანაგებს.
- წამოი, კოზიავ, ჩემთან. ხედავ, ამ ყურუმსაღ ბესიას თავის ჭკუაზე მიჰყავს თემი და რომ არ დაიჯერებ, რაღას იქ აბა, სიმონ თაობიდან ატორღიალებული ჰყავს და იგია, - უთხრა ივანემ თავის ბიჭს და რაღაც უკმაყოფილო სახით გაუყვა ბესიასა და სიმონს.
- სიმონ სიძეა მისი და იმისა ეტორღიალება, - გესლიანი ღიმილით უპასუხა კოზიამ.
- რავა სიძე, ბიჭო?
- ბესიეის და უყვარს.
- დასტურ, ბიჭო?
- დასტურ ჰო, ყოველ ღამე მასთან გდია.
- კაი ქალია?
- მე ჯერ იმისთანაი არ მინახავს. მზეთუნახავია, მეტი რაი! ივანეს სახე ბოროტათ გაუღიმდა, მისი წვიტ-წვიტი ნაცრის ფერი თვალები შეთამაშდენ, ეტყობოდა, რომ ამ ნახევრად მოხუცებულ აზნაურს რაღაც ეშმაკურმა ფიქრებმა გაუთამაშეს გულში.
ბიჭო კოზიავ! - მიუბრუნდა ის თავის შინაყმას და უნდოდა რაღაც გაენდო, მაგრამ ამ დროს დაინახა ბესია და სიმონ, რომლებიც გაჩერებულიყვენ გზაზე და უცდიდენ ამათ, და გადაასხვაგვანა სიტყვა ამგვარად:
- ხედავ, კოზიავ, შებრუნდა დროი, აზნაურები ყაძახები ჭკუაზე ვიარებით.
- რა ვუყოთ, ევანე, დღეს ჩვენ კრებაში ყაძახები უფრო ბევრნი არიან, ჩვენ - სულ მცირე. ჯობია, რომ დავუჯეროთ, - ეხუმრა სიმონმა.
- აგია დავუჯერე და მეტი რაღა უნდა.
- ევანე, რომ გწყენია, აქანაი საშენჩემო საქმე არ არის, ქვეყნის საქმეა და ქვეყნის საქმე ქვეყანას რომ ჭკუაში მოუვა, ისე უნდა წავიდეს. მე თქვენს ჭკუაზე ვიარებიო, რა დიდი საქმეა შენ და გინდა სხვაი ერთი-ორი კაცი, ვინც გინდა იყოს, რომ ქვეყანამ მის ჭკუაზე წაეყვანოს! - გულმოსულად უთხრა ბესიამ.
- მერე ქვეყანა შენ ხარ? - ჰკითხა ივანემ და მწარედ ჩაიცინა.
- ქვეყანა მე, ერთი კაცი, რეზა ვიქნები? მე ჩემი აზრი ვუთხარი, თემს მოეწონა და დამიჯერა. სხვას რომ უკეთესი ეთქვა, მაშინ ჩემსას უარს ყოფდა, იმ უკეთესს დაადგებოდა. თემის საქმე ასე უნდა. აბა საშენჩემოთ თემის საქმე რავა იქნება!
- მეიცა, ადრე ნახავ, რაც დიდი ჭკუა აქ იმ შენ თემს და რაც ხეირს დაგაყრიან! - ჩაილაპარაკა ივანემ თავისთვის და გაჩუმდა. ბესიას და მისი ამხანაგების წასვლის შემდეგ ერთ-ორ საათს კიდევ სდუღდა ხალხის ხმა ეკლესიის ეზოში, კიდევ დაფიცდა რამდენიმე კაცი, შემდეგ კი დეკანოზმა შეიტანა ხატი ეკლესიაში, დაკეტა კარები და გამოუცხადა ხალხს, რომ წასულიყვენ თავიანთ სახლებში. ხალხი დაემორჩილა დეკანოზის ბრძანებას და ერთი წამის განმავლობაში დაცარიელდა ეკლესიის მიდამო.
II
მანამ ჩვენი რომანის გმირები, ბესია და მისი ამხანაგები, მივიდოდენ იმ კაცთან, რომელთანაც წავიდენ რჩევის საკითხავად, ჩვენ მოკლეთ ვუამბობთ მკითხველებს, თუ რა საქმის შესახებ იყო ეკლესიაზე ის ყრილობა და ერთმანეთის დაფიცება, რომელიც ჩვენ მოვიხსენიეთ ამ რომანის დასაწყისში.
მას შემდეგ, რაც პატარა გურიის სამთავრო პოლიტიკურად შეერთდა (1812 წელს) რუსეთის სახელმწიფოსთან, ბარბაროსი ოსმალეთის ხვედრათ გამხდარნი, დიდი ხნიდან პოლიტიკურად და ზნეობრივად ჩვენთან, დაშორებულნი ჩვენი მოძმე ქობულეთელები და აჭარლები ძლიერ შიშობდენ, რუსები რა რომ გურიაში ფეხს მოიმაგრებენ, შემდეგ ჩვენი მამულის დაპყრობასაც მოინდომებენო. მეტადრე ამის გამო ძლიერ დაფიქრებული იყვენ იქაური თავადები (ბეგები), რომლებსაც დროიანათ მიეყიდნათ თავიანთი სამშობლო და ხალხი ოსმალეთისთვის და ახლა ცხოვრობენ ხონთქრის მიერ ბოძებული ჯამაგირებით და ულუფებით. ამ ბეგებს კარგად ესმოდათ, რომ რუსეთის ხელმწიფე ისე ტყვილა ხელობა-ჯამაგირებს არ მიაჩეჩებდა, როგორც ხონთქარი, რომელიც თითო გოგოს ფასად, აჯილდოვებდა მათ ფაშობის ღირსებით, დიდი ჯამაგირებით და მოსამსახურეებით. ამას გარდა, გურიაში რუსეთის ფეხის ჩამოდგმა ერთი მითაც აჯავრებდა ქობულეთ-აჭარას, რომ რუსებმა გურიის და ოსმალეთის შუა, საზღვარზე, გააჩინეს ფრთხილი და მძლავრი დარაჯები, რომლის გამოც ქობულეთ-აჭარის აბრაგებს აღარ ძალუძდათ ჩვეულებრივად ეძარცვათ და ეღლიტათ გურიის ხალხი. ამიტომაც იყო, რომ ქობულეთ-აჭარა ყოველგვარი საშუალებით ცდილობდა უსიამოვნო ახალი მეზობელი - რუსები - გურიიდან უკანვე გაერეკა. წადილის სისრულეში მოსაყვანად საჭიროთ ხედავდენ ერთ საშუალებას: უნდა ჩამოეგდოთ მტრობა და უკმაყოფილება რუსეთისა და გურიის ერთა შორის და აეჯანყებიათ ეს უკანასკნელი რუსეთის წინააღმდეგ. მერე, რა რომ გურია რუსეთის წინააღმდეგ აჯანყდება, ჩვენც ჩვენის მხრით ჯარს მიუსევთ და გავრეკავთ რუსებს გურიიდანო, ფიქრობდენ ქობულეთ-აჭარის ბეგები. ისინი ამ მიზნის მისახწევად უმეგობრდებოდენ გურიის იმდროინდელ თავადაზნაურობას, რომლებშიაც უმეტესი ნაწილი იმათი ახლო ნათესავი იყო, აძაგებდენ იმათთან რუსეთის ზნე-ჩვეულებას, წეს-წყობილებას და სამოთხისებურ ცხოვრებად ხატავდენ ხონთქრის ქვეშევრდომობას.
გავიდა ამ პოლიტიკური ბადის ქსოვაში კარგა ხანი. ქობულეთ-აჭარის ბეგებს ჯერ ვერ მოეხერხებინათ გურიის ხალხსა და რუსის მთავრობას შორის სრული აშლილობის ჩამოგდება. თუმცაღა თითო-ოროლა კაცი გურიის თავადაზნაურობისაგან ყოველ წლივ მიჰყავდათ თავის მხარეზე ბეგბს და უორგულებდენ რუსებს, მაგრამ მთელ ხალხში ერთი-ორი და თუნდა, ასიც, გინდ ერთგული იყოს მთავრობისა, გინდ ორგული, ვერცა რას დააკლებს და ვერცა რას შემატებს. მაგრამ დაახლოვდა აგერ 1841 წელი; ქობულეთ-აჭარაში ვაჟკაცობით განთქმულმა, თავისებურმა პოლიტიკოსმა, გონებაგამჭრიახმა ქობულეთის ბეგმა ჰასან თავდგირიძემ მოუხშირა გურიაში თავის ნათესავ თავადებთან სტუმრობას. ის ბარათები, რომლებიც ამ ბეგის სტუმრობის დროს საიდუმლოთ დადიოდენ გურიის თავადაზნაურობაში, ამტკიცებდენ, რომ ეს სტუმრობა არ იყო უმნიშვნელო, ერთმანეთის მამიდა-მზახლური მოკითხვა, არამედ მას სარჩულად ჰქონდა სულ სხვა მიზანი. როგორც ეს ხშირად სჭირს ხალხს, რომ ერთ ვინმე ადამიანს ტყუილუმართლოთ აიჩემებენ, ცამდე აიყვანენ და გააღმერთებენ, გურულ ხალხსაც ეგრე მოუვიდა. გაიცნეს თუ არა ჰასან თავდგირიძე, უცებ მოედო იმისი ქება მთელ გურიას; დიდსა და პატარას ამ დროს გურიაში ჰასანბეგი უტრიალებდა ენაზე და ქებას ასხამდენ. ასე გასინჯეთ, ამ ბეგის შეთხზული სიმღერა ჰასან-ბეგურიც კი მაშინათვე გადმოიღეს და გახდა გურიაში პირველ საამურ სახალხო სიმღერად; ის მოსიმღერე მოსიმღერედ არ ჩაითვლებოდა, თუ ჰასან-ბეგური კარგად არ იცოდა. თითქმის გურიის ყველა თავმომწონე ყმაწვილი კაცი იცნობდა ამ ბეგს. წარმოიდგინეთ, ქალებსა და ბავშვებსაც კი ისე ენატრებოდათ ამ საარაკო ბეგის ნახვა, რომ როცა გაიგონებდენ, ამა და ამ გზაზე ჰასან-ბეგი გაივლისო, გზის აქეთ-იქით ნაპირი გაივსებოდა ხალხით.
იმ დროს, როცა გურიის ხალხი სულელივით ღაღადებდა ჰასან თავდგირიძის ქებას, ამ ხერხინმა ბეგმა კიდევაც შეასრულა ამ ხალხში თავის წადილი, ესე იგი ააღელვა გურიის ერი რუსეთის წინააღმდეგ. აქ წამოუსწრო კიდევ ერთმა შემთხვევამ, რომელმაც ძლიერ შეუწყო ხელი ხალხის აღელვებას. აი რა შემთხვევა იყო ის: რუსეთის მთავრობამ გამოუცხადა გურიის გლეხკაცობას, რომ ჩვენს ხაზინას ყოველწლიურად კომლზე ფული უნდა აძლიოთო. ქურდს რა უნდა და ბნელი ღამეო, იმისი არ იყოს, ჰასან თავდგირიძესაც ეს უნდოდა იმ გამოცხადებამ ალმურიანი ცეცხლი დაანთო გურიის ხალხის, ამ დროს უიმისოთაც აღრინებულს გულში. ამ შემთხვევით ისარგებლა ცბიერმა თავდგირიძემ, აღუთქვა გურიის ხალხს შემწეობა ტყვია-წამლით, თოფ-იარაღით, ჯარით, ფულით და სხვებით და 1841 წელს ააჯანყა ისინი რუსეთის წინააღმდეგ. ჯანყის გამოცხადების წინა თვეში გურიის ხალხს ჰქონდა ის საიდუმლო მოძრაობა და მადება - საიდუმლო კრებები. ერთმანეთის დაფიცება და სხვა, რომლებიც აუცილებლად საჭიროა აჯანყებისათვის.
ამ განმარტების შემდეგ მკითხველი, ეჭვი არ არის, მიხვდება, რასაც ნიშნავდენ ის ფიცი და კრება, რომლებიც პირველ თავში მოვიხსენიეთ.
III
შუაღამე იყო. პირსავსე მთვარე შუა ციდან ჩამოიყურებოდა. ბესია მიუძღვა თავის ამხანაგებს წკნელით შეღობილ ეზოს ჭისკრებთან და უთხრა:
- ახლა გიორგი დაძინებული იქნება და ძალიან გასაჭირი საქმეა იმისი ისე გაღვიძება, რომ სხვებმა არ შეიტყონ. ძალიან საფრთხილო საქმეა. თუ შეგვიტყუეს, ერთი შავი დღეი აშენდება. მარა ახლა რაღაი საქმეზე მოვსულვართ, ხელცარიელი უკან წასვლა სირცხვილია. მე შევალ ჩუმათაი ეზოში, თამარას გავაღვიძებ და შევეხვეწები, რამეგვარათ გიორგი გვაჩვენოს. თქვენ მანამდი აქანაი მოიცადეთ, მარა ძაან ჩუმათაი იყავით, თვარა მურა შეგვიტყობს.
ამის თქმის შემდეგ ბესია კვერნასაებრ ავიდა ღობეზე, გადავიდა ეზოში და თვალის დახამხამებამდის გაქრა სადღაც.
- მერე იი მურა, ბესიას არ ერჩის - იკითხა ივანემ.
- არა, ბესიეი აქანაი შინა კაცია, - უპასუხა სიმონ №-ძემ.
რამდენიმე წამის შემდეგ ბესია დაბრუნდა ამხანაგებთან და უთხრა:
- რავაც იყო, ვიშონე! წამობძანდით.
- მერე იი მურააო, ხომ დაგვჭამს! - სთქვა ერთმა ბესიას ამხანაგთაგანმა.
- შე დალოცვილო, რუსის ჯარის მოშლას აპირებ და ერთი ლეკვის გეშინია!
გაეხუმრა ამ ფრთხილ ამხანაგს ბესია, რომელიც ამ დროს ხელახლა ავიდა ღობეზედ, გადავიდა ეზოში, გაუღო ჭისკრის კარები თავის ამხანაგებს და შეუძღვა კარგა დიდ ეზოში, რომელშიაც მთავარი სინათლეზე გაარჩევდით რამდენიმე შენობებს, რომლებშიც ერთი ფიცრის სახლი ყველაზე დიდი და სუფთა იყო.
- რომელ სახლში უნდა მივიდეთ? იკითხა ივანემ.
- აა, ყრუ სახლში, უწინ რომ სამოახლოთ იყო, - უპასუხა ბესიამ და წაუძღვა თავის ამხანაგებს ერთი პატარა ფიცრულა სახლისკენ, რომლის კარებიდან გამობჟუტავდა სუსტი სინათლე.
- მობძანდით, ბატონებო, მობძანდით! გიორგი ახლავე შემოვა. თქვენ ბედზე არ ეძინა, წიგნს კითხულობდა, თვარა გაღვიძებას ვერ გავბედავდი. მართალია, თვითან ამიზა არ გაჯავრდებოდა, ღმერთმა ჩემი დღეი მისცეს, ძაან ძმა და დასავით გვეპყრობა გოგო ბიჭებს, მარა სხვები, ქალბატონი და ვაჟბატონი, იწყენდენ, რავა გუუბედე გაღვიძებაო, - უთხრა იმათ სახლში შესვლის დროს ერთმა შუახნის, სიმპატიური სახის ქალმა, რომელიც კარებთან შეხვდა სტუმრებს.
- თამარა, ძაღლებს რა უქენი? - ჰკითხა ამ ქალს სიმონმა.
- საფარეშოში მჭადი დაუტეხე და დავამწყვდიე, - უპასუხა ქალმა და ბოლოს დაატანა: - დაბძანდით, ბატონებო, იმისთანა დროზე გვესტუმრეთ, რომ თქვენდა საკადრისად პატივს ვერ გცემთ. ქალბატონს ან ვაჟბატონს რომ ეღვიძოს, მაშვინ ძალიან ეამება თქვენი მობძანება და უპურღვინოთაც არ გაგიშობენ. ძალიან საქმე გქონებიან, რომ ასე ღამე გარჯილხართ! დასაწერი იქნება რამე, გიორგის არძის წერა თავის დაკვლასავით ეზარება. ისე მისთვის სულ წერს რაცხას, ხან კიდევ კითხულობს, მოსვენებულს ვერ ნახავ. ხან სულ შუაღამეზე გადაცილებული იქნება და მაინც ქე კითხულობს ან წერს. დედაო, უცნაურია, სტავლული კაცის საქმეს რას მიხთები.
ბესია და მისი ამხანაგები ჩამოსხდენ ტიტველა მტვრიან ტახტზე, რომელიც სახლის ერთ მხარეს იდგა. თამარა კი გაჩერდა ფეხზე და ყოველ წამში ჩხირით შეაკეთებდა ჭრაქს, რომლის სინათლე ხანდახან ისე მიიბჟუტებოდა, რომ იფიქრებდით, ეს არის ქრებაო. სახლში სრული მყუდროება არსებობდა, რადგანაც ყველა ხმაგაკმენდილი მოელოდა გიორგის. გაიარა ამ მდგომარეობაში რაოდენიმე წამმა და გარედან შემოისმა ფეხის ხმა, რომელზე, გარდა ივანესა და სიმონისა, ყველანი ფეხზე წამოხტენ. კარები ნელა გაიღო და სახლში შემოვიდა საშუალო ტანის, ახლად წვერულვაშაშლილი ყმაწვილი კაცი, - ეს იყო გიორგი, რომელთანაც მოსულიყვნენ ბესია და მისი ამხანაგები. რადგანაც ცოტათი გრილოდა, გიორგი შალში გახვეულიყო. მისი სახის სინაზეს ეტყობოდა, რომ გიორგი სათუთად და ფუფუნებაში აღზრდილი იყო. მის დანახვაზე ივანეც და სიმონიც წამოდგენ ზეზე. ივანემ მოინდომა ძველებურად სალამზე შეპატიჟება. მაგრამ გიორგიმ დაასწრო მას, ღამემშვიდობის უთხრა სტუმრებს და ჩამოჯდა ტახტზე. გარდა ბესიასა და სიმონისა ცოტა არ იყოს, სტუმრებმა მოჭმუხნეს წარბები ამ “უზდელობაზე”, მაგრამ გიორგის არც შეუნიშნავს ეს, ისე უთხრა თავის სტუმრებს, დაბძანდითო. ივანე, სიმონ და ბესია დასხდენ გიორგის ქვემოთ, სხვები კი ზრდილობის ნიშნად გაჩერდენ ფეხზე.
- აბა, ევანე უფროსი ჩვენ ამხანაგობაში შენ ბძანდები, შენგან არის რიგი. მოახსენე გიორგის, რაზეც ვიახელით.
ივანე მართლადაც რომ თავის ამხანაგებში თავის თავს უფროს კაცად რაცხდა. ამიტომ მან შეუპატიჟებლად მიიღო სიმონის მიერ მიცემული წინადადება. ერთი, როგორც ბევრს ჩვეულებად აქვს ლაპარაკის დაწყების წინ, ჩაახველა და უნდოდა რაღაც დაეწყო, მაგრამ ამ დროს დაინახა კარებთან ატუზული თამარა და შეაბრუნა სიტყვა:
- შენ ცოტა ხანს გარეთ შეიცადე!
თამარა საჩქაროდ დაემორჩილა ამ ბრძანებას.
- გიორგი, მე ვერც გიცნობდი, - დაიწყო ივანემ ხელახლავ, რა რომ თამარა გაისტუმრა გარეთ, - მარა ჩემმა ამხანაგებმა გამაცნეს შენი თავი, კაი ნასტავლი ყმაწვილიაო და ამიზა მოვედით შენთან რჩევის საკითხავად... მარა, თუ უკაცრავათ არ ვიქნებით, ჯერ ფიცი უნდა მოგვცე, რომ არ გაგვამხელ.
გიორგიმ გაკვირვებული სახით შეხედა ივანეს და უპასუხა:
- თუ ჩემზე დანდობა გეძნელებათ, შეგიძლიათ არ გაამხილოთ ჩემთან თქვენი საიდუმლო.
- არა, ნდობა რავა გვეზარება, მარა ქვეყნის საქმეა და უფიცრათ გამჟღავნებას ვერ ვბედავთ.
- თუ მაინცდამაინც გადაწყვეტილი არ გაქვთ, რომ თქვენი საქმის შესახებ მე რჩევა მკითხოთ, იმ შემთხვევაში მე გთხოვთ, ისევ მიბძანდეთ და თქვენი საიდუმლო თავისთვის შეინახოთ, - გაიმეორა ნახევრად გაკვირვეულმა გიორგიმ.
- რჩევა უეჭველათ უნდა გკითხოთ: ფიცი მიიღეთ-მეთქი, ამას ვერც გაგიბედავთ და არც საჭიროთ მიმაჩნია, - უთხრა ცქვიტი კილოთი ბესიამ.
- ნუ შევაწუხებთ ამდენზე გიორგის, რაზეც მოვსულვართ, ვკითხოთ და ჩვენ გზაზე წევიდეთ, - უთხრა ამხანაგებს სიმონმა.
- მარტოთ ჩვენი შესახები საქმე რომ იყოს, ამას ვინ გუუბედავდა! - წამოიძახა ერთმა ჭაღარა კაცმა, - მარა ქვეყნის საქმეა. დიდი და პაწაი ყველა მონაწილეა ამ საქმეში, ამიზა ვბედავთ.
არ ვიცი, ცნობისმოყვარეობამ შეიპყრო გიორგი და უნდოდა შეეტყო, რაში მდგომარეობდა თავისი სტუმრების საიდუმლო, თუ ლმობიერებაში მოიყვანა ჭაღარა კაცის სიტყვამ, ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ მან უპასუხა თავის სტუმრებს:
- კარგი, ვასრულებ თქვენ სურვილს, მივიღებ ფიცს.
ამ სიტყვებზე ერთმა შავგვრემანმა კაცმა, რომელსაც პეტრიას ეძახდენ, ამოიღო უბიდან წითელ მაუდში გაკერილი პატარა ხატი და დაიკავა ხელში. ხატის დანახვაზე ყველამ, გარდა გიორგისა, თავზე მოიხადეს და პირჯვარი გადაიწერეს. ამას შემდეგ ივანემ გადასცა გიორგის ერთი ნაგლეჯი ქაღალდი, რომლისაგან ამ უკანასკნელმა ამოიკითხა შემდეგი: ,,ფიცის თავი, თავად ღმერთმა, ამის მადლმა, ამის გამაცხოვლებელმა, ამ პირშეთქმულობაში არ ვუღალატო არც ქვეყანას, არც ჩემს აფხანაგებს, რაც შემიძლია, ვეცადო ჩვენი ქვეყნიდან მტრის გადევნა. არ დავზოგო ამ საქმისთვის არც ცოლი, არც შვილი, არც ნათესავი და არც ჩემი სიცოცხლე. თუ აგი ფიცი შევშალო, შემშალოს მამამა, ძემა, სულმა წმინდამა და ყოველმა მისმა ანგელოზმა. ვემთხოვი ხატსა. ამინ”.
- ვერ გამიგია, საქმე რაშია, რა ამხანაგობა შეგიდგენიათ? - თქვა გიორგიმ გაკვირვებული კილოთი, რა რომ დაასრულა კითხვა.
- ვერ მიხდი? - ჰკითხა ივანემ.
- ვერა, ვერ გავიგე, სწორეთ გითხრა.
- აგერ მოგახსენებ. დღეს ჩვენს ქვეყანას ძაან დიდი გასაჭირი ადგია, ჩვენ შინაყმებს გადასახადი დაადვეს და ნაჩალნიკის ბრძანებით ოჯახს უხიბაკვენ. ჩვენ, თავადაზნაურობასაც დღითი დღე გვიმცირებენ უფლებას. აბა, უნამუსობა, ლოთობა, ბოზობა, ქურდობა და რა ვიცი, ვინ მოთვლის, ათასი სხვა შემოიტანეს ჩვენში. ერთი ოცი-ოცდაათი წელი რომ კიდევ დააგვიანდეს, ჩვენ ქვეყანას ვეღარ იცნობ. აქამდი, მართალია, ყველამ მევითმინეთ, ენა კბილით გვეჭირა, მარა დღეს ნამეტარი დაგვემართა და მოთმინება გაგვიტეხა, ან ჩვენ უნდა ვიყოთ ამ ქვეყანას და ან იგინიო, ასე იძახის დღეს მთელი გურია.
- სტორეთ, სტორეთ, ან ჩვენ უნდა ვიყოთ და ან იგინი! დაემოწმენ ივანეს ამხანაგები.
- ამ საქმეზე ყველა ჩვენ სოფლებში დიდი ამბავია დღეს, - განაგრძო ივანემ, - ყველამ ფიცი მიიღო, რომ შესწიროს თავი ქვეყნის განთავისუფლებას. ახლა, ცოტა გვაკლია, საქმეც უნდა დავიწყოთ. სტავლული კაცი ხარ, გვირჩიე რამე, რაფერ სჯობს საქმის დაწყება.
- ბატონო, ხატს ემთხვიე, - გაახსენა პეტრიამ გიორგის და მიუტანა ხატი პირთან სწორეთ იმ დროს როცა ივანემ შეწყვიტა ლაპარაკი. გიორგიმ მაშინალურად აკოცა ხატს, შემდეგ მიუბრუნდა ისევ ივანეს და უთხრა:
- როგორ, აჯანყებას აპირებთ?
- დიახ, თოფის სროლას ვაპირებთ, - უპასუხა ივანემ და რამდენიმე მისმა ამხანაგმა ერთხმათ.
- სწორეთ გითხრა, ყურებს ვერ ვუჯერებ! - დაიწყო გიორგიმ კარგა ხნის ჩაფიქრების და მდუმარების შემდეგ: - ჯანყი ანუ ხალხის არეულობა ესეთი ხელწამოსაკრავი საქმე არ არის; მართალია, ზოგიერთ შემთხვევაში ჯანყი ხალხის ბედნიერების მომასწავებელია, მაგრამ სამაგიეროდ უგუნური აჯანყება კი სრულიად დაღუპავს ხალხს. ნუ კი გეწყინებათ, რაც კი ამის შესახებ მოგახსენოთ, რადგანაც აჯანყება ისეთი საქმეა, რომ არ შეიძლება განუსჯელად ემორჩილებოდეს ერთის, გინა ასიოდე კაცის წადილს. ის საერთო საქმეა, იმის შესახებ დიდიან-პატარამდე ყველას აქვს ხმა, ყველას უდევს წილი. ამ შემთხვევაში მე ვალად მადევს, რაც შემიძლია, რასაც მივხდები, პირუთვნელად აღვიარო. მე ამას ვიტყვი, რომ ვინც ჩვენ ხალხს რუსეთის წინააღმდეგ აჯანყებას ურჩევს, იმას ჩვენი ქვეყნის დაღუპვა მოუწადინია. ან, რომ თქვას კაცმა, რა გვაქვს ჩვენ რუსეთთან სასაყვედურო? მე მგონია, ჩვენში ბევრმა კარგად იცის, რომ ჩვენი ქვეყანა რუსეთს ომით და ძალადობით არ დაუპყრია. არამედ ჩვენი რუსეთთან შეერთება მოხდა ჩვენივე სურვილით. ჩვენი ქვეყანა შეერთდა რუსეთთან იმიტომ, რომ ჩვენი უგუნური, არამზადა მთავრებ-მეფეების ურთიერთ შორის ჩხუბებით და ცარცვა-ღლეტის გამო სრულიად დაუძლურებული ვიყავით და მოველოდით, აი დღეს, აი ხვალ აგვიკლებს სპარსი, ოსმალი, ლეკი და სხვა ბარბაროსი ხალხიო. რა რომ რუსეთს შევუერთდით, მას შემდეგ ამ მხრით სრულიად უშიშარნი შევიქენით. შესაძლებელია, დღეს ჩვენთვის უმჯობესი იყოს, რომ ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელი შეიქმნებოდეს, მაგრამ სამაგიეროთ იმას კი აღარ ბძანებთ, თუ რა ვიქნებოდით აქამომდე, რუსეთს რომ ჩვენთვის პატრონობა არ გაეწია! დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ჩვენ ვიქნებოდით მაშინ ბარბაროსი ოსმალეთის ანუ ეგეთივე ბარბაროსი სპარსეთის ყურმოჭრილი ყმა, მხოლოდ რუსეთმა დაიხსნა ჩვენი ქვეყანა ამ უბედურებისაგან. ეს ყოველივე უნდა ვიქონიოთ სახეში და ცალმხრივ მსჯელობა აღარ მოგვივა. რაც შეეხება მას, რომ გლეხკაცობა ცუდ მდგომარეობაშია, ცალკე თავადაზნაურობა იმსახურებს და ცალკე მთავრობაო, ამას თუ ბძანებთ, ამისი მეც თანახმა ვარ. არც ერთ რიგიან სახელმწიფოში, გარდა რუსეთისა, ბატონყმობა აღარ არსებობს. ასე გასინჯეთ, თვით გაუნათლებელ ოსმალეთშიაც კი მოსპეს ეს საზარელი და სამარცხვინო სენი - ადამიანის მონობა. მაგრამ ამასთან ვიტყვი, რომ დღეს რუსეთშიაც ძლიერ გაცხარებული ლაპარაკი და მოქმედებაა მონობის დარღვევის და გლეხთა მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის; საუკეთესო კაცები ამისი მუშაკნი და მომხრენი არიან. იმედია, ადრე თუ გვიან აღსრულებულ იქნება ეგ სამართლიანი წადილი, ესე იგი, რუსეთშიაც მიენიჭება გლეხკაცობას თავისუფლება. რა თქმა უნდა, რომ მაშინ ჩვენ გლეხკაცებსაც ეშველება და გადაეღება კისრიდან მონობის უღელი. ამისი შემყურადე უნდა ვიყვეთ, თორემ მეტი რა გზა გვაქვს? თუნდაც რომ ძალიან აჯანყდეს ჩვენი ერთი მუჭა ხალხი, რას გახთება რუსეთის მრავალრიცხვიან, ომში გავარჯიშებულ ჯართან? მგონია, დიდი გონიერება არ უნდა, რომ კაცმა დაინახოს ჩვენი უძლურება: ჩვენ არც ჯარი გვყავს, არც ფული გვაქვს, არც თოფ-ზარბაზნები და ტყვია-წამალი. ამასთან, გარდა დაუძლურებული სპარსეთისა და ოსმალეთისა, რომლებიც ისე გვიყურებენ, როგორც წიწილას ქორი, ჩვენს ქვეყანას არ იცნობს ხეირიანი სახელმწიფო. რაღა ბევრი განვაგრძო, თუნდაც რომ ძალიან მოვიწადინოთ და სასურველიც იყოს, თუ რამე უცაბედმა შემთხვევამ არ მოუმართა ხელი, ჩვენს ქვეყანას დღეს არ შეუძლიან რუსეთისგან გამოცალკევება. ასეა, ძმებო. კიდევ განვიმეორებ, თუ მთავრობას მართლადაც იმ ზომამდე არ მიუყვანია ჩვენი ქვეყანა, როგორც იტყვიან, ამ სიცოცხლეს სიკვდილი ჯობსო, აჯანყება გულშიაც არ უნდა გავივლოთ. ჩვენი გლეხკაცობა უნდა იყოს შემყურადე რუსეთისა და უნდა მოელოდეს იმავე ბედს, რასაც რუსეთის გლეხკაცობა. ვინიცობაა, რუსეთში გლეხკაცობამ ნებაყოფლობით ვერა რა გამოიტანოს და აჯანყდეს, მაშინ, რა თქმა უნდა, ჩვენი გლეხკაცობაც ვერ გაჩერდება გულხელდაკრეფილი, მიხედავს რუსეთის მაგალითს და იომებს თავისუფლების მოსაპოებლად.
გიორგიმ დაასრულა ლაპარაკი, რომლის დროს მისი სტუმრებთაგანი ზოგნი წარბებს ჭმუხდავენ და ზოგნი გაკვირვებულის სახით გამოიყურებოდენ. მეტადრე შესანიშნავი იყო ამ დროს ბესიას და ივანეს სახის მოძრაობა. ბესიას რაღაც შეწუხებული სახე დასდებოდა; ის ხშირად ტუჩებს კუმავდა, ცხვირის ნესტოებს ბერადა, ხანდახან მარჯვენა ხელს ისვამდა შუბლზე. ივანეს თავისი გრძელი, ცოტა მრუდე ცხვირი თითქო კიდევ უფრო ჩამოეგრძელებინა; მის წვრილ-წვრილ, მღვრიე თვალებს საუცხოო მოძრაობა ეტყობოდა; ტუჩები ხანდახან შეუცმაცუნდებოდენ; თავის გრძელ ხელებს ხშირათ ისვამდა პირისახეზე, რომელზედაც აქა-იქ, თითო ღერობით, მოპნეულიყვენ იმისი მქრქალი, მოყვითალო წვერ-ულვაშნი; ხანდახან წარბებმოჭმუხვნილი, ბოროტი გამომეტყველებით შეხედავდა ბესიას და სიმონს.
- თავი ვინ მომჭრა და ჩემმა ძმამაო, იმისი არ იყოს, სიმონმა გამაბრიყვა, თუ არა, არც შენთან მოვიდოდი! - წამოიძახა ივანემ უკმაყოფილოდ, რა რომ გიორგის ლაპარაკი მიწყნარდა და გამოვიდა გარეთ. მას გაჰყვენ სხვა ამხანაგებიც. რაღაც-რაღაცეების ჩუმათ ჩალაპარაკებაზე ეტყობოდათ, რომ ზოგიერთი მათგანი ივანეზე ნაკლებად უკმაყოფილო არ იყვენ გიორგის ლაპარაკით. გარდა სიმონისა და ბესიასი, არც ერთი მათგანი არ დამშვიდობებია წამოვსლის ხანს გიორგის. როცა ისინი კარგა მანძილზე მოშორდენ იმ სახლს, რომელშიაც გიორგიმ მათთვის უსიამოვნო სიტყვა წარმოთქვა, ივანემ დაუწყო გიორგის ლანძღვა-კიცხვა. უსინდისო, სულელი ყოფილაო. ივანეს მიემხრენ რამდენიმე ამხანაგი და იმათაც უშვერი სიტყვებით დაუწყეს გიორგის კიცხვა. ერთმა გლეხმა ისიც არ დატოვა უთქმელად, რომ გიორგიმ ხატის დანახვაზე პირჯვარი არ გადაიწერა, ეტყობა, ქრისტიანობაც არ უნდა წამდესო. ყველამ, გარდა სიმონისა, ბესიას დასდვეს ბრალი, შენ გამონახე იი სულელი, ნათრევი ბიჭი და თუ იმან მთავრობასთან გაგვამხილა, შენი ბრალი იქნებაო. მეტადრე ძლიერ წვავდა პირს ივანე: დევიღუპეთ, გაგვამხელსო. უკანასკნელ, იმ ზომამდე მიაღწია ამ ლაპარაკმა, რომ გულფიცხელ ბესიას მოთმინება გაუტყდა:
- შენ იმიზა ჰკიცხავ სხვას, რომ საქმე შენს ჭკუაზე წეიყვანო გინდა, მარა ღმერთმა დეიფაროს, ამდენი კაცის საქმე ერთი კაცის, მერე კიდევ შენისთანაის, ჭკუაზე რავა წავა! პირს რომ იწვავ, შენ ვიღას უნდა უთხრა, უნდო და მოღალატე ხარო, რომ თვითონ ათასჯერ ჩამდგარხარ ძმის ღალატში! - ამაყად უთხრა ივანეს გულგაცეცხლებულმა ბესიამ.
ვის უბედავ, ყაძახო, ამას? ვინ გგონივარ? - წამოიძახა გაბოროტებულმა ივანემ და მოისო ხმალზე ხელი.
აქ კიდევ მას წაესარჩლა მისი შინაყმა კოზია და ამოაძრო წელიდან დამბაჩა. ამ მუქარაზე თავშეუმაგრებელმა ბესიამ თვალის დახამხამებამდის მოიგდო თოფი მხარზე და, თუ რომ ერთ მის ამხანაგს სიმარჯვე არ ეხმარა და ხელი არ ეტაცნა თოფზე, ის იყო გაისტუმრებდა ივანეს საიქიოს.
- ბესიეი მარტო არ გეგონონ! - დაიძახა სიმონმა და იშიშვლა ხანჯალი. გაიმართა ერთი აყალმაყალი. ცალკე ბრაზმორეულნი ივანე და ბესია თავგამეტებით მიიწეოდენ ერთმანეთისკენ და ცალკე კოზია და სიმონ. იმათი ამხანაგები კარგა ნახევარი საათი მოუნდენ იმათ დამშვიდებას, მაგრამ ისე კი დაამშვიდეს, რომ ცუდი არა რა მომხდარა.
ალიონი მოახლოვებული იყო, რომ ერთ ორტოტა გზაზე გაშორდენ ერთმანეთს: ბესია და სიმონ ერთი მხრით წავიდენ, ივანე და კოზია მეორე მხრით. დანარჩენი ამხანაგები კი გაჰყვენ ბილიკს, რომელიც მიჰყვებოდა ტყით დაბურულ დაბალ სერს.
- კოზიავ, შენ ჭკუიანი ბიჭი ხარ და ამიზა არ გიმალავ, - უთხრა ივანემ თავის ბიჭს, რა რომ ამხანაგები მოიშორა, - იი გიორგია თუ ვინცხა უსჯულო ყაზილარი, ძაან გამაკუჭა იმის სიტყვამ; ვერ უყურე, იმისთანაებს უდობს ქვეყანას ყურში, რომ... რაღა ვთქვა, სულელები ადვილათ დაუჯერებენ და ქვეყანა გეირყვნება! გეიგონე ხომე, ბატონყმობას რავა წამოჰკრა ხელი? ჰაი, ჰაი, სად არის კაცი, თუ არა იმის ენა მწვადათ უნდა შეწვა! ადამს აქეთ ქვეყანაზე ბატონყმობაა და ახლა იმისთანა ნათრევი უღვთო ყაზილარი უპირობს დაქცევას! ჩემო კოზიავ, შენ სადაც შეხთე ამისთანა ამბავს, შენებურა აჩვენე თვალი ყაძახებს და მიახთინე სულელები, რომ ბატონყმობა ღვთის დაწესებული საქმეა და ეშმაკური, უღვთო კაცები იმიზა უპირებენ დამხობას.
- რა ბძანებაა, ბატონო! - უპასუხა ცბიერმა ბიჭმა, - ამისთანა ამბები ყველა ზღაპარია. ბატონყმობა დეირღვესო, ამის თქმას ვინ გეივლებს გულში. ამას მარტო იგინი ჩივიან, ვისაც ღმერთი და სჯული არ სწამს. იი გიორგია თუ ვინცხა, იგი იმისა ჩივა, რომ თვითონ უკანოლოთ შობილი ყოფილა.
- რავა, ბიჭო? კარქათ მითხარი!
- რავა? რავა და გზაზე რომ წამოვედით, არ გიყურებია, გიგომ რომ თქვა: გიორგი თავადი არ არის, უკანოლო შვილიაო?
- თუ ღმერთი გწამს? ჰო, ახლა აღარ მიკვირს, რომ იმისთანებს ჩივა. დედა, დედა! ტრიკი, ტყეში დაბადებული ბატონყმობას უპირობს დამხობას! მასთან რომ ვიყავი, მაშინ მცოდნოდა უკანოლო შვილი იყო, მოგეცა ლხენა, ჩუვუშაქრებდი ყურებს. მარა იმ ღდინძაღლმა ყაძახმა ბესიამ იმერელი თავადიშვილია, რუსეთში ნასტავლიაო და ამით გამაბრიყვა.
- იმერელი არა, იგი, გურიაში დაბადებული ტრიკი ყოფილა! ისე თურმე ნასტავლი ძაანი ყოფილა, ლაპარაკშიც ეტყობოდა.
- კაი მის თავს მოუვა, კაი ჭკვიანური იმან თქვა! ჭკუაზე შეშლილივით ამოიჩემა, ბატონყმობა სენიაო. აგი მოგეწონა? მარა ყაძახები ჭკუამოკლე ხართ. ამისთანაები მოგეწონებიენ. სად გაგიგონია, საურჯულოს გარდა, უბატონო ქვეყანა ივარგებსო? ერთი მეორეს არ დაკლავს უბატონო ყაძახები? აბა ამისთანა ამბავი ყურიდან ყურში არ უნდა გადიტანო.
- არა, ამას არ მოგახსენებთ, აგი, ვინ არის იმისთანა სულელი, რომ არ იცოდეს, ყაძახი უბატონოთ არ მოხერხთება. მე იმას მოგახსენებ, რუსებს ვერ მოვერევითო, რომ თქვა, ძაან მართალია, ჩვენ რუსებს ვერ მოვერევით.
- ჰმ, აგი უმისოთაც ვიცოდი მე. მარა ხომ გაგიგონია, შენ, აბდალავ, ამღვრეულ წყალში თევზი უფრო დეიჭირებაო! ქვეყანა პაწას ეირ-დეირევა და ჩვენც რამეს გამოვღლეტთ. აგი მე თვითონაც ასჯელ მიფიქრია, მერე კიდევ მე კაი ჩინონიკი კაციდგანაც გამიგონია: ქვეყანა თუ დაწყნარდა და დაჭკუიანდა, ბატონები შიმშილით მოკტებაო. მარა, კოზიავ, ამას ყველას თავი დავანებოთ, ერთი ნატვრა უნდა ამისრულო. არ გაგიგონია, ბიჭო, სჯობს ყოველსა მოყვარულსა ბატონ-ყმაი მოყვარულიო? ჭკუიანი კაცის ნათქვამია. ღმერთმა იცის, შვილივით გამოგზარდე და ამიზა მაქ შენი იმედი. დღეს იმ მოჯალაბე ყაძახებმა, რომ არ მეკადრებოდა, იმისთანაი მაკადრეს. ქენი ბიჭობა, მოარტყი ერთი ყურშუმი იმის გულში, ნახე, დაგისტავლო თუ არა აგი ერთგულება.
კოზიას სახე ბოროტად შეუთამაშდა, გაუღიმდა ამ სიტყვების გაგონებაზე და ასე უპასუხა ივანეს:
- ჩემ თავს იყოს. ვითომ სიმონმა რა კაი გვიყო! იგი არ იყო, რომ ორი ვერ ამაგრებდა, ისე მეიწეოდა ჩვენსკენ? იმასაც ზედ დავამატებ.
- აბა შენ იცი და შენმა ბიჭობამ, ვიყაროთ მტერის ჯინი! - უკანასკნელად კიდევ შეაგულიანა თავისი შინაყმა ივანემ, რომელმაც ამ დროს კინაღამ არ წაიბორძიკა, რადგან ძილი ძლიერ მობმოდა.
- გეძინება, ბატონო, მგონია, მარა აღარაფერი გვიკლია. მივაწიეთ შინ.
- რაღა მივაწიეთ, ხედავ მზეი ამოვიდა და ჯერ თვალი არ მომიხუჭავს. ოხერია კაცის საქმე: დატრიალებ, ქვეყანაში თავი გამეიჩინო გინდა, ვითამ და სიცოცხლეს უმატებ, მარა მეორე ფხრით კი აღარ იცი, რომ ჯანიც გელევა და სიცოცხლე გაკლტება ამით. აბა, იფიქრე, წუხელი მთელი ღამე უძილოთ გავატარე იმის გულიზა, რომ საქმე ჩემს ჭკუაზე წევიყვანო, სხვას არაფერი დავანებო-მეთქი; დღეს აგერ იმის მიზეზით ტვინი მიბრუა და თვალები მიბნელდება! აგერ შუა ხნის კაცი ვარ, სად შემიძლია ამდენი! მარა გული, არ ასვენებს ადამიანს. ყველაის მიზეზი იგია, იგივე გვაცოცხლებს და იგივე გვანელებს, - წაილაპარაკა უძილობისაგან გარეცრეცებულმა ივანემ და გაშლილის ნაბიჯით განაგრძო სიარული.
IV
ვინ იყო გიორგი, რომელიც პირველ და მესამე თავებში ამ რომანისა რაოდენსამე ადგილას შეგვხვდა? ეხლავე, ბატონო მკითხველო, მოგახსენებთ ამ პირის, გიორგის ვინაობას.
თავადი №№ თავის სოფელში X-ში ისეთივე პატივცემული დიდი ვინმე იყო, როგორც სხვა იმდროინდელი თავადები თავიანთ საყმო სოფლებში. როგორც სხვა თავადებს, ისე №№-საც ჰყავდა: მოურავები, ბიჭები, გოგო-მოახლეები, მზარეული, მეჯინიბე, კურძალი და სხვა მოსამსახურენი. როგორც სხვა თავადების, ისე მის სასახლეშიც იდგენ საფარეშო, სამზარეულო, სამეღვინო, საჯინიბო და სხვა წვრიმალი ფიცრული შენობები. თვითონ თავადს ედგა ოჯახეულობისათვის ერთი გვარიანი მოზრდილი ხუთოთახიანი ფიცრის სახლი. თვითონ თავადი №№ და მისი მეუღლე ძლიერ პატიოსან და ღვთიურ ბატონათ მიაჩნდათ იმათ გოგო-ბიჭებს და ამბობდენ იმათზე: “იმათი ჭირი მის გოგო-ბიჭებს, რა ღვთიულები არიან! სხვა მებატონეებს რომ ვხედავთ, აგინი იმათთან ნამდვილი ანგელოზებიაო”. მაგრამ რაც უნდა ეთქვათ გოგო-ბიჭებს მათზე, თავადი №№ და მისი მეუღლე მაინც ბატონები იყვენ და გოგო-ბიჭები იმათი მონები. იმ დროს, როცა სხვა “უღვთო მებატონეს”“მამაძაღლოს” შეგინება ესაჭიროებოდა, რომ თავის გოგო-ბიჭები ემსახურებია, თავადი №№ და მისი მეუღლე ნელტკბილობით ახერხებდა ამას. ეს იმას ნიშნავს, რომ ალი-ხოჯა და ხოჯა-ალი ერთი და იგივეა, ესე იგი “ღვთიული ბატონებიც” და “უღვთო ბატონებიც” ორივე რკინის უღლად აწვა გლეხკაცობას კისერზე და ყვლეფდა მას შეუბრალებლათ. როგორც სხვა თავადების სასახლეში, ისე თავადი №№-ის სასახლეში, გოგოები იძულებულნი იყვენ მთელი თავისი სიცოცხლე უქმროთ გაეტარებიათ. ეს უქმრო ქალები ძლიერ შიშის ქვეშ ჰყავდა ქალბატონს - “ბოზობა” არ ქნათ, კაცი არ შეგეხონო, - მაგრამ, რაც უნდა ყოფილიყო, როგორც სისხლხორციანი არსებანი, მაინც ვერ იმაგრებდენ თავს და ამრავლებდენ იმ ადამიანთა დასს, რომლებსაც კანონთ მწერალმა ისე უსამართლოდ მიაკერა სახელი “უკანონო შვილი”. ზოგნი ამ “უკანონო,” უპატრონო შვილებში თუმცაღა თვითონ “ღვთიული მებატონის” წყალობით შექმნილნი იყვენ, მაგრამ გაყიდვა-გამზითვება-გაჩუქებას მაინც ვერ გადარჩებოდენ, რადგანაც იმ დროს ასეთი მოქმედება არ ითვლებოდა უღვთო მოქმედებათ. ზოგს ამ “უკანონო შვილთაგანს” ჯერ ძუძუს წოვაც არ ჰქონდა მოთავებული, რომ “ღვთიული მებატონე” მიათრევდა გასაყიდათ. მხოლოდ ერთი “უკანონო შვილთაგანი”, რომელსაც გოგის ეძახდენ, მეტად შესანიშნავი საღი შეხედულობის გამოდგა და ამიტომ თავადი №№ და მისი მეუღლე ვერ იმეტებდენ მას გასაყიდათ. გოგის დანახვაზედ თავადს №№ და მის მეუღლეს ხშირად მოსდიოდათ ამგვარი ლაპარაკი:
- ჩემს გოგის წერა კითხვა ვასტავლოთ და კაი მოურავი გამოდგება. ეტყობა რომ იგი ყაძახის შვილი არ არის, ყოველიფერი თავადიშვილის აქ.
- შენი შვილი იქნება, მეტი ვიღაის?
- ჩემი? არ ვიცი, არ მახსოვს.
- ეჰე, არ ახსოვს! მე რას მიმალავ? თურმე არც ერთი გოგო არ დაგიტიებია, რომ...
მართლაც, რა რომ გოგი წამოიზარდა, თავადი №№-ის მეუღლემ, თავის ქმრის თხოვნით ასწავლა მას ქართული წერა-კითხვა. შემდეგ თავადმა №№-მა გოგი მიაბარა ვიღაც ვაჭარს ბერძენს, რომელთანაც სამი-ოთხი წლის განმავლობაში გოგიმ გვარიანათ შეიწავლა თათრული, ბერძნული ენები და ანგარიში. თავადმა №№-მა რა დაინახა, ჩემმა ბიჭმა უცხო ენები იცისო, მოაშორა ბერძენს, წაიყვანა თავის სასახლეში და დაიჭირა ის მასწავლებლის ალაგას თავისი ორი ვაჟის და ერთი ქალისთვის, რომლებსაც გოგი ამ დროიდან ასწავლიდა ქართულ წერა-კითხვას, ანგარიშს, თათრულს და ბერძნულს სიტყვებს. თვითონ გოგი კი თავისი სურვილით შეუდგა ხუცური ასოების შესწავლას და ცოტა ხნის განმავლობაში ისე შეისწავლა, რომ გვარიან კარგად კითხულობდა საღვთო წერილებს. არ გასულა ამის შემდეგ ერთი წელი, რომ თავადი №№-ის სასახლეში მოხდა ერთი შემთხვევა, რომელმაც სულ სხვაგვარად შესცვალა გოგის მდგომარეობა. აი რა შემთხვა იყო ეს: თავად №№-ს თანისთან მოუკვდა ყელის ტკივილით თავის ორი ვაჟი და ეს ხანში შესული თავადი და იმისი ასეთივე დროული მეუღლე დარჩენ შემყურადენი ერთადერთი ექვსი წლის ქალისა, რომელსაც პატარაობის სახელად გულოს ეძახდენ და რომელიც ძლივს მოარჩინეს სიკვდილს სხვაგან გადახიზვნით. მაგრამ ერთი ქალი როგორ შეიძლებდა მოვლას და პატრონობას იმდენი ყმა და მამულისა, რამდენის პატრონიც იყო თავადი №№? მერე კიდევ სანამ ეს ქალი სრულწლოვანი შეიქმნებოდა, თავადი №№ და მისი მეუღლე ძლიერ მოხუცდებოდენ. მეტი გზა აღარ იყო. თავად №№-ს და მის მეუღლეს უნდა ეშვილებიათ “უკანონო შვილი” გოგი. ეს უკვე განიზრახეს თავადმა №№-მა და მისმა მეუღლემ, მაგრამ ამ განზრახვის სისრულეში მოყვანასაც ედო წინ ერთი დიდი დამაბრკოლებელი მიზეზი: თავადს №№-ს ყავდა ახლო ნათესავები, რომლებიც, კანონიერის გზით იქნებოდა თუ არა კანონიერის, არ დაანებებდენ, რომ თავადს №№-ს “უკანონო შვილი” გოგი მათ მოძმეთ გაეხადა. ამ შიშის მიხედვით თავადი №№-ი და მისი მეუღლე ჯერ ვერ ბედავდენ, რომ გოგი ცხადათ თავის მემკვიდრეთ აღეარებიათ, თუმცაღა საიდუმლოთ კი თვლიდენ მას თავის მემკვიდრეთ.
