ხანუმა
ხანუმა ავტორი: ავქსენტი ცაგარელი |
1882 |
ხანუმა
ვუძღვნი ნატალია ცაგარელისას
კომედია 4 მოქმედებად
მომქმედნი პირნი:
მიკიჩ ტყუილ-კოტრიანც თ. ვანო ფანტიაშვილი - მებატონე.
მდიდარი მოიჯარადრე
სონა - ამისი ქალი, ნასწავლი. კნეინა თეკლე - ამისი და.
სარა - სონას დიდედა, მოხუცი. თ. კოტე ფანტიაშვილი - ვანოს ძმისწული
ტერტერაანთ აკოფა მიკი-
ჩას ნათესავი, მისივე პრიკაშჩიკი ტიმოთე - ვანოს მოსამსახურე გლეხი.
კართუკანაანთ ქაბატუა მაჭანკალი
ბურთიკაანთ ხანუმა მაჭანკალი
სტუმრები, საზანდარი
მოქმედება თბილისში; I და III თეკლეს სახლში, II და IV - ტყუილ-კოტრიანცისა.
პირველი მოქმედება
სცენა: რიგიანად მოწყობილი ოთახი, სამის კარით და ფანჯრებით
პირველი სანახავი
ტიმოთე
(სკამზე ზის და იჩმუჩნება)
შენი ჭირიმე. დედავ, რანაირათ ჰყინავს ეს რჯულ დაკარგული!.. სულ არა სცოდნიათ ამ დაწყევლილ ქალაქში მოჯამაგირის პატივი! ჩვენი კაცი რომ დილით ადრიანათ ადგება, ერთი კაი ლაზათიანი ტაქანი ოტკა უნდა იწყვიტოს, რომ იმ დღეს რიგიანად იყოს, თორემ მოგცემენ ერთ ტაქან ჩაის კრიპუსტით და იმითი უნდა დანაყრდე უზმოზედ... უჰ, დასწყევლა ღმერთმა, რა ძალიან შემოუტია ამ სიომ! ახ, სადა ხარ ეხლა ერთო კაი პირტო! ასე გაგხდის, როგორც ცეცხლი... რაზედ წამომათრივა ჩემმა ბატონმა! რა უნდოდა, ჩემთვის სოფელში ვგდებულიყავი: დააღუღუნე ცეცხლი, მოუჯექ, ხუხე ჩურჩხელა და სჭამე, ზედაც არაყი დააყოლე... ან თითონ რა უნდოდა ჩემ ბატონს, რომ გამოეჩქარა ქალაქში! ეჰეი! რამოტელა ფულსა ღუპავენ ჩვენი კნიაზები! დაყიდიან, ბატონო, რაც კი პური და ღვინო შემოუვათ შემოდგომაზე, ჩასხდებიან ი ვერანა პარახოტში და ქალაქში გნიასს ჩამაიტანენ! ი ფულს სულ აქ მიფშვნეტამენ ერთ ორ კვირაში და შინ რომ დაბრუნდებიან, ზამთრის საგძალიც აღარა აქვთ! ძალიან უთაბაუთოთ ირჯებიან ჩვენი ბატონები. აი, ჩემი კნიაზი, ერთი კვირაა, აქ არის და წორეთ ერთი ზღვა ფული გადაფლანგა. თითონ კიდევ ჰო, მე რაღა მაჩანჩალა ვარ, რომ ჩამომათრივა! შემასკუპებს ფაიტონის კოფოზე და ქუჩა-ქუჩა დამარიხრიხებს! იმდღეს კინაღამ თავ-პირი დამანტვრევინა! ეგ აქ ხალხს თავს აწონებს, მეორე ცოლს ეძებს და მე კი არა მკითხავს, რომ ერთი ცოლიც არა მყოლია!..
ვანო (კულისიდგან)
ტიმოთე!
ტიმოთე (წამოხტება)
აქ გახლავარ, შენი ჭირიმე.
ვანო (იქიდანვე)
შენ საქმეს მორჩი და სხვაგან უნდა გაგზავნო.
ტიმოთე
მოვრჩი, ბატონო. (აქეთ წამოვა). ეს ერთი კვირაა, ჩემი ბატონი აქეთ-იქით მგზავნის და წიგნებს მატანს. დამენაძლიე, მართლა რამეს აპირებდეს; ამ მაჭანკლებმაც რომ მოუხშირეს! (ჩაიცინებს). ე რა ხალხი ყოფილა, შენი ჭირიმე! დღეში ოცი მაჭანკალი მოდის. ისე ჩააცივდნენ, რომ წორეთ ხათაბალაში გაახვევენ... მოდი, ერთი მეც ავეტორღიალები, ი პატარა მაჭანკალი რომ არის, იქნება გაუწყრეს ღმერთი და... აი ისიც... აი დაგწყევლა ღმერთმა!..
მეორე სანახავი
იგივე და ქაბატუა, მერე ვანო
ქაბატუა (შემოდის)
კნიაზი შინა ბძანდება?
ტიმოთე
ჯერ სალამი უნდა გეთქო და მერე გეკითხა! ეგ ხომ დამნავსე!
ქაბატუა
ვა! ძალობანაზეა? არ მინდა და არ გეტყვი! მითხარი მეთქი, კნიაზი შინ არის?
ტიმოთე
მაშ არა და ამ დილაზე, მე ვიცი, გუთანზე წავიდოდა! შინ არის მაშ!
ქაბატუა
ერთი მოახსენე, გელიანთქო!
ტიმოთე
რაღა გელიან... რა მთელი ჯარი ელის? ერთი ბეწო დედაკაცი კი შემოპრაკუნდი!.. მერე რა საქმე გაქვს ამ დილა ადრიან?
ქაბატუა
ვა! შენ ვინა ყოფილხარ? რას მესპორები, მოახსენე რაღა!
ტიმოთე (დაცინვით)
ეი! დაბარებულივით არ მოიჭრა ამ დილა ადრიან! ჰა, გაასაღე, თუ არა?
ქაბატუა
ეეი! რა ნაირი ბრიყვი ყოფილხარ! ვის ელაპარაკები? გავასაღე რა, დალალი ვარ!
ტიმოთე
ძალიან გაწყერი! დალალი ხარ, მაშ არა და ნაჩალიკი ხარ! მაჭანკალი და დალალი ერთი არ არის? რა ვიცი, რაც კი რამ დამპალია, თქვენ ასაღებთ და მეტი რაღა დალალობა უნდა!
ქაბატუა (გაცხარებული)
შენ გიჟი ხარ, ვიღაცა ხარ! ვის უბედავ, რომ დალალი ხარო, შე გაუთლელო სოფლის ჰოტროველავ!
ტიმოთე (სიცილით)
ეჰეი, რანაირად დაუტია! (იქით) ცარიელი კუჭი იქნება ე დაწყევლილი პატარა დედაკაცი! წორეთ ჩახმახია, ჩახმახი! როგორ აკვესებს!
ქაბატუა
შენ ბრიყვობას სულ კნიაზს ვეტყვი, ერთი ვნახო!
ტიმოთე
კარგია, გეყოფა როდი უნდა გაჯავრდე, მალე დაბერდები!
ქაბატუა
მითხარი მეთქი, კნიაზი რომელ ოთახშია, უნდა შევიდე!
ტიმოთე
ეი! რა ყოფილა ესა! სად უნდა შახვიდე, ადამიანო, კაცი ლოგინში წევს! ჩაიცომს და თითონ გამოვა.
ქაბატუა
(ჩადრს მოიხსნის, თავზედ დაიდებს და ტახტზედ ჩამოჯდება)
ეგრე თქვი და რაღას იღრიჭები! (სიჩუმე).
ტიმოთე (გაივლის და გამოივლის)
მოდი, ერთი ამას ავეტორღიალები! ურემი თუ შეშას არ მოიტანს. თითონ ხომ შეშაა და შეშა (მიუახლოვდება ღიმილით) ე, ინჩე! რა მოგცე, რომ ერთი კარგი გოგო შემრთო?
ქაბატუა (გვერდზე შეხედავს)
აი თვალი კი დაგიდგა!
ტიმოთე
ნუ კი იგინები, შვილოსა. ფულის საქმე არ არის, ფულს მოგცემ რა.
(სიჩუმე). ჰა, ე?
ქაბატუა
შენ ამ დილაზე მგონი რაღაც დაგილევია.
ტიმოთე
ისემც ღმერთი ააშენებს ქალაქელების ოჯახს! რა უნდა დამელია, ხედამ, მუცელს ფაყა-ფუყი გააქვს.
ქაბატუა
კარგია, ხმა გაინკმიდე, შენი თავი არა მაქვს.
ტიმოთე
რა არის, შვილო? არქიელიდგან მოკიდეული მთელი მილეთის ხალხს ცოლს თქვენა რთამთ და რა იქნება, ერთი გოგო მეც მიშოვოთ? მეც ფულს მოგცემ რჯულის მადლმა.
ქაბატუა (გვერდზე შეხედავს)
მერე ვინ მოგწონს?
ტიმოთე
ვინ მომწონს? ჩვენი ნაჩალიკის ცოლი!
ქაბატუა
ვა! გაგიჟდი?
ტიმოთე
მა რას მეკითხები? ვინ მამწონს რა...
ქაბატუა
ჰო, არავინ არ გეგულება?
ტიმოთე
რომ მეგულებოდეს ვინმე, შენ რაღა საჭირო ხარ, წავალ და ვითხოვ, მე მინდა, რომ შენ მიშოვნო.
ქაბატუა (ქოქოლას აყრის)
უი ქის! ესეც რომ დიდკაცობს: მაჭანკლებით ქალებს თხოულობს!..
ტიმოთე
ჰა, ე?
ქაბატუა
არა, შვილო, საშენო არავინ ვიცი!
ტიმოთე
მე კი ვიცი და!
ქაბატუა
აბა ვინ არის?
ტიმოთე (იქით)
ამ დაწყევლილმა საღერღელი ამიშალა, რა მარილიანი ადამიანია! ეს ფულსაც ბევრს შემაიტანს. (იმას) რაღა შორს წავიდეთ, მოდი ეშმაკს შეაფურთხე და შენ შემირთე...
ქაბატუა (ქოქოლას აყრის)
მეხი კი დაგეცა!
ტიმოთე
ჰოდა რა? ძალიან კარგათ მოვალთ მე და შენ. შენ ახალგაზრდა ქალები დაასაღე და მე ცხენების დალალობას დავიწყობ.
ქაბატუა (შეუტევს)
ეგ ვისთანაც გაგიბედნია, კიდევ იქ მიჰქარე! მე შენი სოფლის გომბიო არ გახლავარ.
ტიმოთე
ძალიან გაიჭიმე, მაშ ვინა ბძანდები? სულ ერთი ყალიბისა ხართ მაჭანკლები.
ქაბატუა
ქა, ესეთი მასხარათ აგდებაც!.. გაჩუმდი, თორემ ეხლავ პოლიციას დავუძახებ!
ტიმოთე
რათ გვინდა, რო დაუძახებ? მოდი, ბელგათ ერთი მაკოცნინე, მორჩა და გათავდა...(მიიწევს იმისკენ).
ქაბატუა (ქოშს გაიხდის)
როგორ თუ მაკოცნინე! (ესვრის)
ვანო (გამოდის)
ტიმოთე (ვანოს რო დაინახავს)
კარგია, ნუ ჰყვირი, მართლა ეგონებათ რამე.
ვანო
რა ამბავია, რა დაგემართათ?
ქაბატუა
ვა, კნიაზ, ეს რა ფინთი ვინმე ყოფილა! კინაღამ გიჟობანა დაიწყო!
ვანო (სიცილით)
რა იყო? არშიყობა ხომ არ დაგიწყო?
ტიმოთე
არა, შენი ჭირიმე. მე უბძანე, ერთი გოგო მიშოვე მეთქი და მაგან ქოში მდრუზა...
ქაბატუა
ვაი, რომ არ მოგხვდა, ერთი შამანი გადმოგსვლიყო...
ტიმოთე
მამხვედრიყო და, მგონია, აქვე...
ვანო
კარგია, გეეთრიე!
ტიმოთე (ბუტბუტებს)
თუ შენი ოხტიდგან არ მოვიდე და მაშ ტიმოთე...
ვანო
კარგია მეთქი... რას ბუტბუტებ?
ტიმოთე
არაფერი, შენი ჭირიმე. მე არაფერი არ მიბძანებია (მიდის და კარებიდგან ყელს უწევს ქაბატუას).
ქაბატუა (ქოქოლას აყრის)
აი თვალიმც დაგიდგა! (ვანოს) ვა, პრილაჟენიას მიკეთამდა!
ვანო
მერე უარი უთხარი?
ქაბატუა (მორცხვათ)
კარგია ერთი, შენ გენაცვალე... ჯერ შენი ქორწილი მაჭამე, კნიაზ, მერე ჩემსას გაჭმევ. (დაჯდება).
ვანო
რა ვიცი, ბევრს კი დარბიხარ და რო ვერაფერს არიგებ!
ქაბატუა
ვა, რატომაც არ ვარიგებ! ქალი შეგრთო, კნიაზ, ქალი შეგრთო, რომ ერთი იმის ცალი ჰინდოეთის მეფეს ჰყვანდეს, ერთი ხონთქარს და სხვას არავის მთელ დუნიაზედ.
ვანო
აი ყოჩაღ! ხანუმა რო მირიგებს, იმასა სჯობიან?
ქაბატუა
უი, შენ ჩემო თავო! ვის ეკადრება ხანუმას გარიგებული! ხანუმა თულუხჩების მაჭანკალია! იმის გარიგებულს, კნიაზ, გირჩევნია, თითონ ხანუმა შეირთო, ჰო ჩემი სუფსარქისის მადლმა!
ვანო
რა, ლამაზი არ არის? ის კი ძალიან აქებს და...
ქაბატუა
უი, უი, უი, ერთი ფინთი, ერთი ჯოჯოხეთი, ერთი შეითანი, რომ ხმალ ამოღებული ლეკია!.. ორმოცდა თვრამეტი წლისა, პირ დაღრენილი, ლაშებ მოშვებული, ფილთაქვას ტოლა ცხვირი, კუსავით ჩაძვრენილი წვრილი თვალები, დაჯიდა, არყის კოლოტსა ჰგავს, ჰავლაბრის კინტოსავით ბოხი ხმა!.. კნიაზის მზემ სიზმარში რომ მოგეჩვენოს, ბნედა მოგივა.
ვანო
მა რა ჯანდაბათ მინდა, თუ ეგეთი მოჩვენებაა!.. აბა, მოვიდეს ის გიჟი მაჭანკალი, მე ვიცი, როგორც გავისტუმრებ.
ქაბატუა
ხანუმა სახლში შაიშვება? იმან ოღონდ ფული აჰკრას და ცოდოსა და მადლს ხომ აღარ დაგიდევს! შენ მე მიგდე ყური, კნიაზჯან, მე ხომ შენი ყურმოჭრილი ყმა ვარ... თუ რომ ქალი არ მოგეწონოს, არამც თუ ფულს ნუ მომცემ, აქვე რომ ჩამომახრჩო, ყაბული ვარ.
ვანო
მომეწონოს და კაი ათ თუმანსაც გაიკრამ...
ქაბატუა (ჩაიცინებს)
არა, გენაცვა, ათი თუმანი რა ფულია, როდესაც მე შენ ხაზინას გაშოვნინებ, მაგრამ თქვენ ჩემი პატრონები ხართ; ათ თუმანთან ათ კოდ პურსაც მიწყალობებ, ერთ ხელ საქორწილო ტანისამოსს და სხვა რამეებსაც... განა არ ვიცი, რომ თქვენთან სიკეთე არ დამეკარგება.
ვანო (იქით)
მამა გიცხონდა, ჩემ ხოდაბუნებსაც შენ დაგისაკუთრებ!
ქაბატუა
მაგრამ თქვენ ტყუილად რაზედ გაწუხებთ! თქვენმა ბრწყინვალე დამ, თეკლემ, იცის ჩემი ყადრი და პატივი. ვენაცვალე იმას, ღვთისნიერი ადამიანია. სანამ თქვენ სოფელში ბძანდებოდით, ის საწყალი იჯდა თავის სახლში გამოკეტილი! ქა, მეტის მეტი უადამიანო და მიუკარებელია!.. როცა მოეწყინებოდა, გამომიგზავნიდა თავის პატარა მიშოს.. (ყმაწვილს აჯავრებს) “ქაბატო! დედამა ბძანა, აქ გადმოდი, სკუცნათა ვალოო!..” ღმერთმა აჩუქოს, რა მშვენიერი ბავშვი ეზდება, ზედ გამოჭრილი თავის განსვენებული მამაა... გადმოვიდოდი მეცა, ვეტყოდი, კნეინა თეკლე, სულ შინ ჯდომა როგორ იქნება მეთქი!.. ერთხელ ორჯელაც პიკნიკში წავიყვანე ოსანასთან...
ვანო (გააწყვეტინებს)
ეგ ყველა ეგრე, მაგრამ ი ქალის ამბავი მითხარი: ვინ არის, ან რა აქვს?
ქაბატუა
სუყველაფერი, თქვენმა სიცოცხლემ. დიდი სოვდაგრის შვილი, დიდის ქრთამით და მზითვით. გუშინ კნეინა თეკლემ გამგზავნა და დღეს ამბავი მოვართვი. თქვენა სცნობიხართ კიდეც ქალის მამას...
ვანო
ვინ არიან?
ქაბატუა
ქა, სოვდაგარი მიკიჩას ქალი.
ვანო
აბა მიკიჩა?
ქაბატუა
ჩვენი... ტყუილ-კოტრიანცი...
ვანო
ჰოოო! ტყუილ-კოტრიანცი. მე სულ სხვაზედ წავედი. მიკიჩას მე ძალიან კარგად ვიცნობ, ჩემი ძალიან დოსტია. მაშ იმისი ქალი?
ქაბატუა
სწორეთ იმისი.
ვანო
ქალსაც კარგს ამბობენ!
ქაბატუა
ედემის ფრთაშესხმული ანგელოზია!
ვანო (გახარებული)
აბა, მაშ რიგიანად უნდა დატრიალდე და დაპირებულზედ ხუთი თუმანი მომიმატებია.
ქაბატუა
პირველად ძალიან ფეხს აჭერდნენ, მაგრამ მე რომ ცამდის აგწიეთ, ისინიც დარბილდნენ.
ვანო
რა, მითომ გაძნელდება?
ქაბატუა
კი არ შეგვეხვეწებიან! თითონ პარუმ მიკიჩა ძალიან მოწადინებულია.
ვანო
რას იძლევიან?
ქაბატუა (ჯიბეში ეძებს)
აი, აქა მაქვს დაწერილი მზითევი და ქრთამი, სულ კი არა.
მესამე სანახავი
იგინივე და თეკლე
თეკლე
(თავის ოთახიდგან გამოდის)
ოჰ, ქაბატო, მოხვედი კიდეც? შე წყეულო, რატომ ჩემთან არ შემოხვედი, სამახარობლოს მოგცემდი. რა ამბავი მოიტანე?
ქაბატუა
კარგი, ვენაცვალე შენ ბრწყინვალე სახეს. პირველათ რომ უთხარი, მასხარაობა ეგონათ: კნიაზი ჩვენ ქალს როგორ ითხოვსო! მე კი არ მითქომს, რომ თქვენი გაგზავნილი ვიყავი. უთხარი, თუ გინდათ, იქნება გავარიგო მეთქი. იმათ ძალიან გაეხარდათ. სოვდაგარ მიკიჩამა სთქვა, მე დიდი ხანია გულში მედოვო, აბა წადი და გაარიგეო... მარხვდება კიდეცა და ქორწილიც მალე გავაჩაღოთო.
ვანო (თეკლეს)
მერე ქალი რა კარგი ყოფილა!
ქაბატუა
ტანციონში გაზდილი! რა ფრანციცული, რა ფორტუპიანი, რა ნასწავლი! აი, თუ ჩემი არა გჯერათ, თქვენ ძმისწულს ჰკითხეთ. ის, მგონია, იმათსა დადის.
ვანო
აბა ჯერ წაგვიკითხე, რა გიწერია მაგ ქაღალდში.
ქაბატუა
(დიდ სათვალეებს წამოიდებს ცხვირზე)
ფულათ რვაასი თუმანი, ხალასი ოქრო... სულ პოლიმპრიალები აქვს მიკიჩას თავის ქალისთვის შეგროვილი... ოთხასი თუმნის შენახული მზითევი. ახლა ახალი უნდა იყოს: ერთი ძვირფასი საგვირგვინო კაბა, ეღირება, სულ ცოტა, ოცდაათი თუმანი. ოროლი დუჟინი თეთრეული, ნახევარ დუჟინი კაბები, სამკაული, წვრილმანი, ფერხსაცმელი - სულ იანგარიშეს ხუთას თუმნამდის. ეს არის. დანარჩენზედაც მოველაპარაკებით. ორი ათას თუმნამდის დგება. მიკიჩა ნატარიუსის პირობით შეეკრა თავის ქალს, თუ ორ თვეზედ სულ არ ჩააბაროს, სახლები და მაღაზია აუწეროს.
