ხევსური ბერდია
ხევსური ბერდია ავტორი: ვაჟა-ფშაველა |
1906 წ. |
უამბეს ბებერს ბერდიას
ქვეყნის არევა-დარევა,
ცეცხლის მომდები ამბავი,
მთელის ქვეყნისა დარბევა.
„არ თუ გვაკმავეს ეს ჭირი,
ვაება ვნახეთ რამდენა?!“
სთქვა და ალმურმა თავ-პირზე
შავად დაუწყო ადენა.
„რას უცდით, ახალ-უხლებო,
ცხენებს არ ჰკაზმავთ რად არა?
ომ-ლაშქრობაზე მყვირალი
რად იმალება სადარა?
ვაჰმე, რო მკლავი მოდუნდა,
ხმალს ვერ მოიქნევს ჭაღარა!
გული თუმც მერჯის ტიალი,
მუხლები მომდევს აღარა.
ვაჰ დედას მტრისას, რას ელით?
ხმლებს ჰკითხეთ, გაისარჯენით;
თავის ადგილის გულისად
მოკვდით და დაისაჯენით!
დასცევ-დაჰფარეთ ქვეყანა
თავის ოფლით და მარჯვენით!
მტერი ვის გაუბრუნებავ
მალულაობის ჩადენით?!
რა პირით ჰნახავთ ხევსურეთს,
ან საიქიოს პაპებსა?
რას ეტყვით, თავის გარჯისას
როგორს უამბობთ ამბებსა?
მკვდრებს მოატყუებთ გგონიათ,
ცოცხალთად განაცხადევსა,
თან მიიყოლებთ მანდილებს,
ბარის დიაცთა კაბებსა?!
ნუ სჩადით უგვანს საქმესა,
კისრად ნუ იღებთ სირცხვილსა:
ბიჭი ის არი, საომრად
ვინაც დაიწყებს ზიდილსა, –
ვინც გამწარებულს სიცოცხლეს
დაამჯობინებს სიკვდილსა.
რას ვაქნევ აბა, თქვენს გაზდას,
თქვენს ქორწილებში სირბილსა? –
ქეიფსა, ლხინ-გახარებას
და დიაცებში სიცილსა,
თუ კი არ მაჰხდით თავსა და
თავის ქვეყანას სირცხვილსა?!.
ნუ იზამთ უგვანს საქმესა:
მტერს დაჰხვდით, გაისარჯენით!
წესია: მამულისადა
მოკვდით და დაიხარჯენით!
ვერ იტყვის მაშინ ურჯულო,
რო შასდრკით, დაიმალენით.
გამარჯვებულნიმც იქნებით
თავის ხატით და გამჩენით!“