ერთ დღეს თავად №№-ს ესტუმრა ერთი გვარიანი ნასწავლი რუსის ოფიცერი (თავადი №№-ი ხშირად პატიჟობდა თავის სახლში მოხელე და ნასწავლ კაცებს და ცდილობდა იმათთან დაახლოვებას). როგორც საზოგადოთ რუსის ოფიცრები, ეს ოფიცერიც, თითქო დიდი ხნის ნაცნობიაო, ისე თამამად და შინაკაცად მოიქცა თავადი №№-ის ოჯახში: ის გაუმასლაათდა თავად №№-ს და მის მეუღლეს, ათას რასმე უამბობდა და ათას რაზედმე ეკითხებოდა იმათ იმ დამტვრეული ქართულით, რომელიც ამ ოფიცერს სადღაც შეესწავლა. უკანასკნელ ოფიცერმა ნახა გოგი და, სხვათა შორის, უთხრა თავადს №№-ს და მის მეუღლეს:
- ბედნიერი ხართ, რომ ასეთი საღი ვაჟი გყოლიათ! ძალიან კარგი გჭირთ ეგ ქართველ თავადებს, რომ ხშირათ გამოდის თქვენში შესანიშნავი შნოიანი კაცი. მაგრამ ამ თქვენი ვაჟასთანა მე იშვიათით მინახავს.
ამ სიტყვებმა თავადს №№-ს მისცეს შემთხვევა და მოაფიქრებინეს, რომ თავის სტუმრისთვის ეთქვა გოგის დაბადების გარემოება და გამოეკითხა, თუ რა გზით შეიძლებოდა, რომ გოგი თავადი №№-ის მემკვიდრეთ გამხდარიყო.
- თუ ამ ბავშვის სიკეთე გინდა, სკოლაში აღზარდე, შემდეგ სამსახურში შევა და ვეღარავინ გაუბედავს შენს მემკვიდრეობაზე უარი უყოს, - ურჩია თავად №№-ს ოფიცერმა, რა რომ გოგის დაბადების ისტორია მოისმინა.
- სად, როგორ? - დაეკითხა თავადი №№-ი, რადგანაც მოეწონა ეგ რჩევა.
- აი, თბილისში. მე ამ ცოტა ხანში უნდა წავიდე იქ და თუ გნებავს, წავიყვან თქვენს ბავშვსაც და მივცემ იქ სკოლაში.
- ძალიან მადლობელი ვიქნებით. რა დღეს წაბრძანდებით?
ოფიცერმა დაუნიშნა დრო. თავადმა №№-მა იმ დროისთვის მოამზადა ისე, როგორც ეგ ურჩია მისმა ნაცნობმა ოფიცერმა, ესე იგი გამოართო მღვდელს მეტრიკული მოწმობა, რომ გოგი ანუ გიორგი ნამდვილ თავადი №№-ის შვილიაო (მღვდელი ფულის გულისთვის დასთანხმდა ამგვარი ყალბი მოწობის გაცემაზედ), შეუკერა გოგის ტანსაცმელი, მოუმზადა ფული და დანიშნულ დროზე წაიყვანა თავის მეგობარ ოფიცერთან, რომელმაც გოგი მართლაც წაიყვანა თბილისში და მისცა სკოლაში. თუმცაღა ვარსკვლავისა (ასე ერქვა გიორგის მშობელ გოგოს) ძლიერ ტიროდა და ჩიოდა, თვალით თუ ვეღარ ვნახავ, რათ მინდა მისი სტავლა! ჩემი გოგი აქანაი ყოფილიყო სხვა ბიჭებსავით და მისი მზერით გავმძღარიყავი, იგი მერჩიაო, მაგრამ გოგოს წუწუნ-ტირილს და წინააღმდეგობას ბატონის წინაშე აბა რა ძალა ექნებოდა, მეტადრე მაშინ, როცა ბატონი ამ გოგოს შვილის ბედნიერებისთვის ზრუნავდა. გაარუსებენ შენ შვილს, შტო ტი, გეტყვის, რომ გნახავსო, იგდებდენ მასხარათ ვარსკვლავისას ბატონებიც და გოგო-ბიჭებიც.
გავიდა ათი-თორმეტი წელი გოგის ანუ გიორგის სკოლაში გაგზავნის შემდეგ. თავადი №№-ი და მისი მეუღლე ამ დროს განმავლობაში ძლიერ მოხუცდენ. იმათი ქალი გულო (პატარაობის სახელი გულო შემდეგაც აღარ მოაშორეს ამ ქალს, თუმცაღა კი მას ნათვლის სახელი სხვა ერქვა) ამ დროს განმავლობაში გასათხოვარი თექვსმეტ-ჩვიდმეტი წლის შეიქნა. მაგრამ გიორგი ჯერ კიდევ არ ჩანდა. თავადი №№-ი მხოლოდ ხანდახან ღებულობდა მისგან წერილს, რომლიდანაც ჩანდა, რომ გიორგი რუსეთში იყო და უნივერსიტეტში სახელმწიფო ხარჯით სწავლობდა. “თუმცაღა ძლიერ მესურვება თქვენი ნახვა, მაგრამ, რა ვქნა, სანამ სწავლას არ დავასრულებ უნივერსიტეტში, მანამ არ შემიძლია წამოვიდე გურიაში. ნუ გეწყინებათ, ჩემო ძვირფასო მშობლებო! თქვენი შვილი გიორგი”. - ეწერა ყოველთვის წერილის ბოლოში. ბოლოს და ბოლოს თავად №№-ს და მის მეუღლეს იმდენად გაუტეხეს ამ სიტყვებმა გული, რომ გადაწყვიტეს: გიორგიმ მიგვატოვა და აღარ უნდა ჩვენთან ცხოვრებაო.
- ჩვენ გულოს ერთი ვინმე კაი თავადიშვილი შევრთოთ ქმარათ და ჩავაბაროთ ოჯახი, თვარა ჩვენ ძაან მოვხუცდით და გიორგიმ ქე გვიღალატა, აღარ მოვიდა ჩვენთან, აღარ იკადრა ჩვენი შვილობა! - გულმტკივნეულად უთხრა ორ-სამჯერ თავადმა №№-მა თავის მეუღლეს.
- ნუ დაუყრი ღორს მარგალიტსო, რომ იტყვიან, მართალი ყოფილა. გოგოს შვილი გავათავადეთ და ამის სამაგიეროთ აგი გვიქნა, სიბერის დღეს თვალითაც აღარ გვნახა, - უპასუხა ქმარს გიორგის მოუსვლელობით საშინლით გულდამწვარმა ქალბატონმა №№-მა და ბოლის დაატანა: - ერთ-ორ წელს კიდევ ვუყუროთ. იქნება ქე გაგვიხსენოს გიორგიმ და, თუ აღარ გავახსენდებით, ოცმა კი მითხრა, შენი ქალიშვილის გულისთვის კვტებიან ყმაწვილი თავადისშვილებიო, გამოვარჩევ იმათში რომელსამე და შევრთამ ჩემს გულოს. აგია, რომ სტავლილი კაცი მინდოდა სიძეთ და ვფიქრავდი გიორგი გამომირჩევს-მეთქი, ჯერ რა ეჩქარება გულოს, წელი არ დასრულებია და გული!
თავადი №№-ი თაობიდანვე დაჩვეულ იყო თავი ცოლის რჩევაზე დათანხმებას და ამ შემთხვევაშიაც დაეთანხმა მას, თუმცაღა კი გიორგის მოსვლას აღარ მოელოდა.
თავადი №№-ის მეზობლებს ხომ კარგი ხნიდან გიორგი დავიწყებული ჰყავდათ. იმათ მხოლოთ გიორგის თბილისში წასვლის შემდეგ ბევრი იჭორიკანავეს: გიორგი თურმე ვინცხა რუსს მიჰყიდა თავის ბატონმა, ძაან ფულები ეიღო თურმე და სხვა, მაგრამ ერთ-ორ თვეში დაუძველდათ ეს ამბავი და შეცვალეს სხვა ამისგვარ საჭორიკანო საგანზე. ეს კია, რომ თავის ჭორიკანაობას ამსხვერპლეს საწყალი ვარსკვლავისა, რომელმაც, რა გაიგონა, გიორგი სრულიადაც სკოლაში არ გაუგზავნია თავის ბატონს, ფულზე მიყიდა რუსსო, სევდით ჯერ ჭკუაზე შეიშალა და შემდეგ სულ გამოეთხოვა ამ სიცოცხლისმჭამელ სოფელს.
ერთ დღეს გულო დილიდან მოწყებული სამხრობის დრომდე დატრიალებდა თავზედ თავის დედას, რომელიც გულის წუხილით ავად შექმნილიყო. სამხრობის შემდეგ ავათმყოფი ძილს მიეცა. გულომ იხელთა დრო, გამოიტანა აივანზე, თავისი საყვარელი წიგნი “ვეფხისტყაოსანი” დაჯდა და ტკბილი ხმით, თითქო მღერისო, დაიწყო კითხვა იმ ადგილიდან, სადაც იწყება ამ სიტყვებით: “აწ საყვარელსა მივუწერ გულამოსკვნილი, მტირალი...” კარგა ხანს, შეუსვენებლად კითხულობდა. დღე მიილია და ბინდის მოახლოვებამ შემოდგომის მოწყენილ ბუნებას კიდევ უფრო მოწყენილი ფერი დასდო. გულო დაეთხოვა კითხვას და გაუშტერა თვალი გადაყვითლებულ არემარეს, რომლის მოწყენილმა შეხედულობამ გულოს გული და სული ამ დროს მორთო სრულიათ საოცნებოთ: გულო ფიქრებით ერთ ხანს “ვეფხისტყაოსანში” გამოხატულ სცენებში დაფრინავდა; მას ახლა თითქო თვალწინ უდგენ მიჯნურის დაკარგვის გამო მტირალი ნესტან-დარეჯანი, თავგანწირული ტარიელი და “ვეფხისტყაოსანში” გამოხატული სხვა გმირები.
ამ ოცნებობიდან გულო გადავიდა თავის მკვდარ ძმებზე, რომლებიც მას ძლიერ უყვარდა. “გუშინღამ მომესიზმრა, ვითომც ორივე მოვიდა და გვეხვეოდა ყველას ყელზე, - ლაპარაკობდა გულო თავის ფიქრებში, - დედას ვუთხარი ეს სიზმარი და იმან მიპასუხა: შვილო, შენი ძმების სულები გინახავსო. სულები! ნეტა ვიცოდე სად წევიდენ მერე? ნეტავ ერთი კიდევ მაჩვენა ჩემი ძმების სულები!” გულოს აქ რაღაც ისეთი უნებური მძლავრი სევდა მოაწვა გულზე, რომ კინაღამ ტირილი არ მორთო, მაგრამ ამ დროს გაახსენდა ერთ დროს მის მასწავლებლათ მყოფი გიორგი; ის აქამდეც ხშირად მისცემია მის გამო ოცნებას და ულაპარაკნია თავის ფიქრებში: “ჩვენი გოგი აღარ მოვიდა! უფ, რა ლამაზი იყო! ნეტავ, ახლა მაჩვენა რანაირია! ეჭვი არ არის, რუსეთში ყოფნა სულ გამოსცვლიდა და გაარუსებდა”. გულოს ენახა მოხუცი, სამსასურში ჩაჭვარტლიანებულ-ჩამტვერიანებული რუსები, მოპარსული, უსიამოვნო პირისახით, ამიტომ ფიქრობდა, რუსთში ნასწავლი კაცებიც უეჭველათ აგეთი იქნებიანო და ამიტომ ეზარებოდა გიორგის გარუსება. “მამამ ძალიანი ცუდი ჰქნა, რომ გიორგი რუსეთში გაგზავნა! ის რომ ჩვენ ქვეყანას გაზრდილიყო, ნახავდით, რაც იქნებოდა!” დიახ, გულო ხშირათ მისცემია ეგეთ ფიქრებს გიორგიზე, მაგრამ ახლა სულ სხვაგვარი ფიქრი მოუვიდა მას: “მართლა, რა ამბავია, რომ გოგი არ დაბრუნდა? მარა უეჭველათ ვინმე ყმაწვილი ქალი შეიყვარებდა და იმან დაავიწყა ჩვენი თავი. ვითამ რუსეთში არ იქნებიან ლამაზი ქალები თუ? იქაც ადამიანებია, დიახ, შეიძლება, გიორგიმ კიდევაც დაიწერა ჯვარი თავის საყვარელზე. ის ხომ თავის დღეში აღარ გამოუშვებს ჩვენს ქვეყანაში! უფ, რავა ეყვარებათ ერთმანეთი!” სიყვარულის ხსენებაზე გულოს კიდევ “ვეფხისტყაოსნის” გმირები გაახსენდა და დაიწყო ოცნება, თუ როგორ მოეხვეოდენ ერთმანეთს ნესტან-დარეჯანი და ტარიელი, როცა ეს შეყვარებულები დიდი ხნის განშორების შემდეგ ქაჯეთს ერთმანეთს შეხვდენ. ამ ოცნებამ ისე წაიღო გულო, რომ ის იყო ძილს მიეცემოდა, თუ რომ ამ დროს ჭიშკრის ჭრიალს არ გამოეფხიზლებია. ამ ჭრიალზე გულომ უცებ გაიხედა ჭიშკრისკენ და დაინახა, რომ ვიღაც ცხენოსანი, რუსულ ტანისამოსიანი კაცი ჩავიდა ეზოში. “ვაიმე, რუსი!” - წამოიძახა გულომ და დააპირა სახლში შერბენა, მაგრამ ამ დროს მან დაინახა, რომ უცნობის პირისახე სრულიად არა გავდა რუსისას. “ჩვენებური უნდა იყოს და რომ დავემალო, დამზრახავს”, - გაივლო გულში და გაჩერდა ბალკონზე. ამასობაში უცნობმა მიაღწია კიდეც სახლთან, ჩამოხტა ცხენიდან, გადასცა ის ბიჭს, რომელიც მას მიჰყვა ცხენითვე, დაუკითხავთ ავიდა ბალკონზე და ჰკითხა გულოს:
- შენ გულო უნდა იყო?
ამგვარმა კითხვამ უცნობის კაცისა ისე შეაკრთო გულო, რომ მან სრულიად პასუხი ვერ მოახერხა.
- ვერ მიცანი? მე შენი ძმა ვარ, გიორგი.
ამ სიტყვებისაგან გულო მიხვდა, რომ მის წინ იდგა გოგი. ის გოგი, რომლის ნახვას ისე გულმხურვალეთ ნატრობდენ ისა და მისი მშობლები. ქალმა სიხარულისაგან კაი მოზრდილი შეჰკივლა და გაექანა გიორგისაკენ, მაგრამ, რადგანაც დედისაგან გაეგონა, გოგი უკანონო შვილიაო, ვეღარ გაბედა მოხვევნა. გიორგიმ შენიშნა გულოს სიმორცხვე, გადაეხვია თვითონ, გადაკოცნა და უთხრა:
- ა, გულო, რამოდენა გაზრდილხარ, დედ-მამა ცოცხალია?
- ცოცხალია. სულ შენ გნატრულობდენ. რა გაუხარდებიან ახლა შენი მოსვლა! - უპასუხა გულომ და სიხარულით აღტაცებაში მოსული შეუძღვა გიორგის სახლში. თავადი №№ ამ დროს წამოწოლილიყო. გიორგი რომ დაინახა, უცხო კაცი ეგონა და მოკრძალებით წამოუდგა და ბოდიში მოიხადა:
- უკაცრავად, ცოტა შეუძლოთ ვარ და ვიწევი. აგერ ჩემი მეუღლეც ავათ არის.
- ვისთან იხდი, მამა, ბოდიშს, ვერ მიცანი შენი გიორგი?
- გიორგი!
წამოიძახა თავადმა №№ - მა და სიხარულისაგან კინაღამ თავბრუ არ დაესხა.
- შვილო, წვერიც ამოგსვლია, დავაჟკაცებულხარ, რაღას გიცნობდი! - ამ სიტყვებით მოეხვია თავადი №№-ი გიორგის ყელზე. ამ ლაპარაკზე გამოიღვიძა ქალბატონმა №№-მა და, რა დაინახა გიორგი მოსულაო, სიხარულით კინაღამ გული არ წაუვიდა. თუმცაღა ავადმყოფობისაგან ძლიერ დასუსტებული იყო, მაგრამ მაინც წამოდგა ლოგინიდან და მოეხვია გიორგის:
- შვილო გიორგი გული კი მითქმიდა, მოხვიდოდი, არ დაგვივიწყებდი.
ყოველივე ამის შემდეგ მგონია, აღარავის გაუკვირდება, რომ გიორგი თავისი რუსეთიდან ჩამოსვლის მეორე ღღესვე დაეკითხა თავად №№-ს და მის მეუღლეს, თითქო ნამდვილი შვილი იყო მათი: რას მეტყვით, მშობლებო, სამსახურში შევიდე, თუ სახლში დავრჩეო? და რა მოისმინა მათი რჩევა: სამსახურში მყოფი ყმა და მამულს ვეღარ მოუვლი, ჩვენთან იცხოვრეო, დარჩა თავადი №№-ის სახლში და თავის თავი თავად №№ და მისი მეუღლის ნამდვილი შვილი ეგონა. მეტადრე ამის შესახებ გიორგის უეჭველათ ხდიდა ის ყალბი მეტრიკული მოწმობა, რომელიც თავადმა №№-მა მოუპოვა მას სკოლაში გაგზავნის დროს და არეთვე ისიც, რომ თავისი შექმნა-შობის ისტორია არავისგან გაეგონა. მართალია, გიორგის ახსოვდა, რომ ვარსკვლავისა ნაზის, დედობრივი სიყვარულით ეპყრობოდა მას და შვილს ეძახდა, აგრეთვე ახსოვდა, რომ ვარსკვლავისამ მის თბილისში წასვლის დროს იტირა, შვილო, მიყევხართო, მაგრამ ფიქრობდა: ვარსკვლავისა ძიძა იყო ჩემი და რა გასაკვირველია, რომ ძიძას უყვარდი, ჩემი მოშორება ეზარებოდაო. რაც შეეხე თავად №№-ს და მის მეუღლეს, ისინი ძლიერ ფრთხილად იყვენ და მეცადინეობდენ, გიორგის არ გაეგო, რომ ისინი ნამდვილი მშობლები არ არიან. ყველა თავის გოგო-ბიჭებზე დარიგება ჰქონდათ მიცემული: თუ ვინმემ გკითხოს გიორგის ვინაობა, კახელი თავადიშვილია, ჩვენი ბატონის ნათესავი-თქვა, უთხარით და გიორგის არ გააგებიოთ, რომ ის ჩვენი შვილი არ არისო.
აი, ბ. მკითხველო, რამდენიმე ცნობები ჩვენი რომანის გმირის გიორგის ვინაობაზე. გიორგის არსებობა მის სამშობლო გურიაში დღეს თითქმის სრულიათ დავიწყებულია, მაგრამ სამაგიეროთ რუსეთში კიდევ მოიპოვებიან ისეთი პირები, რომელნიც ტკბილი მეგობრული გრძნობით გაიხსენებენ გიორგის. ეს ის პირებია, რომლებიც ვიდრე 1840 წლის ზაფხულამდე, მთელი ოთხი წლის განმავლობაში სწავლობდენ გიორგისთან ერთად პეტერბურგის უნივერსიტეტში, ბუნებისმეტყველების ფაკულტეტზე.
თუმცაღა კარგა ხანი გასულა მას შემდეგ, რაც გიორგი იმათ გამოეთხოვა და გამოემგზავრა კავკასიაში, თუმცაღა მას შემდეგ ამათ ცხოვრებაში ბევრი ცვლილება მოხდა, ბევრმა ცივმა და ცხელმა ქარმა დაბერა იმათ გულს, იმ დროს ჯერ კიდევ გამოუცდელი, ყმაწვილური, ათასგვარი იმედებით სავსე გული დღეს მოხუცებამ და მწარე გამოცდილებამ გააგრილა და უიმედობით აავსო, მაგრამ მაინც ეს მოხუცი რუსები, რა ერთმანეთს შეხვდებიან და თავის სტუდენტობას მოიგონებენ, მაშინვე გაიხსენებენ ერთ დროს იმათ საიმედო ამხანაგად და მეგობრად მყოფს ნიჭით სავსე გიორგის, რომლის შესახებ აგერ ორმოცდაათი წელია აღარა გაუგონიათ რა, ცოცხალია თუ მკვდარი.
V
იმ ღამეს, როცა ბესია და მისი ამხანაგები რჩევის საკითხავად იყვენ მასთან, გიორგი დიდხანს იწვა ლოგინში ისე, რომ ძილი არ მოჰკიდებია. “ჰმ, რა უგუნური განზრახვა მოსვლიათ! აჯანყება ხუმრობა ჰგონიათ იმათ, - ფიქრობდა ის, - დაღუპავს ჩვენს გამოუცდელ ხალხს ეგ უგუნური განზრახვა! აბა ახლა ესაჭიროება მას კაცი, ახლა ესაჭიროება მას რჩევა-გაპირება. არა, არ შემიძლია ამას შორიდან გულგრილად ვუყურო. მე ვურჩევ ხალხს, რომ ეგეთი უგუნური და დამღუპველი განზრახვა უარყონ. და თუ ეგ ვერ მოვახერხე, იმ შემთხვევაში ყოველ ღონისძიებას ვიხმარ, რომ ჯანყის მიზანი შესცვალონ, ესე იგი ჩვენმა ხალხმა რუსებს კი არ გაუწიონ წინააღმდეგობა, არამედ მონობას, ანუ ბატონყმობას. დიახ, გლეხკაცობის განთავისუფლება, მისი მდგომარეობის გაუმჯობესობა უნდა ჰქონდეს მიზნათ აჯანყებას და არა რუსების განდევნა. მართალია, გაუნათლებელი, გლეხკაცის შრომით ცხოვრებას დაჩვეული თავადაზნაურობა დიდ წინააღმდეგობას გაუწევს ამ აზრს, იმათი ლტოლვილება ის არის, რომ ჩვენი ქვეყნიდან განდევნონ რუსები და შემდეგ წინანდებურად გაამთავრონ რომელიმე არამზადა, ხალხის შრომით გასუქებული თავადი, რომელიც თავის დღეში მონობას ქვეშე დაიჭერს გლეხკაცობას, რომ ამით მოიგოს თავის ბოძის თავადაზნაურობის გული. დიახ, ეს არი ჩვენი გაუნათლებელი თავადაზნაურობის ლტოლვილება. მაგრამ ამას, თუკი კაცი მეცადინეობას არ დაიზარებს, ადვილათ მოეჭრება კბილი: საჭიროა მხოლოდ შინაყმებს ჩააგონოს კაცმა ჩვენი თავადაზნაურობის ლტოლვილების მიზანი, ანუ სარჩული. მაშინ შინაყმები, რომლებიც ასჯერ მეტი არიან თავიანთ ბატონებზე, მტვრათ აქცევენ ჩვენი გაუნათლებელი თავადაზნაურობის ამგვარ მოქმედებას და ამგვარის მოქმედებით წაჰგლეჯენ დიდის ხნიდან გაჭედილს, გლეხკაცობის ყელზე მოხვეულს ჯაჭვს. ეგ არის ჩემი მრწამსი. მაგრამ რა საშუალებით შეიძლება ამ აზრის გავრცელება ჩვენ ხალხში? ჟურნალ-გაზეთები არ არის ჩვენში, რომ იმის საშვალებით ვიმეცადინოთ. აბა სხვა რაღაი? აბა ეს არის სამწუხარო. აი, ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთი ვიწრო გზაღა დარჩენილა. ჩემი აზრი უნდა გავანდო ჩემს ნაცნობებში ყველა სანდო პირებს; ისინი კიდევ თავის მხრით გადასცემენ თავიანთ ნაცნობებს და ამგვარათ შესაძლოა რასმე გახდეს კაცი. ვინიცობაა საჭირო შეიქმნეს, მე უნდა მოვშორდე ჩემს მშობლებს და გავიდე ხალხში, მაგრამ ეგეც არ არის ადვილი საქმე! ვინ უნდა დაუტოვო იმედათ ჩემს მოხუც მშობლებს და ჩემს დას? ჩემს დას ისე უყვარვარ, რომ უეჭველათ ჭკუაზე შეიშლება, მე რომ რამე ცუდი შემემთხვას. არა, მართლა რას ნიშნავს ეს უსაზომო სიყვარული ჩემი დის მხრით? როცა მიმზერს, იფიქრებ თვალებში ცეცხლი აენთოვო! ცუდს რასმე ხომ არ მოასწავებს სიყვარული? ვინ იცის, ყმაწვილი ადვილათ ჩავარდება შეცდომილებაში! მაგრამ ეჰ, რაგვარი ახირებული აზრები მომდის! სულ იმ, ივანე იყო თუ ვიღაც ბოროტი, იმისმა ცბიერმა ღიმილიანმა ლაპარაკმა ამიძრა ეგ ახირებული აზრები. სახეზე ეტყობოდა, ივანე არ უნდა იყოს პატიოსანი კაცი. თამარამ სთქვა, ბევრი ადამიანის სისხლი ადევს კისერზეო. ახლა კი ხალხის მეთაურობას აპირებს, ეტყობა. ღმერთმა დეიფაროს! მე ივანეს სახეზე შევატყე, რომ ის ადვილათ ჩადგება ხალხის ღალატში...” ალიონმა მოატანა. მამლებმა მოუხშირეს ყივილს. ბურუსად აბლანდული ფიქრებისაგან მოქანცულს და თავატკენილს გიორგის უკანასკნელ ჩაეძინა, მაგრამ აქაც ვერ იყო მაინცადამაინც მოსვენებით: ის ფიქრები, რომლებიც სიფხიზლის დროს მთელ ღამეს არ ასვენებდენ გიორგის ძილის დროს, მის გახურებულ ტვინში ათასგვარ კარიკატურულ სურათად გადამახინჯდენ და მოეხვიენ სიზმრათ.
გათენებისას გულომ ჩვეულებრივად ადრე გაიღვიძა, ადრე დაიბანა ხელ-პირი და დაიწყო სეირნობა თავის სახლის წინ, აივანზე. ხანდახან ის შეჩერდებოდა იმ ოთახის წინ, რომელშიც გიორგი იწვა და დაუწყებდა კარებზე მზერას. კარგა ხანს დადიოდა გულო აივანზე, მაგრამ შემდეგ, რა მაისის მზემ მიუცხუნა ბალკონს, ის შებრუნდა სახლში, სადაც ის იყო დგებოდენ ლოგინიდან იმისი მშობლები, რომლებსაც ძილის შემდეგ უფრო ემჩნეოდათ მოხუცებულობა; თვალები შესაზარად ჰქონდათ ამოსველებული, პირისახე სისხლისაგან დაწრეტილი და სხვა... ხველა ხომ დილდილობით აღარ ასვენებდა ამ პატივცემულ მოხუცებულ ცოლ-ქმარ თავადებს. “პირის ფარეშმა” (გოგომ) მოკრძალებით თავის მოხუც ბატონებს წყალი მოართვა, დააბანია ხელ-პირი და შემდეგ ჰკითხა:
- ბატონო, ჯერ გვიბძანებთ ჩაის მორთმევას?
- გიორგი ხომ ადგა? - ჰკითხა თავის ასულს თავადმა №№-მა.
- არა, მისი ოთახის კარები ჯერ კიდევ დახურულია, უპასუხა გულომ, რომელიც ამ დროს სტოლთან იჯდა და ფურცლავდა “ვეფხისტყაოსანს”.
- ვაჟო, სხომის არ დამართია აგი, ავათ არ იყოს? თქვა გულოს დედამ, რომელმაც ის იყო, დაასრულა ლოცვა ღვთისმშობლის ხატის წინაშე, რომელიც თავადი №№-ის სახლში ეკიდა კედელზე, აგერ ექვსი წელი იყო.
- გულო, შედი, შეიტყვე, - უთხრა თავადმა №№-მა თავის ასულს და შემდეგ უბრძანა გოგოს:
- გიორგის ადგომამდე ჩაი არ შემოიტანო.
გიორგის ოთახი იყო ზალიდან მარჯვნით, ასე რომ წინა კარები და ერთი ფანჯარა ამ ოთახისა გამოდიოდა ბალკონში, მესამე ფანჯარა გაჰყურებდა ვენახიანი ხეებით და ხეხილებით მორგულ ვაკე მიდამოს, რომლის გვერდზე მომდინარეობდა გვარიანი მოზრდილი რუ. ეს მესამე ფანჯარა თითონ გიორგიმ გამოაჭრევია რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ, რადგანაც ოთახში ბნელოდა და წერა-კითხვა შეუძლებელი იყო. გულო მივიდა ოთახის კარებთან, რომლებსაც გიორგი არასდროს არა ჰკეტავდა, ცოტა ხანს გაჩერდა, შემდეგ ნელა გააღო, შევიდა ოთახში და კარები ხელახლად დახურა. გიორგის ნელი სულის თქმა არღვევდა ოთახის სიჩუმეს. “გენაცვალე, სძინავს და პირზე სიწითლე აჩნევია! - ჩაილაპარაკა გულომ თავის გულში, რა დაინახა მძინარე გიორგი, - ეტყობა ტკბილ სიზმრებშია, საყვარელს კოცნის. ნეტა ვინ არის ის ბედნიერი?” ცოტა ხანს გულო ფეხზე იყო გაჩერებული და ისე დაჰყურებდა მძინარე გიორგის, რომელსაც საზაფხულო თხელი საბანი ცოტათი გადაძრომოდა და თოვლივით თეთრი მკერდი შიშვლათ ჰქონდა. შემდეგ ქალი წყნარად ჩამოჯდა გიორგის საწოლის კიდეზე, დაიხარა და სამჯერ თანისთან აკოცა გიორგის მკერდზედ. გიორგი ამ კოცნაზე ცოტათი შეინძრა, მაგრამ კი ვერ გაიღვიძა. გულო იჯდა და ისევ ისე დაჰყურებდა მას. კაშკაში სინათლე, რომელიც შემოდიოდა თეთრი ფარდებით დახურული ფანჯრებისაგან, საკმაოდ ანათებდა გიორგის პატარა ოთახს, რომელიც ისე იყო წიგნებით გავსებული, რომ ბიბლიოთეკა გეგონებოდათ. “ღმერთო, კიდევ ვერ გაიღვიძა!” - წამოილაპარაკა წყნარად გულომ, ხელახლავ დაიხარა და აკოცა გიორგის შიშველა ყელზე. მძინარე გიორგიმ მაშინ აიღო მარჯვენა ხელი და მოისო ყელზე. სწორედ იმ ადგილას, სადაც გულომ აკოცა, და შემდეგ მოინდომა ხელის იმავე ადგილს დადება, სადაც უწინ ედო, მაგრამ მძინარეს შეცდომა მოუვიდა და მის მაგიერათ ხელი გადმოჰკიდა ლოგინიდან ძირს... “ვაიმე!“ - წამოიძახა გულომ ნახევარი ხმით, აიღო წყნარად გიორგის ხელი და დაიკავა ხელში. ამ დროს გულოს ისე უცემდა გული, ისე უთრთოდა სხეული, სახე ისე გაფითრებული ჰქონდა, ისე ეშინოდა, რომ შეგეხედა, იტოდი: ეს ქალი ადამიანის მკვლელობას უნდა ჩადიოდესო. მართალია, გულო იმ დღემდეც ხშირად შესულა დილით გიორგის ოთახში, მაგრამ იმ დღემდე გიორგი ყოველთვის გაღვიძებული დახვდებოდა მას, ან გულოს შესვლისთანავე გაიღვიძებდა; იმ დღეს კი, თითქოს განგებ, მის გამოსაცდელათ მისცემოდა ღრმა ძილს. იმისი ხშირი, ხუჭუჭი, შავი თმა ეყარა თეთრ პირიან ბალიშებზედ; იმისი ლამაზი, სწორი სახე ძილის დროს კიდევ უფრო გალამაზებულ-გასხივიანებულიყო. ხანდახან, თითქო რისღაც თქმა უნდოდაო, ისე აცმაცუნებდა თავის თხელს ტუჩებს. “მაშინ კი ჩვენშიაც ეშველება გლეხებს. ჩემი აზრი ეს არი”. - გარკვევით წამოიძახა მძინარე გიორგიმ უკანასკნელ. „შენ გენაცვალე, წააბოდა!” - სთქვა გულომ და მესამეხელ აკოცა მძინარე გიორგის, მაგრამ ამ უკანასკნელხელ კი იმის ტუჩები ამოირჩია. ამ უკანასკნელმა კოცნამ გააღვიძა გიორგი.
- რას შვრები, გულო! ბავშვი ხომ არა ვარ, რომ მკოცნი! - წყენის კილოთი უთხრა მან გულოს.
- შეგეზიზღა ჩემი კოცნა! მომიტევეთ, შემდეგ აღარ გავბედავ, - ათრთოლებულის ხმით უპასუხა გულომ, რომელიც ისე შეაკრთო გიორგის სიტყვებმა, რომ თვალებზე ცრემლო მოედინა.
- არა, ვინ გითხრა მეზიზღებიო? ახალგაღვიძებული ვიყავი და ანგარიში ვერ მივეცი, რა უნდა მეთქვა. თუნდ ახლაც მაკოცე, აი კიდეც მესიამოვნება.
შესცვალა საჩქაროდ გიორგიმ თავისი სასტიკი სიტყვები, რა რომ დაინახა გულოს თვალებზე ცრემლები.
- დედ-მამამ გამომგზავნეს, ადგომა რომ დაგაგვიანდა, შეშინდენ. ჩაიზე ხომ შემოხვალ?
- ცოტა ავათ შევიქენ, ჩაი უჩემოთ მიირთვით, - უპასუხა გიორგიმ, რომელსაც მართლა სტკიოდა თავი.
- ავათო, ვაიმე! ღმერთმა დეიცვას შენი ავათ გახთომა! - წამოიძახა შეშინებულმა გულომ და ხელახლა დაჯდა გიორგისთან.
- რისთვის შეშინდი? ცოტა თავი მტკივა, სურდო უნდა იყვეს, სხვა კი არაფელი. კარგი, თუ გინდა, წამოვალ ჩაიზე.
გიორგი ადგა, ჩაიცვა ტანზე და გულოსთან ერთად შევიდა ზალაში.
- რა ქენი, გიორგი, ავათ ხომ არ ხარ? - ერთხმად ჰკითხეს თავადმა №№-მა და მისმა მეუღლემ გიორგის.
- სურდო დამემართა, მარა არა მიშავს რა, - უპასუხა უკანასკნელმა და ჩამოჯდა სკამზედ. გულო კი მიაწვა სტოლს, დაუწყო ფურცვლა „ვეფხისტყაოსანს”. ამ დროს ის იყო მოსამსახურემ მოართვა ამათ ჩაი, რძე და ხაჭაპური. ეს ჩვეულება - დილა-საღამოთი ჩაის მირთმევა - მას შემდეგ შემოიღო თავადმა №№-მა, რაც ის რუსის აფიცრებს და მოხელე კაცებს გაეცნო. ყველანი შემოუსხდენ მაგიდას და, გარდა გულოსი, მადიანად მიირთმევდენ რძენარევ ჩაისა და პურსა. გულომ კი ნახევარი ჭიქა ჩაი დალია უპუროდ, შემდეგ მივიდა ფანჯარასთან და გაჰყურებდა გარეთ. იმის ცოტა მოგრძო, ლამაზ შაქრისფერ სწორ პირისახეს, რომელსაც ისე ჰშვენოდა მაყვალივით შავ-შავი თვალები, გიშერივით შავი წარბები, წამწამები და აგრეთვე, შავი ხშირი თმა, ამ დროს რაღაც ნაღვლიანობა ეტყობოდა.
- გულო, ავათ ხომ არა ხარ? - ჰკითხა მას დედამ.
- არა, - უპასუხა ქალმა.
- აბა ჩაი რეზა არ დალიე?
- არ მინდოდა მეტი.
ჩაის შემდეგ თავადმა №№-მა ჩვეულებრივად გაიკეთა ჩიბუხი, წამოწვა ლოგინზე და ყოველ წამში გამოუშვებდა პირიდან თუთუნის კომლს. მისმა მეუღლემ გადაიარა გოგო-ბიჭებში და აძლევდა დარიგებას, თუ რა და რა საქმეს უნდა დასდგომოდენ. გიორგიმ შეხედა გულოს და უთხრა:
- გულო, ამ დილას ისტორიას მოვაკლოთ ერთი გაკვეთილი.
- თქვენი ნებაა. მე სხვაზე უფრო საადვილოდ კიდევ ისტორია მიმაჩნია, - უპასუხა თავისებური წმინდა ხმით გულომ, რომელიც მას შემდეგ, რაც რომ გიორგი რუსეთიდან დაბრუნდა, მუყაითად მეცადინეობდა და ყოველდღე გადიოდა გიორგის ხელმძღვანელობით თვითო გაკვეთილს გეოგრაფიიდან, მსოფლიო ისტორიიდან, არითმეტიკიდან, ქართული ლიტერატურიდან და, ასე გასინჯეთ, ფიზიკა-ქიმიიდანაც კვირაში თვითო გაკვეთილს.
- ისტორია იმიტომ გეადვილება, რომ ტვინს ბევრი არაფერი აქვს სამუშაო, ზღაპარივით შეისწავლი და ის არის, საქმე გათავებულია.
- განა ისტორია ზღაპარია? მა აბა რაღათ მასწავლი?
- უმეტესი ნაწილი სწორეთ რომ ზღაპარია. ხანდახან, ხომ იცი, ზღაპარიც საჭიროა, - ღიმილით უპასუხა გიორგიმ. შემდეგ წავიდა თავის ოთახში, გამოიტანა ფრანგული წიგნი (გიორგიმ რუსეთში ყოფნის დროს კარგად შეისწავლა ფრანგული ლაპარაკი და წერა-კითხვა) და უთხრა გულოს:
- ბალკონზედ გავიდეთ, თორემ აქ მამას შევაწუხებთ.
გულო დაეთანხმა. გაიტანეს აივანზე პატარა მრგვალი მაგიდა, სკამი და დასხდენ. არ ვიცი, იმათი გაკვეთილების რიგით შეხვდა, თუ განზრახ ამოირჩია გიორგიმ, გადაათვალიერა ფრანგულად დაწერილ ისტორიაში ის ადგილი, სადაც აღწერილი იყო 1793 წელს საფრანგეთში მომხდარი რევოლუცია და შემდეგ მოკლედ აუხსნა ის გულოს.
- დედა, დედა! ტანში გამაჟრჟოლა ამ საშინელმა ამბავმა! რამდენი სისხლი დაუღვრიათ! რა ძნელი ყოფილა, როცა ხალხის ბედს დაჰპატრონდება ისეთი უსინდისო ადამიანები! - სთქვა გულომ, როცა მოისმინა ამბავი იმ საშინელი სისხლის ღვრისა, რომელიც თავის გავლენით მოახდინეს 1793 წელში საფრანგეთში რობესპიერმა, დანტონმა, მარატმა და სხვა ამხანაგებმა, რომლებსაც ხელში ჩაეგდოთ იმ დროს საფრანგეთის ხალხი.
ასეა, ჩემო გულო! გასული ცხოვრება ადამიანისა ადამიანისავე უსამართლობით დაღვრილი სისხლით მოსვრილია, იმ გასული ცხოვრების შვილი აწმყოში იმავე უსამართლობისაგან დაღვრილს სისხლში და ოფლში სცურავს და, ვინ იცის, რაიღა იქნება ამათგან წარმოშობილი, უსამართლობის სისხლ-ოფლით გაჟღენთილ ნიადაგზედ აღზრდილი მომავალი ადამიანისა!
- მერე შენ ყოველთვის იმას მეუბნებოდი, ფრანგები კარგი ხალხია, ბევრი განათლებული და ჭკვიანი კაცი ყოფილა და არის იქაო. თუკი ეს ასეა, რისთვისღა ჩაუგდო ხელში თავის ბედ-იღბალი ისეთ უსინდისო კაცებს, როგორიც ი ვიღაც პიერი და მისი ამხანაგები ყოფილან? - კითხა გიორგის გულომ, რომელიც მას შემდეგ, რაც გიორგის შაგირდათ გახდა, ისეთ ჰუმანურ აზრებს ჩემობდა, რომ თავის ფარეშს გოგოს აღარ იმსახურებდა.
- ეე, გულო, ისიც არ იცი, რომ ხალხს განზრახ არ ჩაუგდია იმათ ხელში თავის თავი! ეს ყოველივე შემთხვევით მოხდა, შემთხვევამ მისცა იმათ ხალხის ბედ-იღბალი სატრიალებლად და საქელავად.
- მერე რომ დაინახა იმათი უსამართლობა, იმოდენა ხალხმა ვეღარ მოერია და ვეღარ წაართვა თავის თავი ერთ-ორ კაცს? გასაკვირველია!
- სრულიადაც არ არის გასაკვირველი. ხალხის ცხოვრების კანონი მაშინისებურია: მაშინა თუკი ერთხელ ააწყვე, მერე ადვილად შეუძლია ერთმა კაცმა იმდენი ამუშაოს, რომ რამოდენიმე ათასი კაცის ნამუშევარს წაამეტოს. აი ასე აწყობილ მაშინის ჩარხს ატრიალებდენ რობესპიერი და მისი ამხანაგები.
- აბა რაღაში მდგომარეობს ფრანგების განათლება, თუკი ასეთი მავნე მაშინა დაატრიალეს?
- მიკვირს, გულო, როგორ დაუფიქრავად ლაპარაკობ! აკი ვამბობ, რომ ეს 1793 წელში მოხდა-მეთქი. მაშინ კი არა, აპა მას შემდეგ აგერ ნახევარ საუკუნე გავიდა და დღესაც, რომელიც გინდა სახელმწიფო აიღე, ხალხის უმეტესობა ისევ გაუნათლებელი და გონებაბნელია. მე, თუ გახსოვს, თავის დღეში არ მითქვამს შენთვის, რომ ესა და ეს სახელმწიფოს ხალხი განათლებულია-მეთქი; მე მხოლოთ იმას გეუბნებოდი და ახლაც იმასვე გეტყვი, რომ საფრანგეთის, ინგლისის და ნემცების სახელმწიფოების ხალხში, შედარებით ჩვენს ქვეყანასთან, ბევრი განათლებული კაცები რევია და ურევია მეთქი, მაგრამ ამასთან ესეც უნდა იცოდე, რომ ეს განათლებულები შედარებით გაუნათლებელ, გონებაბნელ ხალხთან, ჯერჯერობით ისე ცოტანი არიან, რომ იმათ არ ძალუძთ ხალხი ცხოვრების ჭეშმარიტ გზას დააყენონ.
- ჰო, თუკი იმ ქვეყნებში, რომლებსაც განათლებულს უძახიან, ხალხი გაუნათლებელია და ბრიყულა ცხოვრობს, აბა ჩვენს ქვეყანას, როდის იქნება, რომ სიკეთე ეღირსოს და განათლებული შეიქნეს! - სთქვა გულომ და თან გაიზმორა.
- შენ, მგონია, შეუძლოთა ხარ? - ჰკითხა გიორგიმ.
- არა, ისე ტყუილა უქეიფოთ ვარ.
- სახე ხან მკრთალი გაქ და ხან ამღვრეული. გონებაგაფანტულობაც გეტყობა.
- რა ვიცი, დილას ადრე ავდექი და ძილი ამყვა, მგონია.
ამ ლაპარაკით ისინი შევიდენ ხელახლა ზალაში, სადაც იმათ წინ შევიდა გულოს დედა და გულმოსული ელაპარაკებოდა თავის ქმარს, რომ შინაყმები მანამდულ ჭკუაზე აღარ არიან, საშინლათ ურჩობენ და ზარმაცობენო.
- რა ქენი, გიორგი, ახლა ხომ კარგათ ხარ? - ჰკითხა თავადმა №№-მა და შემდეგ დაუმატა: - მე ერთი ფიქრი მომივიდა, ცოლი უნდა შეგრთოთ, მაშვინ აღარ დაგიწყებს თავი ტკივილს.
- ღმერთს გეფიცები, კაი გიფიქრია, - დაეხმარა ქმარს ქალბატონი №№-ი, - მამაჩემის მონათლული მშვენიერი ქალია, გვარს თუ არ დაიწუნებს გიორგი ვითომ რა უყოთ, აზნაურის ქალს არ შეირთავს თავადისშვილი თუ?
- სხვა რამეზე ვილაპარაკოთ, გენაცვალე! საშინლად მეჯავრება, როცა ცოლის შერთვაზე დამიწყებენ ლაპარაკს.
- ვითომ აზნაურის ქალი რა გიორგის საქმეა! ცოტაა თავადის ქალები? - გაუმტყუნა ცოლს თავადმა №№-მა.
- არა, მამა, გვარი სულ ერთია, გინდა გლეხი ყოფილა, გინდა თავად-აზნაური, ორივე ადამიანებია. მაგრამ მე, ჯერე რომ, ცოლის შერთვა არ მინდა და მერე კიდევ, დედაჩემის მამის მონათლულს ხომ ქრისტიანული სჯულდების ძალით მე ცოლად ვერ შევირთავ.
- უი, მართლა, აგი აღარ გამხსენებია, - გადააფარა სიტყვას ქალბატონმა №№-მა. შემდეგ, დაუსახელა გიორგის ვიღაც ყმაწვილი ქალები და ჰკითხა: - აბა რომელი მოგწონს აგინში?
თავადმა №№-მაც თავის მხრით ვიღაც დაასახელა გიორგის საცოლოდ და უნდოდა ამის შესახებ რაღაც ლაპარაკი მოეყოლებინა, მაგრამ ამ დროს იმათ თვალწინ მოხდა ერთი შემთხვევა, რომელმაც არათუ მარტო ლაპარაკი მიატოვებია თავად №№-ს, არამედ მთელი მისი ოჯახი შიშისაგან ფეხზე დააყენა. ეს ის შემთხვევა იყო, რომ გულოს, რომელიც იმ დროს საწოლზე იჯდა, წაუვიდა გული და კარგა ხანს მიმკვდარებული იყო. “შვილო, დილას რომ ფერი აღარ ჰქონდა, მაშინ უნდა შემეტყო აგი”, - ამბობდა ტირილით გულოს დედა და იკაწრიდა ლოყებს, “არა, ბატონო, მოკლა ნამეტარმა წიგნის კითხვამ!” - იძახოდა შეშინებული დედა და ღვრიდა ცრემლებს, თავის ასულის გვერდით გაჩერებული. გიორგი და თამარა კი ფერდაკარგულნი დასტრიალებდენ თავზე მიმკვდარებულს გულოს და ასუნებინებდენ მას სხვადასხვა სასუნებელ წამლებს. დანარჩენები გოგო-ბიჭებიც კი ძლიერ სწუხდენ და ეხვეოდენ გარს თავის ყმაწვილ ქალბატონს, რომელიც მის შემდეგ, რაც გიორგი რუსეთიდან დაბრუბდა, ისე ეპყრობოდა იმათ, თითქო და არის იმათიო.
- მიშველეთ, გამაძვრეთ ტანსაცმელი და დამაწვინეთ ლოგინში, - წამოიძახა ძლივს გასაგონი ხმით უკანასკნელად გულომ.
დედამ და თამარამ საჩქაროდ გახადეს გულოს ტანსაცმელი და ჩააწვინეს ლოგინში.
VI
დადგა ივნისი, ეს საუკეთესო დრო ყანებში მუშაობისა გურიაში. მაგრამ ჯანყის მომხრეებმა იმ წელს იმდენზე აუცრუეს გურიის მუშა ხალხს გული, რომ მუშაობაზე აღარავინ ფიქრობდა. ის რაოდენიმე სიმინდის ყანებიც, რომლებიც ზოგიერთ გულშემჭირე მუშებს დაეთესათ მარტში და აპრილში, გაუმარგლელობისაგან ისე გაყვითლებულიყვენ ბალახს ქვეშ, თითქო შემოდგომის ფოთოლიაო. ვინღა დაეძებდა ყანებს! გურიის მუშა ხალხს ანუ გლეხკაცობას თოხის მაგივრად თოფისათვის მოეკიდა ხელი და ისე ღელავდა ეს მცირეოდენი ერი, როგორც შავი ზღვა ქარტეხილის დროს. ერთიღა დაწყება და წინ გაძღოლა აკლდა, რომ ამ ზღვასავით აღელვებულ ხალხს თავისი ექნა, ესე იგი ან გული დაუჯერებია მაზე, რომ ქადილისათვის ძალა არ შესწევდა და ან “ლელო” გაეტანა. ივნისის თვემ თან მოიტანა ეს დროც: ერთს დილას სოფელ №-ში გაისმა კიჟინადატანებული ძახილი: “დღეს მუხიან მერეში თავისყრაი გვაქ, ოლქა მოვა, არ დააკლტეთ, არ დააკლტეთ! ვინც დააკლტება, მის ოჯახს ცეცხლით ამობუგვენ!”
ამ ძახილთან ერთად გაისმა საყვირის უსიამოვნო, გაგრძელებული ზმუილი.
მუხიან მერეს ეძახდენ სოფელს №-ში ერთ მინდორს, რომელშიაც ერთი დიდი ფუღუროიანი მუხა იდგა. ეს მუხა ხსენებულ სოფელში იმდენზე ცნობილი და სახელგანთქმული ხე იყო, რომ იქაური მცხოვრებნი ამ მუხის ძირში მართავდენ სასოფლო თამაშობას, მოლაპარაკებას, პაემანს, მსჯელობას და სხვა საურთიერთო საქმეს. რაც უნდა გაჭირვებული სამუშავარი ჰქონოდა, ყოველი მუშა, როცა გაივლიდა ხსენებული მუხის სიახლოვეს, მაინც დაისვენებდა მის ძირში და ერთ-ორ ჩიბუხს თუთუნს მოსწევდა. როცა წვიმა მოდიოდა, ხშირად შეხვდებოდით თავშეყრილ მუშებს, გოგო-ბიჭებს რომლებიც თითქო საავდრო სადგური იყო ხსენებული მუხა, ეფარებოდენ მის ხშირფოთლებიან ტოტებს. ხშირად მომხდარა თურმე, რომ ბატონისაგან გალახული და ერთი-ორი დღით გარეთ გაგდებული გოგო ან ბიჭი ამ მუხის ძირში გაატარებდა ღამეებს. ბევრი შეყვარებულის მხურვალე კოცნაც დათესილა ამ პატივცემული მუხის ძირში. მართალია, მუხა ძლიერ დიდი ხნის იყო, წვერი წაგლეჯილი და წამხმარი ჰქონდა, ძირი-გამოფუღუროებული, ტანი ისე დაეხვრიტათ ჭიებს, რომ სხვადასხვა ბუზები თავისუფლით ბუდობდენ შიგ, მაგრამ სოფელს №-ში პატივი და სახელი მაინც არ დაჰკარგოდა მას.
აი, ამ მუხის ძირში იკრიბებოდა ხსენებულ დღეს აჯანყებული გურიის ხალხი.
მზე საშუადღეოს გადასცილდა, მაგრამ ხალხის თავშეყრა ჯერ მაინც ვერ მოთავდა; ყოველი მხრიდან თითო-ორორობით მოდიოდა კაცი. სამხრობის დროს მოისმა სიმღერა და საყვირის ხმა: ეს სხვადასხვა სოფლის ხალხი, ერთად თავწაყრილნი მოდიოდენ მუხასთან პაემანზე. სიმღერა და საყვირის ხმა თანდათან მოუახლოვდა მუხას და ბოლოს გამოჩნდენ მიკლაკნილ-მოკლაკნილი გამწკრივებული ადამიანის თავები და თოფები, რომლებიც ნელ-ნელა შემოუერთდენ მინდორზე დაბარგულ ხალხს.
- გამარჯობა! - უთხრეს მოხუცებმა არეულის ხმით დახვედრილებს.
- გაგიმარჯოს და გაგვიმარჯოს! - უპასუხეს ამ უკანასკნელებმა ეგეთივე ხმით და თან დაატანეს კითხვა:
- რეთი კაცი ხართ?
- სამი ათასი. თავადი მაჭუტაძენის და ნაკაშიძენის საყმო სოფლები არ არიან ჩვენთან, გვიღალატეს!
- ცეცხლით ამოვბუგოთ მოღალატე, ცეცხლით! - გაისმა ქუხილივით ხალხის ხმა.
სიცხის და მგზავრობისაგან მოქანცული ხალხი გაიყო გუნდ-გუნდათ და დაეშო მიწაზე; მაგრამ, რადგანაც მუხის ჩრდილი ვეღარ იტევდა იმოდენა დიდრიცხვიან ხალხს, უმეტესი ნაწილი იმათგანი ეყარა ტრიალ მინდორზე და ივნისის ცხელი მზე აცხუნებდა თავპირში. სიმღერის მაგივრად ეხლა გაისმოდა ერთმანეთში გაურჩეველი დუდუნი სიცხისაგან შეჭირვებულის ხალხისა, რომელშიაც ერიენ მცირეწლოვანი ბავშვებიც და გაჭაღარებული მოხუცებიც.
