Jump to content

წისქვილი (ვაჟა-ფშაველა)

From Wikisource
წისქვილი
ავტორი: ვაჟა-ფშაველა
1889 წელი


იყო დრო, რომ დედამიწის ზურგზე წისქვილი არსად იყო. ხალხი ფილთაქვას ხმარობდა წისქვილის მაგიერად. დიდს ტანჯვაში იყო ჩავარდნილი ქვეყანა. გამოჩნდა ერთი ღვთისნიერი, ჭკვიანი, ოსტატი კაცი, თედე, რომელმაც წისქვილი მოიგონა. ბევრი იფიქრა თედემ წისქვილის გამართვაზე და არც ამაოდ ჩაუარა ამ ფიქრმა. თედემ კარგად იცოდა, რომ უწყლოდ წისქვილი არ გაიმართებოდა. ამიტომ აირჩია მდინარის ახლო ადგილი და ჩადგა წისქვილი. წისქვილის რუ კარგა შორიდამ მოიყვანა, რუს ფშები მოემატა, წამოვიდა საკმაო წყალი და დაბრუნდა წისქვილი. დაიწყო რუხრუხი, ისეთი ვაივაგლახი ასტეხა ბორბალმა და წისქვილის ქვებმა, რომ ყველა შეიძრა და შეძრწუნდა, რაც კი რამ წისქვილის ახლომახლო იყო: დაბლა დედამიწა, გარშემო კედლები, მაღლა ჭერი, ჭერს ზევით ბანი, ბანს ზევით ტირიფები. დაიწყო ბორბალმა დორბლების, ქაფის აქეთ-იქით სროლა, წისქვილის ქვებიც დატოკდენ, სარეკელაც მოჰყვა რაკრაკს, თამაშობდა, ბუქნაში ამოდიოდა კოხტად, მოხდენილად, სწორედ ქორწილია წისქვილში: დაფი, ბუკი და ნაღარაც არის, ნეფე-დედოფალიც – ნეფე-დედოფალი წისქვილის ქვებია, ერთმანეთს რომ ეფშვნიტ-ექლიშებიან. მოვიდა საფქვავი: პური, სიმინდი, ფეტვი და სხვა და სხვა…
მეწისქვილე თავგადაგლეჯილი ტრიალებს. გაბეზრებულს წისქვილს გადაუბნევია იმისთვისაც თავ-პირზე ფქვილი, აღარც ცხვირი ეტყობა საბრალოს, აღარც წვერი და აღარც თვალები. უდროვოდ ჩამოუბერებია საცოდავი წისქვილს და ჩაუცმევია მისთვის ტანზე სუდარა. მოდის სოფლიდამ დამწკრივებული ურმები.
– ღმერთმა უშველოს თედესა, – ისმის ხმა სოფლელთა: – ღმერთმა ცოლ-შვილი უცოცხლოს, დაიხსნას ყოველ ბოროტისაგან. სააქაოს ბედნიერად აცოცხლოს და საიქიოს სულით აცხონოს. ჩადგა ქვეყნის მადლში, ღმერთმა სოფელზე დათესილი სიკეთე ერთი-ათად მიუწიოს.
