ხარი ირემი
Appearance
ხარი ირემი ავტორი: ვაჟა-ფშაველა |
1899 წელი |
ხარი ირემი ტირის ძალზედა.
აღარ წავიდა იალაღზედა;
არ ეკარება ამხანაგებსა,
მარტოდ-მარტოკა დადის განზედა.
ვაჟკაცს დაემტვრა რქები ჭიდილში,
მგლოვიარეა იგი მაზედა.
ნათესავების ნახვა რცხვენიან,
რომ აღარ ჰშვენის რქები თავზედა.
ეკვრის ხევ-ხუვსა, შამბსა, შალდაყსა,
აღარ წავიდა იალაღზედა…
ის როდი იცის შეუგნებელმა,
თუ რქა მოუვა კიდევ რქაზედა;
კვლავ ინავარდებს ირმებთან ერთად
და ნიავს დაჰლევს მაღალს მთაზედა!