- ეგ ბებრები საიქიოს მიდიან თუ ჩვენთან? - იხუმრა ვიღაცამ, რა დაინახა, რომ რაოდენსამე ბებერს უკვე ჩასძინებოდა.
- ესენი სიკვდილის ხარჯით წამოვიყვანეთ, თუ სიკვდილი გვესტუმრება, ამ ბებრებით გაუმასპინძლდეთ, უპასუხა მეორემ ხუმრობითვე.
ამ ხუმრობაზედ გამოაჭყიტა თვალები ერთმა მოხუცთაგანმა, შეხედა ხუმარებს და დაცინვით უთხრა:
- რა გითხრა, ბიძია, იცი? მწიფეს ესროდენ და მკუხე წყდებოდაო.
მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი სიცხე საშინლად ასუსტებდა ერთად შეგროვილი ხალხის სულსა და გულს, ბესია, სიმონ №-ძე და რაოდენიმე სხვები, რომელთა შორის შესანიშნავი იყვენ გლეხები: როსტომა მეჯიხურე, პეტრია მჭედელი და თოიძე, შეუსვენებლად დადიოდენ ხალხში და აძლევდენ რაღაც დარიგებას. ივანეც ხომ თავისებურის ხელების აქეთ-იქით ქნევით ათასგვარ დარიგებას და გეგმას აძლევდა იმავე ხალხს, მაგრამ ეტყობოდა, რომ მის რჩევას ამ დროს ხალხი იმდენ ყურადღებას არ აქცევდა, რამდენსაც ბესიასა და მისი ამხანაგების რჩევა-დარიგებას. ამას ამჩნევდა თვითონ ივანეც და ბრაზი მოსდიოდა და ემუქრებოდა თავის გულში ბესიას, რომელმაც ისე ხელად აართვა ამ თავგასულ მხეც აზნაურს ხალხში გავლენიანობა.
საღამომ მოატანა, ჰაერი გაგრილდა და ხალხიც ხელახლა გაცოცხლდა; ხელახლა ამოჰკიდეს სიმღერა, დაჰკრეს საყვირი და თუმცაღა ბევრი იძლეოდა დარიგებას: “თოფის წამალს არ ეხუმროთ, ახირებულათ არ დახარჯოთ, შავი დღე კარზე გვადგიაო”, მაინც კი იმდენი გაისროლეს, რომ ჰაერს კინაღამ ცეცხლი გაუჩნდა.
“თავი მოიყარეთ, თავი, სიტყვა გვაქვს!” - გაისმა ძახილი, რა რომ ცოტაოდნათ სიმღერა და თოფის გრიალი შეჩერდა. ხალხი საჩქაროდ შემოეხვია მუხას, საიდანაც ძახილი ისმოდა და დაინახა, რომ მუხაზედ ასულა რამდენიმე კაცი, რომელთა შორის ერთი თვალსაჩინო ტოტი მუხისა ამოურჩევია ივანე X-ძეს და ასკუპებულა ზედ.
- მიყურეთ, ძმებო, - დაიწყო ივანემ ყველაზე წინ, რა რომ ხალხი საკმაოდ მოგროვდა, - ჩვენ თავკაცათ და ჯარის წინმავალთ ამბაკო შალიკაიშვილი ამევირჩიეთ; მარა დღეს თქვენც ხედავთ, ამბაკომ გვიღალატა. თუ ღალატი არ იყოს, სად არის, დღეს ჩვენთან არ უნდა იყოს? თუკი ჩვენ საქმეს დევიწყებთ და გუუძღვებით, მერე რაღათ გვჭირია იგი! ჩვენ კაცი არა ვართ თუ? ვითომ და აფიცერია, ჯარის საქმე იცისო, და იმიზა ვუდობდით თავს კალთაში. არ გაგვიხთა, მან არ გვეუმფროსა! ჯანი გავარდეს, არც ჩვენ გვინდა! კაცები ვართ სხვებიც, უმისოთაც შეგვიძლია საქმე ვქნათ, იგი თუ წახთა, გუუძღობი ჯარის საქმეს და თვითონ ჯარსაც...
- შალიკაიშვილმა რაღამც გვიღალატა, შენზე მოგვინდვია, შენზე! გვითავე, წაგვიყვანე მტერთან, ან ჩვენ და ან იგინი! შენზევეა დღეს ჩვენი წინამძღვრობა! - გაჩნდა ხალხში არეულ-დარეული ძახილი.
- მარა ამას კი გთხოვთ, რომ რაღამც გავბედე და საქმე თავზედ ვიდევი, ჩემი ნარჩევიც უნდა დეიჯეროთ. მე, ჩემი ჭკუით ასე მაქ ნაფიქრები, რომ ხვალ ავდგეთ და სოფლები დავათარეშოთ, ვიზეც ეჭვი გვაქ, სასიკვდილოთ ნუ დავზოგავთ, მათი ოჯახები გავხიბაკოთ და ჩვენ საქმეზე მევიხმაროთ. მე უნდა გითხრა, ძალიანი გულდამწვარი ვარ ზოგიერთებიდან. ამდენი კაცის ღალატი კაცმა რავა უნდა გაბედოს! ყველაზე ნამეტარი სანანელათ მაქ ერთი საქმე: ამას წინათ, საქმეს რომ ვიწყებდით, ერთმა აფხანაგმა, რაღას გიმალავთ, ბესიამ არ გაგვართვა სამართალი, ვინცხა სტავლილი კაცი ვიცი, გიორგი, და იმას რჩევა ვკითხოთო. გაგტეხივართ, ჩვენც დაუჯერეთ, წევედით და იი გიორგია, თუ ვინცხა ტრიკი, რჩევა ვკითხეთ. თურმე იი ჩვენი გიორგი დიდი ღვთის მოღალატე, ურჯულო ბრძანებულა. მაშვინ იმისთანები გვითხრა, კაღამ გადაგვრია. მარა ამას რაღას ვჩივი? აქანაი ბევრია იმისთანა კაცები, მაშვინ რომ ჩვენთან იყო და იმ ლაპარაკზე უყურა. იგინიც კი გეტყვის, რაც ურჯულობა ილაპარაკა. ერთი უბედურობა აგია, რომ ი ტრიკი გიორგი იმ დღესვე ამდგარა და ოზურგეთს, ქუთაისს, ქალაქს, სულ ყოლგან განცხადება მოუცემია რუსებისათვის, ასე აპირობენ გურიაში და მარჯვეთ დახთითო. იმ დღიდან მოწყებული თურმე, რუსები ჩვენს დაღუპვაზე ცდილობენ, ა, აგი გვიყო, ასე შეგვაცდინა ბესიამ.
- აგია დაღუპვა, აგია ოჯახის დაქცევა! ბესიამ თუ ასე მოტყუვდა, სხვაი აბა რაღაი, უფრო მოტყუვდება და დაგვღუპავს! ახლა რაღა გვეშველება! მარა აი ვინცხა გიორგია, იმის ერთი სისხლით გაგვაძღო და მერე რაც იქნება, იქნას! - გრიალებდა უთავბოლოდ ხალხი.
- ახლა, ძმებო, ერთი მეც მიყურეთ - დაიძახა თავისებური მკაფიო მამაცური ხმით ბესიამ, რომელიც სულ მაღლა, მუხის წვერზე ასულიყო, და განაგრძო: - ამბაკო შალიკაშვილს მთელი გურია იცნობთ და იგიც უნდა იცოდეთ, რომ იგი ღალატს არ იკადრებს. მარა დღეს წყეულმა ავადმყოფობამ მოგვაცილა იგი. თუ ავათმყოფობას მოურჩა, მაშვინ რავაც უსახელებია, ისე ისახელებს თავს ვაჟკაცობით. გიორგიმ გვიღალატაო, კიდევ რომ ბრძანებს ივანე, იმიზა, რომ გიორგი ჩვენი ფხარეა, ყაძახების მწუხარებას ჩივა. უნდა რამე საშველი მოგვცეს, მებატონე არ გვჭამდეს. ამის გულიზა ლანძღავს მას ივანე.
- ღმერთმა უშველოს ჩვენი შებრალებიზა! ქრისტიანი იგი ყოფილა! - დაიძახა რაოდენმამე კაცმა ხალხში.
- გვატყუებს, მოღალატეა თუ კაი იყოს, სად არის, დღეს რეიზა ჩვენთან არ არის, რეიზა არ გვასწავლის რამეს. - დაიგრიალეს დანარჩენებმა ამავე ხალხში.
- ჩვენთან, ბრიყვო, რა უნდა სტავლილ კაცს! ჩვენთან რომ მოვა, იგი აღარც სტავლილია, იმით მიხთი, - დაიწყეს როხვა, კიდევ ზოგიერთებმა.
- სტავლილი კაცი რომაა გიორგი, იმიზა ჩვენთან მოსვლა როის ეზარება, - განაგრძო ბესიამ. - კიდევაც მოვიდოდა, მარა დაი უკვდება და იმიზა ვერ მიატია მომაკვდავი დაი.
- სადაური დაია? - გესლიანად შენიშნა ივანემ. - შევიტყვე, ჩემო ბესო, ვინც ბრძანებულა შენი გიორგი: გოგოის ბუში ბრძანებულა, გოგოის! ვინ იცის, ქრისტიანის შვილია, თუ არა. თავადის ქალს რეზა ლანძღავ, გიორგის დაიაო, რომ ჩივი.
- გოგოის შვილი იყოს, თუ გინდა, კაია, სტავლილია, ნამუსიანია და კაცის მოყვარე, კიდევ და მეტი რაღაი! მიდი ახლა შენ მიეტოლე და შენისთანაი ვარ-თქვა, უთხარი, ჩვეულებრივის სწრაფი მჭრელი სიტყვა-ლაპარაკით მიაყარა ივანეს ბესიამ და შემდეგ კიდევ განაგრძო ხალხთან სიტყვა: - მარა რათ გვინდა მერე კაი, რომ მოსულიყო გიორგი? ჩვენ იმისთანაი ბრიყვები ვართ, რომ სტავლილი და ჭკუიანი კაცის ნათქვამს ყურშიაც არ შეუშობთ. ჩვენ მარტოთ ჩვენი სისხლისმსმელი მებატონეების ნათქვამი და ნაქნარი მოგვწონს და გვჯერა, სხვაი არა. ახლა მაინც აღარ ხედავთ? დღემდინ ჩვენი ბატონები გვატყუებდენ: ჩვენ ყაძახებს მტერისგან გიფარავთ და იმის სამაგიეროთ, ყაზახებმა ახლა მტერი რომ დეინახეს, მიგვატიეს. ამას ქვია პატრონობა? მერე თვითონ ჩვენმა ბატონებმა არ აგვატეხიეს ჩვენ აგი საქმე? ასეო და ისეო, იწვავდენ პირს და ახლა ქე გაგვეპარენ! ნეტაი აწი კიდევ გვეტყვიან, ჩვენ გპატრონობთ და მტერისაგან გიფარავთო! ვეღარა, შევიტყვეთ, რაც პატრონები ყოფილან, და მშვიდობით, მათო ბატონობავ! ეყოფიან, რაც აქამდი გვატყუეს და გვჭამეს! დღეს გათავდა, დეიმფხო ბატონობა!
- დეიმფხო, დეიმფხო! აღარ გვყავს ბატონი და აღარც გვინდა! - დაიგრიალა ხლხმა.
- მეტი კიდევ აგი მაქვს სათქმელი, - განაგრძო კიდევ ბესიამ, - რომ, ხვალ დილითგან მოწყებული, ჩვენ უნდა ვათარაშოთ გურია, შევჰყაროთ ყველაი ყაძახები და ბოლოს ნაჩალიკს ბრუსულოვს შეუთვალოთ, რომ გადასახადი აღარ შეგვიძლია გაძლიოთ და ისე სხვაფერ წინაამდექი არ ვართ-თქვა. თუ ბრუსულოვმა სიმტკიცის ქახალდი მოგვცეს, გადასახადი აღარ მოვითხოვოთო, იგია ჩვენი ჯარი დეიშლება, მარა ბატონთან მისვლა ვინმემ არ გაბედოს, შინ უნდა წავიდეთ. თუ ბრუსულოვმა არ დაგვეთანხმოს, მაშვინ დევეცეთ ოზურგეთს და იგი იქნება, ან მოვერევით ან მოგვერევა.
- ძმებო, ბესია მოტყუებულია იმ ურჯულო ტრიკი გიორგისაგან, - დაიწყო ივანემ, რა რომ ბესიას სიტყვა მიწყნარდა, - ბატონის წინააღმდეგობა არავინ იფიქროთ, თვარა დევიღუპებით... დიდი სისხლი მოყობა ბატონის ვარისყოფას. აგი აზრი იმიზა დათესა იმ ურჯულო გიორგიმ, რომ უნდა რამენაირათ ჩვენში განხეთქილება მოახთინოს, ჩვენ ერთმანეთს შეგვატაკოს და ამით ჩვენს მტერს ჩვენზე გაამარჯვებინოს. არ შეცთეთ, ბატონის უარისყოფა არ იფიქროთ. ჩვენ მტერს უნდა ვადინოთ სისხლი და არა ძმას!..
- არ იქნება, ივანე, ტყვილაი ნუ ჩივი, გათავდა დღეს ბატონობა! - შესძახა ხალხმა.
- დიდი სისხლი მოყობა, არ ივარგებს!
- მოჰყვეს, მოჰყვეს, ეს გვწყურია ჩვენც!
- მოიცადე, ვნახავ, რა ბიჭები ხართ! ერთი სიცხე გაჩვენონ, გულჩახეთქილი გამოიქცევით შინ, ჩაიდუდუნა ივანემ თავისთვის, შემდეგ რაღაც უჩურჩულა ყურში იქვე მის გვერდით მჯდომს თავის ბიჭს კოზიას და უკანასკნელ, რა თავის ბიჭთან ჩურჩული მოასრულა, ჩამოსძახა ხალხს:
- ძმებო, ერთი გამიგონეთ: ამდენი კაცი ჩემს და სესიას რჩევაზე ნუ წახვალთ. ყველას თავის ჭკუა აქ და თქვენით იფიქრეთ, რაც სჯობს. ბატონყმობა არც თქვენი, ყაძახების, დაწესებულია და არც ჩვენი, თავადაზნაურობის. იგი დღეს არ გაჩენილა, უხსოვარის დროიდან მომდინარეობს. ალბათ, ღვთის ბრძანებაა და ამიზა იმის უარისყოფა ღვთის უარისყოფა იქნება. თუ რომ ღვთის ბრძანება არ იყოს და ზეცას დაწესებული არ იყოს, აქამდისაც მოეღებოდა მას ბოლო. ღმერთმა ჩვენზე უფრო კარგათ იცის, რაც საჭიროა. აბა ერთი მითხარით, ამდენი კაცი ხართ აქანაი და თუ ვინმეს გინახავს ყაძახი უბატონო?
- არც გვინახავს და არც იქნება! - დაიძახა ივანეს ბიჭმა კოზიამ. - ბატონი თავია ჩვენი და უთავოდ ქვეყანაც არ ვარგა. ჩვენი მტერის სამტეროთ მოვსულვართ დღეს და ვინც საქმეზე ხელს შეგვიშლის, იგი ჩვენი მტერისაგან გამოგზავნილი ჩვენი მოღალატეა. რას ქვია ბატონის უარისყოფა! შვილსავით გამოუზრდივართ და მივაჩნივართ. ამას მტერი გვიშობა. მტერი და იმის სისხლი შევსვათ, ასე არ არის? თქვით თქვენა!
_ ნამდვილია, ნამდვილი! ბატონს არ ვერჩით. ჩვენ მტრის სისხლი გვინდა! - აჩოჩქოლდა ხალხში რამდენიმე ხმა.
- არა, ძმებო! - დაიძახა სიმონ №-ძემ თავისებური ტკბილი ხმით. არ შეცდეთ, პირველი თქვენი აზრი არ მოშალოთ. ბატონყმობა ამ ქვეყნის ჯოჯოხეთია, ბატონყმობის მოსპობა ღვთის საამურიც იქნება და ქვეყნის სასარგებლოც. მადლობა ღმერთს, ყველამ იცით, რომ მე სხვა აზნაურებზე ნაკლები ყმის პატრონი არა ვარ, მარა ჩემის მხრით ხელი ამიღია ბატონობაზე, ღმერთმა ხეირი მისცეს ჩემს შინაყმებს, მეც დედამ მშვა და იგიც. მათ თუ ვემეზობლო, მემეზობლოს, ისე მან მისთვის იცხოვროს, მე ჩემთვის. მამაჩემი თუ ვარს იტყვის, ამაზე მე თანახმა ვარ, ძალა უყავით.
- აკურთხოს შენი ენა, სიმონ! დეილოცოს შენი კაცობა! იგრიალა ხალხმა.
- ტყუილა უხთით მადლს, სიმონს თქვენთვის არაფერი შემოუწირავს. იმან დიდი ხანია, რაც თავის სისხლი, აზნაურობა, კაცობა, ნამუსი და ნათესაობა შესწირა ერთს ყაძახის კახპა გოგოს.. იმას დღეს არც აზნაურის სისხლი აქ და...
ივანეს უნდოდა კიდევ რაღაც ეთქვა, მაგრამ სიმონმა, რომელსაც გულმა ძალზე თავისი ლამაზი პირისახე ცეცხლივით აუნთო, მოიგდო თავისი ვერცხლიანი თოფი მხარზეთ და შესძახა ივანეს:
- შენ, ბერო ძაღლო ივანე, გაჩუმდი თუ არა, კვერნასავით გადმოგაგდებ ამ ხიდგან და ჩაგიკავებ იმ გველის ენას!
- აბა, თუ ბიჭი ხარ, რამეს ჰკადრებ! - გამოესარჩლა კოზია თავის ბატონს და მიუმიზნა თოფი სიმონს, რომელსაც ის იყო ხუთიოდე კაცმა ამ დროს აართვეს თოფი, დაუჭირეს ხელები და უნდოდათ დაემშვიდებიათ.
- ჩხუბზე თუა საქმე, მე თქვენ გაჩვენებთ, რაც ბიჭები ხართ! - დაიძახა ბესიამ, თვალის დახამხამებამდე გაჩნდა ხიდან ძირს. დაუმიზნა კოზიას და გულისგამხეთქი ხმით შესძახა:
- შენ, წუწკო ძაღლო, ჩამოეთრიე ძირს შენ ძაღლ ბატონთან თუ არა, ამ წამში გაგათავე ორივე!
ხალხი ბესიასაც მისცვინდა, თოფს ავართმევთო, მაგრამ ბეჭებგანიერი ვაჟკაცი ბესია ნაზი სიმონასაებრ კი არ ემორჩილებოდა მათ: ამ ვაჟკაცს ლომის ფაფარივით გადაეყარა თავისი კუპრივით შავი თმა, ისე ცეცხლივით ატრიალებდა თვალებს და ირეკდა ხალხს, თითქოს ვეფხიაო. კოზია, რომელიც ბესიაზე ნაკლებ ვაჟკაცად არ სთვლიდა თავის თავს, ჯერ ხიდან ემუქრებოდა ბესიას და უმიზნებდა თოფს, მაგრამ, ხალხმა რომ გამოუცხადა მუხაზედ მყოფთ, ყველანი ძირს ჩამოდითო, რა თქმა უნდა, სხვებთან ისიც ჩამოვიდა ძირს და დააპირა ბესიასკენ გაწევა: ხალხმა ისიც დაიჭირა ხელში. გავიდა ამ მდგომარეობაში კარგა ხანი და აშლილები არ მშვიდდებოდენ.
- რას აპირობთ თქვენ! - შესძახა ამათ უკანასკნელ გულმოსულმა ხალხმა, - ბუზები ხომ არა ვართ, რომ ამდონი კაცი აღარაფრათ ჩაგვაგდეთ! ჯერ გეხვეწებით და მერე, ხვეწნა რომ არ გავა, წაგესევით ამოდენა კაცი და სულ ნიორ-წყალათ გაქცევთ! ივანე, შენ ასტეხე, გინდა შენვე უშველე რამე, თუ არა, შენც არ დარჩები კარქა!
ამ მუქარამ შეაშინა ივანე, რომელიც უამისოთაც შეშინებული და გაფითრებული იდგა; ის მივიდა კოზიასთან და უთხრა:
- ბიჭო, კოზიავ, ხომ არ გადაირიე დღეს! გაჩუმდი ახლავე, თვარა, მამა ნუ წამიწყდება, ახლავე ამოვიღებ ხმალს და შუაზედ გაგჭრი! ამ კაცებს თუ ჩვენი რჩევა არ მოსწონს, ღმერთმა მშვიდობა მისცეს, თუ მოსწონს, შენ რა გაჩხუბებს ამიზა! ახლავე წამოდი ჩემთან!
- არა, მე რომ მაფრინდებით, რეზა ბესიას არ ეტყვით რამეს? თუ იგი გინდებიან, რომ მერე თქვათ, კოზიამ შეშინდა და იმიზა აპატივა მტერს გალანძღვაო? - უთხრა მის ახლო მყოფს ხალხს.
- რას ქვია, ძმაო, მტერი! აქანაი შენჩემობა და მტერობა რავა იქნება, ძმები ვართ ყველაი! მტერი ჩვენ სხვაი გვყავს და იმასთან გვინდა ბიჭობა, თუკი ვარგვართ. მიდი შენს ბატონთან ახლავე, თუ არა... - შესძახა ხალხმა არეული ხმით.
- კოზიავ, მოდი-მეთქინ, გიჩივი! უთხრა ივანემ.
- კაი, ახლა მიპატიებია თქვენთვის...
აქ კიდევ რაღაც თავისთვის ჩაილაპარაკა კოზიამ, წავიდა და დაჯდა თავისთვის.
- ბესიავ, ბესიავ, გვითხოვია, გვაპატივე ამდონ კაცს, ივანეც ბოდიშს იხდის, შევცდი მოწიფული კაცი, გავაკუჭეო, - სთხოვა ხალხმა ბესიას, რომელთანაც მუქარა არა სჭრიდა.
- ბესიავ, მე თუ სასიკვდილოთ არ მიმეტებ, გაჩუმდი, აწი კმარა, რაც შევაწუხეთ აი კაცები. შენი თოფიც ამეღამ მათხოვე, მე დავიკავებ, - უთხრა სიმონმა, რომელმაც ის იყო იმ ერთი წამის წინეთ მოიბრუნა გული და დამშვიდდა. ბესიამ აღარ გააწბილა სიმონ, მისცა მას თავისი თოფი და თვითონ საშინლად პირსახეზედ გაალმულებული დაჯდა მუხის ძირში.
- ხმა ღვთისა და ხმა ერისაო, იტყვიან. ღვთისაზე რა მოგახსენოთ და ერის ხმა თურმე არაფერი ყოფილა! ხედავთ, რამდენი გვანწვალა ორმა ბიჭმა! სთქვა ერთმა ყმაწვილმა კაცმა.
- აგი იმიზა, რომ ჩვენი ერი და დედაბერი ორივე ერთია, ორ კაცს მთელი დღე მივადექით და ვეხვეწეთ, მოგვასვენე, ნუ გვანწვალეფო! თუ დედაბერი არ ვიყოთ, რაღა ხვეწნა უნდოდა? ამოდენა კაცის რომ არ გეიგონა, შეგვეკრა უნდა ორივე ბაწრით და დაგვეგდო მიწაზე. იგი იქნებოდა სამართალი, - უპასუხა ყმაწვილკაცს ერთმა ყოჩაღი შეხედულების ჭაღარა კაცმა.
ამასობაში დაღამდა, დღის სიცხისაგან დაზანტებული ხალხი ღამის გრილმა ჰაერმა ისევ მოაცოცხლა. მინდორი სულ ერთიანათ გაანათეს ფიჩხის ცეცხლით; შემდეგ გამოიღეს კაბალახებიდან მჭადი და ყველი, მოიტანეს ხაპით ღვინო და გააწყვეს მწვანე ბალახზე ვახშამი. გაჩნდა სადღეგრძელო, სმა და სიმღერა. ერთ ადგილას ბესიამ და სიმონმა, რომლებსაც ბავშვობიდანვე შეწყობილი ჰქონდათ ერთმანეთთან ხმა, საამოდ შემოსძახეს იმ დროს გურიაში ახლად შემოღებული სიმღერა ჰასანბეგურა.
- იკურთხოს შენი დედის მუცელი! ბიჭი ხარ, ბესიავ, ბიჭი! ჭირში პირველი მამაცი ხარ და ლხინში პირველი მომლხენი, - გაჩნდა აქა-იქ ლაპარაკი, როცა ბესიას სიმღერის მკაფიო ხმა ზარივით გაისმა ხალხში.
- რაა, ჩემი ბიჭი იმის უარესათ მღერის თუ? უყურეთ, აბა, - სთქვა ცხვირდაშვებით ივანე X-ძემ, რომელსაც, ცოტა არ იყოს, ეწყინა ბესიას ქება.
- დიახ, იგიც კარქათ მღერის, ორივე კაი მომღერლები არიან, - უპასუხეს ზოგიერთმა პირმოთნე კაცებმა ივანეს, თუმცა კი ამათ კარგად ესმოდათ, რომ კოზიას ჩახრინწიანებული ხმა ბესიას უყალბო ზარივით ხმასთან შორს იყო.
ვახშამი დასრულდა; სიმღერაც ბევრ ალაგას მიწყნარდა და ეხლა ხალხი შეექცეოდა ზღაპრებს, ზმა-შაირებს და სხვა ამგვარებს. ზოგს კიდეც ძილი მოერია და გაიშოთა მონამიანებულ მდელოზე უთავსასთუმლოდ.
- ეე, პეტრია სალოსი, პეტრია! - დაიძახა ვიღაცამ.
ამ სახელის გაგონებაზე ყმაწვილი კაცები წამოხტენ და სიცილით გაიქცენ იქითკენ, საიდანაც ძახილი შემოესმათ. ერთ ადგილას ხალხი ძლიერ შეზღუდულიყო და ხარხარებდა. იმათ შუაში იდგა ერთი მომაღლო ტანის, გრძელთავპირიანი, ხშირი, საშინლად გაწეწილი თმით, მრუდე თვალებით, ცალი ფეხით კოჭლი, ნახევრად შიშველი, ოცდაათი თუ ოცდათხუთმეტი წლის კაცი. ეს იყო პეტრე სალოსი. გურიაში თავის დროს ბავშვებიანათ ყველა იცნობდა პეტრია სალოსს. პეტრიას არსად მიჩნეული ბინა არ ჰქონდა, ისე დადიოდა სოფელ-სოფელ, ხან ერთისას გაატარებდა ღამეს, ხან მეორისას, ხან მესამისას, - ერთი სიტყვით, სადაც წაახელებდა, მისთვის სულ ერთი იყო, ვინც შეხვდებოდა - გლეხი თუ თავადი, ყველასას ისე მივიდოდა, თითქო მასპინძელიაო. პეტრია ზაფხულიან-ზამთრიანად ნახევრად შიშველი დადიოდა; ხშირად ის არ მალავდა სხეულის იმ ნაწილს, რომელიც მორალისტების კანონთა ძალით ადამიანს უეჭველად დაფარული უნდა ჰქონდეს. ვისმე შენიშვნაზე: “პეტრია, არ გრცხვენია? სირცხვილიაო”, - პეტრია გადაიხარხარებდა და უპასუხებდა: “შენ რეზა არ გრცხვენია, რომ ცხვირი გიჩანს?” ან კიდევ, თუ ვინმე ეტყოდა: “პეტრია, მოკვდები, ამ ყინვაში რომ ასე შიშველი დადიხარო”, - პეტრია საჩქაროდ მიაგებებდა:
- რა მომკლავს? მე ღმერთმა რომ გამაჩინა, ისე ვიარები, და შენ თავი დაგიგლახებია, შენ ქერქზე სხვისიც უნდა დეიმატო, ჩემი რა ბრალია.
პეტრიას ისე ჰქონდა შეჩვეული პირი შებრუნებულ ლაპარაკზე, რომ უამისოდ ძნელად თუ როდისმე რასმე იტყოდა. მაგალითად, როცა უქმად მჯდომ ადამიანს ნახავდა პეტრია, ეტყოდა: “ამდენს ნუ იმუშავებ, თვარა გულს გატკენს”. როცა ვისმე უვარგის სიმღერას გაიგონებდა, პეტრია მიაძახებდა: “რა მოგიკვდა, რომ ტირი?” როცა ცხენოსანს შეხვდებოდა, ხმამაღლა დაიძახებდა: “აჰა, მიწის საჭმელი მგლის საჭმელს მიაქვსო” და სხ. ამგ. ამასთან, პეტრიამ საშინელი მოურიდებელი ლაპარაკიც იცოდა, ერთხელ ერთს თავმომწონე თავადის ქალს, თავისი ქმარი რომ გვერდში ეჯდა, იმ დროს უთხრა: “დიდი ჯანი გქონებია, რომ ამისთანა მოწიფულ ქმარს და კიდევ იმდენ საყვარლებს უძლებო”. დიდკაცები ხანდახან ხუმრობით მოინდომებდენ პეტრიას გაჯავრებას და ეტყოდენ: “არ გრცხვენია, პეტრია სულ უქმად ატარებ დროს? მოდი შენც იმუშავე რამე, თორემ აწი მუქთად აღარ გაჭმევთო”. პეტრია ამ სიტყვებზე გადაიხარხარებდა და უპასუხებდა: “უქმათ ყოფნა თუ სირცხვილია, თქვენ ხომ უნდა დაედნე იმ სირცხვილს და უქმათ დროსმატარებელს თუ აღარ აჭმევენ, პეტრიას უწინ თქვენ მოკვდებით სიმშილითო” ან კიდევ: “არ გაგიგონია, ქურდის ქურდი ცხონებულიაო?” ხალხში ბევრ რამეებს ამბობდენ პეტრიაზე: გეტყოდენ, რომ პეტრია ძალიან ფილოსოფოსი კაცია, მაგრამ განზრახ იქცევა გიჟივითაო, ამბობდენ, რომ პეტრიას ფრინველივით ფრენა შეუძლიაო; ამბობდენ, რომ პეტრიას ანგელოზი ეცხადება და ელაპარაკება ყველაფერსო და ვინ მოსთვლის, კიდევ რაებს არ ამბობდენ: მაგრამ ყოვლივე ეს ნაამბობი ხალხისავე ფანტაზიის ნაშობი იყო და არა ნამდვილი.
აი ასეთი კაცი იყო პეტრია სალოსი, რომელსაც ისე შემოეხვიენ აჯანყებულები და ხარხარებდენ მის ლაპარაკზე. პეტრია კი თითქო განზრახ ამ ხალხის შესაქცევად მოსულიყო, ათასგვარი სასაცილო რამეებს ამბობდა. ის უსინჯავდა ყველას თოფ-იარაღს. თუ ვისმე უვარგის თოფს უნახავდა, ეტყოდა: “აგი ყველას სჯობს; ამისთანა იარაღის ორ კაცს ეშინია”. თუ ვისმე კეტს დაუნახავდა ხელში, ჩააჩემდებოდა: “სადაური იარაღია აგი, ინგლისის? ამით მთელ რუსეთს დეიპყრობ”. “აა, ივანე, ივანე; შენ მორეკე აგი ჯოგი? მე და ჩემმა ღმერთმა, შენ მატყლსაც მეიხმარ და ტყავსაც!” - უთხრა, რა დაინახა ივანე X-ძე. შემდეგ მოკრა თვალი ბესიას და მიაძახა: - ბესო, ბესო! ბიძავ, მამაშენთან მოგეცადა, იგი ჯობდა, თვარა რუსებმა ბევრ შენისთანას მოხსნეს თავი კისერზე და შენც რომ იი ფაფარიანი თავი მოგაძრონ და ისე მარტო შიშველი ყელით მოხვიდე შინ, დედაშენის სიმღერას და ჭიანურს ვეღარ გადავურჩებით მაშვინ”.
- პეტრიავ, პეტრიავ! უთხარ ყველას, ვინც შეგხთეს, რომ ბატონყმობა აღარ არის, მოისპო-თქვა, - უთხრა პეტრიას ვიღაცამ.
- ჰა, ჰა, ჰა, ჰა! - გადაიხარხარა პეტრიამ, - ტყუილა როდის არის ნათქვამი: “გლეხიკაცი სიხარულში მოკვდებაო”. არა, მე თუ დამიჯერებთ, ასე ვეტყვი “ბატონებს წელი სტკენია და ყაძახები ტიროდენ, რომ დაიხოცონ, რაღა გვეშველება, უბატონოთ დავრჩებით”-მეთქი. სიმართლე იქნება აგი.
კარგა ხანს პეტრიას ოხუნჯობით შეექცეოდა ხალხი; შემდეგ, რა რომ ძილმა თავისი მოითხოვა, ისინი გაგორდენ აქა-იქ მიწაზე და ისეთ ტკბილ ძილს მიეცენ, თითქოს სადედოფლო ლოგინში იწვენო, მაგრამ არ გასულა მათი დაძინების შემდეგ ნახევარი საათი, რომ აღმოსავლეთიდან დღემ შემოუჭყიტა თავისი ნათელი თვალები და ღამე მის დანახვაზე შეშინებული ქურდივით გაიპარა დასავლეთისაკენ. სიმონი, რომელიც დაჩვეული იყო უძილობას, ადგა ყველაზე წინ, გააღვიძა მესაყვირე და ათი წამის განმავლობაში საყვირის ხმამ დააყენა ფეხზე სრულიად იქ მყოფი ხალხი. ბესიამ დაჰკიდა გრძელ ჭოკზე დროშათ წითელი ხელსახოცი, მისცა ერთს მამაც ამხანაგს და დაიძახა:
- მებაირაღეთ თოლიკაია. იგი წავა წინ და ჩვენ გავყობით მას, გადავიაროთ ოზურგეთის ახლო სოფლები და გავიდეთ გურიანთას. იქიდგან მერე ლანჩხუთში და ნიგოითში მივალთ და რავაც კი მთელი გურიის თემი ერთათ თავს მევიყრით, იგია ბრუსულოვს მოციქული გუუგზავნოთ, გუშინ რომ ვთქვი, ისე. თუ ჩვენი თანახმა შეიქმნას ბრუსულოვი, კაი, თუ არა, დევეცეთ ოზურგეთს თავზე და ან ჩვენი იქნება ან მისი. თანახმა ხართ?
- თანახმა ვართ, თანახმა! აგრიალდა ხალხი.
- მარა ამას აქიდგან ვჩივი: სოფლების ან მოსახლეობის აოხრება კაცმა არ იფიქროს, ამიზა რომ აოხრება ფირალური წესია და ჩვენ ფირალი როის ვართ, ქვეყანას ვუშველოთ გვინდა რამე; ჩვენ სამართლიანათ უნდა ვირჯებოდეთ. თუ სადმე სოფლებში წინააღმდეგობა შეგვიხთეს, იქინეი თავი მოწინააღმდეგე გავბაწროთ და მერე, თავი რომ აღარ ეყოლება, თემი ჩვენ შემოგვიერთდება, მიხთება, ქვეყნის საშველათ ცდილობენო და თვითონაც ეცთება. ამისაც თანახმა ხართ, ხომე?
- თანახმა ვართ. აოხრება რა სამართალია? ჩვენ ქვეყნის საპატრონოთ ავდექით, თვარა ასაოხრებლათ როის!
შეიქნა კიდევ ხალხში არეულ-დარეული ხმაურობა. შემდეგ ბესიას მიერ ამორჩეული მედროშე წავიდა წინ და ხალხიც სიმღერით და საყვირის კვრით გაჰყვა მას ზურგში.
VII
აგერ ერთი თვე სრულდება, რომ თავადი №№-ის სასახლეში გემოთი არც ბატონებს დასძინებიათ და არც მოსამსახურეებს, რადგანაც გულო იმ დღიდან მოწყებული, რაც მას გული წაუვიდა, ისე საშინლად ავად იყო, რომ მოკვდებოდა თუ დარჩებოდა, არავინ იცოდა. ექიმი, რომელიც გიორგის რჩევით რამოდენიმეჯერ მოყვანეს ოზურგეთიდან, ვერა რას საიმედოს ვერ ამბობდა გულოს ავადმყოფობაზე. თვითონ გიორგი, რომელიც ერთ წამსაც არა შორდებოდა ავათმყოფ დას, არა ნაკლებ ექიმისა შველოდა, საშინელს სასოწარკვეთილებას მისცემოდა გულოს მორჩენის შესახებ. მეტადრე ყველას ის აფიქრებდა, რომ ავადმყოფ გულოს უსაზომო სიცხე ჰქონდა. “საამქვეყნო აღარ არის, ვინ იცის, რასა და რას არ ბოდავს”, - იტყოდენ მოუშორებლად თავისი ავადმყოფი ასულის გვერდით მსხდომნი ტირილით თავადი №№-ი და მისი მეუღლე, როცა სიცხისაგან გონებადაკარგული გულო წამოროშავდა: “ვაიმე, დედავ! გილიოტინა მოაქვან! აჰა, რობესპიერი, დანტონი, მარატი. დახოცეს ქვეყანა! სისხლის ზღვაი დუღს!“ და ან კიდევ: “გიორგის ცოლს რთავენ! გიორგი ჩემია, ჩემი! მე გიორგის გარდა სხვაი ქმარი არ მინდა! გიორგი რომ წამართვან, თავს მოვიკლავ!” გიორგი კი, თითქო ყურებში სადგისს უყრიანო, ისეთ მდგომარეობაში მოდიოდა, როცა ეს გულოს მიერ ბოდვაში წამოროშვილი სიტყვები შემოესმოდა: “ჩემი და კვდება და მისი სიკვდილის მიზეზში, მგონია, თვითონ მეც მიდევს წილი!” - ფიქრობდა ის დანაღვლიანებული.
- როცა ჩემი და კარგათ იყო, მაშინაც ვატყობდი, რომ ვუყვარდი! ვუყვარდი, მაგრამ დაძმურათ კი არა!.. როგორც საქმრო, მიჯნური! ის ცეცხლით აღგზნებული თვალები, რომლებიც ხშირათ მოუპყრია ჩემთვის ჩემს დას მას შემდეგ, რაც რომ რუსეთიდან დავბრუნდი, ის ცხელ-ცხელი კოცნები, რომლებსაც ის ხშირად მიძღვნიდა მე, იმისი გადაკრული სიტყვები ტრფიალური იყო და არა დისებური! აი თვითონ იმ დღეს, როცა ავათ შეიქნა, მძინარეს მკოცნიდა! მე მგონია, იმ დღეს გული სულაც იმ მიზეზით წაუვიდა ჩემს დას, რომ ჩემმა მშობლებმა მე ცოლის შერთვა მირჩიეს! დიახ, ყველა ეგ შხამიანი საბუთები მიმტკიცებს, რომ ჩემი და შეუპყრია უბედურს და ეშმაკურს სიყვარულს ჩემდამი! მაგრამ როგორ მოხთა ეს? ჩემი და საღვთო წერილის კითხვით და ქრისტიანული სჯულის მოძღვრებით აღზარდეს მშობლებმა; არც ერთი ათეისტი არ უნახავს თავის დღეში. მაშ რა იყო მიზეზი, რომ ქრისტიანული სჯულის მიერ სასტიკათ აღკრძალული საქმის ჩადენა განიზრახა? ევროპაში, მართალია, ზოგიერთი ათეისტები სჩადიან ასეთ საქმეს, მაგრამ ჩვენში!.. მგონია არავინ მოსწროდეს! ნუთუ იმ მცირეოდენმა განვითარებამ, რომელიც ამ ბოლო დროს ჩემი ხელმძღვანელობით მიიღო ჩემმა დამ, უქცია მას გული და ეჭვის თვალით შეახედვა საღვთო სჯულზედ! ან შესაძლებელია, იმ სტუმრებში, რომლებსაც ისე ხშირათ ეპატიჟება მამაჩემი, ერია ისეთი პირი, რომ... მაგრამ ეჰ, ცრუობაა: ჯერ მშობლები არ მისცემდენ შემთხვევას, რომ სტუმარს თავისუფლად ელაპარაკნა ჩემს დასთან და მერე მამაჩემი ისეთ სტუმრებს, უსწავლელ აფიცრებს და ხელობის კაცებს პატიჟობს სტუმრათ, რომ იმათაც არც ცუდი აზრის ჩაგონება შეუძლიათ ვისთვისმე და არც კარგის. ისინი, თითქო მაშინააო, თავიანთ თანამდებობას ასრულებენ, სხვა ასი ჰკითხო, პასუხს არ გაგცემენ. მაგრამ ამისი ფიქრი რა დროსია! ეს ჩემი ფიქრი იმას ჰგავს, მახსოვს, ჩემი ძიძა ვარსკვლავისა დასცინოდა ვიღაც ქალს, შვილი რომ მოუკვდა, მას შემდეგ დადიოდა მკითხავებთან და ეხვეწებოდა, მითხარით, ჩემი შვილი, ტარიელი რით მომიკვდაო. არა, საფიქრებელი ის არის, რაგვარი შედეგი ექნება ამ ახირებულ სიყვარულს, ვინცობაა, რომ ეხლა ჩემი და სიკვდილს მოურჩეს? უფრო სარწმუნოა, რომ ჩემი და, რადგანაც თავის სიყვარულის მიზანს ვერ აღისრულებს, ან ჭკუაზე შეიშლება და ან ჭლექში ჩავარდება. რით ვუშველო ამას, რით ავაცდინო ჩემს დას ეს უბედურება, იმ შემთხვევაში, თუ ის ეხლა სიკვდილს მოურჩა! აი ეს არის ჩემი საფიქრებელი.
ხანდახან დილ-დილით გულოს სიცხე უკლებდა, სრულს ჭკუა-გონებაზე დგებოდა და ეტყოდა გიორგის:
- გიორგი, თუ სული შემრჩა, შენგან იქნება, შენს მეტი ვერ მომივლის ასე კარგა. არ მიღალატო, არ დამტიო, არსათ წახვიდე.
- არა, გულო, როგორ შეიძლება, როგორ დაგტოვებ! - უპასუხებდა გიორგი, მაგრამ აქ გაახსენდებოდა ბესია, რომელიც ამ მოკლე დროში ორჯერ-სამჯერ იყო მასთან და სთხოვა: “ამ თვეში გურიის თემი შეიყრის თავს ჩვენს სოფელში, გვიქენი სიკეთე, დაგვესწარი შენც და შენებური კაი რჩევა-გაპირება მიეცი ქვეყნას შენებური ლამაზი სიტყვებით” .
- ორ ცეცხლს შუა, რომ იტყვიან, სწორეთ ეს არის! - ჩიოდა გიორგი თავის გულში, - აქეთ ჩემი ავათმყოფი და თვალზე არ მიშორებს და იქით კი ჩვენი ქვეყნის განკითხვის დღე დგება! რა უნდა ვქნა ამ შემთხვევაში? მივატოვო მომაკვდავი ჩემი და და წავიდე ხალხში? ან რა დიდი საქმეა ერთი ადამიანის განწირვა იმოდენა ხალხის გულისთვის? მაგრამ შემიძლია კი გავუკეთო რამე იმის ფასი ჩვენს ქვეყანას ჩემის სიტყვით ან საქმით, რომ ჩემი დის სიკვდილი არარათ ჩაითვალოს იმასთან? შესაძლებელია, იმ ღამისა არ იყვეს, იმ რჩევას, რომელიც მე უნდა მივცე, ხალხი მტრულადაც შეხვდეს. მაგრამ, რაც უნდა იყვეს, მე მაინც ვალდებული ვარ ჩემი წილი სიტყვითაც აღვუსრულო ქვეყანას და საქმითაც. მაგრამ... მაგრამ აქ კიდევ და კიდევ ჩემი და მეღობება გზაზედ! არ შემიძლია, რაც გინდა გულქვა ვიყვე, რომ მომაკვდავი ჩემი და მივატოვო და გავექცე. ერთი-ორი თვის განმავლობაში ან მოკვდება გულო და ან გამომრთელდება. მანამ მეც უნდა დავრჩე მასთან, თუმცაღა ერთი-ორი თვე ამისთანა შემთხვევაში ხუმრობა არ არის; ერთი-ორი თვის განმავლობაში შესაძლებელია ჩვენს ქვეყანას თავისი დაემართოს! რა უნდა ვქნა, ვერ მომიფიქრნია! აღგზნებულ ცეცხლში ჩავარდე თუ მდუღარე წყალში?
გულოს ავად გახდომის შემდეგ ბევრჯერ მოსვლია გიორგის ასეთი მწარე ფიქრი და სწორედ ერთი ასეთი ფიქრი დილიდან ჰქონდა გიორგის, რომ თავადი №№-ის სახლში შევიდა სახუცესი აზნაური და მოახსენა ბატონებს: ჩვენი სასახლის შინაყმები სადღაც გაპარულან წუხელ ღამითო.
- რავა გაპარულან! ხომ არ გადირიე, შინაყმები სად უნდა გაპარულიყვენ! - უკიდურესად გაკვირვებულის სახით ერთად წამოიძახეს თავადმა №№-მა და მისმა მეუღლემ, რომლებმაც ეჭვითაც არ იცოდენ, რომ გურიის გლეხკაცობა იმ ნახევარი წლის განმავლობაში მოუსვენებლად ემზადებოდა აჯანყებისათვის და რომ იმ დილაზე იკრიბებოდენ იმათსავე სოფელში, მუხიან მერეში. გიორგი კი იმწამსვე მიხვდა, რაშიაც იყო საქმე და, გულაძგერებულმა, თითქო არარა იცისო, ისე დაილაპარაკა:
- ნეტა სად წასულან?
- რა მოგახსენოთ, ბატონო! გოგოებმა თქვენ, იალონზე ავდექით და აღარც ერთი არ დაგვხვთენიაო, - უპასუხა სახლთუხუცესმა.
- რას ჩივი, სად უნდა წასულიყვენ! საქმეზე იქნებიან წასული და იგია, - სთქვა თავადმა №№-მა, რომელსაც ვერ წარმოედგინა, სად შეეძლო ყმებს წასვლა, თუ არ ბატონების საქმეზე.
- ვერ გაიგონე, იალონზე აღარ იყვენო? სხომის როის იყო ნეტაი, რომ ჩვენი შინაყმები იალონზე გეიქცენ საქმეზე! იგი არა და სადილობის დროზე ეგება გარეკო დიდი ვაი-ვაგლახით, - შესწყრა ბიჭების გაპარვით გაკვირვებულ-გაბრაზებული ქალბატონი №№-ი თავის მეუღლეს. შემდეგ ადგა და დაუძახა თამარას, რომელიც ერთ საიმედო და სარწმუნო პირთაგანათ ითვლებოდა თავადი №№-ის სასახლის გოგოებში, ეს მით უმეტეს, რომ თამარა ძალადობით მიყვანილი არ იყო ამ სასახლეში, არამედ ეს ქალი მივიდა იქ თავის სურვილით მას შემდეგ, რაც მას ქმარ-შვილი დაეხოცა.
- რას მიბძანებდით, ქალბატონო? - ჩვეულებრივის თავაზიანი კილოთი დაეკითხა თამარა ქალბატონ №№-ს.
- რას ქვია, რას გიბძანებდი! რეზა არ იტყვი, გოგოვ, რა იქნენ ჩვენი შინაყმები? თავზე ხომ არავინ დაგვცემია, რომ წეეყვანოს? ჩქარა მითხარი ამის მაგიერი.
- რა მოგახსენო, ქალბატონო? წუხელის რავაც მე დავწევი, ისე დაწვენ იგინიც და დღეს აღარ დაგვხთენ. ბატონები ჯერ გაღვიძებული არ იქნებიან-მეთქი, ვიფიქრე და ამიზა სახლთუხუცესს მივაშურე და შევატყობინე აგი საქმე. მე მეტი რა შემეძლო, ან რა წყრომას მემართლებით! - სთქვა თამარამ, რომელმაც, მართალია, კარგად იცოდა, რომ გლეხები დიდი ხანია ემზადებოდენ ჯანყისთვის, გიორგისაც ერთხელ დაეკითხენ ამის შესახებ, იმ ორი-სამი დღის წინეთ ბესია რამოდენიმეჯერ იყო სასახლეში და ელაპარაკა რაღაცეები საიდუმლოთ, როგორც გიორგის, ისე თავადი №№-ის შინაყმებს და ეს უკანასკნელები ბატონების დაძინების შემდეგ ღამით წავიდენ სადღაც, მაგრამ მას (თამარას), როგორც გიორგისაგან, ისე ბესიასაგან იმთავითვე ჰქონდა საიდუმლო დარიგება, რომ არ გაემხილა არსათ არა რა ამის შესახებ.
- რას მატყუებ, გოგოვ! იმდონი კაცის წასვლას რავა ვერ შეიტყობდით!
- რას ჯავრობ, დედავ? შინაყმები თავ-თავის ოჯახში წევიდოდენ, იგინსაც აქვან ოჯახი, - უთხრა თავის დედას გულომ, რომელსაც უწინდულად სრულიად აღარ ჰქონდა სიცხე.
- უი შენს დედას, შვილო! შენ საამქვეყნიო რომ არ ხარ, აღარც საამქვეყნიოს ამბობ, - სთქვა ქალბატონმა №№-მა უიმედოთ.
- არა, დედავ, მე ამ დილას გვარიანად ვარ და იგიც კარგათ ვიცი, რასაც ვლაპარაკობ: გლეხებიც იმისთანა ადამიანები არიან, როგორიც ჩვენ და სულაც არ არიან ვალდებულნი გვემსახურონ. ისიც სულელობა იყო მათგან, რომ აქამდი ვერ მიხთენ ამას და გვემსახურებოდენ.
- რა ჭკუა ეკითხება ბურანში მყოფს! - ჩაილაპარაკა ქალბატონმა №№-მა თავისთვის და შემდეგ წყრომით უთხრა თავის ქმარს და სახლთუხუცესს.
- კაცო, რომ გაშტერებულხართ, გეიქეცით სადმე, ჰკითხეთ ცას და ქვეყანას, რა ამბავია ჩვენს თავზე.
- დიახ, დიახ, წევიდეთ, ვიკითხოთ, ქვეყანა იქცევა, თუ რა ამბავია, რომ შინაყმები ასე გადირიენ! - უთხრა თავის მოურავს თავადმა №№-მა და შემდეგ უბრძანა თამარას:
- წადი, ჩემი ხმალი მომიტანე.
თამარამ საჩქაროდ აღასრულა ბრძანება და მოართო თავის ბატონს ვერცხლით მოჭედილი ხმალი, ურომლისოდაც თავადი №№-ი ფეხსაც არ გადასდგამდა გზიდან, რადგანაც ფიქრობდა, რომ თავმომწონე თავადს გინა აზნაურს უეჭველად უნდა ეკიდოს ხმალიო.
- აბა ჰა, გავსწიოთ! - უთხრა თავის სახლთუხუცესს თავადმა №№-მა, რა რომ გადაიკიდა ხმალი. სახლთუხუცესი გაუძღვა თავის ბატონს და ორივე ერთად საშინელი გაკვირვებულ-შეშინებული სახით თვალის დახამხამებამდე მოშორდენ ეზოს.
- არ გიკვირს, გიორგი, რა ამბავია აგი ჩვენს თავზე! ქვეყანა მოგიარია და აბა ამისთანას თუ შეხვედრიხართ სადმე? - ჰკითხა ქალბატონმა №№-მა გიორგის, როცა თავადი №№-ი და სახლთუხუცესი მოშორდათ.
- გიორგისთანა სწავლულ და განათლებულ კაცს სულაც არ გაუკვირდება, დედავ, რომ ადამიანი ადამიანს პირუტყვივით არ ემსახუროს. ეს მარტო ჩვენისთანა უსწავლელებისათვის არის გასაკვირველი, დაასწრო გიორგის და უპასუხა დედას გულომ.
- აქ მართლაც რომ არაფელია, დედა, გასაკვირველი, დაიწყო გულოს შემდეგ გიორგიმ წყნარათ. - გლეხკაცებიც ადამიანებია, იმათაც თვალი, ყური, გონება აქვთ და მახვდენ, რომ უკიდურესი სისულელეა მათის მხრით, რომ მოდიან და ჩვენ, იმათებრ ადამიანებს გვემსახურებიან; უფრო გასაკვირველი, დედა, ის არის, რომ გლეხები აქამომდე ვერ მიხვდენ ამას და ჯოჯოხეთურ მონობას სწევდენ ბატონების ოჯახებში. აბა კარგა იფიქრე, დედა, გლეხები რიცხვით ხომ ათასჯერ მეტია ჩვენ ბატონებზე და მაინც კი ჩვენი ეშინიათ! განა ეგ უფრო გასკვირველი არ არის, მინამ ის, რომ ისინი დღეს მიმხვდარან იმას, რასაც აქამომდე დიდის ხნიდან უნდა მიმხვდარიყვენ?