თეკლე (გახარაბული)
ქა, შე გასაგლეჯო, რუფაკებისა არა უთქვამთ-რა?
ქაბატუა
რა ძალა აქვთ, თუ მოვითხოვთ. აი სია დამიწერე და ჯანსაც კი არ გავაგდებინებ!
ვანო (მხიარულად)
ძალიან ყოჩაღი ყოფილხარ, ქაბატო, არ ვიცოდი.
ქაბატუა
ვა! მაშ არ იცოდი? სომხები იტყვიან: ლუნ პუსტიკე, ჰამა მეწე კწუმ!.. ჯერ მიყურეთ, მე პატარა დედაკაცმა რა შტუკები გავაკეთო!
თეკლე (სიცილით)
დიდი კუდიანი ხარ, ვინც არ გიცნობს! წამოეთრიე, რუფაკები დაგიწერო (მიდის)
ქაბატუა (ვანოს)
იქეიფე, კნიაზ, ოხერი ფული ბევრია! (მიდის). თათრები იტყვიან: ფლოვი იანი იშტაია გერაქ ოლსუნ! (გადიან).
ვანო (მიაძახებს)
თეკლე! ქაბატუას ეხლავე ხუთი თუმანი მიე, დასჭირდება.
მეოთხე სანახავი
ვანო, მერე ტიმოთე და კოტე
ვანო (წამოდგება)
კაცს თუ ეწვიოს ბედი, რიგიანი უნდა იყოს! ეს ამოდენა ფული, მშვენიერი ქალი... გაგორდი და გამოგორდი! (ჩაფიქრდება) ხომ იტყვიან, კაცის თვალი გაუმაძღარიაო, მაგრამ ძალიან ადვილათ კი სტყუვდება: ერთი ხუთჯერ გიჟი სერგუშკას ფაიტონით აიარ-ჩაიარე ქალაქში და ორი ათასი თუმანი ჯიბეში გდია! მაშ რა ნახეს მაგ ოხრებმა ჩემში?.. ეხლა კი კარგათ მოვიყვან ჩემ საქმეს: ასეთი დაჩა ჩავჭიმო კაკლებთან წყაროზედ, რომ, ვინც იქ შევიდეს, ეშხით დაიბნიდოს!.. (მღერის) “კოკობო ვარდო, არ დამაგდო, ვარ მონა შენი...” ჰაი-გიდი, კნიაზო ვანო! ვინ უნდა ჭამოს ორი ათასი თუმანი და ლამაზი გოგო!.. ჰაიდა, კნიაზჯან!..
ტიმოთე (შემოვარდება)
ბატონო, იცი, რა მოგახსენო...
ვანო (შეხტება)
მხეცო! ჰოტპუ! რა ნაირათ შემოვარდი, გული გამიხეთქე! ბოსელში ხარ, თუ რა ღმერთი გაგიწყრა!
ტიმოთე
პატარა კნიაზი მობძანდა და...
ვანო
ვინ პატარა კნიაზია?
ტიმოთე
ჩვენი პატარა კნიაზი, კოტე.
ვანო
მერე რა თავ-პირს ინტვრევ? მობძანდა და აქ დაუხვდებით! გასწი, კარი გაუღე.
ტიმოთე (გაუღებს ღრეჭით)
მობძანდი, შენი ჭირიმე.
კოტე (შემოდის)
ოჰ, ტიმოთეს გაუმარჯოს! შენც ქალაქში ხარ?
ტიმოთე
ღმერთმა შენი თავი მიცოცხლოს (გადის)
კოტე (ქუდს დასდებს)
ბიძა ჩემს ვახლავარ. (ხელს ჩამოართმევს).
ვანო (ხელს აძლევს)
ბონჟურ, პრენს კოწია! როგორა ხარ? დაჯექი.
კოტე (დაჯდება)
თქვენ როგორა ხართ? დიდიხანია ქალაქში ხართ?
ვანო
ერთი კვირა იქნება. სხვა, ახალი ამბავი?
კოტე
მშვიდობა. ცოლის შერთვას ვაპირებ, ბიძა ჩემო და უნდა თქვენთან მომელაპარაკნა...
ვანო
ერიჰაა! მაშ ერთად გადავიხადოთ ქორწილი, უფრო ცოტა დაგვიჯდება.
კოტე
როგორ? თქვენც აპირებთ რამეს?
ვანო
ქორწილს. ერთი კაი ლუკმა ვიშოვე. საქმეც გავათავეთ, ხვალ თუ ზეგ ჯვარს დავიწერ.
კოტე
ოჰო! მაშ მომილოცავს. (ხელს აძლევს).
ვანო
ვინ არის შენი საცოლე, აქვს რამე?
კოტე
კარგი გაზრდილი ქალი, ნასწავლი, მდიდარი. გაგიჟებით ვუყვარვარ და მეც მიყვარს; მაგრამ, მგონია, მშობლებს ადვილად ვერ დავიყოლიებთ...
ვანო
მამა უცხონდათ კი არ შეგვეხვეწებიან. არ დავიყოლიებთ და დავახვიოთ ბიჭები, ერთი კარგა დავზურგოთ და ქალიც მოვიტაცოთ! შენ ჯერ კარგა ეცადე, როგორმე შინაურულად მოახერხო. მეც, ჩემო ძმავ. მომწყინდა ამდენი ქეიფი და თავისუფლად სიარული. თუთხმეტი წელიწადია ცოლი დავმარხე და თუთხმეტჯერ სახლში პური არ მიჭამია, სულ აქეთ-იქით ვაღამებ ჩემ სიცოცხლეს. ეხლა კი მოვიკეცამ სახლში და ხელს მივყოფ ოჯახობას... შენც ვინძლო ფეხი მაგრა მოიკიდო და მასწავლებლობას თავი არ დაანებო. მართალია, მამა შენმა მთელი თავისი წილი ვალში დაურიგა და შენ არა დაგიტოვა-რა, მაგრამ არა უშავს-რა, ჩემი მამული შენი არ იქნება?
კოტე
მადლობელი გახლავარ, ბიძა ჩემო... მართლა, ვინ არის თქვენი საცოლე?
ვანო (თვალს უზამს)
ჩემსავით დარდიმანდი, ლამაზი, კოხტა, ძალიან მდიდარი... მართლა, თუ ერთათ არ მოგვიხდება ქორწილი, შაფერათ გამომყევი; такой шик зададим, что...
კოტე
ბიძა ჩემო! თქვენ მაინც ძალიან იცით ქალების არჩევა...
ვანო
მაშ, ბიჭმა იცის და! მაშ, ამდენი ხანი უცოლოდ რათ დავაღამე? (ღიმილით). იცი, ბიჭო, რა გითხრა, знаешь, я боялся, კარგია, რომ ცოლს ირთამ, თორემ знаешь, მეშინოდა, არშიყობა არ დაუწყოს მეთქი! ისეთი ლამაზია, რომ...
კოტე (მხიარულად)
მაგას რას ამბობ, ბიძა ჩემო?.. რა გვარია?
ვანო
რა გვარია! ჰმ, ჰმ! რა გვარია! მილიონერის ქალი!.. знаешь ты, мешоками у него золото! მიკიჩ ტყუილ-კოტრიანცის ქალი არ გაგიგონია?
კოტე (გაფითრებული)
ტყუილ-კოტრიანცის ქალი?!
ვანო
ჰო, რა ძალიან გაგიკვირდა? მე რაღა ურიგო ბიჭი ვარ!
კოტე (გაშმაგებული იქით)
ჩემი საცოლე, სონა! ამისთვის გაურიგებიათ!..
ვანო
ჰა, ჭკუაში არ დაგიჯდა? (დააცქერდება) რა მოგივიდა, ყმაწვილო, როგორ გაფითრდი?
კოტე
არაფერია, გაივლის! ცოტა მეძინა და თავბრუ მეხვევა.
ვანო
ე რა ფერი დაგედო, ავად ხომ არა ხარ? ჰაი, შე ლაჩარო, შენა!
კოტე
დასწყევლოს ღმერთმა, რაღაც დამჩემდა! არა უშავს-რა, შინ წამლები მაქვს...
ვანო
Ничего слушь, немношка холодни вода помажь და...
კოტე
არა მიშავს-რა, ეხლავე წავალ... (ადგება).
ვანო
პატარა დაიცადე მეც საქმე მაქვს ქალაქში, ერთათ წავიდეთ. მამიდაშენს მაინც არა ნახავ? მეც ეხლავე მოვალ (შუა კარით გადის)
კოტე (მარტო)
ესეც შენი იმედები, როგორ თავზარი დამცეს... სხვა მაინც თხოულობდეს ვინმე, რომ ხმა მაინც ამოვიღო... თორემ ბიძა ჩემი!.. რა უნდა ვუთხრა ბიძა ჩემს?!.. გაყმაწვილებული მოხუცი ყმაწვილზედ უარესად თავის ნებისაა! ჩემს დღეში მაგ ქალის მეტი არავინ მყვარებია და მაგასაც მართმევენ! მართალია, სონა მე ვერ დამთმობს, მაგრამ იმის ვაჭარი მამა?!. იმას ვინ დაიყოლიებს?! ის ქალს არ გაუგონებს! მე არაფერი არა მაქვს, ბიძა ჩემი მდიდარია! (ჩაფიქრდება). არა! არა! ყოველი სიმდაბლე უნდა მოვითმინო და ნათესავობაც უნდა დავივიწყო, სონას კი თავს ვერ დავანებებ! მე ვგრძნობ, რომ უიმისოდ სიცოცხლე არ შემიძლიან! რას მიქვიან ეხლა ბიძა, ძმა, მამა... მე ეხლა აღარავინ არა მწამს! ეს წყეული ხანუმა მაინც ვიპოვნო სადმე, სონას ამბავი ვკითხო...
მეხუთე სანახავი
იგივე და ხანუმა
კოტე (მიეგებება)
ოჰ, ხანუმ, რა დროზედ მოხვედი! შენთან დიდი საქმე მაქვს!
ხანუმა
ჰა, სალამალექ! რა ამბავია? გულში ხომ პაჟარი არ გაგჩენია!
კოტე
არ გეხუმრები, ხანუმი...
ხანუმა
კუდი ხომ არ მოგწვია! (ჩადრს დაკეცავს, თავზედ დაიდებს და ტახტზე ჩამოჯდება). ჰა, სონამ შემოგიკეთა? ერთი ბიძა შენს მოვრჩე...
კოტე
ღვთის გულისათვის ნუ ხუმრობ, უნდა მიშველო რამე...
ხანუმა
მე ჩემი ტაქცია მაქვს, გითხარ, შვილო, და გავათავე: თავადისშვილი - ორმოცი თუმანი; აზნაური და ჩინოვნიკი - ოცი თუმანი; დაბალი ხალხიც, როგორც მზითევი ექნება, იმის შესაფერად; შვიდ თუმანზედ ნაკლებ კი არ შეიძლება არავისგან. ეს არის.
კოტე
ოხრად დარჩეს ეგ ფული, მაგაზედ ვინ გელაპარაკება!..
ხანუმა
ვა! მაშ სხვა რა გინდა? თუ ფული იქნება, რა გაჭირდება! გინდა პატრიარხსაც შევრთო ცოლი?
კოტე
ეჰ, ერთი გამიგონე და! რა დროს ხუმრობაა, საქმე იშლება...
ხანუმა
რომელი საქმე იშლება? ჩემი დაწყობილი საქმე მოიშალოს? შენმა გაზდამ, ხუთს ასეთ ღენერალს შევრთე ცოლები, რომ თითო ოთხმოცდა თვრამეტის წლისა იყო, ერთ კვირაზე იმათი ქელეხიცა ვჭამე. ცოლიანი კაცებისთვის შემირთვევინებია ცოლები!.. ოთხი ღვდელი გამიკრეჭინებია!.. ერთი ჩემ კარაბადინში ჩაიხედე, რეები მიწერია! ქვეყანას სულ უკუღმა დავატრიალებ! მაშ შენ კარგად არ იცნობ ხანუმასა, შენ ეს (ხელით აჩვენებს) გალესე.
კოტე
ღმერთო ჩემო! მაგას წინ რა უდგას? შენ ეს გაიგე, რომ ქალს ძალით ათხოვებენ!
ხანუმა
როგორ თუ ათხოვებენ? მერე ვის აძლევენ!
კოტე
საქმეც ის არის, ვის აძლევენ! - ბიძა ჩემს!.. ქორწილი ხვალ ექნებათ.
ხანუმა (წამოდგება დოინჯით)
რაო, რაო? როგორ თუ ბიძა შენს? მერე ჩემი დასტური აუღიათ? ბიძა შენი უჩემოთ ირთავს!.. იჰ, იჰ! ნეტავი ხანუმას თიებსა! ფოშტის ცხენივით ქალაქის ქუჩები მაქელინა, ორმოცი წლის ჟამი ამაცუნცრუკებინა და ეხლა სხვას ირთამს! არა, შვილო, ჩემს კარაბადინში ეგრე არ მიწერია! მე უფრო ვიცი, ვის როგორი ქალი ეკადრება!.. აი ნუსხა მომიტანია იმისთვის და ის ქალი უნდა შეირთოს, რომლის კარზედაც მარბევინა...
კოტე
გეუბნები, ადამიანო, ტყუილ-კოტრიანცის ქალს ირთამს.
ხანუმა
მერე რომელი წვერ-ცამეტა ტერტერა იქნება, რომ იმას ჯვარი დასწეროს! მგონი, თავიანთ ბლაღოჩინებისაც არ ეშინიანთ ღვდლებს ისე, როგორც ჩემი!.. ქალი გამაგიჟებინა, რამდენი სული დავწვი მაგ ჯიბე გაფხეკილი კნიაზისათვის, ჰაი-ჰარათ მზითევს ალაგებენ და ეხლა ატკაზი!
კოტე
აბა რა ვქნა, მითხარი?
ხანუმა
როგორ თუ რა ქნა? ვერ შეირთამს მეთქი, გეუბნები! მთელ ევროპიას შევძრამ!.. ის ქალი ჩემი მრევლია, ვისაც მინდა, იმას მივათხოვებ, ჯერ ჯაფის ფასი დამითვალოს, რაც მარბევინა, მგონია, სულ უცოლოთაც დავაგდო! ვის ეხუმრებიან? მეე? საცაა პენციას მივიღებ: ოც და ათი წელიწადია ამ საქმეს ვემსახურები. ხუთი გუბერნატორისათვის შემირთვეინებია ცოლი... რამდენი უშვილოსათვის შვილი მიყოლებია; ცის ძირამდის არი გავარდნილი ხანუმას ოსტატობა...
კოტე
მაშ იმედი ვიქონიო?
ხანუმა
არა, შვილო, შენ ნუ გეშინიან! მხოლოდ იცოდე, ტკბილი სიტყვით კაცი ვერ გაძღება! სადაც კომლი მაღალია, მეც იმისი მაყარი ვარ. რაც გითხარი, წინათვე იძლევი, ხელს მოვკიდებ, თუ არა და...
კოტე
ოღონდ გვიშველე რამე და ეხლავ ვალს ავიღებ და შენს ოც თუმანს ჩაგაბარებ, ჩემთან გამოიარე. ოცსაც სონა მოგცემს, ხომ დაგპირდა...
ხანუმა
ბაშ-უსტა! დრუსტ ასუმ! (ხელს აძლევს). ეხლა კი მე ვიცი.
კოტე
აი მე მივდივარ...
ხანუმა
მიბძანდი... ფულისათვის გამოვივლი.
კოტე
გამოიარე და მიიღებ. აბა, ხანუმი, თუ ოსტატი დედაკაცი ხარ! (გარბის).
ხანუმა
კარგი მეთქი, ქა! ასე აურ-დაურევ საქმეს, როგორც დომხალი (დაჯდება). სხვას ირთამს? ვნახოთ, როგორ შეირთამს! ათი თუმანი ფული ქალისაგან ამიღია და უკანვე მივცე რაღა! რა ანგელოზი მნახეს მეცა! ასე აურიო დავთრები ამ კნიაზს, რომ სულ ფუტკრები ეხვევოდეს!.. ეს სულ იმ კუსპარა ქაბატუას ბრალი იქნება. იმას უნდა ჩემ შემდეგ ჩემი ადგილი დაიჭიროს! ზედ შუაზედ რომ გაიპრიწონ, სანამ მე ცოცხალი ვარ, ქალაქში სხვა მაჭანკალს არ გავაწაწანებ! (ქოქოლას აყრის) აი, ფჩანას, ფჩანას, ქაბატო, რაც შენ ხანუმას ოხტში ვერ მოხვიდე!
მეექვსე სანახავი
იგივე და ვანო
ვანო (შემოდის)
ოჰ, ოსტატო ხანუმ, ჩემს ნახვამდისაც გიცოცხლია!
ხანუმა
ქა, რას მემართლები? მერე მე რომ არ ვიცოცხლო, ამოტელა ბარიშნა ქალებს პასუხს შენ გასცემ? შენ დაასაღებ მაგათა?
ვანო
მართლა და, ძალიან დასაკლისი კი ხარ ამ ახალგაზრდა ქალებისათვის. ვინ იცის, სულ შენ მზეს ფიცულობენ.
ხანუმა
მაშ არ იცი? რამდენი უმანკო გული ლოცულობს ჩემთვის! ლამაზები კიდევ არაფერი, საქმე ის არის, რომ ზოგჯერ ორი თეძოთი კოჭლს და თვალებზედ ბისტ-გადაკრულებს შენისთანა კნიაზებზედ გავასაღებ ხოლმე!
ვანო
აი, ოჯახი ამოგებუგა შენა!.. დიდ ბედნიერებას კი შეჰყრი კაცს!..
ხანუმა
მაშ ქა, ყველამ რომ ჩალაღაჯი წაიღოს, დავესკას კი გასაღება არ უნდა?
ვანო
შენს სულს უხაროდეს საიქიოს! (იცინის).
ხანუმა
ფიქრი არ არის! დიდ ცოდვასთან ცოტა მადლიც გასჭრის! რას ამბობ, მე რომ ამ კვირაში ერთი ჭარხლის წნილივით დამჟავებული გავასაღე, გინდ ეკლესია ამიშენებია.
ვანო
აი, გაგაფუჭა ღმერთმა!
ხანუმა
მარა შენ საღ ქალებსაც მიწუნებ და აბა, სხვაგანა ნახე... მართლა ქა! სულ დამავიწყდა, აი ნუსხა მოგიტანე. ჩქარა უნდა მეემზადოთ, მარხვდება. დედოფლიანი სულ მზათ არიან...
ვანო
ვინ დედოფლიანი?
ხანუმა
ქა, ვისთანაც გამგზავნე. ძლივს-ძლიობით დავიყოლიე, ზაჰლა წამერთო იმათ ჩიჩინში... კნიაზს ქალს როგორ მივცემთო!..
ვანო
არ მისცემენ და საჭიროც არ გახლავთ... თავიანთვინ შეინახონ.
ხანუმა
არა, ბოლოს კი დავითანხმე. აბა, მე საქმეში გავერიო და ის საქმე...
ვანო
ტყუილათ შეწუხებულხართ!
ხანუმა
რა შეწუხებაა! ფულს იმისთვის ვიღებთ, რომ გავისარჯოთ...
ვანო
ეეე, ოჩონ პეტრე! მე მაგას კი არ გეუბნები... ქალი არ ვარგა, ძალიან გონჯიაო.
ხანუმა (იქით)
ოჰ, ქაბატო, თუ ხელში ჩამივარდი! (იმას) ქა, საქონელს არ ყიდულობენ უნახავათ და ცოლს ვინ შეირთავს! მართალი და ტყუილი შენი თვალით ნახე, სხვას რათ უჯერებ? (იქით) ხელმეორეთ იშლება საქმე! (იმას) შენ მზითევი იკითხე და ქალი ხომ ჩვენ ხელთ არის, თუ არ მოგეწონება, ნუ შეირთავ რა! კნიაზ, ეს იცოდე, დიდ დოვლათსა გკერძამ. (იქით) ასეთი ქალი გაჩვენო იმ მაიმუნის მაგივრად, რომ სულ დავთრები დაგეკარგოს...
ვანო (იქით)
ეს გასაწყვეტნი ყველა თავისას აქებს და რომელი ერთს დაუჯეროს კაცმა.