სოფელს დიდხანს არ ეჯერებოდა, თუ თედე წისქვილს მოიგონებდა, წისქვილს, რომელიც ოცდაათს, ორმოცს კოდს დაჰფქვავდა დღე-ღამეში. სოფლელნი დასცინოდენ, უშლიდენ თედეს, ეშმაკის საქმეს თავი დაანებეო, ეუბნებოდენ. თედემ მაინც არ დაიშალა, პიროფლიანი მუშაობდა: იქნევდა ქარჩსა და ცულს, სთხრიდა და სთლიდა, ქვეყნის საუბარს ყურს არ უგდებდა. იმიტომ გაიმარჯვა კიდეც: გამართა წისქვილი თავის სასახელოდ, მოსაგონებლად და ქვეყნის სახეიროდ. როდესაც წისქვილი გაიმართა, მთელის სოფლის დიდმა და პატარამ წისქვილთან მოიყარა თავი-თავს. ძაღლები, კატები და ქათმებიც კი მოუდიოდათ წისქვილის სანახავად. ზოგი საღორეში ძვრებოდა და ბორბალსა სინჯავდა, სხვა – სარეკელას, ხვიმურს, ალატს და წისქვილის ქვებს. წისქვილმა იმდენად გააკვირვა ყველანი, რომ კარებსაც კი, რომელიც მუხის კუნძისაგან მდაბიოდ იყო გათლილი, და შეშით დახურულს ჭერს განცვიფრებულნი სინჯავდენ: იმათშიაც უნდოდათ საუცხოვო და საკვირველი რამ ეპოვნათ. თითონ თედე ყველაზე მეტად უკვირდათ. ყველა იმის მიხვრა-მოხვრას ადევნებდა თვალს. უსინჯავდენ ხელებს, ეგონათ, სხვა კაცზე მეტი თითები ექნებაო. მაგრამ თედე გარეგნობით ისეთივე კაცი იყო, როგორც სხვა ათი ათასია. მხოლოდ იმითი გაირჩეოდა თედე სხვებისაგან, რომ ჭკვიანი, ოსტატი კაცი იყო: ქება-დიდებასა და სახელს არ დაგიდევდათ.
– მე სინიდისით ვიყო დასვენებულიო, – იტყოდა ხოლმე თედე, – ამაზე მეტი ქება და სახელი არ მინდა. სახელი როგორ გააბედნიერებს კაცს, თუ სინიდისი აწუხებს. როდესაც სინიდისიანია კაცი, დასვენებული, ბედნიერიც მაშინ არის.
როდესაც თედე წისქვილს აკეთებდა, მაშინ ხალხი თედეს ეჩხუბებოდა: ნუ ჩხერკედელაობო, და ეხლა კი ერთმანეთში მოსდიოდათ ჩხუბი, არა, მე უნდა დავფქვა წინად, არა, მეო. მეწისქვილესაც აწუხებდენ. რომ ეს ჩხუბი და დავიდარაბა არა ყოფილიყო მუდამ, თედემ წესი დაუდვა.
– ვინც პირველად მოიტანოს წისქვილში საფქვავი, – უთხრა მან თავის მეწისქვილეს, – პირველად იმას დაუფქვიო (მას შემდეგ შემოიღეს ანდაზა: „წისქვილი ჯერით არისო“). ვინც კიდევ ნედლს საფქვავს მოიტანს, იმას სრული უარი უთხარი, ნუ დაუფქვავ, რადგან წისქვილის ქვები ფუჭდება, ერთგულის პატრონის გამხმარი საფქვავიც გვიანობს და ვეღარ იფქვის ხეირიანადაო. – იცოდე, გახსოვდესო, – განუმეორა თედემ: – იმისთანა კაცის მინდი ნუ გინდაო.
მეწისქვილემ მართლაც ბევრი ურემი გააბრუნა უკან. ეს წესი და კანონი დაუდვა წისქვილში და წისქვილს ამით მუშტარი არ დაჰკლებია, მუდამ ტრიალებდა და ხრიალებდა. ჰფქვავდა და გადმოჰყრიდა ფქვილად ქცეულს საფქვავს, არავის არ ამადლებდა თავს, ჰფქვავდა ხმაამოუღებლად, მხოლოდ როცა გადმოებნეოდა ალატში ფქვილი, მაშინ თითქოს ამბობდა: „აჰათ, წაიღეთ, საწყლებო, დაძეხით, მე თქვენი არც სახელი მინდა, არც ქება-დიდება. მე ის მინდა, რომ თქვენ რითიმე გარგოთ, გამოგადგეთ, ჩემი თავი თქვენის ჭირის სანაცვლო იყოსო“.
