Jump to content

ხმა სულეთიდან

From Wikisource
ხმა სულეთიდან
ავტორი: ვაჟა-ფშაველა


ვინაც ჩემს წილ-ხვედრს უმტერა,
ვინაც მას ცრემლი ადინა,
ობოლსა, უპატრონოსა,
მაგრამ მართალსა ცამდინა,
მე გავცემ იმას პასუხსა –
უფლის წინაშე მდგომარე,
მტარვალთ საქმეთა ამწერი
და დაწვრილებით მხსომარე.
მისის საწყავით მივუწყავ
და ვაგრძნობინებ თავზედა,
როგორი არი დაჩაგვრა,
დადგომა მხოლოდ ავზედა.
დაცარცვა ჩემი ტაძრები
და კვლა დაუწყო ენასა,
განდევნა ანგელოზები,
ქაჯები დასხა კერასა;
დათრგუნა ერის გრძნობები,
გული მოუკლა მდიდარი,
ეწამოს უნდა ისიცა,
ამის მოქმედი ვინც არი.
ალალის ოფლით ნაშოვნსა
ლუკმას სტაცებდა ხელითა.
სიცუდე ანოყიერა,
სიმართლეს სთიბდა ცელითა.
მე გავცემ იმას პასუხსა
ჩემის სამართლით მთელითა;
ვინც დამიჩაგრა წილ-ხვედრი, –
კმარა, რაც ვიყავ თმენითა! –
დავჩაგრავ, აღარ დავინდობ,
მსმენელთ ისმინეთ სმენითა.
ამოგშხამდებათ, მტარვალნო,
რაც უშვერება ჰქმენითა.