ხანუმა (ნუსხას იღებს)
შენ ყური დამიგდე, კნიაზ!
ვანო
აბა, წაიკითხე ჯანი გავარდეს, ქალსაც ვნახავ და...
ხანუმა
მაშ! მაშ! ქრთამი, როგორც გითხარი, ხუთასი თუმანი. მზითევიც ესა: ერთი გვირგვინის კაბა, ერთი ვიზიტისა, ერთი დამაშნი და სამიც საშინაო. თითო დუჟინი თეთრეული წმინდა ბატისტ-პალატნოსი. ჩულქები, საპოჟკები ნახევარ დუჟინი. ერთი შუბა. ერთი ვიზიტკა ტალმა, ერთიც პოლკა. ორი ხალიჩა, ერთი ქეჩა, ერთი დუსპალნი კრაოტი, ორი ხელი ლოგინი, სამი მუთაქა, დუჟინი საური, დუჟინიც ჩარსავი. სამოვარი თავის პრიბოლით: ვერცხლის პოდნოცი, დუჟინი ვერცხლის ჩაის კოვზი, მოლოჟნიკი, ჩაის საწურავი, სახარნიკა თავის მაშით, სუხარნიკა, - სულ ვერცხლისა. მარმარილოს უმივალნიკა თავის სასაპნეთი და საჩოტკეებით. ორი სუფრა, იმის იარაღი: დუჟინი ვერცხლის სტოლის კოვზი, ერთი ფლავის კოვზი და ვერცხლის ჩამჩა, დანა-ჩანგალი, სამი სამარილე, საშარბათე, საგარციცე და მურაბის ტასტი. ქალის სამკაული: ორი ზურმუხტის ბეჭედი, ორი იაგუნდისა, ერთი ლალისა, ერთი ფირუზისა, ათ თუმნიანი ბრასლენტი, რვა თუმნიანი ზარის საყურეები, სარკე, სამი ხელისყუთი, ვერცხლის კავების დასაკულულებელი და ერთიც სარდაფის შუშტაკის გასალესი. (ჩქარა-ჩქარა) ლენტები, ბანტები, შპილკები, ქინძისთავები რაღა სახსენებელია. ესენი ბევრი აქვს. სულ მზითევი სამას თუმანი დგება. მეტი რა გინდა, ქალიც რიგიანია.
ვანო
როგორ თუ რიგიანი? განა ლამაზი არ არის?
ხანუმა
აბა, სული როგორ დავწო, თავის დღეში ტყუილი არ მითქვამს: რომ ვსთქვა, ძალიან ლამაზია მეთქი - არ არის.
ვანო
არ არის და მე უფრო ლამაზიც მეძლევა და დიდი მზითვისაც.
ხანუმა (განგებ გაკვირვებული)
რას ამბობ, კნიაზ-ჯან?
ვანო
რა გესმის?
ხანუმა
იმ ქალს რაღა პასუხს აძლევ, ამოტელა მზითევი რო აყიდვინე?
ვანო
რათა ყიდულობდა რა?
ხანუმა
როგორ თუ რათა? შენ სწორე სიტყვა მომეცი, ერთი კვირა სირბილით მომღალე, ქორწილის დღე დაუნიშნე და ეხლა მიზეზს იდებ?
ვანო
ქალიც რომ ვარგოდეს, მზითევი ცოტაა. მე რომ ქალს მაძლევენ, სწორეთ დახატულია და ორი ათასი თუმანიცა აქვს.
ხანუმა
მერე შენ გინახავს ის ქალი?
ვანო
მე არ მინახავს, მაგრამ ქვეყანა კი აქებს.
ხანუმა
რომელი ქვეყანა? დამანჭული ქაბატუა?.. ერთი მითხარი, გენაცვა, რა პატიოსნება არის, თავადის შვილი ბრძანდები, ქალს ამისთანა ბიაბრობას აყენებ და სახელს უტეხამ?! მერე ჩვენი ჭორიანი ქალაქის ამბები არ იცი, რეებს გამონასკვამენ!..
ვანო (ადგება).
რას ჩამაცივდა, გიჟია ოხერი! (გაჯავრებით) აღარ ვირთამ ცოლსა! წადი და შენ შეირთე, თუ ძალიან გეცოდება! (მოუმატებს) მამა ჩემი არ წამიწყნდება, კაცმა უნდა კეტს წამოავლოს ხელი და სულ თავ-პირი დაგამტვრიოთ, თქვე კუდიანებო, თქვენა! ქვეყანას ატყუვებთ და სულ რაღასაც თვალთმაქცობთ!
ხანუმა (ამრეზილი)
ეგეთ სიტყვებს რათ ამბობ, კნიაზ? უზდელათ რათ მიხსენიებ ჩემ ღირსებას!... როგორ თუ თავ-პირი დამამტვრიოს! ვის შეუძლიან? მთელი ქვეყანა ოსტატ დედაკაცათ მიცნობს, ვის რა ნება აქვს, თავ-პირი დამამტვრიოს?.. თვალი იმ ქალსაც დაუდგეს და იმის მთხოვნელსაც, მე რაღაში ჩამჩხირეთ!.. მაგრამ მე მაინც ვიტყვი, რომ ეგრე ჩესტი არ არის პატიოსანის გვამისა!
ვანო
ძალიან კუდი მოგეწო! მარა, ფულებს რომ იჩხრიალებთ და ტარტაროზის მსგავსებს ასაღებთ, მადლობას ვინ გეტყვით! ეს ჯადო, ესა.
მეშვიდე სანახავი
იგინივე, თეკლე, ქაბატუა, ბოლოს ტიმოთე
ხანუმა (თავს უკრავს)
კნეინა თეკლეს ვახლავართ!
თეკლე
მშვიდობა შენი, ხანუმი, ამბავი? (დივანზედ დაჯდება).
ხანუმა
მშვიდობა.
ქაბატუა
(ხანუმას თავს დაუკრავს, იქით)
ეს ქოფაკი აქ საიდგან გაჩნდა!
ხანუმა (იქით)
ერთი ამ უცხვირპიროს უყურეთ! ესეც რომ მაჭანკლების მარაქაში ერევა! დაიცადე, ასე გაგიგალო ეგ დამანჭული თავი, რომ სულ არ მინდა იძახო. ამ სულელი კნიაზის გადარევა სულ ამ მაიმახის ბრალია. (სიჩუმე).
ვანო (ხანუმას)
წადი და ეგრე მოახსენე შენს გამომგზავნელებს.
ხანუმა
ქა, რა უნდა მოვახსენო! აღარა ხუმრობთ?
ვანო
რას ტუტუცობ, რა მეხუმრება!
ხანუმა
მაშ ეს აყალ-მაყალი რაზედ ამაშლევინე?
ვანო
რა აყალ-მაყალი? ახლა ძალიანაც ნუ გამოიდებ თავს, მამა გიცხონდა...
ხანუმა
ჰა, ჰა! მამის ხსენება ნუ იქნება! მე არავისი სახსენებელი მამა არა მყოლია!
თეკლე
ვანო! რათა გაქვს ეგ საძაგელი ხასიათი?
ვანო
მა რას ჩამციებია ციებ-ცხელებასავით! გიჟია ვიღაცა არის!..
ხანუმა (ქაბატუას)
ჩისიმანუმ?!. საქმე გამარიგებინა, ქორწილის დღე დამანიშვნინა და ეხლა ატკაზზე შედგა; გაგიგონიათ ასე მასხარათ ქვეყნის აგდება?
ქაბატუა
ქა, შენ რომ სამოცი წლის ადამიანი გაურიგო, უთუოთ უნდა შეირთოს? ყველას თავისი გემო აქვს: ალბათ არ მოსწონს და არ ირთავს! (ვანოს კაბას უსუფთავებს ტანზე).
ხანუმა
ქაა! ეს ვიღა არის? აქეთ გვიბძანეთ, მოდნის მაჭანკალო? ნეტა ვიცოდე, შენ ვიღა გკითხავს?!.
ქაბატუა (წამოდგება)
ვის ეძახი მაჭანკალს, შე ბებერო კუდიანო?! ახალი მოდისაც შენა ხარ და ძველი მოდისაც! მე რომ აქა მხედავ, მე ამ სახლის შვილი ვარ. ქოფაკი!
ხანუმა (გაკაპასებული)
შენ შენთვის ეგდე, ემანდ მეცამეტე გოჭივით ნუ ეჩრები, თორემ კატასავით თავს გაგიჭეჭყ!
ქაბატუა (გაიწევს)
ეხლავ თეძოს აგათრევინებ, შე ბებერო ტურავ, შენა!
ვანო (იჭერს)
კარგია, მამა შენი ნუ წაგიწყნდება, დაწყნარდი!
ხანუმა
ერთი გაუშვით ეგ უდღეო, რომ რწყილივით გავსრისო!
თეკლე
კარგია, ადამიანო, რა გაჩხუბებთ, აქ ჩხუბის ალაგი არ გახლავთ!
ქაბატუა (იქით)
ეს ბებერი ტურა! ესა! (ისმის) ეხლა ბურთი და მოედანი ჩვენია: შენ გარიგებულ ქალს აღარა თხოულობენ, მაგრა შეინახე ზანდუკში, გამოგადგება!.. კნიაზ ფანტიაშვილი ირთავს მიკიჩა ტყუილ-კოტრიანცის ქალს. წადი ეხლა და თავი ქვას ახალე!
ხანუმა
თავი ქვასაც ახალე და ჭირსაც!.. მერე უნახავათ შეირთამს იმ მაიმუნს? თუ ჩემ არჩეულ ქალს ისა სჯობდეს, დეე შეირთოს!
ქაბატუა
შენ არჩეულ ქალს არა, შენ თავს დაადარე, შენმა სიცოცხლემ!
თეკლე (ხანუმას)
თქვენ მაგაზედ ნუ სწუხართ! ქალსაც ვნახამთ და მშობლებსაც.
ვანო
ვნახამ ქალსა, მარა თვალებს ავიკრამ! არც შენ დაგიჯერებ, არც ამას.
ხანუმა (იქით)
დახეთ ამ ბატის ჭუკს, რა ოინს მიშვრება! (იმას) კნიაზ, გეუბნებით, თვალებს ნუ იბრმავებთ ტყუილად. შეირთე, ვისაც გეუბნები, თორემ ინანებ! მოტყუება კარგი არ არის!
ვანო
რაო? ვინანებ? თქვენმა დღეგრძელობამ საციმბირო საქმე კი არ გამიხადო.
ქაბატუა
წადი, წადი, ხანუმი, ოსტატ დედაკაცს გეძახიან, პატარძალი არ გაგიცივდეს, მალე მოუნახე ვინმე!
ხანუმა
რახან მასხარათ ამიგდეთ ეს ნამსახური დედაკაცი, აბა, წადით და შეირთეთ! მაშ ხანუმა ცოცხალი რათ უნდა იყვეს, რომ იმას დამმარცხებული გამოუჩნდეს ვინმე!
თეკლე
მითომ რატომაო?
ვანო
თვალს კი არ მოგთხრი? ადე, დაიკარგე ეხლავ ჩემი სახლიდგან, კინაღამ დაგიჯერე და თავი დავიღუპე!
ქაბატუა
შენ გეუბნებიან, ოსტატო ხანუმი, საჭირო აღარა ხარ, მიბძანდიო!
ხანუმა (ანთებული)
მაშ უპასუხოდ სახლიდგან მაგდებთ რაღა? მაშ დედაკაცი არ ვიქნები, თუ თქვენივე კბილით თქვენივე ხორცი არ გაგლეჯინოთ!
ვანო
ხმა გაიკმინდე, კარგია, თორემ, მამა ჩემი არ წამიწყნდება, მე ვიცი შენა...
თეკლე
(ვანოს ხელს დაუჭერს და მიჰყავს)
რას ელაპარაკები მაგ აშაქარ დედაკაცს? წამოდი, ამტენი იღრინოს, სანამ მოეწყინება! (გადიან).
ხანუმა (მიაძახებს)
შეგირცხვათ პატიოსნება, რა კარგი ხალხი თქვენა ყოფილხართ! შენი ცოდვის მზიდავი ვიყო, ტეტია კნიაზო, თუ შენ ოინს არ მოგივიდე! მე ცოცხალი ვიყო და შენ ცოლის შერთვას ეღირსო...
ქაბატუა
ქა, თავის სახლში ლანძღამ? არ უნდა და არ ირთამს, რას ემართლები? (მიდის თეკლესთან)
ხანუმა (ხელს დაუჭერს)
საით მიბრძანდებით, კნეინა ქაბატო? პატარა მოთმინებით, მე თქვენთან საქმე მაქვს.
ქაბატუა
რა საქმე? არა, იმ ქალზედ როგორ ეუბნებოდი ლამაზიაო, იარმუკის მენახშირესა ჰგავს, არ ვიცნობ რაც არის? სად ის და სად მიკიჩას ქალი, ღმერთი არ არის?
ხანუმა (თითს უქნევს)
ეს კუდიანობა სულ შენი ამბავია! რა გინდა ჩემგან, დედავ და თვალო, რაზედ მართმევ ლუკმას? (გაჯავრებით) მითომ გინდათ ხანუმას ოხტში მოხვიდეთ? ისემც გაუხარია შენს გასაგისს!
ქაბატუა
შენ გაიხარე და შენმა შვილის შვილებმა, შე ენა წანკლიანო ქოფაკო!
ხანუმა
ხმა ჩაიწყვიტე, თორემ ეხლავ სულს გაგაფთხობინებ!
ქაბატუა
მეხი კი დაგეცა მაგ ბებრუცუნა თავზედ!
ხანუმა (შეუტევს)
ხმა, შე გულკვდრის შვილო!
ქაბატუა
(ხელს მოჰკიდებს და მიათრევს).
გადი, ეხლავე დაიკარგე, თორემ პოლიციას თავზედ დაგახვევ, შე მთვარის გიჟო, შენა!
ხანუმა (ბუწუწებში სწვდება)
უი შე, წუწკის შვილო, შენა!.. (ერთმანეთს ეწევიან და თან კივიან).
ტიმოთე (შემოვარდება)
რას შვრებით, ადამიანო, დაგიჟდით?! ერთი ამათ შეხედე როგორ ჩაუბღუჯნიათ ერთმანეთი! (იცინის და ტაშს უკრავს). ძიძგი, ძიძგი, მამალო! მე გიშველი, დედალო!.. (ორჯელ).
ვანო (კარებიდგან უყვირის)
რას უყურებ, ბიჭო, ვერ გააშველებ?
ტიმოთე (შუაში ჩაუვარდება)
რასა შვრებით, ხალხო? (გააშველებს).
ხანუმა
(ქოშს გაიხდის, უნდა ქაბატუას მიარტყას და ტიმოთეს კი სთხლეშამს).
ტიმოთე (ჯოხს წამოავლებს)
თავი გამიხეთქეთ, თქვენი სინსილა კი გაწყდა! (გამოუდგება და ყველანი გაცვივიან).
ფარდა
მეორე მოქმედება
სცენა: მორთული ზალა ტყუილ-კოტრიანცის სახლში. მარჯვენა მხარეს (სცენიდამ) როიალი, სარკე უკანა პლანზე, წინ დაფენილი ტახტი, მარცხნივ დივანი, სტოლი და სავარძელ-სკამები.
პირველი სანახავი
სარა და სონა
სარა
(ტახტზე ზის მოკეცილი, კრიალოსნით)
შვილო, სხვა არა იყოს რა, ღვთის მცნება მაინც უნდა გახსოვდეს, რომ უმცროსთ უნდა გაუგონონ უფროსებსა, რათა, ღმერთმაც დღეგრძელი და ბედნიერ ჰყოს მათი სიცოცხლე! ეგეც არ იყოს, მშობელი მამა ბედნიერების მეტს რას მოინდომებს თავის საყვარელი ნაშობისათვის?
სონა
დიდედა! სწორე გითხრა, საქმე გამიჭირე მაგ შენის უთავბოლო ქადაგებით! თქვენ მე ისეთ სატანჯველში ჩამაგდეთ, რომ ღვთის მცნება კი არა, თვით ღვთის არსებობას და სარწმუნოებასაც უარსა ვყოფ! რა გესმით, რა გელაპარაკოთ!..
სარა
უი, უი, უი, შვილო, შვილო!.. ღმერთს როგორა გმობ?! უი, დამიბნელდეს თვალები და დამიყრუვდეს ყურები! (ხელის გაპყრობით) ზეციერო მამაო, ნუ შეისმენ უმეცრებით წარმოთქმულს ბავშვის სიტყვებს!.. მე მომმართე შენი რისხვა და ამ ბავშვს კი აპატიე!.. როგორ იქნება, შვილო, ეგრე წარამარათ ლაპარაკი?!
სონა (წამოხტება)
ნუ გამიჭირეთ, დიდედა, საქმე!.. ნეტა ვიცოდე, რა გინდათ ჩემგან?!
სარა
შვილო! შენი ბედნიერების მეტი რა უნდა მინდოდეს? გენაცვალოს დიდედა, შვილო, დიდი გვარის კაცი, დიდი ყმის და მამულის პატრონი, თავადი...
სონა
მე შენ გთხოვე, მაგას ნუღარ გამიხსენებ მეთქი! რაც შენი საქმე არ არის, ჩუმად უნდა იყო! მე სულელი არა ვარ და თუ ჭკუაში მიჯდებოდეს, არავის ხვეწნა არ მინდა!
სარა
წადი, გენაცვალე, მოირთე და მოიკაზმე; ქაბატუამა სთქვა, თორმეტ საათზედ მოვა კნიაზი შენ გასაშინჯათაო, მაგ ტანისამოსით ხომ ვერ, დახვდები? შვილო, კნეინა გახდები...
სონა (გააწყვეტინებს)
დიდედა, რას ჩამაცივდი? ლამის სიბრაზით გული ამომვარდეს და, შენ უფრო მიმატებ ცეცხლს!.. თუ ძალიან მოგწონს კნეინობა, წადი და შენ შეირთე, ვიღაც კნიაზია, მე არა ვთხოვდები!
სარა (თითს ტუჩზედ მიიდებს, სიჩუმე)
უი! უი! ვინც რომ პანციონში და გემნაზიებში ქალები დაზარდოს, იმას წაუწყდეს სული და ცოცხლივ იობის მატლი დაეხვიოს! მეორეთ მოსვლა რაღა შორს არის, როდესაც ამისთანა ლაწირაკი გომბიოები ამ დროულ დედაკაცებს მასხარათ გვაკეთებენ! ჩემი სიყვარულის მაგიერია?
სონა (გაეცინება)
დიდედა, მაპატიე, უზრდელად მოგექეც. რა ვქნა, რაც შენი საქმე არ არის, რომ ერევი! (აკოცებს, იქით) ამას ხომ არც “ჰო” შეუძლიან და არც “არა”, ტყუილად თავი რად შევიწუხო ჯავრობით, ისევ მივეფერები, თორემ წუწუნის თავი ვისა აქვს. (იმას) ხომ აღარ მიწყრები, დიდედა!
სარა (ღიმილით)
ჰაი, შე ლირფო, იცი რომ მიყვარხარ და გულს მალე მოვიბრუნებ! შენს მეტი ვინა მყავს, შვილო, ცათა ქვეყანაზედ? მოდი მომეხვიე! სამის წლიდგან ამ მკერდზე ხარ გამოზრდილი (მოეხვევა). ღმერთო ზეციერო, შენ გამიბედნიერე ჩემი სოფიო... რეები მაქვს, შვილო, შენთვის! ჯერ სამასი თუმნისა თვალ-მარგალიტი მაქვს. შენ მე გამიგონე...
სონა
კარგი, დიდედა, ხელმეორეთ ნუ დაიწყებ. (იქით) ვაი იმას, ვისაც სახლში მოხუცებული ჰყავს, ისიც დედაკაცი.
მეორე სანახავი
იგინივე და აკოფა
აკოფა
(კარებში თავს შემოჰყოფს, კაბა აცვია, კაბის კალთა მხარზედ გადაგდებული აქვს, ხელში - წითელი ხელცახოცი თხილით და ქიშმიშით, მღერის). “ოდეს ზღვა დაშრეს, დიდედაჯან, ქვიშა გამოჩნდეს, თევზი მთას წავიდეს სიარულითა, მგელი თხას მისდევდეს ჭიანურითა”!.. (მივა ახლოს). როგორა ხარ, დიდედაჯან, როგორ? (ხელზე ჰკოცნის).
სარა (ღიმილით)
გიჟო! შენ როგორღა ხარ? როგორ იმგზავრე? რა ჭკუა მოიტანე, სადაც იყავი, იქიდგან?
აკოფა
ჭკუას ჩვენ ქალაქში ვინ შემოუშვებს - კანდრაბანდია!
სარა
მაშ არ დაჭკვიანდი?
