Jump to content

ცხორება და ქმნულება მეფეთა ქართლისათა

From Wikisource
აღწერა აწინდელისა ქართლისა ვახუშტი ბატონიშვილი - "აღწერა სამეფოსა საქართველოსა"
ავტორი: ვახუშტი ბატონიშვილი
აღწერა ჰერეთისა, კახეთისა და კუხეთისა, კუალად თუშეთისა და დიდოეთისა


ქართლი

პუბლიკაციები

[edit]

ტექსტი

[edit]

შემდგომ განყოფისა სამეფოსა სამ სამეფოდ და ხუთ სამთავროდ ცხორება და ქმნულება მეფეთა ქართლისათა

[edit]

ოთ. მეფე კოსტანტინე ლვ წელი მეფა

[edit]

დასაბამითგან რომაულსა ჭუიჱ, ბერძულსა ხშოზ, ქ~სა ჩუჲთ [1469], ქართულსა რნზ, ინდიკტიონსა ბ. შემდგომად მეფისა გიორგისა დაჯდა ძე მისი კოსტანტინე. არამედ ვინაჲთგან გამეფდა ბაგრატ იმერეთს, ამან კოსტანტინემ მოუწოდა ათაბაგსა ბაადურს და ჰერ-კახთა და არღარა მოვიდა ათაბაგი, რამეთუ დაეპყრა სამცხე-კლარჯეთი. გარნა ეპისკოპოზთა მისცა ნება: და არცა ჰერ-კახთა ინებეს, არამედ გარდმოიყვანეს დიდოეთიდამ დავით და აკურთხეს მეფედ. და იქმნა მიერ ჟამითგან სამეფოსა განხეთქილება სამად. რამეთუ ერთი მეფე დაჯდა იმერეთს, ერთი კახეთს და ნეშტი დარჩა მეფესა ქართლისასა: და არცაღათუ ამას აკმარეს. არამედ განდგა თავადად ათაბაგი და მან დაიპყრა საათაბაგო, რომელ არს სამცხე-კლარჯეთი. კუალად განდგა იმერთაგან თავადად დადიანი, გურიელი, შარვაშიძე და სუანნი, და ამათ დაიპყრნეს საზღვარნი თჳსნი. და ვიდრე აწამდე არღარა იქმნა შეკრება მისი. არამედ კუალადცა უფროსად დაკნინებანი. მაშინ ამისმან მხილველმან კოსტანტინემ ჰგონა უმეტეს საქმისა თჳსისა წარმართებად, შემოიკრიბნა ქართლისა კათალიკოზ-ეპისკოპოზნი, მთავარნი და დიდებულნი და მოერთნენ სამცხე-კლარჯთა ეპისკოპოსნიცა და რომელნიმე ჰერ-კახთანი და ეგრეთვე წარჩინებულნიცა და ეკურთხა ტფილისს მეფედ, შემჭირვებელი განხეთქილებისათჳს მეფობისა. გარნა არა უტევებდა დავითს პყრობად ხერკს, საგურამოს, მარტყოფს და იმერთა ლიხის მთის კერძოთა, და ათაბაგსა მტკურის აღმოსავლეთსა.

ხოლო იმერთა მეფემან ბაგრატ, მოკუდა რა დადიანი ლიპარიტ, შემოიკრიბნა სპანი, შთამოვიდა და დაიპყრა ქართლი კუალადცა. მაშინ კოსტანტინემ განამაგრნა ტფილისი, სომხითი და ლორე, მოიმწო ათაბაგი ბაადურ და ბრძოდენ ურთიერთს. ამისთჳს ბაგრატ ეზრასა კახ-ბატონს გიორგის, რათა იყოს შეერთებული მისთანა და დაიპყრას გიორგიმ კერძონი კახეთისანი. ხოლო გიორგიმ ზავ-ჰყო ბაგრატის თანა და დაიპყრნა კერძონი კახეთისანი. ამის შემდგომად მოკუდა ათაბაგი ბაადურ, არამედ მანუჩარ ათაბაგმან სრულიად არღარა ინება მწეობა კონსტანტინესი, და იყო წელსა ხუთსა მათ შორის შფოთი. ვინაჲთგან კოსტანტინეს ეპყრა ტფილისი, მთიულ-მოჴევენი, სომხითი და ლორე, ხოლო ბაგრატს ქართლი და კახნი ერჩდენ ნებასა მისსა, განათუ მეფენი არა იბრძოდენ, არამედ სპანი მარადის. ხოლო წელსა ქ~სა ჩუოზ [1477], ქარ. რჲე დაჯდა ვამიყ დადიანმან კირთება და ბრძოლა იმერთა, რა იხილა განდიდება ბაგრატისა. ამისი მხილველი ბაგრატ უკუნ-იქცა ქართლიდამ და შთავიდა ოდიშს, ხოლო მუნ განმარჯუებისა შემდგომად უძლიერესად მოვიდა ქართლსავე.

უზუნ-ასან ყეენი

ხოლო წელსა ქ~სა ჩუჲჱ [1468], ქარ. რნვ, დაჯდა უზუნ-ასან ყეენად თურქთა გუარისა. ამან დაიპყრნა ორნივე საყეენონი და თავრიჟი და სხუანიცა თემნი რამეთუ აქამომდე, თუმცა იყო ყეენობა, არამედ არა სრულიად სპარსეთისა, ეგრეთვე ძენი ბაიეზითისანი, სულტანნი სტამბოლისანი, პირველწოდებულისა კოსტანტიპოლისანი, ბრძოდნენ უმეტეს ფრანგთა და ამის გამო იყო საქართველო უვნოდ მტერთაგან, არამედ თჳსთაგან ესრეთ ვნებულნი.

ესე უზუნ-ასან ყეენი შევიდა საბერძნეთს, აღიღო ტრაპიზონი, მოაოჴრნა ქუეყანანი, უკუნ-იქცა სპარსეთადვე. შემდგომად წელსა ქ~სა ჩუოჱ [1478], ქარ. რჲვ მოვიდა სომხითს, შემუსრა იგი და შემოვიდა ქართლის სომხითს, მოვიდა ორბეთის ძირს და მძლედ დახუდენ მეფე კოსტანტინე ბარათიანითა, ვერარაჲ შემუსრა და მოადგა ტფილისს. ხოლო კოსტანტინე მეფე ეკირთებოდა საბარათიანოთი მარბიელთა ყეენისათა. მაშინ ყეენი ეზრახა კოსტანტინე მეფესა, რათა მივიდეს მის თანა და მიანიჭოს ყოველი ქუეყანა მისი და დაიცვას უვნებელად. ამისთჳს განზრახვითა წარჩინებულთათა მივიდა კოსტანტინე ბარათიანითურთ და მისცა ციხე ტფილისისა. ხოლო ყეენმან პატივ-სცა დიდად და მიანიჭნა ბოძნი დიდ-დიდნი და შეადგინნა ციხესა მცველნი თჳსნი. იხილა ესე ბაგრატ, რამეთუ ვერღარა წინააღუდგების, და წარვიდა რაჭას. ხოლო ყეენი მივიდა და დადგა მუხრანს, წარავლინნა მუნიდამ მარბიელნი, მოარბიეს ქართილი და ხერკი, საგურამო და თიანეთი, მოსწყჳდეს და მოაოჴრეს. არამედ რისხჳთა ღვთისათა შეედვა სენი სასიკუდინო უზუნ-ასანს, აიყარა და წარვიდა. ხოლო კოსტანტინეს მიათუალა ტფილისი მცველითურთ, მისცნა ნიჭნი დიდნი და ბარათიანნი აღავსნა საბოძურითა და გამოუტევნა და მცირედისა მოკუდა უზუნ-ასან და დაჯდა მის წილ ასანბეგის ძე იაყუბ ყეენად.

იაყუბ ყეენი

სცნეს რა ციხოვანთა სიკუდილი ყეენისა, დაუტევეს და წარვიდნენ ნებითა მეფისათა. არამედ მოკუდა ამასვე წელსა ბაგრატ იმერთა მეფე. ხოლო მეფე კოსტანტინე განძლიერდა და დაიპყრნა ტფილისი და ციხენი მიხმულნი თათართაგან; მერმე უბრძანა ბარათიანთა და სომხითართა, მიუჴდნენ ელთა, დატევებულთა ყეენისაგან საზღვართა ქართლისათა, სრულიად მოსრნეს და ტყუე-ყვნეს, აღიღეს ალაფნი დიდძალნი და შემოიქცნენ გამარჯუებულნი. შემდგომად შემოიკრიბნა სპანი კოსტანტინე მეფემან და დაიპყრა ქართლი ქ~სა ჩუოთ [1479], ქარ. რჲზ, აღიღო გორი და ყოველნი სხუანი ციხენი, გამოასხნა იმერნი და შეაყენნა მცველნი თჳსნი. შემდგომად კუალად გამოიყვანნა კავკას-მთიულნი მეფემან და განზრახვითა დადიანისათა შთავიდა იმერეთს. ვერ წინააღუდგა ალექსანდრე, აღიღო ციხენი იმერეთისანი და დაიპყრა იმერეთი, მოერთუნენ ქუთათისს დადიანი ვამიყ და გურიელი კახაბერ, რამეთუ შურობდნენ ალექსანდრეს ბაგრატის გამო. მაშინ მეფემან შეაყენნა ქუთათისს მცველნი თჳსნი, წარმოვიდა და წარმოიყვანა დადიანი ვამიყ სპითა და იმერნი, და შეკრებული ქართლიდამ მიუჴდა ათაბაგს ჯავახეთს ქ~სა ჩუპა [1481], ქარ. რჲთ. ამას ვერ წინააღუდგა მანუჩარ ათაბაგი და მიუხუნა მეფემან სამცხე არსიანს აქათი, განიმაგრა და მოვიდა ქართლს და განუტევნა დადიანი და იმერნი. წელსა მეორესა მოკუდა დადიანი ვამიყ და იქმნა შფოთი კუალად იმერეთს.

ამისმან მხილველმან ათაბაგმან მანუჩარ დაიპყრა კუალად სრულიად სამცხე, ამისთჳს კოსტანტინე მეფემან შემოიკრიბნა სპანი, მივიდა მოსწრაფედ სამცხეს. გარნა მანუჩარ კუალად ვერ იკადრა ბრძოლა, არამედ ნებითა მისითავე ეწყო ყუარყუარე მეფესა და იქმნა ბრძოლა ძლიერ ფიცხელი, ქ~სა ჩუპგ [1483], ქარ. როა.

იძლია მეფე და მოვიდა ტფილისს: მხილველმან ალექსანდრემ, ძემან ბაგრატისამან, აღიღო ქუთათისი და ეკურთხა მეფედ იმერთა და დაიპყრა იმერეთი, ქ~სა ჩუპდ [1484], ქარ. რობ. მაშინ მეფემან სცნა აქამომდე წარმართება სჳსა და აწ უკუნქცევა, მიუთხრა კაცთა, რათა შეერთდნენ. არამედ კახ-ბატონმან გიორგიმ არა ინება და ათაბაგმან უმეტეს.

მოსლვა იაყუბ ყეენისა

შემდგომად მოვიდა იაყუბ ყეენი სამცხეს ქ~სა ჩუპვ, ქარ. როდ. ამან წარმოავლინნა აწყუერიდამ სპანი, ესენი დაესხნენ დბანისს და ქუეშისჴევს, მოსტყუევნნეს და წარვიდნენ. სცნეს ბარათიანთა, გარდაუდგნენ სიმაგრეთა და ბრძვეს ძლიერად, და ძალითა ზენათი მოსრნეს და წარიქცივნნეს, რომელ ერთისაგან ასნი წარიოტებოდნენ და მოისპოდნენ და დაჰყრიდნენ ნატყუენავთა და თჳსთაცა მრავალთა, და მცირედნი ივლტოდნენ. მაშინ მჴნედ იყო სულხან ბარათაშვილი, რამეთუ სხუათაგან კიდე მოკლა წარჩინებული ერთი ყეენისა, რომელსა ზედა სპანი ყეენისანი მკიდარებდნენ. რომლისათჳსცა დამძიმდაცა ფრიად ყეენი და ესრეთ შემოიქცნენ ბარათიანნი მეფისა თანა გამარჯუებულნი.

ხოლო შემდგომად წარსლვისა იაყუბ ყეენისა ეცა ჟამი კუალად მეფესა კოსტანტინეს და მოსრვიდნენ გარემოთა თათართა.

მოკუდა ათაბაგი მანუჩარ და დაჯდა ყუარყუარე. ჟამთა ამათ კუალად ეზრასა ლიპარიტ დადიანი მეფესა კოსტანტინეს დაპყრობად იმერეთისად. ესე სთნდა მეფესა და კუალად გამოიყვანნა მთიულ-კავკასნი, შემოიკრიბნა სპანი თჳსნი და შთავიდა იმერეთს. ხოლო ალექსანდრე ვერ წინააღმდგომი მოსლვისათჳს დადიანისა წარვიდა სიმაგრეთა და მეფემან კოსტანტინე კუალად დაიპყრა იმერეთი, მოვიდა და აღიღო ქუთათისი, მოერთო დადიანიცა მუნ, და მოსცნეს ყოველნი ციხენი მეფესა კოსტანტინეს ქ~სა ჩუპზ [1487], ქარ. როე. მაშინ გამოუტევნა მეფემან მთიულნი და თჳთ დაადგრა მუნ, რათა განიმაგროს იმერეთი, რამეთუ ქართლი აქუნდა მშჳდობით.

შემოსლვა თათართა

ხოლო წელსა ქ~სა ჩუპჱ [1488], ქარ. როვ წარმოავლინა იაყუბ ყეენმან სპასპეტი თჳსი ხალილბეგ სპითა. ესე მოვიდა, და უწყო შენება ქაოზიანს და აღჯაყალის ციხესი აცნობეს კოსტანტინე მეფესა და უბრძანა ბარათიანთა მტერობა მათი, და ამათ უწყეს ბრძოლა თათართა, ჴოცა და სრვანი მრავალთა დღეთა. მცნობმან ყეენმან აშუელნა სპანი უდიდესნი. მაშინ ესენი მოვიდნენ და მოადგნენ ტფილისს და ბრძოდენ ძლიერად. ამისი მსმენელი მეფე კოსტანტინე წარმოვიდა იმერეთიდამ და წარმოავლინნა წინარე ქაიხოსრო ციციშვილი და ჯავახისშვილი ჯავახი სპითა შუელად ბარათიანთა მოსწრაფედ. მოსლვასა ამათსა შეკრბნენ ქაიხოსრო, ჯავახი და ბარათიანნი, და დაესხნენ ჭანდარს მდგომთა თათართა. მოსცათ ღმერთმან ძლევა და მოსრნეს სრულიად, რამეთუ ვერცადათუ მატყვი განერა, და შემოიქცნენ ალაფითა სავსენი.

მიესმათ ტფილისს მდგომთა თათართა ესე სპათა თჳსთა სრულიად მოწყუედა და მოსლვა მეფისა კოსტანტინესი, მოეცალნენ ტფილისს და წარვიდნენ. მაშინ გარდაუსწრეს კუმისის ბოლოს ქაიხოსრო ციციშვილმან და ბარათიანთა და იქნა ბრძოლა ძლიერი. შემდგომად იძლივნენ თათარნი და მოსრვიდნენ ქართველნი, რამეთუ თავთა მათთა აცმიდიან ღობე-მარგილთა ზედა. არამედ უკანა მსლველნი ნაწყუედთა ქართველთა მოესწრნენ თათარნი და შეიყარნეს შუაში ქართველნი. მაშინ განმჴდნენ ბარათაშვილი სულხან, ქაიხოსრო ციციშვილი და ჯავახიშვილი ჯავახი, ვითარცა წინათნი გმირნი რომელნიმე და გამოვლნეს ბრძოლითა თათარნი ყოვლითა სპითა თჳსითა. გარნა, ცოდვათა ჩუენთათჳს, რომელნიმე სხუანი ქართველნი აოტნეს და მოსწყჳდნეს თათართა, ხოლო სხუანი თურქნი უღონოთა ორბეთის ძირს მდგომთა დაესხმოდნენ. არამედ მარადის ბარათიანნი მძლე ექმნებოდიან თათართა. ამისთჳს ძლეული ხალილ ბეგ წარვიდა წინაშე ყეენისა და აუწყა ესე ყოველი.

ხოლო შემდგომად წარმოსლვისა იმერეთიდამ კოსტანტინე მეფისა მოიმწო ალექსანდრემ სუანნი, მოირთო რაჭა-ლეჩხუმი ჩამოვიდა და დაიპყრა ქუთათისი, ეზრახა დადიან-გურიელსა და დაიზავნა იგინი და დაიპყრა ლიხს იქეთი უმეტეს პირველისა:

შემოსლვა თათართა

ხოლო შემდგომად წელსა ქ~სა ჩუჟ [1490] ქარ. როჱ წარმოავლინა კუალად სპანი ყეენმან. ამისთვს ეზრახა მეფე კოსტანტინე კუალად ათაბაგსა და კახთა, რათა ჰყონ შეერთება თათართა ზედა ანუ მოსცნენ სპითა შეწევნა. არამედ მათ არა ინებეს, რამეთუ ენებათ დამდაბლება მეფისა. მერმე განიზრახა მეფემან დიდებულთა თჳსთა თანაბრძოლისათჳს თათართა. - მაშინ წარჩინებულნი ეტყოდნენ არა ბრძოლასა პირისპირ, გარნა გამაგრებასა ციხე-სიმაგრეთასა და სადაცა ჯერ იყოს ბრძოლასა, რათა არამარცხითა უმეტესად შევკნინდეთ. სთნდა ესე მეფესა და განემზადნენ ეგრეთ; ხოლო თათარნი იგი მოვიდნენ ორბეთის ძირს, ვერარაჲ შემუსრნეს და მოადგნენ კოჟრის ციხესა, და უწყეს სროლა თოფთა. მას ღამესა მოვიდა თოვლი დიდი, ამისთჳს უკუდგნენ თათარნი ციხისაგან. მაშინ შემჭირვებულნი მეციხოვნენი გამოვიდნენ მასვე ღამესა, რომელთა თავ მათდა იყო სოლაღაშვილი და ივლტოდნენ თჳს-თჳსად. დილასა იხილეს თათართა ციხე უკაცური, შევიდნენ და შემუსრეს ციხე, მერმე მოადგნენ ტფილისს.

ჟამსა ამას მეფე კოსტანტინე იდგა ნიჩბისს და აძლევდა ძალსა სპათა ბარათიანთა და ამაგრებდა მათ. ხოლო თათართა, ვითარ ვერ შემუსრეს ტფილისი მეფის ახლორე ყოფისათჳს, წარმოავლინეს ՙჩფ რჩეული მჴედარნი და სხუანი სპანი მრავალნი მორბევად ორბეთის გარემოთა. მაშინ შემოუჴდნენ თათარნი მთის დაბნებთა და, რომელნიცა პოვნეს, მოსწყჳდნეს და მოსტყუევნნეს.

ესე ყოველი მიესმათ ბარათიანთა ენაგეთს მდგომთა და მათ თანა ქაიხოსრო ციციშვილსა, თურმანიძეს ქაიხოსროს და თავსა მათსა სულხან ბარათაშვილსა. ესენი წარვიდნენ მსწრაფლად და მიეწივნენ თათართა. მისლვასა და კუეთებასავე წარიქცივნეს ამათ თათარნი და შესჯარნეს ღრატე-კლდოვანთა და ღელოვანთა შინა და მოსრვიდნენ და სწყუედდნენ, ვითარცა ქათამთა, რამეთუ დიოდიან სისხლნი მათნი რუდ. მაშინ დარჩა მერაბს ბარათაშვილს მოყუასი ყეენისა ფრიად წარჩინებული, არამედ ჩუენთა ტყუეთაგანცა მოისრვოდნენ თათარნი და მოჰყვანდათ თჳთ დატყუევებულთა მათგან იგინივე ტყუედ. კუალად ქაიხოსრო ჯავახი, ქავთარ და სოლაღაშვილი მოესწრნენ უკანმსლველთა სამასთა თათართა ოცნი ესე ქართველნი; მოსცათ ღმერთმან ძლევა, წარიქცივნეს თათარნი და მოსწყჳდნეს, ვითარ მცირედნიღა გარდაეხუეწნენ.

ესმათ ესე მოწყუედა სპათა თჳსთა ტფილისს მოდგომილთა თათართა, მყის მოეცალნენ და წარვიდნენ მოსწრაფედ თჳსად. არამედ ერდგულობისათჳს ქუეყნისა და მეფისა თჳსისათჳს მოსცათ ძლევა ღმერთმან ბარათიანთა, რამეთუ მოსრნეს, მოსწყჳდნეს და აოტნეს მძლავრნი მტერნი, რამეთუ მიერ ჟამითგან ვერღარა იკადრეს მოსვლად თათართა ქართლსა შინა. გარნა თუ არა მოეჭირვათ ბარათიანთა, შიდა ქართლსაც შემოებრძოლებოდნენ თათარნი და მეფისა და ქუეყანისა ფრიად შემაწუხებელ იქმნებოდნენ.

ხოლო შემდგომად თათართა წასლვისა შემოიკრიბნა მეფემან კოსტანტინე სპანი, მიუჴდა და მოსრნა ელნი გარემონი, შემუსრა და დაარღვივა აღჯაყალა და ქაოზიანი, აღიღო ალაფი მათი და მოვიდა ტფილისს. შემდგომად შემოიკრიბნა კათალიკოზი, ეპისკოპოსნი და წარჩინებულნი თჳსნი და განიზრახვიდა, თუ რაჲ ჰყონ განდგომილებისათჳს ქუეყანათა და ვითარ მოაგონ კუალად მეფობასავე თჳსსა, მაშინ დიდებულნი იტყოდნენ: "ვინაჲთგან მტკიცედ დგანან ერთგულებასა ზედა თჳსთა რჩეულთა მეფეთათა იმერნი და კახნი და კუალად ათაბაგისა სამცხელნი, ამისთჳს არა განგიზრახავთ ბრძოლასა; რამეთუ თუმცა მრე ვექმნეთ ერთსა, არღარა მოგვცემს მეორე ნებასა, არამედ ვაცადოთ ჟამი, უკეთუ კუალად აგოს ღმერთმან მეფობასავე შენსა".

ხოლო იხილა რა ესე-ვითარება თჳსთაგანცა მეფემან, ამისთჳს აღირჩია მშჳდობა, რამეთუ ამ ჟამებთა მოკუდა კახთ ბატონი გიორგი, ხოლო კახთ ბატონმან ალექსანდრემ და მეფემან კოსტანტინემ ყვეს მშჳდობა სიყუარულისა, კუალად ათაბაგისა თანა და შემდგომად ალექსანდრე იმერთა მეფისა თანა და რომელნი აღვწერენით საზღვარნი დაიპყრნეს ეგრეთ. გარნა მეფე კოსტანტინე მცდელობდა შენება-მაგრებასა ქუეყანისასა.

კუალად გარდაიცვალნენ ჟამსა კოსტანტინე მეფისასა კათალიკოზნი დავით და ნიკოლაოზ, და დასუა მეფემან აბრაამ. კუალად ამავ მეფის კოსტანტინეს ჟამსა შინა, წელსა ქ~სა ჩუჟდ [1494], ქარ. რპგ შურაგო ათაბაგმან ყუარყუარემ შაქსა, შემოვლო კახეთი და ქართლს დახუდნენ ციციანნი და შიდა ქართველნი, იძლივნენ ქართველნი და წარვიდა ათაბაგი მშჳდობით.

ამის მცნობს მეფესა კოსტანტინეს დაუმძიმდა მოწყუედა სპათა და კუალად შლილობა ათაბაგისა და შერისხნა, რომელთა ყვეს ესე თჳნიერ მისსა. ხოლო ესხნეს მეფესა კოსტანტინეს ძენი თამარ დედოფლისაგან: დავით, გიორგი, ბაგრატ, ალექსანდრე და მელქისედექ (რომელი შემდგომად კათალიკოზ იქმნა). არამედ შემდგომად დამშჳდებისა ქუეყანათა ამან კოსტანტინემ მეფა წელი იბ მშჳდობასა და კეთილმეფობასა შინა.

კუალად ჟამსავე ამისსა გამოჩნდა შაჰ ისმაილ ძე შიხისა ქ~სა რუჟვ[1496], ქარ. რპდ, თათრულსა ქორონიკონს შა. დაიპყრა ამან არდაველი, გამოვიდა მუნით და დაიწყო პყრობა ქუეყანათა. ხოლო შიხი იგი იყო ჟამსა თემურისასა არდაველს და აუწყეს მანქანება მისი ლანგთემურს და თემურ მივიდა ხილვად მისა. მაშინ შიხმან უჩუენა საქმე ეშმაკისა ოთხნი საკჳრველნი, განცჳფრდა თემურ და ეტყოდა: "რაჲ გნებავს მთხოვე, რათა მოგანიჭო". ხოლო შიხმან მან გამოსთხოვნა ტყუენი, რომელნი დაეტყუევნეს თემურს შამელნი იბ ჩ (.) და ქალაქი არდაველი; თხოვნისაებრ მიანიჭა თემურ ყოველნი, და ეპყრა მიერითგან შიხსა მას და ძეთა მისთა ქალაქი არდაველი. ხოლო ტყუენი ათავისუფლნა შიხმან; შემდგომად პაპასა შაჰ ისმაილისასა აღუდგა მტრად შირვანშა და მოკლა იგი. მერმე კუალად მოიკლა ძეცა მისი მამა შაჰ ისმაილისა უკეთურებისათჳს და შემდგომად მამისა შაჰ ისმაილისა სდევნიდა საკუდავად მეფე თავრიზისა, და ესე მცირე ყრმა წარიყვანეს გილანს და დამალეს მუნ. მერმე რა მოიწიფა, გამოვიდა და დაიპყრა არდაველი და იწყო პყრობად ქუეყნისა. არამედ განძლიერდა წელსა ქ~სა ჩუჟთ [1499], ქარ. რპზ, თათრულსა ქორონიკონსა შე, და მიერთნენ ყოველნი იგი შამელნი ტყუენი, რომელნი განათავისუფლნა შიხმან. კუალად წელსა ქ~სა ჩფ [1500], ქარ. რპჱ, თათრულს ქორონიკონს შზ ამან შაჰ ისმაილ დაიპყრა ადრიბეჟანი და უკუნიქცა და დაიპყრა სპარსეთი; მერმე წარვიდა ბალხიბუხარას და ქობულს. ხოლო შემდგომად ამათ ჟამებთა შინა გარდაიცვალა მეფე კოსტანტინე, ქ~სა ჩფე [1505], ქარ. რჟგ.

პ. მეფე დავით, ჱ, ით წელი მეფა

[edit]

შემდგომად კოსტანტინე მეფისა დაჯდა უხუცესი ძე მისი დავით მეფედ. ამან შემოიკრიბნა კათალიკოზი და ეპისკოპოსნი და წარჩინებულნი თჳსნი და ეკურთხა ტფილისს მეფედ. არამედ ესე დავით მეფე იყო ლმობიერი, ბრძოლა-შლილობათა და შფოთთა მოძულე და მოყუარე მშჳდობისა. ამან დაიპყრა ქუეყანა, რომელი დაეტევა მამისა თჳსისაგან და განაგებდა კეთილად და მშჳდობით.

ხოლო წელსა ქ~სა ჩ̃ფთ, ქარ. რ̃ჟზ გარდმოვიდა სპითა ალექსანდრე მეფე იმერთა, მოადგა გორს. შეუძნდათ ესე ყოველთა და ეტყოდნენ მეფესა დავითს ბრძოლასა მისსა. არამედ დავით მეფემან არა ინება, მეტყუელმან მათმან: "რამეთუ მიეგების მეშფოთეთა შფოთი", ხოლო ალექსანდრემ აღიღო გორი და დაიპყრა თჳთ და მოართუეს მორბევა იმერეთისა ჩიხთაგან. უკუნიქცა და წარვიდა იმერეთს. შემდგომად მეფემან დავით აღიღო გორი და დაიპყრა და განამტკიცა უმაგრესად.

შემდგომად ერთისა წლისა მოკუდა მეფე იმერთა ალექსანდრე. ხოლო წელსა ქ~სა ჩ̃ფია, ქარ. რ̃ჟთ მოკლა კახთბატონი ალექსანდრე ძემან თჳსმან გიორგიმ. ამ ჟამს იდგა დავით მეფე ატენს ტაძრეულითა და მცველითა თჳსითა, მოუჴდა ავგიორგი ატენს მეფესა დავითს. ხოლო დავით, უსპობით ვერღარა მბრძოლი, შევიდა ციხესა შინა ატენისასა, და მოადგა ავგიორგი გარს. არამედ იხილა გიორგიმ ვერ-შემუსრვა ციხისა და სპანიცა შემოკრბებოდიან შემწედ მეფისა დავითისა, უკუნიქცა ავგიორგი და წარვიდა კახეთს. გარნა არა იკმია სიბოროტე და კუალად იწყო კირთება, რბევა და ოჴრება ქართლისა, რამეთუ ჟამითი ჟამად მოვიდის და აოჴრებდის.

ხოლო წელსა ქ~სა ჩ̃ფიბ, ქარ. ს̃, მოვიდა სპა ხონთქრისა დიდძალი სამცხესა და იმერეთსა ზედა, ამასვე წელსა მოუჴდა მეფე ბაგრატ იმერთა მოხისს ვახტანგს. სძლო ვახტანგს. არამედ დავით მეფემან ზავ ჰყო მათ შორის და წარიყვანა ბაგრატ ძმა თჳსი და წარვიდა იმერეთს. ხოლო ვითარ არა დასცხრა ავგიორგი ქუეყნის ოჴრებად, ეტყოდნენ ძმანი მეფესა დავითს წინააღდგომობასა გიორგისასა; ხოლო იგი მიუგებდა: "სიბოროტისა თჳსისა ნაცვალი მიეგების, რად ვყოთ ჩუენ შფოთი". არამედ ბაგრატ, ძმა დავით მეფისა, მიუგებდა: "მიგვიხუნა კახეთი და აწ ნებავს ქართლისაცა". და გამოსთხოვა მუხრანი საუფლისწულოდ და არაგჳსა და კსნის ჴევნი მთიულმოჴევითურთ თჳსსა მორჩილებასა ქუეშე რომელი არს მიერითგან ერთ სასპასპეტოდ ანუ სადროშოდ, კუალად იტყჳან მიერ ჟამითგან იქმნა ქართლი ოთხ სადროშოდ. და მე აღუდგები მტრად ავგიორგის". მაშინ იძულებულმან მეფემან ნება სცა ბაგრატს. წარმოვიდა ბაგრატ და აღაშენა მუხრანს ციხე მტკურისა. ამისი მცნობელი ავგიორგი მოვიდა სპითა თჳსითა და მოადგა ციხესა მას შინა მყოფს ბაგრატს სამ თთუე და შეამჭირვა ფრიად ბაგრატ. მაშინ ავგიორგიმ წარუვლინა ღჳნო ლიტრითა ბაგრატს. "ხარ ძე მეფისა და არს ჟამი მრავალი, რომელ არა გისუამს, აწ იჴმიე". ხოლო ბაგრატს ჰყვა ჭასა შინა ორგაული ცოცხალი, წარმოუგზავნა ავგიორგის იგი და მოუთხრა: "სამ თთუე მყოფობ კსანსა ზედა და არა გიგემებია, იგემე, რამეთუ ცოცხალ არს". განჰქჳრდა ავგიორგი და ჰგონა საზრდელთა სიმრავლე, უკუნიქცა, მოაოჴრა ქუეყანა და შთავიდა კახეთად. შემდგომად კუალად გამოვიდა ავგიორგი, ვითარცა ჩუეულ იყო, მოარბივა ქართლი და, ვითარ არავისი. აქუნდა შიში, წარავლინნა სპანი თჳსნი წინარე და თჳთ ნადირობითა და მცირედითა კაცითა მოვიდოდა. მაშინ ბაგრატ სპითა თჳსითა მზირ-ეყო ჴევსა შინა ძალისისასა და, მოვიდა რა მუნ ავგიორგი, იცა ჟამი მარჯუე ბაგრატ, მიეტევა და მოსრნა მისთანანი და შეიპყრა ავგიორგი და პატიმარ-ჰყო მტკურის ციხესა შინა, ქ{რისტ}ესა ჩ̃ფიგ, ქარ. ს̃ა. მერმე ამასვე ქორონიკონსა მოაშთვეს, ანუ მოკუდა.