ავსული და ავგული კაცი არსად და არასდროს არ დაილევა. ერთმა თედეს მოშურნე კაცმა ორი ურემი პური დაფქვა თედეს წისქვილში. ამ ბოროტს კაცს თედესთვის ჰშურდა სახელი და სარგებლობა. ამიტომ იმ წყეულმა კაცმა, არამც თუ თედესი, მთელის ქვეყნის დაღუპვაც მოინდომა. მიიტანა ერთხელ ჩუმად კენჭებით სავსე გუდა და ჩააბნია შიგ ხვიმურში. მარცვლების მაგიერად კრიჭაში დაიწყო კენჭებმა ჩამოდენა. დიდს გაჭირვებაში ჩავარდა წისქვილი. ქვები მკვიდრად, მაგრად, თავისებურად ტრიალებდენ და, როგორც იყო, დიდის წვა-დაგვით აბურნუთებდენ კენჭებს. გაუჭირდა, სუსტდებოდა, ჭირის ოფლს ასხამდა, ხვნეშოდა და კვნესოდა წისქვილი. ის-ის იყო, უნდა დამდგარიყო, რომ ამ დროს მეწისქვილეს გამოეღვიძა. ნახა ალატი და შენიშნა, ფქვილის მაგივრად მიწა იყო, კრიჭაში კენჭები ჩამოდის. დიდად შეწუხდა, დაიწყო ჩივილი ყველასთან, ვინც კი შეჰხვდებოდა… ხალხი უფრო ღელავდა. დამნაშავე თითონ ხალხმა იპოვნა და დაჭერილი წისქვილის კარებზე მოიყვანეს. ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა, თავ-პირზე სისხლი ჩამოსდიოდა ამ უნამუსო კაცს, კბილები დაეკრიჭა, ტუჩები დაჰბოშებოდა ისე, რომ კბილები უჩანდა… გაბრაზებულმა ხალხმა ქვეყნის მტერი წარუდგინა თედეს.
– გაუშვით, თავი დაანებეთო, – ეუბნებოდა ხალხს თედე და თან წვერს ივარცხნიდა, – გაუშვით, შვილო, ათასიც რომ სცემოთ და თავ-პირი ამტვრიოთ, ავი კაცი ავკაცობას არ მოიშლის. მაგას თვით ზეცა დასჯის. ზეცამ თვით იცის სასჯელი უზნეოთა და უნამუსოთა.
– ჩვენ ზეცას ვერ მოვუცდითო, – დრტვინავდა და ჰბორგავდა ხალხი: – ჩვენც ღმერთმა გაგვაჩინა და მოგვცა სიმართლის სასწორი ხელში. არა, თედე, ჩვენ ღმერთს ვერ ველოდებით, ვერა. უნდა ჩვენის ხელით გადავახდევინოთ ამ უმსგავსს, ამ წყეულს კაცს. მოიტანეთ აქ იმ კენჭების ფქვილი, ამ ავსულმა რომ წისქვილს დააყარა.
მოიტანეს მართლაც კენჭების ფქვილი და შეაყარეს თვალებშიავაზაკს. იმავე კენჭების ფქვილისა შეუზილეს კვერი და აჭამეს. ზარმაცადა სჭამდა დამნაშავე მიწის კვერს, მართალია, მაგრამ ხალხი სტენდა პირში და ძალად აყლაპვინებდა. საბრალო სტიროდა და ჩიოდა.
– მაპატიეთ, ხალხნოვო, – ჰყვიროდა ავაზაკი: – შევცდი, შევცდი და ნუ მტანჯავთ, მეყოფა ამდენი შეურაცხყოფა. მე ერთის კაცის მტრობა მედვა გულში და არა მთელის სოფლისა.
– არა, – უპასუხებდა ხალხი, – ქვეყნის მტერს, ქვეყნის მოღალატეს ეგ შეჰშვენის.
მიდიოდა ხალხი რიგრიგით, ზოგი აფურთხებდა, სხვა თავში უფაჩუნებდა ავაზაკს.
თედე გულჩვილი, სათნოიანი კაცი იყო და ეხვეწებოდა ხალხს, თავი დაანებეთ და ნუ აწვალებთ ავაზაკსაო. ხალხი არ ანებებდა კიდევ თავს თავის მტერს, მანამ თედემ არ უთხრა, რომ წისქვილს მოვშლი, თუ თავს არ დაანებებთო. ხალხი შეშინდა და განათავისუფლა წისქვილის მტერი.