აკოფა
ძალიან ძვირია, დიდედაჯან, ჭკუა! პატიოსნად თავისუფლად დავდივარ, რათ მინდა ჭკუა? ისიც სტრახში შესატანი გამიხდება, მერე რომ დაიწვას, ვიღა მიზღავს?
სონა (ზის დივანზედ)
აკოფ არტემიჩ! მე ვეღარ დამინახე?
აკოფა
ოჰ, სონა მიკიჩოვნაჯან! რასა ბრძანებთ, კაცი ედემის წალკოტში შევიდეს და იადონები ვერ დაინახოს?! მერე დიდედა ახალგაზრდობისას რა ბრმა იადონს ეგვანებოდა! (მივა ახლოს, ხელს ჩამოართმევს, მერე გვერდში უღიტინებს). ჰა, როგორა ხარ, სონა მიკიჩოვნაჯან? (ხელცახოცს აძლევს).
სონა
ეს რა მოგიტანია, აკოფ? (შინჯავს, მერე სტოლზე დასდებს).
აკოფა
რა ვიცი, ხილია: ფსტა-ნუში, აღჯანაბადი, ნუყლი, თხილი, ქიშმიში...
სონა
ამეებს ხომ პატარობისას მიზიდავდი, ეხლა დიდი ვარ, კამფეტები და პეროჟნები უნდა მომიტანო ხოლმე.
აკოფა
კარგია, ნეჟნოსტობას თავი დაანებე!.. მამა შენიც პეროჟნების მეტს არაფერსა სჭამს, აი! ჯვარს დავიფიცამ, ჯვარს, თუ თავის სიცოცხლეში ხურმის მეტი რამე ხილის გემო იცოდეს!..
სარა (ღიმილით)
მასხარათ შენი თავი აიგდე, შე ლირფო!
აკოფა
ისკარიოტელი ვიყო, თუ ვსტყუოდე! (სარასკენ წავა). სხვა, დიდედაჯან? რატომ ასე დაგიგვიანეს საიქიოდგან პოვესტკა? მე იმიტომ ჩამოვედი, უნდა ზაიავლენიე გავგზავნო იქა, სტრახში შეტანილი ხომ არ ჰგონიხართ.
სარა
ახლა, ბიჭო, სულ ეგრე მასხარათ უნდა დაბერდე?
აკოფა
მაშ რა ვქნა, დიდედაჯან? (გვერდში უღიტინებს). უჰ, შენი სულისა, დიდედა!
სარა (სიცილით)
კარგია, ქა, გვერდები ნუ ჩამამტვრიე! მიამბე, ფოდრატი როგორ წაიყვანე?
აკოფა
ძალიან კარგა, დიდედაჯან! მახლას, ჭამაც ვიცი და მოგებაც!.. ჩვენი ზოგიერთი ვაჭრები რომ მილიონებს ინახავენ, მამა უცხონდათ, სამოთხეში თავდაყირა ჩაცვივიან! какой чорт!... (მღერის) ”სანამ ცოცხალვარ ასე ვიქ, ვახარებ ჩემსა იასა; მოვკვდები, გაუხარდება სამარის კარსა ჭიასა!” მაშ რა გეგონა!.. დიდედაჯან, მოდი დღეს მე და შენ ერთი ქრისტიანულად დავთვრეთ და მერე რუსულად ვიტიროთ.
სარა
სატირალი რა გვაქვს, შვილო, ქორწილს ვაჩაღებთ.
აკოფა
როგორ თუ ქორწილს? ვისას?
სარა
სონას.
აკოფა (სიცილით)
ერთი დიდედას უყურეთ, ამ სიბერის დროს როგორ კუდი გაიქნია! შენც მასხარაობ, დიდედი?
სარა
თითონ შენ მასხარავ, არა გჯერა?
აკოფა
ეჰ! კარგია ერთი, და...
სარა
სონას დღეგრძელობამ!
აკოფა
მართალს ამბობთ? ქორწილი გაქვთ, ქორწილი? კარგი, დიდედი, შენი თავი არ დამადაღვინო!
სარა
ბიჭო სულ ხომ გადარეული არ უნდა იყო!
აკოფა
მაშ მართალს ამბობ? არ მატყუებ? აბა, მაშ სული დაიფიცე, შენ ის ძალიანა გწამს.
სარა
ბიჭო...
აკოფა (თითს უქნევს)
ჰა, დიდედაჯან, სული არ დაივიწყო!
სარა
სული არ წამიწყნდეს.
აკოფა (წამოხტება)
ვაი, ვაი, ეს რა მესმის, სონაჯან, მოგილოცო?
სონა
არა, გეხუმრებიან.
აკოფა
ჰო, დიდედი?
სარა
არა, შვილო, მაგის მამა იმიტომ გეძებდა დღეს, რომ ეგ უნდა ეთქო.
აკოფა
მაშ მართალი ყოფილა?! ჰა, სონაჯან, როგორა ხარ ქეიფში? ჰა, გული ფანცქალებს, თუ არა? ერთი სიძე მითხარით, სიძე, რომ ლოთიანათ თავში ჩავაფარო!
სონა
დიდი შემძლებელი ქართველი კნიაზი.
აკოფა
ქართველი კნიაზი? მაშ თავში ჩაფარება არ შეიძლება: ერთი ვინმე ტუტუცი ხანჯლიანი იქნება!
სარა
ტუტუცი შენა ხარ! ჩვენი სიძე დარბაისელი ვინმეა.
აკოფა
ეჰ, კარგია, მამა გიცხონდა შენცა! რა დარბაისლობა გამოადგება თქვენთან? მგონია, ცარიელი ყველისა და პურის ჭამით სული ამოართოთ!
სარა
შენმა სიცოცხლემ!
აკოფა
სონაჯან! ახლა ვინ იცის, გამარჯობაც არ გვითხრა, კნეინა, რომ გახდები? ვაში სიატელსტვა! მგონია, ასე გაიფხვერები, როგორც გალანცკის მამალი! კოზლაზედ ერთი ხმალიანი ლაქია... დაროგუ კნეინუ!.. ჰაი, ქუდის ხდა! ჰაი, პაკლონები! ჰაი, კავალრები! . მერე ვის? სოფია მიკიჩოვნას!.. ვაი ჩვენი ბრალიცა! განსვენებულ პაპა შენს ფინაჩის დუქანი ჰქონდა აშპაშხანაში, ორ წყვილ ჩექმას შვიდაბაზათა ჰკერამდა... მართლა, რომ ამბობენ, ეს ოხერი ქვეყანა ტრიალებს, თორემ ეს რა ამბები ხდება!.. ამის პაპა კბილით ჯღანებს ეწეოდა, თულუხჩებს ჩექმებს უკერებდა... იმისი შვილისშვილი კი ვაში სიატელსტვა, კარეტა, რისაკები, ლაქია!.. მერე საიდგან? ჩორტ იო ზნაეტ!..
სარა
ყბედო! ახლა ყბები არ დაგეღალა?
აკოფა
დიდედი, ნეტა შენ რაღა გიხარიან? იქნება იმედი გაქვს, სონამ მაშინაც დიდედა დაგიძახოს? ტყუილად ნუ ფიქრობ! მაშინ იტყვის: ესეც ერთი საცოდავი ბებრუხანა გდიაო, ჩვენი ძიძის გამდელიაო და... (ყურში უჩურჩულებს).
სარა
დაიკარგე, გიჟო, რეტიანო! (ხელს ჩაარტყამს).
აკოფა
ჰო მეთქი, დიდედი! მაშ არა და თავის გვერდზე კარეტაში დაგსომს... სონაჯან, როგორ გაიბერები! (აჯავრებს),”ბიჭო! ეი, ბიჭო! კნიაზები მობრძანდებიან, პადიეზდის კარები გაუღე”!.. ჩვენ რომ მივალთ, დიდედი? “ბიჭო! კუხნაში შეიყვანე, პატარა მოიცადონ, რა დროს მოსვლაა!”... სონაჯან! ეხლავე გეუბნები, მე დავიდარაბის თავი არა მაქვს, შენს გოსტინაში პირდაპირ ჩემის პატიოსანი პალტოთი, ქუდითა და კალოშებით შემოვალ...
სონა
რეებს ამბობ, ნეტა ვიცოდე! მე სულაც არ მეხუმრება.
აკოფა
ის ჩვენ ვიცით... ეე! ჰა, კარგი, ნუ მათქმევინებ, თორემ ეს-ეს არის წამოვროშე, ხომ იცი, ჩემთვის პრილიჩია არ არის?.. რას ჩამოგიყრია ყურები, იქეიფე რაღა! გუშინ მამა შენს სამი ათასი თუმანი ჩამოვუტანე ფოდრატებისა, სჭამე რაღა! ასეთი ქორწილი გაგიმართო, რომ... საზანდარი ჩემია, ეხლავე მითქომს... მერე რა ჯურის შიქასტაც გინდა...(მღერის) “სიყვარულო! რა გრძნობა ხარ, რისგანა ხარ შედგენილი: ღმერთმანა გყო, თუ ეშმაკმა კაცის გულში შთანერგილი?”..
მესამე სანახავი
იგინივე და მიკიჩა
მიკიჩა (გამოდის)
ოჰ, გიჟო, შენც მოსულხარ? წუხელი გაძებნინე, სად დაიკარგე?
აკოფა
სად დავიკარგე, მე ვიცი, კრუჟოკში წავიდოდი! “ნოვი სვეტში” გავათენე. რას ამბობ, ექვსი თვეა ქალაქში არა ვყოფილვარ, სადღაც თათრებში გადამკარგე... არც ფულის მოგება მინდა, არც იმ სიშორეზედ წასვლა!..
მიკიჩა
მოიცა, ბიჭო, მე შენთან სხვა საქმე მაქვს...
აკოფა
მართლა, ბიძა ჩემო, სონას ქორწილს აპირებთ?
მიკიჩა
ჰო და იმიტომ გეძახდი, მაგრამ რა გინდა ქნა, აღარაფერი არა გამეგებარა. ზედიზედ ორი ეკსტრენი დეპეშა მომივიდა. ფოდრატების საქმეზედ მიბარებენ გორში. არ ვიცი, თუ რავქნა! არ წავიდე, ხუთი ათასი თუმანი ხელათ იკარგება! ვა! ღმერთი არ არის!! ჩემს შვილებს საზრდო გავუწყვიტო?! წავიდე და ესეც ხათაბალაა: თუ დღეს ქორწილი არ მოვახდინეთ, ხვალ, ხომ იცი, დიდმარხვა დგება, აღდგომამდის უნდა დავიცადოთ. მე კი ორი კვირის უკან აშტრახანში უნდა წავიდე, სამი წლის საქმე ამიღია. აბა, ერთი მითხარი, ვინ უნდა უგდოს ამათ ყური: ბებერი დედა და ყმაწვილი ქალი? შენც შენს საქმეზედ უნდა წახვიდე.
აკოფა
მაშ რა გწადიან?
მიკიჩა
რა მწადიან, ამაღამ უნდა ქორწილი მოხდეს. ამ ხალხს ხომ უპატრონოდ ვერ დავყრი, უნდა დავაბინაო თუ არა? მართალია, ჩემ სონას აქამდინ დედა არა ჰყოლია, მაგრამ მე სულ გვერდით ვყვანდი. ეხლა, ვინ იცის, სამს წელიწადს ვერც კი ვნახო. ამის ძმებიც ხომ სწავლაში არიან გრანიცაზედ. აბა რა უყო?
აკოფა
მერე ხომ არ გადააგდებ, არ იტყვი, ვის აძლევ?
მიკიჩა
საქმეც ეგ არის და! ამ იღბალზედ ბედნიერება ვიპოვნე. არ იცნობ შენ კნიაზ ფანტიაშვილს?
აკოფა
როგორ არ ვიცნობ, ერთ დროში ჩემი აფსონი იყო... (იცინის). ვა,
ერთხელ მე და ის რომ ორთაჭალაში გვჟეჟეს!.. ვაიმე, დედავ, რა ამბავი იყო!..
მიკიჩა
მოიცა, ტუტუც!.. კარგი მამულის პატრონი, კნიაზი, კაი გვარიშვილი... რა უყოთ, რომ ნაქვრივალია!..
სონა
მამა! მგონია, გუშინ საკმაოდ გელაპარაკე, არ შემიძლიან, იმას მივსთხოვდე.
მიკიჩა
კარგია, შვილო, ნუ იცი ახირება! (მაღლა) ერთი შენ თავსაც დახედე, ვინა ხარ და! მე რა უყო, რომ შეძლება გაქვს!.. ერთი კაცი რიგიანად გამარჯობასაც არ მეუბნება!.. ოხრათაც დარჩეს ეს ფულები! არ გინდა, ქვეყანაში გამოხვიდე?
სონა
თავის დღეში არ გავთხოვდები და მაგ უტვინო კნიაზს კი არ შევირთამ.
მიკიჩა
უტვინო შენა ხარ, რომ გვარიშვილობის ყადრი არ იცი! ახლა ეშმაკის ცხენზედ ნუ კი შეჯდები! მამა გიცხონდა, ძალიან გაიბერე, ნამესტნიკის შვილი შეგირთამს! მამი შენის შვილზედ ეგეც მეტია... ახლა ჩემთავზედაც ნუ მალაპარაკებ და...
სარა
რა შენი საქმეა ქალბატონობა და კნეინობა! შენ უნდა ან ბაზაზის ცოლი იყო, ან ყაზაზისა, ან მეწვრიმალისა, რომ შენი თავი დააფასო!
აკოფა
ჰო, სონაჯან, ახლა როდი უნდა აწყენინო მამა შენსა.
მიკიჩა
რის აწყენინო, რომ თავში ტვინი არა აქვს! მაგ კაცს კარგი მამული აქვს, მთელ მაგათ გვარს ისე ვიცნობ, როგორც ჩემი ხუთი თითი. ეხლა ისეთი დროა, რომ სიმდიდრე მარტო მკვიდრი მამულია. ფული რა არის, ფული?! ხელის ტოლა მიწა ფეხქვეშ არა გაქვს, რომ თავისუფლად დადგე!! აქ სხვა პოლიტიკური საქმეც არის და...
აკოფა (გაკვირვებით)
პოლიტიკური? ნეტავი ვიცოდე, რა იქნება!
მიკიჩა
ჯერ ერთი, რომ მაგ კნიაზს ჩემი ხუთასი თუმანი მართებს, ეგ მე თხოვნას ბევრს ვერას დამიწყებს: ხელში არ მიჭირავს, სწორედ დავახრჩობ! რასაც მივცემ, ჩემ ქალს მივცემ... მეორეც, რომ მთელი მაგისი სახლიკაცების მამულს სულ ხელში ჩავიგდებ: ერთი არ არის, ჩემი ფული არ ემართოს... მერე რა მამულია! მადანია, რაღა მადანი!.. იქნება რა ხდება, რა ვიცი... დროებას თავისი მოაქვს... ერთი ვნახოთ...
აკოფა
მართლა, არ გაგიგია, პარუმ მიკიჩ, ბრმა ჰიოვანეს შვილი რომ არის პარიჟში ნასწავლი... აი ჩვენი ბრმა ქულქჩის შვილი... იმას ერთი პროექტი გამოუცია: ეჩმიაწინი უნდა დიდი რაღაც ზაოდი იყოს, იქიდან აზრუმში უნდა რკინის გზა გაიყვანოს, გოგჩის ტბაზე პარახოდები და ვინ იცის...
მიკიჩა
ვინ იცის, ჯერ კიდევ რა ხდება... ჩვენ ჯერ ჩვენთვის ვიყოთ.
სონა (გაბრაზებული)
რაც გინდათ, გადაწყვიტეთ და მე კი ჩემის ცოცხალის თავით ჩემს უნებურად ვერავინ გამათხოვებს.
მიკიჩა
ნუ ამიხირდები მეთქი, შვილო!.. კი არ შემეხვეწები?! (აკოფას) შენ იცი, რას გეუბნები? აბა დღეს უნდა დატრიალდე, ჩვენებს შეატყობინო, ვინც მოასწრო, ვინც არა და არ დაგვემდურებიან; რა უყოთ, საქმე უცბათ ხდება. იმათთვის მერე გადავიხდი ქორწილს. მე სასიძოსთან მომილაპარაკნია და საქმეც გათავებულია. ეხლა მოვა, ნახამს და საღამოზედ ჯვარის წერა იქნება. მე ამაღამ უთუოთ ჩამოვალ, ვახშამზედ აქ ვიქნები. აბა სარისტა რიგიანად გაადევნე. ხანუმაც დავიბარე, შინაური დედაკაცია, გიშველის... შვილო, სონა, წადი რაღა ჩაიცვი. ეგრე ხომ არ დახვდები!.. ქალო, არ გესმის შენ ჩემი ლაპარაკი?! ეეს, ეს რა ჯოჯოხეთი გამიხდა!
აკოფა
მაგისი მე ვიცი, ჩაიცომს, მა რას იზამს! თუ არ შემეხვეწება, არც კი დავწერ ჯვარსა და!
მიკიჩა
აბა, მე მიგვიანდება, უნდა წავიდე. მოდი ერთი, დედი, ჩემი რამეები რომ გაბარია, მომეცი. აკოფ, შენც მოდი, კიდევ რამეს გეტყვი (ოთახში შედიან).
აკოფა (სონას მიუბრუნედება)
სონაჯან, უარს ნუ ეტყვი, შენი ჭირიმე! ასეთი ქეიფის იშტაზე ვარ, რომ მგონია ქუდი დავხიო. ახლა, შე დალოცვილო, კნეინობა მართლა ისპანახის ფასად ხომ არ იყიდება! (გადის)
მეოთხე სანახავი
სონა, მერე ხანუმა
სონა (გაჯავრებული დადის)
დააწყეთ თქვენი პლანები! რამდენიც გინდათ, თავში ქვა იხალეთ! აქვე ყელს გამოვიჭრი და კოტეს კი არ ვუღალატებ! ეს გასაწყვეტი ბებრები! თითონ ყველა გრძნობა დახშული აქვთ და ყმაწვილი ქალის გულში კი არ იხედებიან. რა ჩემ ჭირათ მინდა, ვინც მე არ მიყვარს, ვისაც სიამოვნებით თვალებში არ ჩავხედავ და ყელზედ არ მოვეხვევი! ღმერთო, რა გამიჭირეს სიცოცხლე! რომ სულ გაწყდნენ, იმ კნიაზს არ ვეჩვენები (გაჯავრებული). უჰ, ეს გასაწყვეტი ხანუმა რაღა იქნა! რაღას იგვიანებს!
ხანუმა (შემოდის)
ოჰ, დრასტი, მოი პაჩტენია, სონა მიკიჩოვნა!
სონა
სადა ხარ აქამდის? კოტე რას ამბობს?
ხანუმა (ჩამოჯდება, ჩადრს მოიხდის)
ქა, დამაცადე, სული მოვიბრუნო. რას ამბობს და ჯვარი დაგვწერეო. არა, მე რომელი დეკანოზი ვარ, ჯვარი დაგწეროთ? (ბურნუთი).
სონა
შენ გენაცვალე, ხანუმჯან, მიშველე რამე! ჩვენები კოტეს ბიძას მაძლევენ. თუ არ მიშველე, ღმერთმანი, სახლიდგან გავარდები, წყალში თავს დავიხრჩობ! შენი ჭირიმე...
ხანუმა
მოიცა, შვილო, მოიცა!.. უჰ, უჰ, უჰ! რაკი აცუნცრუკდებიან ეს ბარიშნა ქალები, შენი მტერი, თოფის წამალივით იფეთქებენ, თუ ხელი მიაკარე!.. ტა, ტა, ტა!
სონა
ხანუმი! რა დროს ეგენია?
ხანუმა
შენ ნუ გეჩქარება, არხეინათ იყავი. რისა გეშინიან, როდესაც ჩემისთანა ადვოკატი გყავს? შენ რაც დამპირდი, ხელი გაანძრიე. კოტემ კი ოცი თუმანი დამითვალა...
სონა
ფული მზათა მაქვს, ეხლავე მოგცემ ოც თუმანს.
ხანუმა
მორჩა და გათავდა!.. შენმა გაზდამ, საყდარში რომ იდგეთ შენ და ის კნიაზი და ჯვარს იწერდეთ, ისე მოგაშორებ და სხვას ამოუყენებ გვერდში, რომ შავი ქვაც ვერ გაიგოს! რისა გეშინიან? ხანუმამ თუ მოინდომა, მტკვარი აღმა წავა! შენ ორმოცი თუმანი გამინაღდე! ამ საქმეში ნისიობა არ შეიძლება.
სონა
ოცი თუმანი კი არა, ყმათ დაგისახლდები... მაგრამ საცაა. ის კნიაზი უნდა მოვიდეს ჩემ გასაშინჯათ.