ხოლო ვინაჲთგან არღარავინ იყო მეპატრონე კახეთისა თჳნიერ ავგიორგისა, შემოიკრიბნა მეფემან დავით სპანი თჳსნი და შთავიდა კახეთს. ვერვინ წინააღუდგა და დაიპყრა თჳთ კახეთი, მერმე მოიქცა ტფილისსვე. ხოლო ძე ავგიორგისა, მცირე ყრმა წლისა შჳდისა, დამალა დედით მისით ჩოლაყაშვილმან გარსევან, ვინაჲთგან ნათესავი იყო დედა მისი გარსევანისა. სცნა მეფემან დავით ყოფნა ავგიორგის ძის ლევანისა კახეთსვე. ამისთჳს წარავლინა ძმა თჳსი ბაგრატ მის ქუეშე დაწესებულითა სპითა და ამილახორითა, რათა მოიძიონ ლევან და მოართუან მას. შთამოსრულმან კახეთს ბაგრატ დასდვა შიში დიდი კახთა და ყოველთა მკჳდრთა მათ შინა. არამედ მათ ყოველთა ფუცეს უცნობელობა მისი აღთქმითა დიდითა. არამედ გარსევან ჩოლაყაშვილმან ჰყო ხვანჯი და ცბიერება დიდი, რამეთუ ლევან ჰყო მეწდედ უშუერითა სამოსლითა და იმსახურებდა ჟამსა სერისასა სტუმრებულის ბაგრატის წინაშე და, შეუთქუეს რა გარსევანს ლეონისთჳს, მან ფუცა ძლიერითა ფუცვითა: "რომელი არა გეხილვოთ თქუენ თჳნიერ მისსა, არცა მცირე და არცა დიდი არავინ მყვეს და არცა უწყოდე". ესე ირწმუნა ბაგრატ და წარმოვიდა ქართლს. მაშინ გარსევან წარავლინა ლეონ ოჩანის ციხესა შინა და დამალა მუნ. ხოლო კახეთი ეპყრა დავით მეფესა ნებასა შინა თჳსსა.

შემდგომად წელსა ქ~სა ჩ̃ფიჱ, ქარ. ს̃ვ წარმოემართა შაჰ ისმაილ ყეენი დაპყრობად და მოოჴრებად ქართლისად. რამეთუ ამან შაჰ ისმაილ დაიპყრა სპარსეთი, ბალხი, ბუხარა და ქობული, ამანვე უწოდა სპარსთა ყიზილბაში, რომელი დაბურა თავსა ზედა თაჯი და დოლბანდი, ამათ გამო გამოაჩინა და დაუდვა რჯული შიისა სპარსთა (რათა განეყოს ხონთქარსა სუნთა). და თჳთ იწოდა ძედ ალიასი და ამისთჳს რწამდათ სპარსთა ძენი შაჰ ისმაილისანი, ვითარცა ძენი იმამისა მათისანი, და თაყვანი-სცემდნენ მათ, ვითარცა იმამთა.

ამისმან მსმენელმან მეფემან დავით აღიღო ძღუენი დიდი და ძე თჳსი რამაზ წარავლინა წინაშე ყეენისა და აღუთქუა მორჩილება, რათა არა მოაოჴროს ქართლი და ქუეყანა. იხილეს რა კახთა საქმე ესე, გამოიყვანეს ლევან ციხიდამ, შთამოიყვანეს და დაიპყრა კახეთი ლევან. ხოლო მეფემან დავით უცალომან და მოლოდინემან ძისა თჳსისამან, თუ რაჲ უყოს ყეენმან, მიუშუა კახთა ყოფად ამისა ეგრეთ. არამედ ყეენმან შეიწყნარა ძე მეფისა რამაზ პატივითა დიდითა და მისცა ნიჭი დიდი და წარმოგზავნა მშჳდობით ზავისა მყოფელმან და დაიჴსნა მეფემან დავით ქართლი ოჴრება-ტყუეობისაგან (ესე ჰყო ყეენმან, რამეთუ ბრძოლად მივიდოდა ხონთქრისა, რათა არა ქართველნი მოერთუნენ მას). ხოლო შაჰ ისმაილ წარვიდა და დაიპყრა დიარბექირი, ეწყო მუნ ხონთქარი სულთან სელიმი, იძლია შაჰ ისმაილ და მოსწყდნენ სპანი მისნი; მოვიდა ყეენი ყაზმინს, დაჯდა და არღარა გამოვიდა ჟამამდე.

ხოლო დავით მეფე რა იქმნა სარწმუნო ყეენისაგან, შემოიკრიბნა სპანი თჳსნი და შთავიდა კახეთს, ვერ წინააღუდგა ლევან. არამედ შევიდა ციხესა მაღნარისასა, მივიდა მეფე და მოადგა გარს და შეამჭირვა ფრიად და ლამოდენცა მოცემასა ციხისასა.

ამ ჟამს მოერთუა ამბავი მეფესა დავითს მოსლვა ოსმალთა ქართლსა შინა. არამედ მეფე დაუფარვიდა სპათა თჳსთა და წარავლინა მთავარ-ეპისკოპოსი და ამილახორი, რათა მოსცენ ციხე; უკეთუ არა, მოსწყდეთ სიყმილითა. მისრულთა ციხოვანნი აღუთქმიდენ მოცემასა. არამედ მთავარ-ეპისკოპოსმან აზრახა იდუმალ დედასა ლეონისასა მეამბორესა ჴელსა ზედა მთავარ-ეპისკოპოსისა: "ნუ გეშის, ღამესა ამას წარვალთ, განმაგრდი". მსმენელი დედა ლეონისა იტყოდა: "ვარ ძისა მაგრებასა და მიუცემლობასა".

ესე მოუთხრეს მეფესა, უკმოიქცა და მოვიდა ქართლს. აქ ეწყო ოსმალთა, მოსცა ღმერთმან ძლევა, აოტნა და მოსწყჳდნა მრავალნი, აღიღო ალაფი მათი დიდი და მოვიდა ტფილისს. შემდგომად კუალად შემოიკრიბნა სპანი და წარვიდა კახეთს, მისრულს მეფესა საგარეჯოს მოერთუნენ მუნებურნი და შთავიდა ქისიყს და მოერთოდენ მუნცა გარეთნი ყოველნი, შეუჴდა ქისიყს. ხოლო ლეონ ეწყო მცირედითა სპითა ქ~სა ჩ̃ფკ, ქარ. ს̃ჱ. იძლივნენ სპანი დავით მეფისანი, წარმოვიდა მეფე და მოვიდა ტფილისს.

კუალად იდგა გორს მეფე დავით და მოართუეს ამბავი სპათა მოსლვისა ფერსათიდამ, რამეთუ გამოვლო გურიელმან მამიამ მწეობითა ათაბაგისათა მთა ღადო, რათა შემწე ეყოს ლევანს დავით მეფესა ზედა ზავითა ანუ ბრძოლითა და მივიდეს მის თანა. მსმენელი დავით მეფე განრისხნა და წარვიდა მის ზედა სპითა, რავდენნი დაესწრნენ მუნ. ხოლო გურიელი, არა მგონე მეფისა, ეწყო მოხისს ძლიერად; იძლია დავით მეფე და მოვიდა ტფილისს. მუნ კუალად შემოიკრიბნა სპანი, რათა მიაგოს შური მის წილ გურიელსა. ხოლო გურიელი მივიდა მუხრანს და ლევანცა მოვიდა მის თანა და არა რას ავნებდნენ ქუეყანათა, და დავით მეფეცა მოვიდა ნიჩბისს სპითა თჳსითა და წარავლინა ბაგრატ ძმა თჳსი მის ქუეშე დაწესებულითა და ამილახორით, რათა მოვიდეს მეორე დღე ბაზალეთიდამ მათ ზედა, და თჳთ სპითა თჳსითა მივიდეს პირისპირ. არამედ წარმოევლინა წარჩინებული თჳსი გურიელსა მეტყუელსა: "რამეთუ მოვედ ვედრებად თქუენ წინაშე, რათა ვყოთ ზავი თქუენსა და ლევანს შორის. გარნა იქმნა უმეცრად ბრძოლა თქუენი; აწ გევედრებით, ვინაჲთგან არა რაჲ მივნია ქუეყნისათჳს, ამით ვარ მართალი, რათა ჰყოთ ზავი და სიყუარული თქუენ შორის, რამეთუ არიან მტერნი ძლიერნი გარემოს, ვითარცა ყეენი, რომელი იპყრობს ქუეყანათა". მაშინ გარნა თუ მეფესა არა ენება ესე და წადიერ იყო ბრძოლისა, არამედ განაზრახებდენ კათალიკოს-ეპისკოპოსნი და წარჩინებულნი ყოფად ზავისად. ამისთჳს სათნო იყო მეფემანცა და ჰყვეს ზავი და განაჩინეს საზღვარი და სიყუარული ურთიერთთა, მტერობა და მოყურობა ერთბამად მტერთა და მოყუარეთა ზედა. მერმე იხილნეს ურთიერთნი, უძღუნეს და წარვიდნენ თჳს-თჳსად.

ხოლო გარდაიცვალნენ კათალიკოზნი დავით მეფის ჟამსა შინა აბრაამ და ბასილი და დასუა ამან მეფემან დორათეოს. ხოლო შემდგომად ამისა მშჳდობით ყოფასა შინა წელსა ქ~ს ჩ̃ფკბ, ქარ. ს̃ი წარმოემართა შაჰისმაილ ყეენი, რამეთუ ჰგონებდა მორჩილებასა ქართლისასა. არამედ ესმა კირთება ქართველთაგან მაჰმადიანთა. კუალად ვინაჲთგან სძლო სულტანმან სელიმ, რათა არა მოერთუნენ ქართველნი ხონთქარსა, ამისთჳს მოვიდა და დადგა აღჯაყალას და იწყო შენება მისი. მაშინ ევედრა დავით მეფე მშჳდობასა. ხოლო ყეენმან მიუწოდა მეფესა წინაშე თჳსსა: "მოგცე ნიჭი დიდი, ქუეყანა და განგიტეო მშჳდობით". არამედ ვინაჲთგან ატევებინებდა ყეენი ქრისტესა და ჰყოფდა მაჰმადიანად, ამისთჳს არა ინება მეფემან მისლვა. განა მოიცა ძალი მესხთა და კახ-ბატონის ლევანისაგან. კუალად გამოიყვანა კავკასნი და მთიულნი, განამტკიცა ტფილისი და ყოველნი ციხენი და სიმაგრენი ქართლისანი.

ესმა რა ესენი შაჰ ისმაილს მაგრება და სპათა შეკრება მეფისაგან, წარმოავლინა სპასპეტი თჳსი ყარაფილ სპითა დიდითა, და მოუდგინა მას კუალად მისკარბაში ელიასბეგ სპითა და მერმე შეუდგა ამათ თჳთცა სპითა თჳსითა, ვინაჲთგან რიდი დიდი აქუნდა ქართველთა სიმჴნისა. ამისი მსმენელი დავით მეფე განვიდა თელეთს ყოვლითა სპითა თჳსითა და ნიჯადითა. მოვიდა პირველად ყარაფილ, ეწყუნენ და იქმნა ბრძოლა ძლიერი და მოსწყდნენ მრავალნი და ივლტოდნენცა ყიზილბაშნი, ლტოლვილნი ემთხვივნენ ელიასბეგს. მან მოაქცივნა, მოვიდნენ და იქმნა ბრძოლა უძლიერეს უსასტიკესი და ფიცხელი. ხოლო იხილა რა ლუარსაბ ძემან მეფისამან ძლიერება ყიზილბაშთა, განვიდა სპითა თჳსითა და ეკუეთა ძლიერად მარცხენით ყიზილბაშთა, მაშინ ძალითა ჯუარისათა განხეთქა რაზმი მათი, შევლო და მოსწყჳდნა მრავალნი. ხოლო ყიზილბაშნი ივლტოდნენ და მოსრვიდნენ ქართველნი და ალაფობდნენ ალაფთა მათთა. ხოლო ლუარსაბ სდევნიდა და სრვიდა. არამედ შაჰ ისმაილს წარმოევლო მთა იაღლუჯისა და დამალულ იყო ღელესა შინა და რა იხილნა სპანი თჳსნი მოწყუედილნი და ლტოლვილნი, შეუძნდა ფრიად და უბრძანა ყარა-ყოინლუს მისლვა და ბრძოლანი. წამსვე მოეტევნენ იიურგით კერძო იგინი ქართველთა და ეკუეთნენ ძლიერად. გარნა მაშურალნი და ნაალაფევნი ქართველნი ბრძოდნენ უფიცხესად. არამედ ცოდვათა ჩუენთათჳს იძლივნენ დავით მეფისანი და წარმოვიდა მეფე ქართლს. ხოლო ლუარსაბ განვლო მტკუარი ყარაის ბოლოს, შემოვლო და მოვიდა მამისა თჳსისა თანა. არამედ მეფე, კუალად შემკრები სპათა ბრძოლა-მაგრებისთჳს, ჰგონებდა სიმტკიცესა ტფილისისასა. არამედ შაჰ-ისმაილ, შემდგომად ბრძოლისა რა მოადგა ტფილისს, აღუთქუა ციხისთავსა ნიჭი დიდი და ციხისთავმან მისცა ციხე-ქალაქი. შემოვიდა, შემუსრნა ხატნი და ჯუარნი და განძარცვა სიონის ღვთისმშობლის ხატი და შთააგდო მტკუარსა შინა (რომელი შემდგომად ჰპოვა ბატონმან ლევან, ნათლულის ჭალასა შინა), მოსწყჳდა ქალაქი და ტყუე ყვნა. აღაშენა მეჩითი ჴიდის ყურსა ზედა, ციხესა შინა შეაყენნა მცველნი თჳსნი და დაიპყრა თჳსად. კუალად წარავლინა ტფილისიდამ სპანი, ვითარცა მარბიელნი და მოსწყჳდეს სამცხე, სადაცა ვინ ჰპოვეს. მერმე უკუნიქცა სპარსეთად.

ხოლო მეფე დავით შეკრებული სპითა ლამოდა კირთებასა და ჴდომასა სპათა ყეენისათა. არამედ უმჯობესად ადირჩია, ვინაჲთგან წარსლვად იყო ყეენი, ბრძოლანი ციხეთანი, რომელნიცა დაიპყრა ყეენმან. შემდგომად მიუჴდუნნა მეფემან სპანი და მოსრნა გარემონი თათართა ელნი და მარადის ბრძოდა ტფილისს.

ხოლო წელსა ქ~სა ჩ̃ფკგ, ქარ. ს̃ია, თათრულსა შ̃ლ მოკუდა შაჰ-ისმაილ, დაჯდა ძე მისი შასთამაზი ი̃ წლისა. ამას ჯერეთ არა ეძლო ბრძოლა და ლაშკრობა. მერმე მოადგა მეფე დავით ტფილისს, აღიღო იგი, მოსრნა ყიზილბაშნი, კუალად აღიღო აღჯაყალა, შემუსრა იგი და განასხნა თათარნი და დაიპყრნა საზღვარნი თჳსნი ყოველნი. შემდგომად ამისა განიხილა მეფემან დავით სოფლისა სიმუხთლე და უსუეობა თჳსი, დაუტევა მეფობა და იქმნა მონოზონ, და დაშთნენ ძენი სამნი თამარ დედოფლისაგან: ლუარსაბ, დემეტრე და რამაზ. არამედ მისცა მეფობა ძმასა თჳსსა გიორგის და თჳთ დავით მეფე შევიდა ტფილისსვე მონასტერსა შინა და შემდგომად მოკუდა მონაზონი წელსა ქ~სა ჩ̃ფკე, ქარ. ს̃იგ.

ო̃ზ. გიორგი თ̃, ძმა დავით მეფისა, ი̃ წელი მეფა

[edit]

ხოლო შემდგომად დავით მეფის შემონოზონებისა დაჯდა ძმა მისი გიორგი მეფედ, ქ~სა ჩ̃ფკდ, ქარ. ს̃იბ, ეკურთხა მცხეთას კათალიკოზ-ეპისკოპოს და დიდებულთა შემოკრებითა. ესე გიორგი მეფე დაემეგობრა უმეტეს დავით მეფისა კახთ ბატონს ლევანს და იყო სიყუარული მის თანა, ეგრეთვე ბაგრატ იმერთა მეფისა თანა და ყუარყუარე ყვანდა, ვითარცა მორჩილი თჳსი. ამან დაიპყრა საზღუარი თჳსი და იყოფებოდა მშჳდობით გარემოთაგან. მოკუდა კათალიკოზი დორათეოს და დასუა მეფემან ძმა თჳსი მელქისედეკ. შემდგომად ამათთა წარმოევლინა სულტანს სულეიმანს სამთა ამათ მეფეთა თანა დესპანი: გიორგის ქართველთა, ბაგრატ იმერთა და ლევან კახთასა: "რამეთუ ადგილი სჯულისა თქუენისა იერუსალიმი დაიპყრეს უსჯულოთა, აწ მიმინიჭებიეს თქუენდა, მოვედით და განასხენით იგინი და დაიპყრენით თქუენდა" (ესე ჰყო ხონთქარმან, რამეთუ ბრძოდა დასავლით. მეორედ, ვინაჲთგან შიხის ძე ყეენი და იგი მტერობდნენ, რათა ამით დაიპყრას მან ყოველი საქართველო და არა მიერთნენ შიხსა).

ამისნი მსმენნი მეფენი სიხარულით შეკრბნენ სპითა თჳსითა, ვინაჲთგან იყვნეს სიყუარულსა მტკიცესა ზედა და ათაბაგი ყუარყუარე მოერთო მეფესა გიორგის და წარვიდნენ მსასოებელნი ღვთისანი. მისრულთა იერუსალიმსა შინა მყოფთა მიუთხრნეს: "გვაუწყეთ; უკეთუ ხართ მტერნი, მცირედ გვიჩანთ და, უკეთუ სტუმარ, მრავალ ხართ". ხოლო მეფეთა მიუთხრეს: "მბრძოლნი ვართ ძალითა მაგავ ადგილისათა". ამისი მსმენელნი გამოვიდნენ ქალაქით იერუსალიმით და ეწყუნენ ურთიერთთა და იქმნა ბრძოლა ძლიერი. სძლეს საქართველოსათა, მოსწყჳდნეს და აოტნეს და შეჰყვნენ ქალაქად, წარუხუნეს ქალაქი, მოსწყჳდნეს და განდევნნეს იგინი, ხოლო ნეშტნი დაიპყრნეს და აღიღნეს ალაფნი დიდნი და ნატყუენავნი.

სცნა ესე ყოველნი ხონთქარმან, მოანიჭნა ნიჭნი დიდძალნი და წმიდანი ადგილნი. საფლავი ქრისტესი, გოლგოთა, ბეთლემი და ჯუარის მონასტერი; ხოლო მეფეთა განათავისუფლნეს იგინი და წარმოვიდნენ გამარჯუებულნი და მოვიდნენ თჳს-თჳსსა სამეფოსა შინა. ხოლო გიორგი მეფე ამაგრებდა ქუეყანათა და ბრძოდა თათართა, ოდესმე იყვის მშჳდობით.

ხოლო წელსა ქ~სა ჩ̃ფკთ, ქარ. ს̃იზ მოვიდა სულტან სულეიმან ერევანსა ზედა და აღიღო იგი. ამას შეუშინდნენ მკჳდრნი საქართველოსანი. არამედ იჴსნნა ღმერთმან და უკუნიქცა ხონთქარი ბაღდადად. ხოლო მეფე გიორგი მეფობდა კეთილად სიყუარულ-ერთობითა იმერ-კახთ მეფეთა და ათაბაგისა თანა. არამედ შემდგომად ამანცა დაუტევა მეფობა და არა დაუტევა ძე და მისცა მეფობა ძმისწულსა თჳსსა ლუარსაბს და თჳთ შევიდა მონასტერსა შინა და იქმნა მონოზონ.

ო̃. მეფე ლუარსაბ, ძმისწული გიორგი მეფისა, კ̃დ მეფა.

[edit]

შემდგომად გიორგი მეფის მეფობის დატევებისა ეკურთხა ლუარსაბ ძე დავით მეფისა ტფილისს მეფედ ქ~სა ჩ̃ფლდ, ქარ. ს̃კბ. ხოლო ესე ლუარსაბ იყო მჴნე, ახოვანი, შემმართებელი, უშიში, მორწმუნე, ღუთისმოყუარე, საღ{მრ}თო-სამჴედროთი სრული. ამან იწყო უუფროსესი კირთება თათართა და განსხმა მათი და მაგრება ციხე-სიმაგრეთა.

ხოლო წელსა ქ~სა ჩ̃ფლე, ქარ. ს̃კგ შეიპყრა იმერთ მეფემან ბაგრატ ათაბაგი ყუარყუარე და დაიპყრა სამცხე. ესე შეუძნდა მეფესა ლუარსაბს, არამედ ვერარაჲ არგო. გარნა ლუარსაბ მეფემან დაიპყრო ჯავახეთი და კერძონი მისნი. კუალად მოკუდა კათალიკოზი მელქისედეკ და დასუა მეფემან კათალიკოზად გერმანე, და მროველად გედეონ.

ხოლო შემდგომად შაჰ-ისმაილისა იწყო ბრძოლა შასთამაზ, ქ~სა ჩ̃ფლბ, ქარ. ს̃კ. ესე განმდიდრდა და დაიპყრა ქუეყანანი უმეტეს მამისა თჳსისა. ხოლო წელსა ქ~სა ჩ̃ფლვ, ქარ. ს̃კდ მოვიდა იდუმალ განჯას სპითა ძლიერითა. ჟამსა ამას იდგა მეფე ლუარსაბ ტფილისს. ამას მწუხრსავე მოკუდა ძე მეფისა მცირე და სიყუარულისათჳს ძისა წარყვნენ მეფე და დედოფალი და წარიღეს მასვე მწუხრსა და დაფლეს მცხეთას და განთიად ღამესა ამასვე შემოვიდა შასთამაზ ტფილისს მოპარვით, რათა შეიპყრას მეფე. არამედ განარინა ღმერთმან მეფე მიზეზითა ძისათა. ხოლო შასთამაზ მოსწვა ტფილისი; ამისთჳს შეუშინდა ციხისთავი ტფილისისა შასთამაზს და მეფესა მოწვისათჳს ტფილისისა და გარდმოეშვა ციხიდამ და მოვიდა შასთამაზისა თანა. მხილველნი მეციხოვნენი ვიეთნი ივლტოდნენ და სხუანი მივიდნენ წინაშე ყეენისა. მან ყოველთა მათ დაატევებინა ქრისტე და ჰყო მაჰმადიანად და ტფილისის ციხესა შინა შეაყენნა მცველნი თჳსნი ყიზილბაშნი და თჳთ წარვიდა ყარაბაღსავე. ამ ჟამს ეპყრა სამცხე იმერთა მეფესა ბაგრატს; ესე მივიდა ყარაბაღს წინაშე ყეენისა. ხოლო ლუარსაბ მეფემან ვერ იკადრა ბრძოლა, ვინაჲთგან მოვიდა ყეენი უცნობლად და იხიზნოდნენ ყოველნი ქართლისანი მოსწრაფედ. არამედ დაიცვა ქუეყანა ტყუეობისაგან. ამისა შემდგომად მონაზონ იქმნა ბიძა მეფისა ბაგრატ, მპყრობელი მუხრანისა, ქ~სა ჩ̃ფლთ, ქარ. ს̃კზ და დაუტევნა ძენი ვახტანგ, არჩილ, აშოთან და ერეკლე. ხოლო ვახტანგ იქმნა მუხრანის ბატონი.

ხოლო შემდგომად წარსლვისა ყეენისა კუალად უწყო მეფემან ლუარსაბ ბრძოლა ტფილისსა და მოსრვიდა გარემოთა თათართა, ვინაჲთგან მრავალგზის მოსცა ღმერთმან ძლევა მათ ზედა, და აღიღო კუალად ტფილისიცა და დაიპყრა თავისადვე.

შემდგომად წელსა ქ~სა ჩ̃ფლთ, ქარ. ს̃კზ სომეხნი შეიშალნენ აღვსებისაგან. ხოლო მაშინ ოდეს ეპყრა მეფესა იმერთასა ბაგრატს სამცხე, მოვიდნენ ოსმალნი ბრძოლად ბაგრატისად ბასიანს. ამისათჳს ბაგრატ ევედრა ლუარსაბ მეფესა შეწევნასა მათ ზედა და უცილოდ დაიპყრას მტკურის აღმოსავლეთი ლუარსაბ; არამედ ლუარსაბ მეფესა, თუმცა არავინ ემწეოდა განძლიერებისა მისისათჳს, გარნა ლუარსაბს ეძჳნებოდა ტყუეობა საქართველოსი, შემცირება და განხეთქილება თჳსთაგან და მტერთა მიერ, რათა არა იქმნას მაჰმადიანად. ამის მიზეზისათჳს შემოიკრიბნა სპანი და წარვიდა შეწევნად ბაგრატისად. ხოლო მისრულთა მეფეთა ბასიანს წყობათა შინა სპათა ლუარსაბისათა ინებეს წინაბრძოლობა. მაშინ მესხნი ეტყოდნენ: "ჩუენ ვართ წინაბრძოლნი ძუელადვე და აწცა ქუეყანა არს ჩუენი, ჩუენდავე ჯერ არს". არამედ არა ინებეს ესე ქართველთა. ამისთჳს იშურისმგებლეს მესხთა და არღარა შეეწეოდნენ, და მოსწყდნენ ქართველნი მრავალნი და ივლტოდნენ მესხნი; შურითა ამით იძლივნენ ქართველნი ყოველნი ქ~სა ჩ̃ფმე, ქარ. ს̃ლგ; და მოვიდა მეფე ლუარსაბ თჳსსა სამეფოდ.

ამისა შემდგომად შეითქუნენ მეფე ლუარსაბ და კახ-ბატონი ლევან, ოდეს მოკლა ლევან კახთ ბატონმან ასანბეგ და აუწყეს ესე მესხთა, მოერთნენ იგინიცა და დაუწყეს რბევა და ოჴრება განჯას, შაქშირვანს და ადრაბაგანსა მრავალთა ჟამთა, და მიმიღებდენ ალაფთა და ნატყუენავთა დიდ-დიდთა, რამეთუ იყო შასთამაზ უცალოდ. შემდგომად მოვიდა შასთამაზ შირვანს, რათა განაგოს საქმე მანდაური ქ~სა ჩ̃ფმჱ, ქარ. ს̃ლვ, თათრულსა ქორონიკონსა შ̃ნე. მერმე მოიქცა მუნიდამ ტფილისს (ვინაჲთგან აღეღო მეფესა ლუარსაბს და ეპყრა თჳსად); მოადგა ყეენი, შემუსრა ტფილისი და ნეშტნი მოსწყჳდნა, და შეაყენნა ციხესა შინა მცველნი უმრავლესნი. ხოლო ტფილისიდამ ეზრახა ათაბაგს, დაიმორჩილა იგიცა, ემზახლა მას და წარვიდა სპარსეთად. არამედ ესე კახ-ბატონის ლევანისა და ათაბაგის დამორჩილება ყეენისა შეუძნდა მეფესა ლუარსაბს და ვიეთთა წარჩინებულთა მესხთა, სახელით იჯუს, შერმაზანს და ვახუშტ დიასამიძესა. ამათ მიუწოდეს ლუარსაბ მეფესა. ხოლო შეკრებული სპითა მივიდა მეფე და წარუხუნა ათაბაგსა სამცხე, ჯავახეთი, კოლა და არტანი და დაიპყრა თჳსად.

ესე ყოველი აუწყა ათაბაგმან ყეენსა და შასთამაზ წარმოემართა მსწრაფლად შუელად მისად. მოვიდა და შემუსრა შაქი, შემოვლო ქართლის სომხითი, ვერ წინააღუდგა ლუარსაბ მეფე, შევიდა და დაიპყრა სამცხე, შეიპყრა იჯუ და შერმაზან და მოკლნა იგინი და სხუანი ტყუე ყვნა, ჩავლო სომხითი და წარვიდა ერევანსა ზედა. არამედ მეფე ლუარსაბ შემჭირდებოდა მძლავრებისა ესრეთისათჳს. გარნა არა დასცხრებოდა ბრძოლად კუალადცა თათართა ზედა, რამეთუ, რა იცის ჟამი, ბრძოდა, მოსწყუედდა და ალაფობდა ტყუევნითურთ და მრავალგზით ჰყოფდა ესრეთ. ხოლო უჟამოდ განამაგრნის ციხენი და სიმაგრენი მთათა და ველოანი და ბრძოდა თჳთ ეგრეთ.

შემდგომად გამოვიდა ხონთქარი სულტან სულეიმან. ესე ესმა შასთამაზს, მოვიდა და დადგა არტანს ყეენი, მოაოჴრა სამცხე, აღიღო კარი და შემუსრა. მერმე გარდამოვლო სამცხიდამ, მოაოჴრა თრიალეთი, საბარათიანო და მოადგა ბირთვისს (ამისთჳს მტერობდა უფროს მეფესა ლუარსაბს ყეენი, რამეთუ არა მორჩილ ექმნა დღეთა მისთა არცა ყეენსა და არცა ხონთქარსა, რათა არა სხუანი მორჩილნი მისნი ამძლავროს და დაატევებინოს ქრისტე.

მაშინ შასთამაზ ვერ ამღებელმან ბირთვისისმან შეთხზა ხვანჯი, აღუთქუნა კეთილნი და ნიჭნი დიდნი მეციხოვნეთა, ამით მოაცთუნნა და მისცეს ციხე. ხოლო მან უარჰყო ფიცი, მოსრნა იგინი და ტყუე ჰყვნა. მერმე მოვიდა და მოადგა გორს, შემუსრა იგიცა და ციხე ვერისა და სხუანიცა. შემდგომად მოადგა ატენის ციხესა, აღიღო იგი და გამოიყვანა დედა ლუარსაბ მეფისა მუნიდამ და მრავალთა წარჩინებულთა ცოლნი ქ~სა ჩ̃ფნვ, ქარ. ს̃მდ, უკუნიქცა და წარიყვანა ყოველნი ტყუენი და დედაცა მეფისა. ესე ესმა ლუარსაბ მეფესა, მთიულეთს მყოფსა, წარმოუდგა ყეენსა, ეწია სპათა მისთა და მოსრნა მრავალნი. არამედ დედასა ვერღარაჲ არგო. აღიღო ალაფი დიდი და უკმოიქცა. ხოლო მისრულმან დედამან მეფის ლუარსაბისამან იგრძნა უპატიო ყოფა თჳსი, შესუა სასიკვდინე და მოკუდა.

მაშინ ყეენმან დასხნა რანს, მოვაკანს და ერევანს ბეგლარბეგნი და მათ ქუეშეთნი. კუალად დასხნა ხანნი და სულტანნი (რომელნი არიან ბეგლარბეგი ერისთავთ-ერისთავი, ხანი ერისთავი, სულთანი ჴევისბერი), ამათ უბრძანა: "უკეთუ ემტეროს ლუარსაბ მეფე ტფილისს, მწე ეყვნენ ყოველნი". არამედ ლუარსაბ მეფემან ბრძოლითა განასხნა თათარნი და დაიპყრა ქართლი და სომხითი და ციხენი ყოველნი, თჳნიერ ტფილისისა და მარადის ბრძოდა ტფილისს. ესე აცნობეს ტფილისის მცველთა განჯის ბეგლარბეგს შავერდის, და მან შემოიკრიბნა თჳს ქუეშე დაწესებულნი და სხუანიცა ყოველნი წინთქმულნი და წარმოვიდა ქართლს.

მსმენელი ამისი ლუარსაბ მეფე სპითა თჳსითა დადგა გარისს, რათა შემოიყვანოს იგინი სიმაგრესა, რამეთუ იყო თჳთ მოხუცებული და ესხნეს ძენი სჳმონ და დავით. არამედ სჳმონს მისცნა სპანი თჳსნი და თჳთ მცირედითა მოხუცებულითა და ეპისკოპოსითა დაადგრა გარისს. მივიდა სჳმონ, და ეწყო ყიზილბაშთა და იქმნა ბრძოლა სასტიკი. მოსწყჳდნეს და აოტნეს ქართველთა ყიზილბაშნი და სდევნიდნენ და ალაფობდნენ. მაშინ შავერდიხან ლტოლვილმან იხილა მეფე მდგომარე და უღონოებდა წარსლვად შიშისათჳს განრინებად თავისა თჳსისა; მოეტევა მცირეთა ამათ, რათა გარდაიხვეწოს. ამას ზედა განმჴნდნენ მოხუცებულნი მეფისთანანი, ვითარცა ჭაბუკნი, მოსწყჳდნეს და წარიქციეს სპარსნი. მაშინ მეფესა შეხუდა შავერდიხან და მეფესა გასტეხოდა ჴრმალი და შუბი ბრძოლასა შინა. აძგერა ცხენი შავერდიხანს და გარდავლო მას ზედა მეფემან; და კუალად სხჳსა მიმტევებელს შთაუარდა ცხენი ნაპრალსა მიწისასა და დაეცა ცხენი მეფითურთ მიწასა. მოუჴდა სპარსი სახელით ზირაქ, და სცა მახვილი მეფესა და მოსწყლა ძლიერად. ხოლო სპათა მეფისათა მოსწყჳდნეს სრულიად ყიზილბაშნი. და ამისი უცნობელი ძე მეფისა სჳმონ, გამარჯუებული და ნაალაფევი მოიქცა. რა იხილა მეფე ესრეთ მყოფი, დამძიმდა ფრიად, მერმე მცირედისა ჟამისა გარდაიცვალა მეფე ლუარსაბ, ქ~სა ჩ̃ფნჱ, ქარ. ს̃მვ, შერაცხილი მოწამეთა თანა, ვითარცა გორგასალ. გარნა ესე მეფე ბრძოდა დღეთა თჳსთა მაჰმადიანთა, რათა არა დაუტეონ ქრისტე ქართველთა და უკეთუმცა მორჩილ მათდა ქმნილ იყო, საეჭუელ იყო, რამეთუ მრავალგზის დიდნი ძლევანი და მაგრებანი შესძინა ქუეყანათა სიმჴნითა თჳსითა. მოიღეს და დაფლეს მცხეთას.