- ოჰო, მგონია, შენც გადირიე! უბატონოთ შინაყმა როდის იქნება! ღმერთმა რომ ბატონი გააჩინა, მაშინ შინაყმაც გუუჩინა მას. ახლა იმ მამაძაღლმა ყაძახებმა რომ ჩვენი მიტოვება მოინდომონ, ხელმწიფე და კალონი აფერს ეტყვის, მათრახის ცემით არ მორეკს და არ გვამსახურებს?
გიორგიმ, თითქო განზრახ მოინდომა დედის გაჯავრებაო, უპასუხა:
- თუკი ყველა გლეხებმა ერთად პირი შეთქვეს, აღარც ხელმწიფე მოინდომებს იმათ წინააღმდეგობას და არც შესაძლებელია ამისი მონდომება, რადგანაც გლეხები, როგორც წეღან ვთქვი, ჩვენზე ბევრია.
- ბევრია, მარა მაგიერში ხელმწიფესაც ბევრი სალდათი ჰყავს.
- სალდათებიც ხომ იმავე გლეხებისაგან არიან და ჩვენვე გაგვიწევენ წინააღმდეგობას! იმათაც ხომ ძლიერ სძულს ბატონი.
- მერე კალონში სწერია აგი?
- რა ვუყოთ მერე, რომ არ სწერია? თუკი კანონ-დაწესებულება მოსაწონი და საკეთილო არ არის, გლეხკაცებს შეუძლიათ იმისი უარყოფა და შეცვლა. ჰო, დედა მძლავრი და საშიშია, როცა იმოდენა ხალხი ხმას ამოიღებს, ხელს გაანძრევს! ვაი მათ, ვისაც იმათთვის უსამართლობა რამ უყვიათ! მოჰკითხავენ ძველს და ახალს ცოდვას, მწარეთ მოანანებენ ყველა დანაშაულს.
ქალბატონი №№-ი ამ ლაპარაკმა ისე გააჯავრა, რომ ტირილს მოჰყვა.
- სიკვტილი რეზა არ სჯობდა ამის მოსწრებას! - ამბობდა ის ქვითინით. - რაღა გვეშველება უყმოთ, რამ დაგვარჩინოს საწყალი მებატონეები? ყაძახი მისთვის გაიქცევა და კალონი ვეღარაფერს აწყენსო! მეორეთ მოსვლა აგია, აბა რაღაა!
- რა გატირებს, დედავ? იფიქრე აბა, შინაყმათ რომ ვყოფილიყავით, ჩვენც ხომ ისე გევიქცეოდით?
- რას ჩივი, შვილო, რას! ჩვენ და ჩვენი შინაყმა ერთი ვართ?
- დიახ, დედა, სულ ყველა ადამიანები ვართ. შენ ერთი ეს მითხარ: მარტო ჩვენი შინაყმები წავიდენ, თუ სუყველას შინაყმები?
- რა ვიცი, შვილო, რაი! თუკი შემეტყო, წასვლას აპირებდენ, სულ ყველას ფრჩხილით დავგლეჯდი.
- რომ ემუქრები, დედა, ისინი ხომ ჩვენზე ბევრად უმრავლესია. მოგვერევიან და სულ დაგვხოცავენ.
- დაგვხოცენ და დაგვხოცონ! უშინაყმოს მაინც დაგვხოცს შიმშილი!
- რატომ უნდა მოგვშივდეს, დედა? - ჩაერია ლაპარაკში ხელახლა გიორგი, - ახლა ყმები რომ გვყვანან, იმიტომ არას ვაკეთებთ, თორემ როცა ყმები არ გვეყოლება, მაშინ თვითონ ჩვენც ძალიან ადვილად შევიძლებთ იმ საქმის გაკეთებას, რასაც დღევანდელამდე ყმები გვიკეთებდენ.
- სიკვტილი ათასჯერ მერჩია ამის მოსწრებას! დეიფსე, თვალებო, ამის ნახვამდი, უკეთესია! - წარმოსთქვა გაკაპასებულმა ქალბატონმა და უნდოდა უსიამოვნო მოლაპარაკე გიორგი კარგა შეელანძღა, მაგრამ შეეშინდა, გულომ არ იწყინოსო და ხელახლავ არ გადაიქცესო, დაადგა კბილები ენას და ისე ჩუმათ მოჰყვა ცრემლების ღვრას და ქვითინს.
- დედავ, დედავ! ლოცვაზე და პირჯვრის წერაზე რომ გიყუროს კაცმა, ეგონება დიდი ღვთიური ვინმე არისო და საშინელი შეუბრალებელი კი ხარ. რა იქნა, რომ აგერ გადაჰყვები იმ უბედური შინაყმების ჯავრობას! იქნება არსად არ წასულან, ჩვენსავე საქმეზე არიან და, თუ გინდა წავიდენ, მერე რაი...
- გაწყენს, გულო, ამდენი ლაპარაკი, ხელახლავ სიცხეს მოგცემს, - უთხრა გიორგიმ გულოს, რომელსაც პირის სიწითლეზე მართლადაც ეტყობოდა, სიცხე ისევ მოჰკიდებოდა.
გულომ გიორგის რჩევაზე, ის იყო შეწყვიტა ლაპარაკი, შებრუნდა გულაღმა და მოუხშირა სუნთქვას. გიორგი დაჯდა მის ლოგინის ახლოს, გაუსინჯა თავი და დაადო ზედ ცივ წყალში დასველებულ ტილო.
- მომეხმარეთ, ჩემი ცხენი ახლავე! - შემოიძახა თავადმა №№-მა ამ დროს და აქშენილი შევარდა სახლში.
- რა ქნილა, რა ამბავია, არ გვეტყვი, კაცო? - მოუთმენლად დაეკითხა ქმარს ქალბატონი №№-ი.
- რაღა რა ამბავია, მუხიან მერეში მთელი ყაძახების ოლქა შეყრილა და იძახიან თურმე, არც მთავრობას ვიცნობთ და არც ბატონს, ჩვენი ბატონ-მთავრობა და პატრონი ჩვენვე ვართო. ზოგიერთი თავად-აზნაურები გარევიან თურმე ყაძახებს და ყაძახების ბანი გამხთარან. ჩვენ, თვადაზნაურობა, სულ ოზურგეთში უნდა წევიდეთ, ნაჩალნიკთან. ზოგი კიდეც წასულა. ჯარი უნდა მოვაყვანიოთ და მაშვინ ნახვენ სეირს იი მამაძაღლი ყაძახები! სულ მათრახით მოდენიან თხებსავით. ხელში რომ მევიგდებ, სულ ტყავს დავაძრობ ურჩობიზა!
- ჰმ, ჰმ, ჰმ! - დაიგმინა ქალბატონმა №№-მა და მრისხანებით დაიკრა მკერდზე ხელი. - ნეტა ერთი მიმიყვანა იმ მამაძაღლ ყაზახებთან, სულ ფრჩხილებით დავღლეტ ყველას!
- ეჰე, გეიყურეთ, რავა მოიჭრა საყვირის ხმამა! ჰაი, ჰაი, რავა ეიგდეს თავი ამ უსვინდისოებმა! - წამოიძახა თავადმა №№-მა, რომელიც თავაწეული უსმენდა საყვირის ხმას, რომელიც ხანდახან გაგრძელებული ყვირილით გამოისმოდა დილის წყნარს ჰაერში.
- საყვირია იგი? ხარის კიმანი მეგონა. თამარამაც ისე მითხრა, ხარი კიმანებს საცხა და იგი მოისმისო, - თქვა ქალბატონმა №№-მა და მიდგა კარზე, რომ უფრო გაეგონა ის საზარელი ხმა, რომელიც იყო ნიშანი გლეხების კრებისა.
- მართლა ალიონიდანვე ისმოდა ეგ ხმა; მაგრამ მე ფიქრადაც არ მომსვლია დავკითხებოდი თავის თავს თუ რა ხმა იყო ეს, - სთქვა გიორგიმ, რომელსაც ბავშვობის შემდეგ აღარ გაეგონა საყვირის ხმა.
- მე არაფერი მესმის, - კვნესით წამოიძახა გულომ, რომელიც ამ დროს ისე იყო სიცხისგან შეწუხებული, რომ თითო წამზე ხან ერთ გვერდზე შებრუნდებოდა და ხან მეორეზე.
- ეს იმიტომ, რომ ნამეტარის სიცხის და ოფლის დენისაგან ახლა შენი ყურები ძლიერ დასუსტებულია, - უპასუხა ავათმყოფს გიორგიმ.
- ვაიმე, დამავიწყდა! ერთი ცხენიც კიდევ შენთვის უნდა მეიყვანონ, გიორგი, შენც უნდა წამოხვიდე ჩვენთან, სტავლილი კაცი ხარ, რუსული იცი და ნაჩალიკ ბრუსულოვს კარგათ ეტყვი ჩვენს გასაჭირს, - უთხრა თავადმა№№-მა გიორგის.
- გიორგი რომ მომშორდეს, იმ წამსვე დავლევ სულს! - უპასუხა გულომ, რომელიც თანდათან უხშირებდა კვნესას.
- აი, მამა, ხომ ხედავ, რომ გულო ერთ წამზედაც არ მიშორებს, - სთქვა გიორგიმ.
თუნდა რომ გულოს ნებაც ყოფილიყო, გიორგი არ წავიდოდა ოზურგეთში იმ მიზნით, რომ გლეხები დაებეზღებია.
- ვაჟბატონო, ახლა ვინ შეკაზმავს ამ ცხენს, მეჯინიბე რომ აღარ გვყავს? - დაიძახა სახლის წინ ამ დროს თამარამ, რომელსაც ხელში ეპყრა ერთი მსუქანი ლურჯი ფერის ცხენი.
- ოი, ღმერთი არ ახეირებს ჩემს შინაყმებს! - წამოიძახა თავადმა №№-მა და უიმედოთ დაატანა: - ახლა ვინ შემიკაზმავს ცხენს, მე ხომ თავის დღეში არ მიქნია!
- ნუ გეშინია, მამა, აი თვითონ მე დავადგამ უნაგირს ცხენზედ. რა დიდი საქმეა, - სთქვა გიორგიმ, გაიტანა მოვერცხლილი უნაგირი, დაადგა ცხენს ზურგზე, გამოუჭირა ღვედები და უთხრა თავადს №№-ს: - აი, მამა, ხომ ხედავ, როგორი ადვილი საქმე ყოფილა და შენ კი ისე შეგეშინდა. ღმერთმანი, სულ დაგლახავებული ვართ ბატონები გლეხების შეყურადებით. ასე გვგონია, თუ ჩვენს ხელს საქმე დასწვიდეს. სრულიადაც არა; ჩვენი ხელიც ისეთივე ხელია, როგორიც გლეხებისა.
- რა ვქნა, შვილო? ჩვეულება სჯულის უმტკიცესიაო, არ გაგიგონია? არ მივჩვეულვარ მუშაობას და ახლა ამ დროის კაცს აბა რაღა მიმაჩვევს? - უპასუხა თავადმა №№-მა გიორგის.
შემდეგ ერთხელ კიდევ მიაწყევლ-მიაკრულა ჯერ თავისი შინაყმები, მერე საზოგადოთ ყველა გლეხები, დააბარა თავის ჯალაბს რაღაც-რაღაც დარიგებები, მაგალითად, აი, ამგვარი: “ჭიშკრები დღიან-ღამიანა დაკეტილი იქონიეთ, მურა ძაღლი არ დააბათ, არეული ყაძახები თუ თავზე დაგეცენ, აი ჩვენი მონათლული ბიჭი, ბესიეი რომ არის, იგი ერევა შით და შეეხვეწეთ, ნუ დაგვიმხობს ოჯახს, იი ჩვენი შინაყმა რომ არის, პავლიეი, იგიც კაი ერთგული იყო ჩვენი ოჯახის, იმასაც შეეხვეწეთ და ამრიგათ იპატივეთ თავიც და ოჯახიც. გულოს გაუფრთხილდით, არ შეაბრუნოს!..” და სხვა. უკანასკნელ თავადი №№-ი შეჯდა ცხენზე, წაიყოლა თავისი სახლთუხუცესი და აზნაურები და გასწია ოზურგეთს.
- ღმერთო, რა ამბავია აგი! რას მოვესწარი! მეორეთ მოსვლაა, მგონია, ქვეყანაზე! აბა სხვაი რაღაა, რომ ყაძახები ჩივიან თურმე, ბატონი და ყმაი სულ ერთიაო! მამაჩემის და დედაჩემის ნათესაობა მეფის სასახლეში ჩავა, ისე ჩემი ქმარის და ახლა ჩემმა ყაძახმა, მოჯალაბის ქალის შვილმა უნდა მითხრას, შენ და მე ერთი სისხლი გვაქო! ქვეყნის დაქცევაა, მიწა გასკტება, ცაი ჩამოვარდება ამის თქმაზე - გაჯავრებით წუწუნებდა თავისი ქმრის წასვლის შემდეგ ქალბატონი №№-ი და თან შიშით გული ერღვეოდა, რომ მის სასახლეში, გარდა გიორგისა, აღარც ერთს მამრობითი სქესის ადამიანს ვეღარ ხედავდა.
გულო, რომელსაც იმ დღეს სიცხე იმდენზე ვერ მოერია, რომ გონება ვერ დაუკარგა, დედაზე კიდევ უფრო იყო შეშინებული: მას მოაგონდა გიორგის მიერ ნაამბობი 1793 წელს საფრანგეთში მომხდარი რევოლუცია და გულის კანკალით ლაპარაკობდა ფიქრებში: „ვაითუ ჩვენშიაც ისე დააყენონ სისხლს მორევი, როგორც საფრანგეთში 1793 წელს”. გიორგის, მართალია, არ ეშინოდა, მაგრამ ძლიერ კი სწუხდა და აყვედრიდა თავს: რატომ აჯანყებულ გლეხებთან არა ვარო. “დედაბრობაა სწორეთ, ჩემის მხრით, ასეთი ვაი-ვაგლახის დროს სახლში ჯდომა!” - თითქმის გასაგონათ წამოილაპარაკებდა ის და რა დამჯდარი ვერა სძლებდა, სწრაფი სიარულით დადიოდა ბალკონზედ. გოგოები, გარდა თამარისა, ხშირად შემოდიოდენ ქალბატონ №№-თან და ეფერებოდენ მას: “ქვეყნის დაქცევას რომ იტყვიან, ქალბატონო, აგია. შინაყმები ბატონთან არ დგებოდეს, ვის გუუგონია ამის მეტი!” თამარა კი გაჯავრებული იყო ქალბატონ №№-ზე, რადგანაც ეს უკანასკნელი იმ დილაზე გაუწყრა ამ გოგოს: “შენ იცი, სადაც წავიდენ ჩვენი ბიჭები, მარა არ ამხელო” და ამიტომ ამბობდა თავისთვის: “ახია ამისთანაებზე რაც დაემართება! ამ ბოლოს და ბოლოს სულ მთლათ შესაწვავათ მოინდომეს საცოდავი ყაძახები! მარა ღმერთმა გააგო სამართალი, აღარ შეაწვევინა საცოდავი ყაძახები! აწი მიდგენ ბატონებმა და უყარონ კაკალი. ძალით იმდონ ყაძახებს, აბა რა მიერევა? და სამართალი თუ ეტყვის ყაძახებს, ბატონს ემსახურეთო, მაშვინ... მარა ვითომ რა უჭირს, რომ ყაძახებმა არც იმ სამართლის გეიგონოს? ან ვითომ რა კაი სამართალია აგი, ადამის შვილი ანწვალოს! ამისთანა სამართალი თვითონ ბატონების გამონაგონი იქნება, სწორეთ გითხრა”. არ გასულა ამ მდგომარეობაში ერთი საათი, რომ მურა ძაღლმა და სხვა ძაღლებმა ჭიშკართან ასტეხეს საშინელი ყეფა.
- ვაიმე, აგია, თავზე დაგვეცენ! - ხმის კანკალით წამოიძახა ქალბატონმა №№-მა და პირისახე შიშისაგან გაუფითრდა.
- ვაიმე, დედავ, დაგვხოცენ! - მიატანა დედის ხმას გულომ და, მიუხედავათ იმისა, რომ ის საშინელი დასუსტებული იყო, წამოდგა ლოგინიდან.
- ნუ გეშინიათ ნუ გეშინიათ! - მიაძახა ორთავეს გიორგიმ და გავარდა გარეთ.
გიორგის გაჰყვენ თამარა და ორი-სამიოდე სხვა გოგო. ყველაზე პირველად გიორგი მივიდა ჭიშკართან და, რა დაინახა იმის გადაღმით სამი ქალი და ერთი მოხუცი კაცი, გაუღო მათ ჭიშკარი, თუმცაღა კი ვერ იცნობდა ვერც ერთს სტუმართაგანს, რომლებიც მოკრძალებით მიესალმენ მას. თამარამ და სხვა გოგოებმა მაშინვე იცნეს სტუმრები, დაუკოცნეს ორს მათგანს, ქალებს, კაბის კალთები, დანარჩენებს სიხარულით მიესალმენ და წაუძღვენ სახლში.
- ჩემო ელისაბედ, ჩემო ელისაბედ, გემდუროდი, ქალო, ჩემი გულო არ ნახა-მეთქინ და ახლა იმისთანა დროზე მოდი, რომ შევრიგდებით, - მიაძახა დანახვისთანავე ქალბატონმა №№-მა ერთ სტუმართაგანს, მაღალ-მაღალს, კარგი მოყვანილი ტანის ქალს, რომელსაც ეტყობოდა, რომ წლოვანობის საშუადღეოზე მიეღწია, მაგრამ პირისახის სიმშვენიერის ჰარმონია ჯერ მაინც არ დარღვეოდა.
- ჩემს ქვრივოხრობას ეპატიება, რძალო, რომ ამდენ ხანს გულო ვერ ვნახე. დღეს-ხვალ-მეთქინ და ქე დავრჩი ასე, - უპასუხა მასპინძელს ელისაბედმა და გადაკოცნა ის.
- ციცავ, მელანიავ, შენც მაკოცე. რამხელა შექნილხარ და მე არ ვიცოდი!
ამ სიტყვებით გადაკოცნა ქალბატონმა №№-მა ელისაბედის გვერდით მყოფი, ცამეტის, თუ თოთხმეტის წლის ცოტა მომაღლო, სხივიანი შეხედულობის, ლამაზი შავთვალწარბა ქალი. დანარჩენს ორ სტუმარს, რომლებში ერთი სამოცი წლის ქალი და მეორე ორმოცი-ორმოცდაათი წლის კაცი იყვენ, ქალბატონი №№-ი მიეალერსა ამ სიტყვებით: “გოგო, თუთა, რავა დაბერებულხარ! შენც, ჩემო ზალიკა, ძალიან გაგთეთრებია შენი ლამაზი წვერი”, მაგრამ კი არ აკოცა.
- მეორეთ მოსვლამ მოაწია, მგონია, რძალო! შინაყმები გამექცენ და გიერიენ იმ ოლქას. ახლა იმის შიშით, რომ ერთი ციცაი მყავს და იგი არაკაცმა მომტაცოს ამ არეულობის დროზე-მეთქი, აგია ჩემი ძმისას წამოვედი, - სთქვა ელისაბედმა მას შემდეგ, რა რომ გულო გადაკოცნა და დალოცა: “ღმერთმა მოგარჩინოსო”. ბოლოს დაატანა კითხვა: - ჩემი ძმაი სად არის?
- უი, რას მოვესწარით ამას, ელისაბედ! დასტურ მეორეთ მოსვლაა. შენი ძმაი და ჩვენი აზნაურები ოზურგეთს გეიქცენ ამ დილაზე, - უპასუხა ქალბატონმა №№-მა თავის მულს.
ამასობაში სტუმრებიც და მასპინძლებიც დასხდენ იმ ოთახში, რომელშიაც გულო იწვა და გააბეს ლაპარაკი. რა თქმა უნდა, რომ ამ დროს იმათი ლაპარაკის საგანი ყაძახები და მათი მოქმედება იყო. ყველაზე უფრო თამამად სტუმრებში ელისაბედი იქცეოდა, როგორც და თავადი №№-ისა. მართალია, მას შემდეგ, რაც ერთ ღარიბ აზნაურთან ღამით გაიპარა და თავისი ძმის ნებადაურთველად ცოლად მისთხოვდა სიყვარულის გამო, მისი ძმა დიდხანს ემდუროდა. მაგრამ ბოლო ჟამს, როგორც იყო, ელისაბედმა შეირიგა თავისი ძმა და გვარიანი განწყობილება ჰქონდა მასთან. თუმცაღა სულ ელისაბედივით ვერ თამამობდენ, მაგრამ არც ძალიან მორცხვობდენ ელისაბედის მხლებელი მოხუცი ქალი და კაცი - თუთა და ზალიკა. პირველი - თუთა იყო ელისაბედის გამდელი გოგო, რომელიც შერიგების შემდეგ მისცა დას თავადმა №№-მა. თუთა, როგორც გოგო, თავის დღეში არა ჰყოლიყო ქმარს. მოწიფულობის დროს ვიღაცასაგან გვირგვინს გარეშე მას ეყოლა ერთი ვაჟი, რომელსაც მარცვალაი დაარქვა, მაგრამ, რა რომ ბავშვი შვიდი-რვა წლის შეიქნა, ის მოსტაცეს დედას ყაჩაღებმა და სადღაც წაიყვანეს... საწყალი თავისი შვილის გაყიდვაში ბრალს სდებდა როგორც ელისაბედის ქმარს, ისე ბევრს სხვებსაც და იწყევლებოდა: “ღმეთო, ჩემი მარცვალას გამყიდველს თვალები დაუბნელე, ასიარულე ისე ქვეყანაზე და აძახე, თუთას ცოდვამ მიყო აგიო”, მაგრამ ამ წყევლაში აგერ თუთა მოხუცდა, სიკვდილს დაუახლოვდა და ამგვარად, დასჯილს ვერავის ხედავდა.
ზალიკას თავგადასავალი ისეთი რთული და საინტერესოა, რომ ურიგო არ იქნება მაზე ცოტა შევჩერდეთ და მოკლედ მაინც ვუამბოთ მკითხველებს. ზალიკა იყო ერთადერთი ვაჟი მდიდარი გლეხისა. მამამ შეატყო თავის ვაჟს, რომ ნიჭიერი ყმაწვილიაო, იშოვნა, როგორც იყო, ნებართვა თავის ბატონისაგან (ელისაბედის მამამთილისაგან) და ზალიკა მიაბარა მღვდელს, რომ მოემზადებია ის (ზალიკა) საღვთო წერილის კითხვაში სამღვდლოთ. თავდაპირველად საქმე კარგათ მიდიოდა: ზალიკამ (იმ დროს ზოსიმეს ეძახდენ) ისე კარგათ შეისწავლა წერილების კითხვა, რომ იმ მღვდელს, რომელთანაც სწავლობდა, არაფერში ჩამოურჩებოდა, ყველგან აქებდენ: “კარგი ნასტავლი დიაკონიაო”. ზალიკას კურთხევაც ხომ საიჭვიმიჭოთ აღარ მიაჩნდათ. მაგრამ ბოლოს კი ზალიკას საქმე უკუღმა შეტრიალდა. აი რა იყო ამის მიზეზი: როცა კურთხევის საქმე გაირიგა, ზალიკა დაინიშნა ერთი აზნაურის ლამაზ ქალზე და, ის იყო, იმ ერთი თვის განმავლობაში ჯვარი უნდა დაეწერა მასზე, მაგრამ ერთმა ყმაწვილმა აზნაურმა დაასწრო, მოიტაცა ზალიკაზე დანიშნული აზნაურის ქალი და შეირთო ცოლად. ამპარტავანმა ზალიკამ ვეღარ მოითმინა ეგ შეურაცხყოფა, დაუხვდა გზაში მის მოპირდაპირე აზნაურს, ჰკრა თოფი და მოჰკლა. გასაკვირველი არ არის, რომ ამის შემდეგ მის მიერ მოკლული აზნაურის ნათესავების შიშით ზალიკამ თავის სამშობლო სოფელში ვეღარ იცხოვრა და გავიდა ოსმალეთში, სადაც დარჩა ოცი თუ მეტი წელი. უკანასკნელ, რა ზალიკაზე ჟინის ამოყრის წადილი ყველას გაუქარდა, ერთი გავლენიანი თავადის შემწეობით ისევ დაბრუნდა სამშობლო ქვეყანაში და, რა რომ თავის მშობლები აღარ დახვდენ ცოცხლები, მივიდა თავის ბატონთან, ელისაბედის ქმართან, და იმ დროიდან დაწყებული იქ ცხოვრობდა. ელისაბედმა თავის ქმრის სიცოცხლეში ძლიერ დაიახლოვა ზალიკა და, როცა ქმარი მოუკვდა, მას შემდეგ ხომ ყველა მისი მეზობლები ამტკიცებდენ, რომ ზალიკა ელისაბედს ქმრის ადგილას ჰყავსო. რომ სთქვას კაცმა, გასაკვირველიც არ იყო ელისაბედისაგან ზალიკას შეყვარება, რადგან ზალიკა კარგი ლამაზი სხივიანი შეხედულობის კაცი იყო და ამასთან ხუმარა, მოსიმღერე, ისეთი ლამაზი და დაწყობილი ლაპარაკი იცოდა, რომ გეგონებოდათ, სიტყვა კი არა, მდინარე მოუდის პირიდანაო. აბა, სამასლაათო საგნები ხომ თავის დღეში არ გამოუწყდებოდა ზალიკას. ერთ უბრალო შემთხვევას ისეთგვარად ააფერადებდა, რომ თუნდა მთელ დღეს განუწყვეტლივ გელაპარაკებოდა იმაზე და რამდენსაც ისმენდი მის ლაპარაკს, იმდენზე მოგწყურდებოდა იმის მოსმენა. მეტადრე საინტერესო სამასლაათო საგნები შეეკრიბა ზალიკას თავის ოსმალეთში მყოფობის დროს. ერთი სიტყვით, ზალიკა იყო ისეთი კაცი, რომელსაც ადვილად შეუძლია შეაყვაროს თავი ქალს, თუკი შემთხვევა იპოვა მასთან ლაპარაკის და გაცნობისა.
ქალბატონი №№-ი, ელისაბედ, ზალიკა და თუთა ისე შეექცენ ლაპარაკს, რომ საღამომდე ადგილიდანაც არ დაძრულან. მელანია კი იჯდა გულოს ლოგინთან, თუ ვინმე რამე კითხვას მისცემდა, ორი-სამი სიტყვით გასცემდა პასუხს, დანარჩენ დროზე უმზერდა ავადმყოფ ქალს და თანაგრძნობის ნიშნად ხანდახან ცრემლები მოასველებდენ მის შავს მსხვილ-მსხვილ თვალებს. გიორგი კი ჩაფიქრებული დადიოდა აივანზე და მხოლოდ ხანდახან შემოვიდოდა სახლში, რომ გაეკეთებია გულოსთვის კომპრესი. ის ყურადღებასაც არ აქცევდა ლამაზ მელანიას, თუმცაღა კი გიორგის ადგილას რომ ზოგიერთი ყმაწვილი კაცი ყოფილიყო, ბევრ შექებას უძღვნიდა მელანიას და შეეცდებოდა იმის დაახლოვებას.
დაღამდა. თამარამ აანთო ზალაში ორი სანთელი და მიართო ქალბატონ №№-ს, მის სტუმრებს და გიორგის ჩაი პურითურთ.
- უიმე! რა უკაცრაოდ ვიყავი დღეს! - უთხრა ქალბატონმა №№-მა თავის სტუმრებს. - იქნება თქვენ უსადილო იყავით? ჩვენ დღეს აღარც სადილი გაგვხსენებია და აღარც სხვაი. იფიქრე, გიორგის დღეს ჩაიც არ უსვამს; სადილობის დროს მარტო ერთი ხაჭაპურის ყუა და ერთი სტაქანი ღვინო მიირთო და იმით გამოატარა. მაგრამ მეტი რა აწყინოს ყაძახებმა, რომ ისე ებრალება ყოველთვის!
- შენ არ მომიკტე, რძალო, უსადილო რავა ვიყავით! სადილი ვჭამეთ და ისე წამოვედით, - უპასუხა ელისაბედმა თავის ძმის ცოლს, შემდეგ შეხედა გიორგის და გადუჩურჩულა იმავე რძალს. - ეს შენი ნათესავი ჯერ კიდევ არ აპირობს წასვლას?
- არა, თვითონ ჩვენ ვერ ვუშვებთ ჯერჯერობით; ათასი საქმე გვაქ და, მან თუ არ გაგვირიგა, სხვას ვერ ვენდობით, - უპასუხა ქალბატონმა №№-მა ჩურჩულითვე.
- კაი დაგემართოს, ვისაც ამისთანა ნათესავი კი ჰყავს, იმის საქმე ყოველთვის წაღმაა, - სთქვა ელისაბედმა, რომელსაც პირველშივე ისე გააცნეს გიორგი, თითქო ის (გიორგი) ქალბატონი №№-ის ნათესავი კახელი თავადი ყოფილიყო.
- დედავ, ჩემთვისაც მოიტანეთ ერთი სტაქანი ჩაი, ერთს ვნახავ, თუ შემიძლია სმა, - სთქვა გულომ.
- შენი ჭირიმე, შვილო, შენი ჭირიმე! ერთ თვეზე მეტია, რაც ჩაი არ მიგიკარებია, არიქა, თუ მომხედოს ღმერთმა და მოიკეთო! დღეს რაცხა სულ უკეთესობას გატყობ, - სიხარულით მიაძახა დედამ თავის ქალს და საჩქაროდ მოატანია მისთვის ჩაი და პური.
გულო წამოჯდა ლოგინზე და დაიწყო ჩაის სმა, მაგრამ ნახევარი ჭიქა დალია თუ არა, გული შეუწუხდა და მიატოვა.
- აბა, ზალიკავ, ერთი შენებური ტკბილი ჩანგური გაგვაგონე, - უთხრა ჩაის მირთმევის შემდეგ ქალბატონმა №№-მა ზალიკას და მოუტანა ჩანგური. ზალიკამ მორთო ჩანგურის სიმები, ჩაუფანტურა სიმებს თავის გრძელ-გრძელი თითები და ოთახში გაისმა ტკბილი, მელოდიური ხმა ჩანგურის და დაბალი ხმით სიმღერისა.
- ჩაგიშაქრდა, ზალიკავ, იი ენა, რა მშვენიერი ჩანგური დააღიღინე, - მიეალერსა ქალბატონი №№-ი თავის მულის საყვარელს და თავზე ხელშემოდგმულმა დაუწყო მას სმენა. გულოსაც ძლიერ ესიამოვნა ეგ ხმა. მხოლოდ გიორგის კი ვერაფრად მოეწონა ის, რადგანაც რუსეთში ყოფნის დროს ყურები გადააჩვია სხვაგვარ საკრავებზე.
თითქმის შუაღამე იქნებოდა, რომ ქალბატონი №№-ის გოგოებმა გაუწყვეს თავიანთ ბატონებს და მათ სტუმრებს ვახშამი, რომელიც შესდგებოდა ერთი შემწვარი ბატის, რამდენისამე შემწვარი ქათმის, ღომის, ხაჭაპურის და ჩხავერის ღვინისაგან.
- ღმერთო, რა დროს მომასწარი! მეორეთ მოსვლა რავა არ არის იგი, რომ ჩემი მზარეული გაბატონდა და ჩემთან აღარ მოიცადა! ხორცი უნდა შეჭამო იმ მამაძაღლი ყაძახების, ხორცი! - სთქვა მრისხანედ ქალბატონმა №№-მა და მიიპატიჟა თავის სტუმრები ვახშამზე, რომელსაც სტუმრიან-მასპინძლიანად ყველანი მადიანად მისდგენ და კარგა ხანს შეექცეოდენ.
მეტადრე ზალიკა ძლიერ მიიბრუჟა თეთრი ჩხავერის ღვინით. გულო, რაც ავად შეიქმნა, მას შემდეგ საჭმელს ერთ-ორ ლუკმაზე ვეღარ გადაამეტებდა დღეში, მაგრამ იმ დღეს კი კარგა ათიოდე ლუკმა შეჭამა და თან ერთი ჭიქა ღვინო შესვა. ნავახშმევს თამარამ გაუმზადა ლოგინები ქალბატონს №№-ს, ელისაბედს და მელანიას ზალაში, რომელშიაც იწვა იმ დროს ავადმყოფი გულო, თუთას და ზალიკას მეორე ოთახში და გიორგის კი იმ ოთახში, რომელიც გიორგის ეკუთვნოდა. არ გასულა იმათ დაწოლის შემდეგ ნახევარი საათი, რომ, გარდა ავადმყოფი გულოსა, სტუმარ-მასპინძლიანად სულ ყველა ძილმა წაიყვანა თავის ქვეყანაში.
VIII
თავადი №№-ის სახლეულობა ძლიერ შიშს მიეცა, რომ აგერ მეოთხე დღე დაღამდა და თავადი №№-ი ოზურგეთიდან არ დაბრუნებულიყო. ამ შიშის მიზეზი მეტადრე ის იყო, რომ ვიღაცამ ხმა დაჰყარა: აჯანყებული გლეხები შეხვდენ გზაზე ოზურგეთში მიმავალს თავად-აზნაურებს სულ ერთიანათ დახოცეს და ახლა თურმე სულ ყველა თავად-აზნაურების ოჯახებს ცეცხლს უკიდებენო. “ღმერთო, რა დროს მოვესწარი! რაფერ გაუთაურდენ იი მამაძაღლი ყაძახები! - წუწუნებდა ქალბატონი №№-ი. - იქით იმის ჯავრი მკლავს, ვაითუ ჩემი ქმარი მოკლული აგდია-მეთქი და აქეთ იმის შიში, რომ იი მამაძაღლები ოჯახს დაგვიწვენ-მეთქი! ამას რომ გადავრჩებოდე არ მინდა, წეეთრიონ იი მამაძაღლი შინაყმები სადაც უნდა! ვითამ უიმათოთ ძაღლები დაგვჭამს თუ? დიახაც არა, ნუ გასჭირდება საქმე, თვარა ჩვენც ძაან კარქათ შეგვიძლია მუშაობა, აი ღვთის მოცემული ხელები ჩვენც კი გვაბია ტანზე!” გულო, რომელსაც ორი-სამი დღე იყო, რაც მოეკეთებია, აყვედრიდა დედას: “შენ გაუპირდი მამას ოზურგეთში წასვლა და ახლა ტირილი რაღას გვიშველის? თავდაპირველად უნდა გეფიქრებია, რომ იმდენი კაცი თუკი გაძალდა, იქ შენი მთავრობაც ვეღარას გახთება”. ელისაბედი ხან თავის ძმაზე ტიროდა, ნაღვლობდა და ხან გლეხკაცებს სწყევლიდა და ლანძღავდა. გიორგი, ზალიკა და თამარა თუმცაღა ამხნევებდენ შეშინებულებს, ნუ გეშინიათ, ტყუილია, გლეხები თავადაზნაურობას დასახოცად არ გაიმეტებდენო, მაგრამ, თავის გულში კი შესაძლებელ საქმეთ მიაჩნდათ: გლეხები თუკი შემთხვევას ნახავდენ, ამოიყრიდენ ჯავრს თავიანთ შემავიწროებელ ბატონებზეო. ქალბატონმა №№-მა იმ დღეს სადილიც და ვახშამიც განზრახ გვიან მოამზადებია თამარას, რომ იქნება ჩემმა ქმარმა მომისწროსო, მაგრამ ტყუილი იყო თავადი №№-ი არ გამოჩნდა და არა.
- რა ვიფიქროთ, გიორგი, ახლა? აპა მეოთხე დღეიც გათავდა და ამბავი არ ისმის! ხვალ მაინც ვინმე ვიშოვნოთ და გავაგზავნოთ ოზურგეთს, რომ ამბავი მოგვიტანოს, - უთხრა ნაღვლიანად თავის შვილობილს ქალბატონმა №№-მა ნავახშმევს.
- კაცის გაგზავნა აღარ შეიძლება, რადგანაც გზებზე დარაჯები იქნებიან დაყენებული და ან შეიპყრობენ ჩვენ მიერ გაგზავნილ კაცს და ან მოკვლენ.
- ღმერთო, ღმერთო! რა მომასწარი აგი! ჩემი შინაყმები, გუშინ რომ ჩემი შიშით ძრწოდენ, დღეს გზაზე აღარ გვიშობენ, აგია სამართალი! - წამოიძახა ტუჩების კვნეტით ქალბატონმა №№-მა და შემდეგ იკითხა: - მერე გზაზეც აღარ გაგიშობენ? გზების ცვაი რა ბიჭობაა?
- ეს მხოლოდ ეხლა, რომ ჩვენ გლეხების საწინააღმდეგო არა რა ვიმოქმედოთ, თორემ შემდეგ გზებიც გვექნება და სხვაც. გლეხები როცა დაინახავენ, რომ ჩვენ, იმათი ბატონები, იმათ საწინააღმდეგოს აღარას მოვქმედობთ და აღარც მათზე მეტს უფლებებს ვთხოულობთ, ესე იგი, როცა ჩვენცა და ისინიც ერთის და იმავე უფლებით ვიცხოვრებთ. მაშინ შემოგვირიგდებიან და კარგ მეზობლად გაგვიხდებიან.
- კარგიც იქნება! თავადი და მისი შინაყმა გააფხანაკდეს, ვითამდა ძმებია! იმ დღემდი ყველაი დავხოცილიყოთ! - გაბრაზებით წამოიძახა ქალბატონმა №№-მა.
მას წაესარჩლა ელისაბედ და უნდოდათ ერთი ვაი-ვაგლახი ლაპარაკი აეტეხათ ყაძახების “უთაურობის” შესახებ, მაგრამ ამ დროს შემოესმათ ძაღლების გაცხარებული ყეფა და სულ ყველას, გარდა გიორგისა და ზალიკასი შიშისაგან სიკვდილის ფერი დაედო. გიორგი გამოვარდა გარეთ და გაექანა ჭიშკრისკენ, სადაც ძაღლები ყეფდა: გიორგის გაჰყვა ზალიკაც, დანარჩენები კი ვერ ბედავდენ გარეთ თავის გამოყოფას. გულოს და მელანიას ცოტა უკლდათ, შიშისაგან გული წასვლოდათ, მაგრამ მათ ბედზე გიორგი იმ წამსვე დაბრუნდა სახლში და სთქვა:
- ნუ გეშინიათ, არაფერია! ჩვენი ბესია დაუჭრიათ და სიმონმა გვთხოვა, რომ თამარამ უექიმოსო.
- რავა დაუჭრიათ? იკითხა ქალბატონმა №№-მა.
- აი თოფით. რას მეტყვით დედა მივსცე ნება აქ მოყვანისა?
- ახია მაზე, ახი! იგიც ჩადგა ჩვენს ღალატში! - გაჯავრებით სთქვა ქალბატონმა №№-მა და შემდეგ დაუმატა: - მარა რაღა ვქნა, რომ მირონი ჩემი ქმრის მუხლზე სცხებია! მეიყვანონ.
ამ უკანასკნელი სიტყვების მოსმენის შემდეგ გიორგი ხელახლა გაბრუნდა ჭიშკართან და უთხრა სიმონს:
- დედა თანახმაა, რომ ბესია აქ მოიყვანოთ და თამარამ უექიმოს.
სიმონ, თითქო ბნელმა ღამემ გადაყლაპაო, საჩქაროდ გაქრა ამ სიტყვების შემდეგ. ქალბატონი №№-ი, გულო, ელისაბედ და მელანია წინანდელზე კიდევ უფრო შეშინდენ, რა რომ გაიგონეს: სიტყვა: “დაუჭრიათო”... ამ სიტყვებით ისინი ვითამც და მიხვდენ, რაშიაც მდგომარეობდა საქმე; ამათი სიტყვით, გლეხები დახვდერიათ გზაზე თავად-აზნაურებს და შესტაკებიანო.
- ცოტა მოვითმინოთ და, როცა ბესიას მოიყვანებენ, მაშინ იმასაც გვეტყვიან, როგორც ყოფილა საქმე, - სთქვა ბოლოს გიორგიმ და შემდეგ დაამატა: - მე დარწმუნებული ვარ, რომ მამა ცოცხალია, წინააღმდეგ შემთხვევაში ბესია აღარ მოინდომებდა აქ მოსვლას.
გიორგის სიტყვამ იქონია შეშინებულებზე გავლენა; ისინი ეხლა თითქმის დარწმუნდენ, რომ თავადი №№-ი ცოცხალიაო და გულის ძგერით მოელოდენ დაჭრილ ბესიას, რომელიც უამბობდა მათ, თუ როგორ წავიდა საქმე. ძილზე აღარც ერთი მათგანი აღარ ფიქრობდა ამ დროს, ისე რაღაც ცნობისმოყვარეობის სახის მეტყველებით ისხდენ სანთლის სინათლეში და გაიყურებოდენ გარეთ; ხანდახან ზალიკა გაიხუმრებდა რაღაცაზე და გააცინებდა ყველას; გიორგი კი დადიოდა აივანზე და ხშირად ფანჯრიდან შეხედავდა გულოს, რომელიც ნახევრად ამდგარი მიყრდნობილიყო ბალიშზე და თვალებგაშტერებით გაიყურებოდა გარეთ. გიორგის ეშინოდა ამდენმა ამაღელვებელმა ამბებმა გულო ხელახლა არ გახადოს ძლიერ ავადო. თამარა, რომელიც დაჭრილობის პირველ ექიმად ითვლებოდა იმ სოფელში, წავიდა სხვა გოგოებთან სამოახლოში. ის ოთხი-ხუთი დღე იყო გაეჯავრებიათ ბატონებს და, თუ დიდი საჭიროება არ იყო, ისე აღარ ჩერდებოდა იმათ ოთახში. გავიდა კარგა ხანი და ძაღლებმა ხელახლა შექნეს ყეფა. გიორგიმ და რაოდენმამე სხვებმა მიირბინეს ჭიშკართან და დაინახეს, რომ სიმონ შეუძღვა ეზოში რამდენსამე თოფიარაღიან კაცს, რომლებსაც მოჰქონდათ ვენახით გაკონილი ორი ხე, რომლებზედაც იდო სისხლში მოსვრილი ბესია. ქალებმა გასისხლიანებული ადამიანის დანახვაზე ერთი ჩვეულებრივად შესწივლეს, შემდეგ შემოესიენ ბესიასა და დაიწყეს გმინვა და გულზე ხელის ცემა. მელანიამ თან შიშით, თან სიბრალულით კარგა ბევრი ცრემლი დაღვარა. მას, მართალია, აქამდე თავის დღეში არ ენახა ბესია, მაგრამ ამ პირველი ნახვითაც შეატყო რომ დაჭრილი კარგი შეხედულების ვაჟკაცი უნდა იყვესო.
- მადლობელი ვარ, რომ ჩემი აფხანაკი ასე შეგებრალა, - უთხრა ყმაწვილ ქალს სიმონმა.
მელანიამ ერთი შეხედა ლამაზ-ლამაზს სიმონს, შემდეგ შერცხვა და შებრუნდა ოთახში გულოსთან, რომელთანაც ამ დროს მხოლოდ ერთი გოგოღა დარჩენილიყო, სხვა არავინ.
- რა ამბავია, მელო, ძალიან, ცუდათ არის? - ჰკითხა გულომ.
- სისხლში ამოსვრილია ერთიანათ! ღმერთო, რა კაი ბიჭი ყოფილა და რა კაი აფხანაკი ყოლია!
- ოო, მელო, კარგათ რომ იყო, მაშვინ რომ გენახა ბესიეი, რაღას იტყოდი! ჩვენ ქვეყანაში იმისთანა ვაჟკაცი არ იყო.
- მადლობა ღმერთს, გვარიანი კაი ამბავია, - შეილაპარაკა ამ დროს ოთახში ქალბატონმა №№-მა, რომელსაც შეჰყვა ელისაბედი.
- რა ამბავი, დედა? - ჰკითხა გულომ.
- მამაშენი ცოცხალი უნდა იყოს, ისე ჩივიან. ყაძახებს მარტო ნაკაშიძეებთან ქონებიათ შეტაკება, ნაკაშიძენს დაუძლევია და გაუქცევია ყველაი.
- მართლა? მადლობა ღმერთს, რომ მამა ცოცხალია! ბესიას რა უყავით?
- ყრუ სამოახლოში წეიყვანეს, არ უნდა მორჩეს, ისე გლახათ არის.
- რატომ ოთახში არ დააწვინეთ დედავ? ყრუ სამოახლოში რა გააძლებიებს!
- რა ყაძახის საქმეა საბატონო ოთახში წოლა! - გაუმტყუნა ელისაბედმა თავის ძმისწულს და მერე დაუმატა: - იგი არა და კიდევ კაი გულის არის ჩემი რძალი, თუ არა სულ არ უნდა მოეკარებია იი ყაძახი! კაი რამე საქმეზე იყო თუ!
- უი, შენ რა იცი, ბესიას რეთი პატივი უცია ჩვენი ოჯახისთვის!
- გულო, მე ცოტა ხანს კიდევ დავრჩები ბესიასთან, - შემოსძახა გიორგიმ, - შენებურათ გაუფრთხილდი, არ გაიშიშვლო, თორემ ხელახლავ გაცივდები.
თამარამ გახადა ბესიას გასისხლიანებული ტანსაცმელი, ნიფხავ-პერანგს გარდა, და უთხრა:
- აბა მოაშიშვლე იმ ალაგას, სადაც გაქ დაკოდილი.
ბესიამ გაიხსნა საცვალი და მოიშიშვლა ის ადგილი თავის სხეულისა, სადაც ბარძაყი უერთდება თეძოს, ესე იგი, ის ადგილი, რომელიც მისთვის დაეჭრა ტყვიას.
- ვაი, ვაი! რავა გასივებია და გაშავებია! - დაიძახა სიმონმა, რა დახედა ბესიას წყლულზე, სადაც მართლა საშინლად იყო ხორცი დაგლეჯილი, გაშავებული და გასიებული.
- ტყვია აღარ არის შით, - სთქვა თამარამ როცა გასინჯა წყლული წინდის ჩხირით.
- არა, აღარ არის, მეორე კედრით გავარდა, - უპასუხა ტუჩების კვნეტით ბესიამ, რომელიც ამ დროს ცდილობდა დაეფარა ხელებით და პერანგის კალთით ის ნაწილი სხეულისა, რომლის გამოჩენა ძლიერ სირცხვილად ითვლება ზნეობათა მოძღვრების კანონის ძალით.
- ნეტა რა არის, რომ ასე ვუფრთხილდებით და ვმალავთ იმ ერთ ასოს? - ჰკითხა სიცილით ზალიკამ გიორგის.
- ჩვეულება, მეტი არაფელი. აი რა გითხრა: აფრიკაში არის ერთი ხალხი, რომელიც ისე ფარავს და იმოსავს ცხვირის და პირის ნახვრეტებს, როგორც ჩვენში ქალები სამშობიარო ორგანოს, - უპასუხა გიორგიმ. შემდეგ მიუბრუნდა თამარას და უთხრა:
- თამარ, ჯერ მოჰბანე და შემდეგ მალამო დაადე.
- დიახ, ჯერ მოვბან თბილი წყლით, ამეღამ საშუშებელ ბალახ-წამლებს დავადობ და ხვალ იმას ევიღებ და მალამოს დავადობ.
როცა ბესიას წყლული მოჰბანეს და შეუხვიეს, გიორგიმ მოატანა თავისი ახალი სუფთა, თეთრი პერანგი და პერანგის ამხანაგი და ჩააცო ბესიას.
- აბა, ახლა გვიამბე, სიმონ, რავა იყო საქმე? - ჰკითხა ზალიკამ სიმონს, როცა სხვა საქმეს მორჩენ.
- რაღა რავა იყო! - დაიწყო სიმონმა თავისებური ტკბილი და წყნარი ხმით. - უწინ და უწინ ჩვენი საქმე კარგად მივიდოდა, სადაც კი მივედით სოფლებში, ყველაი მოგვემფხრო. გუშინწინ ოზურგეთს გვერდი ჩაუარეთ, დავემუქრეთ რუსებს, ძაან ჯარი ჩთა იქინეიც, მარა ხმაი არ გუუციენ. მერე გავსწიეთ გურიანთას, თავადი ნაკაშიძენის მამულში; ახლო რომ მივაწიეთ, ნაკაშიძენმა მოგვაგებეს კაცი, ნუ მოხვალთ თვარა თოფი უნდა გესროლოთო, შემოეთვალათ. ჩვენ კუჭი მევიყვანეთ, რავა გაგვიბედა ამდონ კაცს დამუქრებაო და მოციქული უკან გავაქციეთ. მერე სკურდუბის წყალთან რომ მივაწიეთ, გამოვარდა თოფები და ბარე ხუთი-ექვსი წეიქცა ჩვენკენ! თურმე ნაკაშიძენი ჩაგვესაფრენ და თოფები იგინმა გვესროლეს.
- ნუ გეშინია, ბიჭებო, გასწით წინ და მტერი გეიქცევავო, - დასძახა ბესიამ ჩვენს ჯარს და გაუძღვა. მარა ამ დროს ვინცხამ ჩვენივე აფხანაკთაგანმა უცფათაი მოარტყა ბესიას ტყვია და დასცა ძირს. ბესიეი რომ წაქცეული დეინახეს, ჩვენებს გული წუუხთა; ამასობაში ვინცხამ დეიძახა: მოვიდენ უკანიდან რუსები და დაგვხოცეს, თავს ვუშველოთო. ამ ხმაზე ჩვენი ჯარი გაიპნა, ვინ განზე მირბოდა, ვინ უკან და ვინ სად, ვეღარ გეიგებდი. სხვაი რომ ყველაი გეიქცა, მე და ათმა ბიჭმა მივარდით ბესიას, ავიღეთ და გავსწიეთ ტყეში. შუაგულ ტყეში მოგვეწია ღამე; სხვაი რაღა უნდა გვექნა? დავანთეთ ცეცხლი, დავაწვინეთ ბესიე მიწაზე და დავადექით მცველებათ. მარა ძაან შიში კი ვჭამეთ, იმისთანა ცუდათ შეიქნა აი კაცი! მთელ ღამეს სულ წყალს სვამდა.
- ეს იმიტომ, რომ დაჭრილს ხშირათ სიცხე მიეცემა. ბესიასაც სიცხე ჰქონია, - სთქვა გიორგიმ.
- იგი რა ვიცი მე, ძაან კი სვა წყალი და! - განაგრძო სიმონმა. - იალონზე, რავაც კი დღის სინათლემ ამოყო თავი, დავადევით ბესიეი ხეებზე, გავიგდეთ ფხარზე და გამოვსწიეთ. რუსები არ შეგვხთენო, იმის შიშით გზაზე გამოსვლას ვერ ვბედავდით, სულ ტყეტყე მოვდიოდით. მოაწია საღამო და მივაწიეთ ჩვენც ბესიეისას. საცოდავი მისი დედ-მამა ჩვენს მისვლამდი თმებს იგლეჯდენ თურმე, ბესიეი კვტარი ეგონენ. ცოცხალი რომ ნახეს, ისინი სიხარულით ცაზე ხელს არებდენ. ახლა ბესიეი რომ აქანაი მოგვყავდა, ერთი ჩვენი ნააფხანაკარი ვნახეთ და იმან გვითხრა, რომ თურმე ჩვენი ჯარი წუხელის სულ ცალ-ცალკე დაბნეულა და სადაც შეხთენიან, ერთს მეორე გაუცარცავს.
- აი, ამიტომაც არის უსწავლელი ხალხის საქმე ცუდათ. წარმოიდგინე, თავის მტერს ვერა რა დააკლეს, ერთმანეთს დაუწყეს ძარცვა! - სთქვა გიორგიმ.
- რა გეემტყუნება, ძარცვა-ღლეტის მეტი რა უნახავს? ბატონი იმითი ცხოვრობს ჩვენში და მოურავი, - სთქვა ზალიკამ სარკაზმულად.