ხანუმა
მეც ის მინდა, რომ მოვიდეს. ძალიან კარგი, შენმა გაზდამ! მეც აქ დაუხვდები. იმან რომ პანჩურით გამომისტუმრა...
სონა
თუ დღეს ვერ მოვახერხეთ ჯვარის დაწერა, მერე ხომ იცი, მარხვდება...
ხანუმა
მოვახერხებთ. შენ ეს მითხარი, მამა შენი შინ არის?
სონა
შინ არის, მაგრამ ეხლა გორში მიდის, საჭირო საქმე აქვს და საღამო ზედ დაბრუნდება. მითომ დღეს ჩემ ქორწილს აპირებენ, ყველაფერი აკოფას ჩააბარა, დიდი მზადება აქვთ.
ხანუმა
იმ ნამზადისს ჩვენც კარგა გიახლებით... ქა, განა აკოფა ჩამოსულა?
სონა
გუშინ ჩამოვიდა. იმას სტოვებს მამა თავის მაგივრად.
ხანუმა
აი სახელი გაუწყდა იმას. ერთი ვნახო მაინც. ჩემი კავალერია. მაშ საქმე გაჩისტულა!
მეხუთე სანახავი
იგინივე და აკოფა,
აკოფა (გამოდის)
ამას ვისა ვხედავ? ხანუმა არაქელოვნა! აი, ჩემი ჭირი შენ!.. შენ კი გენაცვალე მაგ თეთრ-ყირმიზ სულში, მოდი, ერთი გაკოცო!
ხანუმა (ხელსა ჰკრავს)
დაიკარგე იქით, გიჟო! (ხელს აძლევს). ახლა, ბიჭო, სულ ეგრე სულელათ უნდა დაბერდე?
აკოფა
სხვა, ხანუმ, как паживаишь?
ხანუმა
სლაბოღ!..
აკოფა
ხანუმი! კიდევ ბევრი დაგრჩა კოჭლები, წელკავიანები, ბისტიანები? შე ოჯახდაქცეულო, ბაღადელნია გაქვს, თუ რა ამბავია!
ხანუმა
შენმა სიცოცხლემ, შენ ეგრე თქვი და მარგალიტივით ვაჟებზე ვერ ვასაღებ!..
აკოფა
ვაი, შენი სული წაწყდა! შენ მაჭანკალი კი არა - ყასაბი ხარ, რამტელ დამტვრვულ-დაჩეხილებს ასაღებ!
ხანუმა
ახლა, თავლაფიანო, რამტელს გალესამ, რომ ერთი კაი ნუგბარი შენც გიშოვო?
აკოფა
ვიღა დაგრჩა, შვილო? რაც შენ გონჯები დაასაღე... ისევ შენ თუ შეგირთამ, თორემ სხვა ვიღა დაგრჩა?
ხანუმა
კარგია, გადარეულო! შენ ეს მითხარ, სონას საქმე როგორ გადაწყვიტეთ?
აკოფა
ვაი! დღეს არის რაღა ქორწილი, აკი შემოგითვალეს. ეს იცოდე, მარტო მე და შენ ვრჩებით სახლში, ამის მამა სხვაგან მიდის. აბა, ხანუმი, ერთი ლეზგინკუ უნდა ჩამოუაროთ მე და შენ ბუქნით, რომა...
ხანუმა
ნეტა რას ტუტუცობ, ყური დამიგდე! ქალის ძალათ გათხოვება გაგიგონიათ? მითომ თუ შენც ამის ბიძაშვილი ხარ და გული გეწვის! თქვე ოხრებო, ქალი ტირილით თვალებს ისივებს...
აკოფა
ჰა, ჰა, ახალი ბარათები ნუ გახსენი! ხმა ჩაიკმინდე, საქმე არ ჩაშალო, თორემ ზედ გალავინცკის პრასპექტზე ჩამოგახრჩობ!
ხანუმა
ეე, დაუშტვინე, შენ ხუმრობა ნუ კი გგონია, ემანდ ქალს თავს მოაკვლევინებთ! რაც აქა ვარ, ჯერ სამჯერ გული შეუწუხდა და ძლივს მოვაბრუნე! ამის მამისა მეშინოდა, ვერ დაგიძახეთ...
აკოფა
ჰოოო? სონაჯან, რა დაგემართა?
სონა
აკოფ! თუ ჩემი ძმა ხარ, ამ ხიფათს ამაცდინე!
აკოფა
რა ხიფათს?
სონა
მე არ მიყვარს ის კაცი და ვერ შევირთამ.
აკოფა (უკმაყოფილოდ)
კარგია ერთი, შენ გაზდასა, და!
სონა
ხომ ძმა ხარ ჩემი, გევედრები, ამ სატანჯველს მომარჩინო მე სხვა მიყვარს.
აკოფა
ეგ რაღა ყმაწვილობაა, გიყვარს რომელია? მე კი ცოტა ვინმე მიყვარს, მაგრამ ვინ მომართმევს!
სონა
უკანასკნელად გეხვეწები. მამა ჩემს მოელაპარაკე, თორემ ბევრს ინანებ, მაგრამ გვიანღა იქნება...
აკოფა
ეს რა ჯოჯოხეთში ჩამაგდეთ, თქვენი სულიც წაწყნდა!
სონა
ვინც მიყვარს, თუ იმას მიმცემთ, ხომ კარგი, თუ არა და არა ვთხოვდები.
აკოფა
მერე ვინ არის რომ გიყვარს?
სონა
მაგ კნიაზის ძმისწული - კოტე ფანტიაშვილი.
აკოფა
აი გაწკეპილი, გამხმარი ბიჭი რომ არი, უჩიტელი?
ხანუმა
გამხმარი,თქვენმა სიცოცხლემ,შენი გოგრა აქვს. რეტიანო, თავის წონა ჯამაგირს იღებს.
აკოფა
იმაზედ ხომ ადრე იყო ლაპარაკი, მამა შენს არ უნდა: მამული არა აქვსო, მამული, მამული!..
სონა
მე იმედი მაქვს, რომ ჩემის მზითვით და იმის ჯამაგირით ჯერ კარგად ვიცხოვრებთ, მერე კიდევ შევიძენთ...
აკოფა
შეიძენთ! თქვენ რომ მშრომელი ხალხი ხართ! წადი, თქვენი პარუსკობა კი დაიქცა! ნასწავლი კაცი გინდა, სხვა ხომ არაფერი? (ტაშს შემოჰკრავს) ეს რა დროებაა! რამ სიმაღლეზე ებღაუჭება ეს ხალხი!! კარგი, კარგი, ნუ ნაზობ! ფულიანი ხარ და გული მაგრა გაქვს? ეჰ, მახლას!.. ღარიბი უნდა იყო, ქმარი გენატრებოდეს, რომ კამბეჩები სტაცკი სოვეტნიკები გეგონოს!
სონა
აკოფ! იცოდე, მე ეხლა მეგობარი მიჭირს, ძმები შორსა მყავს, მამაჩემის ჯიუტი ხასიათი ვიცი, - გთხოვ, როგორც ძმას, დამიხსნა ამ განსაცდელისაგან. ჩემს სიცოცხლეში არ დავივიწყებ.
აკოფა (ტირილის ხმით)
სონაჯან, მიყვარხარ, ღმერთმა ხომ იცის, მაგრამ მამა-შენს როგორ გაუბედო, რა წყალში ჩავარდე!.. ნეტა ფეხი მომტეხოდა და არ დავბრუნებულიყავი.
ხანუმა (ქოქოლას აყრის)
მეხი კი დავაყარე შენ ვაჟკაცობას! ცარიელი ენა ხარ, შე უბედურო! შენი არაფერი არ გვინდა, ოღონდ ჩვენ მოგვყევი და ხელი არ მოგვიშალო: საქმეს მე მოვაწყობ. ხომ მიცნობ? სიპი ქვიდგან ზეთს გამოვადენ!
აკოფა
ვაი, ვაი, შენი სული წაწყნდა! რომელი ოხერი ტარტაროზი იქნება ამაზედ უარესი!..
მეექვსე სანახავი
იგინივე, მიკიჩა და სარა
მიკიჩა (შემოდის)
ოჰ, ხანუმ, რათ დაგიგვიანია?.. დაუპატიჟებლათ აღარ უნდა მოხვიდე?
ხანუმა
რა ამბავია?
მიკიჩა
არ გითხრეს, დღეს ჩემ სონას ჯვარსა ვწერ? მე სხვაგან მივდივარ, დიდი საქმე მაქვს და აბა, რაღა გეხვეწო, შინაური ადამიანი ხარ როგორც იცოდე, აკოფას მოეხმარე. (სონას) აი, შვილო, შენი მზითევი (ქაღალდს აძლევს) ეს ის პირობაა, გუშინ ნატარიუსთან რომ დაგიწერე: თუ ორ თვეზედ შენი ორი ათასი თუმანი არ ჩაგაბარო, მაღაზია და სახლები ამიწერო... გამომართვი, შვილო, შემირიგდი; ჯერ ეს იყოს და მერეც ხომ შენი ვარ და შენი. ეე! ეხლა გულზედაც ნუ მომიყვან და!
ხანუმა
გამოართვი, შვილო, მამას როდი უნდა აწყენინო, შენი მშობელია. (ჩუმათ) დასტყუე, გამოგადგება.
სონა (ხანუმას ჩუმათ)
თავში იხალონ, არ მინდა!
სარა
გამოართვი, შენ გენაცვალოს შენი დიდედა.
მიკიჩა
მაშ, აკოფ, შენა გქონდეს და ჯვარი რომ დაიწეროს, ჩააბარე. (აძლევს).
აკოფა
ბატონი ბძანდები. (გამოართმევს). სონა, აბა, ეხლა კი ვიქეიფოთ...
მიკიჩა
როგორც დაგარიგე, შვილო აკოფ, ისე მოიქეცი...
აკოფა (უკმაყოფილო)
ერთი ხათაბალა არ გამოვიდეს, ბიძა ჩემო, ამას პირი იქით მიაქვს და...
მიკიჩა
რა ხათაბალა? (გაჯავრებული) ამდენი ხვეწნაც მეყო! ჩემი დაწყობილი საქმე ურიგო არ იქნება! მე ვუბძანებ და დღესვე ჯვარი უნდა დაიწეროს! მე ვუბძანებ და ჩემთვის უნდა მოკვდეს! როგორც მიმიცია მაგისთვის სიცოცხლე, ისე წავართმევ კიდეცა, მე ნება მაქვს...
აკოფა
ახლა რა ვიცი... რო მოხდის რამე... ამას არ უნდა და ... მერე მე უნდა დამაბრალოთ...
მიკიჩა (ძალიან გაჯავრდება)
ბიჭო! შენ რაღა ჩემი გამჩენი გაგიწყრა, ბუნტია, თუ რა არის?!. რისა გეშინიან, შე ყურმუსაღო. მე გიბძანებ და ჩემი ბძანება აასრულე რაღა!.. გინდა ხელწერილი მოგცე, თუ რა გინდა? შენ ჩემ მაგივრად გიშვებ რაღა აქ! შენ რა მოგეკიხება!. აი ეხლავე ხელწერილს მოგცემ (მიდის). თქვენი ქოქი გაწყდა, თქვენი!... (კარებიდგან) კნიაზის სახელი ვიცით?
ხანუმა
კოტე ჰქვიან.
მიკიჩა
ჩემს სასიძოს ვამბობ, აი (შედის).
აკოფა
იმას, მგონი...
ხანუმა (მოაჩქმეტს)
ჩუ, ხმა გაიკმინდე!
აკოფა
ვაი, შენი სული წაწყნდეს, შენი!.. ბიჭო! ეს კუდიანი უთუოდ დავიდარაბაში გამაბაბამს!
სარა
შვილო, სონაჯან, მეც ჩვენებიანთსა ავალ, ჩემი რამეები აბარიათ და ჩამოვიტან, დღესვე ჩაგაბარებ. სანამ ჩაიცვი, გენაცვალე, სიძე-კნიაზი მობძანდება. აი დეიდა ხანუმაც გიშველის, კარგა მოირთე.
მიკიჩა (გამოდის)
აჰა! (კითხულობს) ჩემი საკუთარის სურვილით ვაძლევ ჩემ ქალს სოფიოს კნიაზ კოტე ფანტიაშვილს. მიკიჩ ტყუილ-კოტრიანცი.
სონა
(გაუხარდება კოტეს სახელს რომ გაიგონებს, მაგრამ სიხარულს მალამს).
მიკიჩა (აკოფას)
დაიჭი, ლობიო! (აძლევს ქაღალდს). პლუტობის მეტი არა იცი რა! სონაჯან, შვილო, ღმერთმა გაგაბედნიეროს. (აკოცებს) ამაღამ აქა ვარ.
აკოფა (კითხულობს)
ბიჭო! იმას ხომ ვანო ჰქვიან!.. ძიაჯან...
ხანუმა (მოაჩქმეტს)
ხმა გაგიწყდეს, თუ გაჩუმდე!
მიკიჩა
კიდევ მოგაგონდა რამე?
ხანუმა (ღიმილით)
სულელი! მე მეკითხება, ამაღამ ძია უთუოთ ჩამოვაო (აკოფას) ჩამოვა, მაშ! (იმასვე ჩუმათ) კრინტი, თორემ სახელს გაგიწყვეტამ!
მიკიჩა
ჩამოვალ, მაშ! უთუოთ!
აკოფა (იქით)
კაცო! საციმბირო საქმეს გამიხდის ეს წყეული დედაკაცი!
მიკიჩა
აბა, დედი, წავიდეთ. ვინძლო ყოჩაღაო იყოთ. ამაღამ უთუოთ ჩამოვალ. ნახვამდის! (მიდიან).
აკოფა (სარას მიაძახებს)
დიდედი, შლეიფი აიწიე, ფეხი არ დაიდგა!..
მეშვიდე სანახავი
სონა, აკოფა, ხანუმა
სონა (მიუახლოვდება)
აბა, აკოფჯან, ეხლა ხომ თავის გასამართლებელი იარაღი გაქვს: ხანუმამ სწორეთ ის ყმაწვილი ჩააწერინა, ვინც მე მიყვარს... მიშველე რამე, ნუ დამღუპავ! მოდი, იმაზედ ჯვარს დავიწერ და მერე რაღას იზამს მამაჩემი?!
აკოფა
კარგია ერთი, შენ გენაცვალე, რა ხუმრობა არის!
ხანუმა
უტვინო! უტვინო! რიღასი გეშინიან? შემთხვევა გაქვს და შეეწიე რაღა შენს ბიძაშვილს! მოიტა ეგ წერილი, თუ შენ გეშინიან...
აკოფა
გასწი, დამეკარგე იქით, შენი სახელიც გაწყდა! ეს დოკუმენტია, ამის ძალით კამჩატკაში გამგზავნიან...
ხანუმა
ბედოვლათო! შენი ბრალი ხომ არ იქნება...
სონა
აკოფ! სინიდისს გეფიცები, თუ სურვილი არ ამისრულდა, სიცოცხლეს მოვისწრაფებ! ეხლა რაც გინდა, ჰქმენი...
აკოფა
ეს, ეს რა დარდუბალაში ჩავარდი! საით გავიქცე? რა ვქნა? ვა, ამისთანა სკანდალიც იქნება?!
ხანუმა (სონას)
შენ ერთი ი მზითვის ქაღალდი დასტყუე! (მაღლა) თავათ მზითევში მოატყუილეს - ორი ათასში ათას ხუთასს აძლევენ!
სონა (მითომ მწუხარებით)
მე კი არ ვიცოდი მამი ჩემის ამბავი...
აკოფა (ქაღალდს გახსნის)
ვინ მოგახსენა? ორი ათასია, მაშა?
ხანუმა
რაღას უმალამ, ხომ უნდა გაიგოს? (სონას) ხელიდგან გამოსტაცე.
სონა
შენგან არ მეგონა, აკოფ, თუ... (ტირის).
აკოფა
ვაი, არა გჯერა? რა გატირებს, აი ნახე, თუ ორი ათასი არ არის!
სონა
რათ მინდა, რომ ვნახო? ვიცი, რომ ათას ხუთასია, ნატარიუსმა მითხრა.
აკოფა
ახლა ჭიანური ნუ გახდები, და! კითხვა ხომ იცი, მაშ რას აკეთებდი შვიდი წელიწადი ინსტიტუტში? აჰა, წაიკითხე (თვალებში აჩეჩებს).
სონა
(გამოართმევს, თვალს გადაავლებს).
ხანუმა (სონას)
აღარ დაანებო!
სონა (ქაღალდს ჯიბეში ჩაიდებს)
მადლობა მომიხსენებია. ეხლა თვალი ყველასაც დაგიდგებაო! აბა, ხანუმი, გაიქეცი კოტესთან, ჩემი მოწმობა ყუთში მაქვს, იმასაც თავის მოწმობა აქვს, ეხლავე ჯვარი დავიწეროთ.
ხანუმა
აბა შენ შეემზადე, მე ეხლავე აქ დავიბადები... (გარბის).
აკოფა (დეეწევა და დააბრუნებს)
სად გარბიხარ, შენი სულიც წაწყნდა? ახლა, სონაჯან, ყელს ნუ გამომჭრი, მოიტა ეგ ქაღალდი...
ხანუმა
ბიჭო შენ რა? კაცმა ვინც გითხრა, იმაზედ არ უნდა დაიწეროს ჯვარი? ფიე! აი ჯვარის მადლი გაგიწყრა, რომ არა გესმის რა!
აკოფა (პირჯვარს იწერს)
ასტვაწ! ტერ ასტვაწ! ეს რას მიშვრებიან!! დედაკაცო, შე ოჯახდაქცეულო, მახათაზე ჩამომახრჩობენ! ვაი, ვაი, ვაი!..
ხანუმა
ბუზსაც ვერავინ აგიფრენს!
აკოფა
სონაჯან! ეს ხომ ეშმაკის ვირზედ შემსვი!
სონა
თუ ჩემი სიკვდილი არ გინდა, ხანუმას გაუგონე.
აკოფა (იქით)
რა გგონიათ, იქნება მართლა თავიც მოიკლას... რა ვიცი, განათლებაა!.. კაცო! ეს რა მიყვეს ამ კუდიანებმა! ოხ, ხანუმი, ერთხელ მაინც დაუბუბნავი არ გადამრჩები! (იმათ) ოღონდ სკანდალს მაინც ნუ მოახდენთ და რა გაეწყობა...
სონა (მოეხვევა)
ოჰ, ჩემო აკოფ! ხომ ვიცი, ჩემი ბედნიერება გინდა და ამით მაბედნიერებ კიდეც.
აკოფა
ის ახმახი რომ უნდა მოვიდეს ეხლა? აი მეთორმეტეა (აჩვენებს საათს).
სონა
მართლა! როგორმე უნდა მოვიშოროთ.
ხანუმა
თქვენ არხეინათ იყავით.
სონა
აკოფა
როგორ?
ხანუმა
შენი კაბა და რამეები მომეცი, მე ვეჩვენები... ჯერ ხომ არსად არ უნახივხარ შენა?
სონა
არა.
ხანუმა
მე მოვირთვები და გამოვალ შენ მაგივრათ. აკოფ! შენ კი არ გაგეცინოს, თორემ თავს მოვიკლამ!..
აკოფა
ვაი, შენი სული წაწყნდა! ეს რა ფინთი ვინმეა! ყაჩაღია რაღა!
ხანუმა
სონაჯან! სანამ რამდენიმე ფრანციცული სიტყვა დამიწერე ქართული ასოებით, რომ წამოვროშო ხოლმე: იმან იცის, რომ შენ ფრანციცული იცი. ქაღალდი აკოფას მიეცი, რომ მომაგონოს ხოლმე; აგრეთვე შენი პატარა ფორტოპიანი კარებთან მოვწიოთ და მე რომ ხელები დავატყაპუნო, შენ იქ დაუკარი... დანარჩენი ჩემი საქმეა, როგორც მოვაწონებ თავს. აი, მე მივდივარ, შენც მომეშველე, სონა, ჩაცმაში. (მიდის). ასე გაუხადო საქმე თქვენ კნიაზს, რომ სულ კუდით ქვა ვასროლინო! ამ სახლიდგან კი არა, მგონია, ქალაქიდგანაც გაიპაროს... მაშ! ზნაიშ, ვი, კაკოი მალადეც ხანუმ? (გადის).
სონა(ხანუმას)
მეც ეხლავე მოვალ.
აკოფა
სონა! ეს იცოდე, რომ შენი გულისთვის ჩავდივარ ამ საქმეს და ძალიანაც მეშინიან.