ო̃თ. მეფე სჳმონ, ლ̃დ წელი მეფა

[edit]

გამეფდა შემდგომად მეფის ლუარსაბისა ძე მისი სჳმონ და ეკურთხა მცხეთას მეფედ. ხოლო მომკუდარ იყო კათალიკოზი გერმანე და მეფესავე ლუარსაბს დაესუა ნიკოლაოზ. მოკუდა ნიკოლაოზ კათალიკოზი და ამან სჳმონ მეფემან დასუა კათალიკოზად დომენტი. ხოლო მეფემან სჳმონ მოიყვანა ცოლად ასული ბატონის ლეონისა ნესტანდარეჯან, ნაშობი შამხლის ქალისაგან, და ჰყო ქორწილი, ქ~სა ჩ̃ფნთ, ქარ. ს̃მზ და დაიპყრნა ყოველნი ნაქონებნი მამისა თჳსისანი, თჳნიერ ტფილისისა.

მაშინ არჩილ ძე ბაგრატ მუხრან-ბატონისა ეკირთებოდა ტფილისს და ავნებდა გარემოსთა მისთა დიდთა.

დღესა ერთსა გამოვიდნენ ტფილისის ციხიდამ სპანი ყიზილბაშნი, დაესხნენ საფურცლეს მყოფს, ბრძოლასა ძლიერსა იძლია მათგან არჩილ და შეიპყრეს დედაწულითურთ ქ~სა ჩ̃ფჲ, ქარ. ს̃მჱ, და წარიყვანეს წინაშე ყეენისა. გარნა თჳნიერ ამისა აქუნდა მეფესა სჳმონს წელი სამი მშჳდობისა. შემდგომად იწვივა ცოლის ძმა თჳსი გიორგი, რათა ბრძოლოს სპარსთა და შეკრბნენ ციხე-დიდს. ამისი მცნობელი შავერდი სულტანი წარმოემართა სპითა და შემოვლო უგრძნეულოდ ქუეყანანი, რამეთუ უშენ იყო გარდაბანი და ეპყრათ ტფილისი მათ. ხოლო დარაჯანი მეფისანი გერმანოზის შვილი ფარეშათ და სხჳთა მისთანათითა იდგნენ დევის ნამუხლარსა ზედა. არამედ ღამესა მას აღდგომისასა აღეიდნენ მუხათგვერდს, რათა ისმინონ დღესასწაული, და ყოფასა მათსა მუნ შემოვლეს ყიზილბაშთა და დაესხნენ უეცრად მეფესა სჳმონს. მაშინ იქმნა ბრძოლა ძლიერი და ფიცხელი და მოსწყდნენ სპარსნი უმრავლესნი. არამედ მოკლეს გიორგი ძე კახთ ბატონის ლევანისა ქ~სა ჩ̃ფჲა, ქარ. ს̃მთ, და ივლტოდნენ კახნი. არამედ მოსწყდენ ქართველნიცა მრავალნი, რამეთუ ამილახვართაგანიცა მოსწყდნენ ცხრანი (და ამისთჳს მიუბოძა მეფემან ზემო ეკლესია მღჳმეს). მხილველი სჳმონ მეფეცა უკმოიქცა ძლეული და ყიზილბაშნი უკუნიქცნენ გამარჯუებულნი. ამავ ქორონიკონსავე მოუჴდნენ ფხოველნი მუხრანს. ხოლო აშოთან ძემან ბაგრატ მუხრანბატონისამან ბრძოლა უყო და მოსწყჳდნა იგინი და აოტნა. გარნა მოიკლა იგიცა მათ მიერ.

პ̃დ. მეფე დაუთხან, წელი მეფა

[edit]

ხოლო იხილა რა ძმამან მეფის სჳმონისამან დავით სპარსთაგან ძლევა ესე, წარვიდა სპარსეთად, რამეთუ იყო კაცი ჴორცთმოყვარე, მეძავ-განმცხრომელ და იქმნა გამცემელ ქუეყანისა და მივიდა წინაშე ყეენისა. ამას პატივ-სცა შასთამაზ და ჰყო მაჰმადიანად, უწოდა დაუთხან და ძედ თჳსად უჴმობდა, მისცა ჯილდო ც̃ თუმანი. ხალათად კაბა, სარტყელი და ტყავი სამურითა, ოქროქსოვილნი, თაჯი, ჴრმალი, ხანჯალი, საბუხარი მარგალიტისა და ცხენი აღკაზმული ოქროთი, ყოველნი მოოჭვილნი თულებითა, სურა და თასი ოქროსი (რომელი შემდგომად დაიდვა და მოსცემდენ მეფეთა ქართლისათა), წარმოავლინა მეფედ ქართლისად სპითა დიდითა, შემოვიდა ტფილისს და აქუნდა შემწედ განჯის ხანიცა.

ესე ეძჳნებოდა სჳმონ მეფესა და ყოველთა ქართველთა. ამისთჳს შეიკრიბნა სჳმონ სპანი და დადგა დიღვამს. მსმენელი ამისი დაუთხან გამოვიდა სპითა ყიზილბაშ-ქართველითა, რომელნი ეახლნენ მას. ეკუეთა მეფე სჳმონ ქ~სა ჩ̃ფჲზ, ქარ. ს̃ნე. იძლია დაუთხან და მოსრნეს სპანი მისნი და შევიდა ტფილისსვე. მაშინ მეფე მოადგა ტფილისს, ხოლო შემჭირვებულმან დაუთხან ციხიდამ აუწყა ესე უსეინბეგს, ყარამლუს სპასპეტსა, და მოითხოვა შეწევნა მისგან. ამისი მსმენელი უსეინბეგ შემოვიდა ტფილისს უგრძნეულოდ და მეფე აღვიდა ტაბაჴმელას. ამას ზედა განლაღნა დაუთხან, გამოვიდა სპითა და ეწყუნენ სამადლოსა ზედა ურთიერთს ქ~სა ჩ̃ფჲჱ, ქარ. ს̃ნვ. სძლო კუალად მეფემან სჳმონ და გაქცეულთა მოსწყუედდენ სპანი მეფისანი ქართველნი. მოვიდა მეფე და დადგა კუალად ტაბაჴმელას, ვინაჲთგან მუნვე ტფილისს შეიხუეწა დაუთხან.

ეზრახა სჳმონ ქართველთა, რომელნი იყვნენ დავითისა თანა ციხესა შინა გამოშორებად მისგან. არამედ მათ არა ინებეს. მერმე სცნა მეფემან ვერ-აღება ტფილისისა და უკმოიქცა მისგან. ხოლო დაუთხან აცნობა შასთამაზს ესე ყოველი. მაშინ ყეენმან მოუწერა განჯა-შამახიის ბეგლარბეგთან და წარმოუვლინნა ნიჭნი დიდნი, რათა გამოიყვანონ შამხალი ლეკითა და ჩერქეზნი. ხოლო მათ მისცეს საგანძურნი იგი და გამოიყვანნეს იგინი და შეკრბნენ ესე ყოველნი და მოვიდნენ ხუნანს. ამისი მსმენელი სჳმონ მეფე დადგა შეკრებული სპითა აწუფისს და იგინი მოვიდნენ ფარცხისს. მაშინ განივლტო ყორღანაშვილი კახაბერ და გულდაგულ ყვნა ყიზილბაშნი მეფესა ზედა, რამეთუ აქუნდათ მათ შიში დიდი, მოუძღუა იგი და ეწყო მეფე ფარცხისს მათ. იყო ბრძოლა სასტიკი და მოსწყდნენ ურიცხუნი თათარნი და ივლტოდნენ ფიცხლად. არამედ მეფე კადნიერებით მიეტევა გუნდსა მათსა, ჰკრა ოროლი მჴედარსა და მოსპო იგი და განხეთქა გუნდი მათი და მიეტევა სხუასა. იცნა მეფე კახაბერ ყორღანაშვილმან და ეტყოდა ყიზილბაშთა: "ეგე არს მეფე, შეიპყარით". მასვე წამსა გარემოერტყნენ და შეიპყრეს მეფე სჳმონ, ძლიერად მბრძოლი, ქ~სა ჩ̃ფჲთ, ქარ. ს̃ნზ და წარიყვანეს. ხოლო ქართველნი ივლტოდნენ თჳს-თჳსად და სპარსთა დასუეს დაუთხან მეფედ ტფილისს და წარვიდნენ და მიგვარეს მეფე სჳმონ შასთამაზს. მან პატივ-სცა და უთქმიდა დატევებასა ქრისტესსა, ხოლო მან არა ინება. ამისთჳს წარგზავნა ციხესა შინა ალამუტს პატიმრად, მერმე წარგზავნა არჩილცა ცოლშვილით შირაზს პატიმრად ქ~სა ჩ̃ფოგ, ქარ. ს̃ჲა.

ხოლო დაუთხან დაიპყრა ქართლი. არამედ ვიეთნიმე მთავარნი განდგნენ და არა მორჩილებდნენ. და დაჯდა დაუთხან ქუეშის ციხესა შინა და განცხრებოდა ჴორციელად; და ოდესმე იყვის ტფილისს, არა რისა მზრუნველი სულისა და ქუეყნისათჳს, არა რაჲს პატივსა უყოფდა დედოფალსა, ცოლსა სჳმონ მეფისასა. ამისი მხილველნი ამილახორი და ქსნის ერისთავი სათნოთი ალექსანდრე კახ-ბატონისათი, რამეთუ სიმამრი იყო ამილახორი ალექსანდრესი და ალექსანდრე მტერობდა დასა თჳსსა ძმათა თჳსთათჳს და ცოლიცა დაუთხანისა ნათესავი იყო ალექსანდრესი, მოუჴდნენ დედოფალსა სჳმონ მეფისასა, კავთისხევს მდგომსა, და წარუხუნეს სრულიად ქონებანი და აიალაფეს, რომელი არა ჯერ იყო საყოფლად (მაშინ იტყოდიან თემნი: "ვაი სჳმონ მეფისა საქონელსაო"). ხოლო სპასპეტი საჩინო ბარათაშვილი არა ერჩდა დაუთხანს და მოვიდოდა კოჟრიდამ. ამას ემთხვივა ყორღანაშვილი კახაბერ, შეიპყრა იგი და ეტყოდა: "უკეთუ კეთილ არს განცემა მეფისა და ქუეყნისა, იხილე აწ შენცა". და გარდააგდო იგი კლდესა გელიყარისასა (მაშინ თემნი იტყოდნენ: "ყორღანასძე ქარაფინდა, ჴელი ჰკრეს და გარდაფრინდა"). ხოლო კუალად შასთამაზისაგან მოწყუედა სამცხისა და განყოფა ქუეყანათა მისგან და ხონთქარისაგან დავსწეროთ თჳსსა ადგილსა, ვინაჲთგან მას ჟამსა არა მოეიდა ქართლსა შინა. მერმე მოკუდა შასთამაზ ყეენი ქ~სა ჩ̃ფოვ, ქარ. ს̃ჲდ, თათრულს ქორონიკონსა შ̃პდ. და დასუეს ყეენად ძე მისი შაისმაილ. ამან შაისმაილ მოიყვანა მეფე სჳმონ და არჩილცა ცოლშვილით შირაზიდამ. არამედ მესისხლობისა და სუნობისათჳს მოკლეს ყიზილბაშთა შაისმაილ, ქ~სა ჩ̃ფოზ, ქარ. ს̃ჲე, თათრულსა ქორონიკონსა შ̃პე. და დასუეს შაჰხუდაბანდა ყეენად, ძე შასთამაზისავე.

ჟამსა ამას გამოვიდა სპანი ხონთქრისანი და დაიპყრეს ერევანი, განჯა და თავრიზი, რამეთუ იყო შაჰხუდაბანდა ბრმა და ბედითი და ვერშემძლე საქმისა.

კუალად წელსა ქ~სა, ჩ̃ფოჱ, ქარ. ს̃ჲვ გამოჩნდა კუდიანი ვარსკულავი, ამასვე ქორონიკონს გამოვიდა ლალა ფაშა სულტან მურადისა სპითა ძლიერითა. ამან გამოვლო სამცხე და მოვიდა ტფილისს, ვერ წინააღუდგა დაუთხან, მოსწუა ტფილისი თჳთ და წარვიდა სიმაგრეთა. ამისთჳს ლალა ფაშამ ინება წარვლინებანი სპათა შიდა ქართლს და დედოფალსა ზედა. არამედ მუხრანის ბატონი ვახტანგ იყო უფლისწულობით, ვითარცა განმგე ქართლისა და მორჩილებდნენ ყოველნი. ამან მოიყვანა ამილახვარი ბარძიმ და კსნის ერისთავი ელიზბარ ლალა ფაშისა თანა, და დაიჴსნა ამან ქართლი და თემი მოწყუედისაგან. სოლო ლალა ფაშამ ამათ თჳსნი მამულნი მიანიჭნა და მეოთხესა დღესა განუტევა პატივითა. გარნა სომხითართა დიდი ავნეს ოსმალთა და მოსწყჳდნეს მრავალნი.

კუალად წარმოავლინა ლალა ფაშამ სპანი იმერეთსა ზედა და დახუდნენ მთასა ზედა ლიხისასა იმერნი. ომსა ამასა დაესწრა ძე არჩილისა ერეკლე, მოსწყჳდნეს მრავალნი ოსმალნი და აოტნეს. ხოლო ერეკლეს ათერთმეტი ჴრმალი და ორმოცი ისარი მოუჴდა. გარნა ჯაჭჳ და მუზარადი ეერ გაუტეხეს, არამედ მოსწყჳდნეს აზნაურნი მისთანა და ლტოლვილნი ოსმალნი მცირედნიღა წარვიდნენ.

მერმე კუალად წარმოავლინა ლალა ფაშამ სეკდენბერსა შინა სპანი იმერეთს. ხოლო იმერთა მოსწყჳდნეს მასვე მთასა ზედა და ლტოლვილთა ოსმალთა დახუდნენ ქართველნი და მოსრნეს უმრავლესნი.

შემდგომად წარვიდა ლალა ფაშა შირვანს და მუნიდამ მოქცეული დადგა მუხრანს. მაშინ შაჰხუდაბანდა ვერა რისა მყოფელი, ამისთჳს დედამან მისმან (რომელი იყო ასული ოთარ შალიკაშვილისა) დაახვივა ჴრმალსა ლეჩაქი და წარმოუგზავნა სჳმონ მეფეს (ვითარცა წესი არს ქართველთა) და მოუთხრა: "რომელიცა გნებავს, აღიღე და წარვედ ქუეყანასა შენსა ნიჭითა დიდითა და ბრძოდე ოსმალთა". წარმოავლინეს და მოსცეს წინთქმული დაუთხანისა ყოველნი და მის ზედა დაურთეს ცხრა ათასი თუმანი და ტყუენი ყოველნი საქართველოსანი, მუნ დატყუევებულნი. ამისმან მხილველმან დაუთხან, იხილა რა დატევება თჳსი ყიზილბაშთაგან, ეზრახა ლალა ფაშას და მისცნა ყოველნი ციხენი ქართლისანი და თჳთ წარვიდა წინაშე ხონთქრისა სტამბოლს (შემდგომად ჟამთა რაოდენთამე მოკუდა დაუთხან მუნ). ხოლო ოსმალთა დაიპყრეს ქართლი და ჰყვეს ტფილისი საფაშოდ, გორი აღაშენეს და ჰყვეს სანჯახად, სამშჳლდეს შემუსრეს ეკლესია სიონი გუმბათიანი, ვინაჲთგან მუნ ავნეს დიდი ოსმალთა და განამაგრეს სამშჳლდე და დბანისი.

ამავ ქორონიკონს მოვიდა მეფე სჳმონ ოკდონბერსა შინა და მოიყვანა არჩილ ძე ბაგრატისა და ტყუენი ყოველნი დატყუევებულნი ქართლისანი და დადგა სომხითს. ეზრახა ლალა ფაშას და, ვინაჲთგან ავადმყოფობდა მეფე, ვერ იხილა ფაშა. შემდგომად წარვიდა ლალა ფაშა მუხრანიდამ სამცხეს, ხოლო სჳმონ მეფემან დაიპყრა ქართლი, რამეთუ მსურველ იყვნენ მისთჳს ქართველნი. შემდგომად აღიღო ლორე, გორი და ყოველნი ციხენი ქართლისანი, თჳნიერ ტფილისისა, მეფემან.

მაშინ მეფე სჳმონ ლამოდა შურისგებასა ამილახორის და კსნის ერისთვისასა. არამედ ვახტანგ მუხრანის ბატონი ურჩიდა წინათქმულთათჳს წინაშე სჳმონ მეფისა, იწყინა მეფემან და ამავ ქორონიკონსა შეიპყრა მათთა ეჭვსათჳს ვახტანგ და პატიმარ-ჰყო კეხვის ციხესა შინა; მერმე შეიპყრა ამილახორი ბარძიმცა; შეშინდა კსნის ერისთავი ელიზბარ და შეუვრდა დედოფალსა; შესძღუნა სრულიად მინატაცი და სხუანიცა მრავალნი. კუალად ახალგორი და მეჯვდა და ამილახვარმან კასპი და კარბი. შეიწყალა დედოფალმან და ევედრა მეფესა შენდობისათჳს, შეიწყალა მეფემანცა და აფუცა ერთგულობასა ზედა და განუტევა. შემდგომად ამისა განუტევა ვახტანგცა. ხოლო სცნა რა ლალა ფაშამ საქმე სჳმონ მეფისა, წარმოავლინა მანუჩარ მირმარითა და ქართლს ვერღარა ჩამოვიდა სჳმონის გამო, და დაესხნენ სადგურს და მოსწუეს იგი. წარჴდა განძი ეკლესიისა, არამედ ტყუენი ვერ ტყუე-ჰყვეს. კუალად ჩამოვიდა მანუჩარ სანჯახითა, დასხმისგვარ მოარბია ქართლი და წარვიდა.

ხოლო ბატონს ალექსანდრეს აქუნდა შური სჳმონ მეფისა თჳსის დის გამო და დაუთხანცა მოყრობდა სარწმუნოდ; კუალად ამილახორიცა სიმამრი მისი იყო, შეუტყობრად მოუჴდა სპითა თჳსითა დიღვამს მდგომს სჳმონ მეფესა ქ~სა ჩ̃ფპ, ქარ. სჲჱ. მაშინ სჳმონ ივლტოდა უსპოობისათჳს და ალექსანდრემ იავარჰყო დედოფალი დაჲ თჳსი და ნიფხავი მისი ააცუა შუბსა ზედა და წარვიდა: იკადრა უკადრო, არა ჯერ საყოფი, ვითარცა ავაზაკმან, მრისხანემან სჳმონ მეფემან შემოიკრიბნა სპანი და მიუთხრა ალექსანდრეს: "ჰქმენ საქმე უშუერი, რამეთუ თუცა ექმნა სხუასა, ჯერ იყო შენგან ძიებად შურისა; აწ განემზადე ხვალისად ბრძოლად, რამეთუ ვიძიებ შურსა".

დღესა მეორესა მივიდა ჭოტორს მყოფს ალექსანდრეს ზედა, მოეგება იგიცა და იქმნა ბრძოლა ძლიერი, და ივლტოდა ალექსანდრე. მაშინ შეიპყრნეს ყოველნი წარჩინებულნი კახეთისანი და აღიღო ალაფი მათი, წარმოვიდა და მოიყვანა კახნი მცხეთას და აფუცნა ყოველნი იგინი: "ღმერთმან ნურას ჟამს მისცეს ძლევა კახთა ქართველთა ზედა". მერმე მისცნა ბოძნი და განუტევნა ყოველნი.

ამავ ქორონიკონს მოკუდა ვახტანგ ბატონი მუხრანისა. ამასვე ქორონიკონს ოკტომბერს ათაბაგი ყუარყუარე და ბექა მოუჴდნენ ლორეს, მოარბივეს და წარვიდნენ. შემდგომად ამისა მოვიდა მაჰმად ფაშა ანუ სინან, და სპათა ამისთა აღიღეს ლორე და ამან აღიღო გორის ციხე, შეაყენნა მცველნი და თჳთ დადგა მუხრანს.

კუალად გიორგი იმერთა მეფე სიტყჳთა ფაშისათა მოუჴდა ზემო ქართლს, მოჰყვნენ დადიანი და გურიელი, ვერ ჰპოვეს ხიზანნი, მოწუეს გაღმართი და გამოღმართი და წარვიდნენ. ხოლო მეფემან სჳმონ არა მიხედა მათ, არამედ დაესხა სინან ფაშას მუხრანს სპითა თჳსითა და მოსწყჳდნა სპანი მისნი, ივლტოდა ფაშა და შევიდა ტფილისს ციხესა შინა, ქ~სა ჩ̃ფპა, ქარ. ს̃ჲთ.

შემდგომად კუალად შემოიკრიბნა მეფემან სპანი და თჳსთა წარჩინებულთა ცოლნი მოიყვანნა, წარიყვანა დედოფალი და იგინი და აღვიდა ლილოსა ზედა. წარავლინნა სპანი მცირენი, რათა წარმოიღონ მროწლენი ტფილისისანი, ხოლო მათ ჰყვეს ბრძანებული. მაშინ გამოვიდნენ ტფილისიდამ სპანი ოსმალთანი სიმრავლით დევნად მათდა და, რა მოვიდნენ სიმარჯუესა, მიეტევა მეფე სპითა თჳსითა და სჭურეტდნენ ჯარნი ქალთა ჯალაბთანი; მოსწყჳდნა და აოტნა ოსმალნი და მცირედნი შევიდნენ ტფილისს. მიჰყვნენ ქართველნი კარადმდე, არამედ ციხე ვერ წარუხუნეს და შემოიქცნენ ალაფითა. მერმე შეკრებული სპითა მოვიდა მეფე ლორეს, მოეგება ფაშა მუნებური, ეკუეთა მეფე და მოსწყჳდნა სიმრავლე მათი. გარნა ციხე ვერ წარუხუნა, არამედ ქუაბნი აღიხუნა ქ~სა ჩ̃ფპბ, ქარ. ს̃ო.

ხოლო იხილა ათაბაგმან ყუარყუარემ და მანუჩარ ძმამან მისმან განძლიერება სჳმონისა, ეზრახნენ და დაემზახლნენ. მოვიდა მანუჩარ სჳმონ მეფისა თანა და ამასვე ქორონიკონსა მისცა ასული თჳსი ელენე მანუჩარს ცოლად მეფემან, აქორწინა და წარვიდა მანუჩარ სამცხეს. ამასვე ქორონიკონსა მოადგა მეფე ლორეს და აღიღო იგი აპრილსა ა̃, და დაიპყრა თავისად. მერმე მოვიდა და დადგა ტაბაჴმელას.

ესე სცნა სინან ფაშამან, გამოვიდა ტფილისიდამ დასხმად სპითა მეფისად. აგრძნა სჳმონ მეფემან და ეკუეთა ძლიერად, მოსცა ღმერთმან ძლევა, მოსწყჳდნა და აოტნა და ნეშტნი შეივლტოდნენ ტფილისსვე (თქმულ არს: კაცი ცხენითურთ გარდაიჭრა კლდესა ტაბაჴმელისასა და ეგნენ ცოცხალნი ორნივე). მაშინ სჳმონ მეფე მოადგა ტფილისს, მცირეს ხანსა შინა წარიღო და მოსწყჳდნა სრულიად ოსმალნი ქ~სა ჩ̃ფპგ, ქარ. ს̃ოა. შემდგომად მოადგა სამშჳლდეს რაოდენსამე ჟამსა, შემოაპარა ქურდისკარიდამ სპანი ღამით, მოსრნეს ოსმალნი და აღიღო ციხე, შემუსრა და დაიპყრა თავისად მეფემან. ესენი მიესმნენ ხონთქარს, წარმოავლინა სპანი დიდნი, მოვიდნენ და მოადგნენ ლორეს, აღიღეს იგი. მერმე შთამოვიდნენ და დადგნენ ხატის-სოფელს.

მაშინ მოვიდა მათ თანა დესპანად მეფე, მეტყუელი ესრეთ: "მოგითხრათ მეფემან სჳმონ, ვიკმაროთ სისხლი ესდენი, და ვყოთ ზავი ჩუენ შორის და ვიქმნე მორჩილ თქუენდა, რამეთუ უმჯობეს არს ჩემდა და თქუენდაცა". განიხარა ფაშამან მან და აღუთქუა ზავი. ხოლო ამით განიმსტრო მეფემან და მას ღამესა მოიქცა სპითა ღამითვე მეფე ხატის-სოფლის მთიდამ და დილასა დაესხა ძლიერად, სძლო და სწყჳდნა, და მცირედნი ივლტოდენ, მოიქცა და მოეიდა ნაალაფევი ტფილისს. შემდგომად მოადგა დბანისს, რამეთუ ჯერეთ ეპყრათ ოსმალთავე, მცირედთა ხანთა აღიღო იგიცა და დაიპყრნა ყოველნი ციხენი, თჳნიერ გორისა და ლორესა. განასხნა ოსმალნი ქართლისაგან და შემდგომად ამისა ვერღარა შესძინეს და იკადრეს მოსლვა ოსმალთა.

ჟამთა ამათ მოვიდა მანუჩარ ათაბაგი წინაშე სჳმონ მეფისა და წარიყვანა ცოლი თჳსი ელენე, ასული მეფისა სჳმონისა, და წარვიდა სამცხეს. ხოლო იქმნა მშჳდობა, ვინაჲთგან არღარა აქუნდა ოსმალთა თანა ბრძოლა, და ზავ-ჰყო ალექსანდრეს კახ-ბატონის თანა, რამეთუ ძენი ამათნი იყვნენ მამიდაშვილ-ბიძაშვილნი და ჰყუარობდნენ ესენი ურთიერთთა. და ყიზილბაშთაცა შეიპყრეს შახუდაბანდა ქ~სა ჩ̃ფპვ, ქარ. ს̃ოდ, თათრულს ქორონიკონსა შ̃ჟე, და დასუეს შაჰაბაზ ძე მისი წლისა ჱ̃. ამან დაიპყრა სპარსეთი, თჳნიერ ბაღდადისა და ადრიბეჟანისა.

ხოლო წელსა ქ~სა ჩ̃ფპზ, ქარ. ს̃ოე მოვიდა შაჰაბაზ განჯას, აღაშენა განჯა, უკუნიქცა და წარვიდა. ამავე ქორონიკონსა უშუელა მეფემან სჳმონ მანუჩარს ათაბაგს ოსმალთა ზედა. არამედ ვინაჲთგან აღეღოთ ოსმალთა მძევალნი მანუჩარისაგან, არღარა აბრძოლეს მეფე ოსმალთა. გარნა ურჩნი მანუჩარისანი თემნი მოარბივნა მეფემან და წარმოვიდა და მოეიდა ქართლს. ამასვე ქორონიკონსა ჩამოვიდა მანუჩარ ლტოვილი და დაადგინა მეფემან ახალდაბას მტკურისასა.

შემდგომად წელსა ქ{რისტ}ეს. ჩ̃ფპჱ, ქარ. ს̃ოვ შეკრებული მივიდა სპითა მეფე სჳმონ სამცხეს, მოსრნა წინააღმდგომნი მანუჩარისანი და დასუა ათაბაგად, და თჳთ წარმოვიდა მეფე. ამ ჟამებთა, ვინაჲთგან გარე მტერთა არღარა აქუნდა ბრძოლა მეფესა, მოიჴსენა შური გიორგი იმერთა მეფისა და ინება დაპყრობა იმერეთისა, რამეთუ ლევანს ვერა ეგდენად მორჩილებდნენ. ამისთჳს ეზრახა იმერთა და მოსცეს ვიეთთა პირი მტკიცე. მერმე შეკრებული სპითა შთავიდა იმერეთს. მაშინ ლევან შეიკრიბნა სპანი და დადგა გოფანთოს. არამედ არა ემწნენ დადიანი და გურიელი ლევანს. მივიდა სჳმონ მეფე და ეწყუნენ გოფანთოს ურთიერთს, ძლიერისა ბრძოლისა შემდგომად იძლია ლევან მეფე ქ~სა ჩ̃ფპჱ, ქარ. ს̃ოვ, და ივლტოდა სიმაგრეთა. ხოლო სჳმონ მეფემან დაიპყრა იმერეთი და დამძევლნა იგინი, უკმოიქცა მძევლითურთ და მოვიდა ქართლს, რამეთუ ფიქრი აქუნდა გორის მეციხოვნეთა ოსმალთაგან ქართლისა. ხოლო ლევან მოვიდა და კუალად დაიპყრა იმერეთი, და აღიხუნა ციხენი სჳმონის მიღებულნი. არამედ შეიპყრა დადიანმან მეფე ლევანი და დასუეს როსტომ. ამასაც წარუხუნა გურიელმან ქუთათისი და მისცა ბაგრატს.

ესმა ესე სჳმონ მეფესა და შთავიდა სპითა იმერეთს, აღიხუნა ციხენი და გამოიყვანა ქუთათისიდამ ბაგრატ, და დაიპყრა იმერეთი. გამოუხუნა კუალად მძევალნი და მოვიდა ქართლსავე მეფე. არამედ კუალად შეწევნითა დადიანისათა დაიპყრა როსტომ კუალად იმერეთი და აღიღო ქუთათისი. მსმენელი სჳმონ მეფე წარვიდა კუალად სპითა დიდითა და დიდებითა და ზარბაზნებითა დიდ-დიდითა და აღკაზმულობითა ყოვლითა. შთასრულმან იმერეთს, აღიხუნა ციხენი: სვერი, სკანდა, კაცხი, კუარა. ხოლო როსტომ ვერ წინააღუდგა და ივლტოდა ოდიშს. მოადგა სჳმონ მეფე ქუთათისს და აღიღო იგიცა. მერმე წარემართა ოდიშს, რათა შეიპყრას როსტომ, და დადგა ოფიშკვითს. მაშინ დადიანმან მოგზავნა წინაშე სჳმონ მეფისა, რათა ჰყოს ზავი მეტყუელმან: "მიეც როსტომს იმერეთი და დაგვიმონე, ვითარცა შენნი, ყოველთა მორჩილებათა შინა". არამედ მეფე სჳმონ, სპისა სიდიდისათჳს იმერთა და ქართველთათა და განლაღებული ძლევითა, განრისხნა მას ზედა და მიუმცნო: "მოვალ ბრძოლად და თუმცა ძალგიცს დამხუდი და, თუ მომცე როსტომ, უკუნ-ვიქცე და დავიცვა ქუეყანა შენი უვნოდ".

ამისი მსმენელი დადიანი როსტომითურთ დილასა დაესხა სჳმონ მეფესა და იქმნა ბრძოლა ძლიერი. სცნა სჳმონ მეფემან ლტოლვა სპათა თჳსთა და მოითხოვა შურდანი, რამეთუ ლტოლვისა ჟამსა შეჯდის შურდანს ზედა, ხოლო ჟამსა ძლევისასა - ფალავანსა ზედა. მაშინ იტყოდა თურქისტანისშვილი: "მეფეო, არს თურე ჟამი ლტოლვისა", მივიდა თურქისტანიშვილი, სცა ოროლი მკერდსა და დასცა მიწასა. არამედ ივლტოდენ მეფისა-თანანი ქ~სა ჩ̃ფჟ, ქარ. ს̃ოჱ. მოსრულს მეფეს კოლბეურს ეტყოდა დედაკაცი: "აწ ფხიზელ არსა მეფე. იახლოს ძე ჩემი". რამეთუ ჩავლო რა მეფემან მას ჟამს უბრძანა: "მთრვალ ვარ კაცითა, არა მნებავს ძე შენი".

შემნანე საქმეთა ამათთჳს მოვიდა მეფე სჳმონ ქართლს, ხოლო კავთისჴევს მაშურალსა განსუენებად დედაკაცი უმასპინძლებდა და ჰკითხვიდა მეფესა სპათათჳს ქართლისათა, ქმარსა და შვილთა თჳსთათჳს, რამეთუ არა უწყოდა მეფედ. ეტყოდა მეფე უცნობელობასა მათსა და მშჳდობით ყოფასა მეფისასა. ამისთჳს დედაკაცი იგი მადლობდა ღმერთსა: "ვინაჲთგან ცოცხლებით არს მეფე, იყავნ ყოველნი ნაცვალ მისად (შემდგომად მეფემან აზნაურ-ჰყო იგი სიტყჳსა ამისთჳს).

ამასვე ჟამსა შემოიკრიბნა მეფემან დანაშთომნი სპანი ქართლისანი, რამეთუ ლორის ციხიდამ გამოსულიყვნენ ოსმალნი, ვინაჲთგან მეფესა ჰგონებდნენ შორს და იხარებდნენ ტაშირსა შინა. უეცრად დაესხა მათ სჳმონ მეფე და მოსწყჳდნა სრულიად, აღიღო ციხე ლორეცა და დაიპყრა თჳთ, მოვიდა ტფილისს და დაეზავა როსტომს იმერთა მეფესა, მისცნა მძევალნი იმერეთისანი და გამოუხუნა რომელნი დაშთნენ ბრძოლასა შინა მუნ წარჩინებულნი, აზნაურნი და გლეხნი, ანუ მეციხოვნენი.