- იგი კაცი, რომ დეიძახა რუსები მოვა, დაგვხოცესო, - განაგრძო კიდევ სიმონმა, - თურმე ვინცხა ყაძახი ყოფილა, გვარათ ჯიჯიეიშვილი. ჩვენი ჯარი რომ დეიფანტა, თურმე იი ჯიჯიეიშვილი გეიქცა და მივიდა ოზურგეთს ნაჩალიკთან, მიულოცა გამარჯვება და უთხრა: ჯარი მე განზრახ შევაშინე თქვენი ერთგულობის გულიზა და სამაგიეროთ წყალობა მიყავითო. ნაჩალიკს სიმართლე არ ჰგონებია თურმე აგი, დაუჭირავს ჩვენი მოღალატე ჯიჯიეიშვილი და სატუსაღოში ჩაუგდია.
- წავხდით, თუ არა ჩვენ უნდა მოგვეკლა იგი. უნამუსომ დააქცია ჩვენი საქმე! - სთქვა ბესიამ, რომელსაც ტუჩების კვნეტაზე ეტყობოდა, რომ ძლიერ სტკიოდა ჭრილობა.
- ნეტაი ჩვენი შინაყმები სად არიან? - იკითხა თამარამ.
- სადაც არიან, ხვალ თუ ზეგ ყველანი აქანაი გეყოლება, მეტი გზაი არ აქვან, - უპასუხა სიმონმა.
- ჰმ! ბატონო, რას გააწყობს ჩვენი კაცი რუსებთან! ჯარი იგინს ჰყავს და თოფ-იარაღი იგინს აქვან, - სთქვა ზალიკამ, რომელმაც ამ დროს, ის იყო, გაანება თუთუნის წევას თავი და დაიწყო: ან რომ თქვას კაცმა, რას ვერჩით რუსებს? ვითომ მათ მოსვლამდე უკეთესად იყო ყაძახების საქმე თუ? ბიძია, თქვენ რა იცით, ჯერ ბალღები ხართ. მე რაც წამიკითხავს, გამიგონია, და მინახავს, ყაძახები არას დროს არ ყოფილა კაი ცხოვრებაში. უწინ ჩვენი მეფეები და ერისთავები მუდამ ერთმანეთს ემტერებოდენ და ეჩხუბებოდენ და იმით ამხობდენ ყაძახების ოჯახს. მერე ჩვენმა მეფეებმა და ერისთავებმა ერთმანეთში ჩხუბებით ყაძახების ყოფაცხოვრება ხომ სულ დააქციეს, და თვითონაც თავის თავი დაანელეს. გამოჩთა ვინცხა მოსკოვის მეფე. ქართლის მეფემ, გიორგიმ, ამ მოსკოვის მეფეს მიაბარა თავის სამეფო. მაშინ ჩვენმა გურიელმა მამიამ, მოიხმო ჯუმათელი და დაბალი ბერი და ჰკითხა, თუ გაგიგონიან, რავარი კაცებია მოსკოველებიო. დაბალი ბერი ძალიან ნასტავლი კაცი იყო და საჩქაროთ მისცა გურიელს პასუხი, რომ ანდრია სალოსის წიგნში სწერიაო: არის ჩრდილოისა ქვეყანასა შინა კაცნი წითურნი, რომელთაც ეწოდების რუსი და იმან დაიპყრას მრავალი ქვეყანაო. ქრისტიანია თუ არაო, ჰკითხა გურიელმა. რუსი წერებულ არს სარკინოზათ, ხოლო ახლა ქრისტიანობას აღიარებენო, უპასუხა დაბალმა ბერმა. ჩვენი ქვეყანა რომ ჩავაბაროთ იმ რუსს, კაი იქნება თუ არაო, ჰკითხა კიდევ გურიელმა. შენ თუ გინდა, ნუ ჩააბარებ, მაინც ჩეიგდებს ხელშიო, უპასუხა კიდევ ბერმა. აგი ბერი ჩვენი ქვეყნის წინასწარმეტყველია, მისი უნდა დევიჯეროვო, თქვა თურმე მაშვინ გურიელმა და გააგზავნა კაცი ტფილისის ქალაქს რუსის ჯარის უფროსთან და სთხოვა, გამირიგეთ საქმე თქვენს მეფესთან და ჩემი ქვეყანა მიაღებიეთ მის მფარველობაშიო.
- მგონია, ბესიას წამალმა დუუამა სატკივარი, - სთქვა თამარამ, რა დაინახა, რომ ბესიას დაეძინა.
- აი, ღმერთო! აგი მორჩებოდეს, თვარა სხვაი რაღა მინდა! - სთქვა სიმონმა.
- რატომ გაგტეხიათ გული? ამისი ჭრილობა ისე ძნელი არ არის, რომ მოკლას, - უთხრა სიმონს გიორგიმ.
- რა ვიცი, მეშინია, კაცი ძმებზე უფრო მიყვარს და უპატრონობით არ ჩამიკვტეს ხელში-მეთქი, - უპასუხა სიმონმა.
- დიახ, იმას მოგახსენებდით, - განაგრძო ზალიკამ, - გურიელმა ისე შეუთვალა რუსის ჯარის უფროსს. იმანაც გუურიგა საქმე და რუსის მეფემ გამოუგზავნა გურიელს ჩინი, ხმალი და გრამოტა. იმ გრამოტის თარგმანი, ჯუმათში რომ ვიყავი დიაკვნათ, მაშინ ვნახე. გადმოვიწერე და ზეპირათაც დავისტავლე. თუ გნებავს, მოგახსენებთ.
- ძალიან კარგი, ბრძანეთ, - უთხრა გიორგიმ.
- თარგმანი ასე გახლდა, - დაიწყო ზალიკამ: - გურიის სამთავროისა მპყრობელს, ჩვენს ქვეშევრდომს, მექონს წმინდის ანასი პირველი კლასისა, პოლკოვნიკს და კავალერს, თავადს მამია გურიელს ჩვენი იმპერატორებითი მოწყალება. ვუწყით რა უგულითადესი ერთგულება თქვენი ჩვენდამი და ჩვენის უმაღლესის ტახტისადმი, სრულსა ვჰყოფთ წადილსა თქვენსა მოხსენებულსა ჩვენს სახელზე წარმოგზავნილს თქვენსა თხოვნასა შინა, გამტკიცებ და გცნობ მემკვიდრეთ და მთავრათ გურიის სამთავროისა, რომელიც აწ იქნების ქვეშევრდომობასა და მფარველობასა ქვეშე მაღლის რუსეთის სახელმწიფოებისა. აწ ხართ თქვენ მაღალსა სახლეულობისა ჩვენისა რიცხვთა შორის, ხოლო გურიის სამთავროისა ერი რიცხვთა შორის ჩვენის ქვეშევრდომისა. აღგითქვამთ თქვენ და თქვენს მემკვიდრეთა ჩვენს იმპერატორებითს მოწყალებას. თქვენ მიერ ხელმოწერილ თხოვნასა, რომელსა ზედა არს რუსული თარგმანი სიტყვითი სიტყვათ, შეწყნარებულსა ვყოფ და ვამტკიცებ საუკუნოთ უცვლელი სიტყვითა, ვითარცა ჩვენ მიერ, აგრეთვე ჩვენი მაღალი შთამომავლობის მაგიერათაც, სარწმუნო ყოფისათვის თქვენის მთავრობითი ღირსებისა, გიბოძებ თქვენ ხმალსა და დროშასა ღერბითა სრულიათ რუსეთისათა, რომელიც ჯერ არს ინახებოდეს სახლსა თქვენსა შინა, ხოლო მემკვიდრეთა თქვენის ღირსებისათა ებრძანების, რათა სიმტკიცისათვის გამოითხოვონ ჩვენ მიერ უმაღლესი გრამოტა, რომელიც მზგავსად ამისა მათაც კვალათ ებოძების ჩვენის იმპერატორებითი ნებითა. აწ მოგანდობ, რათა სიშვიდითა და მართლმსაჯულებითა მართოთ გურიის სამთავროისა ერი. ვუწყით და გვრწამს, რომ თქვენ და მემკვიდრენი თქვენნი სრულ ჰყოფთ და იქნებით მტკიცე ერთგული ჩვენის იმპერატორებითი სახლეულობისა და რუსეთის სახელმწიფოის ტახტისა. დარწმუნებული ამაზედა, ძეგლათ ჩემი იმპერატორებითი მოწყალებისა თქვენ და თქვენს ქვეშევრდომს გურიის ერს გაძლევ ამა იმპერატორებითს გრამოტას, რომელსა ზედა მოწერილ არს საკუთარი ხელი ჩვენი და დასმულ არს სახელმწიფო ბეჭედი. სატახტოსა ქალაქსა წმინდის პეტრესი. რიცხვსა თებერვლისა რვასა, წელსა ქრისტეს აქეთ ათას რვაას თერთმეტსა, ხოლო ჩვენი გახელმწიფებიდან წელსა მეთერთმეტესა. ალექსანდრე პირველი. დაწერასა სიმართლითა ვამტკიცებ გრაფი რუმიანცევი.
- გასაოცარი ზეპირობის ნიჭი გქონია! ასე გეგონებოდათ, წიგნი უჭირავს ხელში და იმისაგან კითხულობსო, ისე აასხით ლაპარაკი, - უთხრა გიორგიმ ზალიკას, როცა ამ უკანასკნელმა დაასრულა ლაპარაკი, რომლის დროს ერთხელაც არ შეფორხებულა და არ ჩაუხველებია.
ძაან ჩააგრიგალა. ლოცულობსო, გეგონებოდა კაცს, - მოუწონა თავის მხრით სიმონმაც, რომელსაც ნახევრადაც არ გაეგებოდა ზალიკას მიერ მოთხრობილის აზრი.
- ძალიანი ლოცვა იყო, - მინელებულის ხმით ჩაილაპარაკა თამარამ, რომელსაც ზალიკას ლაპარაკის დროს მუდამ სთვლემდა და ლაპარაკი ლოცვისაებრ ესმოდა.
- დიახ, ასე გახლდათ, - განაგრძო ზალიკამ, - მერე რუსმა რომ ჩვენი ქვეყანა დეიკავა ხელში, მამია გურიელის შვილი, დავით, რუსის სამსახურში შევიდა, მარა დიდი ხანი აღარ დაყონია, - მოკვტა. მაშვინ რომ გეკითხა, გეტყოდენ, რომ მოწამლეს და იმიზა მოკვტაო. მარა ვინ იცის? მას დღეს მოღმა რუსია ჩვენი ქვეყნის პატრონი. ახლა ყაძახები რა სამდურავს ემართლებიან, უნდა გითხრა, არ ვიცი. ჩვენი მეფის, გინდა გურიელის ხელში რომ ყოფილიყო, აწი ოცჯელ მოაოხრებდენ მათ ოჯახს, რუსის ხელში ფრჩხილიც არ წაუტეხიან. რაიო და გადასახადი დაგვაწერაო! ხელმწიფეს და ბატონს გადასახადი უნდა მისცენ, აგიც არ იციან!
- რაც გინდა თქვი, ზალიკავ, ვაის გავეყარე და ვუის შევეყარეო, რომ იტყვიან, ისე გვჭირს. არც უწინ ყოფილა ჩვენი საქმე კარქა და არც ახლა არის, - სთქვა სიმონმა უიმედო კილოთი.
- მართალს ამბობს ზაალი: ჩვენი ქვეყნის გლეხკაცობა ეხლა უკეთეს მდგომარეობაშია, მინამ წინეთ, მეფეების ხელში ყოფილან. ისე ნამდვილი გაუმჯობესობა გლეხკაცობის მდგომარეობისა მხოლოდ მაშინ იქნება, როდესაც ბატონყმობა მოისპობა. მაგრამ ამასთან ესეც უნდა ვთქვა, რომ მონობის მოსპობაზე თვითონ გლეხკაცობამ უნდა ამოიღოს ხმა, რადგანაც აგეთი დიდი ცვლილების მოხთენა თვითონ ერს ეკუთვნის სამოქმედოთ და არა მეფეს, გინდა ხელმწიფეს, - სთქვა გიორგიმ, შემდეგ დახედა საათს და დაამატა: - ოთხი საათიღა დარჩენილა გათენებამდის. მე ეხლა წავალ და დავწვები. ბესიას, თამარო, იმედია, კარგა მოუვლით.
ამ სიტყვების შემდეგ გიორგი ადგა და წასვლა დააპირა, მაგრამ ამ დროს შეხედა სიმონს და უთხრა:
- თქვენ, სიმონ, წამოდით და ჩემს ოთახში დაწევით.
- მადლობელი ვარ, მე ამეღამ ბესიას ვერ დავტოვებ, - უპასუხა სიმონმა და მოკრძალების ნიშნათ დაბლათ მოღუნა თავი.
- აბა, თამარო, კარგი ლოგინი დაუგე სიმონს. ღამე მშვიდობისა, - დაატანა გიორგიმ და წავიდა თავის ოთახში. გიორგის გაყვა ზალიკაც. თამარამ გაუწყო სიმონს ლოგინი, შემდეგ გაანძრია ხელით მძინარე ბესია, გააღვიძა და ჰკითხა:
- რავა ხარ? პაწია არ გიამა?
- უწინდულა აღარ მძგერს ნატყვიარში. გულმაც უფრო იღიმა, - უპასუხა ბესიამ და მოინდომა თვალების დახუჭვა, მაგრა თამარამ კიდევ მისცა კითხვა:
- საჭმელი ხომ არ გინდა?
- არა, - უპასუხა ბესიამ და ჩაიძინა.
- აპა აწი იძინე, შენთან ამეღამ სიმონ იცდის.
ამის შემდეგ თამარამ დააბარა სიმონს, სანთელი ამეღამ სულ ანთებული იყოსო და წავიდა დასაძინებლად. სიმონი კარგა ნახევარ საათს კიდევ იჯდა თამარას წასვლის შემდეგ, მაგრამ, რა რომ ძილმა თავისი მოსთხოვა, ისიც დაწვა.
IX
ჭრილობისაგან ავადმყოფი ბესია ერთი თვე დარჩა თავადი №№-ის სასახლეში. აქ მას ყველანი, დიდიდან პატარამდე, პატივით ეპყრობოდენ, განსაკუთრებით - გულო, რომელიც ამ დროს, ის იყო, თითქმის მორჩა ავათმყოფობისაგან, და გიორგი. ყოველდღე ორ სამხელ მაინც შედიოდენ და შეაქცევდენ მას სხვადასხვა ამბებით. ელისაბედი და მელანიაც - ისინი თავადთან დარჩენ საზაფხულოდ - ხომ ძლიერ დაუახლოვდენ ბესიას. მელანიას ყოველდღე შექონდა ბესიასთან თავადი №№-ის და მისი ცოლ-შვილის გაგზავნილი ჩაი, ყავა, ხილი და სხვა. ბესია ისე დაეჩვია მის მზერას და ლაპარაკს, რომ ძლიერ მოეწყინებოდა, როცა მელანია ნახვას დაუგვიანებდა. რომ დიდხანს გაეჩრებია მელანია თავისთან, ბესია დაუწყებდა მელანიას ათას რამეებზე გამოკითხვას; ხან კიდე ჩანგურსაც დააკვრევიებდა. მეტადრე ერთ დღეს მელანია და ბესია ძლიერ გაუმასლაათდენ ერთმანეთს.
- მელო, ძალიან ტკბილი ჩანგური იცი, სად ისწავლე ამისთანა ხმები? - ამით დაიწყო იმ დღეს ბესიამ მელანიასთან მასლაათი.
- მე სად ვიცი კაი ჩანგური! - მორცხვად უპასუხა მელანიამ და შემდეგ ხარბის კილოთი დაატანა: - ჩანგური და მღერა შენმა დამ რომ იცის, იმას ქვია. დედა, დედა, რა ქალია შენი დაი! შენი დედ-მამა აქანაი რომ მოვიდენ და შენ გნახეს, მე მაშინ გევიცანი შენი დაი. უწინ დანახვაზე ვინმე თავადის ქალი მეგონა. მერე რომ მითხრეს, ბესიას დაიაო, ვიფიქრე, ბესიაც კაი ბიჭია, მარა დაიც კაი ყოლია-მეთქინ.
- ვინ მოგატყუა, მელო, რომ ვითომც და მე კაი ბიჭი ვიყო? ისე ჩემი დის კარგა მოხსენებისთვის მადლობელი ვარ. მარა ერთი აგიც გამკვირვებია: შენ რომ ლამაზი ხარ, სხვას რაღაიზა აქებ?
- მე არც ლამაზი ვარ და არც რამე. შენისთანა კაი ბიჭის დაი რომ ვყოფილიყავი, მაშინ...
- ახლა არ გკითხე, ვინ გითხრა, რომ ვითამც და მე კაი ვიყო?
- რა თხრობა მინდოდა, მე თვალი არ მაქ თუ?
- ამ საქმეში შეუცთენიხარ, მე აბა რა კაი ბიჭი ვარ? ახლა ერთი აგი მითხარი: შენ არ გყავს ძმაი?
- მე დედის მეტი, არც მამა მყავს, არც დაი და არც ძმაი.
- აბა ვინ პატრონობს თქვენ ოჯახს?
- ჩვენს ოჯახში უფროსი დედაჩემი და ზალიკაია.
- ზალიკაი შენი ბიძაა თუ?
- არა, მამა რომ მომიკვდა, დედაჩემმა ზალიკას ჩააბარა ჩვენი ოჯახი და მას მერე არის.
- ოო, ძალიან კაი საქმეა, - სთქვა ბესიამ და გაიღიმა თავისი თხელ-თხელი ლალივით წითელი ტუჩებით, რომელთა შორის გამოუჩნდენ სუფთა, თოვლივით თეთრი ლამაზი კბილები. მელანია ვერ მიხვდა ბესიას გაღიმების აზრს და ჰკითხა:
- რას იცინი, ვითომ ზალიკაი ცუდი კაცია თუ?
- არა, იმას არ ვიცინი. ახლა იგი მითხარი: შინაყმები და გოგოები ხომ გყავან?
- დედავ! აბა რაფერ ვიქნებით! ერთი უწინ საცხა გეიქცენ ჩვენი შინაყმები და მერე შენ რო აქანაი მოგიყვანეს, მაშვინ კაცი მოგვივიდა და გვითხრა: ჩვენი შინაყმები ისევე ყველაყაი მოვიდენო.
- მერე გაგიკვირდა, მელო, შინაყმები რომ გაიქცენ?
- დედავ! რეიზა არ გამიკვირდებოდა? ჩვენი შინაყმები იყვენ და სხოგან გაიქცენ.
- შენ რომ კაცი იყო და შინაყმათ იყო, არ გეიქცეოდი?
- მე შინაყმათ რეზა ვიქნებოდი, აზნაური ვარ!
- არა, ვთქვათ, რომ აზნაური არ ყოფილიყავი, მაშვინ?
- გევიქცეოდი, აბა სხვას რეიზა ვემსახურებოდი?
- ჰოო, ყაძახები რომ გაიქცენ, აბა იგი რაღას გიკვირს?
- რა ვიცი, დედაჩემმა თქვა, ყაძახები ღმერთმა ულუფათ მისცა ბატონებსო და იმიზა უნდა გვემსახურონ, თვარა მე ჩემობით, თუ გინდა ეხლავე წევიდენ, მაინც აფერს ვეტყვი, - სთქვა მელანიამ და დააპირა წასვლა, მაგრამ ბესიამ ეხლა შეცვალა ლაპარაკის საგანი და ჰკითხა მელანიას:
- შენ რომ გათხოვდები, მაშინ მარტო ზალიკა დარჩება დედაშენთან, არა?
- მე არ გავთხოვდები.
- რეიზა, ქმარი არ გინდა?
- არ მინდა, ჰო.
- აბა სულ უქმროთ მეიცთი?
- მევიცთი, რა მიშავს?
- არაფერი, მარა სხვები ერთ ქმარსაც არ ჯერდებიან და შენ რა სული წმინდა ხარ, რომ სულ უქმროთ გასძლო? ერთი იგი მითხარი, ვთქვათ, გინდა ქმარი, ყაძახს შეირთავ?
- ქმარი რომ მინდოდეს, ყაძახობით რეზა დევიწუნებ? ყაძახი ხარ შენ, მარა ამისთანა კაი ხარ.
ამ სიტყვებთან მელანიამ თითქო ალერსით შეხედა ბესიას, რომელიც, ტანზე ჩაცმული, ნახევრად მიწოლილიყო ლოგინზე, რადგანაც ჭრილობა ჯერ კარგად არ გამთელებოდა და ამიტომ ჯდომა ძლიერ უჭირდა. ბესიას სწორი პირისახე, ახალამოხვითქული, მელანივით შავი წვერ-ულვაში და ცეცხლივით ანთებული თვალები მართლაც რომ საღი და საქები რამ იყო. მართალია, ჭრილობას თავისი დაღი დაესო ბესიასთვის, რძე და ღვინისფერი იმისი პირისახის კანი დაეფერნაკლულებია, იმისი ხორცით სავსე ხელები დაემჭლევებია და ძარღვები გამოეჩინა, მაგრამ ესენი თითქო კიდევ უფრო ამშვენებდენ ბესიას შეხედულებას.
- მე რომ გითხოვო, წამომყვები ცოლათ? - ჰკითხა სიცილით ბესიამ.
- მელანიას აქნამდე ბევრჯერ გაუვლია ფიქრებში: თუ როდესმე ყმაი უნდა შევირთო, ღმერთო, ბესია შემახვედრეო, და ეხლაც ამგვარმა ფიქრებმა დაურბინეს მას, მაგრამ, როგორც ყმაწვილი ქალი, ეხლა ვერა ბედავდა ამაზე გადაჭრით პასუხის მიცემას.
- ჰო, მითხარი, წამომყვები? - განუმეორა ბესიამ და განაგრძო ღიმილი, რომელიც მას ძლიერ შვენოდა.
- შენ ხომ ჩვენი ნათესავი ხარ? ნენამ მითხრა, ბესია ბიძაშენის მუხლზე მონათლული არისო, - ამოიღო ხმა უკანასკნელ მელანიამ, რომელსაც სახეზედ მოსდებოდა სიწითლე.
- არა, ვთქვათ, ნათესავი რომ არ ვიყო, მაშვინ?
- მაშინ, რა ვიცი... - სთქვა მელანიამ და სახე სულ გაუწითლდა. ბოლოს თითქო რაღაც მოაგონდაო, თამამად ჰკითხა: - რეიზა მოგივიდა ისე კუჭი, ბიძიამ რომ გისაყვედურა ყაძახის ოლქას რეზა გეერიეო?
- დედავ, რავა არ მომივიდოდა! დამიჩემა ჩემს მუხლზე მონათლული ხარ და რავა გაბედე ბატონების წინააღმდეგობაო! რავა გავბედე რას ქვია! დიდი საქმეა, იგი არა და, ღმერთიც რომ იარებოდეს ფეხდაფეხ, თუ არ დამიჯდა, იმასაც კი გავუბედავ, თვარა კაცის რავა შემეშინდება!
- მერე იმისთანაი დაკოდილი კაცი გაკუჭტი და ღამე აპირებდი წასვლას, ხომ მოკვტებოდი გზაზე?
- თუ მოვკტებოდი და ჯანი გავარდეს! ერთ დღეს დავბადებულვარ და ერთ დღეს მოვკტები!
- დედა, დედა! მე შიშით კაღამ მოვკტი მაშვინ. იგი, შენი ამხანაკი რომ არის, სიმონ, იმან დაგაკავა, თვარა შენ აქანაი აღარ იქნებოდი. ნათესავია შენი იი სიმონ თუ რა არის, რომ ისე წუხს შენს საქმეზე?
- არა, ნათესავი არ არის, ისე ერთად გაზდილი ვართ და ერთი მეორე გვიყვარს.
- აბა ნათესავი თუ არ არის, შენი დაი მანაი შერთე. შეეფერება ერთი მეორეს, ორივე ლამაზია.
ცოტა დაუკლდა, მელანიამ კინაღამ არ თქვა, რომ მანას და სიმონს ერთმანეთი კიდევაც შეყვარებიათ, ისე უყურებენ ერთმანეთსაო.
- ჩემი დაი და სიმონ და-ძმასავით გაზდილი არიან და ნათესავათ მიაჩნიათ ერთს მეორე.
- ნათესავათ? იმის აღარ ვიცი, სთქვა მელანიამ, რაღაცას ჩაუფიქრდა და შემდეგ ჰკითხა ბესიას: - მანაზე მეტი გყავს ან დაი ან ძმაი?
- არა, არც დაი მყავს, არც ძმაი.
- ბატონი გყავს?
- ბესიას აქ მოაგონდა თავისი ბატონი, რომელიც მუდამ ეხვეწებოდა მთავრობას, ბესია არ მეშინაყმა და მომეხმარეთო, მაგრამ მაინც ვერა რას არიგებდა; ბესია არა თუ შინაყმად არ მიდიოდა მასთან, პირიქით, სიკვდილს უქადოდა, როგორ ბედავ, რომ მთავრობასთან დადიხარ და ჩემ თავს შინაყმად თხოულობო.
- ბატონი არა და ნაბატონარი კი.
- რავა ნაბატონარი?
- რავა და რაც თავს მოვესწარი, მერე ბატონს ჩვენი ოჯახიდან არც შინაყმა გაუყვანია და არცა რაი.
მელანიას ამ სიტყვებზე მოაგონდა, რომ თავადის №№-ის სასახლეში სხვა ამბავთა შორის, ერთხელ მოიხსენიეს ისიც, რომ ბესიამ თავისი ბატონი შეაშინა და აღარ ეშინაყმაო.
- მერე რაფერ ქენი აგი? - ჰკითხა მან ბესიას.
- რეზა რაფერ ვქენი? გლახა ხომ არ ვიყავი, რომ სხვას ვმსახურებოდი!
- ვინც სხვას ემსახურება, ყველა გლახაა?
- გლახაა, აბა რაღაა? კაი თუ იყოს, ვერც სხვაი იმსახურებს, - სთქვა ბესიამ.
შემდეგ წამოიწია, დაჯდა ლოგინზე და განაგრძო ლაპარაკი მაზე, რომ ყაძახები ლაჩრები და გლახაკებია, თორემ არც შინაყმად იქნებოდენ და ბატონებს იმდენი ყაძახები სულ თავ-პირს დაამტვრევდენო და სხვა. ლაპარაკის დროს ის საშინლად იჭმუხნებოდა, რადგანაც წყლული ხანდახან ეტკინებოდა. უკანასკნელ შემოვიდა თამარა და შემოიტანა რაღაც დანაყილი ბალახი და უთხრა ბესიას:
- გაიხსენი, ბესო, წამალი უნდა გამოგიცვალო.
ამ სიტყვების გაგონებაზე მელანია წამოდგა და გავიდა გარეთ, რადგანაც იცოდა, რომ წამლის გამოცვლის დროს ბესიას უნდა მოეშიშვლებია თავისი ბარძაყი და მას, როგორც ყმაწვილ ქალს, ზრდილობის მიხედვით არ შეეძლო ემზირა შიშველა ბარძაყისთვის, როცა მელანიამ საკარულზე გადადგა ფეხი, ბესიამ მიაშტერა თავისი თვალები ამ ყმაწვილი ქალის საღად მოყვანილ ტანს და სთქვა თავის ფიქრებში: თუ როდესმე ცოლი შევირთე, მელანია უნდა შევირთო, სხვა არ მინდაო. ამ ფიქრებთან ერთად ამ ყმაწვილ კაცს გაურბინა გულში ერთგვარმა ტკბილმა გრძნობამ, რომლის მსგავსი მას თავის დღეში არა გამოუცდია რა. ეს გახლდათ სიყვარული.
X
რა რომ აჯანყებული გლეხკაცობა გურიაში პირველ, თითქმის უმიზეზოდ, თავისთავად გაიფანტა, ოზურგეთის მაზრის უფროსმა იხელთა დრო, თავის ამალა ჩინოვნიკებით და თავად-აზნაურებით დაიარა გურიის სოფლები და გამოუცხადა გლეხკაცებს, რომ ამათ შემდეგში აღარ გაებედათ ბატონისთვის შინაყმობაზე უარის თქმა და მთავრობის წინააღმდეგობა.
- თუ ვინმეზე ამაებში ეჭვი ავიღეთ, - აბოლოვებდა მაზრის უფროსი სიტყვას, - ძლიერ ცუდათ წაუვა საქმე; ასე რომ მთავრობის წინააღმდეგობაში შემჩნეული პირები თოფით დაიხვრიტებიან და ბატონის სამსახურზე დაურჩებულები გაიროზგებიან; ისე თუ მშვიდათ იქნებით, რასაც გიბრძანებენ, იმაზე უარს არ იტყვით, მაშინ მთავრობა თქვენი მფარველი და დამცველი იქნებაო. მაზრის უფროსის ამგვარმა ბძანებამ იმ ზომამდე წააქეზა თავადაზნაურები, რომ ვინ მოსთვლის რაგვარით არ ავიწროებდენ თავიანთ შინაყმებს და რაგვარ უსამართლობას არ ხმარობდენ მათზედ! თუ რომელიმე შინაყმა გაბედავდა ბატონის უსამართლოდ მოპყრობას და წინააღმდეგობას, ესე იგი, თუ რომელსამე შინაყმას თვითონ ბატონი უკიდურესათ შესავიწროვებლად ვერ დაიმორჩილებდა, იმ შემთხვევაში მას, ბატონს, მიჰქონდა ამ ურჩ შინაყმაზე ოზურგეთის მაზრის უფროსთან საჩივარი და ეს უკანასკნელიც (მაზრის უფროსი) იმის შიშით, რომ გურიის გლეხები თავს არ გავიდენ და კიდევ არ აჯანყდენო, ხმარობდა სასტიკ ზომებს ურჩ შინაყმებზე. ასე გასინჯეთ, ბატონის მიერ ნახევარ თაბახ ქაღალდზე დაჯღაბნილი საჩივარი სრულიად საკმარისი იყო, რომ მაზრის უფროსს მოეხდინა განკარგულება ბატონის მიერ ურჩად წოდებული შინაყმა წამოეწვინათ, მოეშიშვლებიათ იმისი სხეულის უკანა ნაწილი და როზგით ტყავი აეძროთ. მართალია, ბესია და ზოგიერთი მისი მსგავსნი ყოჩაღი გლეხები არ მიდიოდენ მთავრობის დაბარებაზე და არ აძლევდენ თავიანთ სხეულს როზგით დასაფლეთად, მაგრამ ამ უკანაკნელთა რიცხვი ისე მცირე იყო, რომ ყურადღებათაც არ ღირდა. ასე ამგვარად, თითქო გასჭრეს მთავრობის სასტიკმა ზომებმა, თითქო გლეხკაცობა სრულიად დაემორჩილა თავის ხვედრს.
მაგრამ დადგა მარიამობის თვე და გურიაში, თითქო ჯადოქარმა დაჰბერაო, გაისმა საყვირის და ზარის ხმა, რომლებზედაც გურიის გლეხკაცებმა, თითქო გაწვრთნილი სალდათებია გამოცდილი გენერლის ხელში, ისე ჯერ ცალ-ცალკე წავიდენ და შემდეგ კი ყველანი ერთ დიდრიცხვიან კრებად შესდგენ. ამათი ახლანდელი აჯანყება თითქო არა ჰგავდა იმას, რომელიც ამათ ამ ორი თვის წინეთ მოახდინეს, პირველი აჯანყების დროს. ამათი მოქმედების მიზანი გამოურკვეველი და განუსაზღვრელი იყო; ბევრმა არ იცოდა რისთვის იბრძოდა და რაზე მოღვაწეობდა, ისე მხოლოდ ფეხის ხმას აჰყვე და ჰყვიროდენ, “ან ჩვენ და ან ისინი”. ეხლა კი, თითქო მცირეოდენ ნაწილს გარდა, ყველამ იცოდა, რომ მათი აჯანყების მიზანი ბატონყმობის დარღვევა და ახალ გამოცხადებულ გადასახადზე უარისყოფა იყო. მართალია, აჯანყებულებში კიდევ ერია ისეთი პირებიც, რომლებიც ფიქრობდენ ოზურგეთიდან რუსებს გავდევნით და შემდეგ რომელსამე ბატონიშვილს გურიის მთავრად დავსვამთო; ერიენ ისეთნიც, რომლებსაც არ გაეგებოდათ, რისთვის ან რა მიზნის მისაღწევად გამოსულიყვნენ და იბრძოდენ. ამ უკანასკნელებისთვის რომ გეკითხათ: - რა არის თქვენი სურვილი, რას ამჯობინებთო, ისინი გიპასუხებდენ: - დედავ! რა ვიცი მე! ამდონი კაცი აქანაია და მეც ვარ მათში, მეტი რაი! მაგრამ, როგორც ვსთქვით, ჯანყის მოთავე საუკეთესო პირები მტკიცედ იდგენ თავიანთ განზრახვაზე და რას დასდევდენ, თუ ზოგიერთებს არ გაეგებოდათ იმათი ლტოლვილების აზრი.
თუმცაღა კი “რუსების განდევნა” თავად-აზნაურებმა ასტეხეს თავდაპირველად, მათ ააყაყანეს გლეხები რუსების წინააღმდეგ, მაგრამ მაშინ, როცა გლეხებმა რუსების ქვეშევრდომობიდან განთავისუფლების მეცადინს, მონობის (ბატონყმობის) დამხობის მეცადინიც ზედ მიატანეს, თავად-აზნაურობამ იკბინა ენაზე და ამ „უცნაური ჭირის” (ისინი ასე ეძახდენ ბატონყმობის უარყოფას) თავიდან ასაშორებლად, სხვა გზა სადღა იყო, ისევ რუსების შემწეობა დაინახა საჭიროდ, გადახიზნა ცოლ-შვილი და მიეშურებოდა ოზურგეთს მაზრის უფროსთან. მაგრამ, დახე უბედურებას, არც ეგ ოზურგეთში მიშურება იყო საადვილო საქმე: აჯანყებული გლეხების დარაჯები, სადაც კი წაახელებდენ, იჭერდენ ოზურგეთში მიმავალს თავადს, გინდა აზნაურს, ხელახლავ აფიცებდენ, რომ რუსების მხარე არ დაეჭირათ და ამას შემდეგ ძალად შეჰყავდათ თავიანთ “ოლქაში” (კრებაში). მართალია, როგორც იყო უკანასკნელ, მცირეოდენს გარდა, თავადაზნაურობა შეიკრიბა ქ. ოზურგეთში, მაგრამ გლეხები აქაც არ ასვენებდენ იმათ: ისინი (გლეხები) შემოადგენ ქ. ოზურგეთს და აღარავის აღარ უშვებდენ არც ქალაქში და არც ქალაქიდან. იმათ რამდენიმეჯერ გზაშივე დაამარცხეს და უკანვე დააბრუნეს რუსის ჯარი, რომელიც ბ. მაზრის უფროსმა გურიის ნაპირების გასამაგრებლად გააგზავნა. მეტადრე შესანიშნავი შეტაკება მოუხდათ გლეხებს და სალდათებს ფერიცვალება დღეს (6 აგვისტოს) ოზურგეთის მახლობლად. აი, როგორ იყო საქმე: მაზრის უფროსმა გაგზავნა ოზურგეთიდან რამოდენიმე სალდათი და აფიცერი, რომლებსაც უნდა გაემაგრებიათ გურიის დასავლეთის ნაწილში ზღვის პირას მდებარე პატარა ქ. შეკვეთილი; ოზურგეთის ახლო ამ სალდათებს შეხვდათ ერთი ნაწილი აჯანყებული გლეხებისა, რომლებთან, რასაკვირველია, მოუვიდათ შეტაკება. ერთ-ორ საათს თოფებს უშენდენ ერთმანეთს; უკანასკნელ დაერიენ ერთმანეთს ხელდახელ; გლეხებმა დასძლიეს სალდათებსა, ამ უკანასკნელებმა მიატოვეს თოფები და ზარბაზნები და ვინც კი სიკვდილს გადაურჩა, გაიქცენ უკანვე ქ. ოზურგეთს. ამას გარდა, აჯანყებულმა გლეხებმა დაამარცხეს თავადი წერეთლის თაოსნობით რუსების მოსარჩლედ მოსული იმერეთის ხალხი.
ჯანყებული გლაეხების ამგვარმა თანისთან გამარჯვებამ ძალიან დააფიქრა ბ. მაზრის უფროსი; მეტადრე შიშის ზარს სცემდა მას ის, რომ ხმა დადიოდა: ქობულეთის ბეგი ჰასან თავდგირაძე თან თავის მამულის ხალხს აშველებს აჯანყებულებს და თან ხონთქარს სწერს, რომ აჯანყებულ გურულებს ჯარი, თოფ-იარაღი, ტყვია-წამალი და სხვა საჭირო მასალები მოაშველოსო. ბ. მაზრის უფროსი მეცადინეობდა, ყოველივე ესენი ეცნობებია ქუთაისში გუბერნატორისთვის, მაგრამ ეგეც არ იყო ადვილი საქმე, რადგანაც გზებიც დაჭერილი იყო. მართალია, მაზრის უფროსს ყავდა მოსყიდული ერთი ვიღაც გლეხი, გვარად ძნელაძე, რომელიც ჯაშუშობდა და აჯანყებული გლეხების განზრახვებს ყოველდღე აცნობებდა მაზრის უფროსს, მაგრამ ეს გლეხი ჯერჯერობით ვერა ბედავდა, რომ მაზრის უფროსის მიერ მიწერილი წერილი გაეტარებია აჯანყებულების დარაჯში და ქ. ქუთაისს მიეტანა. ყოველის მხრით შეჭირვებულმა და სასოწარკვეთილმა მაზრის უფროსმა შეკრიბა ქ. ოზურგეთში მყოფი თავად-აზნაურები და მიმართა მათ შემდეგი სიტყვებით:
- თქვენმა შინაყმებმა დიდი ზიანი მისცეს მთავრობას. იმათთან, როგორც ხალხთან, არავითარი მოლაპარაკება და დარიგება არ შეიძლება. მე ეჭვი მაქვს თქვენზე: თქვენ ხელს უწყობთ იმათ. მოახერხეთ რამე, დააცხრეთ თქვენი გაზრდილი გლეხები და მით დაამტკიცეთ, რომ თქვენ დამნაშავე არა ხართ მთავრობასთან. თორემ იცოდეთ, მე ვუბრძანებ ჩვენს ჯარს და სულ ერთიანით დაგხოცთ.
ამ მუქარისაგან შეშინებულ თავად-აზნაურებში ასტყდა ჩოჩქოლი; ყველას უნდოდა რამე მოეხერხებია, აჯანყებული გლეხები დაემარცხებია და ამით აშორებოდა სალდათების ტყვიას. ეს წადილი, გლეხები დავამარცხოთო, მართალია, აქამომდეც არსებობდა მათში, მაგრამ ეხლა მაზრის უფროსის ბძანებამ უფრო გაუცხოველა ყველა მათგანს. აზნაური ივანე ...ძე, რომელსაც უკანასკნელ მოეტყუებია გლეხები, მთავრობის მხრისკენ გადმოსულიყო და ერთგულებდა, აწყობდა ბევრგვარ გეგმებს გლეხების დასამარცხებლად. უკანასკნელ ყველასაგან მიღებული იქნა ერთი თავადის რჩევა. ამ თავადმა არჩია, რომ გაგზავნონ კაცი სამეგრელოში დადიანთან და სთხოვონ ერთობ გურიის თავად-აზნაურთაგან სამეგრელოს მთავარს, რომ მან მოაშველოს თავისი ხალხი და იხსნას ქ. ოზურგეთში გლეხების მიერ დამწყვდეული გურიის თავადაზნაურობა. ეს განზრახვა მოიწონა მაზრის უფროსმაც. დაიწერა საჩქაროდ წერილი გურიის თავადაზნაურობის სახელით თავადი დადიანის სახელზე. წერილში, რასაკვირველია, როგორც ეს ჩვეულებად აქვს ქართველ კაცს და საზოგადოთ აზიის ხალხს, ჯერ დადიანისადმი მოკითხვა, ნახვის ნატვრა და ბოდიში იყო მოყვანილი და შემდეგ საშინლად გაორკეცებულად და გადამეტებულად აღწერილი გურიის თავადაზნაურობის გაჭირვება. “მოაწია ღვთის რისხვამ და ქვეყნის დაქცევამ ჩვენზე, - ეწერა სხვათა შორის წერილში, - და ჩვენმა შინაყმებმა გაბედეს ჩვენ სამსახურზე უარისყოფა, დაგვამწყვტიეს ქალაქ ოზურგეთში და გვიპირობენ დახოცვას. გვიშველე ძმურათ, დაგვდევი საუკუნო ვალი და ამოგვიყვანე ამ გაჭირვებისაგან. ნუ დაიშურებ დასაქცევად ჩვენი მოღალატე შინაყმების ოჯახებს, ცეცხლი მოუდევით სოფლებს და შეანანე ჩვენი ღალატი”. წერილის ბოლოში მოაწერეს ხელი წარჩინებულმა და თავმომწონე თავად-აზნაურებმა და აგრეთვე მაზრის უფროსმა. უკანასკნელ, ერთს აზნაურს და ერთს გლეხს, რომლებსაც ეკისრათ სამეგრელოში წერილის წაღება, მაზრის უფროსმა აჩუქა ვერცხლის ფულები, დაჰპირდა კიდევ საჩუქარს და გადასცეს დადიანთან მისატანი პაკეტი, რომელზედაც ესო მაზრის უფროსის ბეჭედი.
XI
ქ. ოზურგეთი 1840 წელს კიდევ პატარა იყო და თავისი უშნო ხის შენობებით უფრო სოფელს წააგავდა, მინამ ქალაქსა. ამ დროს იმის გარშემო არემარეც არ იყო მაინცდამაინც მოსახლობიანი და გარდა იმის სამხრეთ-აღმოსავლეთის და სამხრეთ-დასავლეთის მხარისა, რომლებიც ძლივსძლივობით ჩაითვლებოდენ სოფლებად, სულ ტევრით-გაუვალი ტყით იყო დაბურული. გზები კი, როგორც ეხლა, მაშინაც ჯვარედათ გადაჭრიდენ ამ ქალაქს, ესე იგი, ერთი გაივლიდა აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და მეორე - ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ. ყველა ეს გზები, ტყეები და სოფლები ისე შეკრეს აჯანყებული გლეხების დარაჯებმა, რომ დიდი ხერხი და მეცადინეობა უნდოდა კაცს, რომ იმათ შეუტყობლად და უნებურად ან ქალაქში შესულიყო და ან ქალაქიდან სხვაგან წასულიყო. ბაგრატამ და ივანიკამ (ეს სახელები ერქვათ იმ აზნაურს და გლეხს, რომლებსაც გურიის თავად-აზნაურებმა და მაზრის უფროსმა წერილი წაატანა სამეგრელოში თავად დადიანთან), რომლებმაც კარგად იცოდენ ეს გარემოება, დააპირეს დაღამებამდის ქალაქში მოცდა და ღამით ტყეში გავლა და გაპარვა, მაგრამ შემდეგ გაიფიქრეს და შუადღისას დაადგენ იმ გზას, რომელიც ქალაქიდან მიდიოდა ჩრდილოეთისკენ, ესე იგი, სამეგრელოსკენ. როცა ისინი ცოტათი მოშორდენ ქალაქს, შემოესმათ: “არ გაექანო, გაჩერდი!” ამ ხმაზე აზნაური ბაგრატა ისეთად შეშინდა, რომ ფერი ერთობ წაუვიდა და ხელებში ცახცახი დააწყებია, მაგრამ სამაგიეროთ მის გაიძვერა ამხანაგს, გლეხს ივანიკას, სრულიადაც არ ეტყობოდა შიში; მან, თითქო აქ არაფერიაო, ისე დამშვიდებით გასცა დაძახილზე შემდეგი პასუხი:
- არ გადირიოთ, თქვენი ვართ!
- ჩვენი ხარ თუ სხვისი, დადევი იარაღი და გაჩერდი! - მოსცა კიდევ ტყიდან ხმამ და ამ დროს ოციოდე თოფიარაღიანი კაცი შემოაცვინდა ბაგრატას და ივანიკას აქეთ-იქით. ესენი იყვენ აჯანყებულების გუშაგები.
- დადევით იარაღი, ჩქარა! - უყვიროდენ ისინი ბაგრატას და ივანიკას.
- მტერი გეგონეთ, რუსის სალათები? - სიცილით, აუჩქარებლით უთხრა ივანიკამ გუშაგებს.
- ვითამ და თქვენ რა მოყვარე ხართ! არ ვიცით, გგონიათ, რომ ნაჩალიკი ბრუსულოვის გამოგზავნილი ხართ? - დაუყვირა ერთმა გუშაგმა.
- მოღალატე, მოღალატე! ბრუსულოვის შემოჩენილი! - დაეხმარა მეორე.
- არ გაუშვათ, ჩალესეთ! - დაიძახა მესამემ.
ივანიკას ადგილას რომ მშიშარა, გამოუცდელი კაცი ყოფილიყო, შეშინდებოდა და ეს შეშინება უბედურებაში ჩააგდებდა. მაგრამ მოხერხებულმა გაიძვერა ივანიკამ მაშინვე მოიფიქრა ის სიტყვები, რომლებიც ამ გასაჭირიდან გამოიხსნიდა მას და მის ამახანაგს; ის, თითქო უწყრებაო, ისე მიუბრუნდა გუშაგებს:
- აბა ჩვენგან თუ ხეირი იქნება, ამით მიხთი! ბიჭო, თქვენ უბედურო, ბრუსულოვთან არ ვიყავითო, ვინ გითხრა! მარა რომ ვიყავით, რეიზა ვიყავით, არ იკითხავ? ამბაკო შალიკაიშვილმა, ბესიამ, პეტრიამ და ათარმიზამ გაგვგზავნეს, მიდით ნაჩალნიკთან, ვითამ და მისი ფხარი ხართ, ჩუმათ-ჩუმათაი ამბავი შეგვიტყვე, რას აპირობს ნაჩალიკი ბრუსულოვი, მერე გამეიპარეთ და ჩვენთან მოდითო. გადავდევით თავი და წავედით. ღმერთმა თქვენს მტერს აჭამოს იმისთანაი შიში, რაც ჩვენ იქინეი მისვლაზე ვჭამეთ! დაგვიჭირეს რუსებმა და შტიკზე აცმას გვიპირობდენ, ვეხვეწეთ, ვეხვეწეთ ჩვენ მტერი არა, ნაჩალიკი ნადა, შენი ჩირიმე, გაგვიშვიო. აგვწიეს, შენ ხარ ჩემი ბატონი, და წაგვიყვანეს ნაჩალიკთან. გამობძანდა ბრუსულოვი და დააბაკუნა ფეხები: ყაძახი მამაძაღლი ახლავე დახვრიტეთო. შენ მტერს და დამაწყევარს იმისთანაი, ჩვენ გაგვაცივა და გაგვაცხელა. აგია გაგვათავესო, ვიფიქრეთ. მარა გვიშველა ღმერთმა! დევინახეთ ბატონიშვილი. იმან ჩუურუსულა ბრუსულოვს. თურმე უთხრა, ჩემი ბიჭებია, ნუ ერჩიო. ხარაშოვო, თქვა ბრუსულოვმა და გააშობია ჩვენი თავი. რავაც კი გაგვიშვეს, ბატონიშვილმა წაგვიყვანა ცალკე და გვითხრა: ბიჭებო, მე აქანაი ქვეყნის შესახედავათ ვარ, თვარა ისე თქვენი ვარო. მერე ყველაყაი დაგვიწიგნა, რავაც ყოფილა ნაჩალიკი ბრუსულოვის საქმე: თურმე პაწას რომ კიდევ გავმაგრდებოდეთ და არ წავხდებოდეთ, იი მამაძაღლი ბრუსულოვი კუდამოძუებული გეიპარვის. დღეს რომ ავდექით, ბატონიშვილმა გვითხრა, გეიპარეთ და უთხარით ბიჭებს გამაგრდენ და ახირებულად ხელი არ შეუშვან საქმესო. წამოვედით, შიშით გვაცხელებდა, რუსებმა არ დაგვიჭიროსო. რავაც იქნა გადავრჩით, და ახლა თქვენ გვიჩივით, მოღალატე ხართო! ამის მეტს თუ ვერ მიხთებით და ვითამ სიკეთეს რავა ვიზამთ. რას ქვია მოღალატე! მოღალატე არა, თქვენ აქანაი მოსვენებით რომ გრილში იჯედით, მე და ბაგრატ, მაშვინ სიკვტილს თვალდათვალ ვუმზერდით! იმას რას ჩივი, ახლა ბრუსულოვი ცას და ქვეყანას დაარბენიებს ჩვენი გულიზა, ეგება ნახოთ და მოკლათო!
- ჰა, ჰაი, იი ღდინძაღლი ბრუსულოვი! მეიცადოს პაწაი, გადვიართ მის ახლოს! - თქვა ერთმა დარაჯმა.
- აგია ჰო, ახლა ხომ მიხთი, რომ გეგონა ივანიკამ გვიღალატაო, - განაგრძო ივანიკამ, - მე ღალატი რავა შემიძლია, ხატზე ფიცით გაბერილი ვარ! კიდევ რეთი ამბავი მაქ, მარა სად მცალია, ამეღამ ნაგომარზე უნდა მივიდე ამბაკო შალიკაიშვილთან, ხვალ ჩოჩხათს პეტრიასთან, იქიდან ლეხაურს თოიძესთან, რეთი გზაი მიბზერს.
- ასე თუა, რაღას აყონებთ ამ კაცებს? - დაიძახა ერთმა დარაჯმა.
- გუუშვით, გზას ნუ მოაცთენთ! - დაიძახა მეორემ.
- წადით, წადით! ნუღარ ყონობთ, ჩქარა უთხარით ამბაკოს აგი ამბები, - შესძახეს არეულ-დარეულათ დანარჩენმა დარაჯებმაც.
- აბა, გამარჯობით, ბიჭებო! თქვენ იცით, რავაც ჭკუით იქნებით, ახირებულათ კაცს არ ენდოთ, არ მოგატყუონ, - დააბარა მოხერხებულმა და ცბიერმა ივანიკამ და გაუდგა თავის ამხანაგით გზას. როცა კარგა მანძილზე მოშორდა დარაჯებს, მიუბრუნდა თავის ამხანაგს და უთხრა:
- ძალიან არ გადავრჩით?
- უჰ, რა შემეშინდა! - უპასუხა ამხანაგმა. - შენ რომ არ ყოფილიყავი, ვერც იმისთანებს მე ვიხერხებდი და სულსაც გამაგდებიებდენ. დედავ, დედავ, დედავ! რა ხერხი გცოდნია!
- რა ბრძანებაა! აბა ამისთანა ბეჩავ ყაზახს ევანიკა ბიჭი თავს მოატყუებიებს! ოქროებს ვაჩუქებდი, ეგონა, - სთქვა ივანიკამ და გადაიხარხარა.
