ძველი დღისათვის
Appearance
ძველი დღისათვის ავტორი: ლადო ასათიანი |
1937 წელი |
ქ. ხ-ს
ო… არ იფიქროთ, რომ ლამაზების
მწვავს სიყვარული ან სიძულვილი:
მე მხოლოდ ძველი დღის დაფასების
და გახსენების მქონდა სურვილი.
და, აი, გუშინ, როცა კარადის
თაროსთან წიგნებს ვეძებდი დილით,
უეცრად ვნახე თქვენი ბარათი,
თქვენსავით მკრთალი და ფერმიხდილი.
– გილოცავ, ძმაო, ბედნიერ მყობადს, –
ჩამჩურჩულებდა ნაზარ წერილი
და მომაგონდა ჩვენი ბავშვობა
აწ გარდასული და გაფრენილი.
ო… არ იფიქროთ, რომ ლამაზების
მწვავს სიყვარული ან სიძულვილი:
მე მხოლოდ ძველი დღის დაფასების
და გახსენების მქონდა სურვილი.