შემდგომად მოადგა სჳმონ მეფე გორს და, ჯდა რა გორიჯუარს, შთანთქა თრიაქი (რამეთუ დაჩვეულ იყო პატიმრობასა შინა), და სუა ღჳნო, მოინება მწუანვილი მტილთაგან მეტყუელმან სპათა თჳსთა: "არა არს თუ სირცხვილი თქუენდა, რამეთუ მნებავს მწუანვილი, ვხედავ თუალითა და ვერ მიგემებიეს". ამისნი მსმენელნი სპანი განვიდნენ გორს, რათა მოიღონ მწუანვილი, მოეტევნენ ციხიდამ ოსმალნი და იქმნა ბრძოლა და მოსწყდნენ მრავალნი. არამედ უფროს მოსრვიდიან თოფ-ზარბაზნითა ციხიდამ. მაშინ მოკლეს პაპის ძმისწული მეფისა, სპასპეტი მეწინავისა გოჩა (რამეთუ იყო ესე გოჩა ძე გიორგისა, გიორგი ძე კოსტანტინესი, კოსტანტინე ძე ალექსანდრესი, ალექსანდრე ძე კოსტანტინე მეფისა და ამ გოჩათი ეწოდათ ამათ ძეთა გოჩაშვილად), მოართვეს მწუანვილი მეფესა და აყვედრეს მოწყუედა სპათა მისთათჳს (მიერითგან უწოდეს ხელი სჳმონ მეფე. ხოლო მაჰმადიანნი უჴმობენ დელი სჳმონს):

შემდგომად წელთა რაოდენდაზ მოადგა კუალად გორს და ბრძოდა ცხრა თთუე. მერმე ადიდო ციხე გორისა და განუტევნა ოსმალნი უვნოდ ქ{რისტ}ესსა ჩ̃ფჟთ, ქარ. ს̃პზ და განათავისუფლა ქართლი ოსმალთაგან. არამედ მიესმა რა ესე ხონთქარსა, წარმოავლინა ჯაფარ ფაშა სპითა მრავლითა. ესე მოვიდა და დადგა ნაჴიდურს. ხოლო სჳმონ მეფე სპითა თჳსითა იდგა საღირაშენს. დაუტევნა მეფემან სპანი მუნ და თჳთ წარვიდა განმსტრობად ოსმალთა ათორმეტითა კაცითა და მებუკითა. მისრული ნაჴიდურისთავს მცირისა ეკლესიისა თანა განიხილვიდა ხვალისად დასხმად მათ ზედა, თუ ვითარ განაგოს. ამისთჳს უბრძანა მებუკესა დაზახებად ბუკისა, რათა სცნას, თუ ვითარ უშიშრად დგანან. მაშინ მსმენელნი ბუკისა ოსმალნი ჰგონებდენ მოსლვასა სპათასა და იწყეს აღკაზმად და აღსხდომად ცხენთა. ამისი მხილველი მეფე წარმოვიდა ფიცხელად, ხოლო ოსმალნი, მოჰყვნენ. არამედ მეფესა მოსრულსა ფარცხისს შთაუარდა ცხენი ლიასა შინა, მიეტევნენ ურუმნი და შეიპყრეს მეფე სჳმონ ქ~სა ჩ̃ქ. ქარ. ს̃პჱ, წარიყვანეს და მიგვარეს ფაშას. ხოლო იგი მსწრაფლ აღიყარა და წარვიდა. სცნა ესე ძემან მეფისამან გიორგიმ და წარმოუდგა ოსმალთა. არამედ ვერღარა ეწია რასა, უკმოიქცა, და მოვიდა ქართლს. ხოლო ოსმალთა აღიღეს ლორე, დაადგინნეს მას შინა მცველნი და თჳთ წარვიდნენ და მიიყვანეს სჳმონ მეფე სტამბოლს. მაშინ გიორგიმ დაიპყრა თჳნიერ ლორისა ყოველი ქართლი და ციხენი მას შინა. შემდგომად წარავლინა სტამბოლს, რათა დაიჴსნას მამა თჳსი. არამედ ხონთქარი უთქმიდა სჳმონ მეფესა, რათა დაიდვას ხარკი და მორჩილ ექმნას, ამას პირსა ზედა განგიტევო. გარნა სჳმონ მეფემან არა ინება ხარკი ქართლისა. მერმე გიორგისაგან მოითხოვეს საჴსარი მეფისა. ხოლო გიორგიმ წარავლინნა ყოველნი საჭურჭლენი და საგანძურნი მამისა თჳსისა და ეკლესია-მონასტერთანი და წარჩინებულთა ქართველთანი, და ესენი მიიღეს რა სტამბოლს, მომკუდარ იყო მეფე სჳმონ. მოსცეს მკუდარი და წარუხუნეს საგანძურნი ოსმალთა, გარნა ჰყო უჯერო სჳმონ მეფემან, რამეთუ დასდვა კომლს გლეხსა ზედა მარჩილი და ამით მოიყიდდა ოვსთა, კავკასთა, ჩერქეზთა და წარუგზავნიდა ყეენსა. ხოლო დაუტევა მეფემან სჳმონ ძენი გიორგი და ვახტანგ. არამედ შემდგომად მოიღეს სჳმონ მეფე და დაფლეს მცხეთას.

პ̃ე. მეფე გიორგი, გ̃ წელი მეფა

[edit]

შემდგომად გარდაცვალებისა სჳმონ მეფისა ეკურთხა გიორგი ძე მისი ტფილისს მეფედ ქ~სა ჩ̃ქ, ქარ. ს̃პჱ. შემდგომად შეიკრიბნა სპანი და მოადგა ლორეს, ქ~სა ჩ̃ქა, ქარ. ს̃პთ, თათრულსა ქორონიკონსა ჩ̃იბ, აღიღო იგი და დაიპყრა თჳსად. ამისა შემდგომად მოვიდა შაჰაბაზ და მოადგა ერევანს ქ~სა ჩ̃ქბ, ქარ. ს̃ჟ, და მოუწოდა მეფესა გიორგის და კახთ-ბატონსა ალექსანდრეს. ამათ შემოიკრიბნეს სპანი თჳსნი და მივიდნენ ერევანს წინაშე ყეენისა, არამედ სამკერძოდ მოადგა სპანი შაჰაბაზისნი ერევანს, და ერთ კერძოს დადგნენ ესენი. შემდგომად რაოდენისამე დღისა ბრძანა შაჰაბაზ მიტევება ციხესა ზედა სპათაგან. მაშინ საქართველოსანი პირველ სპარსთაგან შეუჴდნენ ციხესა შინა, მოსწყჳდნეს და წარუხუნეს ქალაქნი, შემდგომად შევიდნენ სპარსნი და დაიპყრა ციხე ქალაქით შაჰაბაზ. ამისა შემდგომად მოუთხრა შაჰაბაზ გიორგი მეფესა: "რამეთუ მტერ თუ იყო ჩემი ხონთქარი, არამედ უფროსღა შენი, აწ ვინაჲთგან ვსძლეთ ძალითა ჩემითა, ჯერ არს, რათა მომცე ჯილდოდ ლორე ბერდუჯის მდინარით". შეუძნდა ესე ფრიად მეფესა და მიუგო: "ველოდი ჯილდოდ შენგან სხუასაცა ქალაქსა სამსახურისათჳს მამისა ჩუენისა და ჩემისა, და არა მიხუმასა საზღვართა ჩემთასა", არამედ ვინაჲთგან იყო შაჰაბაზ მცბიერი და სწადდა დამცირება ქართლისა, და კუალად ერისთავი ლორისა ლტოლვილი გამაჰმადიანებული აზრახებდა შაჰაბაზს მოკლებად მისგან ძალსა დიდსა ქართლისასა, ამისთჳს უფროს აიძულებდა, რათა მისცეს ლორე და გამოსავალისათჳს ბერდუჯის მდინარისა, მოსცა ფუშტუკუნი და ხუინი და სამასი თუმანი ლაიჯანს ყოველს წელს. ამით უღონო ქმნილმან მეფემან გიორგიმ მისცა ლორე, მერმე ანიჭნა შაჰაბაზ მრავალნი (იტყჳან მოართვეს რა მეფესა ხალათი ყეენისა, არა აღიჴადა სამოსელი თჳსი, არამედ მას ზედა შთაიცვა; ეტყოდენ წარჩინებულნი მეფესა: "უკადრო არს ყეენისა ეგე და მწყენარ იქნების". ხოლო მეფე მიუგებდა: "თქუენ არა იცით არცა ერთი, უკეთუ ვყო ეგრეთ, მერმე მითხრას სხუაცა ნებისა თჳსისა ყოფად, და აწ ამისთჳს ესრეთ უმჯობეს არს") და წარმოავლინა ქართლს. და ესე მისაგებელი მოაგო შაჰაბაზ გიორგი მეფესა ერთგულობისათჳს მამისა თჳსისა და თჳსისათჳს. კუალად ჟამსა ამისსა იქმნა შფოთი ძეთა შორის კახ-ბატონის ალექსანდრესთა, რაჟამს ისტუმრნა გიორგი მეფემან. რამეთუ ბიძის ძენი იყვნენ ძენი ალექსანდრესნი გიორგისა, შემდგომად ამისა მცირე ჟამს გარდაიცვალა მეფე გიორგი ქ~სა ჩ̃ქგ, ქარ. ს̃ჟა, მოიღეს და დაფლეს მცხეთას.

პ̃ვ. მეფე ლუარსაბი ი̃ბ წელი მეფა

[edit]

ხოლო გიორგი მეფისა შემდგომად გამეფდა ძე მისი ლუარსაბ და ეკურთხა მცხეთას და დაიპყრა ქართლი. არამედ იყო მაშინ ქართლი და მეფე საგანძურთაგან ფრიად ნაკლულევანი, ვინაჲთგან მიეცათ ყოველი საჴსრად სჳმონ მეფისათჳს. არამედ აქუნდა მეფესა ჟამი მშჳდობისა, რამეთუ კახნი მოყუსობდნენ და ყეენი უცალო და მწყალობელი იყო და ხონთქარიცა ეგრეთვე უცალოებდა.

ამისა შემდგომად სთხოვა შაჰაბაზ ლუარსაბ მეფესა დაჲ თჳსი ცოლად თინათინ. ამან მისცა და წარიყვანეს დიდითა დიდებითა და ნიჭითა. არამედ ამ ჟამებთა შინა განმკჳდრებულ იყვნენ მთავარნი და დაეპყრათ ჴევნი და ჴეობანი თჳსად და უმეტეს ყოველთა სააკაძე გიორგი, მოურავი ტფილისისა, ქცხილვანისა და დუალეთისა. ხოლო იდგა რა მეფე ლუარსაბ ქცხილვანს, რამეთუ ჟამად მოვლიდიან თჳსთა ქუეყანათა ყოველთა. გარნა ესე მოურავი გიორგი იყო მჴნე, ახოვანი, ძლიერი ძალითა და შემმართებელი, უშიში, მცბიერი, მჩურჩნელი და უნდო ესე მარადღე თჳთოეულთა კაცთა ფურჩნვიდა და არა დასცხრებოდა. იხილა ესე მეფემან და აუწყა მოურავსა: "რაჲ არს რომელ არა დასცხრები ფურჩნვად, ანუ რაჲ გნებავს ყოფად". ამისთჳს ევედრა მოურავი მროველს დომენტის: "რამეთუ მეტყჳან სიკუდილსა მეფისაგან, და არა რაჲ ვუწყი მიზეზი შეცოდებისა მონებისაგან კიდე". ესე ყოველი მროველმან ჰკადრა მეფესა, არამედ მეფე ამისი უცნობელი განჰკჳრდა და ამცნო მროველსა გულდებულყოფა მოურავისა, რამეთუ არა რაჲ არს მანკიერება მეფესა შინა შენთჳს, გარნა ჰკითხოს ვინ უთხრა იგი. ხოლო მოურავმან არა თქუა მთქმელი, რამეთუ ფუცებულ ვარ მათ მიერ.

შემოსლვა თათარხანთა

[edit]

და უბნობასა ამას შინა მოართუეს მეფესა ამბავი, ვითარმედ მოვიდნენ სპანი დიდნი თათარხანთა თრიალეთსა ზედა (მას ჟამსა აღეღო ხონთქარსა ბაღდადი და უკუნქცეულისათჳს ეთხოვათ ნება წარსლვად გზასა ზედა ქართლისასა. ვინაჲთგან ეთქუა ვისმე მათთჳს გზის-მოკლობა და ალაფ-ტყუეთა სიმრავლენი). მასვე ჟამსა დაუტევეს ზრახვა იგი და წარავლინა მეფემან იარალი, რათა შეჰკრას გზანი და მსწრაფლ აცნობოს მეფესა, და თჳთ მეფე მოვიდა ცხირეთს. მისრული იარალი, ჩამხერგუელი გზისა, განისუენებდა და მძინარესა დაესხნენ თათარხანნი და მოსწყჳდეს იარალითურთ ყოველნი, რამეთუ ვერ განერა ერთიცა. მერმე მოვიდნენ და დაწუეს მანგლისი და კუელთა, შეიპყრეს კუელთას მღუდელი ერთი და სცემდნენ ლახტითა, რათა აუწყოს, სადა არს მეფე; ხოლო მღუდელი იტყოდა: "არა ნაცვალი ვყო საწუთო ესე წარუვალს მას, და არა ვიქმნე განმცემელ მეფისა და ქუეყნისა". წარმოუძღუა მღუდელი იგი გოსტიბის თავსა ზედა და ჩამოიყვანნა ქუენადრისის გზასა. სცნეს თათარხანთა, რამეთუ აცთუნებდათ მღუდელი, ამისთჳს მოჰკუეთეს თავი და შეირაცხა წმიდათა მოწამეთა თანა.

შთამოსრულთა თათართა მოიცვეს ერთაწმიდა და ახალქალაქი, და მეფე სჭურეტდა ცხირეთიდამ. მეფიდამ წარვიდა მოურავი და ციციშვილი ზაზა, ამათ შემოიკრიბნეს გარემონი და მცნობელნი ამისნი ბარათიანნიცა მოვიდნენ მეფისა თანა. ხოლო მოურავი ჩავიდა ნიაბის ბოლოს სხერტის ჭალასა შინა; ეკუეთა თათართა და მოსწყჳდნა სიმრავლით. მაშინ ზაზამ მოჰკლა ფაშა და თავის ჭრასა შინა მოერტყნენ თათარხანნი; იპყრა ზაზამ კბილით წუერი თავისა მის, შეჯდა ცხენსა და გამოვლო ბრძოლით თათარხანნი. მოვიდნენ წინაშე მეფისა, მოართუნეს თავნი და ალაფნი მათნი. ხოლო მეფემან შემოიკრიბნა სპანი ქართლისანი და წარმოუდგა თათარხანთა. არამედ თათარხანნი მიმავალნი დღეისის მინდორსა შინა, იხილნა ტერტერამან, გორელმან, მსწრაფლ უკუნიქცა და აჰყარა ჴიდი გორისა.

რა იხილეს თათარხანთა ჴიდი აყრილი, შევლეს საციციანოსა ზედა და სადა ვინ მოაჴელეს მოსწყჳდეს, ტყუე-ჰყვეს და მოაოჴრეს და მივიდნენ ბრბონას. მუნ დაარღვივნეს სახლნი და განსდვეს ჴიდი მტკუარსა ზედა, განვიდნენ და დადგნენ ტაშისკარის ბოლოს. და მეფეცა მივიდა ახალდაბას სპითა და არღარა იყო მუნ ჴიდი, რამეთუ მტკუარი განდიდებულ იყო თთუესა ივნისსა. ამისთა მხილველთა შეავედრნეს თავნი ღმერთსა მეფემან სპითურთ და განვიდნენ ცხენის ცურვით უვნებედად ყოველნი. ჩავლეს კიდე მტკურისა ფარულად და მივიდნენ სურამის ბოლოს, მუნ შემოეყარნენ სრულიად ქართველნი მტკურის ჩდილოეთისანი. მაშინ განზრახჳთა მოურავისათა შემოუსხნეს მეთოფენი თხრილსა და თჳთ ცხენოსანნი მივიდნენ განთიად მინდორსა ზედა, ეკუეთნენ ფიცხელად და იქმნა ბრძოლა ძლიერი ქ~სა ჩ̃ქთ, ქარ. ს̃ჟზ.

ამ ომსა შინა ფრიად მჴნედ გამოჩნდნენ მეფე ლუარსაბ და უმეტეს მოურავი. მოსცათ ღმერთმან ძლევა და მოსწყჳდნეს ურიცხუნი და ივლტოდნენ თათარხანნი, რამეთუ მოსაკიდელთა დედანიცა მესამე დღემდე გამოიყვანდნენ ტყიდამ თათარხანთა, განაშიშულიან და განუტევიან. ხოლო მეფემან აღიღო იავარი მათი და მოიქცა და თავნი მათნი წარუვლინნა ყეენსა შაჰაბაზს და მან წარმოუვლინა ნიჭნი დიდნი.

ხოლო შემოქცეული მეფე ისტუმრა მოურავმან, რომელი აქუნდა მანკიერება გულისა წინათქმულთათჳს და ჰყვა დაჲ შუენიერი და კეკლუცი. იტყოდა: "ვაჩვენო იგი მეფესა და უკეთუ მესიძოს, რაჲ იგი მნებავს ვყოცა და, უკეთუ არა, ვსცნობ, რამეთუ მართალ არს თქმულნი იგი წინანი". და განცხრომასა და ნადიმსა შინა ჰყო დაჲ თჳსი მეწდედ მეფისა. არამედ ვინაჲთგან იყო მეფე ჭაბუკი, აღეტყინა ტრფიალებითა და მეორესავე დღესა მოითხოვა ცოლად. ესე მოურავმან უარ-თქუა მცბიერობითა: "რამეთუ დიდებულთა ცოლნი არა თავსიდებენ და სათნო იყოფენ დასა ჩემსა დედოფლად და შემასმენენ წინაშე შენსა მოსპოლვად". მერმე კუალად ევედრა მოურავი დედასა მეფისასა დედოფალსა მარიამს, ასულსა ლიპარტიანისასა. არამედ მეფემან არა ისმინა და ქმნა ქორწილი.

ხოლო შემდგომად რაოდენთამე თთუეთა არა თავს-იდებდენ მტერნი მოურავისანი წარჩინებულნი და უმეტეს შადიმან ბარათაშვილი, მამამძუძე მეფისა, ეტყოდენ მეფესა განტევებასა ცოლისასა და მოსრვასა მოურავისასა. ამისი არა მნებებელი მეფე ჩამოიყოლიეს, და მოუწოდა მოურავსა, რეცა ნადირობად ყარაიისად წავკისს მდგარმან მეფემან. და მოვიდა რა მოურავი. მასვე ღამესა სწადდათ შეპყრობა მისი. ესე ესმა კახაბერს ხერხეულიძეს ფარეშთუხუცესსა მეფისასა და წამსვე აუწყა მოურავსა. მსმენელი მოურავი მყის შეჯდა ჩულიანსა ცხენსა ზედა და ივლტოდა ფიცხად, და მოვიდა ნოსტეს, აჰყარნა დედაწულნი თჳსნი და შევიდა მთასა შინა. მასვე ჟამსა მოუჴდნენ სპანი მეფისანი და დაწუეს ნოსტევი და ეძიებდენ მოურავსა და შეუკრნეს გზანი ყოველნი. არამედ მოურავმან განვლო ღამით ფონი მცხეთისა მალვით და მივიდა დუშეთს ნუგზარისა თანა, რამეთუ ასული ნუგზარისა ჰყვანდა ცოლად მოურავსა (ხოლო ესე ნუგზარ იყო ერისთავი არაგჳსა, რამეთუ პაპა ამისი იყო აზნაური ვანათელი და პირველსა მეფობასა სჳმონისასა უკუდგა ვანათის ციხის მპყრობელი და მან ბრძანებითა მეფისათა და შეტყუვებითა აღიღო ციხე იგი, და მეფემან მიანიჭნა მუნ მამულნი. ხოლო ოდეს შეიპყრეს ყიზილბაშთა მეფე სჳმონ, ამანვე მოიმწო ჴსნის ერისთავი. დაესხა და მოსწყჳდნა თექთურმანიძე და ჭარმეული და დაიპყრა ბაზალეთი. მოკუდა იგი და ხარჭისა ნაშობმან ძემან მისმან მოსრნა ძმანი თჳსნი ყოველნი, და ესე ნუგზარ ძმისწული ამისი წარიტაცეს ყრმა. შემდგომად აღზრდისა მოიბირნა ნუგზარ კაცნი და მოჰკლეს იგი. და დაიპყრა ნუგზარ ბაზალეთი, მერმე დაიმორჩილა მთიულეთი. ხოლო მოვიდა რა სჳმონ, მისცა პაპასავე ნუგზარისას მსახურებისათჳს მისისა და იყვნენ ამ ჟამამდე ერისთავად).

ამას ნუგზარს განუზრასა მოურავმან წარსლვა წინაშე ყეენისა, ვინაჲთგან მუნ ვერ დაუდგმიდნენ მეფესა. ამისთა დამსკუნელთა წარვიდენცა და მოსრულთა აღჯაყალას დაუტევა მოურავმან ცოლშვილი და თჳთ მივიდნენ წინაშე შაჰაბაზისა. მან პატივით შეიწყნარნა და ანიჭნა ბოძნი დიდნი და მიერითგან აზრახებდა ყეენსა მოურავი დაპყრობად ქართლისად. არამედ მას, ვინაჲთგან გულად ედვა დაპყრობა და გამაჰმადიანება ქართლისა, გამოუტევა ნუგზარ ნიჭითა და მოურავი დაიპყრა მუნ ჟამადმდე.

ხოლო ყეენიდამ მოსრულმან ბატონმან თეიმურაზ კახთამან მოითხოვა დაჲ ლუარსაბ მეფისა ხვარაშან ცოლად. ესე არა ინება მეფემან ნათესაობისათჳს. არამედ იძულებითა შაჰაბაზისათა მისცა და ქმნეს ქორწილი დიდებული. გარნა ამ ქორწინებისა ჟამსა შინა მოუწერა შაჰაბაზ ყაზახის ხანსა: "შემოიკრიბნე გარემონი ყოველნი და დაესხი მეფესა ლუარსაბს, მოჰკალ იგი და თავი წარმომიგზავნე წინაშე ჩემსა". ეგრეთვე მოუწერა მეფესა. მაშინ მეფემან მსწრაფლ შემოიკრიბნა სპანი და მიუჴდა ხანსა მას და მოკლა იგი და თავი წარუგზავნა შაჰაბაზს. ამის ჯილდოდ წარმოუვლინა შაჰაბაზ მეფესა ნიჭნი დიდნი, ესე ჰყო რათა სცნას ძალი მეფისა, თუ ევნოს ხრიკით და მიზეზ ჰყოს.

შემოსლვა შაჰაბაზისა

[edit]

არამედ ამისა შემდგომად მოვიდა განჯას უგრძნეულად შაჰაბაზ შესლვად კახეთს, რამეთუ ეახლა მოურავი და ეუწყა ყეენისათჳს: შესლვა ქართლს უმჯობეს არს ზამთარს, ვინაჲთგან ვერ წარვლენ ხიზანნი მთათა შინა და ჴელთ იგდებ ყოველთა. მაშინ ეზრახა ბატონი თეიმურაზ მეფესა ლუარსაბს ერთობასა და მეფე, ვერ-მნდობი ყეენისა წინათქმულთათჳს, დაჰყვა ნებასა და ქმნეს პირი მტკიცე. არამედ განიპარნენ ნუგზარ და იესე ერისთავნი, ამილახორი ანდუყაფარ, ფეშანგი ფალავანდისშვილი, აღათანგი ხერხეულიძე და მივიდნენ განჯას წინაშე ყეენისა.

მერმე მოვიდა თეიმურაზ მუხრანს ლუარსაბისა თანა. ხოლო შაჰაბაზ მოვიდა კახეთიდამ ქართლს, ლამოდენ მეფენი ბრძოლასა, არამედ ქართველ-კახთა არა ინებეს წინათქმულთა და დიდთა სპათათჳს შაჰაბაზისათა და წარვიდენ მეფენი იმერეთს ქ{რისტ}ეს ჩ̃ქიე, ქარ. ტ̃გ, თათრულსა ჩ̃კდ. მოეგება მეფე იმერთა გიორგი და ისტუმრნა კეთილად. ხოლო შაჰაბაზ მოვიდა გორს და ეზრახა გიორგი მეფესა, რათა მისცეს მეფენი და მან აღავსოს ნიჭითა და საგანძურითა. ამას ზედა წარმოუვლინა გიორგი მეფემან კათალიკოზი მალაქია და აბაშიძე ლევან ძღუნითა, მეტყუელმან: "გევედრებით რათა პატივს-გვცე და მისცე მეფეთა სამეფონი თჳსნი და იმსახურენ მით, ვითარცა პირველ მამათა შენთა და თქუენ წარხვიდეთ". იხილა ესე შაჰაბაზ, რამეთუ ძალითა არღარა ეგების შოვნა მათი, აწ იჴმივა ხუანჯი და მცბიერობა, მოიჴმო შადიმან, გამზრდელი ლუარსაბ მეფისა, და ეტყოდა მას: "ვითარმედ უგულებელს ვყოფ სჳმონ მეფის შვილისშვილსა და გიორგი მეფის ძესა. გარნა უწყი, რამეთუ მომიცთუნა თეიმურაზ და აწ უწყოდე შენ მტკიცედ: უკეთუ მოვიდეს ჩემთანა, მივსცნე თჳსნი ყოველნი და უმეტესნი სხუანიცა". ტირილით შეჰფიცა და სარწმუნო ჰყო შადიმან. ხოლო კათალიკოზსა და ლევანს მიანიჭნა მრავალნი და მიუმცნო გიორგი მეფესა: "არს მტერი ჩემი ძუელადვე თეიმურაზ და მას ვერ მივინდობ. არამედ უკეთუ მოვალს ლუარსაბ მეფე, მივანიჭებ ყოველსავე მსახურებისათჳს მამა-პაპათა მისთა". და წარავლინა ესენი და წარუვლინა ჴრმალი მოოჭვილი მეფესა ლუარსაბს ჴელითა საჭურისისა თჳსისათა და წიგნი დისა ლუარსაბისა მოსლვისათჳს, რათა არა რაჲ აქუნდეს შიში.

მაშინ მისრულმან წინაშე მეფისა შადიმან სარწმუნო ჰყო ყეენისაგან ლუარსაბ მეფე და აღეკაზმაცა მეფე წარმოსლვად. - ამას უშლიდნენ მეფენი და წარჩინებულნი იმერნი წარსლვასა და არა უსმინა მეტყუელმან: "უკეთუ არა წარვიდე, ამიყრის ქუეყანათა და მოაოჴრებს, რა მადლი არს ჩემდა". ესმა რა შაჰაბაზს მოსლვა ლუარსაბისა შეჯდა და გამოვიდა ნადირობად, მჩუენებელი სპათა თჳსთა და მეფისა, ვითარცა მიმგებელი. გარნა რა იხილა ლუარსაბ, შაჰაბაზ იწყო ტირილი მეტყუელმან: "ვითარ გიყოფ ბოროტსა ახოვანსა და შუენიერსა, ერთგულთა ჩემთა ძესა". სცა პატივი სწორ თჳსად, და შემდგომად წარმოვიდა ტფილისს; ეტყოდა მეფესა მუნ დატევებასა. არამედ ტფილისს ჰრქუა: "წარვიდეთ ნადირობად ყარაიისად"; წარვიდა და წარიყვანა მეფე.

მაშინ კალის ციხესა შინა დაუტევნა სპანი მცველად ციხისა ციხისთავითურთ, რომელსა აწ უწოდდენ ქუთვალსა და მიმბაშსა, და დაიპყრა თჳსად. ხოლო მისრულთა ყარაიას ინადირეს და სჭურეტდა არამი ყეენისა. მას დღესა მოკლა მეფემან ი̃გ ჯერანი და სხუანიცა ნადირნი. ამას განკჳრდა შაჰაბაზ და აღეგზნა შურითა, რამეთუ მტერ იყო ყოველთა ახოვანთა. არამედ მოუმცნო დამან თჳსმან თინათინცა ცოლმან ყეენისამან, რათა არა ეჩვენოს მჴნედ ახოვნად, გარნა არა ისმინა მეფემან მეტყუელმან: "უწყი, რამეთუ არღარა განმიტევებს, ამისთჳს უმჯობეს არს სიკეთისა ჩუენება, ვიდრე სიავისა. გარნა შაჰაბაზ ლიქნიდა ტკბილად, რათა არა განევლტოს მეფე და მუნ ეტყოდა: "ვინაჲთგან ხარ რაინდი და უცდური მოისარი, ვინადიროთ ყარაბაღიცა". ხოლო ყარაბაღს ეტყოდა ნადირობასა მაზანდარისასა და მიიყვანა მაზანდარანს და მუნ აიძულებდა უარისყოფად ქრისტესსა. ხოლო მეფემან არა ინება.

შემდგომად მრავლითა ლიქნითა და ნიჭითა და შინებითაცა უთქმიდა, არამედ მეფე დაადგრა სიმტკიცესა ზედა, ამისთჳს პატიმარ-ჰყო მეფე! მაშინ ეზიარა პატიოსანსა სისხლსა და ჴორცსა უფლისასა და ატირნა მთავარნი თჳსნი წესითა ქართულითა, ვითარცა მკუდარსა ზედა, და მეფე შესხმისა წილ იტყოდა: "აგრე ჩემმან სულმან".

შემდგომად წარავლინა შაჰაბაზ მეფე გულამყალას შირაზს და პატიმარ-ჰყო მუნ, მერმე კუალად არა დასცხრა მძჳნვარებად, წარავლინა შაჰაბაზ და მოაშთუეს მუნ ციხესა შინა მეფე ლუარსაბ მშჳლდის საბლით ქ~სა ჩ̃ქკბ, ქარ. ტ̃ი, და შეირაცხა წმიდათა მოწამეთა თანა და აწცა არს წმიდა გუამი მისი მუნ.

ხოლო შექცევასა შაჰაბაზისასა ქართლიდამ დაშთა უმეფოდ ქართლი, რამეთუ არა დაშთა ძმა ანუ მე ლუარსაბ მეფესა და იყოფოდნენ მთავარნი თჳს-თჳსად და განიმკჳდრებდნენ თჳსთა კერძოთა. მერმე რა დაიპყრა კახეთი კუალად ბატონმან თეიმურაზ, ესე ესმა შაჰაბაზს, განძჳნდა და მოვიდა კახეთს და მუნიდამ ტფილისს ქ{რისტ}ესა ჩ̃ქივ, ქარ. ტ̃დ, თათრულს ქორონიკონს ჩ̃კდ.

პ̃ზ მეფე ბაგრატ გ̃ წელი მეფა

[edit]

მაშინ ტფილისს დასუა მეფედ ქართლისად ბაგრატ ძე დაუთხანისა, ნაშობი კახთ-ბატონის ნათესავისა, და თჳთ უკუნ-იქცა შაჰაბაზ, აჰყარა კახეთი და მივიდა ისპაანს.

ხოლო ესე ბაგრატ იყო ფრიად მოჰმადიანი და არა რაჲ კეთილი იყო მის თანა. სძულობდნენ ქართველნი და იყო საბარათიანოს და უჴმობდნენ საბარათიანოს ბატონსა, არცაღათუ ეგდენ ერჩდნენ და მორჩილებდნენ. შემდგომად ბოლნისს ყოფასა შინა მოკუდა ბაგრატ ქ~სა ჩ̃ქით, ქარ. ტ̃ზ. ხოლო ცოლი მისი ანნა ძით სჳმონით იყოფოდნენ ტფილისს და სომხითს და არცა მას მორჩილებდნენ ქართველნი ეგდენად. ვითარცა მოსწყჳდნა ბარათამ სახლეულნი თჳსნი, და ყაფლან ძმისწული მისი ივლტოდა და მივიდა წინაშე შაჰაბაზისა. ამისთჳს წარმოუგზავნა შაჰაბაზ სპანი და მოეწივნენ ბარათას ფარავანსა ზედა და მოკლეს იგი.

კუალად ამ წინაჟამებთა მომკუდარ იყო ნუგზარ და დაჯდა ძე მისი ბაადურ ერისთავად. ამას არა მორჩილ ექმნა ძმა თჳსი ზურაბ, განაძო იგი და წარვიდა ცოლით წინაშე შაჰაბაზისა. მან კეთილად შეიწყნარა შუამდგომელობითა მოურავისათა, რამეთუ იყო აღზრდილი მოურავისა. შემდგომად მისცა ნიჭი შაჰაბაზ და ერისთაობა და გამოუტევა და დაშთა ცოლი მუნ. მოსრულმან ზურაბ ძალითა ყეენისათა და სჳმონის მწეობითა დაიპყრა ბაზალეთი და განაძო ბაადურ ძმა თჳსი და მივიდა საჩინოს ბაადურ. ხოლო ზურაბ მოიმწო სპასპეტი საბარათიანოსი ბარათა ბარათაშვილი და დაუწყო კირთება მთიულ-მოჴევეთა და დაიპყრნა იგინი და განძლიერდა ფრიად (რამეთუ იყვნეს სახასონი მეფისანი და აქამომდე არა ეპყრათ ჴევი ამათ, არამედ მთიულნი ერჩდენ მცირედ). ხოლო საჩინოს მყოფსა ცოლსა ბაადურისასა ეტრფიალა საზვერელი ჩიჯავაძე და ცოლისა მისისავე ნებითა მოკლა ბაადურ და შეირთო მან ცოლად.