XII
მარიამობისთვის წვიმიანი დილა იყო. სამეგრელოში ხალხს ერთი ფაციფუცი და მზადება ჰქონდა; ყველა სოფლებში გაისმოდა ხმა: მივშვათ! მივშვათ! გურიაში ბუნტი რეო. დათოფიარაღებული კაცები იყრიდენ თავს თავადი გიორგი დადიანის სასახლეში. იმათ ლაპარაკიდან მიხვდებოდით, რომ ისინი მიდიოდენ გურიაში თავის მთავრის დადიანის ბრძანებით აჯანყებული გურული გლეხკაცობის მიერ შეჭირვებული გურიის თავად-აზნაურების საშველად. ზოგიერთი ცეტი ყმაწვილი კაცები აღტაცებაში იყვნენ იმის ფიქრით, რომ წავალთ გურიაში, ამოვბუგავთ იქაურობას და ნადავლ-ნაშოვნით დამდიდრებულნი დავბრუნდებით სამშობლოშიო. მიუძღოდა თუ არა გურიის გლეხკაცობას საამისო დანაშაული მათდამი, ამას სრულიადაც არ დაგიდევდენ გამოუცდელი, ომში დასწრების მწყურვალე ყმაწვილები, იმათთვის საკმარისი იყო ისიც, რომ უბრძანა მათმა ბატონმა დადიანმა: წავიდეთ და ავიკლოთო. მართალია, იმათში ერია რამდენიმე ისეთი კაციც, რომლებიც თავის გულთან ლაპარაკობდენ: “რას ვერჩით გურულ გლეხებს? რა დაუშავებიათ ჩვენთვის, რომ მათი სისხლი გვწყუროდეს? ამისთანა ცოცხალი უსამართლობა და უღვთოობა სხვა რაღა იქნება, რომ გაჭირვებული გლეხები თავის სამშობლოში თავისავე ბატონებს უკმაყოფილებას უცხადებენ და ჩვენ აქედან წავიდეთ და მათი ოჯახი ავიკლოთ! არა, მე რომ დამიჯერებდენ, ძალიან უარს ვეტყოდი ბატონ დადიანს გურიაში საომრათ წასვლაზედ, მით უმეტეს, რომ შესაძლებელია, გურულები, როგორც ჩვენ ვფიქრობთ, ისე ადვილი ასაკლები არ იყვენ და ბევრს ჩვენგანს სიცოცხლეც დაგვატოვებიონ”. მაგრამ ამ ფიქრის პატრონები ჯერე რომ ვერ ახერხებდენ ეს თავიანთი ფიქრი სხვებისთვის გაეზიარებიათ და მერე ისე ცოტანი იყვენ, რომ იმათი აზრი და პროტესტი ისე ჩაინთქებოდა მათი მრავალრიცხოვანი ამხანაგების წადილში, როგორც პატარა კენჭი ზღვის სიღრმეში. რას გააწყობდენ ათი, გინდა ასი კაცის აზრი და უარი იმ რამდენსამე ათას კაცთან, რომლებიც მოუთმენლად ჰყვიროდენ: “მივშვათ, მივშვათ! მალასო”. წარმოიდგინეთ, ამ უკანასკნელებში იყვენ ბევრი ისეთებიც, რომლებმაც სრულიადაც არ იცოდენ, თუ რა საქმისთვის გაჰყავდა ისინი მათს ბატონს, დადიანს! ისინი მიჰყვებოდენ სხვებს ისე, როგორც ინდოურები ან ცხვრები გაჰყვებიან ერთს მათგან - წინას, თუნდაც ეს წინა პირდაპირ ტურასთან, გინდა მგელთან, მიდიოდეს.
როცა ხალხი საკმაოდ დაუგროვდა, თავადმა გიორგი დადიანმა იკითხა რამდენი კაციაო და, რა გაიგო თორმეტი ათასიაო, გამოუცხადა მათ, რომ გურიაში არეულობა მომხდარა, ჩვენ მივდივართ იქ ჩვენი მთავრის ბრძანებით, რომ გამოვესარჩლოთ მთავრობას და თავადაზნაურობას და დავამორჩილებიოთ აჯანყებული გურიის გლეხკაცობა; ვინც თქვენში ვაჟკაცობას გამოიჩენს, მთავარი სულ ყველას დაგაჯილდოვებს, იმათ კი, რომლებიც ერთგულად არ იომებენ, დასჯისო. ამ გამოცხადების შემდეგ თავადი დადიანი შებრძანდა ცხენზე და გამოუძღვა თავის ხალხს გურიისკენ. მას მხარდამხარ მოჰყვებოდა რამდენიმე სამეგრელოს წარჩინებული თავად-აზნაური, რომლებშიაც ოფიცერი ოტია ჯაიანი ისე მხიარულად და კოხტად იჯდა ცხენზე, თითქო სადმე დღეობა უნდა იყვეს და ეს კაცი ქეიფ-მეჯლისში მიპატიჟებული მიდიოდესო.
- ოტია, რა იცი, რომ მაინცადამაინც ჩვენ გავიმარჯვებთ, რომ ეგრე მიგიხარია? ხომ იცით, ფხიკიანი გურულების ამბავი, ადვილათ მტერს არ დაუმორჩილდებიან, - უთხრა ჯაიანს ერთმა თავადმა, როცა დაინახა რომ ჯაიანი ბავშვივით მხიარული იყო და გზადაგზა ცხენს ათამაშებდა.
- ის მე მკითხე! პრაწია გურულებს ისეთ საქმეს დავაყენებ, რომ ცხრა წელს მათ ქვეყანაში არც მამალმა დაიყივლოს და არც ძაღლმა დაიყეფოს, - უთხრა მხიარულმა ჯაიანმა ცეტის კილოთი და განაგრძო გზა ცხენის თამაშით.
XIII
გურიის დასავლეთს, იქ, სადაც მდინარე სუფსა ერთვის შავს ზღვას, ძევს ერთი მოზრდილი ვაკე ადგილი, რომელსაც ეწოდება გრიგოლეთი. ამ ადგილის ახლო მცხოვრებს გურულებს რომ ჰკითხოთ ამ სახელწოდების შესახებ, შეუყოყმანებლად გიპასუხებენ: “დედაავ! აქანაი წმინდა გრიგოლმა სადილი მიირთვა თურმე და იმიზა ქვია გრიგოლეთიო”. ჩვენ საჭიროდ არა ვპოვებთ, რომ გამოვუდგეთ ახსნას, მართალია ეგ გადმოცემა თუ არა. ვიტყვით მხოლოდ მას, რომ ეს ადგილი - გრიგოლეთი დღეს ძლიერ ნოყიერი სახნავ-სათესი მიწებიდან შესდგება და კარგი სიმინდის მოსავალი იცის. ტყეები ამ ადგილზე მხოლოდ ცოტაოდენი აქა-იქ დარჩენილა, ისე როგორც გაბელატების შემდეგ ადამიანის თავზე დარჩება თმა აგერ-აგერ, თითო ღეროებით. მაგრამ ამ ოცდაათის თუ ორმოცი წლის წინეთ კი გრიგოლეთი ისეთი ტევრით - გაუვალი, ბნელი ტყით - იყო დაბურვილი, რომ გზის გადაღმა-გადმოღმა, გარდა ქებული მონადირისა, ცხვირის შეყოფასაც ვერავინ გაბედავდა; იქ, სადაც ეხლა ხსენებულ ადგილში გურული მუშა სთესს სიმინდსა და ღომს და სძოვს შინაური საქონელი, წინეთ საყვირისამებრ გაისმოდა ამპარტავანი ირმის ღმუილი, ილესავდა კბილებს შეუპოვარი ველური ტახი, თავისუფლად და უშიშრად დახტოდენ შვლები და სხვა ნადირები. ამ ნადირით სავსე ტყეში უხსოვარის დროდან არსებობდა გზა, რომლის ერთი თავი მიდიოდა სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ და განუწყვეტლად ბოლოდან თავამდე გაივლიდა, როგორც დღესაც, გურიის მაზრას, მეორე თავი კი გაივლიდა ქ. ფოთს და უერთდებოდა სამეგრელოს გზებს სუფსის მარჯვენა ნაპირზე შავი ზღვის სიახლოვეს. ამ გზას გადასჭრიდა ერთი პატარა მდინარე, რომელსაც გურულები უწოდებენ შავ წყალს. ამ მდინარის მარცხენა ნაპირზე, გზის პირას ამ უკანასკნელ დრომდე კიდევ იდგა ერთი ოთხკუთხედი შენობა, რომელსაც გურიის ხალხი ჯიხურს ეძახდა. ეს შენობა იყო გაკეთებული მუხის ფიცრებისაგან, რომლებსაც მეოთხედ ალაბზე მეტი სისქე ჰქონდათ. გარდა ერთი ვიწრო კარისა, ამ ჯიხურს არც ფანჯარა გააჩნდა და არცა რა, მხოლოდ ეს კია, რომ იმისი კედლები აქა-იქ ალმაცრივ იყო დაბურღული თოფის პირის ოდენათ. ნამდვილათ არავის ახსოვდა ვის, როდის და რა მიზნით დაეარსებიათ ეს ჯიხური, მაგრამ ის თქმულება კი იყო გურიაში, რომ ხსენებული ჯიხური დააარსა გურიის მთავარმა გურიელმა იმ მიზნით, რომ აქ დაუყენებია დარაჯები, რომელთაც უნდა ეღოთ ბაჟი ჭანების (ლაზების) და სხვა გარეშე პირებისაგან, რომლებიც შემოდიოდენ გურიაში სავაჭროდ. ეს თქმულება სიმართლე უნდა ყოფილიყო, რადგანაც ხსენებულ ჯიხურს თავისი უკანასკნელი არსებობის ჟამსაც ესევე დანიშნულება ჰქონდა, ესე იგი ჯიხურში მუდამ იდგენ ცხრა თუ ათ კაცამდე ბატონიშვილების შინაყმები - მეჯიხურეთ, რომლებსაც გაყავდათ ნავით შავს წყალზე მგზავრები და ახდევინებდენ ბაჟს. მეჯიხურენი აგრეთვე ახდევინებდენ ბაჟს სიმინდზე, ხის მასალაზე და სხვებზე, რომლებიც იმ დროს გაჰქონდათ გურიიდან მდინარე სუფსით.
სადილობის დრო იყო. როსტომა მეჯიხურე, რომელიც ერთი უსაიმედოესი პირთაგანი იყო აჯანყებულთა შორის, ქ. ოზურგეთიდან ახალ დაბრუნებული იჯდა ჯიხურში, თან თავის ამხანაგებს უამბობდა, თუ როგორ დახოცეს აჯანყებულებმა რუსის სალათები და თან საჭმელსა ჭამდა. რადგანაც ძლიერ მომშეული იყო, როსტომას ლაზათიანად გადაჰქონდა მუცელში შემწვარი თევზი და ყვითელი მჭადი, რომლებსაც ხშირ-ხშირად დაატანდა თითო კათხა თეთრ ჩხავრის ღვინოს.
- აბა, თუ ასე კარგა წევიდა ჩვენი საქმე, ნაჩალიკი ბრუსულოვი ადრე აიკრებს ბარგს და გეიპარვის მისი ყველაყაისკენ, - სთქვა ერთმა როსტომას ამხანაგმა.
- სხვა მტერს გადაუწყდეს, იმას ადრე გადვუწყვიტოთ, - უპასუხა როსტომამ, რომელმაც ამ დროს გადაუშვა მუცელში კათხით ღვინო და განაგრძო: - ისე გაძაღლებული არიან, მაინც იი ხუთი კაცი რომ არის, ამბაკო შალიკაიშვილი, სიმონ, ბესიეი, პეტრე მჭედელი და თოიძე, ცეცხლს ანთებენ თვალებით!
- ჰასან-ბეგი ვერ მოვიდა ჯერე? - ჰკითხა ერთმა ამხანაგმა.
- ჰასან-ბეგი ადრე მოვა. მაშვინ, იგი რომ მოვა, მეც უნდა წევიდე ოზურგეთს, ისე მაქ სიტყვა ამბაკოსთან, - უპასუხა როსტომამ, აიღო ხელში ღვინით სავსე კათხა და, ის იყო, უნდა მოედო პირზე, მაგრამ თითქო ხელები დასწვაო, საჩქაროდ გააგდო ხელიდან.
- აგი რა ამბავია, - წამოიძახა და მიაშტერა რაღაცას თავისი გამჭრიახი ცეცხლივით ანთებული თვალები.
- რა მოხთა, როსტომავ? - გაკვირვებით შესძახეს მას ამხანაგებმა, რომელთაც ეგონათ, რომ როსტომა გაგიჟდაო.
- ეი მაგას, ბიჭებო, თოფებს ხელი! ჯარი დაგვეცა თავზე! - წამოიძახა როსტომამ, წამოვარდა ზეზე და წამოავლო თავის თოფს ხელი.
როსტომას ამხანაგებმა გაიხედეს და დაინახეს, რომ მართლაც მოდის აუარებელი თოფიარაღიანი ხალხი. ეს იყო მეგრელები, რომლებიც დადიანის თაოსნობით გამოემგზავრენ გურიაში იმ ორი დღის წინეთ.
- დედავ, დედავ! აგი რა ამბავია, ქვეყანა ერთად მოვა! - დაიძახა ერთმა როსტომას ამხანაგმა.
- გევიქცეთ! ცხრაი კაცი ამას რას ვაწყენთ, სერესკერია! - დაიძახა მეორემ.
- რას ქვია გევიქცეთო! ლეჩაქიანი ქალი ხომ არ ვართ, რომ გევიქცეთ და მტერს კარი გაუღოთ! მეორეთ არ გაბედო! - თავისებურის ვაჟკაცური ხმით შესძახა როსტომამ ამხანაგებს. შემდეგ მიახტა, მიხურა ჯიხურის კარი; მიადო თოფის პირი განზრახ სათოფისპირეთ დაბურღილ კედელს და გაჰყურებდა გარეთ. როსტომას მაგალითს მის ამხანაგებმაც მიბაძეს და თოფებით ხელში ჩაისაფრენ ჯიხურის კედლებთან. არ გასულა ამის შემდეგ სამი წამი, რომ მდ. შავი წყლის მარჯვენა ნაპირას მოადგენ ჩერქეზულ ჩოხებში ჩაცმული, შეიარაღებული მეგრელები. “გურულო, ნავი მალას, მალას!” - დაიძახა ერთმა მეგრელმა და მიაგდო ცხენი მდინარის პირზე. “აბა, ბიჭებო, მარჯვეთ! “ - სთქვა როსტომამ და გაისროლა თავისი თოფი, რომლის ტყვიამ დასცა მიწაზე ერთი მოწინავე მეგრელი. როსტომას მაგალითს მიჰყვენ მისი ამხანაგებიც და გაისტუმრეს საიქიოს რვაოდე მეგრელი. მაგრამ, ეს თითქო არც კი დაჰკლებიაო. შავი წყლის მარჯვენა ნაპირი გაივსო ხალხით და ჯიხურს მოხვთა რამდენიმე ასი ტყვია იმათგან გამონასროლი, მაგრამ მეათედზედაც ვერ გასჭრა იმისი სქელი კედელი. როსტომამ და მისმა ამხანაგებმა ხელახლა გასტენეს თოფები.
- ბიჭებო, მარტო ხუთმა ვესროლოთ, მერე ჩვენ რომ თოფების ტენას დავიწყებთ, დანარჩენმა ესროლოს. ამ ჭკუით გატენილი თოფები აღარ გამოგვიწყტება. ფიშტოები ჯერ არ ისროლოთ, ვინ იცის, ეგება სხვაზე დაგვჭირდეს, - ურჩია როსტომამ თავის ამხანაგებს.
ამხანაგები დაემორჩილენ ამ რჩევას და ეხლა ისე ხუთ-ხუთობით ესროდენ თოფებსა, რომლების ტყვია ყოველ გასროლაზე ჰკლავდა ხუთ-ხუთს და ხან მეტსაც მეგრელს. მეგრელებისაგან გამონასროლი ტყვიები კი იკარგებოდენ ჯიხურის მაგარ კედლებში. რა რომ ეგეთი გასროლ-გამოსროლა განმეორდა რამდენიმეჯერ და ჯიხური მაინც, თითქო უძლეველი ციხეაო, უვნებლად იდგა, მეგრელები გაექანენ უკან, რაღაც მოილაპარაკეს და ისევ მობრუნდენ მდინარის ნაპირზე.
- აბა, ბიჭებო, ახლა უნდა სიმარჯვე! ხედავთ, მცურავი კაცები ჩამოუშვეს წყალში და ნავის წართმევას გვიპირებენ, - დაიყვირა როსტომამ და დაუმიზნა თოფი.
როსტომას ამხანაგებმა დაინახეს, რომ რამდენიმე მეგრელი გადმოეშო წყალში, დაიყვინთა და წყლიდან ამოყრილ ტკვაბშებზე ეტყობოდა, რომ მოდიოდენ ნავისაკენ, როსტომა და მისი ამხანაგები ეხლა სრულიად არ აქცევდენ ყურადღებას მეგრელების მიერ გამონასროლ თოფებს, ისე სულგატყვირულნი მოელოდენ აი, აი ამოყოფენ მეგრელები წყლიდან თავებსო. არ დააგვიანა ამ შემთხვევამ. ორმა მეგრელმა ამოყო ნავთან თავი და, ის იყო აპირებდა ნავის ბაწარზე ხელის მოჭერას, რომ ამ დროს ჯიხურიდან გამოვარდა ორი თოფი და დაუშალა ეს განზრახვა. სულისაგან დაცლილი მეგრელების გვამები, თითქო თევზიაო, ერთი შეტრიალდენ და დაიძირენ სიღრმეში. იგივე ბედი ერგოთ იმათ ამხანაგებსაც, გარდა ორისა, რომლებსაც აღარ მოუწევიათ ნავთან, ისე გაბრუნდენ უკან.
მოახლოვდა საღამო, მაგრამ სროლა კი არ ჩაწყნარდა. მეგრელები თანდათან კარგავდენ ხან ხუთს და ხან ექვს კაცს, მაგრამ რამდენსამე ათას კაცს ეს თითქო არც კი აკლდებოდა, მოკლულების ალაგს იმ წამსვე იჭერდენ ცოცხლები, რომლებსაც დადიანი, ჯაიანი და ხუთიოდე სხვა თავადი მათრახით ერეკებოდენ გურულებისკენ იმ მიზნით, რომ უკანასკნელ იქნება მაინც ჩავიგდოთ ხელში ჯიხურიო. მაგრამ ამაო იყო ყოველივე მეცადინი: ჯიხური ისევ ისე თავმომწონედ და შეურყევლად იდგა. ამასობაში მზე, თითქო ემდურის ერთმანეთის სისხლის მწყურვალ და დაუნდობელ ადამიანთო, თითქმის ჩაიმალა დასავლეთში ისეთგვარად, თითქო ზღვაში ჩაიყვინთაო და იმისი უკანასკნელი სხივები, რომლებთაგან ზღვა ისე ბრჭყვიალებდა, თითქო უზარმაზარი ოქროს ტახტიაო, მოხვდენ ჯიხურს და შეიტანეს დახვრეტილ ადგილებში შტოები, რომლის გამო მეჯიხურეებს აღარ შეეძლოთ დაენახათ თავისი მტერი - მეგრელები და ამიტომ დიდ შიშს ეძლეოდენ, ვაითუ მეგრელებმა ისევ ჩამოუშვან წყალში მცურავი კაცები, წაგვართვან ნავი და გამოვიდენ ჩვენ მხარესო. ამ შიშის გამო იმათ სროლას თავი გაანებეს და გაყურებდენ ჭუჭრუტანებიდან მათ მტრებს, რომლებსაც ამ დროს, თითქო თავიანთ მოპირდაპირეებს ბაძავენო, ცოტა დროებით შეეწყვიტათ სროლა და გაქანებულიყვნენ უკან: კარგა ხნის მზერის შემდეგ, ერთმა მეჯიხურემ, რომელსაც მზე მაინცდამაინც არ უცქერდა თვალებში, დაიძახა: “დედავ, აგი რა მოაქვან!” ამ ყვირილზე როსტომამ და დანარჩენმა მეჯიხურეებმა დაატანეს თვალს ძალა და, თუმცაღა მზის სხივი პირდაპირ სცემდა თვალებში, მაინც დაინახეს, რომ მეგრელები გაყოფილან ორად, გარაზმულან გზის იქით-აქეთ და შუაში დიდის სიფრთხილით შემოაქვთ რაღაც გრძელი შავი რკინა.
- უი, ბიჭო, ზარბაზანი მოაქვან! არიქა ვუშველოთ თავს, თავარა მტვრათ აქცევენ ჩვენს ჯიხურს! - დაიძახა როსტომამ, მიაყუდა ჯიხურის უკან კედელზე რაღაც პატარა ბოძი, რომელიც იქვე ხელათ იპოვნა, თვალის დახამხამებამდე ავიდა სახურავთან, გაარღვია ის და დაუძახა ამხანაგებს:
- არიქა, ამეიტანეთ თოფები და გევიდეთ აქანაი!
მეჯიხურენი სისწრაფით ერთი მეორის შემდეგ გავიდენ როსტომას მიერ გარღვეულ სახურავში და ორი წამის განმავლობში ჯიხური სრულიად დაცარიელდა. იმ დროს, როცა ზარბაზნის ტყვიამ შუილ-ზუზუნით აცნობა შავი წყლის მარჯვენა ნაპირს თავისი ძალა და არსებობა და შეგლიჯა ჯიხურის კარი, მეჯიხურენი იმყოფებოდენ უფიქრალ ადგილს, ჯიხურზე მოშორებით გზის პირს მდებარე ტყის დიდრონი ხეების ძირში ჩასაფრებულნი.
დადიანი რა დარწმუნდა, რომ გურულები წასულან და ჯიხური ცარიელიაო, ხელახლა ჩაუშვა წყალში მცურავი კაცები, გააყვანია ნავი და ერთი-ორი საათის განმავლობაში გამოვიდა თავისი ხალხით შავი წყლის მარცხენა ნაპირს. მარჯვენა კი დაუთმეს ლეშთ იმ ადამიანებისას, რომლებსაც იმ ერთი-ორი საათის წინეთ, ვინ იცის, რაგვარად არ უცემდათ და რაებს არ უპირდებოდათ სიცოცხლით სავსე გული, და ორგვარად დამახინჯებულ დაჭრილებს, რომელთ მიერ წყევა-კრულვა, ლანძღვა კვნესასთან ერთად გაისმოდა დაწყნარებულ საღამოს არემარეში. რადგანაც, ის იყო, ღამემ დაუშვა დედამიწაზე სიბნელის ზღვა და გზები აღარ დაინახებოდა, დადიანმა ბრძანა:
- ამეღამ აქ უნდა დავრჩეთ და ხვალ დილაადრიან გავსწიოთ ოზურგეთშიო. მართალია, გურულებმა ცოტაოდენი ზიანი მოგვაყენეს, რადგანაც ცუდ ადგილზე დაგვიხთენ, - დაატანა დადიანმა თავის ბრძანებას, - მაგრამ სამაგიეროდ გასეირებთ ხვალ იმათზე! სულ ერთიანათ გადავწვავ იმათ სოფლებს!
- ბებრები დავხოცოთ და ყმაწვილი კაცები და გურული ლამაზი ქალები ტყვეთ წამოვიყვანოთ! - მიატანა დადიანის სიტყვებს ჯაიანმა.
ბატონის თავი გვიცოცხლოს ღმერთმა! - დაიგრიალა ხალხმა.
XIV
გათენდა მეოთხე დღე მას შემდეგ, რაც დადიანმა სამეგრელოს ხალხი გურიის თავადაზნაურობის მოსარჩლედ გურიაში მოიყვანა. მზე თითქო იგლოვს ადამიანის უგუნურ მოქმედებას და ურთიერთ შორის მტრობა-მოსისხლობასო, საშინლად მოწყენილი და ღრუბლებში გახვეული ამოვიდა. შავი ზღვა, რომელიც კუპრივით უქაფებია იმ დილაზე ამოვარდნილ ქვენა ქარს, გულის შემზარავად ღმუოდა. შავის წყლის მარჯვენა ნაპირზედ დაჭირიანებული საქონელივით მოქანცულნი ეყარენ აქა-იქ მეგრელები, რომლებსაც ბუნებრივი სიკოხტავე, სიმხიარულე და სიცეტე ამ დროს სრულიად დაკარგოდათ. თუ ვინმე ამათგანში გაივლ-გამოივლიდა ან ლაპარაკს დაიწყებდა, ისიც საშინლად დანაღვლიანებულად და ისე ზანტად, თითქო წელი აქვს მოწყვეტილიო. ამ არაჩვეულებრივად დანაღვლიანებულ ხალხის შორიახლოს ეყარენ გასისხლიანებულნი, დამახინჯებულნი, თავისივე ტანსაცმელში გახვეულნი გვამნი თოფით დახოცილი ადამიანებისა, რომლებსაც ეხვეოდა უთვალავი კოღო-ბუზები და ზოგს ჭიებიც; ზევიდან კი დასტრიალებდენ ორბები, ყორნები, ძერები და სხვა ლეშისმოყვარე ფრინველები, რომლებიც მოუთმენლობის გამო საშინლად დასწიოდენ და დასჩხაოდენ. ხანდახან ამ მიცვალებულების გვამთაგან ისეთი ცუდი სუნი გამოვარდებოდა, რომ დიდი გულმაგრობა უნდოდა ადამიანს ზიზღისგან რწყევა არ დაეწყო. ხალხთა და მიცვალებულთა გვამთაგან კარგა მოშორებით იდგა ნაბდებისაგან გაკეთებული კარავი, რომელშიაც ბრძანდებოდა თავადი გიორგი დადიანი, თავის ამალა თავად-აზნაურებით. როგორც თავადი დადიანის, ისე მის ამალა თავად-აზნაურების სახეზედ საშინელი ნაწყენობა და მოღუშულობა ემჩნეოდათ. მაგრამ ამათი სახის მოღუშულობა სრულიადაც არა გვანდა ხალხისას: ხალხის სახის მოღუშულობაში ნაღველი და ტირილი იხატებოდა, ამათისაში - გაჯავრება-გაბრაზება, ანუ გულმოსულობა. ის ცეტი ყმაწვილი თავადები, რომლებიც გურიაში მოღწევამდე სიხარულისაგან თითქო ფრთებს ისხამდენ, ომს დავესწრებითო, ეხლა კრინტს არ სძრავდენ, ბევრი იმათგანი გამოეკლო და გაემგზავრებია საიქაოს შეუბრალებელ ტყვიას.
სულ სხვაგვარ სურათს წარმოადგენდა შავის წყლის მარცხენა ნაპირი: აქ შეკრებილიყო რამდენიმე ასი თოფიარაღიანი გურული, ჩვეულებრივის მხიარული, ცქვიტი სიტყვა-პასუხით ეოხუნჯებოდენ ერთმანეთს და დასცინოდენ მეგრელებს, რომლებიც ამ ორი დღის წინეთ დაამარცხეს. აი თუ როგორ მოხთა მეგრელების დამარცხება: როსტომა მეჯიხურემ და მისმა ამხანაგებმა რა დაინახეს, რომ მეგრელებმა ზარბაზანი მოიტანეს და ჩვენ მიერ მის წინააღმდეგ გაძლება შეუძლებელიაო, ის იყო, მიატოვეს ჯიხური, შეეფარენ ტყეს და ორი მათგანი აფრინეს მახლობელ სოფლებში, რომ იქიდან მოუშველებიათ ხალხი მეგრელების გასადევნად. გაგზავნილებმა იმავე ღამეს დაათარეშეს სოფლები, შეაგროვეს რამდენიმე ასი თოფიარაღიანი კაცი და ალიონზე გაჩდენ გრიგოლეთს როსტომასთან. ამ უკანასკნელმა წაიტანა მოშველეთ მოსული ხალხი, მიეპარა მეგრელებს ტყიდან და დაუშინა თოფი. მეგრელებმა, რასაკვირველია, გასცეს პასუხი ზარბაზნით და ურიცხვი თოფების სროლით, მაგრამ ვერა რას აკლებდენ, რადგანაც პირველები (გურულები) მოფარებულნი იყვენ მძლავრ სიმაგრეებს, - დიდრონ წიფლის და მუხის ძირებს. გაგრძელდა სროლა რამდენსამე საათს, რომლის განმავლობაში მეგრელების მხარე გვარიანად დაზიანდა; გურულები კი, თითქმის, უვნებლად იყვენ. ცოტა კიდევ და მეგრელების ზარბაზანი ძალდატანებისაგან გასკდა და ნატეხ-ნატეხად გაიფანტა აქეთ-იქით. ამ შემთხვევამ ძლიერ შეუშალა მათ ხელი. ისინი ეხლა მიცვინდენ ნავსა და დიდის გაჭირვებით და დაზიანებით ხელახლავ გაბრუნდენ შავის წყლის მარჯვენა ნაპირს. გურულებმა ისარგებლეს ამ შემთხვევით, ხელახლავ გაამაგრეს ჯიხური და იქიდან ესროდენ მეგრელებს, რომლებიც, ის იყო, აპირებდენ უკან დაბრუნებას, თუ რომ დადიანის და ჯაიანის მათრახს არ დაეშალათ იმათთვის ეს განზრახვა. ამ თავმომწონე თავადებს ჯერ არამც და არამც არ უნდოდათ დანაქადში გაწბილება, ესე იგი, რადაც უნდა დასჯდომოდათ, გურია უნდა აეოხრებიათ. მეტადრე მამაცი ჯაიანი თავგანწირულად დასტრიალებდა, ერეკებოდა ხალხს წინ გურულებისაკენ და უყვიროდა: “არ გრცხვენიათ, პრაწია გურულებმა შეგაშინეს! წინ, წინ!” ჯაიანის ასეთი ყვირილი გაიგონა ერთმა გურულმა და ჰკითხა იქ მყოფს თავის ამხანაგს:
- ვინ არის, თუ იცი, იი მეგრელი, ისე რომ იქადნება?
- ოტია ჯაიანია. - უპასუხა ამხანაგმა, რომელიც იცნობდა ჯაიანს.
- მომკლა, აღარ ვჩივი, რომ ჩემი თოფის ტყვია იმას საკოცნათ მისწვდებოდეს!
- ძალიან ჯინი გაქ მისი?
- რეზა არ მექნება, არ ყურობ რაფერ გვაგინებს? იი რომ არ ყოფილიყო აქანაი, ჩვენ და მეგრელები ერთი მეორეს არ დავხოცდით.
- აბა პაწია წინ გევიწიოთ და მე გაშონიებ იმას სათოფეთ.
ამ მოლაპარაკების შემდეგ ეს ორი ამხანაგი გაიქცა კარგა მანძილზე წინ და საჩქაროდ მოეფარენ დიდი წიფელის ძირს. როცა თოფის სროლა ცოტათი შეწყნარდა. ჯაიანის მცნობმა გურულმა კიჟინის ხმით დაუძახა:
- ოტია ჯაიანო, ოტია!
- რა კაცი ხარ შენ? - მოსცა პასუხათ ჯაიანმა.
- რამ გაგაბრიყვა: შენ შენი ბოზი ცოლი ვერ დაიცევი, არამც თუ ბატონები და რუსები დაიცო! გურიაში მოსულხარ და ქრისტიანის სისხლს გვასმევ და იქინეი შენ ცოლს მეჯოგე მეგრელები იგორებენ მკლავზე!
ჯაიანს ამ სიტყვებმა ნატკენ ადგილზე უკბინეს და გააჯავრეს. ამიტომ გადასწყვიტა რამეგვარად ამ სიტყვების მთქმელის სიკვდილი, მაგრამ ჯერ უნდოდა შეეტყო, თუ ვინ იყო ეს გურული, რომელსაც ასე კარგად სცოდნოდა ჯაიანის ცოლის ამბავი და ასე გასინჯეთ, იმისი საიდუმლოებიც.
- გურულო, გამოდი აქეთ და მითხარი შენი სახელი და გვარი. ღმერთს გაძლევ თავდებათ, არაფერი გაწყინო! - დაუძახა ჯაინმა და მოადგა სულ ახლოს, შავის წყლის ნაპირს, ასე რომ იმის ტანს აღარა ეფარებოდა რა.
- ახლავე! - დაუძახა გურულმა მოსატყუებლად, ფრთხილად დაუმიზნა თავისი მაჭახელა (თოფი) ჯაიანს და თვალის დახამხამებადე ამპარტავანი თავადი უსულოდ დასცა დედამიწაზე.
ჯაიანის სიკვდილმა ძლიერი ზედმოქმედება იქონია დადიანზედ: მან ეხლა წარიკვეთა სასო, გურულებს ვეღარ მოვერევიო, გადასწყვიტა თავისი სამშობლო სამეგრელოში დაბრუნება, რომლის შესახებ საჩქაროდ გამოუცხადა თავის ხალხს, რომელიც ამ დროს შეუდგა უკან დაქანებას, მაგრამ გაგულისებულმა გურულებმა, რა გაუგეს ესა, გაიპარენ ტყის გზით, გავიდენ შავს წყალზე, დაუარეს თავი მეგრელებს და გადაუჭრეს გზა. ეხლა მეგრელები დარჩენ საშინლათ დამწყვდეულნი, ასე რომ ერთი მხრით ზღვა ჰქონდათ, მეორე მხრით გაუვალი ტყე, წინ და უკან კი გურიის ხალხი! სხვა რაღა უნდა ექმნათ? დაჰყარეს იარაღი და დაუწყეს ხვეწნა გურულებს - სამშობლოში დაბრუნების ნება მოგვეცითო. მაგრამ გავიდა ამ ხვეწნა-მუდარაში ორი დღე და გაჯიბრებული გურულები ჯერ კიდევ ვერ მოსულიყვენ ლმობიერებაში ამ დედაბრული ხვეწნით, ჯერ არ მიეცათ მეგრელებისთვის სამეგრელოში დაბრუნების ნება.
მზე სასადილოზე ამოვიდა. გურულებმა ამოიღეს ქეჩხოები და მჭადი, ყველი, თევზი, ხაპით ღვინო, დაგლიჯეს ხის ტოტები, გაშალეს სუფრა და დასხდენ სადილზე. ძლიერმა “ჩხავრის” ღვინომ, რომელსაც კათხებით ხშირ-ხშირით სვამდენ, ძლიერ გააქეიფა ისინი და მოუხშირეს თავისებური კიჟინა-სიმღერა. გაქეიფიანებულებში ტოლუმბაშობდა ერთი ყოჩაღი გლეხი, რომელსაც სიმონიკა ცერას ეძახდენ და ორი-სამი სხვა. როსტომა მეჯიხურე? ის კი აღარ ერია ცოცხლებში!.. ის დაღუპა თავისმა შეუშინებელ-მოუდრეკელმა გულმა, მას წაართო სიცოცხლე რამდენიმე მტრის ტყვიამ წინა დღით, სწორეთ იმ დროს, როცა მან (როსტომამ) მოინდომა დადიანის სიკვდილი და ხელხანჯლიანი მივარდა მას შემდეგი სიტყვებით: “შენ, შენ ხარ ამდონი ადამიანის სისხლის ღვრის ბრალი!” რა თქმა უნდა, რომ მის ამხანაგებს ძლიერ ეწყინათ და ეტკინათ მოკლება და მხრიდან გამოშლა ისეთი საიმედო, კლდე ამხანაგისა, როგორიც იყო როსტომა, მაგრამ ეგეც უნდა ვსთქვათ, რომ იქ, სადაც ხალხი გაიმარჯვებს მტერზე, ერთის, გინდა ორი-სამი კაცის დაღუპვის გამო გამოწვეული ნაღველი მხიარულებას ვერ დააჩრდილებს. როცა გურულებმა სადილის ჭამა თითქმის მოასრულეს, მათ შეესტუმრა სამი კაცი მეგრელი, და მიუტანეს სიტყვა: დადიანი თანახმაა ყოველივეზე ოღონდ შიმშილით ნუ დაგვხოცთ, სახლში გაგვიშვითო და რა მიიღეს პასუხად გურულებისაგან: აბა კაი, გაგიშობთო, წასვლა უნდოდათ, მაგრამ, როდესაც გურულებმა მიიწვიეს ისინი სადილზე, იმათ აღარ გაუწიეს დიდი წინააღმდეგობა, რადგანაც სამი დღე იყო არა ეჭამათ რა, დასხდენ გურულებთან სადილზე და მადიანად შეექცენ მჭადს, ყველსა და ღვინოს.
- კაცის არაფელი დეიჯერება! გუშინ ერთმანეთს ვწყვეტდით და დღეს აგერ თქვენ სადილზე ვზივარო! - სთქვა ერთმა თავაზიანი შეხედულობის მეგრელმა გვარიანი კარგი ქართული ენით.
- დედავ, რომ ვწყვეტთ, თქვენი ბრალი მერე როის ყოფილა, თქვენი მთავრის დადიანის ბრალი იყო. იმას რომ არ მოეყვანეთ, ჩვენში რა იყო საჩხუბარი? ნათესავები და მეზობლები ვართ ერთი მეორეის. შენ შენი ქვეყანა გეყოფა და მე ჩემი. მარა იმ სულძაღლიანმა დადიანმა დაგვაკლია ერთს მეორე, - უთხრა პასუხად მეგრელს ერთმა ცქვიტი ენის გურულმა.
- გაჩერდი, ბიჭო, დადიანი ჩვენი ბატონიშვილის ცოლის ძმაია, შეიტყობს შეუგინებიაო და, ხომ იცი, არ შეგარჩენს. ბატონიშვილმა რომ შეგარჩინოს, ქალბატონი არ შეგარჩენს მისი ძმაის შეგინებას, - გაუმტყუნა თავის ყმაწვილ ამხანაგს ერთმა მოხუცმა კაცმა.
- რას უმტყუნებ, ძამია? - ჩაერია ლაპარაკში ქართულის მცოდნე მეგრელი, - მართალს ამბობს ეს კაცი. ჩვენი მთავრები ძველიდგანვე დაჩვეული არიან ადამიანის დახოცვასა. ვინცხამ ბარათი მომწერა, წადით ახლავე, ან გურულები დაჟლიტეთ ან თავი შეაკალითო, გვიბძანა. წამოვედით ამდონი კაცი, ზოგი და ზოგი ტყვიამ მოკლა და დანარჩენს შიმშილი ხოცავს! მას რა დარდი აქ, რა ეტკინება ჩვენი სიკვტილით! ჩვენი შვილები დარჩებიან მოსამსახურეებათ. რომ მოვახსენეთ: ბატონო, არ ჯობს გურიის დამტერებაო, გაგვიწყრა, თქვენ ვინ გკითხავსო. აგია სამართალი! სასიკვტილო საქმეზე გაგზავნიდეს კაცი და გეუბნებოდეს, ენის თქმა შენი საქმე არ არი, ისე წადიო!
- კი, ძამიავ, მარა, რაც უნდა იყოს, ბატონია, უზდელათ მოხსენება არ ეკადრება, - სთქვა მოხუცმა გურულმა.
- ნუ გამოგიკავებია პირში ბატონი, ბატონი! - თითქმის წყრომით შესძახა მოხუც ამხანაგს ერთმა კოხტატანისამოსიანმა, კარგი შეხედულობის გურულმა, - ვერ შეიტყვე, ბატონობა აღარ არისო! რა ხანია გამოაცხადეს ბესიამ და სხვებმა, აწი აღარ იქნება ბატონობაო, აბა რავა გგონია! ბატონიც ჩვენისთანა ორფეხაი კაცია, აწი იმანაც ეიღოს თოხი და იმუშაოს ყანა. აწი ჩვენ ვიქნებით ჩვენი თავის ბატონი! ვნახოთ ერთი, თუ შეგვჭამოს რამემ უბატონოთ!
მეგრელებმა ამასობაში გაათავეს სადილი, გადაუხადეს მადლი გურულებს და წავიდენ თავის სახლში. არ გასულა ამის შემდეგ ნახევარი საათი, რომ ერთი მათგანი ხელახლა მოდგა შავი წყლის ნაპირზე და დაუძახა გურულებს: “ბატონმა მოგახსენათ, თუ შეიძლება, ცოტა იჩქარეთ და ადრე გაგვიშვითო.” გურულებმა დასტოვეს ჯიხურში რამდენიმე კაცი გუშაგად და დანარჩენები გავიდენ მეგრელებისკენ, გაუერთდენ იმ ხალხს, რომელიც აქამომდე დარაჯად იყვენ გზაზე, მეგრელები არ წავიდესო, და კედლებივით გაირაზმენ აქეთ-იქით ნაპირზე იმ გზისა, რომლითაც დადიანი და მისი ხალხი უნდა დაბრუნებულიყვნენ თავის სამშობლოში. “აბა გააკეთეთ თოფები!” - დაიძახა ერთმა გურულმა, ამ დაძახებაზე გურულებმა, თითქო გზას ხურავენ თოფებითაო, აიღეს, შეაჯვარედინეს თოფები, ისე რომ ადამიანი თუ არ დაიკუნძებოდა, ისე აღარ შეეძლო ამ თოფებით დახურულ გზაზე გავლა. ამ დროს დაიძრენ მეგრელები; გაიმართა ერთი სასაცილო სცენა. აი რა სცენა იყო ეს: ჯერ დადიანი და რამდენიმე თავადი დაიკუნძა და გაძვრა თოფის სახურავს ქვეშ. შემდეგ დადიანის მაგალითს მიჰყვა მისი ხალხი და ყველანი დაკუნძული გაძვრენ თოფებს ქვეშ. როცა ეს სასაცილო ცერემონია მოსრულდა, დადიანი პირადად დაელაპარაკა გურულებს:
- ახლა, ძმებო. ხომ გვაძლევთ წასვლის ნებას?
- გაძლევთ, გაძლევთ! ალაიაში ქე გაგაძვრინეთ და მეტი რაღაი! - უპასუხა ერთმა ვაჟკაცური შეხედულების გურულმა.
- რაც იყო, იყო, ჩვენ მაინც მადლობელი ვართ! - უთხრა კვლავ დადიანმა გურულებს, შემდეგ მიუბრუნდა თავის ხალხს - მეგრელებს, წარბმოჭმუხვნით შეხედა, რაღაც თავისთვის ჩაილაპარაკა, მგონია, ლანძღვა-უკმაყოფილება უნდა ყოფილიყოს იმათი და უბრძანა: - მივშვათ.
მეგრელები დაიძრენ; მათ გაუძღვა წინ დადიანი და სხვა თავადები, ნელის, დაღონებულის ნაბიჯით, მწუხარის სახით გასწიეს თავის სამშობლოსკენ. როცა კარგა მანძილზე მოშორდნენ გურულებს, დადიანმა უთხრა ერთს თავადს:
- საშინელია გამარჯვებული ხალხი! ხედავდი, რა სასაცილო საქმე გვიყვეს?
- თქვენ ნუ მომიკვდები, ბატონო, ახი იყო ჩვენზე, უარესი ექნათ. იფიქრეთ, ბატონო, ჩვენ იმ განზრახვით წამოვედით გურიაში, რომ იქაურობა აგვეოხრებია, გადაგვეწვა და ხალხი ტყვედ წამოგვეყვანა. გურულებმა კი იმდენი პატიოსნება იხმარეს, რომ, როცა დაინახეს ჩვენი უძლურობა და დამარცხება, შემდეგ ერთი კაციც აღარ მოუკლავთ ჩვენთვის, - უპასუხა დადიანს თავადმა.
- ეგ კი გვარიანი კეთილკაცობა ჰმქნეს, მაგრამ თოფებს ქვეშ გაძვრენა რაღა იყო?
- მამაჩემისაგან გამიგონია, რომ გურულებს ჩვეულებათ აქვთ, მტერს რომ დაიმორჩილებენ, თოფებს ქვეშ გააძვრენენ და შემდეგ მისცემენ თავის ქვეყანაში დაბრუნების ნებასო. ამგვარათ თოფებს ქვეშ გაძვრენას ალაია ჰქვია თურმე იმათებურით, ვითამ და ალაიაში გაგაძვრინესო.
დადიანს ცოტა ღიმი მოუვიდა პირზე, მაგრამ საჩქაროდ შესცვალა სახე და ხელახლა მოიჭმუხნა.
- ნეტავი არ წამოვსულიყავით სულაც, იმდენი კაცი მოგვიკლეს და არაფერი გაგვიკეთებია, - სთქვა მეორე თავადმა.
რა თქმა უნდა, რომ ცუდათ მოვიდა საქმე: ჯერ რომ იმდენი კაცი მოგვიკლეს. ჩვენსა და გურულებს შორის დაითესა სამუდამო მტრობა. ყველა ეს უნდა იფიქროს კაცმა, მიუგო პირველმა თავადმა.
მეგრელების წასვლის შემდეგ გურულებმა გააკრეს ხეებზე როსტომი და სხვა მოკლულები და წამოვიდენ თავიანთ სოფლებში. გრიგოლეთში დარჩენ მეჯიხურენი, რომლებსაც კვლავ მიანდო გურიის ხალხმა დარაჯობა. მეგრელებისაგან ქვიშაში დაფლული მიცვალებულთა გვამები, რომლებსაც ღამღამობით იღებდენ სამარიდან ტურა და მგლები და სჭამდენ, ნახევარი თვის განმავლობაში აღარც ერთი აღარ დარჩენილა მიწაში.
XV
სექტემბრის მზე ჩაგორდა დასავლეთის კუთხეში, მაგრამ მისი ფართო კვალი ჯერ კიდევ აჩნდა ოქროსფრად მოწმენდილ ცის კუთხეს. ჰაერი, რომელიც მთელი ის დღე საშინლად გაცხელებულო იყო, მზის ჩასვლისთანავე გაგრილდა. აჯანყებულ გლეხებს, რომლებსაც ერთ თვეზე მეტი იყო, რაც დაებანაკათ ქ. ოზურგეთის გარშემო და მოემწყვდიათ შუაში მაზრის უფროსი თავის მწერლებით, რუსის ჯარი და გურიის თავადაზნაურობა, ცოტა დროებით შეეწყვიტათ ჩხუბი და ამ გრილ-გამაცოცხლებელ ჰაერში ჰქონდათ მოლაპარაკება მის შესახებ თუ რა ზომები იხმარონ განთიადისას, როცა უნდა დასცემოდენ თავზე ქ. ოზურგეთს და საუკუნოდ მოეღოთ ბოლო თავიანთი მტრებისთვის. რაღაც ორი-სამი თვის განმავლობაში იმათ რამდენიმეჯერ დაამარცხეს რუსის ჯარი და წერეთლის თაოსნობით თავადაზნაურობის და მთავრობის მომშველად მოსული იმერლები; დაამარცხეს და უკან გააბრუნეს გურიის თავად-აზნაურების და მაზრის უფროსის თხოვნით მოსული დადიანი თავისი მრავალრიცხვიანი სამეგრელოს ხალხით. ამგვარად გამარჯვებაზე დაჩვეულ აჯანყებულებს, გასამტყუნარიც არ არის, რომ საიაფოდ მიაჩნდათ ქ. ოზურგეთის ხელში ჩაგდება და იქიდან მტრების გარეკვა. სამხრეთის მხრით ქ. ოზურგეთს შემოსდგომოდა რამდენიმე ათასი კარგად შეიარაღებული კაცით აჯანყებულების შემწედ მოსული ქობულეთის ბეგი ჰასან თავდგირიძე და ისე დაჰყურებდა პატარა ოზურგეთის ქალაქს და მასში მყოფ რუსებს, თითქო ქორი წიწილას. გურიის ხალხზე თითქმის ულამაზესი, უკოხტავესი და უვაჟკაცესი ქობულეთის ხალხი გულის ძგერით მოელოდა, გაივლის ეს ერთი ღამეც, მოაღწევს განთიადი და გავუჩენთ ქ. ოზურგეთს ცეცხლსაო. ისინი აგერ ერთი კვირა იყო, რაც მოსულიყვენ ოზურგეთში და სწუხდენ, რომ ჯერ ერთი შემთხვევაც არ მისცემოდათ რუსებთან შეტაკებისა. ისინი თითქმის ესაყვედურებოდენ აჯანყებულებს - საქმეში ყოყმანა ყოფილხართ, რაღას ვუყურებთ, დავეცეთ ბარემ ამ რუსებს და დავჟლიტოთო. აჯანყებულების ბანაკთა შორის, ერთ-ერთ პატარა ოთახში ისხდენ თავადი ამბაკო შალიკაიშვილი და ჩვენი ნაცნობი გიორგი - თავადი №№-ის შვილობილი და ჰქონდათ მსჯელობა მაზე, თუ რაგვარი წესწყობილება და თადარიგი მიეცათ გურიის ხალხისთვის იმ შემთხვევაში, თუ ხალხი გაიმარჯვებდა თავის განზრახვაში. კარგად მოყვანილ, მაღალტანიან, ჯერ კიდევ მოწიფულ შალიკაიშვილს თავის ვაჟაკაცობის გამომეტყველ სიმპატიურ ლამაზ პირისახეზე ჯერ კიდევ აჩნდა კვალი იმ ძლიერი ავადმყოფობისა, რომელიც მან გამოიარა იმ დროს, როცა გურიაში ჯანყი იწყებოდა. ის ლოგინში იწვა და საშინელი სიცხე აწუხებდა, როცა ჯანყის მოთავეებმა მიუტანეს ღამით ხატი და დააფიცეს, რუსების მხარე არ დაიჭიროვო. ფიცის მიღების შემდეგ, თუმცაღა კიდევ კარგა ხანს იყო ავად, მაგრამ, რა რომ ავადმყოფობას მოურჩა, ხალხის გაჭირვების თანამგრძნობათ შექმნილმა, ვაჟკაცურმა გულმა მაშინათვე გაიტაცა ის აჯანყებულებაში, რომელთაც მისვლისთანავე დააყენეს, როგორც ომში გამოცდლი ოფიცერი, ჯანყის გამგედ. მართალია, ივანე X-ძე და სხვები, რომელთაც თვითონ უნდოდათ ხალხის ბედ-იღბლის ხელში ჩაგდება, ამბობდენ, რომ ამბაკო შალიკაიშვილი რუსების მიერ დაჯილდობულია ოფიცრობით, ნუ მივენდობით, თორემ გვიღალატებსო, მაგრამ შალიკაიშვილის მოქმედებამ დაუმტკიცა ხალხს, რომ ის კი არ უღალატებდა მას, არამედ - თვითონ შალიკაიშვილზე ცუდის მოლაპარაკენი, ივანე X-ძე და სხვები, რომლებიც ერთი მეორეზე მიიპარებოდენ რუსებთან შესარიგებლათ. გიორგიმ კი აგვისტოს პირველო რიცხვებში განუცხადა გულოს, რომელიც იმ დროს უკვე მორჩენილი იყო ავადმყოფობისაგან მე აჯანყებულებში უნდა წავიდე და შემწეობა უნდა მივცეო; თუმცაღა ამ უკანასკნელმა (გულომ) ბევრი ცრემლი დაღვარა ამის გაგონებაზე, მაგრამ გიორგიმ როგორც ხალხის ბედ-იღბალზე გულშემატკივარმა, არ დაიშალა თავისი, იცრუვა ქალბატონ №№-თან, ოზურგეთში მამაჩემთან მივდივარო, მივიდა აჯანყებულებთან და იმ დროდან მოწყებული ცხოვროდბა შალიკაიშვილთან, რომელსაც ძლიერ დაუმეგობრდა, რაკი მიუხვდა, პატიოსანი გულის და ჭკვიანი კაცი ყოფილაო. გიორგის მეცადინეობა იმაში მდგომარეობდა, რომ შეეცვალა ჯანყის მიმართულება, ესე იგი, აჯანყებულ გლეხებს რუსების განდევნაზე უარი ეთქვათ და მხოლოდ ბატონყმობის მოსპობაზე და გადასახადის შემსუბუქებაზე უნდა ემეცადინათ. რუსები, - ამბობდა გიორგი, - როცა გაიგებენ, რომ ჩვენი აჯანყება მარტო ამ მიზნით არის და არა ჩვენი ქვეყნიდან იმათ განსადევნად, ადრე შემოგვირიგდებიან, განათავისუფლებენ გლეხებს შინაყმობისაგან და შეუმსუბუქებენ გადასახადსაცო. მაგრამ, მისდა სამწუხაროდ, გიორგი კარგად ხედავდა, რომ აჯანყებულების უმეტესი ნაწილი უფრო იმის მეცადინში იყო, რომ რუსები გაედევნათ ჩვენი ქვეყნიდან, მინამ ბატონყმობა მოესპოთ და იმათი თავი შალიკაიშვილი ძალაუნებურად ემორჩილებოდა უმეტესობის წადილს. იმ საღამოს, თითქო შეურიგდა ხალხის აზრსაო, გიორგი შალიკაიშვილის თანახმად აწყობდა სამეორედღისო და სამერმისო მოქმედების გეგმას და მხოლოდ ხანდახან, ისეთ რამეებში, რომლებშიც იმედი ჰქონდა შალიკაიშვილი დამეთანხმებაო, გაუწევდა მას წინააღმდეგობას. ეს იმას კი არ ნიშნავდა, თითქო გიორგის ბოლოს და ბოლოს მოსწონებოდეს ხალხის მოქმედების მიზანი; არა, გიორგი ხედავდა, ხალხმა თავისი არ დაიშალა, ჩემს ლაპარაკს არავინ ყურს არ უგდებსო და ტყუილუბრალოდ აღარ იფხანდა ენას.
- ჰასან-ბეგი დიდ იმედს მაძლევს, ჩემს ზარბაზნებს და ჩემს ბიჭებს ერთ საათსაც ვერ დაუმაგრდებიან რუსებიო, - სთქვა შალიკაიშვილმა, რა რომ სამეორედღისო მოქმედების გეგმები თითქმის დააწყო.