სონა
რა ვქნა, რისა გეშინიან? შენ რა? შენ ესე ეტყვი მამას: მე დიდიხანია ვიცოდი, რომ სონას კოტე ფანტიაშვილი თხოულობდა-თქო და შენ თითონაც წიგნში ისე ჩამიწერე-თქო, რომ კოტეზედ დასწერეთ ჯვარი... მე რას მოვიფიქრებდი თუ თქვენ სახელი შეგცდათ-თქო... ერთიც კნიაზი ფანტიაშვილია და მეორეცა-თქო.
აკოფა
ვა, განა მე არ ვიცი, რომ მაგ წყეულმა ხანუმამ წამოიძახა კოტეს სახელი!
სონა
რა ვქნა, რომ იცი. ასე უთხარი. მითომ არ იცოდი.
აკოფა
სონაჯან, ღმერთმანი, მამაშენი სამსახურიდგან დამითხოვს, მერე?
სონა
დაგითხოვს კი არა! თუ გაწყრება, ისევ ჩემზედ, შენ რას გემართლება? შენმა მზემ, აკოფ იქნება განგებამაც გამოგზავნა ეხლა, რომ უბედურება არ მომხდარიყო. მე მამას დავარწმუნებ, საქმე რომ ესე არ მომხდარიყო, თავის ქალს კვდარს ნახავდა.
აკოფა
ახლა იმ შენ კოტესთან ბედნიერი იქნები? შეუძლიან შენი შენახვა?
სონა
რატომაც არ შეუძლიან! ჯამაგირს კარგს იღებს, ყმაწვილი კარგია, მე საკმაოდ მზითევი მაქვს, მამაც მალე შემირიგდება, ისიც შემეწევა. სხვა არა იყოს რა, ბიძის მამული კოტეს არ დარჩება? სხვა ვინა ჰყავს მაგის მეტი?
აკოფა (პირჯვარს იწერს)
არ ვიცი, არ ვიცი!. ეს რა ამბავი ხდება!..
სონა
რაღა არ იცი, გაგზავნე ბიჭი, ვინც მამამ გითხრა, დაუძახონ, იმ კნიაზს გავისტუმრებთ თუ არა, მაშინვე ჯვარს დავიწერთ. შენ შენებურად მხიარულად იყავი, არ შეგატყონ რომ იცი რამე და ჰფარავ. მითომ არაფერიც არ იცი, შენებურათ თავი მოიგიჟიანე.
მერვე სანახავი
იგინივე და კოტე
კოტე (ჩქარა შემოდის)
Здравствуй, Соня (ხელს აძლევს). როგორა ხარ, ჰა? მე დავინახე, რომ მამა შენი და დიდედა სადღაც მიდიოდნენ და გამოვექანე... როგორ არის საქმე, ჰა?
სონა
ძალიან კარგათ! ჯერ მოდი, გაგაცნო ჩემი ბიძაშვილი. აკოფ! ესეც ჩემი საქმრო, შენი სასიძო.
აკოფა (ხელს უშვერს)
აკოფ დარდიმანდიან.Очинь приятна, ваши сиятельства, с вами познакомиться.
კოტე (ხელს აძლევს)
კოტე ფანტიაშვილი. მგონი, სადღაც მინახვიხართ?
აკოფა
არ ვიცი, არ მახსოვს. (იქით) კაი ადგილს კი მნახამდი სადმე, აი!
კოტე (სონას)
შენი წერილი მომივიდა და ხანუმამაც დიდი ნუგეში მომცა, მაგრამ საქმე როგორ ბოლოვდება, შენი ჭირიმე, მითხარ, ლამის გავგიჟდე?
აკოფა (იქით)
ვაი, ვაი! რა ძალიან მოზდებია ამ საცოდავს!
სონა
მამას არ უნდა, რომ შენ შეგირთო; ამიტომ რომ მამული არა გაქვს...
კოტე
Боже мой, რა გახდა ეს მამული!..
სონა
მოითმინე... ბიძა შენი გულით უნდათ. აკოფას ჩააბარა ჩემი თავი, რომ დღეს იმაზედ ჯვარი გადამწეროს, მაგრამ აკოფა ჩვენ მხარეზეა, არა?
აკოფა
ეჰ, მახლას, ყველაფერი კუდიანი ვარსკვლავის ბრალია! რას იზამ?
სონა
ბიძა შენი ეხლა ჩემს გასაშინჯათ მოვა და ჩემ მაგივრათ ხანუმა ეჩვენება...
კოტე (სიცილით)
Не может быть!...
სონა
მაშ! ეხლა ირთვება. ბიძა შენი რომ წავა, ჩვენ ეკლესიაში წავიდეთ და ჯვარი გადავიწეროთ. მამა თორმეტ საათამდის ვერ მოვა, გორშია.
კოტე (აკოფას მოეხვევა)
Ах, голубчик აკოფ, позвольте мне обнять вас в знак благодарности за такую великую услугу!
აკოფა (იქით)
ერიჰააა! (იმას) Очинь благодарим, очинь благодарим!
სონა
წამო, ხანუმას ჩაცმა ვუშველოთ და დაწვრილებით იქ გელაპარაკები, (ჩქარა გადიან).
აკოფა (მარტო)
ერიჰა, ამასაც ჰყოლია, აი რატო ასე დაფრინამს!.. მე კი არ ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა! ყველა თავის ჭკუისას ეძებს და თავის ჰამქარს. რაღა თქმა უნდა, რომ ერთმანეთი ეყვარებათ და კარგ უღელს გაწევენ! ვა, ფეხის ფრჩხილებიდგან ნაპერწკლები სცვივათ! უჰ, თქვენი სულისა! იყავით ბედნიერნი. მე ახლა აღარ ვნანობ. აფსუსი არ არის ამ გვრიტების გაშორება? ვა, უღმერთობაა, რაღა. დეე, რამდენიც უნდა იჯავროს პარუმ მიკიჩამ, მე მაგათ ხელათ ჯვარს გადავწერ... მაგრამ რა ვიცი, კაცის თვალი ბრმა არის: იმ კნიაზს რომ ხანუმა მოეწონოს?! (გადაიხარხარებს) ვა, სეირი ის იქნება აი! ჯანი გავარდეს, თუ მოეწონება, თავში იხალოს!.. ვაი, ხანუმი, შენი სული წაწყნდა! ეს რა ფოკუსნიკი ვინმეა! (ფანჯარაში იყურება). ვაიმე, კნიაზი მოდის, არიქათ!..(კარებთან მივა) ხანუმ, შე ოჯახდაქცეულო, ჩქარა მომეშველე! (კარებს გაუღებს) მობრძანდით, ვაში სიატელსტა!
მეცხრე სანახავი
იგივე, ვანო, მერე ხანუმა
ვანო (მორთული შემოდის)
მშვიდობა ამ სახლს! (აკოფას) მშვიდობა თქვენი!
აკოფა (ხელს გაუშავერს)
მე ამ ოჯახის ბიძაშვილი გახლავარ.
ვანო (ხელს აძლევს)
დიდათ სასიამოვნოა მე... ხომ გეცოდინებათ, ვინცა ვარ?
აკოფა
გიცნობთ კნიაზ, დაბძანდით. (იქით) ვაიმე, ვერ მიცნო, დაბერებულა!
ვანო
ჩემმა სასიმამრომ გამომიარა და მითხრა, რომ უცბათ საქმე გასჩენია და ამაღამ კი უთუოო მოვა.
აკოფა
ჭეშმარიტებასა ბძანებთ! (იქით) სად დამეკარგა ის ჯადოქარი!! (სიჩუმე).
ვანო
დღეს იღბალზედ ძალიან კარგი დარი დადგა
აკოფა (იქით)
ვა, მეარშიყება? (იმას) დიახ. (სიჩუმე).
ვანო
ქორწილი უთუოთ დღეს უნდა იყოსო...
აკოფა
მაშ! მაშ! (სიჩუმე).
ვანო (ღიმილით)
ძალიან კი აქებენ ამ თქვენ ქალსა და...
აკოფა
ჰო, დიახ! კნიაზ, უფრო თვალი გახლავთ, ვის როგორ თვალზედ შეხვდება. ჩვენი ქალი, რასაკვირველია, რომ ლამაზია! (იქით) ისე დაგიმშვენდეს გვარი, როგორც ლამაზი ხანუმა იყოს!..
ვანო
ჭეშმარიტათ თვალი გახლავთ. იმ წინაზედ უღელი კამბეჩი ვიყიდე, თვალით ძალიან კარგები, მივრეკეთ შინ და მეორე კვირაზედ დაიხოცნენ.
აკოფა
დიახ, ხანდახან მოხდება ხოლმე. (იქით) ხანუმი! რა იქენი? (იმას) ძალიან ირთვება ეს ჩვენი ქალი. (ადგება). აბა ვნახო. (მივა კართან) გამობძანდით, ქალო! (სიცილი წასკდება, იქით.) შენი ჭირიმე, დედავ, რასა ჰგავს ეს წყეული ხანუმა!...
ვანო (ტანისამოსს ისწორებს)
ხანუმა
(გამოვა ევროპიულად მორთული, აკოფას ქაღალდს აძლევს)
ჰა, აკოფ. არ დამღუპო, სიტყვები მითხარი ხოლმე.
აკოფა (სიცილს ძლივს იჭერს)
აი, კნიაზო, თქვენი ნევესტა, ესეც ხა...(მითომ აფურთხებს გადაასხვაფერებს) ხა! ხა! ხა! ესეც კნიაზი ფანტიაშვილი.
ხანუმა
(ჯერ ლორნეტკით შეხედავს, მერე მარაოს ქნევით მიუახლოვდება).
აკოფ, მითხარი.
აკოფა (ყურში ეუბნება)
ბონჟურ, პრენს ფანტიეფ!
ხანუმა
ბონჟურ, პრინც ფანტიეფ!
ვანო (თავს უკრავს)
დიდათ სასიამოვნო გახლავს. (გაშტერებული შესცქერის).
აკოფა (ხანუმას ჩუმათ)
სთხოვე, დაჯდეს.
ხანუმა
როგორ უთხრა?
აკოფა
რა ღმერთი გაგიწყრა, რით ვერ დაისწავლე (უკითხამს) прошу содиться.
ხანუმა (ხელით აჩვენებს)
прошу, садись. (ყველანი დასხდებიან, ხანუმა შუაში. სიჩუმე).
აკოფა (ხანუმას)
ხმა ამოიღე, შე ოჯახდაქცეულო!
ხანუმა
ქა, რა ვსთქვა მერე?
აკოფა (ყურში უჩურჩულებს).
ხანუმა
ილ ფე ბოტან! (ქართულად: დღეს მშვენიერი დარია).
ვანო (წამოიწევა, აკოფას)
მე მიბძანებენ?
აკოფა
არ ვიცი, მე და ჩემმა ღმერთმა. ეგ მგონი, ფრანციცული იყო.
ვანო (დაჯდება).
ქართულათ არა ლაპარაკობენ? (გაშტერებული უყურებს).
ხანუმა (სიცილით)
როგორ არ ვილაპარაკე но ქარქა არ იცი კარტული.
ვანო
მაშ, ბატონო, რომელ ენაზე უფრო გეადვილებათ ლაპარაკი?
ხანუმა (მუჯლუგუნს წაჰკრავს)
აკოფ! შე პირშავო?
აკოფა (უჩურჩულებს)
ხანუმა
По француцки.
ვანო (ღიმილით)
მე, სწორე მოგახსენოთ, მწყრალათ გახლავართ ფრანციცულზედ.
აკოფა (იქით)
ხანუმა კი, ამისმა სიცოცხლემ, უფრანციცულოთ პურს არა სჭამს!
ვანო (იქით)
რა ვქნა, ეს რა სხვანაირი მოდის ქალია! თითქო ლამაზიაო? ეს სწორეთ ქაჯია და ვინ იცის, ორი ჩემი ხნისაც იქნება!..
აკოფა (ჩუმათ)
ჰა, ხანუმ, უთხარი რამე, ადე, გაიარ-გამოიარე.
ხანუმა
(ადგება კოჭლობით და მარაოს ქნვვით გაივლის და გამოივლის).
მე რომ პაპამ პარიჟში ცამიღო, ძალიან პატარა იკავი მე. იქ კარტული სულ დაგავიცხდა. ეხლა კი ძალიან გინდა ისწავლო. მალე ისწავლებ (წინ დაუდგება და მარაოს თვალებში უქნევს). სხვა, პრინც, თქვენი კამბეჩები როგორა ბძანდებიან? ბევრი გაქვთ?
აკოფა
კნიაზ! საქონელსა გკითხამთ.
ვანო
რაც ერთსა და ორს თავადს შეეფერება, გახლავთ. (გაშტერაბული უყურებს).
აკოფა (ჩუმათ)
ხანუმჯან! ყოჩაღათ იყავი, გაქცევას აპირებს!
ვანო (იქით)
რა ვქნა, ეს რა ამბავია? ეს რა ფინთი ჯოჯოხეთი ყოფილა! ცოტა ჭკუაზედაც სუსტად ბძანდება, აი!
ხანუმა
კნიაზ! კორცილი როდის გააკეთებთ, ჰა?
ვანო (გაშტერბული)
აი ვნახოთ და!.. (იქით) ისემც ღმერთი გაგაჩანაგებს რაც მე შენზედ ჯვარი არ დავიწერო! ამას რომ ხუთი მილიონიცა ჰქონდეს, რა თავში ვიხლი?! სწორეთ მოჩვენებაა ეს ოჯახდაქცეული!
ხანუმა
კნიაზ, რომანსი გიყვარს? დაუკრამ.
ვანო
თქვენი ნება გახლავთ (იქით) მომშორდი ერთი თავიდგან!
ხანუმა
(როიალთან მივა, დაჯდება და გასწორდება).
ვანო (აკოფას)
ეს არის ქალი?
აკოფა (თავგამოდებით)
მაშ ვინ იქნება?! დღეს ცოტა ფერზედ ვერ არის, წუხელის ცოტა ისპანახი უჭამია და ხომ მოგეხსენებათ სურავანდი...
ვანო
რას ბძანებთ, რის სურავანდი? ძალზედ ბებერია და კოჭლიცა ყოფილა!
აკოფა
არა, კნიაზ, რის კოჭლი, ახალი პოლსაპოჟკაა და უჭერს...
ხანუმა
(ხელებს უტყაპუნებს როიალს და აკაკანებს).
Я тебе лублу... я тебе не забуду... ты скоро мне позабудешь, но я не забуду тебе....
ვანო
(რომელიც გათავებამდის გაცხარებით აკოფას ელაპარაკებოდა).
მშვიდობით ბძანდებოდეთ! მე მაგ ქალის შემრთველი არა ვარ!
აკოფა (მითომ გაკვირვებით)
რას ბრძანებთ, კნიაზ?!
ვანო (გაცხარებული)
რა გესმის? განა ესე კაცის მოტყუება შეიძლება?!
აკოფა (მკაცრად)
რა დროს ეგენია, კნიაზ? მაშ ჯვარს არ იწერ?
ვანო
რა ჯვარს? რას ამბობ? მშვიდობით! (მიდის).
აკოფა (ტყუილად გაჯავრდება)
თქვენ ეგრე ადვილად ვერ წაბძანდებით!
ვანო
აბა, ვინც ბიჭია და წინ დამიდგეს! (ხმალზე ხელს წაიღებს).
აკოფა
არიქა, ხანუმი, მიშველე! (გარბის).
ხანუმა
პრინც! რას ჩქარობთ? (მარაოს ქნევით მისდევს, ის უკან-უკან მიდის) ოპერის ბილეთი არა გაქვთ? კრუჟოკში ჩნელათ არა ხართ? დღეს ოპერაში ცავიდეთ, ლოჟა აიღეთ...
ვანო
(უკან-უკან მიდის და კარებთან რომ მივა)
თავი დამანებე, რაღაც მაჯლაჯუნა ჰყოფილხარ!!. (უცბათ გავარდება).
ხანუმა (სიცილით მიჰკივის)
კნიაზ, პრინც, постой, я тебе лублу....
აკოფა (ხარხარებს)
არიქა, კნიაზ, მოვიდა ხანუმა!.. დერჯი ემუუ!..
კოტე, სონა
(ხარხარით გამოცვივიან)
ოჰ, ღმერთმა დაგღუპოს, ხანუმი!
ხანუმა
რაღას დაგიღიათ პირები, ჩქარა საყდარში!
ყველანი (ხარხარით გაცვივდებიან)
ფარდა
მესამე მოქმედება
სცენა: დეკორაცია პირველის მოქმედებისა
პირველი სანახავი
თეკლე, მერე ტიმოთე
თეკლე (სარკის წინ ირთვება).
რა ვქნა, ამ ჩემმა ძმამ ასრე რათ დაიგვიანა!.. უთუოთ სადილათ იქ დაიჭირეს. საცაა, ჩვენი ნათესაობა უნდა შეიკრიბოს და ჯვარის საწერად უნდა გავემგზავრნეთ. (საათს ნახავს). რაღა დარჩენილა, ორი საათის უკან უნდა ეკლესიაში ვიყოთ. რამდენი ვეჩიჩინე, მალე, დაბრუნდი მეთქი, მაგრამ რა, იმან თუ კომპანია ნახა, ხომ თავს ვეღარ დაახწევს! (გამობრუნდება). ტიმოთე! ტიმოთე!
ტიმოთე (შემოვა)
ბატონო, შენი ჭირიმე!
თეკლე
ვისთანაც გაგგზავნე, სუყველასთან იყავი?
ტიმოთე
სუყველასთან, შენი ჭირიმე! დეიდაანთა ბძანეს: თქვე დალოცვილვბო, პატარა ადრე ვერ იტყოდით, თუ აგრე გეწადათო?.. (ღრეჭით) რამხელა ვაჟკაცი გამხდარა ი გიგუცა!.. ასეთია, ერთი ვეება იმას თურმე ვეცანი. ჯერ კი ხმა არ გამცა და მერე კი...
თეკლე
რა დროს ეგ არის? შენ ის მითხარი, რა გიპასუხეს, მოვალთ თუ არაო?
ტიმოთე
მაშ! მაშ! თაინათ მოვალთო. ძალიანაც გაეხარდათ. სტუმრებიცა ჰყვანდათ და მე უბძანე, ე სტუმრებიც წამაასხით მეთქი. ძალიან კარგიო. ჩემის ვარაუდით ერთი ექვსამდის სული მოვა.
თეკლე
კაპიტანიანთ რაღა პასუხი მოგცეს?
ტიმოთე
დიდი მადლობა შემოთვალეს და მოსვლაზე ცოტა დაყოყმდენ: შენ წადიო და ჩვენ კი არ ვიცით, იქნება მოვიდეთო, დოჰტოღრივ კი ვერ გეტყვითო.
თეკლე
ჩემ კოტესთან არ იყავი?
ტიმოთე
როგორ არ ვიყავი. (თავის ქნევით) უჰ, იქ სადა მდგარა? სწორედ ზეცაში დგას! რო არ შემრცხვეს, ორასი ფეხი კიბე დავთვალე, სულ ჭერში მდგარა. უჰ, ისე მოვიქანცე, ისე მოვიქანცე, რომ მუხლებში წყალი ჩამიდგა. აბა, ვისაც ტყირპის გაგდებინება უნდა, იმ კიბეს უნდა შეუყენონ აი!..
თეკლე (გულმოსული)
შენგან ხომ კაცი პასუხს ვერ ეღირსება...
ტიმოთე
ეხლავე, შენი ჭირიმე... ავედი, როგორც იქნა და ერთი ვნახოთ, კოტე ირთვება... ისეთი კი გაეხარდა ჩემი მისვლა, რომ... როგორა ხარ, ჩემო ტიმოთევო, რისთვის გარჯილხარო? დამსვა და ერთი კაი მორდილი ტაქანი, იმ დღეს ბატონს რომ მოუტანე, წორეთ იმისი, აჩისტინი ოტკა გადამახუხა. მე უთხარი, ქორწილში გვეწვიე მეთქი, იმან მითხრა: თუ გინდათ, თქვენ მეწვიეთო, მეც ქორწილი მაქვსო! (ჩაიცინებს) რა ნაირი ხუმარა რამ არის! იმტელი იხუმრა, იმტელი იხუმრა, რომა... მეც ქორწილი მაქვსო, ასე თქო...
თეკლე
ჰაი, შე თავლაფიანო, მამიდა რომ არა ნახე-თქო...
ტიმოთე
ეგეც უთხარი, მე და ჩემა ქრისტემ და იმან მითხრა, მე და ჩემი ცოლი ერთად მოვალთო!.. იმტელი იხუმრა, რომა...
თეკლე (მხიარულად)
ცოლს გაჩვენებ, შე გიჟო, შენა-თქო!.. მოვა! მაშ რას იზამს!
