Jump to content

ხონდემირი

From Wikisource

„ჰაბიბ ალ-სიჲარ“ ("ცხოვრებათა მეგობარი")
ავტორი: ხონდემირი
ცნობები საქართველოს შესახებ

გამომცემელი: დავით კაციტაძე


უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ


საქართველოს ისტორიის სპარსული წყაროები



ნაშრომი:
დავით კაციტაძე - ირან-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან - კრებულში: 1964 - თსუ შრომები - ტ.108


წინასიტყვაობა

[edit]

ყიას ალ-დინ იბნ ჰუმამ ალ-დინ ალ-ჰუსეინ ხონდემირი ან უბრალოდ ხონდემირი (დ. 1475, ჰერათი — გ. 1535 დელი) — სპარსელი ისტორიკოსი. დაიბადა სწავლულთა და დიდმოხელეთა ოჯახში. იზრდებოდა მირხონდთან, ერთი პერიოდი ალიშერ ნავოი (1441-1501 წწ.) მფარველობდა. ეჭირა სხვადასხვა საერო თანამდებობა. თემურიდების დაცემის შემდეგ (1507 წელს) მსახურობდა სეფიანთა შაჰ ისმაილთან. 1528 წელს გადავიდა დიდ მოგოლთა კარზე. ხონდემირის მთავარი ნაშრომია მსოფლიო ისტორიის ტიპის სამტომეული „ცხოვრებათა მეგობარი“ („ჰაბიბ ალ-სიჲარ“), რომელიც ძვირფასი წყაროა XV-XVI საუკუნეების (1524 წლამდე) ირანისა და მისი მეზობელი ქვეყნების შესასწავლად, ხონდემირს ეკუთვნის ასევე თხზულებები: „ცნობილი ვაზირების ბიოგრაფიების კრებული“ („დასთურ ალ-ვუზარა“), „ჰუმაიუნის ბრძანებების კრებული“ („ჰუმაიუნნამე“ ანუ „კანუნი ჰუმაიუნი“). წერდა ლექსებსაც ლიტერატურული ფსევდონიმით მუვარიხი.

ლიტ.: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 497, თბ., 1987 წელი.

ტექსტი

[edit]
ხონდემირის ცნობები საქართველოს შესახებ

ხონდემირი შაჰ ისმაილის საქართველოში ლაშქრობების შესახებ

[edit]

"დიდებულმა მეუფე ფადიშაჰმა ადგილსამყოფლიდან ძლევამოსილებითა და გამარჯვებით დედაქალაქ თავრიზისაკენ გაიჩქარა და ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იმ დიდებულ ქალაქში ცხოვრებით დატკბობასა და სიხარულში იყო. (შემდეგ) იმ ადგილიდან ცხენის აღვირი ნახჭევანის ყიშლაღისაკენ მოაბრუნა. იმ უბედნიერეს ადგილას მისვლის შემდგომ დივ-სულთანმა, თანახმად ბრძანებისა და მორჩილების საფუძველზე საქართველოზე საღვთო ომისა და ურწმუნო ქართველების დალაშქვრის გადაწყვეტილებით ძლევამოსილი დროშები ააფრიალა და უბედურთა სანახებში სვიანი ფადიშაჰის სახელმწიფოს ძლიერების კვალი გამოაჩინა რა, რამდენიმე ციხე და ქალაქი აიღო და იმ სახელმწიფოების მბრძანებლები ყვარყვარე, დაუდ-ბეგი, ლევანდ-ბეგი და მანუჩარი ძალაუნებურად დივ-სულთანისადმი სასამსახუროს გაესწრაფნენ. (მათ) მორჩილება და სამსახური გამოიჩინეს. იმ მბრძანებელმა მათ სულის უშიშროება უბოძა და (ისინი) თან წაიყვანა რა, ანგელოზის ბუდისმაგვარი ზღურბლის მხარეს წავიდა. ნახჭევანის ყიშლაღში დივ-სულთანი თავის თავზე აღებული ვალდებულების შესრულებით ციური ტახტის ფეხთა (მთხვევით) გაბედნიერებული და აღზევებული გახდა რა, კარგი სამსახურის გამო კეთილგანწყობილება და უამრავი ალერსი მოიპოვა. ფადიშაჰმა ქართველი ამირების ბოდიშის მოხდა ყურად იღო. მეფური კეთილგანწყობილების სხივების ელვარება თითოეულ მათგანზე აბრწყინდა და ქართველებმა ბაჯ ო ხარაჯ იკისრეს და ხალათებისა და თაჯების (დასაჩუქრებით) აღზევებულნი და განდიდებულნი გახდნენ. და იმ ადგილების საბრძანებლების ფლობის ფირმანები, რომლებიც დაპყრობილი იყო, მიიღეს რა, თავიანთ სამშობლოში წავიდნენ".