ხევისბრის განცხადება
ხევისბრის განცხადება ავტორი: ვაჟა-ფშაველა |
გუდანს ამბობდა ბათაკა,
ის ხევისბერი ხატისა:
„ქუდოსან-მანდილოსანნო,
თქვენთვი ერთის თქმა მწადისა,
მას მემრე გეტყვით აღარა:
კაცებო, რასა სჩადითა?
გაიგეთ, ფშავ-ხევსურეთში
რაც კი ხატები არისა,
ყველანი ომში წავიდენ,
საცა საყმო ჰყავთ თავისა.
როს ასეთს ვხედავთ ლიშნებსა,
ეს თქმა რად არი ავისა?!
იმათთვის აღარ სცალიანთ,
ვინაც შინა-კართ ჰყრავისა.
მინამ არც მოვლენ, სანამდე
ხმა არ გაისმის ზავისა.
ამიერიდან რაცა გსურთ,
კაცებო, ისა ჰყავითა.
ამიტომ ვინაც მოჰსულხართ
საკლავითა და ქადითა,
გნებავდეთ, შინვე წაიღეთ,
გნებავთ, აქ გაიყავითა.
იცოდეთ, გუდანის ჯვარსა
თქვენთვის არ მოუცლავისა
ჯერ კი და ამის შემდეგა
გსურთ რამ იცოდეთ ხვალისა?
გუდანის ჯვარსა ვერ მოჰკლვენ
და ვერც ვის მოუკლავისა,
აქავ მოგივათ ცოცხალი,
ლამაზი, ლერწამ-ტანისა“.
ხალხმა მითც არ დაიშალა,
ბათაკს ქმნა სთხოვა მადლისა:
საკლავის დაკვლა და ყველგან
ხატში ანთება სანთლისა.
„მლოცავთ ვედრებას შაისმენს,
ზნე ისეთია ხატისა“, –
ამას ამბობდნენ ყველანი,
ფიქრი ეს იყო ხალხისა.
„შორითაც ჰნახავს, გაიგებს,
თუ კი მლოცავი ჰყავისა.
წესი რომ არ დავაყენოთ,
ბათაკავ, რასა ჰგავისა?!“
მლოცავი ხატსა ლოცულობს,
ხმა გამოისმა ზარისა.
ბათაკაც ამბობს „დიდებას“,
მის ხმა ცის ქუხილს ჰგავისა,
ცოცხლების საცოცხლებელს ჰსვამს,
მომხსენებია მკვდარისა,
ვინც იხოცება ბრძოლაში
თვალს ქვეშ გუდანის ჯვარისა.
ის რო ხმას უწევს და ხატის
ახლოს მოსვლა ჰსურს ამითა,
თავად ხატის ხმა შაესმის
ბათაკას ბეღლის კარითა:
„ნუვის ჰგონია, სრულიად
მე ავიყარო აქითა.
ერთს ხელს თუ იქ ვამუშავებ,
აქაც ვმუშაობ ცალითა.
ერთს თვალს თუ ლაშქარს ვადევნებ,
აქ ვარ მეორეს თვალითა.
ხევსურეთს როგორ გავწირავ,
ვმუშაობ იმის ძალითა.
ფესვები აქ მაქვს გადგმული,
უთქმელებია ფასითა.
მათ უკვდავების წყარო რწყავს
ვერცხლის და ოქროს თასითა.
სიცოცხლე ხევსურეთისა
დაწყებულია აქითა“. –
კვლავ ამბობს გუდანის ჯვარი
ცოტას გამწყრალის სახითა:
„იგი დაუგდო ეშმაკებს,
რომ მოინავსნენ ნავსითა,
გავატიალო სახლ-კარი
ჩემი მოსილი ხავსითა?
მლოცავი აღარ გაჰმსჭვალო
შენ მაგნაირის აზრითა!
თუ ხევსურეთი მთელია,
როგორც ღმერთს დაურგავისა,
ის კიდევ გაჰზრდის ვაჟკაცებს,
როგორც კვლავ გაუზრდავისა.
როგორ იქნება, თუნდ ერთ წამს
სრულ დანებება თავისა?!“