ტიმოთე
სხვას ხომ არაფერს მიბრძანებ?
თეკლე
არაფერს.
ტიმოთე (მიდის)
თეკლე
ტიმოთე, მოიცა. შენ სხვა ტანისამოსი არა გაქვს რა?
ტიმოთე
როგორ არა მაქვს, სოფელში მაქვს ერთი აქლემი ყელის ჩოხა, შვიდ უზალთუნი მივეცი, ასეთია, რომა...
თეკლე
ტუტუცო! სოფელში კი არა, აქ თუ გაქვს მეთქი? დღეს სუფთათ უნდა გეცვას.
ტიმოთე
აქა? აქ არა მაქვს.
თეკლე
მაშ ეგრე ხომ არ იქნები, იცი, რას იზამ?
ტიმოთე
არ ვიცი.
თეკლე
ჰო და, რო არ იცი, შენი ბატონის ყავისფერი ახალუხი რომ არის, ის ჩაიცვი, შენ გაჩუქა და აი ფულიც... (იღებს) ერთი თუმანია, საღამოზე ჩაირბინე და კარგი ჩოხა იყიდე (ფულს აძლევს).
ტიმოთე (გამოართმევს)
მადლობელი ვარ, შენი ჭირიმე! ღმერთმა გააბედნიეროს ჩემი ბატონი და შენც შენი მიშა გაგიზარდოს. იმის ბედნიერებასაც ისე შეგასწროს, როგორც დღეს ბატონის ბედნიერებას. (მიდის.) ე საჩოხეც ხომ გავიკარ! (გადის).
მეორე სანახავი
იგივე, მერე ვანო
თეკლე
ნეტავი კი მეც წავყოლიყავ ჩემ ძმას და ჩვენი სარძლო მენახა. კარგ ცუგრუმელას კი ამბობენ და არ ვიცი, თვალში როგორ მოუვიდა. გენაცვალეთ, ესეც მეტი ახირებაა: ორი ათასი თუმანი და მზეთ: უნახავი ქალიც! თქვენმა მზემ, ცოტა გონჯიც რომ იყოს, არა უშავსრა...
ვანო (შემოდის)
თქვენი სინსილა კი გაწყდა!.. (ქუდს სტოლზე დასდებს).
თეკლე
ყმაწვილო! ასე დაგვიანებაც გაგიგონია? ან ჩაცმა გინდა, ან დახურვა...
ვანო (დაჯდება)
რა ჩაცმა?
თეკლე
როგორ თუ რა ჩაცმა? მაშ არ ჩაიცვამ ახალ ტანისამოსს? მოგიტანეს... შენ კი აქამდის სადღაც დასეირნობდი! სად იყავი?
ვანო
ილიკოსთან პოდვალში და რიგიანათაც გადავკარი.
თეკლე
რა დროს გადაკვრა იყო? როგორ შეიძლება, ყმაწვილო...
ვანო (შეჰყვირებს)
ისე შეიძლება, რომ დღეს სისხლი უნდა დაიღვაროს... ტიმოთე! ბიჭო!
ტიმოთე (შემოვარდება)
ბატონო?
ვანო
წადი ეხლავე, გესმის, თავპირის მტვრევით გაიქეცი და აი, ქაბატუა რომ არის, მაჭანკალი...
ტიმოთე
ვიცი შენი ჭირიმე...
ვანო
ეხლავე აქ მომგვარე. ჩქარა! სულ კინწისკვრით წამოიყვანე.
ტიმოთე
ბატონი ბძანდები. (გარბის).
ვანო
მორჩი! ერთი თვალის დახამხამებაში! (ადგება). მე თქვენ გიჩვენებთ სეირს...
თეკლე (გაშტერებული უყურებს)
ეს რა ამბავია, არ მეტყვი?
ვანო
ის ამბავია. (გაჩქარებული დადის). თქვენი სინსილა კი გაწყდა, ჰა!
თეკლე
რა იყო? რა გინდა ქმნა?
ვანო (შეჰყვირებს)
სისხლი! სისხლი! გესმის, თუ არა? სისხლი!..
თეკლე
რა ვქნა, რა გაღრიალებს? იქვე დაგეძინა, სადაც დალიე!.. რა დროს ეგენია?
ვანო
რა უდროსია, რას ამბობ, ჩემო დაო? ყელი გამომჭრეს!
თეკლე
ვინა? რა იყო?
ვანო
შემარცხვინეს, ქვეყანაში თავი მომჭრეს!
თეკლე
ახა, ღმერთო ჩემო!.. არ იტყვი. რა ამბავია? (გაჯავრებული) ქა, ხატის ღვინო დაგილევია, თუ რა არის?!
ვანო
რის ხატის ღვინო, ადამიანო, მომატყუილეს!.. (დაჯდება) ოხ-მე!
თეკლე
როგორ თუ მოგატყუილეს?
ვანო
აბა, წაბძანდი ღა ნახე შენი სარძლო ქალი, რომელიც ანგელოზათ დაგიხატეს!..
თეკლე
რა, არ ვარგა? არ მოგეწონა?
ვანო
რა ვარგა, ადამიანო, მაჯლაჯუნა ყოფილა! დაჯორჯებული, ერთი რაღაც ჯმუხი, სამოცი წლისა, ორივ თეძოთი კოჭლი და კიდევ რა ვიცი...
თეკლე
ნეტა რას ამბობ? აბა, თითონ მიკიჩა რომ არ არის სამოცი წლისა, იმისი ქალი საიდგან იქნება? რავქნა, ძალიან ლამაზს ამბობენ და შენ საიდგან გეჩვენა ეგრე? იქნება კარგა ვერ გაშინჯე?
ვანო
ნეტა ვიცოდე, რას ამბობ? რა ვერ გავშინჯე, აი ესე ვუყურებდი, როგორც შენა, მთელი ერთი საათი ვუყურე და რა ვიცი... არც დალეული ვიყავი, რომ იმას დავაბრალო...
თეკლე
ახლა ქაბატუა რაღათ გინდა, რომ დაიბარე?
ვანო
ერთი უნდა ვკითხო, ჯერ ერთი, რატომ თითონ არ წამომყვა, თუ რამე სიძაღლე არ ედო გულში და მეორეც, ექვსი თუმანი რომ დაგვტყუა და ქალი ძალზედ გვიქო, ვის ატყუებდა?!. სხვა არა იყოს რა, იმ წყეულმა ხანუმას გარიგებული მაინც რათ ამაცდინა!.. დღეს რომ მოვდიოდი, ის ქალი დამანახვეს, ღვთის წინაშე, ისიც გონჯია, მაგრამ მიკიჩას ქალს კი ბევრითა სჯობია. აბა, მითხარი, ეს მოსათმენია? ტყუილათ ის ოსტატი ხანუმაც შემომალანძღვინა მაგ კუდიანმა, მაგან!
თეკლე
ქა, მერე ვინ გაჩვენა ქალი? როგორ იყო?
ვანო
წეღან რომ მიკიჩამ გამომიარა, მე ხომ მაშინთავე იმათსა წავედი... კარებში ერთი ახალგაზრდა ბიჭი დამხვდა, ქალის ბიძაშვილი ვარო. შევედი. ვილაპარაკეთ... გამოვიდა ქალი, ქალი კი არა - მაჯლაჯუ ნა, და ჩამომიარა ჩახჩახით, ძალზე კოჭლი იყო. რაღაც ფრანციცულათ ერთი ორი სიტყვა წამოროშა და აუყენა ფორტუპიანს ტყაპატყუპი... და მოჰყვა ჩხავილს! მერე ჩემთან მოვიდა და ცოტა გაწყდა თვალი გამომთხარა, ი რაღაც ეშმაკი საბუზეა, იმითი!.. მტკნარი ტუტუცი ყოფილა! მეც ავდექი, შევაფურთხე და წამოვედი.
თეკლე (იქით)
ვერ უყურებთ ამ მუზმუზელა ქაბატუას! (იმას) სხვა არავინ არ გინახავს?
ვანო
ვინ უნდა მენახა? მარტო ორი ბიძაშვილი იყვნენ: ქალი და კაცი.
მესამე სანახავი
იგინივე, ტიმოთე და ქაბატუა
ტიმოთე (შემოვარდება ქაქანით)
მოვიყვანე! ემანდ შემხვდა, დაუჭირე ქეჩო და სულ ძუნძულით წამოვიყვანე..
თეკლე
კარგია, წადი, (ტიმოთე გადის) ვანოჯან, ერთ ამბავს ნუკი დააწევ, ცოტა წყნარათ...
ქაბატუა (შემოდის)
საღამო მშვიდობისა! მადლობა ღმერთსა კარგათა ხართ; ამ შეჩვენებულმა ბიჭმა გული გამიხეთქა, ჩქარა, ჩქარაო! ის იყო მეც მოვდიოდი... მართლა. ქალი როგორ მოგეწონათ?
ვანო
მშვენიერება ყოფილა! ისემც ღმერთი ააშენებს შენს ოჯახს!
ქაბატუა
როგორ, გენაცვა?
ვანო
ადე, დაიკარგე ჩემი სახლიდგან, შე კუდიანო, შენა! ეგრე სინდისზე ხელის აღებაც შეიძლება?
თეკლე
ვანო! ვანო!
ვანო (ყვირის)
გამშორდეს!.. გამშორდეს! თორემ აქვე, კარებზედ ჩამოვახრჩობ მაგ წყეულ შეჩვენებულს, მაგასა!
თეკლე
კარგია, რა დაგემართა? (ხელს მოჰკიდებს). შენ ოთახში შედი, მე მოველაპარაკები.
ვანო
როგორ თუ ოთახში? ზედ შუაზედ გავაპობ მაგ მაწანწალას, მაგას.
თეკლე
კარგია მეთქი, ყმაწვილო! (შეიყვანს ოთახში და გამობრუნდება).
ქაბატუა (გაკაპასებული)
როგორ თუ მაწანწალა! მეც ხომ თქვენი ყმის გოგო არა გგონივართ? მაწანწალაც და ბრიყვიც ის არის, ვინც სხვას ეძახიას. ნუ მათქმევინებთ, თორემ ეხლავე დავამტკიცებ, ვინც როგორია! ძალიან მეკნაჭება, თუ კნიაზი ბძანდები! ბევრი თქვენისთანა კნიაზები გაგვიტარებია ლეჩაქ ქვეშ!..
თეკლე (ამაყათ)
ახლა ძალიანაც ნუ გამოიდებ თავს! როგორ შეგკადრეს, რომ მაღალი სიტყვა გითხრეს! დიდი ამბავი მომხდარა!
ქაბატუა
დიახაც, არა! რათ მეკადრება?! დედავ და თვალო, ეგრე უმიზეზოთ ლანძღვა გაგიგონია?
თეკლე
მერე რა არის, ნასვამი კაცია.
ქაბატუა
უი ქიიის! ეგ რომ ნასვამია, ზოგი მეც მკითხე, რომ შიმშილით კუჭი მეწვის. მე რა ვქნა, რომ ნასვამია?
თეკლე (გაცხარებული)
მე ნებას არ მოგცემ, რომ აქ ენა ატარტარო! შენ იმის პასუხი მომეცი რათ მოატყუილე და თავი შეარცხვენინე ჩემ ძმას?
ქაბატუა
მითომ როგორა?
თეკლე
როგორა და ისრე, რომ ფულები აიღე, კაცი ააპილპილე, ესეთი და ისეთი მშვენიერი ქალიაო, ის კი არა თუ, გონჯი და საძაგელიც ყოფილა!..
ქაბატუა (ღვარძლით)
ვინ მოგახსენათ? თქვე დალოცვილებო, თუ იმაზედ ლამაზები თქვენს კნიაზებშიაც გახლდათ, ქალაქში რაღა მოგატუნტულებდათ? გონჯიაო! აფსუს, მიკიჩას ქალო!
თეკლე
თქვენ ცოტა სხვილ-სხვილს ლაპარაკობთ და არ შეიძლება ცოტა ენა დაიმოკლოთ?
ქაბატუა
სულაც არა, თქვენმა მზემ! უთქმელები სამარეში წვანან. ის მე ვიცი, რა გონჯიც არის!
თეკლე
ადამიანო! რა გაყვირებს, ცოტა დაბლა ვერ ილაპარაკებ?
ქაბატუა
მე ბატონი არავინ არა მყავს და არც მოპარულ საქონელს ვასაღებ, რათ ვილაპარაკებ დაბლა?! (აჯავრებს) გონჯიაო!
თეკლე (გაცხარებული)
ქაა, რაც მე მაქვს დასაყვირი და გასაჯავრებელი, პირიქით ესა მლანძღამს! ეგ ენა ნუ წაგიგძელებია, თორემ სულ კინწისკვრით გაგაგდებინებ!
ქაბატუა (დოინჯს შემოიყრის)
როგორ თუ გამაგდებინებ? ჩემიც გემართოთ და გამაგდოთ კიდეცა?! თქვენ თოთხმეტ თუმანს იყავით დაპირებული, მომეცით დანარჩენი ცხრა თუმანი და მე თითონ გიახლებით.
თეკლე (გულ-მოსული)
ცხრა თუმანი კი არა, ხმლის წვერზედ უნდა აგაგოთ, რომ მოგვატყუილე და გონჯი ქალი მზეთ უნახავად დაგვიხატე, პირიქით ფულსაცა თხოულობ?
ქაბატუა
ჰოოოო! ეხლა კი გავიგე, რაცა გნებავთ! ფულს არ იძლევით, ჰო? იმასაც ვნახამთ! - ეეე! დედიჯან, ვისთანა თამაშობთ, ვისთანა?.. “გონჯი!..” დიახ, დუჟინობით გეგულებათ იმისთანები!! “გონჯი!” მთელ ქალაქში გათქმული სილამაზით, სწავლით, ჭკუით, გონებით მიკიჩ ტყუილ-კოტრიანცის ქალი და “გონჯი!” აფსუს! აფსუს! ანგელოზივით ქალო... არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისიო!
თეკლე (გაწიწმატებული)
ხმა ჩაიკმინდე, შე ურცხვო! რაღა პირით ლაპარაკობ? მაგრამ რა ზრდილობა მოვსთხოვო ნაგდებს, მაწანწალა მაჭანკალს! ეხლავ დაუძახებ ბიჭებსა და სულ ცემა-ტყეპით გაგაგდებ! ეს ღორის კბენარი, ესა!..
ქაბატუა (უკან დაიხევს)
“ზდილობა!” ”გონჯი!” პატარა სხვაც რამე გააპტყელეო! (მაღლა) სწორე შემატყობინეთ, იძლევით ჩემ ცხრა თუმანს, თუ არა? რა მიზეზებს ეძებთ? პირდაპირ მითხრათ. ფულს არ გაძლევთ-თქო! ქალს რაზედ უტეხავთ სახელს?.. “გონჯი!..”
თეკლე (გაცხარებული)
მოდით და ამ აშარს ელაპარაკეთ! გასწი, გასწი, სანამ ჩემი ძმა არ გამოსულა, თორემ, მგონია, შენი ცოდვით ქვა იწოდეს, ისეთს დღეს დაგაყენებთ. დეე, ეგ ხუთი თუმანი დაიკარგოს, დროს კიდევ გიპოვი...
ქაბატუა
მაშ, ეგ არის თქვენი პატიოსნება? მე წინათვე ვიცოდი, რომ ასე იზამდით! ფულის მოცემა არ გინდათ და მაგას იგონებთ, ჰოო? ეგრე ცოტა გამოუცდელებთან მოიქეცით, იქნება დაგიჯერონ!
თეკლე
თუ გინდა, რომ ეგ შენი ტყავი მთელი წაიღო, გასწი, მერეცა გნახამთ.
ქაბატუა
ძალიან კარგი! (კარებთან მივა). ცხრა თუმანი არც ამაშენებს, არც დამაქცევს, მაგრამ თქვენ პატიოსნებას კი ქვეყანა შეიტყობს. ისე გადმოგაბრუნოთ, რომ სად თავი გქონდეთ, სად ფეხები, ვერ გაიგოთ! ასე მოგთითხნოთ, რომ მტკვარმაც ვერ გაგრეცხოთ! (კარებში). ქაბატუა კი ვერ მიხვდებოდა, რა მიზეზებსაც მოუღებდით! მეხი კი დაგაყარეთ მაგ გაფხეკილ თავებზედ (გავარდება).
თეკლე
ახი არა მაქვს, ეხლა ერთი ბიჭი გამოუყენო და სულ თავ-პირი დავამტვრევინო! ღვთის წინაშე. ჩემზედაც კი ახია: ყველა მაწანწალას თავს ვუყადრებ და დედაშვილურად ვექცევი. ახია, სწორეთ, ჩემზე!
მეოთხე სანახავი
იგივე, ტიმოთე, მიკიჩა, მერე ვანო
ტიმოთე (შემოდის)
ქალბატონო! წეღან რომ ერთი კაცი გახლდათ, ის არის და ბატონს კითხულობს.
თეკლე
სად არის? ეს სწორეთ ტყუილ-კოტრიანცი იქნება.
ტიმოთე
აგერა ფაიტონში ზის და მკითხა, ბატონი შინა ბძანდებაო?
თეკლე
სთხოვე მობრძანდეს.
ტიმოთე (გადის)
აი, მოდის კიდეცა.
თეკლე
შიშით გული მისკდება, ჩემ ძმასთან ჩხუბი კი არ მოუვიდეს!
მიკიჩა (შემოდის)
საღამო მშვიდობისა (თავს უკრავს).
თეკლე (უმადურად)
ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ, დაბძანდით.
მიკიჩა (დაჯდება)
პირდაპირ ვაგზალიდგან მოვდივარ. როგორც მივედი ქსანზედ, ისიც მოდიოდა ზევიდგან, ვისთანაც საქმე მქონდა და ისევ უკან გამოვბრუნდი. ეს არის ჩამოვედით და ჩვენი საქმეც გავარიგეთ. ბარემ გზათ მოვდიოდი და ვსთქვი, ერთი ჩემ სიძეს შეუვლი მეთქი, ნუღარ იგვიანებს. ეხლა კი ფიქრი არ არის, რიგიან ქორწილს გადავიხდით... კნიაზი შინა ბძანდება? ვინ იცის, დღეს სულ დარბის, მზადებაში იქნება.
თეკლე
შინ არის, ოთახშია, ეხლავე გამოვა (მივა კარებთან). ვანო!
ვანო
რა გინდა?
თეკლე
შენი ნახვა უნდათ.
ვანო
ეხლავე. (გამოვა).
მიკიჩა (მიეგებება)
კნიაზ სიძეს ვახლავარ.
ვანო (ხელს არ აძლევს)
მე ძალიან მიკვირს, რომ ასე კადნიერად ჩემ სახლში შემობძანდით.
მიკიჩა
უკაცრავათ, ნამგზავრი გახლავართ, ცოტა გავმტვრიანდი...
ვანო
საქმე მაგაში არ გახლავთ! (თანდათან უმაღლებს ხმას) ჩემი გაუპატიურება ადვილი არ გახლავთ, მე თავადის შვილი ვარ!
მიკიჩა
ბძანდებოდეთ. ვიცი, ძალიან კარგი! ვა! დღეს ხომ არ გიცნობ...
ვანო
საქმეც ეგ არის, რომ დიდი ხანია მიცნობ... ესე მასხარათ აგდება და თვალთმაქცობა ჩემთან არ გამოდგება...
მიკიჩა (გაშტერბული)
რა ამბავია? არ მესმის!
ვანო
ისა, რომ თქვენ ცრუ და თვალთმაქცი ყოფილხართ!
მიკიჩა
ვა!
ვანო
რა ვა?.. მაგრამ გადაგიხდით, ჯერ დამაცადეთ! გასწავლით, როგორც უნდა მოტყუება!..
მიკიჩა
კნიაზ, ერთი გამაგებინე, და!
ვანო
თქვენ მე მიქეთ თქვენი ქალი, ლამაზიაო, მაჭანკალმა ხომ ცამდის ასწია...
მიკიჩა
ძალიან ჭეშმარიტად მოქცეულა, მერე?
ვანო
მერე ისა, რომ გონჯი ყოფილა და არ ვირთავ! მაშ! არ ვირთავ!
მიკიჩა
როგორ, კნიაზ, რას ამბობ?
ვანო
იმას, რომ ხნიერია. ძალზედ გონჯი, კოჭლი, მოთხრილი და სხვა რაღა გინდა?!
მიკიჩა (გაშტერებული)
როგორ? ჩემი ქალი - გონჯი, კოჭლი, ხნიერი?!
ვანო (გაცხარებული)
კარგი, გეყოფათ! თავათ წეღან ერთი გადამრჩა აუკუწავი...
მიკიჩა
ვა! გინდა, ათასჯერ ამკუწე, მაგას როგორ გათქმევინებ ჩემ ქალზედ!