მცნობმან ამისმან ზურაბ წარვლო ფერსათის მთა. არამედ მას ღამესა იხილა სიზმარი ცოლმან ბაადურისამან, რამეთუ მოჰკლეს საზვერელი და ტყუე ყვეს იგი. უთხრა ესე ყოველი საზვერელსა, ხოლო მან არა უსმინა და ქალი იგი შევიდა ციხესა და განამაგრა. დილას დაესხა ზურაბ, მოჰკლა საზვერელი, მოჰკუეთა თავი და წარმოვიდა. გარნა ციხესა ეერ ავნო და მოვიდა გამარჯუებული. იხილა რა ესენი სჳმონ, ძემან ბაგრატისამან, რამეთუ მიიღეს მთავართა თჳს-თჳსნი კერძონი და არღარასა მორჩილებდნენ, წარვიდა წინაშე ყეენისა.

ამისი მხილველი ზურაბ ერისთავიცა წარვიდა წინაშე ყეენისა, რათა არა შესმენილ იქმნეს. ხოლო ყეენმან განივულა საქმე მათი და შეუძნდა განდგომილებისათჳს ქართლისა, მოუწოდა მოურავსა და ზურაბს, ვინაჲთგან მოურავი სახელოვან იქმნა მის წინაშე ბრძოლათა შინა და იახლა ბაღდადს და ყანდაარს, ამისთჳს სწყალობდა და უსმენდა. ამათ წარმოატანა ყარჩიხან სპითა დიდითა და ამცნო, რათა მოსწყჳდონ კახეთი და აჰყარონ ქართლი და წარუგზავნონ მას. კუალად წარმოატანა სჳმონცა ძე ბაგრატისა მეფედ ქართლისად, რათა ვერა სცნან საქმე იგი ქართველთა და მისცა სჳმონს ასული ყორჩიბაშის ჯანბანუმ ცოლად, ესენი რა მოვიდნენ, აღუძნდათ ქართველთა სპათა სიდიდე. არამედ მოურავმან და ზურაბ ფიცით არწმუნათ, რამეთუ მოგცათ ყეენმან სჳმონ მეფედ და ამის გამო მიენდუნენ სრულიად ყოველნი ქართველნი.

პჱ. მეფემან სჳმონ ზ წელი მეფა

[edit]

მერმე მოვიდნენ ტფილისს და დაუტევეს მუნ სჳმონ მეფედ და თჳთ სპითა წარვიდნენ, და დადგნენ მუხრანს. მუნ მოუწოდეს კახთა და უყვეს, რა იგი აღვწერეთ, და მცდელობდენ აღყრასა ქართლისასაცა. არამედ მოურავმან მონადირემან ლოჭინის ჴევსა შინა იხილა შიკრიკი ერთი მომავალი. შეიპყრა იგი და იხილა წიგნი, რომელსა შინა ეწერა ყარჩიხანისა თანა შაჰაბაზის მიერ: "რათა მოსწყჳდნო კახნი და აჰყარო ქართლი; მოკუეთე თავი მოურავსაცა და წარმოგზავნე წინაშე ჩემსა". განცვფრებულმან ამისთჳს მოურავმან მოჰკლა შიკრიკი და დაფლა მუნავე და მოვიდა ზურაბ ერისთავისა თანა ფარულად. ეზრახა მოწყუედასა ყიზილბაშისასა და აუყრელობასა ქართლისასა. არამედ ზურაბ მიზეზ-ჰყო ცოლი, რომელი ჰყვა ისპაანს, და მოურავს ძე პაატა. ხოლო მოურავმან აღუთქუა შერთვა ლელა ბატონისშვილისა დისა ბაგრატისა, და მრავლითა ლიქნითა დაიყოლია და ზურაბ დასთმო ცოლი და მოურავმან შვილი და დაასკუნეს ღალატი ყიზილბაშთა.

მერმე მოვიდა მოურავი და აზრახა ყარჩიხანს, რათა მოუწოდონ ქართველთა და აღასრულონ ბრძანებული. ამისთჳს ნება-სცა ყარჩიხან და მოწოდებითა შემოკრიბნენ ქართველნი. ხოლო შემოკრებულთა წარჩინებულთა ეტყოდა ზურაბ და აუწყა დავედრებული ყეენისა, რათა არა ჰყონ ესე და არა მოაოჴრონ ქართლი და მიჰყვნენ ნებასა მათსა. მაშინ მათ ყოველთა ფიცით აღუთქუეს, რა იგი მათ უთხრან იგიცა ჰყონ ყოველთა. არამედ ანდუყაფარ ამილახვარსა ვერ გაანდვეს ესე, რამეთუ ჰყვა ცოლად სჳმონ მეფის ცოლის დაჲ, ასული ყორჩიბაშისა, მონათესავე ყეენისა, და იყო ანდუყაფარ გამოჰმადიანებულცა. ამისთჳს შეიპყრეს იგი საფურცლის ჭალასა შინა და ცოლიცა მისი წარავლინეს და პატიმარ-ყვეს არშას ციხესა შინა. დილას დაესხნენ ყარჩიხანს ქართველნი ზურაბით. ხოლო ყიზილბაშთა შინა მყოფი მოურავი შეუჴდა ყარჩიხანს და მოკლა, და შვილმან მისმან ზურაბ შვილი ყარჩიხანისა და მოსწყჳდნეს ყიზილბაშნი, ვითარ მცირედნიღა გარდაიხუეწნეს ქ~სა ჩ̃ქკგ, ქარ. ტ̃ია, თათრულსა ჩ̃ლდ. და აღივსნენ იავარითა და ალაფითა მათითა (გარნა თუმცა არა ეხილვა მოურავსა წიგნი იგი შიკრიკისა, აყრილმცა იყო ქართლი. გარნა იჴსნა ღმერთმან ერი თჳსი ესრეთ).

დღესა მასვესი სიტყჳთა მოურავისათა წარვიდნენ სპანი ქართლისანი ერთი ახალციხეს, მეორე ზურაბით კახეთს და მოურავი მიუჴდა ტფილისს, აღიღო ქალაქი, ხოლო ციხესა ვერ ავნო. ეგრეთვე ყვეს ახალციხესაცა. არამედ კახეთს ივლტოდა ფეიქარხან, რომლისაცა ენებათ ცოლის წაგვრა ლელა ბატონისშვილისა, და მივიდა მუნ ზურაბისა თანა მოურავიცა და მიჰყვნენ ფეიქარხანს ბარდამდე, და მას ვერღარა ეწივნენ, შემოიქცნენ, მოარბიეს განჯა, ყარაბაღი და მოვიდნენ ალაფითა სავსენი ქართლს.

მაშინ დაადგინეს განმგებლად ქართლისად ქაიხოსრო ძე მუხრანის ბატონისა ვახტანგისა. არამედ უწოდეს სახელით ოდენ, გარნა იყო მოურავი მოქმედი ყოვლისა და მორჩილებდეს მას ყოველნი ყმურად. ხოლო ამათ მოუწოდეს ბატონს თეიმურაზს და დაიპყრა მან კახეთი და მოსცა ასული თჳსი დარეჯან ზურაბ ერისთავსა სათნოჩენითა მოურავისათა.

მიესმა ესე ყოველი შაჰაბაზს, მოსრვა სპათა თჳსთა და დაპყრობა კახეთისა თეიმურაზისაგან; განრისხებულმან წარმოავლინა ისახან ყორჩიბაში სპითა დიდითა. ესე მოვიდა და დაიბანაკა ალგეთსა ზედა. მაშინ შეერთებისათჳს კახთა მოიყვანეს ბატონი თეიმურაზ კახთა სპითა, შეიკრიბნენ და დადგნენ კოჟორს ზედა. მოვიდა ათაბაგი მანუჩარ ლტოლვილი სამასითა კაცითა. ხოლო სპასპეტსა საბარათიანოსასა ბარათა ბარათაშვილს ეშინოდა განლტოლვად ბარათიანთა. ამისთჳს განზრახვითა მისითა განთიად კოჟრიდამ დაესხნეს ყორჩიბაშს და იქმნა ბრძოლა ძლიერი და მოსწყდა სიმრავლე ორგნითვე ქ~სა, ჩქკდ, ქარ. ტიბ, თათრულს ჩლდ, ივნისსა შინა, და ივლტოდენ ყიზილბაშნი. ხოლო ქართველნი ალაფობდნენ გატეხილ ჴიდამდე.

არამედ ამირ გუნახან ერევნის ბეგლარბეგი ვერ მოუსწრა ომსა. და, რა ესმა ჴმა ბრძოლისა, მოისწრაფა და მოვიდა მარაბდის გორიდამ და იხილნა ყიზილბაშნი ლტოლვილნი და მცირედნი ქართველნი შეკრებულნი ერთად, რამეთუ ზურაბ ერისთავი დაკოდილი იყო თავსა ზედა და მას შეეწეოდნენ. მოეტევა ხანი ამათ და იქნა ბრძოლა კუალად უძლიერესი მცირეთაგან, ვინაჲთგან დიდად მჴნედ გამოჩნდა ბატონი თეიმურაზ, მოურავი და მუნ დამსწრენი ქართველნი. მაშინ ათაბაგი შეხუდა ამირ გუნახანს და ჰკრა თავსა ჴრმალი და გაუპო თაჯი და ავნო დიდი. ეტყოდა ამირ გუნახან ათაბაგს: "უპურმარილოვ", რამეთუ მას გაეზარდა; გაუშვა ათაბაგმან და წარვიდა. ხოლო მჴნედ მბრძოლი მოკლეს თეიმურაზ მუხრანის ბატონი და განჴდა ჴმა და ჰგონეს ყოველთა კახბატონის სიკუდილი, და ივლტოდნენ კახნი და ქართველნი.

ამისნი მხილველნი ყიზილბაშნი უკმოიქცნენ და მოსწყუედდენ უწყალოდ ქართველთა, მოკუდა ამ ომსა შინა ყიზილბაში იჱ ჩ, ქართველი და კახი ჱ ჩ და ზურაბისა შ. შემდგომად ბრძოლისა მოვიდნენ ყიზილბაშნი ტფილისს და გამოვიდნენ ტფილისს ციხესა შინა მდგომნი სპანი მორბევად ლისისა. ამათ მოუჴდა მოურავი სამოცითა კაცითა, აოტნა და მოსწყჳდნა შჳდასი და მცირენი შეიხუეწნენ ტფილისმე.

კუალად გამოვიდა ღართისკარს მოურავი, შთახერგა გზები, და ამაგრებდა ზემო ქართლს. არამედ ყორჩიბაში მცდელობდა გამოყვანასა ამილახორისასა ცოლით არშიდამ და არა ძალ-ედვა ამისი ყოფად. ამისჳს ეზრახა ზურაბ ერისთავსა, რათა გამოაყვანინოს იგინი. მაშინ ზურაბ ნება-სცა პაემანითა ამით, რათა შევლონ გზა მისი არაგუსა ზედა და ჩამოვლონ კსანსა ზედა, რათა არა მოოჴრდეს მამული მისი. ესე აღუთქუა ყიზილბაშმან ფიცითა მტკიცითა და უთავა სპათა თჳსთა ყორჩიბაშმან ხოსრო-მირზა და წარავლინა (ხოლო ესე ხოსრო-მირზა იყო ძე დაუთხანისა, ნაშობი ხარჭისაგან ისპაჰანს ყოფასა შინა და მიერითგან იყო უპატიოდ და უპოვარ ფრიად; და ოდეს იყო მოურავი მუნ, მოვიდა დარბაზობად ხოსრო-მირზა მოურავისა თანა. რა იხილა მოურავმან, მიეგება და დასუა ადგილსა თჳსსა ზედა და თჳთ დაუჯდა შორეს. ამის მხილველთა ყიზილბაშთა ჰკითხეს მოურავსა ვინაობა მისი. ხოლო იგი ეტყოდა მათ ძედ პატრონისად თჳსისად.

ამისთჳს აცნობეს ესე შაჰაბაზს და პატივსცა და მისცნა ნიჭნი და მოურაობა ისჰაჰანისა. არამედ ესე არა ჰყო მოურავმან სიყუარულითა პატრონისათა, გარნა რათა აღუდგინოს ლუარსაბ მეფესა მეტოქი). ხოლო ყიზილბაშთა წიწამურის ბოლოს დახუდა მოურავი და ავნო დიდი ყიზილბაშთა. არამედ სძლეს სიმრავლით, განვლეს და დადგნენ მუხრანს. მერმე შევლეს დუშეთი და განვლეს მთიულეთი და გარდავიდნენ ჴევს და გამოიყვანეს არშიდამ ანდუყაფარ და ქალი იგი, მერმე გარდმოვლეს მთა ლომისა და შთამოვიდნენ კსანსა ზედა.

მაშინ შეკრბნენ ერისთავი კსნისა იესე და ძმა ზურაბ ერისთვისა გიორგი. რამეთუ ზურაბ ფიცისათჳს არღარა ინება, და შეჰკრეს გზა კსნისა და მოურავიცა დახუდა კსნის ბოლოს, მოსრვიდნენ ყიზილბაშთა ესრეთ, რამეთუ კსანი იქმნა, ვითარცა სისხლი. შეიპყრეს ხანი ყაზახისა და სულტანი სამი. არამედ მჴნედ იყო ხოსრო-მირზა, რამეთუ ვერ წარგუარეს ქალი იგი, გამოიყვანა და მოგუარა ყორჩიბაშსა. მერმე წარავლინა ყორჩიბაშმან სპანი მორბევად სომხით-საბარათიანოსად.

ხოლო მოურავმან განამაგრნა ციხენი კიკანათბერი, ალისა, სურამისა, კეხვისა და წარვიდა სამცხეს, რამეთუ მუნა ჰყვანდა დედაწული თჳსი. კუალად წარავლინა ყორჩიბაშმან სპანი დასხმად მოურავისად; მისრულთა ყიზილბაშთა გარემოიცვეს ასპინძა. მაშინ მოურავი იყო ნადირობასა და მუნიდამ იხილა ასპინძა მოცული ყიზილბაშითა, მოეტევა მცირედითა კაცითა, ეკუეთა და აოტნა ყიზილბაშნი და მოსწყჳდნა იგინი და მცირედნი ივლტოდნენ. მაშინ ეპყრათ ყიზილბაშთა ხერთვისი და რომელნიმე ციხენი სამცხისანი. შეუჴდა მათ მოურავი, მოსწყჳდნა მეციხოვნენი და დაიპყრა თჳსად, წარავლინა წინაშე ხონთქრისა ქავთარიშვილი გიორგი და მოითხოვნა სპანი მისნი, რათა დაიპყრას მან იგინი. სთნდა ხონთქარსა, მოსცნა ნიჭნი დიდნი მოურავსა და იენგიჩარნი და დაიპყრნეს ციხენი იგინი.

არამედ ყორჩიბაში იდგა ჟამ-რაოდენმე ტფილისს, მერმე დაუტევა სჳმონ მეფე ტფილისს და თჳთ წარვიდა ამასვე ქორონიკონსა. მაშინ მისრულსა ისპაანს მსახურებისა მისისათჳს მისცა შაჰაბაზ ხოსრო-მირზას ყულარაღასობა. ხოლო მოურავი იყო სამცხესა, შემდგომად მივიდა იმერეთს გიორგი მეფისა თანა, მერმე ისტუმრა ლევან დადიანმან, მუნიდამ შემოვლო კუალად იმერეთი და მოვიდა სამცხესვე.

ამ ჟამებთა მოიმწო ანდუყაფარ ამილახორმან კსნის ერისთავი, რამეთუ შესწამა შეპყრობისა თჳსისა უწყება ღაზნელსა, დაესხა და მოსწყჳდნა იგი და განიყვეს მამული მისი. ქოლოთ-ქვიტკირი დაიპყრა კსნის ერისთავმან და ნეშტი ამილახორმან. მერმე მოვიდა მცხეთას ანდუყაფარ, შეიპყრა დეკანოზი მისი და წარუხუნა საგანძურნი მცხეთისანი და აქადებდა დეკანოზს დაძახებასა მუნ მუყრისასა; მუნით მოვიდა ტფილისს და ციხისთავისა თანა მჯდომარე კალის ციხესა შინა გამზრახი წინათქმულთათჳს, აღდგა რა წარმოსლვად, უბრკმა, დაეცა ლანძვსა, განხეთქა იგი და გარდმოიჭრა ქალაქისაკენ და მოკუდა ანდუყაფარ ბოროტად. შემდგომად ამისა მოწყჳდნა იესე კსნის ერისთავმან ძმანი თჳსნი ცოლშვილითა სრულიად.

ხოლო მოურავი მოვიდა სამცხიდამ ქართლს, კუალად შეკრეს მოურავმან და ზურაბ ერისთავმან პირი, მოიყვანეს და დასუეს ქაიხოსროვე გამგედ ქართლისად. არამედ იყვნენ იგინივე საქმისა მყოფელნი, რამეთუ სჳმონ მეფე ვერ გამოვიდოდა ტფილისიდამ ამათ მიერ. კუალად ჟამთა ამათ არა მოსცეს დუალთა ბეგარა მოურავსა, გარდავლო სპითა მოურავმან ზეკარა, შთავიდა და მოსრნა ურჩნი და ყვნა კუალად მებეგრედ და მოვიდა ქართლს. კუალად მელიქი სომხითისა ათაბეგ და ზაქუმ ერთგულებდნენ ყეენსა; მიუჴდა ამათ მოურავი, ხოლო იგინი ივლტოდნენ და წაგუარნა დედაწულნი და ქონებანი და წარმოვიდა. არამედ ქაიხოსრო ბარათაშვილი მოყურობდა როსტომ სპასალარსა და უვლინებდა როსტომ საგანძურსა მრავალსა, ამისთჳს არა ერჩდა მოურავსა. კუალად მოიყვანნა ამან ხუთასნი მეთოფენი ყიზილბაშნი და შეაყენნა ბირთჳსს ციხესა შინა. ესე შეუძნდა მოურავსა და დილასა ერთსა დაესხა ტბისს და შეიპყრა ქაიხოსრო და ხოსია ძმა მისი მის თანა. მაშინ ქაიხოსროს გამოაყვანინა ყიზილბაშნი ბირთჳსიდამ და მოსწყჳდნა ხუთასნივე და ხოსია პატიმარ-ჰყო ციხესა შინა კიკანათბერს.

კუალად ეთქუა მუქარა ქუელს წერეთელს მოურავისა. მიუჴდა მოურავი და მოწუა მამული მისი. წარმოსრულს მოურავს ეწია ქუელი და ბრძვეს ურთიერთს. არამედ მოურავმან განაწონნა სამნი ისარნი მკერდსა და ივლტოდა ქუელი. ხოლო მოურავი მოვიდა გამარჯუებული.

ამისა შემდგომად უმეტესად განდიდნა ზურაბ ერისთავი და არღარა ერჩდა მოურავსა. ესე შეუძნდა მოურავსა, უფროსად მოუდგა ქაიხოსროს და არღარა ჩამოუშვა ზურაბ ქართლსა შინა. მაშინ ზურაბ მოიყვანა ბატონი თეიმურაზ და ინება მისთჳს ქართლისა მეფობა. ხოლო კახთა შთააგდეს შური ზურაბსა და ძმასა მისსა გიორგის შორის: "რამეთუ გიდგების ღალატად ბრძოლასა ამას შინა, ვინაჲთგან არს იგი სიძე ქაიხოსროსი (რამეთუ გიორგის ჰყვანდა თეიმურაზ მუხრანბატონის ასული ცოლად) და თჳთ ნებავს ერისთობა". ირწმუნა ზურაბ, შეიპყრა გიორგი და აღმოჴადნა თუალნი.

ხოლო მოურავმან შეიკრიბნა სპანი ქართლისანი, ითხოვა ნიჯადი იმერთა მეფის გიორგისაგან და საფარ ფაშის სამცხელისაგან, და მათ მოსცეს, და შეკრებული ყოვლითა ამით მიუჴდა დუშეთს, შეიბნენ ბაზალეთს და არა დაშთა კაცი, რომელი არა დაიპოდა, თჳთ ბატონი თეიმურაზ, მოურავი და ზურაბ. გარნა სძლეს მოურავსა და ივლტოდა სამცხეს ქაიხოსროთით ქ~სა ჩ̃ქკვ, ქარ. ტ̃იდ. არამედ ცოლშვილი ქაიხოსროსი და ძმისწულნი მისნი წარვიდნენ იმერეთს.

ხოლო ქაიხოსრო და მოურავი წარვიდნენ სტამბოლს წინაშე ხონთრისა. მისგან მოითხოვეს სპანი, რათა დაუპყრან ქართლი და მუნცა მაჰმადიან იქმნა მოურავი. მაშინ ზავი იყო ხონთქარსა და ყეენსა შორის და არა ინება ხონთქარმან, არამედ წარავლინა ქაიხოსრო და მოურავი სხუასა ქუეყანასა ბრძოლად და, უკეთუ დაიპყრან იგი, შემდგომად წარავლინოს ქართლს სპითა დიდითა. მისრულთა ვეზირ-აზამისა თანა ქაიხოსრომ და მოურავმან ქუეყანასა მას დიდნი სახელნი ქმნა მოურავმან და დაიპყრა ქუეყანა იგი, და ესე აუწყეს ხონთქარსა. არამედ ცოლი ვეზირ-აზამისა იყო დაჲ ხონთქრისა. ამან მჭმუნვარემან მიუწერა ქმარსა, თჳსსა: "რაჲ არს ესე, რომელ განდიდნა სახელი მოურავისა და არა რაი ისმის საჴსენებელი შენი. ამისთჳს უმჯობეს არს სიკუდილი შენი ყოფასა შენსა". განრისხნა ვეზირ-აზამი, შეიპყრა ქაიხოსრო, მოურავი და ყოველნი ქართველნი მათ-თანანი და წარკუეთნა ყოველთა თავნი. არამედ გორგასლისშვილს ბეჟანს რა ჰკუეთდენ თავსა, ეტყოდა მამა მისი მტარვალსა მას ნიჭის მიცემითა: "მე მომკუეთე თავი და განუტევე ძე ჩემი": რამეთუ იგი განტევებულ იყო ნიჭისა მისთჳს, განუტევა ბეჟან და წარკუეთა თავი გორგასალს და დედაწული მოურავისა დაშთა აზრუმს. ხოლო ბატონმან თეიმურაზ დაიპყრა ქართლი და კახეთი. ესე მტერობდა ძეთა და ძმისწულთა ქაიხოსროსათა და არა უტევებდა მუხრანს, არამედ მისცა ძესა თჳსსა დათუნას.

შემდგომად მოკუდა შაჰაბაზ ყეენი ქ~სა ჩქკჱ, ქარ. ტივ, თათრულსა ჩ̃ლჱ, და იწყეს ყიზილბაშთა შფოთებად. მაშინ ხოსრო მირზამ შემოიკრიბნა ყულნი, გამოიყვანა შაჰ-სეფი და დასუა ყეენად და მოსრნა წინააღმდგომნი. მიერითგან უწოდებდა ყეენი მამად ხოსროს. ესე მოირჭმა და განმდიდრდა ფრიად.

ხოლო შემდგომად შთავარდა შური ბატონს თეიმურაზსა და ზურაბ ერისთავს შორის. გამოიყვანა ზურაბ სჳმონ მეფე ტფილისიდამ და დაიპყრა სჳმონ სრულიადი ქართლი. ჟამთა ამათ ჩამოვიდნენ მუხრანს ძენი და ძმისწულნი ქაიხოსროსნი და დაიპყრნეს თჳსნი ყოველნი. ხოლო სჳმონ მეფე უჴმობდა ზურაბს მამასა, და ამისი მხილველი და უღონო-ქმნილი ბატონი თეიმურაზ წარვიდა წინაშე ყეენისა და უფადარიდამ მოსწერა ზურაბს: "შეუგვანებელ არს განწირვად სიძისაგან სიმამრისა, გარნა ვიხილოთ უკანასკნელი შენი და სჳმონისა". ესე შეუძნდა ზურაბს, რამეთუ სწადდა, რათა იყოს თეიმურაზ კახ-ბატონად და სჳმონ ქართლისად და ორნივე იყვნენ მავედრენი მისნი. ამისთჳს აწ განიზრახა ბოროტი, მოვიდა ღამე ცხჳლოსს მდგომის სჳმონ მეფისა თანა, შევიდა და მოკლა იგი ქ~სა ჩქკთ, ქარ. ტიზ, და წარუვლინა თავი თეიმურაზს. მოიქცა თეიმურაზ და დაიპყრა ქართლი და კახეთი.

პ̃დ. თეიმურაზ ა̃, კახთა ბატონი.

[edit]

მაშინ მოიჴსენა შური წუქეთის სულტნისა, ხოლო წარსრულმან მას ზედა შეიმუსრა ბეჭი, ამისთჳს სპათა უთავა ზურაბ ერისთავი, მისრულმან მოჰკლა სულტანი და მოსტყუევნა ქუეყანა მისი და მოვიდა თეიმურაზისა თანა. არამედ მიერით ბატონს თეიმურაზს აქუნდა შური ზურაბ ერისთავისა, ოდეს მოკლა სჳმონ და, ვინაჲთგან განდიდნაცა ფრიად, ამისთჳს უდგა ღალატად მარადის. შემდგომად ზამთარს მდგომმან საფურცლეს იცა ჟამი და მოკლა ზურაბ; მერმე შევიდა დუშეთს წარმოიყვანა ასული თჳსი და მისცა ცოლად იმერთა მეფის ძეს ალექსანდრეს მზითვითა დიდითა. შემდგომად შემოიკრიბნა ორნივე სპანი და მიუჴდა ულუკოსორს, მოსრნა მახჳლითა და მოსტყუევნნა იგინი და მოვიდა გამარჯუებული. კუალად შემოიკრიბნა სპანი ორნივე და დაესხა ყარაბაღს, მოსწყჳდნა და მოსტყუევნა, აღიღო ალაფი დიდძალი და მოვიდა ქართლს. ამისთჳს უმეტეს ლაშკრობდა თეიმურაზ, რამეთუ აქუნდა სპათა სიმრავლე და რათა განიმკჳდროს ორნივე ქუეყანანი. ხოლო ჟამთა ამათ მოვიდა უნდილაძე დავით, განჯის ბეგლარ-ბეგი და ბატონმან თეიმურაზ დასხნა ელითურთ იორის პირსა ზედა. ესე მოითხოვა ყეენმან და არა უკუნსცა ბატონმან თეიმურაზ. ამას ზედა განრისხნა შაჰ-სეფი ყეენი და [438 გვ.] წარმოავლინა სპასალარი როსტომ სააკაძე სპითა დიდითა და წინჴსენებული ხოსრო-მირზა მეფედ ქართლისად (და ხოსროს უწოდა როსტომ) დიდითა ნიჭითა და კახეთი მისცა სალიმხანს.

ხოლო ესე ყოველნი მოვიდნენ ერთბამად და დადგნენ ხუნანს. ამისმან მსმენელმან ბატონმან თეიმურაზ შემოიკრიბნა სპანი საფურცლეს და ლამოდა ბრძოლასა, ვინაჲთგან ჰყვა ბარათიანთა ცოლნიცა თჳსთანა მუნ. არამედ ბარათიანთა დაუტევნეს ცოლნი თჳსნი და მივიდნენ წინაშე როსტომ მეფისა. ვინაჲთგან ვახტანგ, ძე თეიმურაზისა, მუხრანის ბატონი, პირველვე მიეგება როსტომს ნათესაობისათჳს და ესე ჰყვეს ბარათიანთაცა ამისთჳს. ამისი მხილველი თეიმურაზ განრისხნა და მოინება დაჭრა ცხვირპირთა ცოლთა ბარათიანთათა. არამედ არა აუფლა ხვარაშან დედოფალმან გარნა ესე-ვითარებისათჳს ვერღარა წინააღუდგა თეიმურაზ სპარსთა და წარვიდა იმერეთს. მცნობმან სპასალარმან წარმოუყენა სპანი; ესენი ეწივნენ პერანგის მთასა ზედა ხიზანთა, მოსრნეს და ტყუე-ყვნეს და შემოიქცნენ ტფილისს, და სპასალარი როსტომ და როსტომ მეფეცა მოვიდნენ ტფილისს ქ~სა ჩ̃ქლდ ქარ. ტ̃კბ.

პე. მეფე როსტომ, კდ წელი მეფა

[edit]

ხოლო დასუეს როსტომ მეფედ ტფილისს და სალიმ-ხან კახეთს. ამავ ქორონიკონს აღაშენეს გორის ციხე და შეაყენნეს მცველნი ყიზილბაშნი; ეგრეთვე სურამის ციხესა შინა. მოსცეს როსტომ მეფესა შეწევნად ყაზახ-შამშადილო-ლორეს ხანნი, და თჳთ სპასალარი როსტომ წარვიდა წინაშე ყეენისა. ხოლო ესე როსტომ იყო მოჰმადიანი და მუნ აღზრდილი, რამეთუ, ოდეს მოვიდა მეფედ, ჲზ წლისა იყო, საქმით ხუანჯიანი სოფლის, ფრიად ჭკუიანი, მორჭმულ-მდიდარი; რამეთუ აქუნდა ყულარაღასობა ყეენისა, მოურაობა ისპაანისა და ნიჭვიდა ყეენი ურიცხუსა, და უჴმობდა მამად. ამან განაგნა წესსა [439 გვ.] ზედა ყიზილბაშთასა კარის გამგენი თჳსნი, და არცა მოშალნა ქართულნი და დაადგინნა ორნივე და მიანიჭებდა ქართველთა ბოძსა მცირეთა და იერთგულებდა მით, რამეთუ მას ჟამსა იყვნენ ქართველნი მჴნენი, რჯულმტკიცენი, წრფელნი, ვეცხლის უყუარულნი.

ამან როსტომ მოიყვანნა ყოველნი ტყუენი საქართველოსანი სპარსეთიდამ გამაჰმადიანებულნი და ამათით შეერიათ ქართველთა განცხრომა, სმა-ჭამა ყიზილბაშური, სიძვა, მრუშება, ტყუვილი, ჴორცთ-განსუენება, აბანო, კეკლუცობა უგვანი, მეჩანგე, მგოსანი, რამეთუ ამათ საქმეთა მოქმედთაგან კიდე არავის სცემდენ პატივსა და მიდრკენ, ვიდრე მღუდელთმთავარნიცა და ჰყოფდენ უჯეროთა.

ამან როსტომ მოიყვანა ცოლად აბაშისშვილის გორჯასპის ასული ქეთევან და უწოდა გუდლუხტარ და იქორწინა ქრისტეანულ-მაჰმადიანურ, კუალად დაუტევა სასახლე ისნის ციხისა და ჰყო მტკურის კიდესა ზედა ანჩისხატსა და სიონის ეკლესიათა შორის და მისცა ციხე სრულიად ყიზილბაშთა; შეავლო ჴიდისყურიდამ ზღუდე კალის ციხემდე და განჰყო ქალაქი და ციხე, მოავლო მეტეხს ზღუდე და ქმნა, ვითარცა ციხე მტკიცე ჴიდითურთ, და შეაყენნა მცველნი ყიზილბაშნი მას შინაცა. არამედ ამათი მოქმედი მარადის იხარებდა როსტომ და იშუებდა. ამას არა მორჩილებდა ერისთავი არაგჳსა დათუნა, ძმა ზურაბისა, შემოიკრიბნა სპანი როსტომ და მივიდა მუხრანს. მიუთხრა დათუნას ანუ წარვიდეს წინაშე ყეენისა ანუ მივიდეს მის თანა. ხოლო დათუნას ძნიად აღუჩნდა ესენი. კუალად წარავლინა გაბაშვილი და თურქისტანიშვილი და ამცნო მათ, რათა მოკლან თავისწინაობის განზრახუასა შინა დათუნა და მოართუან თავი მისი. მაშინ მისრულთა მათ უყვეს ბრძანებული დუშეთს და მოართუეს თავი მისი; და როსტომ წარუგზავნა ყეენსა, რამეთუ ესე [440 გვ.] იყო მაშფოთებელი ქუეყნისა და თჳთ შეუჴდა დუშეთს ქ~სა ჩქლე, ქარ. ტკგ. [1635 წ.]

მაშინ ძმამან დათუნასმან ზაალ შეკრნა სიმაგრენი და გამოაბრუნა როსტომ და მოვიდა ტფილისს. ამისთჳს წარუვლინა ზაალ ბატონს თეიმურაზს, რათა მოვიდეს და დაიპყრას ქართლი, რამეთუ აღუთქუა ფიცით ყოვლისა წარმართება.

ხოლო მოვიდა ხოსთქარი მურად და აღიღო ერევანი ქ~სა ჩქლვ, ქარ. ტკდ, [1636 წ.] უკუნ-იქცა და წარვიდა.

შემდგომად ზავ-ჰყვეს მურად ხონთქარმან და შაჰ-სეფიმ; დაშთა ხონთქარსა იმერეთი, საათაბაგო და ქურთისტანის ნახევარი. ხოლო ყეენს დაშთა ერევანი, ქართლი, კახეთი და ქურთისტანის ნახევარი.

კუალად როსტომ მოიჴსენა შური ყიზილბაშთათჳს, რომელი მოსწყჳდნა მოურავმან ბირთჳსს, და შეიპყრა ქაიხოსრო ბარათასშვილი სისხლთა მათთათჳს და გარდმოაგდო ციხიდამ განჯის კარისაკენ მაღლის გოდლიდამ.