მძინარა თედეს ერთხელ ძილში მაჯლაჯუნა დააწვა. ბევრი ეწვალა, იხრიალა საცოდავმა, ის ღამე ტანჯვით გაატარა. დილით, როცა გამოეღვიძა, ადგა და იფიქრა: ცოდვა რაღაც მქონიაო. დაღონდა ფრიად, ცოდვის მოსანანებლად ბერად შედგომა განიზრახა. ერთს მიყრუებულს, უღრანს ადგილას იპოვნა გამოქვაბული კლდე და დასახლდა იქ. დღესა და ღამეს ლოცვაში, ღვთის ვედრებაში, მარხულობაში ატარებდა. მეწისქვილეს ანდერძი დაუგდო, რომ ნედლის საფქვავის მომტანისათვის წისქვილი არადროს არ დაეთმო… სოფელმა არ იცოდა თედეს ბინა და არც იმის ბერად წასვლა. სწუხდა ხალხი და ერთი მეორეს ჰკითხავდა თედეს ამბავს, მაგრამ ნამდვილი ვერავის შეეტყო.
თედემ სამი წელი დაჰყო ისე, რომ კაცის სახე არ დაუნახავს. ბედნიერად ჰრაცხდა თედე თავის თავს. გამოქვაბულის გარეშემო, სადაც კი ან ქვა ეგდო, ან ხე, ან ერთი გამხმარი წბილა, ყველა უყვარდა თედეს და, როგორც შვილებს, თავს დასტრიალებდა. გაზაფხულზე თითოეულის ყვავილის გაშლა და ბალახის ამოსვლა ბალღივით ალაღებდა. არა მარტო ბალახებს იცნობდა თედე, თითოეული მწერი და ნადირი გაიცნო იმ არემარესი. სათითაოდ იცნობდა და მიეგებებოდა ხოლმე ფუტკრებს, როგორც დედა შვილებს, როდესაც მოფრინდებოდენ, სხდებოდენ ყვავილებზე თაფლის საკრეფლად. პურისათვის დაღონება თედეს არ უნდოდა, რადგან ყოველ დილით გამოქვაბულის შესავალში ხავსიანს ლოდზე თითო ხმიადი დაუხვდებოდა ხოლმე ზედ წარწერით: „პატიოსანს, ღვთის მოშიშს, ქვეყნის ერთგულს კაცს თედეს მოწყალება ღვთისა არ დააკლდება“.
თავის წისქვილისა და სოფლის ამბავი აღარ ესმოდა თედეს და ეს აწუხებდა. არ იცოდა საწყალმა თედემ, რომ იმის წისქვილს და იმის სოფელს უბედურება დაადგა. ერთხელ სოფელში ქორწილი იყო; დიდის ლხინისა და მხიარულების ხმა ისმოდა, სტვირისა და ნაღარის ხმა აყრუებდა იქაურობას. ხალხი დაჯარებული ჯიხვებითა და ჯამებით სვამდა ღვინოს, იმღერიდა, მხიარულობდა: ნეფე-დედოფალი მზესა და მთვარესავით ისხდენ ჯარის თავში, თავზე გვირგვინი ედგათ და თვალებითა სჭამდენ ერთმანეთს. სწორედ ამ დროს მოიტანა ერთმა ყველას შემაძრწუნებელი ამბავი.
– ქორწილი რომ ქორწილია, – დაიძახა იმან, თან ცრემლები თვალებზე მოსდგომოდა და გული ყელში ებჯინებოდა: – კარგია მხიარულება და არა კარგი მხიარულების ჩაშლა, მაგრამ რა ვქნა. რომ არ გითხრათ და არ გაგაგებინოთ ყველასათვის სატირელი და საჯავრელი ამბავი: წისქვილი დადგა.
ხალხი ამ ამბავზე წამოიშალა ფეხზე, თავზარი ეცა; ნეფე-დედოფალმა გვირგვინები თავის ხელით მოიგლიჯეს, გადაყარეს და დაიშინეს თავში და პირში.
– მართლა დადგა წისქვილი? – ჰკითხავდა ერთი ამბის მომტანს.
– მართლა, მართლა, – უპასუხებდა იგი.