- დიახ, უფრო საფიქრებელია, რომ ხვალ გამარჯვება ჩვენ და ბეგს დაგვრჩეს, უპასუხა გიორგიმ.
- მერე, გიორგი, რავა უნდა ვქნათ, ქვეყანას ვინ ეპატრონოს?
- თუკი სასწაული მოხდება და ჩვენი გლეხკაცობა თავადაზნაურობას და რუსებს მოერევა, მერე რესპუბლიკური მმართველობა დავაარსოთ, ესე იგი, აღმოვარჩიოთ პატიოსანი და ჭკვიანი კაცები და რამდენიმე წლის ვადით მივანდოთ ხალხის მართვა. შემდეგ როცა ამათ მინდობილებას ვადა შეუსრულდება, სხვები ამოვირჩიოთ, ამათ შემდეგ კიდევ სხვები და ასე უნდა იქნეს შემდეგშიაც. ვინიცობაა, გამოცდილებამ გვაჩვენოს, ეგეთი წესწყობილება არ ვარგაო, მაშინ შევსცვალოთ ისე, როგორც დავინახოთ საუმჯობესოთ.
- ვინმე რომ მთავრათ დევიყენოთ, ხომ არ ჯობს?
- ეგ ხომ სასაცილო, ბავშვური მოქმედება იქნება! ბატონი არ გვინდაო, დღეს სისხლსა ვღვრით ამის გულისთვის და ხელახლავ ბატონი დავისვათ! ხომ იცით, რომ მთავარი ისევ მოაბრუნებს ბატონყმურ წესებს. მთავრებს სიკეთე არასდროს არ უქნიათ ქვეყნისათვის. ან რა სიკეთე შეუძლიათ? მთავარი კერპია ხალხისა, სხვა არაფერი.
- მართალი ბრძანებაა მე თქვენგან მაქ, გიორგი, იმედი, ნასწავლი კაცი ხართ და კაი რასმე ასწავლი ხალხს.
გიორგის უნდოდა რამე ეპასუხა შალიკაიშვილისთვის, მაგრამ ამ დროს მოისმა რამდენიმე თოფის ხმა და იმან მიიქცია ორისავე ყურადღება.
- ქალაქში იყო, არა? - ჰკითხა ამბაკომ გიორგის.
- დიახ, რუსების ჯარი რომ დგას იქიდან მოისმა.
- როგორ ფიქრობთ, რას უნდა ნიშნავდეს?
- სწორეთ გითხრა, ვერ მივხთი შესაძლებელია ვინმე დამნაშავე დახვრიტეს.
- ჰოო, შეიძლება ვაიმე, თუ ვინმე ჩვენგან ჩეიგდეს ხელში!
- ჩვენგანს რა მიიყვანდა იქ, საქმე ხომ არა ჰქონია რა?
- არა, მაგრამ ვინ იცის!
რამდენსამე წამს კიდევ უყურებდენ ამბაკო და გიორგი, შემდეგ, ჩვენ შესახებ არ უნდა ყოფილიყოსო, დარწმუნდენ და კიდევ ხალხის მმართველობის შესახებ დაიწყეს ლაპარაკი.
დაღამდა. უმთვარო მოწმენდილი ცა მოიჭედა ვარსკვლავებით. თითქო გურულ მომტირალებს დასცინიანო, ტურებმა შექმნეს კივილი, მაგრამ ისევ მიწყნარდენ და ქალაქის ახლოს მდებარე ტყეებიდან მოისმა ბუების ძახილი. გიორგიმ აანთო ჭრაქი, რომლის სუსტმა სინათლემ ნახევრითაც ვერ გაანათა ოთახი, ამოიღო ფანქარი და დაიწყო წერა რვეულში, რომელშიაც კარგი ხანი იყო მას აქეთ, სწერდა დღიურ შენიშვნებს. “ცოტა გამაცივა”, სთქვა შალიკაიშვილმა, გაეხვია ნაბადში და მიწვა ლოგინზე. ამ დროს ერთმა ყმაწვილმა გურულმა შეუტანა იმათ კალათით მჭადი, შემწვარი ქათამი, ყველი და “ხაპით”ღვინო. ეს იყო ამბაკოს და გიორგის ვახშამი.
- გიორგი, ვჭამოთ აი ვახშამი. მერე დარაჯების დასახედავათ უნდა წევიდე, - უთხრა ამბაკომ, რომელიც ადგა ამ დროს და მიუჯდა მაგიდას.
- აი, ამ წამშივე, - სთქვა გიორგიმ, მიანება წერას თავი, მიუჯდა მაგიდას, ამოიღო კალათიდან, რაც კი რამ იყო შიგ, და გააწყო სუფრაზე.
- უკაცრაოთ, გიორგი, ყოველთვის თქვენ შეგხვდათ სადილ-ვახშმის დროს სამსახური, მაგრამ რა ვქნა? არ დამანებებ, ვიცი, და ამიტომ მეც ქე მივანებე თავი.
- ეს საბოდიშო არ არის. ჯერ რომ სკოლაში ყოფნის დროს დავეჩვიე საჭმლის გაწყობას და მერე წლოვანობის მიხედვითაც მე მეკუთვნის თქვენი სამსახური, მინამ თქვენ ჩემი, - სიცილით უპასუხა გიორგიმ შალიკაიშვილს. შემდეგ ორთავემ, გიორგიმაც და ამბაკომაც. მიიპატიჟეს ვახშმის მიმტანი: დაჯექი, ჩვენთან სჭამე ვახშამიო, მაგრამ, რა რომ უკანასკნელმა უარი სთქვა ამაზე და წავიდა თავისთვის, დაიწყეს ვახშმის ჭამა. შალიკაიშვილს ეტყობოდა, რომ სრულიადაც არ ჰქონდა ჭამის მადა: ის პატარ-პატარას აძრობდა ფრჩხილით ქათმის ხორცს და მარტო უმჭადოთ იდებდა პირში, ღვინოს კი გვარიან ხშირად სვამდა. გიორგის გვარიან კარგად შიოდა, მაგრამ, რადგანაც ქათამიც და ყველიც ძლიერ მარილიანი იყო, ამიტომ ისიც ვერა სჭამდა მაინცდამაინც ბევრს. ღვინო კი ცოტათი უყვარდა, მაგრამ რადგანაც ცოტა მომჟავოდ ეჩვენა, პატარ-პატარას სვამდა.
- მე ხანდახან რომ გამაციებს, ის მიკარგავს ჭამის მადას, თქვენ რაღაა, რომ არ სჭამთ? - უთხრა შალიკაიშვილმა, რა დაინახა, რომ გიორგიც უმადოთ ეკიდება ვახშამს.
- ცოტა მარილიანი მეჩვენა საჭმელი.
- ეს ხომ ჩვენში ისეა, მარილი, პილპილი და ნიგოზი ყოველთვის ჭარბობს და აუგემურებს საჭმელს. ძალიანი კაი საჭმლის გაკეთება რუსის მზარეულებმა იციან.
- მოითმინეთ, ფეხის ხმაია, ვინცხა მოდის!
- ბესია და სიმონ რამდენიმე საათია მას შემდეგ, რაც აქ იყვენ, სხვები დილას მოვიდენ და სახვალიო დარიგება მიიღეს, ახლა ვინღა უნდა იყვენ?
- არ ვიცი. ღმერთმანი! ყველას ვუთხარი, რომ ვახშმობიდან შუაღამემდის შინ არ ვიქნები, დარაჯები უნდა დავიარო-მეთქი და...
ამბაკომ ვერ მოასწრო უკანასკნელი სიტყვის წარმოთქმა, რომ კარები გაიღო და ოთახში შევიდენ ბესია და სიმონ.
- რა იქნა, ბესიავ, ფარსაგი აღარ არის, რომ დარაჯის დასახედავათ წადი-მეთქი და იმის მაგიერათ აქ მოდი!
- რაღა ფარსაგი, - დაიწყო ბესიამ, - დათაი და ივანე შამოურიგდენ ჩვენს ჯარს, მოიტანეს ამბავი, რომ დღეს გვაცალეთ და თავად-აზნაურები ყველაი ჩვენსავით შამოგირიგდებაო. აგი ამბავი მოთესეს სულ ჩვენს ჯარში და ყველას გული დაადობიეს. სამი დღეი და მეტიც ვაცალოთო, იძახის ყველაყაი. მე რაცხა ეშმაკობა მგონია აგი და ვიფიქრე ამბაკოს და გიორგის თუ არ შეუტყვია ჯერე, შევატყობიებ-მეთქი.
დათაი... და ივანე X-ძე, რომლებიც შემორიგების ამბავი მოუტანა ბესიამ, ისეთი ახლო ნაცნობები იყვენ შალიკაიშვილისა, რომ ის აღარ საჭიროებდა იმათ გვარების გამოკითხვას მან მოჭმუხნა თავის მსხვილ-მსხვილი წარბები და ისე იკითხა:
- რეთი ხანია, ეს რომ მოხთა მას შემდეგ?
- აა, წახანაი, მზის ჩასვლის ხანს, თოფების ხმა რომ მოისმა, მაშვინ წამოსულიყვნენ თურმე. თქვეს, რომ რუსებმა შეგვიტყვეს, რომ მოვიპარებოდით და თოფები დაგვიშინესო, - უპასუხა სიმონმა.
- ჩვენთან ნეტავი რატომ არ მოვიდენ? - ჰკითხა გიორგიმ.
- იმიზა, რომ იცის არ მოტყუვდებით. თქვენთან არა, თქვენს სიახლოვეს ვინც კია ჩვენი, იმასაც არ მოჰკარებიან.
- ახლა სად არიან დათაი და ივანე? - იკითხა შალიკაიშვილმა.
- ბეგთან უნდა იყვენ წასული.
- ბეგთან! - წამოიძახა შალიკაიშვილმა და საშინელმა ფერმა გადაუარა სახეზე, მაგრამ ისევ საჩქაროდ მოეწმინდა სახე და სთქვა: - არა, ვერ შეიძლებენ, ჰასან-ბეგისთანა ვაჟკაცი ღალატს არ იკადრებს და იმის იმედი მაქ. ჩვენებს რომ ღმერთი გაუწყრეს, ბეგი და მისი ჯარი მეყოფა, სადილობამდე მტვრათ ვაქცევ ქალაქს!
[-...∗] სთქვა გიორგიმ.
- არა, ვერ დავენდობი, - სთქა შალიკაიშვილმა.
- რა ბრძანებაა! ევანეს კაცმა ენდოს!
გიორგის ამ სიტყვებზე გაახსენდა, რომ ეს ის ივანეა, რომელთანაც ჯანყის დაწყების წინ ცოტა უკმაყოფილება მოუვიდა და სთქვა:
- ჰოი, ის კი გავს საიჭვო კაცს.
- საკითხავია, ჯერე ჩვენკენ იყო, მერე რუსებისკენ გადახტა, ახლა ჩვენკენ გადმეიარა, იმას კაცი რავა ენდობა, - სთქვა კიდევ ბესიამ.
- ამაებს დავანებოთ თავი, წავიდეთ და ვინც ჩვენი იყოს, ყველა ჩამოვიაროთ და გავაფრთხილოთ, რომ არ გაბრიყვდენ. დათაის და ივანეს რჩევით ხვალინდელი ჩხუბი არ დაშალონ.
ამ რჩევის შემოტანის შემდეგ ყველანი გამოვიდენ გარეთ, მოხურეს ოთახის კარი ისე, დაუკეტავად, გააფრთხილეს ერთმანეთი, რომ ჭკუით იყვნენ, თოფი არ გაისროლონ და წავიდენ ხელხში, სადაც დიდად საშიში იყო ღამით მისვლა, რადგანაც შესაძლებელი იყო, ბნელაში დარაჯს ვერ ეცნო ისინი, მტრად მიეღო და მოეკლა.
XVI
მივაყუროთ ეხლა თავად დათა ...ას, აზნაური ივანე X-ძის და თავდგირიძე ბეგის საუბარს და მაშინ ცხადით დავინახავთ, თუ რა განზრახვით შემორიგებიან პირველნი (დათა და ივანე) აჯანყებულ გლეხებს.
- გურიაში ორიც არ მოიპოვება ისეთი თავადი, გინდა წარჩინებული აზნაური, ბეგო, რომ თქვენი ნათესავი არ იყოს, - განაგრძო თავადმა დათა ...ამ უკვე დაწყებული სიტყვა თავისებურ მჭერმეტყველურად, ამიტომ იმედი გვაქვს, იმ თხოვნაზე, რომელიც ივანემ და მე მოგახსენეთ მათ მაგიერ და ჩვენ მაგიერათაც, უარს არ გვიბძანებთ. იმედი გვაქვს, თქვენთვისაც არ იქნება სასიამოვნო, რომ ჩვენმა შინაყმებმა ჩალა გამოგვავლონ პირში. თქვენ მით უფრო შეგიძლიანთ ამ გაჭირვებაში ჩვენი თანაგრძნობა, რომ თვითონ თქვენც თავადის და ერისთვის შთამომავალი ბრძანდებით; თქვენს გულს ესმის, თუ რა ღვთაებრივი დაწესებულებაა ბატონყმობა. მართალია, დღეს თქვენს სამშობლო ქობულეთში ხონთქრის სჯულმა დაარღვია ბატონყმური კავშირი, დღეს აღარ არსებობს ქობულეთში ისეთი გვარის ბატონყმობა, როგორიც ჩვენში, მაგრამ ეს არის მხოლოდ გარეგნათ; სულით და გულით ქობულეთის ერი ისევ თქვენი ერთგული შინაყმაა. ის ყოველთვის მზათ იყო და იქნება დასთხიოს სისხლი თავისი ბეგისთვის, ესე იგი ბატონის გულისთვის. აი, მაგალითად, დღეს, თქვენს ბრძანებაზედ გამოგყავთ მთელი ქობულეთი და აგერ მზათ არის, როცა უბრძანებთ, გასცვითოს თქვენი მტერი. ეხლა წარმოიდგინეთ, რას იგრძნობს თქვენი მაღალი გვარის სისხლით მჩქეფარე გული, რომ ეს თქვენი სულით და გულით შინაყმა, ქობულეთის ერი ვინმე ერთმა-ორმა უნამუსომ გაგიორგულოს და აძახებიოს: ჰასან თავდგირიძე ბეგი არ არის, ჩვენ და ის ერთი ვართო? ღმერთმა დეიფაროს თქვენი მაღალ გვაროვნობა ასეთის განსაცდელისაგან. თორემ დამიჯერეთ, ძვირფასო უფროსო ძმაო, მაშინ სიკვდილს ასჯერ ამჯობინებთ სიცოცხლესა. გეფიცები თავადაზნაურობის და ადამიანთა შორის მღალ-დაბლობის დამაარსებელ ღმერთს, დღეს სიკვდილი სჯობია გურიის თავადაზნაურობის სიცოცხლეს! ვიღაც უნამუსო და უღვთო კაცების ჩაგონებით დღეს უარს გვყოფს ჩვენი მარჩენალი შინაყმა! დღეს დაბალსისხლიან ჩვენს შინაყმებს უნდათ, რომ მაღალი, ბრწყინვალე სისხლი თავის მურტალ სისხლთან გაათანასწორონ! ეს გახლავთ ჩვენი მოძმე თავადაზნაურობის და ჩვენი გულის ვითარება და სატკივარი აწ მოგვინდვია თქვენი ქებული ნამუსისათვის, რაც თქვენმა ბრწყინვალე სისხლით მჩქეფარე გულმა მოგახსენოს, ისე ინებეთ, გნებავს, ან გაჭირვებულ ძმებს ძმურათ მოგვეშველეთ და გნებავს გაგვიმეტე თქვენი სისხლი და სულის მონაწილე და მიგვეცი მიწა-სამარეს.
თავადმა დათა ...ამ გაათავა სიტყვა და თავისი მრგვალი, მომღიმარე, ლამაზი სახე მიაპყრო თავდგირიძეს, რომლის ზორბა-მსუქანი, მაღალშუბლიანი და გამჭრიახთვალებიანი პირისახე გამომეტყველებდა პატრონის როგორც მაღალ ჭკუა-გონებას, ისე იმის სიბოროტეს. ივანე ჯერ გაჩუმებული იჯდა და, თითქო პირველად ნახაო, თვალებით სინჯავდა როგორც ბეგს, ისე თავის ამხანაგს დათას. უკანასკნელ, რა შეატყო, რომ ბეგი არაფერს ამბობს და ჯერ კიდე თავის გულს ეკითხება პასუხის შესახებო, ივანემ დაამატა თავის ამხანაგის სიტყვებს:
- იმ ფულებს, წეღან რომ მოგახსენეთ, ამეღამვე მოგართმევს ნაჩალიკი ბრუსულოვი. ამასთან ხელწერილსაც დებს, რომ თავის დღეში რუსეთმა არ განიზრახოს ქობულეთის დაპყრობა.
- ეიდა, თავადო დავით და აზნაურო ივანე, დაიწყო ბეგმა კარგა ხნის სიჩუმის შემდეგ ბუნებრივი გაბედულის კილოთი, - მე თქვენი ბეგების სიტყვით თემი მომიწოვია და მოვსულვართ გურიაში. გახსოვს, წინაზედ თქვენ ჩიოდით, რუსებს თავს ნუ მოვაქექიებთ, გარეკოთო? ახლა თურმე თქვენი თემი ორათ გაჭრილა, ზოგი სხვას იტყვის და ზოგი სხვას, ამისაგან მე რას მივხთე! მე ჩემი პირი პირით მინდა. დღეს შალიკაიშვილს სიტყვა მივეცი, ხვალ პირველ მე ავსტეხ სროლას-მეთქინ, ჩემი ჯარი დავანამუსე, ხვალ სროლა ჩვენ უნდა ავსტეხოთ-მეთქი და ახლა უნდა გავსტეხო აგი პირი? მერე რა შუბლით დავბრუნდე ქობულეთში? ჩემი ძმაი ხომ თოფს მკრავს, გურიის ღალატი რეზა დაგვადევი ვალათო!
- აბა აგია, ანაცვალე ჩვენი თავი ჩვენ შინაყმებს! სარგებლიან საქმეს მაინც შეხედე, ოქრო-ვერცხლით გილაღებენ ზანდუკს საყვედურით შენიშნა ივანემ.
- ეიდა, აზნაურო, შენი ნამუსი ლალია და ჩემი ნახშირი? ნამუსს ნუ გამატეხიებთ, ქვეყნის ღალატს ნუ დამადებთ-მექი მითქვამს, რა საწყენია!
- ბეგო ისე უზრდელი არა ვართ, ამისთანა რამე გთხოვოთ წაესარჩლა თავის ამხანაგს დათა - ნუ კი გეწყინება და ამ სიტყვაში გაგამტყუნებ. აბა იფიქრე თუ არა: გურია ჩვენ, თავად-აზნაურებს გვეკუთვნის და არა ჩვენს შინაყმებს. გურიის ღალატი მაშინ დაგედებათ თქვენ, თავად-აზნაურების სავნებელი საქმე რომ ჩაიდინოთ. მოიგონეთ, ბეგო. ვისთან გქონდა მოლაპარაკება თავდაპირველად? ჩვენ, თავად-აზნაურებთან. თუ ჩვენს შინაყმებთან? ჰო, და ღმერთმა თქვენი თავი ნუ მოგვიშალოს. აბა ჩვენი შინაყმები რაღა შუაშია? ვინ მისცა იმათ ქვეყანა! იმათ თავიანთი თავი არ ეკუთვნის, არა თუ ქვეყანა! თქვენ გაგვიპირდი, რუსები გარეკეთო; ამ გაპირებაზე ჩვენ ჩვენი შინაყმები ავამბოხეთ, თქვენც მობრძანდით, რომ შემწეობა მოგეცათ, მაგრამ ახლა საქმე სხვაფერ წავიდა. ჩვენი რჩევით ამბოხებულმა ყაძახებმა, ვიღაც უსინდისო და ურჯულო კაცების რჩევით, რუსების განდევნის მაგიერ ჩვენსკენ მოიბრუნეს თოფი, როგორც წეღან მოგახსენეთ, აპირობენ თავისთავი წაგვართონ და ისე უშინაყმოთ, ძაღლის საჭმელათ დაგვყარონ! გაგონილა! შენს უფროს ძმობას ვფიცავ, ბეგო ასან, შინაყმა რომ წაგვერთვას, თავად-აზნაურმა თოხს უნდა მოჰკიდოს ხელი და ყაძახსავით იმუშაოს, თუ არა შიმშილით მოკვდება! ამიზა გავბედეთ და გთხოვთ, რომ ნუ დეიდებთ ჩვენს ღალატს თავზე. იმ ფულებს, წეღან რომ მოგახსენეთ, მოგართუმენ, ამეღამ თუ არა, ხვალ. გააბრუნეთ თქვენი ჯარი უკან.
- მართალია, მე თავადების მომხრეთ მოვედი და, თუ თქვენ აღარ გიჭირს, ჯარი უნდა წევიყვანო, მარა ამბაკო შალიკაიშვილიც ხომ თავადია, ის დღეს ჩემთან იყო. ეიდა, პირობა მივეც-მეთქი, ხომ მოგახსენე, თავადო?
- შალიკაიშვილი თავადი აღარ არის მას შემდეგ, რაც ჩვენი შინაყმების თავით შეიქნა და ჩვენს ღალატში გაერია. ის ჩვენ გავაგდეთ.
- ყველა კაი, მარა რუსებს ხომ შერჩა სიავე?
- არაფელია. ჯერე ერთი ეს ბატონ-ყმებს შუა არეული საქმე დასცხრეს და მერე ყველა მოეწყობა.
- ეიდა, შალიკაიშვილმა რომ გეიმარჯვოს ხვალ, მაშვინ ხომ ტყვილა თხლენაჭამი დავრჩებით მეც და თქვენც, ტყულა დაგვატყდება ღალატი!
- ჩვენ თავს იყოს, - ერთხმად შესძახეს დათამ და ივანემ და, ბოლოს ივანემ განაგრძო:
- ჩვენ ყაზახებში საქმე გაწყობილი გვაქ, უნდა შემოგირიგდეთ ყველა ბატონებიო, ვუთხარით და ისე დავადობიეთ გული, რომ ხვალ ყველაი წელშიშველი იქნება. მივუსევთ იქიდან იმერლებს, აქედან რუსებს და სულ ყველას დავბაწრავთ. ამბაკო შალიკაიშვილს და მის ამყოლ ბესია-გოგიელებსაც დაასმენ ბაწარს, თუკი სიკვტილს გადურჩენ.
თავდგირიძე ჩაფიქრდა; მის სახის მოძრაობას ეტყობოდა, რომ! მისს სულსა და გულში ამ დროს რაღაც ბრძოლა იყო. რამოდენისამე წამის შემდეგ მან აიღო თავი და უთხრა დათას და ივანეს:
- ეიდა, თქვენმა ხათრმა ამაღებია ხელი გაცემულ სიტყვაზე მარა იმ თქვენმა ნაჩალიკმა რაც დამპირდა ფულები, არ მიმატყუოს, თვარა იცოდეს, რომ რასაც ვუპირებდი, იმაზე უარესს დავმართებ!
დათა და ივანე წამოხტენ, მდაბლად თავის დაკვრით გადაუხადეს მადლი ბეგს, ფულს ან ამეღამ და ან ხვალ მოგართმევთო, უთხრეს და დააპირეს გამოსვლა; მაგრამ ბეგმა მიიპატიჟა ისინი ყავაზე რომლის მიზეზით ისინი კიდევ დარჩენ ბეგის სახლში ერთ საათს რის განმავლობაში სულ გურიის გლეხკაცობას ლანძღავდენ: დაბალსისხლიანები, მოღალატენი არიან, თავის განთავისუფლება დააპირესო. წასვლის დროს ბეგმა კიდევ გაახსენა: ფული თუ არ გამოვიდა ხვალ შალიკაიშვილს მივეხმარები და ქალაქს მტვრად ვაქცევო.
XVII
გათენდა. მზე ამოგორდა აჭარის მთის იქიდან და ჩახედა ოზურგეთის არემარეს, სადაც დანამებულ მცენარეებს ადგა სქელი ნისლი, თითქო მზის შუქმა სული ჩაუდგა და გააცოცხლაო. გარეულმა ფრინველებმა გამოიღვიძეს და იმათ ჟრიამულში მიიკარგა მდინარე ბჟუჟის შუილი, რომელიც იმ დაწყნარებულ ღამეში გაუწყნარებლივ გაისმოდა ქ. ოზურგეთის მიდამოში. ამბაკო შალიკაიშვილს და გიორგის შემოხვეოდა ორმოცდაათიოდე თოფიარაღიანი კაცი რამდენიც მოთავსებულიყო, მათგანი შესულიყვნენ ოთახში და დანარჩენები იდგენ გარეთ. ზოგს მათგანს სახეზე ემჩნეოდა რაღაც ერთ გვარი სასოწარკვეთილება და მღელვარება, ზოგს კი უსაზომო გულმოსულობა და მრისხანება; ამ უკანასკნელებში უფრო შესანიშნავი იყვენ თვითონ შალიკაიშვილი და ბესია, გიორგის სახე კი უფრო არ ეკუთვნოდა არც აღელვებულების და არც განრიხებულების რიცხვს; ის ნაღვლიანად იყო ჩაფიქრებული.
- ეი, ღმერთო, ღმერთო! რა მიყვეს იმ იუდებმა! ათასი ვაისა და უის გამონაცადი ავადმყოფი კაცი ვეგდე ჩემს სახლში, ლოგინზე; შამომიცვინდენ, ძალით დამაფიცეს, საქმეში გამაბეს, რაც შესაძლო იყო, ღმერთმა იცის, წაღმა წევიყვანე. ცოტა აკლდა, რასაც ვნატრობდით, იმის ასრულებას და ახლა მიღალატეს! ფუი, ამისთანა ხალხს! - გაცეცხლებულმა წამოიძახა მოთმინებიდან გამოსულმა შალიკაიშვილმა.
- რუსეთში რომ ვიყავი, - სთქვა გიორგიმ, - სტუდენტებს ხშირათ გვქონდა ხალხის მდგომარეობის შესახებ ლაპარაკი; ყველას გული გვეწოდა იმისი ცუდი მდგომარეობის გამო, ყველას გვეწადა რამე შველა მიგვეცა; ვინ მოსთვლის რა და რა საშუალებას არ დავეძებდით ამისთვის. როცა ხალხის აჯანყებაზედ ჩამოვაგდებდით ლაპარაკს, ერთი ჩვენი ამხანაგი, რომელიც კარგა დაახლოებით გაცნობილი იყო რუსეთის დაბალ ხალხთან, მაშინათვე იტყოდა: თქვენ ჩვენი გაუწვრთნელი ხალხი სანდო ნუ გგონიათ; ჯერ რომ ჩვენმა ხალხმა არ იცის, სად როგორ უნდა მოქმედება, ის, სადაც საჭირო არ არის, თავშეუმაგრებელი ჯიუტი საქონელივით აწვება და ალევს თავის ძალ-ღონეს; სადაც საჭიროა, იქ კი გიმუხთლებს და ხელს არ გაანძრევს. ამას გარდა ხალხი ადვილი მოსატყუებელი და მოსარიგებელია იმის მხრით, ვის წინააღმდეგაც ის აჯანყებულია. მაშინ იმ ჩვენი ამხანაგის აზრი ხალხის შესახებ სიმართლე არ მეგონა, დღეს კი ვხედავ, რომ ჭეშმარიტება ყოფილა.
- ბეგმა რომ შეიგვიანა და არ ასტეხა სროლა, იგი რაღაა? იმანაც გვიღალატა! მოდი, ბიჭებო, ეს ორმოცი-ორმოცდაათი კაცი დევერიოთ რუსებს, რაც შევიძლოთ, დავჟლიტოთ, რაც ვერა, დაგვხოცენ, იგი იქნება! გეიხაროს ჩვენმა მოღალატე ხალხმა!
- ასე უნდა, ასე! - დაუდასტურა ბესიამ, - ამას ვჩივი მეც. თუ დაგვხოცენ, სირცხვილი მაინც აღარ დაგვედება.
- ნამდვილია, ნამდვილი! - დაიძახა რამდენიმე კაცმა.
- მერე ორმოცდაათი კაცი რას დააკლებს იმოდენა ჯარს? ისევ ისა სჯობია, სანამ ბეგი თავდგირიძე არ ასტეხს სროლას, ჩვენ მოვითმინოთ. როცა თავდგირიძის ხალხი სროლას აუტეხს, მაშინ ჩვენი ვქნათ. ვინ იცის, მაშინ ჩვენ ხალხსაც არ მოუთმინოს ეგება გულმა და ისიც მოგვეხმაროს, - არჩია გიორგიმ.
- დიახ, დიახ, ბეგს მოვუცადოთ. - დაეთანხმენ ზოგნი.
- კი, მაგრამ, ამ ბეგმაც რომ გვიღალატოს და აღარ ესროლოს, მაშინ რაღაი, სთქვა სიმონ... ძემ.
- რუსის სალდათებმა რომ გზები შეგვიკრეს და ვეღარ მივუდექი, თვარა წევიდოდი, - სთქვა შალიკაიშვილმა.
- ბეგთან მისვლა აღარ მიეწყობა, თავამდი სულ რუსის ყალაურებია, - დაიძახა ვიღაცამ.
- ეს მიკვირს ყველაზე უფრო! - უთხრა გიორგის შალიკაიშვილმა, - წუხელი შეღამების დროს რუსები ქალაქიდან თავის გამოყოფას ვერ ბედავდენ და დღეს ძალიან გაუწევიან, ბეგი და მისი ჯარი თლათ შემოუკვრია! თუ ღალატი არ იყოს, ბეგმა რავა დაანება თავი!
- გასაკვირალი კია, მარა, რაც უნდა იყოს, ჯერ ვერ დავიჯერებ, ჰასან-ბეგმა გვიღალატა მეთქი. იმისთანა ვაჟკაცი ღალატს არ იკადრებს, - სთქვა ბესიამ და შემდეგ დაამატა: - ახლა ერთი უნდა ვქნათ: ამბაკოსთან და გიორგისთან დავტიოთ ათი კაცი, ვინ იცის ეგება საჭირო დარჩეს, სხვებმა წევიდეთ და ერთი კიდე ვსცადოთ ჩვენებთან, ეგება დაგვიჯერონ, გამოვიდენ საჩხუბრათ. ამასობაში ბეგი, დასტურ თუ არ გვღალატობს, აუტეხს სროლას. თუ ყველა გამოგვეშლება და მაშინ თავი შევაკლათ, მეტა რაღაი! ვითამ რათ გვინდა ცოცხალ-მკვტარი თავი!
- ძალიან კარგათ თქვა ბესიამ, ახლავე წევიდეთ ამხანაგებში და თუ იგინმა თხლეი ჭამოს, ჩვენ ჩვენი ვქნათ, - დაიძახა რამდენიმე ხმამ.
ამის შემდეგ დაითვალეს ათი კაცი, რომლებსაც უნდა მოეცადათ ამბაკოსთან და დანარჩენები წავიდენ თავიანთ გულდადებულ ამხანაგებში, რომელთა კარვები ერთი მეორეში იყვენ არეულნი ქ. ოზურგეთის გარშემო. ამბაკოს და გიორგის ძლიერ ესურვებოდათ თითონაც გაჰყოლოდენ ბესიას, მაგრამ იქ მყოფმა ხალხმა ერთპირად ურჩია მათ: შენ, გიორგი და ათმა კაცმა შეიცადეთ, ვინიცობაა, ბეგმა კაცი გამოგზავნოს, სიტყვა უნდა უთხრათო.
მზე სასადილოზე მოახლოვდა, რომ ბესია თავისი ორმოციოდე ამხანაგით კიდევ დადიოდა აჯანყებულებში და იწვევდა მათ: საქმე ყუაზე მიგვიყენებია, ნუ მივაწყვეტთ ბოლოს, მტერის სანატრელს ნუ ვშვრებით, დავეცეთ ქალაქს და მოვუღოთ ბოლოვო. მაგრამ ამის სამაგიეროდ ის ხედავდა, რომ აჯანყებული გლეხები, თითქო ვიღაცას მოუჯადოებიაო, სრულიადაც აღარ ჰფიქრობდენ ხელის განძრევას. ბესიას რჩევაზე ისინი მედიდურად იძლეოდენ პასუხად: “თქვენ ჩვენი მოძღვრები ხომ არ ხართ? თქვენ თუ გინდათ, ეჩხუბეთ და ჩვენი ჩვენ უფრო ვიცითო. ბესიას მამა გაულახეს და ახლა ჩვენით უნდა ნაჩალიკის ჯინი ამოიყაროსო”, - ამბობდენ ბესიაზე რამდენსამე ალაგას, როცა კი ბესია ზურგს შეაქცევდა და მოშორდებოდა, ერთ ადგილზე ბესია შეხვდა ივანე X-ძეს და მის ბიჭ კოზიას: ეს უკანასკნელები დადიოდენ ხალხში თავის მხრით და, თითქო მახარობელნი არიანო, ეუბნებოდენ ხალხს: “გათავდა, ჩვენი საქმე წაღმაა, რაც გინდოდენ, გისრულდებიან, დღესვე მოგვივა ნაჩალიკის და ბატონებისაგან სიტყვა: ბატონყმობა დეირღვა, გადასახადი მოისპო და შეგვირიგდითო. აღარავის დაუჯეროთ, ჩხუბი აღარ ატეხოთ”. ბესიამ მოინდომა ივანეს მოკვლა, მაგრამ სიმონი, რომელიც მხარდამხარ მიჰყვებოდა ბესიას, ეცა თოფზე და უთხრა:
- არ გადარიო! შენ რომ ახლა ივანე მოკლა, ბიჭები მაშინვე ჩხუბს აგვიტეხენ და მტრის გასახარელი საქმე მოგვივა, ერთი-მეორეს დავსწყვეტთ!
- ღმერთმა იცის, ამის სიკვტილი კაი საქმე იყო, მარა არ დამანებეთ და იგია! ბესიამ მოშალა დამიზნებული თოფი. ივანე, თუმცაღა გვარიანი მოშორებით იყო ამ დროს და არ გაუგია არც ბესიას სიტყვები და არც ის, რომ თოფი დაუმიზნეს, ბესიას დანახვაზე მაინც დაბრუნდა უკან და თავისთვის ჩაილაპარაკა: „მაცა პაწაი და გაჩვენებ სეირს!” ბესიას და მის ამხანაგებს, რასაკვირველია, არ გაუგონიათ ეს ივანეს სიტყვები ისინი ამ დროს, ის იყო, ავიდენ ერთ გორაკზე, სადაც რამდენიმე ხის ტოტისაგან გაკეთებული, ისლით და ჩალით დახურული კარვები იდგა. ამ კარვებში მყოფი ხალხი ახალი ამდგარი იყო და, თითქო თავიანთ კერასთან არიანო, ისე ზოგნი ზანტად პირს იბანდენ, ზოგნი პირჯვარს იწერდენ და ზოგნიც საუზმეს შეექცეოდენ. იმათი თოფ-იარაღი უპატრონოსაებრ ეკიდა კარვის ღობეებზე.
- ყოჩაღ შენ კაცობას, ათანიავ, აგი იყო შენი იმედი, რომ გვიჭირს, მაშვინ წელშიშველი დეიარები! ბოლოზე გატეხე ჩხირი და მიგვატიე! ბედაური ბოლოსო, მაინც აღარ გაგიგონია? - მიაძახა ბესიამ საყვედურით ერთ კარგა მოყვანილ ტანის ყმაწვილ კაცს, რომელიც ჯანყის მოთავეთაგან ითვლებოდა და ძალიანაც თავგადადებით დასტრიალებდა, სანამ შემორიგებაზე არ მოესმა ხმა.
- რას მერჩი? ჩვენ რომ გვინდა, ისე გვირიგდებიან თურმე და მეტი რაღა გვინდოდა? - უპასუხა ბესიას ყმაწვილმა კაცმა.
- კი ნახავ თუ გვირიგდებიან! დათას და ივანეს დაუჯერე!
- დედავ! აბა მოგვატყუეს! დღეს და ხვალ ვუყუროთ და, თუ ცრუობა დარჩა, სად წამივა! თვალებს მოვსთხრი!
- კი, უწინ შენ მეითხარე თვალები და მერე თვალებმოთხრილი ძალიანს არ დეინახავ მტრის თვალებს!
სიმონს და რამდენსამე სხვებს გაეცინა ბესიას სარკაზმულს ხუმრობაზე.
- მხიარულია თუ ჯავრიანი, მაინც ასე საცინელი ხუმრობა იცის ბესიამ, - სთქვა სიმონმა, შემდეგ შეხედა მზეს და უთხრა ბესიას: - ბესიავ, მგონია, ჰასან-ბეგმაც გვიღალატა, თუ არა. რა იქნა ამდონ ხანს რომ არაფერი ისმის!
- ფარცაგი აღარ არის, მეც მწამს! შალიკაიშვილთან გავბრუნდეთ და რაც დავთქვით, იგი ვქნათ, - უპასუხა ბესიამ და შემდეგ ერთი კიდევ მიუბრუნდა ათანიას, იქნება დავაჯერო როგორმე და გავიყოლიო, მაგრამ ვერ მოასწრო ორი სიტყვის წარმოთქმა, რომ მოისმა ვიღაცას ყვირილი: “დაგვხოცეს, დაგვხოცეს! ღალატია, თავს ვუშველოთ!”
ბესიამ გაიხედა ამ ყვირილზე და დაინახა, რომ აჯანყებულების კარვებს შემოადგენ რუსის ჯარი და ცხენოსანი იმერლები. აჯანყებულებში ატყდა საშინელი ფაციფუცი: “არიქა, თავს ვუშველოთ, ტყისკენ გავიქცეთ, ტყისკენ” - გაისმოდა ყოველგან, მაგრამ აღარც ეგ ტყისკენ გაქცევა იყო საადვილო, რადგანაც რუსის ჯარი უფრო და უფრო ტყეს ეტანებოდა და, მცირეოდენს გარდა, სულ გადაეჭრათ ტყის ნაპირი. “თოფი, ბიჭებო, თოფი! თხებსავით დავპანტოთ მტერი!” - დაიძახა ბესიამ, გაიწია წინ, ცხენოსანი იმერლებისაკენ დამიზნებული თოფით მოახტა ხეს. ბესიას გადაჰყვენ სიმონ და სხვა ამხანაგები, რომლებიც იმ დილაზე დადიოდენ მასთან. დაიჭექა რამდენიმე თოფმა და თვალის დახამხამებამდე რამდენიმე იმერელი უსულოდ გადავარდა ცხენიდან. “დათამ გვიღალატა, ბესიას გავყვეთ!” დაიკივლა ათანიამ. ამ ხმამ ერთი ასიოდე კაცი მიუმატა ბესიას ამხანაგობას, რომლებიც ამ დროს ხეზე მოფარებულები სტენავდენ თავიანთ თოფებს.
- წავხთით, ამბაკო და გიორგი მოკლული იქნებიან ახლა! - უთხრა ჩქარი ლაპარაკით ბესიამ სიმონს, რომელიც ბესიასთან ერთად ეფარებოდა ხეს.
- ნუ გეშინია, იგინს იმისთანათ მორთული ადგილი აქვან, რომ ფრჩხილსაც ვერ წასტეხენ, უპასუხა ამ უკანასკნელმა.
- ჰო, ჰო, გორას მოეფარებოდენ, სთქვა ბესიამ. - ხეს მოეფარეთ, ხეს! - დასძახა ამხანაგებს და გაისროლა თოფი, რომლის ხმას გაჰყვა ასზე მეტი თოფის ხმა და მათ მოწინააღმდეგეებს, რომლებიც ჯერ კიდევ ტრიალ მინდორში იყვენ, კიდევ გამოაკლდა რამდენიმე კაცი. ერთი ხუთიოდეხელ კიდევ ამისთანა, და რუსის ჯარი მათი მომხმარე იმერლებითურთ იძულებულნი იქნებოდენ დაქანებულიყვნენ უკან, რასაც ის შედეგი ექნებოდა, რომ აჯანყებულები წაიყრიდენ თავს და ხელახლა გამაგრდებოდენ. აი სწორეთ ამ დროს აზნაური ივანე X-ძე და მისი ბიჭი კოზია მოეფარენ ბესიას და სიმონის უკან ხეებს და, თითქო რუსებს ესროდენო, მოარტყეს ბესიას ზურგში და სიმონს მხარში.
- ჰასან-ბეგო, გვიღალატე, მარა გადაგიხდის გურია! - დაიძახა ბესიამ, დაეცა მიწაზე, კიდევ რაღაც ჩაილუღლუღა დათაზე და დალია სული.
- ბესიავ, მოგვკლეს! - დაიძახა სიმონმა და ისიც დაეცა მიწაზე, მაგრამ ერთმა ამხანაგმა, რა დაინახა, რომ სიმონი ჯერ კიდევ ცოცხალია, იქნება არ მოკვდესო, მოიგდო ზურგზე და გასწია ტყისკენ. მეომარმა აჯანყებულებმა ჯერ ვერც კი შეიტყვეს ბესიასა და სიმონის გამოკლება, ისე თავგანწირულნი ესროდენ მათ მოწინააღმდეგე რუსის ჯარს და იმერლებს, რომლებიც ჯერ ვერ ახერხებდენ ქალაქიდან ზარბაზნების გამოტანას და იმითი მოქმედებას, რის გამოც თანდათან ზიანდებოდენ აჯანყებულების ტყვიით. მაგრამ ამ დროს ივანე X-ძე და მისმა ბიჭმა, რომლების შესახებ არავის გაუგია, რომ მათ იმ ერთი წამის წინ თოფი ჰკრეს ბესიას და სიმონს დაჰკივლეს “დაგვხოცეს, ბესია და სიმონ მოგვიკლეს, თავს ვუშველოთ!” ხალხმა, რა გაიგონა ეს ხმა, იბრუნა ზურგი, მიატოვა ბრძოლის ველი და გაიქცა ტყეში. “არ გაუშვათ, დახოცეთ!” - თავისებური კიჟინის ხმით დასძახა თავადმა დათამ, რომელიც ამ დროს ცხენოსან იმერლებში ერია. იმერლები და რუსის ჯარი დაედევნენ დამარცხებულ გლეხებს, მაგრამ ტყეში შესვლას ვერა ჰბედავდენ, რადგანაც ეგონათ, რომ გლეხები მოგვიბრუნდებიან, მოეფარებიან ხეებს და დაგვხოცავენო. საჩქაროდ გამოიტანეს ქალაქიდან ზარბაზნები და რამდენისამე საათის განმავლობაში ესროდენ ტყეში იმ მხარეზე, საითკენაც დამარცხებული გლეხები პასუხის გაცემას ვერ ჰბედავდენ. რუსის ჯარმა და მათმა მხარმა იმერლებმა დასტოვეს ოზურგეთის გარშემო დარაჯები და შებრუნდენ ქალაქში. გაბრუნების დროს თავადმა დათამ დაინახა მოკლული ბესია და დაუწყო ნიშნის გება:
- აა, გლეხების გენერალი მოუკლავთ! რაღა ეშველება ამბაკო შალიკაიშვილს, თანაშემწე რომ აღარ ეყოლება აწი? ჰა, შენ გვართმევდი შინაყმებს! ის არ, გერჩია შენის ბატონისთვის გემსახურებია და ცოცხალი ყოფილიყავი? შეგჭამოს აქ ტურებმა და მგლებმა!
ამ ლაპარაკზე მოვიდენ რამდენიმე იმერელი და რუსის ოფიცრები და რა შეიტყვეს მოკლული ჯანყის თავი იყოვო, იმათაც თავის მხრით დაუწყეს ბესიას ლეშს მასხრობა. მხოლოდ ერთმა ოფიცერმა რა დახედა ბესიას ვაჟკაცურ მოყვანილობას, შეიბრალა ის და სთქვა:
- Как хотите говорите, а это весьма неприятное явление, если наше войско вследствие таких глупых бунтов будет истреблять таких здоровяков крестян. Вы должны знать, что силу государства составляют рабочий люд - крестьяне, они кормят всех∗.
ამ გულშემატკივარ ოფიცერს ამხანაგებმა დააყარეს სიცილი და მიაძახეს:
- Видьте, ему жаль, что убили атамана бунтарей.
- Как-же не жаль убить такого здорового земледельца!∗∗
არ შეაწბილდა გულშემატკივარმა აფიცერმა თავისას.
საღამო ჟამს მინდორი სრულიად დაიცალა მეომართაგან; ბესიას და სხვა მოკლულების გვამი დარჩათ ტურა-მგლებს, რომლებმაც იმავე ღამესვე გადაითრიეს ტყეში და დააწიოკეს.
XVIII
სულ ჩვენი მეზობლობა შემოვიარე და ამ სამი დღის აქეთელი ამბავი რომ იცოდეს, იმისთანა კაცი არ არის! - ნაღვლიანად უთხრა მანამ თავის დედას მაღალ-მაღალ, წელში მოხრილ მოხუცს, სწორედ იმ საღამოს როცა მთავრობის ჯარმა დაამარცხა აჯანყებულები. მოხუცმა მოჭმუხნა თავისი ხმელი, ამაყი სახე და სთქვა:
- რა იქნა, რომ არ ვიცი! აქამდი დილა-საღამოს ვტყობილობდით ყველას და ახლა სამი დღეა ვეღარაფერი შევიტყვეთ. აი სიზმარიც რომ აღარ მომეკარა! სხომის, შვილო ბესიეი რომ სადმე იქნებოდა, ყოველთვის ვნახავდი სიზმარში, ახლა კი, ოთხი ღამეა მას მერე, მესიზმრა ვითამც ბესიეი, ენაცვალა დედამისი, მისებურა ჯიღათ დეიარებოდა ეზოში.
- კაი და კეთილია, ნენა გუშინწინ. ღამით მეც მესიზმრა, ვითამ ბესიკი და სიმონ ორივე მევიდენ და მეიტანეს ამბავი, რუსები გავაქციეთო...
მანას უნდოდა კიდევ რაღაც ეთქვა, მაგრამ ამ დროს სახლის კარზე მიადგა მამამისი და დაეკითხა მას:
- ცავ, მანავ, არაფერი ამბავია?
არა, ბაბავ, სამი დღეა არაფერი შეგვიტყვია.
- რა თქვი? - ჰკითხა ხელახლავ შავარდენმა (ეს სახელი ერქვა მანას მამას), რომელსაც ღრმა მოხუცების გამო ყურთ დაჰკლებოდა.
მანამ გაუნმეორა პასუხი მამას უფრო ხმამაღლა.
მოხუცმა მძიმედ დაიკვნესა ამ პასუხზე და წარმოსთქვა:
- სამ დღეს კაცმა რავა უნდა გაჩერდეს ამბის შეუტყობლად! რა დიდი საქმეა ოზურგეთს გარბენა? მარა ახლა რომ მოვხუცთი და წავხთი, ჩემთვის ყველაი დიდი საქმეა. შვილი ჩემი ნუგეში, ვაჟიშვილი თოფის პირზეა აფარებული და მე მისი ამბავი ვერ შემიტყვია! ეი, მოხუცებავ, რა შერცხვენილი ხარ!.. ამ ოცი წლის წინათ თუნდა ქუთაის რბენით მივიდოდი და ახლა ეზოდან გადარება აღარ შემიძლია!..
ამ ლაპარაკით მოხუცი შევიდა სახლში და მიუჯდა ცეცხლის პირს, რადგანაც იმ საღამოს ცოტა გრილოდა. ამ მოხუცს ჯერ კიდევ ეტყობოდა სახეზე, რომ ის ყმაწვილობისას ძლიერ ეგვანებოდა თავის ასულს, მანას.
- ჩვენი ხიზანი ქალები სად არიან? - ჰკითხა ბოლოს მოხუცმა.
- ძროხებიზა წევიდენ, - უპასუხა მისმა მეუღლემ და შემდეგ უთხრა მანას, - აწი, შვილო, შენც წადი ძროხიზა, აგერ, ხედავ, მზე ჩავიდა.
მანამ დაუძახა ძაღლებს, წაიტანა თან და წავიდა ძროხის მოსადენათ. იმ დღემდე, როცა ძროხის მოსადენათ წავიდოდა, ყოველთვის გაუვლიდა თავის მეზობლის ქალებს, წაიტანდა იმათაც და შინ მოსვლამდე ბავშვივით კისკისებდა და ცელქობდა იმათთან. მაგრამ ამ დღეს ძლიერ დაღონებული იყო თავისი ძმის ბესიას ამბის გაუგებლობის გამო. “სხომის დილიდან საღამომდე რაც მოხთებოდა, ყველას ვტყობილობდით, - ფიქრობდა ის, - ახლა რა არის, რომ მიყრუვდა და აღარაფერი ისმის? ვაითუ რუსებმა დასძლიეს და ჩემი ძმა და სიმონ დეიჭირეს! მარა აგი არ იქნებოდა. ბესიას ადვილად ხელს ვერ სტაცებენ. მის ალმურ თვალებთან ვინ რას გაბედავდა!” მანას გულშიაც არ გაუვლია რომ დაჭერის გარდა კიდე შესაძლებელი იყო ისიც, რომ მისი ძმა მოეკლათ თოფით. მანას ამასთან მოაგონდა იგიც, რომ აგერ ერთ თვეზე მეტი იყო, რაც თანისთან ყოველდღე ისმოდა ხმა: აჯანყებულებმა აქ მეგრელები დაამარცხეს, იქ რუსებს ზარბაზანი წაართვეს, იმერლები იფრინეს და ცხენები წაართვეს და სხვა. “ღმერთო დიდებულო, - გაიფიქრა მანამ, - რეზა ვიკლავ თავს ჯავრით! ამდენი ხანია სულ ჩვენებია გამარჯვებული და ამ სამ დღეს ისე რავა შებრუნდებოდა საქმე, რომ მტრის გულის გამხთარიყვენ!” სწორედ ამ ფიქრებზე იყო მანა გაჩერებული, რომ იმ წყაროსთან, სადაც ის ხშირად დადიოდა, დაინახა ვიღაც კაბალახით თავშეხვეული კაცი, რომელიც იჯდა და თუთუნს სწევდა. მანა პირველად შეფიქრიანდა, თათარია ეგებაო, მაგრამ ბოლოს გადაატრიალა ეს სწრაფად მოსული აზრი და სთქვა თავის გულში: “რა დროს თათარია, ქვეყანას თოფი უჭირავს ხელში!” ამ ფიქრით ის დაუახლოვდა წყაროს, რომელსაც გაუვლიდა გზა, და იცნო, რომ ის, ვინც მან პირველად ჩასთვალა თათრად, იყო ივანეს ბიჭი კოზია. თუმცაღა მანას ბედით ინსტინქტურათ სძულდა ეს კაცი, ზიზღის ჟრუანტელი დაუვლიდა ტანში, როცა ის კოზიას ნახავდა, მაგრამ, რადგანაც მას შეტყობილი ჰქონდა, რომ კოზია აჯანყებულებში იმყოფებაო, გადასწყვიტა ამ შემთხვევაში გამოსცხადებოდა კოზიას და გამოეკითხა ბესიას და სიმონის ამბები. მაგრამ კოზიამ დაასწრო და უთხრა:
- სალამი, მანა!
- სიცოცხლე, ნიკოლოზ! - უპასუხა მანამ და დააპირა რაღაცას გამოკითხვა, მაგრამ კიდევ კოზიამ დაასწრო და უთხრა:
- მანა, რა ამბავია სოფელში, რა ისმის ჩვენზე?
- მანამდე სულ გეიმარჯვეს და გეიმარჯვესო, ისმოდა; აგერ სამი დღეა აქ არაფერი შეგვიტყვია. მითხარი, ჩემი ძამიეი, რა ქენით, ჩემი ძმაი რავა არის?
- გამარჯვება ჩვენია და ჩვენი. შენი ძმაი ძალიან კარგათ არის, მარა ჯერ ბესიეი შინ ვერ მოვა. საქმე არ გაგვითავებია. მე დღეს წამოვედი, ბესიას ვკითხე, შინ თუ რამეს შეუთვლი, მიუტან-მეთქი, მარა სიმონ მივა ამეღამ და იმის პირით შევუთვლით, მითხრა. ამეღამ მე მასთან მივალ, თუ რამეს შეუთვლი ბესიას, ვეტყვი.