ხოლო თეიმურაზ მოვლო დუალეთი, მოვიდა დუშეთს ქ~სა ჩქლვ, ქარ. ტკდ, [1636 წ.] და მუნიდამ მცდელობდა ქართლსა. ხოლო როსტომს აქუნდა ძალი ყიზილბაშთა და ქართველნი, მცირეთაგან კიდე, ყოველნი ერთგულობდნენ და ამისთჳს ვერა რაჲ ავნეს. კუალად შემოუჩინეს მოღალატენი, არამედ როსტომ იყო მცდელი და სოფლისმანქანი და განერა ყოველთაგან. მერმეთ თეიმურაზ და ზაალ, როსტომის მტერობისა ვერა-რისა მყოფელთა, მოიბირეს კსნის ერისთავი და მიუჴდნენ სალიმ-ხანს, განაძეს სალიმ-ხან და დაიპყრა თეიმურაზ კახეთი. ხოლო ჟამთა ამათ მოუკუდა როსტომ მეფეს ცოლი პირველი და დაემზახლა ლევან დადიანსა, და ამან მოსცა დაჲ თჳსი მარიამ. ესე ჰყო როსტომ, რამეთუ ვინაჲთგან ბატონის თეიმურაზის [441 გვ.] მოყუარე იყო გიორგი მეფე იმერთა, და დადიანი და მეფე იმერთა მტერობდენ. ამისთჳს დადიანს დაემოყურა და ვინაჲთგან არა ჰქონდათ გზა, სთხოვა როსტომ მეფემან გზა უსუფს, ახალციხის ფაშასა. მან სიხარულით მოსცა და მივიდა როსტომ კაკას ჴიდსა ზედა ფერსათიდამ, და დადიანიცა მოსრულ იყო მუნ კაკას ჴიდსა; მოსცა დაჲ თჳსი და წარმოიყვანა როსტომ მარიამ და მოვიდა ტფილისს და ჰქმნა ქორწილი მუნ დიდ-დიდებული ქ~სა ჩქლჱ, ქარ. ტკვ. [1638 წ.]კუალად ამითი მოაკლო თეიმურაზს ძალი დადიანისაგან. ხოლო ამათი მოქმედი როსტომ მოვიდოდა გორს, ცხირეთს, ტფილისს, სომხითს და მარადის იშუებდა და იხარებდა.

შემდგომად ამისა მოუწოდეს ბატონს თეიმურაზს ზაალ ერისთავმან, იოთამ ამილახორმან, ნოდარ ციციშვილმან, გიორგი გოჩასშვილმან და კათალიკოზმან ევდემოს დიასამიძემან გამეფებად ქართლს. და ნოდარ მოვიდა სპითა დოესს და მოელოდა მათცა. მცნობელი როსტომ მეფე წარმოვიდა. მისმან მხილველმან ნოდარ ვერღარა იკადრა ბრძოლა, არამედ ივლტოდა. გარნა ორთა ძმათა ჩხეიძეთა, ნოდარისა თანა მყოფთა, მოყურობით არა ინებეს ლტოლვა, მოიქცენ და ჩამოჰყარნეს მჴედარნი. ხოლო იორამ მოურავისშვილმან ჩამოჰყარნა იგინი, შეიპყრნა და მოართუა როსტომ მეფესა (ესე იორამ მოიყვანა როსტომ მეფემან აზრუმიდამ კეთილისყოფისათჳს, რომელი უქმნა მოურავმან მას, და მისცნა მამულნი თჳსნი ყოველნი, ხოლო ნოდარ ლტოლვილი შევიდა ვერის-ციხესა შინა და მოადგა როსტომ, ვერ გამაგრდა ნოდარ, განივლტო და მივიდა სამცხეს. ხოლო მეფემან როსტომ ადიდო ციხე და შემუსრა, მუნიდამ მოიქცა და დადგა ცხირეთს. ესე აცნობა კათალიკოზმან ევდემოს ბატონს თეიმურაზს: "რაჲ ჰქმენ, სივლტოლისათჳს ნოდარისა უკუნ-იქეც, აწ მოვედ და და დაესხი როსტომს, რამეთუ ჴელთა შენთა შინა არს (ამ კათალიკოზის ძმისწული ცოლად ჰყვა ბატონის თეიმურაზის ძესა დავითს და ამისთჳს ჰყოფდა კათალიკოზი ამას").

[442 გვ.] ამისი მსმენელი თეიმურაზ რა წარმოემართა, ესე აუწყა როსტომ მეფესა ვახტანგ მუხრანის ბატონმან და მსწრაფლ შევიდა როსტომ გორის ციხესა შინა. ესმა ესე თეიმურაზს და უკუნ-იქცა. ამას ვახტანგ მუხრანის ბატონი მოეწია და ავნო დიდი ვიდრე სივლტოლად, და მოსწრაფედ მივიდა თეიმურაზ კახეთსვე. ამისთჳს შეიპყრა როსტომ მეფემან კათალიკოზი ევდემოზ და პატიმარ-ჰყო ტფილისს ციხესა შინა. შემდგომად გარდმოაგდო განჯის-კარის კოშკიდამ; კუალად შეიპყრა გოჩასშვილი გიორგი და აღმოჴადნა თუალნი, დაესხა იოთამ ამილახორსა, ჰგუემა იგი და განუტევა ფიცით, და შემუსრა ციხე ცხჳლოსი და სხუანი ვიეთნიმე განაძო და ზოგნი უმკჳდრო ჰყვნა. არამედ იოთამ ჟამთა მჭურეტი ჟამ იყვის ბატონის თეიმურაზისა თანა, ჟამ როსტომის წინაშე. შემდგომად შემოიკრიბნა როსტომ მეფემან სპანი თჳსნი და მიუჴდა ბატონს თეიმურაზს მაღაროს. არამედ მისგან მცირედითა სპითა იძლია და მოვიდა ტფილისს. გარნა ამითიცა ვერა რაჲ ავნეს და უმეტესად განძლიერდა, რამეთუ მოირთო ქართველნი ყოველნი და ყიზილბაშნი მონებდენ, ვითარცა ყეენსა.

ამისი მხილველი ზაალ ერისთავი ევედრა როსტომ მეფესა, რათა შეიწყალოს და განუტეოს თეიმურაზ, და მივიდეს წინაშე მისსა. ამისთჳს უბრძანა როსტომ წარსლვა წინაშე ყეენისა, ვინაჲთგან სწადდა როსტომს დამორჩილება ქართლისა ყეენისაგან, ვითარცა სხუათა სახანოებთა, და მისთჳს წარავლინებდა მუნ ყოველთა, და განუწესებდა როქსა და განკუეთილსა, რათა მით არღარა უარჰყონ ქართველთა ყიზილბაშნი. მსმენელი ზაალ ერისთავი და უღონოქმნილი წარვიდა წინაშე ყეენისა. ხოლო ყეენმან პატივ-სცა ზაალს, ჰყო მაჰმადიანად, ანიჭნა და გამოუტევა, მოვიდა დუშეთს და მსახურებდა როსტომს მიერითგან. ხოლო როსტომ დასუა კათალიკოზად ურდუბეგაშვილი ქრისტეფორე, კაცი სახიერი. არამედ კუალად შეს[443 გვ.]ძინა როსტომ, რამეთუ სჳმონ მოყიდულთა ტყუეთა წარუვლენდა ყეენსა. ხოლო ესე გამოიყვანდა მთავართა და აზნაურთა შვილთა, ვაჟთა და ქალთა, და წარუგზავნიდა. ამისთა მხილველთა ქართველთა იწყეს იდუმალ ტყჳს-ყიდვა, ქურივთა და ობოლთა, რამეთუ განმრავლდა სიბოროტე, ვინაჲთგან არღარა იყო ზრუნვა სულიერი და არა ზრუნვიდა მეფე სუფევისა და ქუეყანისათჳს, გარნა განცხრომისათჳს, ვითარცა წესი არს მოჰმადიანთა. ამისთჳს მიიტაცეს მთავართა თჳს-თჳსნი მჴარენი, ქუეყანა-ციხე-სიმაგრენი სამეფოთანი და დაბნები.

ხოლო წელსა ქ~სა ჩქმბ, ქარ. ტლ, თათრულს ქ{ორონი}კ{ო}ნს ჩიბ [1642 წ.] მოკუდა შაჰ-სეფი და დაჯდა ძე მისი შაჰ-აბაზ. ამათ ჟამთა შემდგომად შემოიკრიბნა მეფემან როსტომ სპანი შესლვად კახეთად. მაშინ ბატონი თეიმურაზ იდგა თიანეთს. ხოლო როსტომ წარავლინა ვახტანგ მუხრან-ბატონი სასპასპეტოთა თჳსითა თიანეთს და ყიზილბაშნი მოგზავნა მაღაროს. მისრულსა ვახტანგს ზაალითურთ ეწყუნენ თიანეთს უღლისს თეიმურაზისანი და ბრძოლასა შინა მოიკლა ამათგან თოფით რევაზ ჩოლაყაშვილი და ივლტოდენ თეიმურაზითურთ, მიუდგა როსტომ და ჩავიდა თეიმურაზ კახეთს.

ხოლო მაღაროს ყიზილბაშთა მოკლის დათუნა, ძე ბატონის თეიმურაზისა, და მოართუეს თავი როსტომს, ქ~სა ჩქმჱ, ქარ. ტლვ, თათრულს ქ{ორონი}კ{ო}ნს ჩ{ვე}ნჱ [1648 წ.]. არამედ ვითარცა შემპყრობელს როსტომს ბატონის თეიმურაზისასა მოეგება ხვარაშან დედოფალი, რომელი იყო ბიძისშვილიშვილი როსტომისა. ესე ევედრა, რათა განუტეოს მშჳდობით. ხოლო როსტომ პატივ-სცა მას, ვითარცა დასა და აღუსრულა ნება მისი, მისცნა ცხენნი და ჯორნი, უძღუნნა მრავალნი, წარუძღუანა კათალილოზი და წარგზავნა იმერეთს ღამესა მას, და თჳთ როსტომ შთავიდა კახეთს და დაიპყრა კახეთი. ხოლო თავი დათუნასი წარუვლინა ყეენს და აუწყნა ყოფილნი, მერმე განაგნა საქმენი კახე[444 გვ.]თისა და მოვიდა ტფილისს. ამისთჳს მოანიჭნა ყეენმან ნიჭნი დიდნი და იშუებდა მარადის როსტომ. გარნა არა ესუა შვილი და შვილად თჳსად მოიყვანა ისპაანიდამ სჳმონ მეფის ძის ვახტანგის ძე ლუარსაბ და ესე ჰყო ძედ თჳსად.

ჩანართი (m)

"არამედ სომეხთ მეისტორიე ზაქარია მთავარი წ{მიდ}ის იოანეს მემონასტრე. ჰსწერს ისტორიასა შინა სომეხთასა ამ ლუარსაბის ძმობასა თჳთ ამ მეფის როსტომი(რ)ს ესრეთ რ{ომე}ლ (როსტომ მეფე, რ{ომე}ლიც აღვსწერეთ ნათესავთაგან ბაგრატიონთა: ხ{ოლო} შ{ემდგომა}დ დაცემისა მეფობისა მათისა, და შემუსრჳსა ანისსა. და ნაშთნი ნათესავთაგანნი ბაგრატოვანნი წარვიდნენ ქ{ვე}ყანასა ქართლისასა, და შეუდგნენ, მეფეთა მათთა, და იქმნენ ზედამხედუ̂ჱა ყ{ოველ}თა საქმეთა ზ{ედ}ა ქართლისათა):

"ხ{ოლო} ოდეს აღიხოცაცა თავისუფლებითი მეფობა ქართლისა, და შევარდა ქუჱშე ჴელთა სპარსთასა, და იგინი მისცემდიან მეფობასა ბაგრატიონთ გუ̂ართა და ფლობისათჳს ყ{ოველ}თა საზღუართა ქართლისათა: ხ{ოლო} შთამოისირნენ (?) ბაგრატოვანნი შვილითი შვილად ვ{იდრ}ე ამ მეფის როსტომადმდე, რ{ომე}ლ{მა}ნცა ჰშუა ძე ერთი ცოლისა თჳსისა ლეონ დადიანის ასულის მარიამისაგან, რ{ომე}ლსა ეწოდებოდა საჴელად ლუარსაბ რ{ომე}ლსაც ჰსცჳდა მემკჳვრედ თჳსად:

"ხ{ოლო} დღესა ერთსა წარიყუანა ძე თჳსი მრავლითა სპითა სანადიროდ ადგილსა მას ყარა იაზად წოდებულსა (რ{ომე}ლ არს შავზაფხული) ჰსდევნიდენ ნადირთა, და ყ{ოველ}ნი ისწრაფდნენ კლუასა ნადირისასა, და სიმრავლეთაგან თოფთა ცემისა მოჰსწყლეს ძე მეფისა ლუარსაბ, და მოკუდაცა. ა{რამე}დ როსტომ შეშინებული თავის თჳსისაგან შეივლტოდა ქალაქად ტფილისად: და შ{ემდგომა}დ ჰყო გამოძიება მკულელთა ძისა თჳსისათა, გარნა ვერ უძლო პოვნად. ა{რამე}დ ბრალი დაჰსდუჱს ორსა კაცსა, ერთს ეწოდებოდა ბაადურ სომეხი გუარათ მამიკონიანთ ნათესავთაგანი (რ{ომე}ლთა უხმობენ აწ თუმანიანთ) და სახელი მეორისა შიოშ ქართუჱლი, გუარად ბარათაშვილი. ამათ ჰსდებდნენ ბრალსა, თქუე]ნ იყავით ახლოს მის ოდეს იგი მოჰკლესო, ანუ თქუჱნ უწყით მკულელი მისიო, და ანუ თჳთ თქ{უჱ}ნ მოჰკალითო.

"ხ{ოლო} განძლიერდა რა ხმა ესე სომეხნი იტყოდნენ ქართუჱლს მოუკლავსო. და ქართუჱლნი იტყოდნენ სომეხსაო. შ{ემდგომა}დ აღიძახეს სამართალიო (ესე არს სამართალი ბრძოლა ვინ იძლიოს მას მოუკლავს შვილი მეფისაო:

"ხ{ოლო} დაემტკიცა რა სიტყუა ესე მათ შ{ორი}ს რ{ათ}ა განვიდნენ ორნივე მხოლოდ შეჭურჳლნი საჭურუჱლითა. და ამბორს უყუჱს მუხლსა მეფისასა. და განვიდნენ აღმოსავლით კერძო ქალაქისასა კლ]დესა მას მტკუ̂რისასა:

ხ{ოლო} ქუჱგამხედუჱლთა გუ̂ართა ქართუჱლთამან ცხადად ასწავეს ორთავ. ოდეს განსხდეთ ასპარეზად ნუ შეიბმით. ა{რამე}დ მიმოარბიეთ ცხენნი ამიერ და იმიერ [445 გვ.]ნუ თუ შეეწყალოთ მეფესა და არა მიგიშუათ საკუდავად ურთიერთისად:] ა{რამე}დ ბირება ესე ჭ{ეშმარი}ტი ეგონა ბაადურს.

ხ{ოლო} ვ{ითარც}ა არს ჩუჱულება ქართუჱლთა გუართა იდუმალ მისა განაძრახეს შიოშ შენ არა ძალგიძს პირისპირ ბრძოლა მის ამისთჳს არა ხარ ტანითა ეგეოდენი და ძლიერი. ა{რამე}დ უღონო ხარ. და ბაადურ არს მძლე ახოვანი ტანითა და ძლიერი, ა{რამე}დ ოდეს ათამაშებდეს იგი ცხენსა, შენ ეცადე განგმერასა მისა შუბითა, ნუ თუ დასცე იგი ქ{ვე}ყანასა;

"შ{ემდგომა}დ ორნივე ზოგად განვიდნენ ასპარეზსა, და მეფემან მათ წარატანა სამნი თათარნი, და უბრძანა რ{ომე}ლიცა მათგანი დაეცეს ქ{ვე}ყანასა თქუჱნ დაიფარეთ იგი, და ნუ მიუშვებთ საკუდავად;

"ხ{ოლო} ბაადურმა წარიხლტუნა რა ცხენი წინ შიოშისა. და იგი შ{ემდგომა}დ მისსა. ა{რამე}დ შიოშ ჩაეკრა უნაგირსა შ{ინ}ა და შუბი მიიმარჯუა პირისპირ ბაადურისა და აძგერა შუბი ჭიპს ქუჱით და განავლო რა შუბმან ჴორცსა და ტყავს შუა იმიერ გასჩარა, მაშინ ბაადურ გაფიცხდა სიმწარით. წაა]რთო შუბი ჴელთაგან შიოშს. და დაადუა წინ უნაგირის თავსა და დაჰსცა ლახტი. და შემუსრა ტარი შუბისა. და გარდააგდო ქუჱყანათ. და დაშთა შუბი მუცელსა. და შიოშ ევლტოდა ბაადურს, ხ{ოლო} ბაადურმა ჰკრა მათრახი ცხენსა და მოსწუდა მსწრაფლად. და ჰსცა ლახტი კისერსა ზ{ედ}ა მისსა და დამოეკიდა ცხენსა შიოშ. კ{უალა}დ ლამოდა ბაადურ დაკუ̂რასა რადგან ტარი ლახტისა შესრვოდა სისხლთაგან. წარსხლტა ჴელთაგან და განვარდა, მოიკრა ჴრმალს ჴელი რ{ათ}ა ჰსცეს რადგან იყო შიოშ გონება მიხდილი ლახტისა და შიშისაგან დაეცა ქ{ვე}ყანასა და ბაა]დურის მოქნეული ჴრმალი მოხუდა ცხენს უკანას გაზებში ს{რულია}დ დაკუჱთა კ{უალა}დ ჰლამოდა დაკურასა.

"ხ{ოლო} თათარნი იგინი გარდაეფარნენ შიოშს და აღარ მიუშვეს მოსაკლავად ბაადურ:

"ამის შ{ემდგომა}დ სომეხნი და თათარნი შეკრებულნი მივიდნენ აღამაღლეს ბაადურ და მიიყუანეს მეფესთან. და უბრძანა მეფემან მკურნალთა რათა განკურნონ იგი, და შეიყუ̂არა უმეტეს ზომისა. და ბრძანა რ{ათ}ა განთიად განიყუ̂ანონ უძღები შიოშ და წუ̂ლილად აკუწონ და მისცენ ძაღლთა.

"ა{რამე}დ ჰყუანდა მას ძმა ერთი საჴელით ქრისტეფორე რ{ომე}ლ იყო მოძღუ̂არი დედოფლისა (რ{ომე}ლიცა შ{ემდგომა}დ იქმნა კათოლიკოსად). ესე შევიდა შეევედრა გამოხსნისათჳს ძმასა თჳსისა დედოფალსა. და დედოფალი ევედრა ქმარსა თჳსს]ა და არღარა მოჰკლეს იგი. გარნა რაჲცა აქუნდა შიოშს მსახურნი მხევალნი სოფელი ვენახნი პირუტყუნი და სხუანი, ბრძანა რ{ათ}ა ყ{ოველ}ივე მისცენ წერილით ბაადურს. და აღჰსრულებელთა ბრძანებისამებრ მისისა ჰყუჱს და ამჟამად ქართუჱლნი მცირედ რადმე დამდაბლდნენ ამაყობისაგან რა სომეხთა ლექსი გაელექსათ ენითა მათითა და მუხლთა დასასრულ იყო ესე (შიოშ გაიქე ბაადურ მოდის), ოდეს იმღერდნენ ამას ყრმანი მიმდგომთა მისთა ჰრსცხენოდათ:

"ესმა ესე ჴელმწიფესა ერანისასა სანიბას (რ{ომე}ლ არს მცირე შააბაზ) უხმო ბაადურს. მისცა მას მთავრება დიდი ტფილისის ქალაქისა: იქმნა რიცხუსა სომ[446 გვ.]ხურსა : ხ{ოლო} ქრისტეს აქეთ: ... რომელიცა ისტორია ესე არს ეჩმიაძინსა შ{ინ}ა და ყოველსა ევროპიასა. სომხურსა ენაზედა დაბეჭდილი.

არამედ შენებასა შინა გატეხილ-ჴიდისასა იდგა როსტომ ხუნანს და დღესა ერთსა განვიდა ლუარსაბ მოასაკითა თჳსითა ნადირობად ყარაიის ჭალისა. ხოლო სროლასა თოფთასა ხროსა ზედა ირმისასა მიხუდა თოფი ლუარსაბს და მოკუდა იგი.

ამისი მსმენელი როსტომ დამძიმდა ფრიად, რამეთუ მოსწყდა თესლი დიდისა ლუარსაბ მეფისა. გარნა ეპყრა როსტომს ქართლი, კახეთი და იყო უფროს განცხრომა-შუებასა შინა. არამედ ოდეს მოუკუდა შვილებული თჳსი, არღარა ვინ ჰყვა უახლოესი ტომი თჳსი და თჳთცა ფრიად მოხუცდა. ამისთჳს გაიშვილა ვახტანგ მუხრანის ბატონი, ძე თეიმურაზ მუხრანის ბატონისა, რომელი მოკლა მარაბდის ომსა შინა (რამეთუ თეიმურაზ იყო ძე ვახტანგისა, ვახტანგ ძე ბაგრატისა და ბაგრატ ძე ო̃თ მეფის კონსტანტინესი). ესე ვახტანგ წარავლინა როსტომ წინაშე ყეენისა, რათა მისცეს აწ გამგეობა ქართლისა და შემდგომად მისა მეფობა, ქ~სა ჩქნგ, ქარ. ტმა [1653 წ.]. ხოლო ყეენმან პატივით შეიწყნარა ვახტანგ (ვინაჲთგან უსმენდა როსტომს რასა იგი იტყოდა), და ჰყო მოჰმადიან და უწოდა შანავაზ. მერმე მისცა ნიჭი დიდი და წარმოავლინა ქართლს გამგედ. მოსრული ვახტანგ მიერითგან მართვიდა საქმესა ქართლისასა. კუალად ქ~სა ჩქნმ, ქარ. ტმდ [1656 წ.]ჩამოვარდა გუმბათი მცხეთისა და აღაშენა როსტომ მეფემან. არამედ ვითარ მოხუცდა, ვითარცა უძლები, დასუა კახეთს ბრძანებითავე ყეენისათა სალიმ-ხან, და ზაალ ერისთავს მისცა ერწო-თიანეთი. არამედ საქმესაცა კახთასა ჰკითხვიდა სალიმ-ხან ზაალს. ხოლო [447 გვ.] მოკუდა რა დადიანი ლევან და დაჯდა ლიპარიტ, მერმე ალექსანდრე მეფემან იმერთამან დასუა ვამიყ, და ამათს შფოთებასა შინა აშუელა ლიპარიტს როსტომ მეფემან საციციანოსი, საავალისშვილოსი და რომელნიმე საბარათიანოსა სპანი, რამეთუ ძმა იყო ლიპარიტ მარიამ დედოფლისა. არამედ ბანძას ბრძოლასა შინა შეიპყრნეს ქართველნი, დააჴსნევინეს ვეცხლითა თავნი და გამოუტევნნეს.

შემდგომად იხილა ვახტანგ გამგებელმან მოხუცებულობა და სიკუდიდ მიახლება როსტომისა, აუწყა ყეენსა. ხოლო ყეენმან წარმოავლინა სანდო თჳსი ხილვად როსტომისა. ამ ჟამსა მოკუდა მეფე როსტომ, ქ~სა ჩქნჱ, ქარ. ტმვ [1658 წ.]. არამედ სარწმუნომან ყეენისამან რა ვერღარა იხილა ცოცხალი როსტომ, ყეენის ცნობადმდე შეიყვანა დედოფალი მარიამ ციხესა შინა ტფილისს და საგანძურს როსტომისასა დაადგინეს დარაჯანი. ხოლო ზაალ ერისთავი არა მნებებელი ვახტანგის მეფობისა მოვიდა და დადგა ავლაბარს. და ესე ყოველი აუწყა ყეენსა ვახტანგ. არამედ მსმენელმან ამისმან ყეენმან მოსცა მეფობა ქართლისა ვახტანგს და ნიჭნი დიდნი და საგანძურნი როსტომისანი და დედოფალი მარიამ რათა შეირთოს ცოლად. ამისი მცნობელი ზაალ ერისთავი უკუნ-იქცა დუშეთს და არღარა ინება მონება ვახტანგისა და უარჰყო მზახლობაცა მისი, რამეთუ ასული ვახტანგისა მოეთხოვა ზაალს ძისა თჳსისათჳს. ხოლო ვახტანგს შეუძნდა შერთვა მარიამ დედოფლისა, ვინაჲთგან ესუა ცოლი ასული ყაფლანისა როდამ სიკეთითა აღმატებული, არამედ უღონო ქმნილმან განუტევა როდამ და იქორწინა მარიამსა ზედა.

პ̃ვ. მეფე ვახტანგ ე̃, გინა შაჰნავაზ ა̃, წელი მეფა

[edit]

ხოლო დაჯდა მეფედ ვახტანგ და დაიპყრა ქართლი და განაგებდა კეთილად (წოდებული ყეენისაგან შანაოზ). ხოლო მოკუდა რა ალექსანდრე მეფე იმერთა და მეფობდა ბაგრატ უთუალო, მიუწოდეს ვასტანგ მეფესა იმერთა, შეკრბა ვახტანგ და დადგა ფცას. არამედ ზაალ ერისთავმან მოსწყჳდნა ელნი კახეთს და მტერობდაცა ვახტანგ * მეფესა. ამისთჳს უკმოიქცა და უბრძანა ძმისწულთა ზაალისათა და დისწულთა თჳსთა, რომელნი განბოროტებულნი იყვნენ მისგან, რათა მოკლან ზაალ. ამათ მისრულთა დუშეთს თავისწინაობასა შინა მოურთეს ექუსთა მახჳლნი და მოკლეს ზაალ ერისთავი ბიძა თჳსი, ქ~სა ჩ̃ქჲ, ქარ. ტ̃მჱ, მაისს თ̃, კჳრიაკესა.

ამის წილ მეფემან მისცა ოთარს ერისთობა, ედიშერს - მსაჯულთუხუცობა, იასონს - დედოფლის სალთხუცობა. ხოლო ძენი ზაალ ერისთვისანი ივლტოდენ სამცხეს. მისწივნა მეფემან კაცნი, შეიპყრნეს ტბისყურსა ზედა და მოართუეს. ხოლო მეფემან წარუგზავნა ყეენსა იგინი.

კუალად მისცა ქსნის ერისთობა იესეს და დაიპყრა უმეტეს ქართლი, რამეთუ ერთგულებდნენ ესენი ფრიად.

ამავ ჟამსა შინა განიყვეს იმერეთი მეფემან ვახტანგ და დადიანმან ვამიყ და ბუჯის-წყლის აღმოსავლეთის კერძი დარჩა ვახტანგს და დასავლეთის კერძი დადიანსა, ქ~სა ჩ̃ქჲ, ქარ. ტ̃მჱ, დაეპყრა ვახტანგს ქართლი, იმერეთი და კახეთი მიერ ჟამითგან, ოდეს მოსწყჳდნა ზაალ ელნი:

ამასვე ქორონიკონს მოკუდა კათალიკოზი ქრისტეფორე, დასუა მეფემან ბიძაშვილი თჳსი დომენტი, კაცი ღირსი საყდრისა. კუალად ამათვე ჟამთა მოითხოვა ყეენმან ასული ვახტანგ მეფისა ანუკა ცოლად, მოვიდნენ საჭურისნი ყეენისანი და წარიყვანეს დიდითა დიდებითა. ხოლო მარიამისა თანა არა ესუა მეფესა შვილნი, არამედ როდამის თანა ესხნენ ძენი: არჩილ, გიორგი, ლევან, ალექსანდრე, ლუარსაბ, სოლომონ. და ასულნი ანუკა და თამარი. ხოლო ინება მეფემან მოყვანება დადიანის ასული ცოლად არჩილ ძისა თჳსისათჳს, მოითხოვა, მან მოსცა და დაიმზახლნენ. არამედ ჰყვა დადიანს ცოლი გლისპი და აიძულებდა ქმარსა თჳსსა არა ყოფად ამისსა სიშორისათჳს. უსმინა მანცა და მისცა ღოღობერიძეს ქალი იგი ცოლად. გარნა შეჩენითა მეფისათა მოკლეს ღოღობერიძე იმერთა. ამას ზედა შემოიკრიბნა სპანი ქართლისანი და რომელნიმე კახნი მეფემან, მივიდა და დადგა ალს. მსმენელი დადიანი შეკრებული სრულიად იმერეთით მოვიდა საჩხერეს და დადგა მუნ. მაშინ მეფე ეზრახა იმერთა, მოერთო აბაშიძე პაატა, რაჭის ერისთავი პაპუნა და ლაშხისშვილი ხოსია თავ-ლეჩხუმისა, გარდავლო მეფემან მთა ლიხისა.

იხილა დადიანმან, ვერღარა დაუდგა და წარვიდა ოდიშს. შთასრულმან ვახტანგ მეფემან იმერეთს, შემოიკრიბნა სრულიად იმერნი და მოადგა სკანდას. ხოლო ბატონი თეიმურაზ ყოველგნით უღონო-ქმნილი, სკანდას ციხესა შინა მყოფი, ევედრა შანაოზ მეფესა, თუ წარგზავნოს წინაშე ყეენისა, მოვიდეს მის თანა. ესე მეფემან სიხარულით შეიწყნარა. მერმე მოსრული ბატონი თეიმურაზ დიდითა პატივითა მიითუალა და წარმოავლინა ტფილისს და თჳთ მეფე მივიდა ქუთათისს, აღიღო ქუთათისი და ყოველნი ციხენი იმერეთისანი და შეაყენნა გუშაგნი თჳსნი ქ~სა ჩ̃ქჲა, ქარ. ტ̃მთ.

შემდგომად შთავიდა მეფე ოდიშს, ვერ წინააღუდგა დადიანი, არამედ ივლტოდა სვანეთს. ხოლო ბრძანებითა მეფისათა შეუჩინა ლაშხისშვილმან ხოსიამ კაცი, და მოკლეს დადიანი მუნ. მაშინ მეფემან მოსტყუენა ოდიში და აღიხუნა ციხენი. მერმე მოადგა ჭაქვითს ციხესა შინა მყოფს ცოლშვილსა დადიანისასა. მცირედ ხანსა შინა გამოიყვანნა იგინი და გამოიხუნა საჭურჭლენი მრავალნი დადიანისანი და ჰპოვა მუნ ხატი ოქონისა, რომელი დაშთა მეფესა სჳმონს. შემდგომად მოვიდა ზუგდიდს, მუნ მოერთო შარვაშისძე აფხაზითურთ დიდითა ძღუნითა. მერმე დასუა დადიანად ოდიშს ლევან. შემდგომად შემოიქცა დიდითა ალაფითა და ტყჳთა, და მოვიდა ქუთათისს. მუნ მოერთო გურიელი დემეტრე, შემოკრებულთა იმერთა ნებითა აკურთხა მეფედ იმერთა ძე თჳსი არჩილ ქუთათისს და დაუტევა იმერთა. კუალად დადიანს ლევანს მისცა ძმისწული თჳსი თამარ ცოლად და თჳთ წარმოვიდა, და წარმოიყვანა ბაგრატ მეფე უთუალო და მოვიდა ტფილისს გამარჯუებული. მაშინ წარავლინა ბატონი თეიმურაზ წინაშე ყეენისა და წარატანა გივი ამილახორი და მიუძღუანნა არმაღანნი და ტყუენი ოდიშარნი. ამისთჳს განიხარა შაჰაბაზ და მოსცნა ნიჭნი დიდნი მის წილ მეფესა.

შემდგომად ამისა აცნობა ახალციხის ფაშამან ხონთქარს ვახტანგ მეფისაგან დაპყრობა იმერეთისა. მსმენელმან ხონთქარმან წარმოუვლინა დესპანი ყეენსა მეტყუელმან: "არს ზავი ჩუენ შორის და აწ დაუპყრავს იმერეთი შამათზ მეფესა და, უკეთუ გნებავს, ვბრძოთ ურთიერთსა". ამის მიერ მოუმცნო შანაოზ მეფესა ყეენმან, რათა წარუვლინოს ძე თჳსი არჩილ მას და მან მისცეს ქუეყანა უმჯობესი და ნუ იქმნების მშლელი ზავთა მათ შორის. ამისთჳს მეფემან მოიყვანა ძე თჳსი არჩილ და წარატანა გივი ამილახორი, და წარგზავნა წინაშე ყეენისა ქ~სა ჩ̃ქჲგ, ქარ. ტ̃ნა.

ხოლო ესე გივი სიძე მეფისა იყო, რამეთუ ასული მეფისა თამარ ჰყვა ცოლად. ხოლო ოდეს მოსრნა ზაალ ერისთავმან ელნი კახეთს, მაშინ მოუწოდა ამ ზაალ ბატონის თეიმურაზის ძის ძეს ერეკლეს რუსეთიდამ, რათა ჰყოს მეფედ, და ამ ჟამთა მოსრულ იყო თუშეთს და ბრძოდა კახეთს. ესე აცნობა შამაოზ მეფემან ყეენსა, და მან მოუმცნო, ანუ შეიპყრას ანუ განაძოს ერეკლე, და მოსცნა ყოველნი ხანნი, რომელნი მორჩილებდნენ როსტომ მეფესა. მაშინ შემოიკრიბნა სპანი და უჩინა სპასპეტად დათუნა ძმისწული თჳსი მეფემან და წარავლინა კახეთს.