– მართალია წისქვილის დადგომა? – მორბოდა სხვა თავგადაგლეჯილი.
– მართალია, კაცო, მაშ განა გიჟი ვარ, მოგატყუოთ და ტყუილად დაგაფეთიანოთ ხალხი!
– მაშ დადგა, დადგა წისქვილი? – იძახოდა მესამე პირგანაცრებული, – იქნება ტყუილი იყოს! გულს როგორღაც არ ეჯერება.
– მაშ ვეღარ გავიგონებთ წისქვილის ხრიალ-გრიალს? აფსუს! აფსუს, წისქვილო! აფსუს თედეს ამაგო! – ამბობდა მეოთხე.
– რაღას გაიგონებთ, ჩემო ძმაო, მე თითონ ჩემის თვალით ვნახე წისქვილი. შენი მტერი ჩავარდეს იმ ყოფაში, რა ყოფაშიაც წისქვილია. მკვდარსა ჰგავს საბრალო: დოლაბები შეჩერებულან, ბორბალი გაშტერებულა, სარეკელა თავდაკიდებული ცრემლსა ჰღვრის, ხვიმურს პირი დაუღია მშიერ გლახასავით, თითქოს იხვეწება – მაჭამეთ პური, მოწყალება მოიღეთო. წისქვილის სიბრალულით იქ ვეღარ დავსდეგ, – სთქვა ამბის მომტანმა და თან თვალებიდამ ცრემლი მოიწმინდა.
ხალხი რომ სწუხდა, საკვირველიც არ არის: წისქვილი ყველას ეკუთვნოდა. ხალხმა, ამ ამბის გამგონემ, მიანება თავი ქორწილს და მიაშურა წისქვილს. დედაკაცები, ბალღები, მოხუცებულნი, რომელთაც უჯოხოდ სიარული აღარ შეეძლოთ, ტირილით მიდიოდენ თავგადაგლეჯილნი წისქვილისაკენ. შეკრბა წისქვილთან ხალხი. დაუწყეს სინჯვა: ზოგი საღორეში შეძვრა და დაუწყეს ზიდვა ბორბლის ფრთებს, სხვა თითსა სჩრიდა წისქვილის ყელში. ზოგი თვით შენობას აბრალებდა წისქვილის დადგომას და ჭერს აყრა დაუპირა. ერთმა ბოძს დააბრალა: „ეს ბოძი უალაგო ალაგასა სდგასო“, – იძახოდა, თუმცა კი ბოძისა არაფერი ბრალი არ იყო. სხვამ კარებს დააბრალა: „ამ კარებიდამ ქარი შედის, წისქვილი იმას დაუყენებიაო“. მესამემ ფუძე წამოაყენა მიზეზად: „ამ ადგილას კაი ფუძე არ არის, წისქვილის დადგომა ეშმაკის მანქანება არისო“. მეოთხემ კუდიანს ბებერს დააბრალა: „იმ უკბილო ბებრის საფქვავი არ უნდა დაგეფქვათ, გრძნეულია, ნავსია, წისქვილი იმას მოუნავსიაო“. მეხუთემ თედეს დააბრალა: „ალბათ თედემ ღმერთს შესცოდა, რომ გაიპარა, დაიმალა სადღაც და ღმერთმაც წისქვილი იმიტომ მოგვიშალაო“.
ნამდვილ მიზეზს წისქვილის დადგომისას ვერავინ მიმხვდარიყო, ნამდვილი მიზეზი კი წისქვილის დადგომისა ის იყო, რომ წისქვილს წყალი მოჰკლებოდა, ამას ვერავინ ჰხედავდა და ვერცავინა ჰგრძნობდა. მეწისქვილეს თავი დაექინდრა, ცეცხლს მოსჯდომოდა და აბოლებდა ჩიბუხს, რაც ძალი და ღონე ჰქონდა.
– ახ, ნეტა თედე მოიყვანაო, – იძახდენ სოფლელნი და თან გულს იმჯიღავდენ: – იმის მეტი წისქვილს ვერავინ უშველისო.