- მადლობელი ვარ, შესათვალი არაფერი მაქ, - უპასუხა მანამ, გადაუხადა კიდევ მადლი და წავიდა თავის გზაზე.
მეტისმეტად გაამხიარულა ძმის შესახებ კარგმა ამბავმა და ამასთან იმანაც, რომ შეიტყო ამეღამ სიმონი მოვაო. “ზოგი ჭირი მარგებელიაო, იტყვიან, იმისი არ იყოს, კოზია მძულდა და ახლა ძალიან მასიამოვნა ამ ამბებით”, - გაივლო მანამ ფიქრში, მაგრამ ამ დროს გაახსენდა ის საეჭვო გამომეტყველება, რომელიც კოზიას ეხატებოდა სახეზე და დაფიქრდა: “მართლა, ის ეშმაკური ღიმილი და თვალების ტრიალი რაღა იყო?” - დაეკითხა მანა თავის გულს და ბოლოს თითონვე ახსნა ეს კითხვა: მარტოთ რომ მნახა, უეჭველათ გულმა რამე უთხრაო.
როცა მანა სახლში დაბრუნდა, მშობლებმა მაშინვე შეატყვეს, რაღაც კარგი ამბები შეუტყვიაო.
- შენ რაცხა კი შეგიტყვია? არიქა, ქალო, მომარჩინე მითხარი, მანა, რა ამბავია? - ჰკითხა დედამ.
- ბესია კარგათ არის და საქმეც კარგათ მივაო.
- დედაშვილობამ ხეირი მისცეს, ვინც ამისთანაი კაი ამბავი მოგვიტანა.
- გამარჯვება ჩვენების არისო? - იკითხა მანას მამამ.
- ბესიეი კარგათ არის და ამეღამ ტკბილათ დამეძინება.
- ღმერთო, მადლი შენ.
ამბავი გამოკითხეს ხიზნებმაც და ძლიერ გაიხარეს - “ჩვენებს გაუმარჯვიაო” - ამის გაგონებით.
- ვინ გითხრა, მანა? დაეკითხა დედა.
მანას არ უნდოდა გაემხილა, რომ კოზიეი მარტო ვნახე და ველაპარაკეო. ამიტომ უპასუხა დედას:
- ვინცხა თოფიანი კაცი ვნახე გზაზე, მივხვთი ოზურგეთიდან მოვა-მეთქი, ჩვენი ესიკაის ბიჭს ვაკითხვიე ამბავი და იმან თქვა ყველაყაი.
მანამ დაამატა ისიც, რომ შეიტყო ამაღამ სიმონა მოდისო.
- ხეირი მისცა დედაშვილობამ, - სთქვა კიდევ მანას დედამ, რომელიც მარდათ შეუდგა ვახშმის კეთებას და ჩვეულებრივზე უფრო ადრეც მოამზადა, რადგანაც სადილი ყველას უმადოდ ეჭამათ ბესიას ამბის გაუგებლობის გამო.
დღე გამოეთხოვა ქვეყანას. ღრუბლიანმა ღამემ ისეთი თვალთუხელი სიბნელე დაუშვა, რომ გეგონებოდათ მთელი სამყარო სიბნელის ოკეანმა შთანთქაო. მანა და მისი მშობლები ხიზნებითურთ ქეიფიანად შეექცეოდენ ვახშამს და სვამდენ აჯანყებულების სადღეგრძელოს. მანა ხშირად გაჩერდებოდა და გაიყურებოდა, იქნება სიმონ მოდის და ძაღლებმა დაუწყოს ყეფაო. მაგრამ სრულიათ არარა ისმოდა. უეჭველათ სიმონს უნდა ჯერ მე მნახოს ჩუმათ და ამიზა არ მოვიდა ამეღამ ჩვენსას”, - დაასკვნა მან, რა რომ ვახშამი დასრულდა და სიმონი არ გამოჩნდა. მაგრამ ამ ქალს რომ ამ დროს თავის ეზოს მახლობელ ბუჩქნარში გაევლო, დარწმუნდებოდა, რომ მწარედ მოვტყუებულვარო, რადგანაც, ნახავდა იქ კაზიას და ორს ვიღაც ყმაწვილს, რომლებსაც ჰქონდა ამ დროს შემდეგი ლაპარაკი.
- კოზიავ, ვაითუ ეჭვი აგართვა და მის მაგიერ ახლა იმ ნიგვზის ძირში ვინმე თოფიანი კაცი გვიდარაჯებს ჩვენ მოსაკლავათ.
- რა ეჭვიანი ხარ! ვინ მისცა გამოუცთელ ქალს ამდენი ხერხი, რომ ეჭვი ამართვას! მე იგი ისე დავაჯერე, ამეღამ სიმონ მოვა მეთქი, რომ ახლა კარში დარაჯობს.
- ხომ ნამდვილათ იცი, სიმონს და მანას რავა პაემანი ჰქონდათ? - ჩაერია ლაპარაკში მეორე ამხანაგი.
- რავა არ ვიცი, - უპასუხა კოზიამ ორჯელ ჩუმათ გამოვყევი ღამე სიმონს და ყველაფერი შევიტყვე. მე მივალ დიდი ნიგვზის ძირში და სიმონივით დევისტვენ. მანაი გამოვა, სიმონ ვეგონები და მოვა ჩემთან. თქვენ იქინეი ახლო იქნებით ჩასაფრებული და, მე რომ ქალს ხელს მოვკიდებ, მომეხმარეთ.
- ეი, ბიჭო, რა მუდრეგია სიკვტილი! ბესიეი რომ ცოცხალი იყოს, ხომ ვერ გავბედავთ ამას? ხომ უძებრ-საძებრით მოგვნახავს, დედამაწაში რომ ჩევიდეთ, იქინეო ჩამოგვდევს და მოგვკლავს, - თქვა ერთმა ამხანაგმა.
- ძალიან ბიჭი გათავდა, - უპასუხა მეორემ.
- რა მხთალები ხართ! ბესიეის ძოვრს ახლა მწერები ჭამს და თქვენ ისე ლაპარაკობთ, რომ კაცმა გიყუროს, კიდევ მისი ეშინიათო, იფიქრებს, - შეუწყრა კოზია.
- შიშით რეის უნდა მეშინოდეს? ბეისეი ახლა ვითამ ქვეყანაზე მის დღეში არ ყოფილა, - უპასუხა ერთმა.
- შიშით არ მეშინია და ისე ძაან დასაფიქრებელი კია აი სიკვტილი. კაცი დღეს ცოცხალი იყო, ათას რამეს ფიქრობდა და ახლა მის ხორცს მწერები ჭამს! მე რომ ამას დავეყურე, ტვინი დამება თავში, - თქვა მეორემ.
- შენ, სულელო, ბრიყვულს რომ ედები, ერთი აგერ მიყურე რანაირათ მოვატყუე მანაი. ვუთხარი შენი ძმაი კარქათ არის და შენთან სიტყვები სიმონის პირით შემოგითვალა, სიმონ ამეღამ მოვა-მეთქი. იმისთანა გუუხარდა აგი ამბავი, რომ მეთხრობია, მგონია, მაშვინ მაკოცებდა კიდეც, - შეატრიალა ლაპარაკი კოზიამ, რომელიც ამ დროს გატაცებული იყო მანას სურვილით და სრულიადაც არ თანაუგრძნობდა ახირებულ ფიქრებში თავის ამხანაგებს.
- ჰოი, შენ ყურმსაღო, შენ! რა ანგელოზი ქალი უნდა ჩეიგდო ხელში! შენი სული ახლა იმასთან არის, - გაეხუმრა ერთი.
- ჩვენს ქვეყანას მეორეს აღარ ეყოლება შენისთანა ცოლი.
- შენმა ბატონმა ივანემ არ წაგართვას, ძაან სუნაგი კაცია ამისთანაობაში, - უთხრა მეორემ.
- თქვენ დარდი ნუ გაქ. ერთი რომ ცუდი თვალით შეხედოს, სიცოცხლეს მოვუსპობ.
- უჰ, უჰ, რა მტკივა მუხლები. ეს ოხერი სულ რბენით წამოვიდა, - წამოიძახა ერთმა, რომელიც გრძნობდა ძლიერ დაღლილობას, რადგანაც კარგა ძალი გზა მართლადაც რბენით გამოევლო თავისი ამხანაგის კოზიას გულისთვის.
- მეც ძაან მტკივა, - თქვა მეორემ.
- ფუ, თქვენს ვაჟკაცობას! რაღა მოწიფულები ხართ, თუ ნახევარ დღის რბენაზე საღამოს დედაბერივით დაიწყებთ კვნესას. ისე რომ არ გვერბინა, ხომ ვერ მოუსწრებდით. - უპასუხა კოზიამ, რომელიც მართლადაც, ისეთი ჯანსაღი იყო, რომ სამი დღე რომ ერბინა, მაინც არ დაიღლებოდა.
- ამას დაეთხუე, არ დაგვიგვიანდეს იი ნიგოზთან წასვლა, - თქვა ერთმა.
- არა, ჯერ ადრეა, თვითონ გეტყვი, როცა იქნება დროი, - უპასუხა კოზიამ.
მანამ სრულიად ეჭვითაც არ იცოდა, რომ მისივე ეზოს მახლობლად მას ასეთ მახეს უგებდენ და მის ხელში ჩაგდებას მეცადინეობდენ. ამიტომ იმ დროს, როცა მის შესახებ კოზიას და მის ამხანაგებს ისეთი ლაპარაკი ჰქონდათ, როგორც ზევით მოვიყვანეთ, მანა დაწვა კიდეც ლოგინში და გულის ძგერით სულგანაბული უცდიდა იმ დროს, როცა მისი მშობლები და ხიზნები ძილს მიეცემოდენ. “სიმონ ახლა უეჭველათ ნიგვზის ძირში ზის”, - უტრიალებდა მანას ფიქრებში. ბოლოს შემოესმა მას ნელი სტვენა. მანას გულის ძარღვმა ამ სტვენაზე ისე მოუხშირა ცემა, რომ გეგონებოდათ დავლი დაუკრეს ამ ქალის გულშიო. როცა სტვენა გამეორდა და გამესამდა, მანა წყნარად ადგა ლოგინიდან. ერთ წამზე გააყურა და როცა დარწმუნდა, რომ სულ ყველას სძინავს, წყნარად გააღო ქვეითა კარი და გამოვიდა გარეთ. “ოჰ, რა ბნელი ღამე ყოფილა! მარა უკეთესიც არის ბნელი ამისთანა საქმის დროს”, - გაიფიქრა მან და გასწია ნელის ნაბიჯით ნიგვზის ხისკენ. როცა მიუახლოვდა ნიგვზის ხეს, მან დაინახა ადამიანის აჩრდილი. “სიმონო!” - შესძახა ნელის ხმით და მოეხვია. მაგრამ რა შენიშნა, რომ თავი შეხვეული ჰქონდა, ჰკითხა:
- თავი რომ შეგიხოვია კაბალახით, ავად ხომ არ ხარ?
- სურდო დამემართა, ხმაც წამართვა და თავიც მტკივა.
- სურდო? აბა მე დამიტიე და შენ ქე მორჩები.
- შენ ვერ გაგიმეტებ. სხვაი რა ამბავია, მანა. კარქათ ხარ?
- მე რა მიჭირს, თქვენ თუ კარქათ მყავხართ. ჩემი ძმაი კარქათ არის? შინ როის მოვა?
- ძაან კარქათ არის, შინ ამ კვირეში მოვა.
- ხომ კაი მოწყობილი ხართ შენ და იგი?
- ერთსულათ ვართ. შაქარს არ ჭამ?
- შენს ნახელავს შაქარს კი არა, თუ გინდა ნახშირიც იყოს.
- აბა გააღე პირი, ჩემი ხელით ჩაგიდობ. ძაან გააღე, დიდრონი ნატეხია.
მანამ გააღო პირი და იგრძნო, რომ შიგ ჩაუდვეს დიდი ნატეხი შაქარი.
- აბა კიდევ, ახლა უფროსი ნატეხია, ძაან ასწი პირი.
- სიმონ, ხომ არ მარჩობ?
გაეხუმრა მანა და დააღო პირი, მაგრამ ამ დროს შაქრის მაგიერათ მას ჩაუდვეს პირში დახვეული ხელსახოცი ისე მაგრად, რომ კინაღამ სული შეეხუთა. ჯერ ხუმრობა ეგონა, უნდოდა ეთქვა კიდეც, სიმონ, ამისთანა ახირებული ხუმრობა სხომის არ იცოდი შენო, მაგრამ როცა დაინახა ორი ვიღაცა თოფიანი კიდევ მოვიდა და საჩქაროდ შეუკრეს ხელები, მიხვდა რაც ამბავი იყო. საწყალ მანას უნდოდა დაეკივლა, მაგრამ ხელსახოცმა, რომელიც პირში მაგრად ჰქონდა ჩახვეული, კრინტიც არ დააძვრია. ამ დროს ის მოიგდეს ზურგზე და რბენით გასწიეს. მანაის სამწუხაროდ ძაღლებიც ხმას არ იღებდენ, რადგანაც ისინი წინათვე დაჩვეული იყვენ მანას და სიმონის ნახვას, ამ ნახვის ნიშანს - სტვენას და ამით მოსტყუვდენ. იმათაც მანასთან სიმონი ეგონათ და ყურადღებასაც არ აქცევდენ, რომ მათი პატრონი ქალი, მანა, სადღაც წაიღეს.
XIX
ქრისტეშობისთვის მარხვების დაწყებას ათი-თხუთმეტი დღეღა აკლდა. თავადი NN-ის სასახლეში ძალიან ფაციფუცი იყო. შინაყმები მისეოდენ და აკეთებდენ საქორწინო კარავს, ანუ როგორც ისინი ეძახდენ - სეფას. ისინი (შინაყმები) თვით სექტემბრის თვეშივე მობრუნებულიყვენ თავის ბატონ თავად №№-თან. აი როგორ მოხდა იმათი მობრუნება: სექტემბერში, როცა დამარცხებული აჯანყებულები გაიფანტენ თავიანთ სახლებში, მთავრობამ დაიბარა გურიის გლეხები და დააფიცა ჯერ რუსეთის იმპერატორის და მერე ბატონის ერთგულებაზე. ფიცის მიღების შემდეგ გამოუცხადეს, რომ გურიის გლეხებმა უნდა გადაიხადონ ყოველწლიურად ხაზინაში შესატანად ფული და აგრეთვე ყველა შინაყმები უნდა მობრუნდენ თავიანთ ბატონებთან, რომლებსაც უნდა ემსახურონ ჩვეულებისამებრ. მეორე დღესვე ამ განცხადებიდან ყველა გურიის მებატონეებს დაუბრუნდათ თავიანთი შინაყმები, რომლებშიაც ეხლა, შესაძლებელია, ათასზე ერთი ერია ისეთი ადამიანი, რომელიც კიდევ ფიქრობდა ჯანყის განგრძობაზე, დანარჩენები კი სრულიად დამშვიდებულნი იყვენ და ნანობდენ კიდეც, რატომ შევცდით, მთავრობის და მებატონეთა წინააღმდეგობა რომ გავბედეთო. ამ უკანასკნელთა დასს ეკუთვნოდენ თავადის №№-ის გლეხებიც. ისინი სრულიად კანონიერად სთვლიდენ, რომ ქალბატონი №№-ი ლანძღავდა და აგინებდა იმათ, აჯანყება როგორ გაბედეთო. “ჩვენი ცოდვა ეწიოს, ვინც ჩვენ შეგვაცთინა! თვარა ჩვენი ბატონის უარისყოფას რავა ვიფიქრებდითო!” - უპასუხებდენ ისინი ამ ლანძღვა-გინებაზე.
- არიქა, ბიჭებო, კარგი სეფა გააკეთეთ და მაგიერში ქორწილის დღეს სუყველას დაგათრობთ, - ეუბნებოდა ხსენებულ დღეს თავადი №№-ი გულშემატკივარ შინაყმებს.
- თქვენის კარგათ ყოფნით, ბატონო, დავლევთ და დავლევთ ჩვენი ახალგაზრდა ქალბატონის და ვაჟბატონის სადღეგრძელოს, - პასუხობდა ხან ერთი და ხან მეორე შინაყმათაგანი.
აგერ ნახევარ თვეზე მეტი იყო, რაც გულო და გიორგი დანიშნულიყვენ ერთმანეთზე საცოლქმაროდ. ამ ორი აქამომდე და-ძმად აღსარებული ყმაწვილი ქალისა და კაცის ერთმანეთზე ცოლ-ქმრად დანიშვნა მოახდინა შემდეგმა შემთხვევამ: ჯანყის დაწყნარების შემდეგ, გულოს სასიხარულოდ, გიორგი დაბრუნდა თავის სახლში, ესე იგი თავად №№-ის სასახლეში. ამ დროდან მოწყებული, გულო თვალზე არ იცილებდა მას. მის გიორგისადმი ტრფიალებამ იმ ზომამდე მიაღწია, რომ მხოლოდ ერთი ამისი თქმაღა აკლდა ამ ქალის მხრით: “გიორგი, მიყვარხარ და შემირთე ცოლადო”, სხვა აღარაფერი. გიორგი, როგორც ჭკუაგამჭრიახი კაცი, ცხადად ხედავდა ამას და აყვედრიდა თავის თავს: მე რომ ბუნებითი საგნების და კანონების ახსნა არ დამეწყო ჩემი დისთვის, ის თავის დღეში ამისთანა რასმე გულშიაც არ გაიტარებდაო. რომ გაესწორებია თავისი დანაშაული, მან ეხლა დააწყებია გულოს საღვთო წერილის - სახარების, სამოციქულოს და დავითნის კითხვა და გადაჭარბებით უხსნიდა მის შინაარსს ანუ ტექსტებს. ამასთან გიორგი ხშირად ეუბნებოდა გულოს, რომ სიყვარული ბავშვური გრძნობაა და არავის უნახავს, რომ შეყვარებულებს ბოლოს და ბოლოს არ ენანოთ, რატომ წავაწყდით ასეთ სისულელესო. ვინ მოსთვლის რა ხერხსა და საშუალებას არ ხმარობდა გიორგი, რომ დაეცხრო გულოს გულში აღძრული მხურვალე გრძნობა - სიყვარული, მაგრამ ყოველივე ამაო იყო, გულოს გულში გიორგის დაეჭირა ვრცელი ადგილი და არავითარი საშუალებით აღარ გამოიდევნებოდა იქიდან. “არა, ნამდვილ გულიდან დაბადებულ სიყვარულზედ ამისთანა შელოცვა ვერ გასჭრის”. ვითომდა ნამდვილის გრძნობით შექმნილ სიყვარულს საღვთო წერილის სიტყვები ვერ დაარღვევენო, ამბობდა გულო თავის გულში გიორგის პასუხად, იმ დროს, როცა გიორგი უხსნიდა მას საღვთო წერილიდან რომელსამე ტექსტს, რომელშიაც ხორციელი სიყვარული იგულისხმებოდა. ერთ დღეს თავადი №№-ის სასახლეში, როცა თავადი №№-ის სახლეულობა სადილზე ისხდა, მივიდა პეტრე სალოსი.
- აა, პეტრე, პეტრე! სად ყოფილხარ, მოდი აგერ ჩემთან დაჯექი, - მიაძახა თავადმა №№-მა.
- ჰა, ჰა, ჰა, ჰა, - გადაიხარხარა პეტრიამ ჩვეულებრივათ, დაჯდა გულოს გვერდით და უთხრა თავად №№-ს:
- არა, ამასთან ჯობს ჯდომა.
- მადლობელი ვარ, ჩემო პეტრია, რომ ყველაში ამომარჩიე, მაგიერში აპა ჩემს საჭამადს გითავაზებ, - სიცილით უთხრა გულომ პეტრიას და მისთავაზა თავისი საჭამადის უმეტესი ნაწილი.
- ჰო, ჰო, ჰო, ჰო, ჰო! რა პურ-ღვინოა! ასე უნდა, ასე, ამის მეტი რა გაგვაჩნია ამ ქვეყანაზე, ვჭამოთ უნდა და მერე მოვკვტეთ ყაჭსავით. აბა რავა გგონია, ჭამისა სწყვეტენ ხემწიფეები ჯარებს.
- აპა, პეტრე, ღვინო მიირთვი, - მისთავაზა გიორგიმ ჭიქით ღვინო.
- შენს ქორწილში დავლიე კიდევ ამისთანა! - უპასუხა პეტრიამ, მერე შეხედა გულოს და უთხრა გიორგის: - შორ რაღას მიხვალ, აგერ გულო შეირთე.
- ოხ! პეტრია გაგიჟდი! სად გინახავს და-ძმანმა ერთმანეთი შერთო! - თითქმის ერთხმად შესძახეს ამ სიტყვაზე გიორგიმ, თავადმა №№-მა და ქალბატონმა №№-მა. გულო კი გაწითლდა და არას ამბობდა.
- დაი? სადაური დაია? პეტრიეი გინდა მოატყუოთ? ტყვილი, გულო თქვენი შვილია, ქალბატონო, და გიორგი ცხონებული თქვენი გოგო რომ იყო - ვარსკვლავისა, იმის.
- პეტრიავ, ბიჭო, რაფერ ჩერჩეტობ, შენ რა იცი ჩვენი შვილების ამბავი, - შესწყრა თავადი №№-ი.
- აა, თავადო, კუჭს ნუ მეიყვან, თვარა ადრე დაბერდები. მე ვიცი ამბავი, რას მიმალავ? გიორგი გოგოის შვილია, უწინ გოგი ერქვა, მერე რუსეთში გაგზავნეთ, სერთუკის ჩაცმა ისტავლეო, ისტავლა და გიორგი ქვია. თქვენი ორი ვაჟი იქინეი გყავან გაგზავნილი, რა ქვია იმ ქვეყანას, რომ წავა და ვეღარ მოვა. შენ ნუ გეწყინება, გიორგი. რა საწყენია? სულ ერთია გინდა ქალბატონს დუუბადებიხარ და გინდა მის გოგოს, დაბადება ორივემ ერთნაირათ მუცლიდან იცის. აცხონოს ღმერთმა ვარსკვლავისა, ძაან ბიჭი დაგსვა. იმ ცხონებულმა და ხოსრუა რომ იყო, აგინის ბიჭი, იგინმა გაგაკეთეს. ახლა ვისიც გინდა იმის იყავი, იგინი იქანეი წევიდენ, წაღანაი რომ ვთქვი, წავა და აღარ მუა ამ ქვეყანაში. ვინ იცის, მეორე გიორგის იქნება კიდევ იქინეი აკეთებენ.
ამ სიტყვებმა კარგა გვარიანი სკანდალი მოახდინეს თავადი №№-ის სახლში: გიორგიმ მიატოვა სადილი და საშინლად არეული გამოვიდა გარეთ; იმას გამოჰყვა გულოც, ერთის მხრით უხაროდა ეს შემთხვევა, რომ გიორგიმ გაიგო ჩემი ძმა არ არისო და მეორე მხრით კიდეც ეშინოდა, ვაითუ გიორგიმ ჩვენსას აღარ მოიცადოსო. თავადმა №№-მა პანღურით გამოაგდო გარეთ პეტრია სალოსი და თან მიაყოლა: „არ გნახოს აქ ჩემმა თვალებმა!” “არ მოქტება პეტრიეი უშენოთ, წაილაპარაკა გზაზე პეტრიამ, - მარა იი კი მეწყინა, იმისთანა სადილი რომ დამატიებიეს. არ გნახოს ჩემმა თვალებმაო. იგი როის იცის ბებრუცუნამ, იმ თვალებს ადრე წეიღებს ვერ მობრუნდის ქვეყანაში! თურმე აგინის თავადობა აგი ყოფილა, რომ სულ ცრუობით მოაქვთ თავი. გიორგი ჩემი შვილიაო. ვითომდა პეტრიას მოვატყუებთო! ვერ მოგართვით: პეტრიეი, თქვენ რომ გგონია, ისე მოსატყუებელი არ არის!”
- გულო, უთხრა გიორგიმ ერთი-ორი საათის შემდეგ, რა გული ცოტათი დაიწყნარა, - გაფიცებ ყმაწვილი ქალის სინდისს, დაუფარავად მითხარი, რას ნიშნავდენ იმ გიჟის სიტყვები?
გულოს ძლიერ ემძიმა ამ კითხვაზე პასუხის მიცემა, რადგანაც ეშინოდა გიორგის გული არ დაეჩაგროს, რა რომ შეიტყობს გოგოს და ბიჭის შვილი ვყოფილვარო, მაგრამ ფიცმა აიძულა ეთქვა.
- გიორგი, - დაიწყო მან, - მე არ მიყვარს ტყვილის ლაპარაკი და ახლა მეტადრე არ შემიძლია ტყვილი ვთქვა, რადგანაც მაფიცებ სიმართლე გითხრა, მაგრამ ესეც უნდა გითხრა, რომ მთაგორზე უმძიმესია ჩემთვის იმისი გამხელა, რასაც მეკითხები.
- თუნდა ჩემს სიკვდილს მოასწავებდეს, გაფიცებ, არა რა დამიფარო.
- არ დაგიფარავ, - თითქმის ხმის კანკალით უთხრა გულომ, - შენ ჩემი დედ-მამის შვილი არ ხარ.
- აბა, რატომ მომატყუეს, შვილი ხარო? - ჰკითხა საშინლად ფერდაკარგულმა გიორგიმ.
- როცა ჩემი ძმები დაიხოცენ, მაშინ თურმე გიშვილეს და იმიტომ.
- გულო, ნუ დამიმალავ, ვისი შვილი უნდა ვიყო, თუ გაგიგონია?
- თამარამ მითხრა, რომ ვარსკვლავისას და ხოსრუას შვილი უნდა იყოსო. ისინი, როგორც იცი, კარგა ხანია მოკვტენ.
- ძალიან მადლობელი ვარ, რომ გამაგებინეთ, თორემ იჭვები დამახრჩობდენ. იცი, მე მიკვირდა, თქვენი მშობლები და თქვენ რომ ფარავდით ჩემს ვინაობას, ეხლა კი მივხთი.
- გიორგი, არ დაგვტიო, - უთხრა გულომ და ტირილით მოეხვია ყელზედ.
- ნუ სტირი, გულო, მე თქვენ არ დაგტოვებთ, მარა ეგეც იცოდეთ, რომ, როცა თქვენი მშობლები მოკვდებიან, თქვენი ნათესავები მე აქ აღარ დამაყენებენ. ამ შემთხვევაში ჯობია ვუწამლო თავს.
- რით, რაგვარათ უნდა უწამლო. წახვალ ჩვენგან?
- მაშ რა უნდა ვქნა. მაინც ხომ გამაგდებენ ერთ დროს.
- მერე მე რა ვქნა, შენ რომ წახვალ? - თქვა გულომ და კიდევ ატირდა.
- გულო, თქვენ რა გჭირს სატირალი? ქმარი შეირთეთ და იცხოვრეთ. მეტი რა?
- ქმარი? ვინ, ვინ შევირთო?
- ვინც გინდოდეს ის, ცოტა არიან ყმაწვილი თავადები? ამოირჩიე რომელიმე მათგანი და შეირთე.
- გიორგი, მე უშენოთ ვერ ვიცხოვრებ, შენ რომ ჩვენს ოჯახს გამოეთხოვო, მე, გახსოვდეს, თავს მოვიკლავ.
- მაშ რა ვქნა, გულო? უკაცრავად, ბატონო-მეთქი უნდა მეთქვა, აქამომდე ჩემი თავი შენისთანა ოჯახის მემკვიდრეთ და შენს ძმათ მიმაჩნდა. ეხლა შევიტყვე, ეს ცრუობა ყოფილა, მე არც თქვენი ოჯახის მემკვიდრე ვარ და არც შენი ძმა! ამასთან ისიც უნდა გითხრა, რომ შინ მაინც არ მინდა ყოფნა. ნუთუ არ ჯობია ამ შემთხვევაში, რომ წავიდე და სამსახურში შევიდე!
- ძმა რომ არ იყო, სხვათ არ გინდა ჩემთან ყოფნა? - მორცხვათ, ხმის კანკალით ჰკითხა ამ დროს ფერდაკარგულმა გულომ.
- სხვათ? შინაყმათ თუ? ახლა არ გითხარ, შინაყმობა არ შემეძლება-მეთქი: შინაყმობას ანუ მონობას მე სიკვდილი მირჩევნია.
- გიორგი, რაზე მაწვალებ, რომ არ გინდა მიხთე ჩემს სიტყვებს.
- აბა რა უნდა მეთქვა, თქვენ თითონ ამიხსენით.
- რა უნდა გეთქვა და ჩემი სიყვარული, - გაბედა გულომ.
- მერე შენ რომ ქმარს შეირთავ!
- შენს მეტი არ მინდა და აწი რაც გინდა იგი თქვი.
გულოს ისეთი შერცხვა ამის თქმაზე, რომ შუბლი ოფლით მოირწყო.
- გულო, ამაზედ თქვენი მშობლები არ დაგვეთანხმება.
- არ დამეთანხმება და ჩემი თავი არ სდომებიათ. მაშვინ სადაც შენ წახვალ, მეც იქ წამოვალ.
- ერთი ეს მითხარი, შეგიძლიათ ეს თქვენი გადაწყვეტილება უთხრათ თქვენს მშობლებს?
- შემიძლია, რაც უნდა იყოს, შემიძლია, ეხლავე შევალ იმათთან, - მტკიცედ წამოიძახა გულომ, რომელიც ამ დროს ადგა და წავიდა თავის მშობლების ოთახში.
გავიდა გულოს წასვლიდან ნახევარი საათი, რომ გულოს მშობლებმა გიორგი მიიწვიეს ოთახში და მიულოცეს ცოლად გულო.
იმ დღეს, როცა თავადი №№-ის შინაყმები საქორწინო სეფას აკეთებდენ, გულო და გიორგი სწერენ თავის ხელით ქორწინების დღეს მოსაწვევი პირების დასაპატიჟებელ ბარათებს.
- საშინლათ დავიღალე, - სთქვა გიორგიმ საღამო ჟამს, რა რომ დაასრულა ბარათების წერა.
- მე კი არ დავღალულვარ, - უპასუხა გულომ მხიარულად და შემდეგ დაატანა: - წავიდეთ, გავიარ-გამოვიაროთ, მშვენერი საღამოა.
გიორგიმ დაიხურა ქუდი და წავიდა გულოსთან ერთად სასეირნოდ.
- ცხრა დღე კიდევ არი ჩვენი ჯვარის დაწერამდე, მაგრამ არაფელია, ესეც ადრე გაივლის; ჩვენ ხომ მაინც ერთმანეთის ვართ; აწი სიკვტილის მეტი ვერაფერი გაგვაშორებს. უნდა გითხრა გიორგი, ბავშვივით მიხარია, - თქვა გულომ და შემდეგ დაატანა: - იი არეულობა რომ არ მომხდარიყო, ახლა ჯვარდაწერილები ვიქნებოდით კიდეც.
- ვინ იცის, შესაძლებელია, ვიქნებოდით, - უპასუხა გიორგიმ და შემდეგ დაატანა: - ოჰ, რა უხეიროთ ჩაიარა იმ ჯანყმა! თავდაპირველად ვიმეცადინე, რომ არ მომხდარიყო ჯანყი, შემდეგ, რა რომ ჩემი მეცადინეობით ვერას გავხთი და ხალხი აირ-დაირია, ვიფიქრე, თუ ცოტაოდენ ხანს კიდევ გამაგრდენ, ყველას შევაგონებ, რომ რუსის მთავრობას ჩამოეთხოვონ და ბატონყმობის დარღვევაზედ ეცადონ-მეთქი. ვინ იცის, შესაძლებელი იყო, მთავრობას მიექცია ყურადღება ხალხის ამნაირ წადილზე და გამოეცხადებია ბატონყმობის გაუქმება, მაგრამ უგონო აჯანყებულები ძლიერ ადრე გაიფანტენ და მათს აჯანყებას, გარდა ზიანისა, არავითარი სარგებელი არ მოუტანია მათთვის. კიდევ კარგი, რომ მთავრობამ აპატივა ხალხს და ფიცხელი განკარგულება არ მოჰყვა მთავრობის მხრით. თვით რუსეთში რომ ეგ მომხთარიყო, გამარჯვებული მთავრობა რამდენიმე ათასობით დახოცდა და ციმბირში გადაასახლებდა დამარცხებულ აჯანყებულებს.
- უწინ ყველას ეგონა გლეხებმა გაიმარჯვესო, მერე რაღა დაემართენ?
- ეჰ, რა გამარჯვება იყო, გულო, ის? ერთ მუჭა, გაუწვრთნელ, უთოფიარაღო, მშიერ ხალხს სად შეეძლოთ გაემარჯვათ? გინახავს, გაზაფხულზედ ხის ტოტს მოსჭრიან, სარათ დაასობენ, სანამ ზაფხული დადგებოდეს, სარი იფოთლება, ყვავილდება, მაგრამ, რა რომ ზაფხულის ცხელი მზე მოუცხუნებს, გახმება; სწორეთ იმისი მსგავსი იყო ჩვენი აჯანყებულების გამარჯვება. სანამ მაგარი ტალღა არ მოხვდათ, მძლავრათ იდგენ, მაგრამ მაგარ ტალღაზედ კი გადაუბრუნდათ ნავი. ისეთი დროებითი გამარჯვება, როგორც ჩვენს აჯანყებულებს მოსდიოდათ, მარტომხედველებს გაუხარებს გულს.
- მართალია, გიორგი. საწყალი ჩვენი გლეხები ვის უნდა მორეოდენ? იი დასაქცევი არეულობა, ასე მგონია, მარტო ჩვენი ბესიას და მანაის დასაღუპავათ მოხთა! ძმაი იქ მოკლეს, დაი ჯავრით ჭკუაზე შეიშალა, - თქვა გულომ თვალებზე ცრემლმოდენით.
- მართლა, გულო, მიამბე როგორ მომხდარა მანას მოტაცება.
გულომ უამბო გიორგის, რომ მანა თვით იმ ღამეს, როცა აჯანყებულები დაამარცხეს, ჩუმათ გასულა გარეთ და ნიფხავ-პერანგის ამარა გაპარულა ტყეში. საწყალ მანას მშობლებს დილამდე არ შეუტყვიათ თავისი ასულის გაგიჟება და გაპარვა. დილას კი ურბენიათ აქეთ-იქით, ვერ უნახავენ. ამ დროს უბედური მშობლებისთვის მიუტანიათ ბესიას სიკვდილის ამბავი, ტყუილა კი არ იტყვიან, დამწვარზედ მდუღარე დაესხაო. უბედური მშობლები თან მკვდარი შვილის ჯავრით და ნაღველით იხარშებოდენ და თან მტირალნი დაკარგულის საძებრად დარბოდენ. გავიდა თითქმის ნახევარი თვე და მანა ვერ ნახეს. ბოლოს თურმე უბედურმა ქალმა გაგიჟებულმა მიირბინა შინ, ტანსაცმელი სულ შემოეფლითა, ათას ურიგო რამეს ლაპარაკობდა. მშობლებმა და ნათესავებმა მიიყვანეს, იქნება ჭკუაზე მოვაბრუნოთო, მაგრამ არა ეშველა რა. ახლა სხვაფრივ რომ ვეღარ მოახერხეს მისი მოვლა, უბედური ქალი ბაწრით აბია სახლში.
- აი, სამწუხარო შემთხვევა! ბესია, შესანიშნავი პატიოსანი გულის ვაჟკაცი, იქ მოკლეს, იმისი და, ისეთივე შესანიშნავი მშვენიერების და საუცხოვო ჭკვა-გონების პატრონი ქალი, იმისი ჯავრით ჭკუაზე შეიშალა! ჩვენ ეგ ერთი შევიტყვეთ და სხვა კიდევ რამდენი იქნება ამისთანა, ვინ იცის. აი, ეგეთი შემთხვევები ხშირად მოჰყვება ჯანყს. რასაკვირველია, თუ რომ ჯანყი ხალხის სასარგებლოთ დაბოლავდებოდეს, მაშინ ამისთანა წვრილმანი არარად უნდა ჩაითვალოს, მაგრამ მაშინ, როცა ჯანყი ზიანს გარდა სარგებელს არ მოიტანს, მაშინ კი ბესიასა და მანასთანა პირების დაკარგვა მძიმე დასაკლისია ხალხისთვის. მე ჩემის მხრით იმდენზე მატკინა გული ბესიას და მანას დაღუპვამ, რომ ადვილათ არ მომიშველდება. - თქვა გიორგიმ და ის იყო დააპირა გულოსთან ერთად სახლში დაბრუნება, მაგრამ ამ დროს იმასთან მივარდა თამარა და უთხრა:
- ბატონო, ჯერ შინ ნუ მობრძანდებით. ვინცხა უფროსები მოვიდენ და შენ გკითხულობენ. იგინს ბიჭი ახლავს და იმისგან შევიტყვე ჩუმათაი, რომ ბევრი კაცი დაუჭირავენ და წუუყვანიან ოზურგეთს. გიორგიც უნდა გააგზავნონო.
გულოს სრულიად დაეკარგა ფერი და წაქცევას ცოტაღა უკლდა. გიორგიმ კი მოწყენილის ღიმილით წარმოსთქვა:
- ეგ აღარ არის სასიამოვნო ამბავი, - და ბოლოს, როცა გულოს შეხედა, დაუმატა, - რა არის, გულო, ფერი რომ დაკარგე? ნუ გეშინია, მე იმათ ჩემ თავს ხელში არ ჩავუგდებ. მხოლოდ ეს კია, რომ ჩვენი ჯვარისწერის საქმე გადიდება, რადგანაც ცოტა ხანს სადმე თავი უნდა შევაფარო. ახლა შენ წადი სახლში და დაღამებამდე აქ მოვიცთი, როცა დაღამდება, ვინმე ერთი შინაყმის ტანსაცმელი გამოგზავნეთ, ჩავიცვამ, მოვალ შინ და სამზარეულოში გავათევ ღამეს.
გულო მწარედ დანაღვლიანებული დაბრუნდა სახლში. როცა დაღამდა, გაუგზავნა გიორგის ტანსაცმელი, რომლითაც გიორგი მიიპარა და დაიძინა სამზარეულოში. დილას ალიონზე, იმავე ტანსაცმელით ხელახლა გაიპარა და მთელი დღე ბუჩქებში გაატარა. უკანასკნელ, რა რომ მთავრობის კაცებმა ძლიერ დაუწყეს ძებნა და აღარ შორდებოდენ თავადი №№-ის სასახლეს, გიორგიმ უთხრა გულოს და მის მშობლებს:
- მართალია, თქვენ ჩემი მოშორება გაგიძნელდებათ და მე თქვენი, მაგრამ ესეც უნდა ვიცოდეთ, რომ მე თუ მთავრობამ ხელში ჩამიგდო, ან თოფით დამხვრეტენ და ან ციმბირში გამაგზავნიან. ამიტომაც საჭიროა ან გავყაჩაღდე და ან ოსმალეთში გავიდე. ყაჩაღობა, ჯერ ერთი, არ შემიძლია, და რომ შემეძლოს კიდეც, ჩემი გაყაჩაღების შემდეგ თქვენ ძლიერ შეგაწუხებს მთავრობა. ისევ სჯობია ცოტა დროებით ოსმალეთში გავიდე. როცა საქმე დაწყნარდება, ისევ დავბრუნდები სამშობლო გურიაში.
გულოს და მის მშობლებს რაღა უარი ეთქმებოდათ ამ საბუთიან სიტყვებზე. ისინიც გრძნობდენ, რომ გიორგის სახლში დარჩენა აღარ შეიძლებოდა და იმასაც ხედავდენ, რომ პატივით გაზდილი გიორგი ყაჩაღობას, ესე იგი, ტყე-ღრეში გდებას ვერ აიტანდა. სხვა რა გზა იყო. ტირილითა და ლოყის კაწვრით დართეს ნება ოსმალეთში წასვლაზე.
XX
გურიაში ჯანყის დაცხრობიდან მეორე შემოდგომა იდგა. არემარეს მომაკვდავისებური ყვითელი, სევდიანი ფერი ედო; ჰაერი, თითქო იმის შიშით, რომ დაბერებულ შემოდგომის ფოთლებს და მცენარეებს არა ევნოს რაო, არ ინძრეოდა. ცა თუმცაღა მოწმენდილი იყო, მაგრამ მზეს კი ეტყობოდა, რომ ზაფხულისებური სითბო და სინათლე აღარ ჰქონდა. ის ისე მოწყენილის სინათლით დაჰყურებდა სიცოცხლეგამოლეულ შემოდგომის ბუნებას, რომ გეგონებოდათ, თითონაც გულნატკენი უნდა იყოს ბუნების დასევდიანების გამოვო. გურიის გლეხკაცები ერთგულად დასტრიალებდენ თავიანთ ბატონის ყანებში და რთველზე. იმათი მხიარული “ხელხვავი” და “აბა დელა” ზარივით გაისმოდა არემარეში. ეხლა ვის რა ენაღვლებოდა, რომ ამ უგუნურმა აჯანყებამ, რომელიც ამ გლეხებმა იმ ერთი წლის წინათ მოახდინეს, იმსხვერპლა ბევრი ადამიანი. ვის რა ენაღვლებოდა, რომ იმ ჯანყის გამო ციმბირში გაგზავნებ გურიაში შესანიშნავი ვაჟკაცი თავადი ამბაკო შალიკაიშვილი. ვის რა ენაღვლებოდა, რომ საპყრობილეში ცუდი ჰაერისაგან დალპენ და დაიხოცენ რამდენიმე კაცი, “ბუნტოვჩიკად” წოდებულნი. ვის რა ენაღვლებოდა, რომ ისინი, ვინც თავის დასაფარავად ყაჩაღად გავარდენ, დახოცილ იქნენ თავისივე მოძმის ღალატით და ტყვიით, ვის რა ენაღვლებოდა, რომ გურიაში გაჩნდენ ერთგვარი დაბეზღების მოხელე ადამიანები, რომლებიც ფულის და ჯილდოს გულისთვის ღუპავდენ მართალ, უდანაშაულო ადამიანებს. ვის რა ენაღვლებოდა, რომ დახოცილთა ნათესავები უნუგეშოდ მტირალნი დარჩენ! ის გლეხები, რომლებიც უვნებლად მორჩენ ჯანყს, სრულიად კმაყოფილი იყვენ თავის ხვედრისა, ეხლა სრულიადაც საძნელოთ არა სთვლიდენ ბატონების სამსახურს და იმ მცირეოდენ გადასახადს რომელზედაც მათ ხელი მოაწერიეს ჯანყის დაცხრომისთანავე. გასულ წელს მათ მიერ მომხდარი აჯანყება გლეხების ხსოვნაში აჩრდილივით დარჩენილიყო მოგონებად მათ და მათ მოწინააღმდეგეთა შორის შეტაკებისა, რომელსაც ხანდახან ზღაპარივით უამბობდენ თავიანთ ცოლ-შვილს. “არიქა, ჰო, გაანძრიეთ ხელი!” - გაისმოდა ხსენებულ დღეს მათ თავზედ ბატონის ხმა. გლეხები ბატონების ბრძანებაზე მოუმატებდენ მუშაობას. ხანდახან რომელსამე გლეხს რომელიმე მასლაათისმოყვარე თავადი ან აზნაური აამბებიებდა, თუ როგორ იყო, რომ მეგრელებმა თავიანთი ცხენები დახოცეს მტრის მაგიერათო. “დედავ! - დაიწყებდა გლეხი, - გიორგი დადიანია თუ ვინცხა, მეიყვანა სერესკელი, გურულებს დავსწყვეტო. დავხთით ჩვენ შავ წყალზე, დავსწყვიტეთ მეგრელები, მუუკალით ჯაიანი და გავაბრუნეთ. ამასობაში მიეწია ღამე. გუუშვეს ცხენები ბალახზე და თვითონ დეიწყეს დარაჯი. ცხენებს შეეფეთა მგელი. შეშინებული ცხენები გეიქცენ მეგრელებისკენ. მეგრელებმა, ღამე ვეღარ მიხთენ რა იყო, ეგონენ გურულები შემოგვესიაო, დუუშინეს თოფი და დასწყვიტეს მათივე ცხენები”. “ჰა, ჰა, ჰა, ჰა,” - გადაიხარხარებდა სიცილის მადაზე მოსული ბატონი და დაატანდა: “სასაცილო ამბავი ამას ქვია”.
ხსენებულ დღეს მეტადრე ძალიან სიცილი და კისკისი ჰქონდათ ბატონებს და მათ შინაყმებს გურიის ერთ სოფელში. აი რა იყო იმათი სიცილის საგანი: გაგიჟებული მანა სრულიად ტიტველა ჩაირბენდა ხან ერთ ყანაში და ხან მეორეში და მოყვებოდა ურიგო ლაპარაკს. ერთ დროს მანას ლამაზი, თვალის წარმტაცი პირისახე ეხლა ჩამომხმარიყო და ძვლებზე მარტოღა ტყავი ეკრა. იმისი ერთ დროს მშვენიერი ჟუჟუნა ცისფერი თვალები ჩაცვივნულიყვენ, განაცრისფერებულიყვენ და უხეიროდ ხან აქეთ გაიყრებოდენ და ხან იქით. ის ხშირი, ოქროსფერი თმა, რომელიც ერთ დროს მანას უმშვენებდა უიმისოთაც მშვენიერ სახეს, ეხლა ისე გაწეწილიყო, დაუვარცხნელობის და ჭუჭყის გამო, რომ ზღაპრული ქაჯის თმას მოგაგონებდა. აი ამ შესაბრალისი ადამიანის დანახვაზე და მის ბრიყვულ ლაპარაკზე ხარხარებდა ხალხი.
ამ სცენაზე ცოტა მოშორებით იმავე სოფელში ერთი მოხუცი ქალი და ერთი მოხუცი კაცი მოსხდომოდენ მომაკვდავ ქალს და ღვრიდენ ცრემლებს. ესენი იყვენ თავადი №№-ი და მისი მეუღლე, მომაკვდავი კი - გულო. ამ ყმაწვილ ქალს თავის სატრფო გიორგის ოსმალეთში წასვლისთანავე დასჩემდა სევდიანობა, რამდენიმე თვის შემდეგ დააწყებინა ხველა და პირიდან სისხლის ღებინება და უკანასკნელ, ის იყო, დაეცა სასიკვდილოდ.
- დედავ... წამოიძახა გულომ მინელებულის ხმით.
- ვაი შენს დედას! რა ვქნა, შვილო? - უპასუხა ტირილით დედამ.
- ჩემი წიგნები ერთათ დააწყვეთ და ისე დაახვედრეთ გიორგის! რომ შეხედავს, მოვაგონდები... დედა, გიორგის ცოლს ჩემი ვარდისფერი ატლასის კაბა აჩუქეთ. უთხარით გულომ დაგიტია ნახელაობით-თქვა... ვაი, სულო, ერთი ახლა გიორგი მაჩვენა!..
გულო ლაპარაკობდა საშინელი ყრუ ხმით. თვითეულ ფრაზაზე კარგა გვარიანად შეჩერდებოდა. უკანასკნელ ფრაზის წარმოთქმის შემდეგ სული შეეხუთა და მიმკვდარდა. თამარამ დაასხა გულზე წყალი, ასუნებია ოდეკოლონი. ამ საშუალებამ გულოს ისევ გააღებია თვალები. ის რამდენსამე წამს ენაუთქმელად იყო და შემდეგ კიდევ დაიწყო:
- დედა, გიორგის ჩემზედ შავი არ ჩააცვათ, შეაწუხებს... ნუ ტირი, დედა, შენი ტირილი უფრო მაწუხებს... ვაიმე, მამა კიდევ ქე ტირის. თამარა, შეეხვეწე ნუ ტირი თქვა.
თამარამ აღასრულა ბრძანება, მივიდა ბუხართან მჯდომ №№-თან და უთხრა:
- ვაჟბატონო, გეხვეწება ნუ ტირიო. რაა ვითამ ტირილი? ეგება ღმერთმა ქე მოაბრუნოს.
თავადი №№-ი წამოდგა ამ სიტყვებზედ, მივიდა თავის ასულთან და უთხრა:
- გულო, გულო, არ ვიტირებ, შვილო, შემომხედე. ენა მითხარი.
- რა გინდა, მამა?.. ნუ გეშინია. მე ვკვტები, მარა გიორგი კი გიზამს ჩემ მაგიერობას... ეგება მეც ქე მოვრჩე, ვინ იცის...
უნუგეშო მამა ამგვარ გულოს პასუხზე უფრო ხმამაღლათ ატირდა და გაბრუნდა უკან.
- ოი, მამავ! მართალი ხარ... მე ვკვტები... წარმოსთქვა გულომ და ხელახლავ შეუხუთდა სული. თამარამ წინანდებურათ მიაშველა წყალი, ოდეკოლონი და მოაბრუნა.
- დედა, ახლა ზამთარი იწყება... მერე გაზაფხული დადგება, არა? მაშინ მოვა გიორგი... მარა, უფ, მე საღა ვიქნები!.. ვეღარ შევიტყობ! დედა, გეხვეწები, ხმას ნუ უუშობ, ისე იტირე თვარა გული მიწუხს.. დაღამდა?
- არა, შვილო, ჯერ კიდევ დღეია, - უპასუხა ტირილით დედამ.
- დედა, იცი, რა გამახსენდა... უბედური ბესიეის მამა თქვენთან მეიყვანეთ და არჩინეთ... იმას ქვეყანაზე პატრონი აღარა ჰყავს... ჰაი, ჰაი! რა შვილები დაეღუპა! მისმა დედამ ვეღარ გაუძლო ჯავრს და მოკტა... ჯავრი ცუდი გასაძლები ყოფილა!.. დაღამდა?
- ჯერ არა, შვილო. რეზა კითხულობ?
- მეშინია ღამის...
გულომ მიხუჭა თვალები და გვარიან ხანს მიძინებული იყო. ამასობაში მოსაღამურდა, მზემ, თითქო გულოს სულს თხოულობსო, ერთი უკანასკნელათ შეიხედა გულოს ოთახში, შემდეგ აკრიფა დედამიწიდან თავისი სხივები და გადაესვენა. გულომ ხელახლა გააღო თვალები და იკითხა:
- დაღამდა?
- არა, შვილო, მოსაღამურდა, - ხმის კანკალით უპასუხა დედამ.
- დედა... გულზე წყალი დამასხით... სული მეგუბება... თამარამ მიასხურა წყალი და ასუნებინა ოდეკოლონი.
- ოი... სული მეგუბება... დაბნელდა... ღამე...
თამარამ განუმეორა წყალი და ოდეკოლონი.
- დედა... გიორგი...
ამ სიტყვებით გულომ განუტევა სული.
რა იქნა გიორგი, რომელსაც ისე ნატრობდა სიკვდილის დღეს გულო? 1841 წელს, დეკემბრის თვეში, სტამბოლის ქალაქის ჯალათს მოჰგვარეს ათი ტყვე, რომელშიც ცხრა იყო მისირელი, მეათე მშვენიერი სახის ყმაწვილი კაცი - გიორგი. პირველებს სჯიდენ იმიტომ, რომ ხონთქრის საწინააღმდეგოთ აჯანყებული მისირის ფაშის ჯარში რატომ ომობდითო, მეორეს კი იმიტომ, რომ რუსეთიდან შემოსული შპიონი ეგონათ. სამი წამის განმავლობაში შეუბრალებელმა ჯალათმა, როგორ პირველებს, ისე გიორგისაც გააგდებინა ნიჭით სავსე, ხუჭუჭთმიანი ლამაზი თავი.
1888 - 1889 წ.წ.
∗ ტექსტს რამდენიმე სიტყვა აკლია. რ ე დ.
∗ რაც უნდა იყოს, ეს მეტად არა სასიამოვნო ამბავია, თუ ჩვენმა ჯარმა ასეთი უგუნური აჯანყებების გამო ასეთი ჯანსაღი გლეხები ჟლიტა, უნდა გესმოდეთ, რომ სახელმწიფოს ძალას მშრომელი ხალხი - გლეხკაცობა წარმოადგენს, ის კვებავს ყველას.
∗∗ - ხედავთ, მას ენანება, რომ მეამბოხეების მეთაური მოჰკლეს.
- როგორ არ მენანება ასეთი ჯანმრთელი მიწის მუშის მოკვლა.
1841 წელს მისირის (ეგვიპტის) ფაშა მამედ-ალი აუჯანყდა ხონთქარს და რამდენიმე ადგილი წაართო.