მოვიდაცა ერეკლე კახთ სპითურთ ურიათუბანს, ეწყუნენ მუნ ქართველნი და ბრძოლასა იძლივნენ კახნი, და ივლტოდა ერეკლე და შევიდა თორღის ციხესა შინა. ხოლო ქართველნი მოვიდნენ წინაშე მეფისა. მასვე ჟამსა შემოიკრიბნა მეფემან სპანი თჳსნი სრულიად ხანებითურთ და მოვიდა თორღას და მოადგა გარს. ხანსა რაოდენსამე შინა შემჭირდნენ ციხოანნი. ამისთჳს დედამან ერეკლესამან მოუგზავნა მეფესა ვედრება, რათა განუტევოს ფარულად: "რამეთუ უჯერო არს შენდა ტყუეობა და მაჰმადიანობა ჩუენი". უსმინა მეფემან და განუტევა ფარულად და წარვიდა ერეკლე თუშეთს ქ̃ა ჩ̃ქჲდ, ქარ. ტ̃ნბ.

ხოლო შანაოზ აღიღო ციხე თორღისა და ყოველი კახეთი, დაიპყრა იგი და მოვიდა ტფილისს. არამედ არჩილს შთასრულსა მაზანდარანს პატივ-სცა ყეენმან და შეიყუარა ფრიად. მერმე მაჰმადიანჰყო გივითურთ, მისცნა ნიჭნი დიდნი და კახეთი სამეფოდ, წარმოავლინა და მოვიდა კახეთს ამასვე ქორონიკონსა.

ამ ჟამებთა კუალად იწყო ერეკლემ კირთება კახეთისა. ხოლო ამისი მსმენელი შანაოზ მეფე შეკრებული სპითა მივიდა კახეთს და დადგა აწყუერს. მხილველი ერეკლე ივლტოდა თუშეთადვე. ამისთჳს შემდგომად მეფემან განუტევნა სპანი ყოველნი და მცირედითა წარჩინებულითა და სპითა დადგა აწყუერსავე. ესე უსპობა მეფისა ამცნეს კახთა ერეკლეს და მოუწოდეს მას და მისცეს პირი მტკიცე. მოვიდა ერეკლე თუშ-კახითა და დაესხა მეფესა ღამესა ბნელსა. არამედ შესცთენ მეფის კარვისა დამსხმელნი და დაესხნენ ამილახორისასა. მაშინ გივი ივლტოდა შიდა ქართველით და განჰყვნენ საციციანონიცა და სულტანი ბაიდრისა. გარნა დაშთნენ რომელნიმე მათგანნიცა.

ხოლო მეფემან უბრძანა გამაგრებად ყოველთა სადგურთა თჳსთა, და თჳთ შევიდა ტალავარსა ერთსა ძით თჳსით არჩილით და მოსრვიდნენ მოსრულთა თუშთა ეგრეთ. მაშინ აგინებდა მეფესა თუში ვინმე ბილწად, ამაზედ განვიდა თამაზ თურქისტანისშვილი, ბრძო და მოკლა იგი და მოართუა თავი მეფესა. მერმე რიჟრაჟსა ბრძანა მეფემან დაძახება ბუკისა და აღსხდომა ცხენთა. მსმენელთა თუშთა ჰსცნეს მუნვე ყოფა მეფისა და მყისვე ივლტოდნენ. მიეწია ციციშვილი ზაზა სპასპეტი საბარათიანოსი მარტო და შეაყენნა იგინი. არამედ მისლვასა სპათასა ეკუეთნენ ძლიერად და შემუსრა ბრძოლითა ზაზამ შუბი ხუთი. გარნა მოსწყჳდნეს სიმრავლითა, რამეთუ აღაგო თავთა მათთაგან კოშკი მეფემან და ტყავნი თავთანი წარუვლინა ყეენსა. ამის წილ მოანიჭნა ყეენმან ნიჭნი უზომონი და დიდნი. მერმე შესცვალნა ურჩნი კახეთისანი და დაადგინნა მორჩილნი თჳსნი და დაიპყრა არჩილ კახეთი მტკიცედ.

შემდგომად ამისა მოვიდა შანაოზ ტფილისს. ხოლო სცნა არჩილ, რამეთუ ოთარი არაგჳს ერისთავი და ძმანი მისნი ეზრახვიან გამეფებად ერეკლეს. ამისთჳს წარუხუნა მათ ერწო-თიანეთი. მაშინ ამას ზედა იფიცეს მათ სამსჭუალსა ზედა უცნობელობისათჳს.

ამისთჳს კუალად მისცა ერწო-თიანეთი მათვე. შემდგომად ამისა განდგნენ, რამეთუ აქუნდათ მანკიერება, და აცნობა ყეენსა ოთარ ერისთავმან ერთგულება და მის წინაშე მისლვა. სთნდა ყეენსა, ვინაჲთგან ვახტანგ განდიდნა ფრიად, ჰგონა ამითი დაკნინება მეფისა და მიუწოდა ოთარს თჳს წინაშე. მისცა მეფემანცა გზა და წარვიდა ოთარი. ესე შეუძნდა მეფესა, რამეთუ არა ნებითა მისითა ჰყო ესე ოთარმან. კუალად გოჩაშვილმან იორამ ნებითავე მათითა ინება, რათა იქმნეს მეფედ ყეენის გამო. ამისთჳს შეიპყრა მეფემან და აღმოჴადნა თუალნი და წარუხუნა მამულნი (ესე იორამ იყო ძე გიორგისა, გიორგი ძე გოჩასი, რომელი მოკლეს გორს).

შემდგომად ამისა შემოიკრიბნა მეფემან სპანი და შეუჴდა დუშეთს. ხოლო არჩილ კახთა სპითა მოვიდა თიანეთიდამ. არამედ დაუდგნენ სიმაგრეთა შინა ედიშერ და ძმანი მისნი. ბრძოლასა შინა მოსტეხეს ბაყვი პაპუას, ძმასა ოთარისასა, და პყრობილი მოართუეს მეფესა, და სხუანი ივლტოდნენ. ხოლო მეფე შევიდა და დადგა დუშეთს. გარნა არღარა ინება მეფემან სრულიად მოსპოლვა მათი, ვინაჲთგან იყვნენ დისწულნი და ევედრნენ იგინი ჴრმად-კისერს კიდულნი. ამისთჳს შეუნდო მეფემან და მისცნა მათნი ყოვლნი, უკმოიქცა და მოვიდა ტფილისს. შემდგომად მოვიდა ოთარი, რომლისათჳს მიეცა ყეენსა ერისთობა, დაუმტკიცა მეფემანცა, და მიერით სამჭულის ერთგულობდნენ ფრიად. შემდგომად მცირედისა მოკუდა ოთარი და ედიშერ (იტყოდნენ სამსჭულის ტყუილად ფუცვისათჳს) და დასუა მეფემან რევაზ, ბიძა მათი ერისთავად.

ხოლო ესე ვახტანგ მეფე იყო მჴნე, ახოვანი, ჰაეროვანი, გამოცდილი ბრძოლათა შინა და შემმართებელი, მოისარ-მოასპარეზე რჩეული, ღრმად გამგონე, ღრმად მოუბარ-განმზრახი, უხჳ, ქურივობოლთა შემწყალე, მრისხანე ჯეროვანი და მოწყალე, სვიანი და ღუთის მოყუარე. ამან მოიწყო ქართლი და კახეთი, იმერნი ჟამად ეპყრნეს, ჟამად მსახურებდნენ და უსმენდნენ, მესხნი მორჩილებდნენ. ამან აღაშენა და განავსო ქართლი, თრიალეთი, ტაშირი, აბოცი, რომელსა შინა კაცნი არა იყვნენ; მატა რჯულსა ქრისტეანობისასა და ეკლესიათა, რამეთუ მცდელობდა, რათა როსტომის განრყუნილნი მოეგო კუალად კუალსავე თჳსსა, ვინაჲთგან ჟამსა მისსა ზიარება სისხლისა და ჴორცისა უფლისა ჩუენისა სირცხჳლად უჩნდათ, ამან კათალიკოზით დომენტით კუალად შემოიყვანნა აღსაარებად და ზიარებად. არამედ ვინაჲთგან მთავართა ქართლისათა ვიეთთა აქუნდათ როქნი ყეენისაგან, მის გამო ვერ სცვლიდა მათ თჳნიერ ყეენისა. გარნა ყეენი უსმენდა რაჲ სწადდა მყის, რამეთუ აქუნდა რიდი ამისი.

შემდგომად მოკუდა შაჰაბაზ ქ~სა ჩ̃ქჲზ, ქარ. ტ̃ნე, თათრულს ქორონიკონსა ჩ̃ოზ და დაჯდა შაჰ-სულეიმან ძე მისი. ამასვე ქორონიკონს იძულებითა არჩილისათა დაიჴსნა მეფემან ასული დათუნასი ქეთევან ახალციხის ფაშისაგან, მოიყვანა ტფილისს და უქმნა ქორწილი დიდებული. ხოლო შაჰსულეიმან ინება გათხოვება შაჰაბაზის ცოლყოფილის ანუკასი ასულისა მეფისა, და მოინება შიხალიხან იგი ცოლად და ლორისტნის ხანმან. ჰკითხა ესე ყეენმან შანაოზ მეფესა, რომლისა უნებს მიცემად. ხოლო მეფემან არა ინება შიხალიხან, არამედ ლორისხანი, და მისცეს მას. ამისთჳს აღუდგა მტრად შიხალიხან და მტერობდა მეფესა.

მერმე წარმოუვლინა ყეენმან მეფესა ვეცხლი დიდი, რათა მოავლოს ზღუდე ტფილისს. ხოლო მეფემან აღასრულა რა, დაადგინეს კართა მცველნი ყიზილბაშნი მათ. ესე რა იხილა მეფემან, აღაშენა ქალაქის სამჴრით ასპარეზის თავსა ზედა მტკურის კიდესა სასახლე თჳსად და არღარა შევიდა ტფილისს, არამედ დადგა მუნ. ესე ჰყვეს ყიზილბაშთა, რამეთუ სწადდათ ღამესა ერთსა დაჴშვა კართა და მოსლვა სპათა მათთა და შეპყრობა მეფისა სახლეულითა სრულიად. გარნა ვინაჲთგან იხილეს ესე, დაუტევნეს ტფილისის კარნი და წარვიდნენ. მერმე შემოვიდა მეფე ტფილისსვე, ხოლო გიორგის ძისა თჳსისათჳს მეფესა პირველვე მოეყვანა ცოლი ელიზბარის შვილის ასული თამარი და აწ მოგუარა ლუარსაბს რევაზ არაგჳს ერისთვის ასული მარიამ ცოლად და უქმნა ქორწილი ლილოსა ზედა დიდებით წარჩინებული. კუალად ლევანს მოგუარა გურიელის ქაიხოსროს ასული თუთა ცოლად და უქმნა ქორწილი გორს აღმატებული. მერმე არღარა მოსცეს დუალთა მეფესა ბეგარანი. ამისთჳს მივიდა სპითა ქრცხინვალს შესლვად ოსეთად. მსმენელნი დუალნი შეშინდნენ და მოერთუნენ თავნი მათნი ქრცხინვალს, მოსცეს ბეგარანი და დაემორჩილნენ, ვითარცა პირველ.

ხოლო განდიდნა და იქცეოდა ამაყად ზაზა სპასპეტი მეფესა ზედა. ამისთჳს ინება მეფემან წრთვნა მისი, და მოიყვანა იგი. არამედ ძემან მეფისამან გიორგიმ, რომლისათჳს შეესმინათ, უგვანად ინება შეპყრობა მისი. ხოლო იგი მოწდვილითა ხანჯლითა მიეტევა მონათა მისთა და მოკლა ფავლენისშვილი. ამისთჳს მოკლეს იგიცა ბრძანებითა გიორგი მეფის ძისათა. მსმენელი ამისი დამძიმდა მეფე ფრიად, ვინაჲთგან იყო ნათესავი (გარნა იტყოდიან მართლისა ამის სისხლისთჳს იქმნა შფოთნი ესე ძეთა შორის მეფისათა, ვითარცა დავითისა). ხოლო სპასპეტობა შემდგომად მისა მისცეს თამაზ ყაფლანისშვილს.

არამედ შიხალიხან არა დასცხრა მტერობად მეფისა და იდუმალ ეზრახოდა ახალციხის ფაშას ქრთამის მინიჭებითა, რათა წარიყვანოს ერთი რომელიმე ძე მეფისა. ხოლო ფაშამ ქორიანის გამო, რომელი მწირობდა ქართლს, გარდააქცია ლუარსაბ, ძე მეფისა, დაპყრობად იმერეთისა და წარიყვანა ახალციხეს, რამეთუ ლუარსაბის ცოლი დისწული იყო რაჭის ერისთვის შოშიტასი.

სცნა რა ესე მეფემან, შეუძნდა ფრიად. არამედ ვერარაჲ არგო, და ვერცა რაჲ შეუძლო ლუარსაბ ყოფად. შემდგომად წარუდგა კუალსა მისსა არჩილ მეფე, ძე შანაოზისა, და იგიცა მისლვად ახალციხეს და დაპყრობად იმერეთისად. ამისი მცნობი მეფე შანაოზ ფრიად წყინებული წარმოუდგა ძესა თჳსსა და ვერ ეწია მას. არამედ მისწია კათალიკოზი, რათა მოიქცეს და აცადოს დღე სიკუდილისა მეფესა და შემდგომად რა იგი ენებოს ჰყოს. გარნა არჩილ არღარაჲ ისმინა, არცა შეიგონა ვედრება მამისა თჳსისა.

მცნობელი მეფე მოიქცა ტფილისსვე ფრიად გულკლებული ძისაგან. მერმე აცნობა ყოველნი ესე შანაოზ მეფემან ყეენსა, უგულებელს-ყოფა ძეთა თჳსთაგან, ერთგულება და უცოდველობა თჳსი და, უკეთუ ინებოს, წარსლვა მის წინაშე. ხოლო შაჰ-სულეიმან მოუწერა მისლვად მის წინაშე და წარვიდა მეფე დიდებითა დიდითა და ჴელმწიფურითა, რამეთუ იყო მდიდარ ფრიად და არა რაჲ დაუტევა ძეთა თჳსთა ურჩებისათჳს მათისა, ვინაჲთგან რისხვიდა ფრიად. არამედ განმგებელად ქართლისად დაუტევა ძე თჳსი გიორგი და აუწყა, რათა განაძოს ერისთავი კსნისა იესე, რომელი იყო უკუმდგარი.

ხოლო გიორგის, ძესა მეფისასა, მამისავე ჟამსა შინა მოეყვანა თუშეთიდამ დათუნა ძე შალვასი და იყოფებოდა მის თანა. ამან გიორგი წარავლინა ძმა თჳსი ლევან შიდა ქართლის დროშით; ესენი შეუჴდნენ კსანს და განაძეს იესე და დასუეს დათუნა ერისთავად. ხოლო მეფე შანაოზ შთავიდა ხოშკარს, მუნ სალმობიერ იქმნა და მოკუდა ქ~სა ჩ̃ქოე, ქ{ა}რ. ტ̃ჲგ.

ამისმან მცნობელმან ყეენმან წარმოავლინა კაცი და აღწერნეს ყოველნი ქონებანი მეფისანი და მისცეს ალექსანდრეს და ანუკას, შვილთავე მეფისათა, რამეთუ ესე ალექსანდრე პირველვე წარევლინა ყეენისათჳს მეფესა და იყოფოდა მუნ ტარუღად ისპაანისად. შემდგომად მამისა თჳსისა წილ მიუწოდა ყეენმან გიორგის, ძესა მეფისასა, წინაშე თჳსსა, რათა მისცეს ქართლი და მეფობა. მსმენელი გიორგი, ძე მეფისა წარვიდა წინაშე ყეენისა და დაუტევა ტფილისს გამგედ ქართლისა ძმა თჳსი ლევან. ხოლო მისრულისათჳს გიორგისა ძისა მეფისათჳს არღარა ენება ყეენსა მიცემად ქართლი შაჰ-სულეიმანს შიხალიხანის გამო, არამედ ერეკლესათჳს ძის-ძისა ბატონის თეიმურაზისა.

ამისი მცნობელი არჩილ მეფე სადგერს მყოფი ჩამოვიდა ქართლს და იწყო პყრობა ქართლისა, არათუ თჳსად, არამედ რათა სცნას ყეენმან და მოსწრაფედ წარმოავლინოს ძმა მისი გიორგი. ესმა შაჰ-სულეიმანს დაპყრობა ქართლისა არჩილისაგან, განიზრახა განდგომა ქართლისა, მსწრაფლ მოუწოდა გიორგის და მისცა ქართლი და ნიჭნი დიდნი და წარმოავლინა გამაჰმადიანებული დიდებითა მუნებურითა.

ჟ̃ა. მეფე გიორგი, ი̃ბ წელი მეფა.

[edit]

მერმე მოვიდა გიორგი მეფედ ტფილისს ქ~სა ჩ̃ქოვ, ქარ. ტ̃ჲდ, და განაგებდა ქართლს. ხოლო იყო ესე გიორგი მეფე მჴნე, ახოვანი, ძლიერი ძალითა და ტანითა, შუენიერ-ჰაეროვანი, პირმხიარული, ენატკბილი, უხჳ და მრისხანე, მოისარ-მოასპარეზე უებრო. არამედ მომკუდარ იყო კათალიკოზი დომენტი ქ~სა ჩ̃ქოე, ქარ. ტ̃ჲგ. აწ მეფემან დასუა ძმა გივი ამილახორისა ნიკოლოზ კათალიკოზად. ხოლო ყეენსა ემცნო მეფისათჳს: "ანუ შეიპყრას და წარუვლინოს არჩილ მეფე ანუ განაძოს". არამედ არჩილ, შემდგომად ახალციხიდამ გამოლტოლვილი, იდგა სურამს და, რა აუწყა მეფემან ესე ესრეთ, არჩილ წარვიდა და დაიპყრა იმერეთი.

მერმე კუალად მოითხოვა ყეენმან ლუარსაბ ძმა მეფის გიორგისა. არამედ მომკუდარ იყო სიმამრი ლუარსაბისა რევაზ ერისთავი და დასუა მეფემან ძმა ოთარ ერისთავისა იასონ და წარავლინა მეფემან ძმა თჳსი ლუარსაბ წინაშე ყეენისა. გარნა ესე ყოველნი, რომელნი აღვსწერეთ ანუ აღვსწერთ, ყეენის მიერობასა იქმნებოდნენ შიხალიხანისა მიერ, ვინაჲთგან იყო ეთიმადოვლე და ვეზირი აზამი. უსმენდა ყეენი ფრიად და კუალად დამართა აწცა წინაშე ყეენისა არჩილისაგან იმერეთის დაპყრობა, რამეთუ გუშლის ხონთქარსა გიორგი მეფე, ვინაჲთგან არჩილ იპყრობს იმერეთს ძალითა და შეწევნითა მისითა.

ისმინა ყეენმან და წარმოავლინა სპასალარი აჯი ალიხან და ესე მოვიდა თავრიზს ქ~სა ჩ̃ქოთ, ქარ. ტ̃ჲზ, რათა გარდაბირნოს ქართველნი გიორგი მეფისაგან, და გიორგი მეფესა მოსწერა ყეენმან: "შეიპყარ არჩილ და წარმოავლინე წინაშე ჩემსა ანუ განაძე". ესე კუალად აუწყა არჩილს გიორგი მეფემან. ამისთჳს არჩილ წარვიდა დუალეთს. ხოლო გიორგი მეფემან აუწყა ყეენს განძება მისი. არამედ კუალად მოუწერა ყეენმან გიორგის მუნიდამაც განძება არჩილისა. ამას ზედა წარავლინა მეფემან გიორგი ძმა თჳსი ლევან და ამილახორი გივი არჩილ მეფისა თანა, და მიუთხრნა ესე ყოველნი. ამის მიზეზისათჳს არჩილ ითხოვა სამსჭუალი ქრისტესი და სუდარი და საბელი: "უკეთუ მომცეთ, წარვიდე რუსეთს". ესე შეუძნდათ მეფესა, კათალიკოზ-ეპისკოპოსთა და მთავართა. გარნა შემდგომად მას პირსა ზედა მისცეს ესენი და წარვიდა არჩილ რუსეთს (და მოაკლდა მიერით ნიჭნი ესე ღუთისანი ქართლს). არამედ კუალად არა დასცხრა შური შაჰ-სულეიმანისა გიორგი მეფესა ზედა და მცდელობდა შემუსრვასა მისსა შის-ალიხანის გამო, და უბრძანა აჯი ალიხანს მტერობა მეფისა. არამედ სიმჴნითა გიორგი მეფისათა ვერა რაჲ ავნეს ჯერეთ. ხოლო ჟამთა ამათ ისჯებოდნენ მამულთა ზედა ციცი და ძმისწულნი მისნი, ძენი ნოდარისანი წინაშე მეფისა კოჟორსა ზედა. მაშინ ციცი წარმოვიდა ტფილისს აბანოდ და დახუდენ იშიშუტრუქის ჴიდს ზეით ფარსადან, პაატა, ვახტანგ, ნოდარ და ამილდაბარ ძმანი, მოჰკლეს ციცი და ივლტოდენ მამულსა თჳსსა. განრისხებული მეფე მიუჴდათ, არამედ გაესწრნენ იგინი. ხოლო აზნაურნი, შემზრახნი მათ თანა მოსწყჳდნა და მისცნა მამულნი ციცის, ძესავე ციცისასა, და სიმცირისათჳს მოუდგინა მუხრანის ბატონისშვილი პაპუა და თჳთ მეფე მოვიდა კოჟორსა ზედავე.

ხოლო ესე ვახტანგ მივიდა შემდგომად დუშეთს, რამეთუ ქალი ოთარ ერისთვისა ჰყვა ცოლად (იტყჳან შეჩენითა მეფისათა: უკეთუ მოჰკლას იასონ, ვახტანგს მისცეს მამული თჳსი მეფემან, და ამან მოაშთო განსავალსა შინა), ხოლო იმერეთს ჯდა გურიელი გიორგი მეფედ და არღარა მგონებელმან მეფემან არჩილის მოსლვისამან ინება, რათა ჯდეს ნებისმყოფელი თჳსი იმერეთს ძალისა თჳსისათჳს და პირველვე მოპარვით მოყვანილი ალექსანდრე, ძე ბაგრატ მეფის უთუალოსი, ქ~სა ჩ̃ქოჱ, ქარ. ტ̃ჲვ, რომელსა ზრდიდა ძეებრ, ინება აწ ამისი მეფობა იმერეთს, მიუწერა ახალციხის ფაშას, რათა ჰყოს ალექსანდრე იმერეთს მეფედ. ხოლო ფაშამ აუწყა ხონთქარსა. შემდგომად მოთხოვნითა ფაშისათა წარგზავნა მეფემან ალექსანდრე დიდითა პატივითა ქ~სა ჩ̃ქპბ, ქარ. ტ̃ო.

ამასვე ქორონიკონსა მოკუდა დედოფალი მარიამ, შემდგომად მოკუდა დედოფალი თამარი, ცოლი მეფისა, რომელი იყო კახთბატონთა ტომისა, ქ~სა ჩ̃ქპგ, ქარ. ტ̃ოა.

ხოლო ალექსანდრე მეფემან სძლო რა გურიელს გიორგის როკითს, წარმოუვლინა მეფესა მახარობელი და მადლობა, რამეთუ მის მიერ ექმნა ყოველნი და აწ ღირს ჰყოს და მისცეს ასული თჳსი მარიამ ცოლად. ესე არა ინება მეფემან არჩილის გამო და მიზეზ-ჰყო დაწინდვა დავით ერისთვისაგან და მისცა ნიჭი დიდი კაცსა მას და წარუვლინა. მერმე კუალად მოეთხოვა ალექსანდრეს ელენე, ასული ლუარსაბ ძმისა მეფისა, და ესე აღუთქუა მეფემან მიცემად.

შემდგომად ამისა ინება მეფემან მზახლობა რაჭის ერისთვის პაპუნასი და მოითხოვა ასული მიქელაძის გიორგისა ხუარაშან, რამეთუ იყო პაპუნას მამიდასშვილი, მოიყვანა კოჟორსა ზედა და ჰყო ქორწილი წარჩინებით დიდებული ქ~სა ჩ̃ქპზ, ქარ. ტ̃ოე, რათა აქუნდეს მწედ იგინი. ხოლო აჯი ალიხან წარიბირნა მთავარნი, რამეთუ არღარა აქუნდათ სიმტკიცე სჯულისა და მეფეთა თჳსთა ერთგულებისა, ვინაჲთგან მცირედითა ნიჭითა გამაჰმადიანდებოდნენ და აქუნდათ როქი ყეენისაგან, შემყუარე იყვნენ უფროს სოფლის დიდებისა, ვიდრეღა სუფევისათჳს ჩუენთჳს დაკლულისა ქრისტესა. უკუდგა იასონ, ერისთავი არაგჳსა, შურითა გივი ამილახორისათა.

კუალად მელიქი სომხითისა ქამარბეგ ამხილებდა ქმნულსა მეფისასა აჯი-ალიხანს და ძე მუხრანის ბატონისა ერეკლე, რომელსა ზრდიდა მეფე, ვითარცა ძესა, და ძმანი მაჩაბელნი, ძენი ზაზასნი, იესე და ელიზბარ უდგებოდნენ ღალატად მეფესა. არამედ ბრძანებითა მეფისათა ჰკრეს თოფი ქამარბეგს ფარულად კოჟორსა ზედა, და მოკუდა იგი. ხოლო ერეკლე და მაჩაბელნი შეიპყრნა და პატიმარჰყო მეფემან. მაშინ მისცა ასული თჳსი მეფემან დათუნას კსნის ერისთავსა და უქმნა ქორწილი კოჟორსა ზედა, მგონებელმან მომტკიცებისა მისისამან. შემდგომად შეუჩინა იასონ ერისთავსა მეფემან კაცი და, რა განვიდა სამჭირნოსა ბუნებრივსა ზედა, მოაშთვეს მუნ საბლითა, და შემდგომად მისა დაიპყრა გიორგი ძემან ოთარისამან არაგჳ.

ამ ჟამთა წარავლინა მეფემან ორნი ბერნი რუსეთს არჩილისა თანა შფოთებისა ამისთჳს, რათა მოვიდეს და მწე ეყოს, ვინაჲთგან კახთა ენებათ და იმერთაცა იგივე მეფედ. მისრულნი მონაზონნი დაღისტანსა შინა შეიპყრა შამხალმან. მაშინ შეედვა შამხალსა სენი განუსლველობისა. მცნობმან მონაზონმან დავით თურქისტანისშვილმან მისცა წამალი და განჴსნა იგი. ამისთჳს შეიყუარა შამხალმან დავით და უჴმობდა ძედ. ამის მიერ გამოსთხოვა შამხალს დავით და წარავლინა რუსეთს მეორე იგი ბერი და მეგობარ ჰყო შამხალი გიორგი მეფისა და იყოფოდა დავით შამხალისა თანა არჩილის მოსლვისამდე.

ხოლო ესე-ვითარებისა მცნობმან ყეენმან მოითხოვა მეფისაგან ლევან ძმა მეფისა, რამეთუ ეუწყა ყეენსა არს იგი საქმისა მისისა წარმმართებელი. გარნა ლევანს მოჰკდომოდა ცოლი, ასული გურიელისა თუთა, ქ~სა ჩ̃ქოჱ, ქარ. ტ̃ჲვ, და დაშთნენ ძენი მის თანა ქაიხოსრო, ვახტანგ და დომენტი და ასული ხუარამზე. შემდგომად შეირთო ასული გიორგი ავალისშვილისა თინათინ, ქ~სა ჩ̃ქპ, ქარ. ტ̃ჲჱ, და ესხნენ ძენი მის თანა იესე, სჳმონ და თეიმურაზ. ხოლო ესმა რა მეფესა მოთხოვნა ძმისა თჳსისა, აღუძნდა ფრიად და ევედრა ყეენსა, რათა დაუტეოს ლევან და წარუვლინოს ძე თჳსი ბაგრატ, ვინაჲთგან არს უმეტეს სარწმუნო, რამეთუ "არა მივის თჳნიერ მისსა სხუა ძე". ჵი სიბოროტე უსჯულო შურისა, რამეთუ მოითხოვა ორნივე ყეენმან და მოუწერა, რამეთუ: "აწ ვცან ერთგულება შენი, ვინაჲთგან არა რიდებ ძესაცა". ამისთჳს განიგულა მეფემან და ეზრახა კახთა (ვინაჲთგან ეპყრა კახეთი ხანსა და არა კეთილს უყოფდა კახთა), რათა მოჰკლან იგი, შეერთდენ და ჰყონ ერთ სამეფოდ. ამას ზედა მოსცეს პირი მტკიცე და ფიცი კახთა. ამისთჳს შეიკრიბნა მეფემან სპანი, რეცა წარვლინებად ძისა და ძმისათჳს, მივიდა და დადგა ყურყუთას და ღამესა მას ენება მისლვა თოფყარაღაჯს, რამეთუ კახნი შეკრებულნი დგნენ, მიმლოდნენი მეფისა. არამედ ღამესა მას განივლტო სპასპეტი თამაზ და შევიდა აღჯაყალის ციხესა შინა. იხილე სიბოროტე ურწმუნოებისა, რამეთუ იყო დედის ძმა მეფისა და განმზრახი მისანდო და აღირჩია უსჯულოთა თანა შერთვა, ვიდრეღა მემკჳდრისა და მონათესავისა თჳსისა მეფისა. გარნა აქუნდა მიზეზი სიბოროტისა, რამეთუ გიორგი ერისთავი არაგჳსა სიძე მისი იყო და უკეთუ ესე აღესრულებინა მეფესა, იგი შეიმუსრვოდა. ამისმან მხილველმან მეფემან წარავლინა ძე და ძმა ლევან წინაშე ყეენისა, ქ~სა ჩ̃ქპჱ, ქარ. ტ̃ოვ.

ამისა შემდგომად ეზრახა გიორგი ერისთავსა, რათა მოერთუას. ხოლო მან არა ინება. გარნა მომკუდარ იყო ბიძისძე მეფისა მუხრანის ბატონი თეიმურაზ, რომელი იყო კაცი დიდ-შემძლე საქმისა, ერთგული მეფისა და რიდობდენ ყოველნი. და ესრეთ მოაკლდებოდნენ მეფისანი და განმრავლდებოდნენ წინააღმდგომნი. ამისთჳს განიზრახა მეფემან ამასვე ქორონიკონსა ზედა შესლვა დუშეთს ანუ დაიპყრას და დაიმორჩილოს იგინი, ანუ იქმნას რაჲა იგი ნებავსთ. შეკრებული სპითა მივიდა და დადგა საბურდიანოს და მუნიდამ ეზრახა კუალად დამორჩილებასა გიორგისა. გარნა არა ინება მორჩილება. მაშინ შეუჴდა გზასა ტინისასა მეფე და მათ მოემწოთ კახნი, მოყუარენი მათნი, და შეჰკრეს სიმაგრენი და იწყეს სროლა თოფთა დილით შუადღედმდე. არამედ შეუშვნეს სხუანი დროშანი და უმეტეს უწყეს მეფის დროშასა სროლა, მოკლეს ტფილელი იოსებ და ქაიხოსრო ციციშვილი და სხუანი მრავალნი. არამედ სძლეს მეფისათა და მოსწყჳდნეს იგინი და ივლტოდნენ. შევიდა მეფე და დადგა ბაზალეთს გამარჯვებული და მოწუეს დუშეთი და გარემონი სპათა მეფისათა. იხილე კუალად სიბოროტე და არა კეთილისა წილ კეთილი, რამეთუ დათუნა კსნის ერისთავი წარავლინა მეფემან, რათა მოვიდეს იგი გრემის ჴევიდამ ბრძოლასა ზედა. ხოლო იგი არა მოვიდა. არამედ დაადგრა მჭურეტელი, თუ რაჲ იქმნას. გარნა რაჟამს ივლტოდნენ იგინი, მოისწრაფა დათუნამ მეფისა თანა და მას ემთხვია გიორგი და ბარძიმ ძმანი, მცირედითა კაცითა ლტოლვილნი. ხოლო მან არა რაჲ ავნო, არცა ბრძო, არცა შეიპყრნა. არამედ განუტევნა მშჳდობით და თჳთ დათუნა მოვიდა წინაშე მეფისა და მყისვე აიძულებდა უკუნქცევად, რამეთუ გიორგი და ბარძიმ ვედრებად მიწევნილ იყვნენ მეფისად, რათა შეუნდოს. ამის დათუნას მიერ არცაღა მათ ინებეს და კუალად ქუეგამხედველთა და ბოროტთა კაცთა მეფისათა, განზრახჳთავე დავით ერისთვისათა, იჴმიეს მასვე ღამესა შინა ლტოლვა და დაუტევეს მეფე მუნ.

