წელსა 1846
Appearance
წელსა 1846 ავტორი: სოლომონ რაზმაძე |
შვილო ჩემო, შვენიერო,
ნუგეშო ჩემო ძლიერო,
დაიძინე, ტურფავ სრულო,
მოევლინე თვალთა რულო,
ტკბილის ძილით დააძინე,
ღმერთო, ღმერთო, განარინე
ჩვენებისაგან ცუდისა
და სულისაგან მრუდისა.
მოდით, ნახეთ, ყრმა მძინარე,
მისი დარი — სავსე მთვარე,
ნარნარია სახე მისი,
ვითა საამო მაისი,
მშობელთ გულის სიხარული,
მათი სასოება სრული,
ვარდის მსგავსი მაისისა,
თვალთა ფერი შვენის ცისა,
ღიმილი ანგელოზისა,
მცხოვრებია ედემისა.
რომ სიბნელე დაიხიოს,
მზემან სხივი მოაქციოს
ზედა ველთ და მცენარეთა
და ფრთოსანთა მგალობელთა
იწყონ ხმობა ტკბილის ხმითა,
მათი საამო ძნობითა,
გაიღვიძე ღიმილითა,
მხიარულითა გულითა,
ვით გაზაფხული მცინარე
და ვით მჭლოვარე მდინარე,
ანგელოსთ სიამოვნება
ზეცითამც მოგევლინება.