თედემაც იმ ხანებში სიზმარი ჰნახა: იმისი წისქვილი ჩამოშლილიყო, წისქვილის ქვები მოეპარათ, ბორბალი გაელეწათ, ფრთები აქეთ-იქით დაესროლ-მოესროლათ, წისქვილის ბოძებზე ყვავები დამსხდარიყვნენ და საძაგლად ჩხაოდენ.
ეს ცუდი ნიშანიაო, იფიქრა თედემ და გამოსწია წისქვილის სანახავად. სწორედ იმ დროს გამოჩნდა უღრანის ტყიდამ, როცა ხალხი, მეტად შეწუხებული და სასოებამიხდილი, წისქვილს დასტიროდა. გამოჩნდა თედე ხშირის ტყიდამ თავდაკიდებული, დაფიქრებული. თოვლივით თეთრი წვერი მზესავით მოანათებდა და გულმკერდს სრულიად უმალავდა. თედე ყავარჯენს მოიბჯენდა. ხალხმა მაშინვე იცნო თედე, საბრალო ხალხს ღამე გაუთენდა, მზე ამოუვიდა.
– აგერ თედე, კაცო, აგერ ჩვენი თედე! ჰოი, შენს მოსვლას ვენაცვალე! – დაიგრიალა ხალხმა და შემოეხვია გარს: ზოგი ხელებს უკოცნიდა, სხვა – ფეხებს და გაგლეჯილს ჩოხის კალთებს.
– რა არის, რა ამბავია? – იკითხა თედემ.
– წისქვილი დაგვიდგა, გენაცვალე, წისქვილი! – შეჰბღავლა ხალხმა.
– მე უთქვენოდ გავიგე, – სთქვა თედემ, – რომ წისქვილს უბედურება ადგა თავზედ, და კიდეც იმიტომ მოვედი.
თედემ გასინჯა წისქვილი და ისე მიეალერსა, როგორც თავისს პირმშო შვილს, ყოველი ნაწილი დაათვალიერა სარეკელადამ მოყოლებული კრიჭამდე. ყველაფერი კარგად იყო, არაფერი არ გაფუჭებულიყო. შემდეგ ღარი დაათვალიერა და სარუეს დაჰხედა. თედეს გაეღიმა.
– ნუ გეშინიანთ, ძმანო, – უთხრა მან ხალხს, რომელიც თვალ-წარბში შესჩერებოდა: – წისქვილი ეხლავე, ემ წამშივე წინანდებურად დატრიალდება.
– აბა, შენ იცი, შენ გენაცვალეთ, თავს შემოგევლეთ! – შეჰყვირა გამხნევებულმა ხალხმა.
თედემ სათავისკენ გასწია და ჭალაში მიეფარა. ხალხს უთხრა, რომ წისქვილთან მოეცადათ. გასინჯა თედემ სარუე, ერთს ადგილს გაფუჭებულიყო, წყალს გადაეჭამა სარუე და გადადიოდა, თვით სათავეშიაც დაჰკლებოდა წყალს გვალვისაგან. თედემ წყალი მოუგდო, სარუე გადიდდა, აიმღვრა. ხალხი შესჩერებოდა წისქვილს და გაფაციცებით ელოდა წისქვილის დაბრუნებას. წყალი რომ მოემატა, წისქვილი შეტოკდა ჯერ ნელ-ნელა. წისქვილის შეტოკებასთან ყველა იქ მყოფის გულიც შეტოკდა. წისქვილმა თანდათან მოიმატა და დაიწყო გრიალით ტრიალი. გამოუთქმელმა სიხარულმა შეიპყრო ხალხი. ნამდვილი მიზეზიც წისქვილის დადგომისა გაიგეს.
– თურმე წყალი არ დაჰკლებია! – ეუბნებოდენ სოფლელნი ერთმანერთს, – და ჩვენ კი რა ვიცოდით.
თედოც მოვიდა და დააყენა ხალხი სარუეს პირზე.
– მიხვდით ხომ მიზეზს წისქვილის დადგომისას? – ჰკითხავდა თედე ხალხს.
– მივხვდით, შენი ჭირიმე, როგორ არ მივხვდით! – უპასუხებდა ხალხი, – წყალი ჰკლებია, წყალი!