ვანო
ფრთხილად ამ გაჯავრებულ გულზე, თორემ მამაჩემი არ წამიწყნდება...
მიკიჩა (მაღლა)
რა გულზედ, რას ამბობ? ჩემ სახლში იყავი? ჩემი ქალი ნახე?
ვანო
სწორეთ ჩემი თვალით ვნახე. ერთი საათიც ველაპარაკე.
მიკიჩა
აქ რაღაც ამბავია!.. ქალაქში ცალი არა ჰყავს, თვრამეტი წელიწადია ჩემ კალთაში ვზდი! და შენ მასწავლი ჩემ ქალს?.. აქ ერთი ავაზაკობაა! თუ ჩემი ქალი არ გინდა, სახელს რაზედ უტეხამ?!
ვანო
მაშ შენ გეგონა, კოჭლსა და ბრმას გადავეკიდებოდი?..
მიკიჩა
ვინ არის კოჭლი და ბრმა, რასა ბძანებთ? კარგი კაცი იქნები, თუ იმის ცალს ქალაქში ნახავ!
ვანო
სახუმრო საქმე არ არის მეთქი, კაცი შემომაკვდება!
მიკიჩა (თავგამოდებით)
ბატონი ბძანდები. წავიდეთ, წავიდეთ და ერთათ ვნახოთ! სამი კაცი ავიყვანოთ და თუ ჩემ ქალს ლამაზი დაუძახონ, ძალიან ლამაზიცა, მაშინ?
ვანო
რაც გინდა, სთქვი!
მიკიჩა
ძალიან კარგი, მობძანდი! საქვეყნოთ ქუდი მოვიხადოთ, ვინც გამტყუნდეს. მობძანდით! ერთი შევიტყოთ, ეს რა ამბავია, ვისი ფოკუსებია? რას ამბობ, თუ ჩემი ქალი არ მოგეწონა, მაშ ქვეყანაზედ არავინ არ მოგეწონება!
ვანო (იქით)
ერთი ამათ უყურეთ, რა გაუტეხარი ხალხია!
მიკიჩა
მობძანდით მეთქი! მანდ რაღაც ამბავია! (იქით) რის კოჭლი? დღეს თუ მოიტეხა ფეხი, თორემ... ფეხიც რომ მოეტეხა, რაღამ დააგონჯა?.. თუ სულ თავპირი დაიმტვრია, რაც მე წავედი, ხომ ლოგინშიაც იწვებოდა და მაშასადამე, ვერც ესა ნახავდა. (იმას) მობრძანდით.
ვანო
წამოვალ, მაგრამ დიდი სკანდალი კი მოხდება! იცოდე, კაცი შემომაკვდება!
მიკიჩა
მობძანდი მეთქი!
ვანო (გაცხარებული)
თქვენ როგორღაც სამგლე გოჭივით ატეხილხართ!.. წავიდეთ. ჩაიცვი, ჩემო დაო, შენც წამოდი. (მაღლა) ეს იცოდეთ, სისხლი დაიღვრება! (გადიან).
ფარდა
მეოთხე მოქმედება
სცენა: ზალა ტყუილ-კოტრიანცის სახლში გაჩაღებული საქორწილოთ. მარჯვნივ წინა ზლანზე დივანი, კედლის ძირებზე ჩამომწკრივებული სკამები. იატაკი ხალით დაფენილი. ანთებული ჭაღები.
პირველი სანახავი
ხანუმა, მერე სარა
ხანუმა (ზალაში ფუსფუსებს)
მეხი კი დავაყარე იმ გამოტვინებულ თავზედ! წავიდეს და ეხლა ესპოროს ხანუმას! რა უმანკო ანგელოზი მნახეს მეცა! ჯიბრში ჩაუდგნენ და ისიც მე? ბევრს კი გაიტანენ!.. ეე! რას ამბობთ, ერთი წისქვილი არ დატრიალებულა ჩემ თავზედ, თორემ სხვა რა არ გადამხედია! ერთი პიანიცა პოლკონიკი იყო, თავის ცოლს მეჯვარეთ გავაყოლე; ამაზედ კაკალი ერთი კვირა უსმელ-უჭმელი ერთ ორმოში დამამწყვდიეს, მაგრამ, როგორც იყო, თავი დავახწიე!.. ერთ უშვილო კნეინას ძალათ შვილი ვაყოლიე: ლოგინში ტყუილათ ჩავაწვინე და სხვისი ახლად დაბადებული ლოფლოფი ბავშვი შეუგორე... დღესაც არავინ იცის, იმისია თუ სხვისა! შეცვლით ხომ რამდენი გამისაღებია, ვისი საცოლე ვის შეხვედრია და ვისი საქმრო ვისა რგებია! ვინ მოსთვლის, კიდევ რამდენი რამეები ჩამიდენია... და ამის შემდეგ კნიაზი ჯიბრში მიდგება, წავიდეს ეხლა და სადაც თავისი სთქვას, იქ ჩემი. სულ უცოლოთ დავსვი თუ არა? მეხი კი დაეცა!.. იმის საცოლეც გავათხოვე, თხუთმეტი თუმანი ავკარ. აქედგან ხომ სამოც თუმნამდის ავწაპნე! რა უშავს, \\\"შინაური დედაკაცია ხანუმა! ქორწილი მაგათა კი არა - ჩემია. კარგა მოუთაროებ კიდეც. სახლი ჩემ ხელთ არის .. მაგრამ დასწყევლა ღმერთმა, წუხელი სიზმარში თავზედ ყვავი დამჩხაოდა! (დაფიქრდება). ქა, თვალიც დაუდგება, ჩემთან რა ხელი აქვს! (პირჯვარს იწერს). ჩემთანა არს ღმერთი, ჩემთანა არს ღმერთი!
სარა
ხანუმი! ხანუმი! (ნელ-ნელა შემოდის) რა იქენ?
ხანუმა
აქა ვარ, დიდედაჯან! (იქით) ქა, აი რაზედ ამიხდა სიზმარი: ყვავი არ არის, მა რა ეშმაკია!
სარა
შვილო! მალე მოვლენ?
ხანუმა
ეხლავე, დიდედაჯან! მოდიანო, ყმაწვილები მოვიდნენ, ოთახში ქაღალდს თამაშობენ. დიდედი, შარბათი და თასი მზათა გაქვს?
სარა
სუყველაფერი მზათ არის. შენ მიუტანე და მე დავლოცამ.
ხანუმა
ბატონი ბძანდები.
სარა (ჩამოჯდება, ბურნუთს სწევს)
რა ვქნა, მე კიდევ ჰაზრს ვერ მოვსულვარ; ჩემი მიკიჩა ამბობდა, ჩვენ სიძეს ქართული კაბა აცვიაო და ეხლა როგორ ეცვა?
ხანუმა (იქით)
ახლა შენ დამიწყე დავა, თვალიც დაგიდგება! (იმას) ფრაკი აცვია, დიდედა!
სარა
რა ფრაკი?
ხანუმა
აი კალთებ მოგლეჯილი სერთუკი რომ არის! ბოლოდაგლეჯილ ქათმებს რომ გვანან!
სარა
ეგ რათა, ქა?
ხანუმა
რა ვიცი, ქა, განათლება არის, ესე უნდაო! (იქით) ახლა გამოძიებაში შედი, შენმა სიცოცხლემ!
სარა
ქა, სადაური განათლებაა ბოლომოგლეჯილი სერთუკი! ის არა სჯობდა, მამა-პაპურად კაბის სახლები გაეფრიალებინა, ან კიდევ ქულაჯა ჩაეცვა...
ხანუმა
ეგრე უნდაო, დიდედი! განათლებას ეხლა ჩვენში მაიმუნობას ეძახიან!
სარა (ბურნუთს სწევს)
მართლა, რომ მაიმუნობაა! აბა, რა საკადრისია დაგლეჯილი სერთუკი!.
მეორე სანახავი
იგინივე და აკოფა
აკოფა
(შემოდის სიმღერით, უკან დუდუკი დაკვრით მოსდევს)
”ნაჭერ-ნაჭერ ღრუბელი მოდის მაღლა მთიდგანა, დაბეჭდილი წიგნი მამდის საყვარლისგანა...” (დუდუკს გააჩუმებს და თავის ალაგას დასხამს). დიდედიჯან, მე ვარ მახარობელი, შენი გამხარებელი! მამილოცავს შენი სონას ბედნიერება! მოგდიან სიძე და ქალი. (ხელზედ აკოცებს).
სარა (მხარს აუხვევს)
ესეც შენი სამახარობლო.
აკოფა (მხარზედ დაიხედავს)
ეს სადაური რა არის! ხომ გელაქნურის ტილოა! (დაუყვირებს). მოიტა ბაღდადი!
სარა
კარგია, სულელო, რა გაღრიალებს! მოდიან?
აკოფა
მოდიან მაშ! რო ათავებდნენ, მე ნელ-ნელა სიმღერით წამოვედი, ცოტა გადაკრულშიაცა ვარ. საცაა, ისინიც მოვლენ. (იქით) პარუმ მიკიჩამ მითხრა: “დუხავოი მუზიკა” იქირავეო! ამ ქრისტიანულ მუზიკას რომელი “დუხავოი” სჯობიან! ლეკური დავკრათ, რომ ანტიკა! (შეჰყვირებს) უჰ, შენი ჭირიმე!
ხანუმა
რა გაღრიალებს, შე თვალ დამდგარო? ჯერ კიდევ ბიძა შენს ატჩოტები უნდა მისცე!.. რა უყავ იმის წიგნი, არ დაკარგო!..
აკოფა
ეგ რა მამაგონე, შე დასაღუპავო?! არ დაიჯერებ. ხელათ გამოვფხიზლდი შიშისაგან?!
ხანუმა
გეხუმრები, ეხლა ფიქრი აღარ არის.
აკოფა
კაცო! რო ვფიქრობ... ეს რა ქენი, შე ჩასაკირავო, შენა! (მუშტით) ოხ, ხანუმი! შენთვინაც მოვიცლი... ოჰ, რა ფოკუსნიკი ვინმე ხარ?!.
ხანუმა
კარგია, მამა გიცხონდა, ჭკუას ძალას ნუ ატან!..
აკოფა (ღრიალებს)
მოდით რაღა, დავლიოთ! ეეე! (მღერის) “ვაი, საყვარელო, შენ და მე... გულში დანა შენ დამე...”
ხანუმა
აკოფ! ფაიტონები დადგა, მგონია, მოვიდნენ.
აკოფა
მობძანდით, გენაცვალეთ! (კარებთან გაიქცევა).
მესამე სანახავი
იგინივე და ნეფიაანი
აკოფა
აბა ტუშ, ტუშ! (უკავენ, აკოფა ტაშს უკრავს და ხტის. ყველანი ულოცავენ, შარბათს ასმევენ, თეფშს გაატეხინებენ).
აკოფა
(ამის შემდეგ მეზურნეებს გააჩუმებს)
სარა
(მიიწვევს ნეფე-დედოფალს დივანზედ)
აბა, გენაცვალეთ, მობძანდით.
კოტე (დაჯდება)
აკოფ, აქეთ მოდი. ყმაწვილები არ მოსულან?
აკოფა
ზოგი მოვიდა, ზოგიც ეხლა მოვა. ერთი ეს მითხარი, ხილი აქ გამოვიტანოთ?
კოტე
იქ შევალთ, სულ ერთია, აქ რა საჭიროა... что за глупости!
აკოფა
Конечно, რომ ღლუპოსტი!
კოტე
ჯერ კი ყმაწვილებს დაუცადოთ... სანამ მე დავათვარიელებ. (შედის).
აკოფა
ვა! ქორწილი გვაქვს, რას დაჩუმდით? აბა ლეკური! ეე! ქრისტიანულათ დაჰკარით! (უკრავენ. აკოფა ჩამოუვლის, მერე ხანუმას ჩამოაყენებს). აბა, ხანუმი. გენაცვალე მაგ დაგლეჯილ სულში! ტაშ!.. ტაშ!.. (ორნი თამაშობენ).
მეოთხე სანახავი
იგინივე, მიკიჩა, ვანო, თეკლე, მერე კოტე
მიკიჩა (თამაშობის დროს შემოვა)
მობძანდით, კნიაზ, მობძანდით, აი ნახეთ: ეს ქალი იყო თქვენ რომ გაშინჯეთ? - აი ჩემი ქალი.
აკოფა (რომელმაც ზურნა გააჩუმა)
ძიაჯან! მოულოცე რაღა შენ ქალს!
მიკიჩა
რა უნდა მოულოცო?
აკოფა
როგორ თუ რა, ჯვარი დაიწერა.
მიკიჩა (გამშრალი)
როგორ თუ ჯვარი? ვიზედ?!
აკოფა (შიშით)
ვინც შენ მითხარი, იმაზედ რაღა! აი ეხლავე გამოვა სიძე...
მიკიჩა (შეჰყვირებს)
ვინ გამომჭრა ყელი?! ჯვარი დაუწერიათ, მერე ვინ არის?!
ვანო (შეჰყვირებს)
როგორ თუ ჯვარი დაუწერიათ?! უფრო უარესათ მასხარათ ამიგდეთ?! (ხანუმას და აკოფას). ეს სულ თქვენი საქმეა, და მე თქვენი სისხლი უნდა დავღვარო! (იძრობს ხმალს და შეუტევს. წივილ-კივილი).
აკოფა (ფანჯრიდან გადახტება).
ხანუმა
(კარებში გავარდება. სულ დაიფანტებიან).
კოტე (გამოვარდება)
შედექით, ბიძა ჩემო! ეს ქალი მე მეკუთვნის!
ვანო (გაშეშდება)
როგორ, რას ამბობ?
კოტე
ეს ის ქალია, მე რომ გითხარით, ვირთამ მეთქი! ეს არის ეხლა ჯვარი დავიწერეთ.
ვანო (ხმალს გააგდებს)
ეს რა მესმის. იქნება მართლა?! (სიჩუმე დიდხანს) ბიჭო და ვერ მეტყოდი სწორეთ, რაღა კამედიებს აკეთებდი? მოდი, მომეხვიე! ღმერთმა გაგაბედნიეროს. (ჰკოცნის).
მიკიჩა (ყვირის)
ტყუილათ გარჯილხართ! არ მივცემ მაგას ჩემ ქალს!
ვანო
კაი დროც არის, თქვენმა მზემ. ვერ ხედავ, ჯვარი დაუწერიათ?
მიკიჩა
რა ვქნა, რომ დაუწერიათ! ეგ ღარიბია, არაფერი არა აქვს...
ვანო (ამპარტავნად)
რათ იქნება ღარიბი, ვინ მოგახსენათ? შენ აქ მოდი... კოტე, შვილო, შენ ცოლთან დადექი. (ერთათ დააყენებს). ღმერთმა ისე გაგაბედნიეროთ, როგორც თქვენს გულს ჰსურდეს. სწორეთ განგებამ მოახდინა ესე ეს საქმე, თორემ ეხლა ჩემი ცოლის შერთვა დიდი სისულელე იქნებოდა. დღეიდგან ჩემი შვილები ხართ. მე ცოლის შერთვაზედ ჩემ სიცოცხლეშიაც აღარ გავიფიქრებ... დღეიდგან ჩემი მამული თქვენი საკუთრებაა. მე შენი ჭკვის იმედი მაქვს, კოტე!.. მეც სულ თქვენთან ვიქნები, დავსტკბები და ვიმხიარულებ თქვენის ცქერით. (ორივეს ულოცავს) აბა, მიკიჩ, მოდი, შენც დალოცე. თეკლე, მოდი შენცა.
მიკიჩა
დიდი ხანი იყო ეგ შენი ძმისწული გადაკიდებული, მაგრამ ქალს არ ვაძლევდი, რადგანაც ჯამაგირის მეტი არა ჰქონდა რა...
ვანო
მე გეუბნები, მოდი მეთქი, დალოცე!
მიკიჩა
ახლა ცხოვრება უნდათ...
ვანო
გიჟია ეს ოხერი! მე მთელ ჩემ ქონებას ვაძლევ და შენ ორ სიტყვას ვერ ეტყვი?
მიკიჩა
რატომაც არა!
ვანო
ეგენი უფრო ტკბილათ იცხოვრებენ. სწორეთ ღვთის ნება ეგრე იყო. მე და შენ ისევ მეგობრათ დავრჩეთ. (ერთმანეთს ჰკოცნიან).
მიკიჩა
ღმერთმა გაკურთხოთ, შვილებო! თუმცა ჩემ უნებურათ საქმე დაიჭირეთ, მაგრამ ბოლო კეთილი აქვს: ბიძა მთელ თავის მამულს გაძლევთ... იყავით ბედნიერნი. (ორივეს ჰკოცნის).
ვანო
ეე! მოყვარევ, გაგვიმასპინძლდი, თორემ ზურგზედ ტყავს აგაძრობ!
მიკიჩა
ვინ შერცხვენილი არა! (იქით) ეს ვინ მოახდინა? უთუოთ აკოფას ძაღლობაა!
ვანო
ერთი ეს მითხარ, კოტე, მე ვინ გამაშინჯეს - ის ჯოჯოხეთი? ან ვისი შტუკები არის ეს ამბავი?
კოტე (სიცილით)
ხანუმა იყო, ბიძა ჩემო, ვერ იცანი? სახლიდგან რომ გამოაგდე, მაშ რა გეგონა, ვერ გადაგიხდიდა?
ვანო
იქნება მართლა? აი ქრისტემ შეაჩვენოს ის წყეული, რა ოინები მიყო! სად არის ეხლა?
კოტე
შენ რომ ხმალი ამოიღე, სულ კარში გაცვივდნენ.
აკოფა (კარებში თავს შემოჰყოფს)
ხანუმი! ხანუმი! ბუნტი გათავებულა, შემოდი. (თითონ შემოდის).
ხანუმა
ქა, რატომაც არ შემოვალ, ჩემი რა ბრალია?! (შემოდის)
აკოფა
არა და ჩემი ბრალია, რას ტუტუცობ?
მიკიჩა (ღიმილით)
აქ მოდი, ბიჭო, მე ეს გითხარი?
აკოფა (კოჭლობს)
რა დროს ეგ არის, მუხლის კვირისტავი გავიტეხე, ფანჯრიდგან რომ გადავვარდი... მაშ ვინ მითხარი? აი შენი წიგნი, რას სწერია? კოტე ამას არა ჰქვიან? (ჩუმათ ელაპარაკება).
ვანო
ხანუმავ! ჰაი, შე ჯადოვ! ეს რა კამედია ამიტეხე? მაგრამ ეხლა კი აღარ გემდური, შენ უფრო ჭკვიანი ჰყოფილხარ ჩემზედ...
ხანუმა
მაშ რა გგონია: განა მე სანანურ საქმეს ვიზამ? აბა ერთი შეხედე, გვრიტებს არა გვანან? მე უფრო ვიცი, ვის როგორი შეჰფერის! მაშ!
ვანო
კარგია, შევრიგდეთ. ყველაფერი მიპატიებია. რადგანაც საქმე კარგათ მოიყვანე. აჰა, ეს ერთი კაბის ფასი ჩემის მხრით. (აძლევს).
ხანუმა
მადლობელი გახლავართ! მაგ საცოდავ ყმაწვილს რომ ეცილებოდი, დამისახელე, ვინც გინდა, თუნდა ქმრიანიც იყოს, დღესვე შეგრთო!
ვანო
აი გაგაფუჭა ღმერთმა! არა, შვილო, ქარისა არც მოტანილი მინდა, არც წაღებული.
მიკიჩა (აკოფას)
რაც მოხდა, მოხდა! აბა დატრიალდი, ყველაფერი მზათ იყოს, თორემ არ ვიცი, რას გიზამ.
აკოფა
სუყველაფერი მზათ არის, აი ყმაწვილებიც მოდიან, მარტო გამხიარულება-ღა გაკლიათ.
ხანუმა
ნახე, კნიაზჯან, ხანუმას კარაბადინს რა ძალა აქვს? მე შემიძლიან იმის ძალით ეხლავე აქლემათ გაქციო! მაშ!
ვანო
აი გაგაფუჭა ღმერთმა!
ხანუმა
მაშ ხანუმა არ დაივიწყო... ქა, რას ჩამოგიშვიათ ჩიჩახვები მამალი ინდაურებივით? აბა, გამხიარულდით, ქორწილი გვაქვს! (მეზურნეებს). აბა, კარგი ლეკური! (ხელებს გაშლის და ჩამოტრიალდება). კავალერი რა მექნა? აკოფჯან! აკოფ! (თამაშობენ).
(მათ შემდეგ ორი- სამი წყვილი ითამაშებს ლეკურის დროს)
ფარდა
1882 წ.