ამისი მხილველი მეფე და უღონო ქმნილი წარმოვიდა თჳთცა მასვე ღამესა მშჳდობით და მოვიდა კოჟორს ზედა. ესე მიესმა შაჰსულეიმანს, შეიპყრნა თოხჩის მყოფნი ძე მეფისა ბაგრატ ყრმა და ლევან და წარავლინა ჰერათს პატიმრად; ეგრეთვე ლუარსაბ ძმა მეფისა წარგზავნა ქირმანს.

ხოლო ამან ლუარსაბ ქმნა ბოროტი, რამეთუ რაჟამს აიძულებდნენ უარყოფასა ქრისტესსა, არა დაუტევა, არამედ აწ გზასა ზედა შეიმუსრა ცხჳრი და შეისვარა სისხლითა და იტყოდა ჩუენებასა ვითარმედ მცაო იმამმან ღამესა ამის მეტყუელმან: "რაჲსათჳს არა იქმნები მოჰმადიან". გარნა არა შეურაცხეს ხუანჯი ესე სიმართლედ, ყვეს მაჰმადიანად და წარავლინეს მუნვე. ხოლო გიორგი მეფესა მოუწერა ყეენმან: "მოვედ წინაშე ჩემსა და მოგცე ქუეყანა სხუა და ნიჭნი დიდნი. არამედ ქართლი მიმიცია ერეკლესათჳს".

და ესე ერეკლე იყო ისპაანს ი̃დ წელსა, და არა უარჰყო ქრისტე, რამეთუ იყო აღზრდილი რუსეთს, რომელი წინაცა ვაჴსენეთ. ამას შეუკრბნენ მის თანა მყოფნი კახნი და უმეტეს მოძღუარი მისი, მონაზონი ნაცვლისშვილი, და ესენი იტჳრთვიდნენ ცოდვასა მას, რათა დაუტეოს ქრისტე. ამისთჳს გამაჰმადიანდა ცოლშვილითა სრულიად და უწოდეს ნაზარ-ალიხან და წარმოავლინეს ნიჭითა ქართლს მეფედ. ამისი მსმენელი თამაზ სპასპეტი შემოვიდა ტფილისის ციხესა შინა და უკუუდგინა ციხექალაქი მეფესა. მაშინ მეფემან წარმოავლინა დედოფალი ყორნისს და შემდგომად ხუნანს მოსლვისა ნაზარ-ალიხანისა წარვიდნენ ქართველნი მიგებებად ერეკლეს თანა. მერმე გიორგი მეფე მოვიდა ქცხინვალს და მუნიდამ წარვიდა რაჭას ლიბის გზასა ზედა, და მთიდამ გამოუტევნა ქართველნი მცირეთაგან კიდე, რამეთუ მოეცა ყეენსა ნაზარალიხანისათჳს მწედ აჯი-ალიხან და ხანი კახეთს მჯდომი დარაჯად, თხოვნითავე ერეკლესითა, თუშნი და ქისიყელნი, ამისთჳს რამეთუ ვერა ეგდენ ენდობოდა ქართველთა.

ჟ̃ბ. მეფე ერეკლე, ი̃ე წელი მეფა. გიორგი მეფის ქართლს ყოფით, თჳნიერ მისსა ი̃ა წელი მეფა

[edit]

ესე ერეკლე ყეენისაგან წოდებული ნაზარ-ალიხან მოვიდა და ტფილისს მეფედ ქ~სა ჩ̃ქპჱ, ქარ. ტ̃ოვ. არამედ იყო ქართლისა და წესთა საქართველოსათა უცნობელი და მეფობისა გამოუცდელი, ლირწთა და უშუერთა მოუბარი, სმისა და შუება-ლხინთა მოყუარე, მჴნე და ჰაეროვანი, ტანოვანი, მოწყალე და მცირედთა ყურისმიმპყრობი და დიდთა დამამდაბლებელი, არამედ არა ძალ-ედვა თჳნიერ ყეენისა, მრისხანე ჟამად და უსისხლო. გარნა ამის ჟამამდე არა იცვალებოდნენ კათალიკოზი და ეპისკოპოსნი საყდართა თჳსთაგან. ამან შესცვალა და დასხნა თჳსნი, კათალიკოზად დიასამიძე იოანე, მთავარეპისკოპოზად ნაცვლიშვილი, ტფილელად ყაფლანისშვილი დომენტი, მანგლელად ჯავახიშვილი იოსებ, რომლისა ძმისწული მოიყვანა ხარჭად თჳსად. კუალად დაადგინა კარისა თჳსისა გამგედ მსაჯულთუხუცესად ბარძიმ, ძმა გიორგი ერისთვისა, სალთხუცესად ბებურისშვილი, ვეზირად ყიასა, ყულარაღასად ყაფლანისშვილი ლუარსაბ. და ამათ მიაგდო საქმენი ყოველნი ქუეყანისანი და თჳთ მარადის იშუებდა და იხარებდა და ნადირობდა. არამედ უმძიმდაცა ფრიად ესევითარი ცვლილება საქართველოჲსა და სწადდა, რათა აქუნდეს კახეთი თჳთ და ქართლი გიორგი მეფესა, ვითარცა მემკჳდრეთა. ამას უთხრეს, რამეთუ არიან ძენი არჩილ მეფისანი ზრამაგას, რათა წარავლინოს სპანი, შეიპყრას იგინი და წარუვლინოს ყეენს. მეორედ, რამეთუ მწეობა დიდი იქმნების ალექსანდრე იმერთა მეფისა, ვინაჲნათგან მეგობრობდენ ესენი გიორგი მეფის მტერობისათჳს.

ესე არა სთნდა ერეკლეს, რამეთუ დისწულნი იყვნენ ძენი არჩილისანი ამისნი. არამედ რათა არა დამართონ ქართველთა წინაშე ყეენისა, ამისთჳს შეკრიბნა სპანი და უთავა ბარძიმ მდივანბეგი, რომელმანცა გამოითხოვა ამისი ყოფად და წარგზავნა დუალეთს. არამედ მისრულსა ზრამაგას სპითა ბარძიმს წინააღუდგა ელიყანაშვილი და წარავლინნა ძენი მეფისა არჩილისანი დიგორს. ხოლო ბარძიმ ვერა რაჲსა მყოფელი უკუმოიქცა და მოვიდა წინაშე ერეკლე მეფისა.

კუალად უთხრეს ერეკლეს, რამეთუ არიან ცოლშვილნი ლევან გიორგი მეფის ძმისა ავალისშვილის გიორგის სახლსა და გამოთხოვითავე ქაიხოსრო ციცისშვილისათა, რომელსა უწოდდენ ლოპინას, წარავლინა იგივე, რათა მოიყვანოს იგინი. არამედ გიორგი ავალისშვილმან წარიყვანა სამცხეს ლოგათჴევსა შინა იგინი ძმისა თჳსისა თანა, რომელი იყო მუნ მაჰმადიან. ხოლო ლოპინა დაესხა და იავარყო ქონება ლევანისა სრულიად, გარნა ერეკლე მეფე მნებელ არა იყო ამათი, არამედ შიშისათჳს, რათა არა შეასმინონ ყეენსა მტერთა მეფისა გიორგისათა. კუალად ამათ თჳსთა განმზრახთაგან ამცირებდა ერთგულთა მეფის გიორგისათა და განადიდებდა კახთა, და ვინამეთა ქართველთაცა. არამედ უმეტეს დაამდაბლა სპასპეტი თამაზ და მიეგო თხემსავე სიბოროტე, მერმე კუალად უძჳრესი, კუალად ამილახორი გივი და დავით ერისთავი, აშოთან მუხრანის ბატონი. ხოლო აღაზუავნა მცველნი ტფილისის ციხისანი ყიზილბაშნი, რამეთუ ჰკლეიდენ და წარუხმიდენ კაცთა ცოლშვილთა, სხუათა ჰყიდდენ და სხუათა მაჰმადიან ჰყოფდნენ და ჭირისა ამისთჳს გარდაშენდებოდნენ ქართლის გლეხნი და აზნაურნიცა ძახეთს, რამეთუ საწადელი იყო ერეკლესა აღშენება კახეთისა.

ხოლო გიორგი მეფე რაჭიდამ ოდიშს, ოდიშიდამ გურიას, გურიიდამ მივიდა სამცხეს და დადგა ოშორას, მუნიდამ წარმოავლინნა სპანი თჳსნი, რათა დაესხნენ ალექსანდრეს იმერთა მეფესა, რომელი იდგა წედისს. ესე სცნა ბეჟან სააკაძემ და ამხილა ალექსანდრეს და იგი მსწრაფლ შეივლტო ციხესა შინა გორს და სპანი მეფისანი მოვიდნენ ოშორასვე უქმნი. ხოლო ერეკლე მეფემან ყოველი ესე აუწყა ყეენსა, რაჲცა იგი ჰქმნა გიორგი მეფემან. ამისთჳს შაჰ-სულეიმან წარუვლინა დესპანი ხონთქარსა ქალბალიხან: "ვინაჲთგან არს ზავი ჩუენ შორის, მომეც არჩილ და გიორგი მეფენი (და მიუძღუანნა ძღუენნი დიდნი) და ჰყავ ალექსანდრე მეფედ იმერთა". მაშინ ოსმალთა ვეცხლისმოყუარეთა უბრძანეს ახალციხის ფაშას შეპყრობა და მიცემა მათი და გამეფება ალექსანდრესი იმერეთს. ამისნი მცნობნი წარჩინებულნი მესხნი აზრახებდნენ გიორგი მეფესა შესლვად იენგიჩართა შინა და მიღებად სჯულთა მათთა, ვინაჲთგან არღარა იყო სხუა რაჲღა ღონე.

შემდგომად მოვიდა ფაშა და მოერტყა გარს მეფესა ზიკილიას მყოფსა. ხოლო მეფემან ჰყო ეგრეთ, ვითარცა ამცნეს მესხთა სახლეულთა თჳსთათჳს, რამეთუ უკეთუ თჳთ განრომილ იყო მეფე, იგინი ძნიად განეროდნენ, და წარიყვანეს მეფე ახალციხეს. არამედ ვინაჲთგან უპატიო იყვნენ ქართველნი ერეკლე მეფისაგან, ამისთჳს ეზრახოდენ მეფეს გიორგის, რათა მივიდეს ქართლს და დადვან სულნი თჳსნი მისთჳს და აღუთქმიდნენ ფიცითა დიდითა. კუალად უვლინებდნენ მრავალსა საგანძურსა აშოთან მუხრან-ბატონი, გივი ამილახორი და ნიკოლაოზ მაღალაშვილი, რათა მით დაუყოს პირი მეფემან ოსმალთა ანგაართა.

და ღამესა ერთსა ნებითა მესსთათა, გარდმოუშვა მეფე ციხის ზღუდიდამ დოლენჯიმ ჴმალაძემ საბლითა და მოვიდა სლესას ღამითმე მეფე, რამეთუ ზიკილიიდამ მუნ მისრულ იყვნენ სიახლოვისათჳს ქართლისა სახლეულნი მეფისანი, მასვე ჟამსა აყარნა დედოფალი და დედაწულნი თჳსნი და ჩამოვიდა ქართლს ჴეობასა შინა. მაშინ ალექსანდრეცა მიეწეოდა ფაშას, არამედ ასცდა მეფე გზასა ზედა და მსახურნი მისნი შეიპყრნეს მონათა მეფისათა და მოართუეს მეფესა. მერმე დაუტევა მეფემან დედოფალი მუნ ჴეობასა შინა დედაწულითურთ.

შთამოვიდა გიორგი მეფე კუალად ქართლს და დ̃ წელი მეფა

[edit]

წელსა ქ~სა ჩ̃ქჟა, ქარ. ტ̃ოთ შემოიკრიბნა სპანი გარემონი მეფემან და შთამოვიდა შიდაქართლს და მოერთოდიან მუნებურნი ყოველნი სიხარულითა. ხოლო სცნა მეფემან, რამეთუ დედა და ცოლშვილი ალექსანდრესი დგანან რუისს, დაესხა მათ და იავარ-ჰყვნა იგინი და ძენი მისნი დააპატიმრნა და სხუანი ტყუე ჰყვნა.

ამისი მცნობელი ნაზარ ალიხან, კოჟორსა ზედა მყოფი, მსწრაფლ შევიდა ტფილისს და გიორგი მეფე მოვიდა დუშეთს და მუნიდამ თიანეთს, რამეთუ მუნ იდგა გიორგი და ბარძიმ. მოეგებნენ ორნივე წინ, სიხარულითა თაყვანისმცემელნი და ითხოვეს შენდობა, მერმე უძღვნეს დანაშთუნებულნი ტინისანი და თჳსნიცა მრავალნი.

მაშინ ქაიხოსრო ლოპინამ შეიკრიბნა სპანი თჳსნი, რათა დაესხას დედოფალსა ახალდაბას, არამედ ძმისწულმან მეფისამან ვახტანგ, ძემან ლევანისამან, შემოიკრიბნა თჳსნი და მიეგება ბრძოლად, ივლტოდა ქაიხოსრო და შევიდა ტფილისს ერეკლეს თანა და ძმისწულმან ქაიხოსროსამან ციციმ დაიპყრა საციციანო და მოერთო მეფესა. ხოლო შეკრებული მეფე მოვიდა თიანეთიდამ დიდგორსა ზედა და მოერთუნენ მუნ სრულიად სომხით-საბარათიანონი, მერმე მივიდა და დადგა კოჟორს ზედა მეფე გიორგი.

კუალად დაადგინა კათალიკოზად ნიკოლაოსვე და წარგზავნა ბარძიმ მსაჯულთუხუცესი იმერეთს შეწევნად არჩილ მეფისად სპითა, არამედ ვერღარა ესწრა, რამეთუ არჩილ მოსრულ იყო ერწოს; მიეგება მუნ ბარძიმ დიდითა ძღუნითა და მოუძღუა ქცხინვალს არჩილს, და თჳთ ბარძიმ მოვიდა გიორგი მეფისა თანა. მაშინ მეფე მოადგა ტფილისს და შეამჭირვა ფრიად და ეზრახა ჰახთა, რათა იპატრონონ კუალადვე არჩილ. ხოლო მათ სიხარულით მოსცეს პირი მტკიცე ფიცითა და აცნობეს ესე არჩილს, არამედ მან არა ინება. გარნა განემზადა რუსეთს. და ქენებითა დისა თჳსისა თამარისათა დაადგრა მუნვე. ხოლო გიორგი მეფე ფიცისათჳს კახთა განვიდა ლილოსა ზედა, რათა დაიპყრას კახეთი და მუნიდამ წარავლინა ბარძიმ თავად სპათა, გივი ამილახორი და სპასპეტი თამაზ და ქართველნი.

ამათ მისრულთა ნინოწმიდას მოერთო სახლთუხუცესი ჩოლოყაშვილი რევაზ მოკიდებულითა თჳსითა და ნინოწმიდელი უმასპინძლებდა მათ. არამედ დუშია ქისიყის მოურავი მოვიდა მთა-მთად მცირედითა თუშით და ქისიყითა, არა ბრძოლად, არამედ რათა ჰყოს ზავი მათ თანა.

ხოლო ესე ბარძიმ იყო ამაყი, თავჴედი, კადნიერი და არა რად ვინმე ჩნდა და უმეტეს კახნი. ამისი მცნობი და მგონებელი დუშიასი ბრძოლად მოსლვისა, ღჳნოსმული და მთვრალი განრისხნა ფრიად და არღარა ისმინა ვისიმე და მიეტევა ბრძოლად. მაშინ დუშიამ შიშისათჳს იწყო სროლა თოფთა, ჰკრა ბარძიმს მკერდსა და განვლო ბეჭსა მისსა და შეიღეს მოწყლული ნინოწმიდის ზღუდესა შინა და განამაგრეს ყმათა მისთა ზღუდე ეკლესიისა. ხოლო ქართველნი ლტოლვილნი მოვიდნენ წინაშე გიორგი მეფისა ლილოსავე. მერმე უკმოიქცა მეფე და მოვიდა მცხეთას.

კუალად ეზრახა გიორგი მეფე არჩილს, რათა დაიპყრას კახეთი, რამეთუ ევედრებოდნენ კახნი მისთჳს, არამედ არჩილ არა ინება და წარვიდა ოსეთს. ხოლო მეფე გიორგი კუალად დადგა კოჟორსა ზედა და მოაყენა ქაიხოსრო ძმისწული თჳსი გორს, რამეთუ იოთამ ამილახორი, მას შინა მყოფი, არბევდა მუნიდამ ქართლს.

კუალად ეზრახოდა გიორგი მეფე შამხალსა, რათა მწე ეყოს, და მან აღუთქუა აჰმადბეგ ალიაღის შვილის დესპანობითა. ამისთჳს წარავლინა ძმისწული თჳსი ვახტანგ მძევლად შამხლისა თანა პაემნითა ამით, რათა ოდეს მოვიდეს ძე შამხლისა ქართლს, მაშინ ვახტანგცა მივიდეს შამხლისა თანა. არამედ მოუგზავნა ნიჭი დიდი ყეენმან შამხალსა: "ვინაჲთგან გიპყრავს გზა, წარსრული არჩილ მეფე რუსეთს შეიპყარ და წარმოავლინე წინაშე ჩემსა". ამისთჳს უგულებელჰყო ფიცი და პაემანი შამხალმან და. რა შეიპყრეს არჩილ მეფე ჩერქეზს, ესე სცნა ვახტანგ ჴევსა მყოფმან, წარმოვიდა და მოვიდა გორს ძმისა თჳსისა ქაიხოსროს თანა.

ამ ჟამთა ეზრახა აბაზ-ყულიხანს ნაზარ-ალიხან, რათა დაიპყრას ერწო-თიანეთი. შეკრიბნეს ამათ სპანი და მოგზავნეს თიანეთს. ამათ ზედა წარმოავლინა მეფემან პაპუა მუხრან-ბატონი, და ერისთავი გიორგი სპითურთ. მისრულთა ჰყვეს ბრძოლა კუეთებითა ძლიერითა და ივლტოდნენ სპანი ჩუენნი. ამისი მცნობელი მეფე მოვიდა თიანეთს სპითა და დაიპყრა კუალად თიანეთი. ამისთჳს მოვიდა ერეკლე მეფეცა და დადგა იგი ქართლის-უბანს. მაშინ ეზრახნენ გიორგი და ერეკლე მეფენი ურთიერთს მნებებელნი, რათა დაიპყრას ქართლი გიორგიმ და კახეთი ერეკლემ და აუწყონ ყეენსა ეგრეთ მორჩილება მისივე და დაასკუნესცა ესე პირი. არამედ არა აუფლეს მეშფოთეთა ესე ყოფად.

შემდგომად ინება მეფემან გიორგიმ ბრძოლა და ესეცა არა ინება გიორგი ერისთავმან, ვინაჲთგან იყო შეუმართებელი და გემოთმოყუარე და განზრახჳთა მისითა უკუმოიქცა მეფე გიორგი სპითა. ხოლო ერეკლე მეფემან დაიპყრა თიანეთი, არაგჳს აღმოსავლეთი სრულიად. მაშინ გიორგი მეფე რა თჳთ ვერღარა ეუფლა ბრძოლასა, წარავლინა ძე იასონ ერისთავისა თეიმურაზ სპითა. ამათ მოსრნეს ნაზარ-ალიხანისანი, აოტნეს და წარუხუნეს არაგჳს კიდენი და დაიპყრეს თჳთ.

კუალად წარავლინა მეფემან ზაალ ხერხეულიძე სპითა. ესენი მივიდნენ და მოსტყუევნეს მარტყოფი. ესმა ესე ერეკლე მეფესა და წარმოუდგა ამათ. არამედ ამათ შემოასწრნეს მცხეთას და მოსრული ერეკლე მეფე მოადგა გარს. ამისი მხილველი გიორგი მეფე მსწრაფლ წარმოვიდა და არცა აქა აუფლა გიორგი ერისთავმან, რათა განვლოს ღართისკარი და მოსრა იგინი. არამედ მოვლეს სხალტბიდამ. ხოლო მათ იხილეს რა მიმავალნი სპანი, მსწრაფლ განვიდნენ ჯუარს და დადგა მუნ ერეკლე მეფე და ვერღარა ჰყვეს ბრძოლა სიმაგრეთ-გამო. არამედ დგნენ იმიერ და ამიერ და სპანი ბრძოდნენ მარადის ქ~სა ჩ̃ქჟდ, ქარ. ტ̃პგ.

შემდგომად მოიღნეს ზარბაზანნი ტფილისიდამ მათ და ისროდნენ, გარნა ვერ ავნეს კაცთა. არამედ ეცა მცხეთას ეკლესიასა. მაშინ ამითი რისხვეულ იქმნენ და კუეთებითა მეხისათა იქმნა ყორჩიბაში ბეჟან ვითარცა მკუდარი. ხოლო ქუეგანმხედველ ექმნა გიორგი მეფესა ციცი ციციშვილი და აცნობებდა ყოველსავე ნაზარ-ალიხანს, რამეთუ იყო ლოპინა მის თანა. ამისთჳს შეიპყრა გიორგი მეფემან ციცი, მოაშთო იგი და მისცა საციციანო ფარსადანს ნოდარის ძეს.

კუალად შეაპყრობინა მეფემან ქაიხოსროს ძმისწულსა თჳსსა სააკაძე ბეჟან, ვინაჲთგან ამხილებდა იგიცა ნაზარ-ალიხანისა თანა და აღმოჴადნეს თუალნი (ვითარცა ძმამან მისმან პირევლ ქცხინვალს ყოფასა შინა არა მისცა მეფესა ღჳნო ატენიდამ, ამისთჳს შეიპყრა და აღმოჴადნა თუალნი). ხოლო შემდგომად მოეშუელა ერეკლე მეფესა აბაზ-ყულიხან და ამით განგრძელდა ბრძოლა მუნებური და ვერარაჲ ავნეს ურთიერთსა. მერმე უკუნიქცნენ ნაზარ-ალიხან და აბაზყულიხან და მივიდნენ ტფილისს.

შემდგომად ამისა გამოვიდა ერეკლე მეფე სომხითს. ესე სცნა კრკონს მდგომმან მეფემან და აცნობა არჩილს, შეკრბნენ ძმანი და მოვიდნენ ვარხუნას. სცნა მეფემან ბოლნისს ყოფა ერეკლესი და ინება მისლვა მის ზედა, რამეთუ იყო მცირედითა სპითა; ესე აცნობეს ერეკლე მეფესა და მსწრაფლ წარვიდა ბორჩალუს.

ამასვე ჟამსა მოართუეს მეფესა გიორგის, რამეთუ მოვლენ თუშნი და კახნი სამასნი წინაშე ერეკლე მეფისაა მსმენელნი სპანი წამსვე აღმჴედრდნენ სრულიად და მიეტევნენ. მხილველნი თუშნი შეკრბნენ ტალავრის ბოლოს გორათა ზედა და მისრულ-მდგომთაგან იქმნა კუეთებული ბრძოლა ძლიერი. გარნა მოსწყჳდნეს და დაიპყრნეს ქართველთა სრულიად. და მათ მოკლეს ჩოლოყაშვილი გივი, შანშიაშვილი ბაადურ და სხუანიცა. კუალად მოესმათ სხუათა სპათა მოსლვა, და მათ ზედა მყის წარვიდა ვახტანგ ძმისწული მეფისა და მიჰყვნენ სპანი. მისრულთა იხილეს ყიზილბაშთა სპანი. რამეთუ მომკუდარ იყო შაჰსულეიმან ქ~სა ჩ̃ქჟბ ქარ. ტ̃ბ, თათრულსა . და დაჯდა მის წილ ძე მისი შაჰსულთან უსეინ.

ამას წარმოევლინა ხალათი ერეკლე მეფისათჳს და მონაცვალენი ტფილისს მყოფთა მცველთა ყიზილბაშთანი: ამათ მიეტევნენ ქართველნი და მოსრნეს სრულიად. მაშინ ვახტანგ სცა ოროლი სპარსსა და სხუამან მოუწყო ისარი. იხილა ხერხეულიძე ხოხონამ და დააფარა მკერდსა ზედა ფარი ვახტანგს, ჰკრა სპარსმან მან და განვლო ფარი იგი და ვერღარა ავნო ვახტანგს.

კუალად მჴნედ გამოჩნდა სპარსი ერთი, რამეთუ ჩამოყარნა ხუთნი მჴედარნი, მჴნე ჭაბუკნი. შემდგომად შეიპყრა იგიცა გოსტაშაბისშვილმან ნიკოლაოზ და განუტევა მშჳდობით სიმჴნისა მისისათჳს. ხოლო ერეკლემ განვლო გემიყაია. მცნობმან გიორგი მეფემან ინება წინგარდასწრება და შეპყრობა მისი. არამედ არა აუფლა არჩილ მეფემან და შემოვიდა ერეკლე მეფე ტფილისს.

ხოლო გიორგი მეფე მოვიდა კუალად კრკონს. ამისთჳს წარავლინა ნაზარ-ალიხან ყაფლანისშვილი ლუარსაბ წინაშე ყეენისა და შეასმინა აბაზ-ყულიხან, რამეთუ არს მეგობარი გიორგი მეფისა და არა ნებავს შეწევნა ჩემი და მოითხოვა შეწევნა სპითა. მაშინ შაჰსულთან უსეინს მოეყვანა პატიმრობიდამ ლევან და ლუარსაბ, ძმანი მეფისანი, და ძე მეფისა გიორგისა ბაგრატ წინათვე მომკუდარ იყო ჰერათს, რომელიცა უთხრეს მეფესა ახალციხესავე.

ხოლო ერეკლე მეფესა უსმინა და წარმოავლინა სპითა დიდითა ქალბალიხან და მოუწერა ერეკლე მეფესა, რათა შეიპყრას აბაზ-ყულიხან და წარგზავნოს მის წინაშე. ხოლო ზამთარსა ამას მიიცვალა დედოფალი ხვარაშან ქ{რისტ}ესა ჩ̃ქჟე, ქარ. ტ̃პგ. და არჩილ მეფესაცა ამავ ზამთარს მოერთუა სიკუდილი ძისა თჳსისა მამუკასი მოსკოვიდამ. არამედ შემდგომად გლოვა-მწუხარებისა იყვნენ მეფენი ზოგად.

შემდგომად ზაფხულსა ამას მოვიდა ქალბალიხან ხუნანს სპითა დიდითა, მიეგება მას ერეკლე მეფე. ხოლო გიორგი მეფე დადგა დიდგორსა ზედა. არამედ აქაცა არა აუფლეს ბრძოლად გიორგი მეფე, რამეთუ ვინაჲთგან შეუმართებელნი იყვნენ გიორგი და დათუნა ერისთავნი მინდორსა ზედა, და არცა თამაზ სპასპეტმან ინება ხინწს შემოსულთა ყიზილბაშთა ბრძოლა, რამეთუ იყო მამული მისი, ყიზილბაშთა სისხლთა რიდებითა, და ამათ ყოველთა უფროს სათნოჲთა ყეენისათა არა ინებეს. ხოლო ნაზარ-ალიხან და ქალბალიხან შემოვლნეს სომხითი, დბანისჴევი და დადგნენ ყარაბულახს; და გიორგი მეფეცა მივიდა და დადგა კლდეკარს.

მაშინ ერეკლე მეფე და ალექსანდრე იმერთა მეგობრობდნენ. ამისთჳს მოუჴდა ალს და ტყუე ყვნა. მსმენელმან არჩილ მეფემან, ტაშისკარს მდგომმან, დევნა უყო, არამედ მას ვერღარა ეწია და დააყრევინნეს ტყუენი. ამისთჳს ეზრახნენ არჩილ და გიორგი მეფენი იმერთა. ხოლო იმერთა შეიპყრეს ალექსანდრე და მოსცეს მეფეთა; ამათ მოიყვანეს და მოაშთვეს იგი რუისს.

არამედ ბრძოლა ქართველთა და ყიზილბაშთა განგრძელდა, რამეთუ ყიზილბაშნი მლოდინენი იყვნენ სულმოკლებისა და უკუნქცევისა ქართველთასა. ხოლო ქართველნი წარჩინებულნი არა მნებებელნი ბრძოლისანი და სიმაგრეთა მათთა იმედებულნი, იტყოდნენ: "ვაცადოთ თოვლი და უკუნ-იქცევიან ყიზილბაშნი". არამედ მეფე წადიერ იყო ბრძოლისა, ვინაჲთგან უწყოდა, უკეთუ დასძრეს მუნიდამ, ვერღარა დაუდგმიდნენ სიმაგრეთა მათთა და დაბრკოლდებოდნენ ესე-ვითარებითა. გარნა შინაგამცემელნიცა მრავალნი იყვნენ, ვითარცა ესე, რამეთუ უბრძანა მეფემან ძმისწულსა თჳსსა ქაიხოსროს მისლვად სპითა და მოსრვა მებალახეთა და წარმოღება ცხენთა მათთა, და მთათა წარმოდგომილთა სპათა ყიზილბაშთა ეკუეთნენ მერმე სპანი მეფისანი დიდნი და მოსრან იგინი. ესე იმცნეს მათ შინაგამცემელთაგან, და განაწყუნეს მუნ სპანი რჩეულნი. ხოლო მისრულსა ქაიხოსროს ბრძანებისაებრ ეკუეთნენ მზაყოფილნი იგი ყიზილბაშნი და იქმნა ბრძოლა ძლიერი; და მოსწყდა სიმრავლე და მოუკლეს ქაიხოსროს ცხენი. მაშინ მჴნედ გამოჩნდა ზაალ ფალავანდისშვილი, გარდაჴდა და მისცა ცხენი თჳსი ქაიხოსროს და თჳთ ბრძოდა. შემდგომად აოტნეს სპანი ქართველნი და მოჰკლეს ზაალცა მუნ.

მეორეს დღეს წარმოავლინეს ქაიხოსრო ლოპინა სპითა. ამან გარდმოვლო მთა თორისა გუჯარეთსა ზედა და დადგა გვეძინეთს. ამისმან მცნობელმან მეფემან გიორგი წარავლინა ფარსადან ციციშვილი და ზურაბ ერისთვისშვილი. არამედ ამათ ვერარად ავნეს ქაიხოსროს და დაიპყრა საციციანო მან.

ამისი მცნობელი ქალბალიხან წარმოემართა სპითა. ხოლო მეფე აიძულებდა ქართველთა ბრძოლად. არამედ არა ინებეს კუალად მთავართა. ამისთჳს წარმოვიდა მეფე კრკონს, აჰყარა მუნ მდგომნი დედაწულნი თჳსნი და სახლეულნი და წარვიდა იმერეთს. ქ~სა ჩ̃ქჟე, ქარ. ტ̃პგ.

ხოლო ნაზარ-ალიხან და ქალბალიხან მოვიდნენ გორს, წარავლინეს და მოარბივეს რომელნიმე ზენა დაბნები. გარნა მთავარნი ვერღარა გამაგრდნენ სიმაგრეთა შინა თჳსთა ყმათა თჳსთა გამო და გიორგი ერისთავი და გივი ამილახორი წარვიდნენ დუალეთს და მუნიდამ იმერეთს, და დავით ერისთავი მოიყვანეს ყმათავე თჳსთა მაღრანდუალეთიდამ წინაშე ერეკლესა. ეგრეთვე პაპუა მუხრან-ბატონი და თამაზ სპასპეტი ძით მამუკათი უღონო ქმნილნი მივიდნენ ქალბალიხანისა თანა.

ესე ყოველნი განზრახჳთა ერეკლე მეფისათა წარავლინნა ქალბალიხან წინაშე ყეენისა. ხოლო ყეენმან წარავლინა პატიმარნი ქირმანს. შემდგომად ამათთა მისლვისა მივიდნენ ყოველნი ქართველნი ერეკლე მეფისა თანა. მერმე უცნობელად ბიძებთა თჳსთა ეზრახა ქაიხოსრო, ძე ლევანისა, ქალბალიხანს, რათა წარავლინოს წინაშე ყეენისა და მივიდეს მის თანა. მან სიხარულით აღუთქუა და მისრული კეთილად შეიწყნარა და წარავლინა წინაშე ყეენისა. ამას ყეენმანცა პატივ-სცა, რამეთუ იყო მამაცა მისი მუნ. არამედ, ვინაჲთგან მტერ იყვნენ ქალბალიხან და ერევნის ხანი, ამისთჳს ეზრახა ერევნის ხანი გიორგი მეფესა, რათა წარვიდეს წინაშე ყეენისა და მან წარმართოს საქმე მისი ყოველი და მოსცეს ყეენმან კუალად ქართლი და ნიჭი დიდი. მსმენელმან მეფემან ამას ზედა მისცა პირი მტკიცე წარსლვისათჳს. ხოლო ჩერქეზის ბატონის ასული რუსუდან, რომელი მოეყვანა ძისა თჳსისათჳს მეფესა, ესე პირველვე მიეცა ძმისწულისა თჳსისა ვახტანგისათჳს, და შემდგომად ქაიხოსროს წარსლვისა წარიყვანა ვახტანგ იგი და დედინაცვალი თჳსი და ძმანი თჳსნი და მივიდა ხარაგეულს და მუნ ნებითა მეფისათა ჰყო ქორწილი არა დიდებული.

ხოლო ერევნის ხანს მყის ეცნობა ყეენისათჳს მისლვა მეფისა. მსმენელმან ყეენმან ამისთჳს მოსცა ხანსა მას თოფანჩი-აღასობა და მეფისათჳს წარმოევლინა მეჰმანდარი, და ესე მოვიდა ალს. მცნობი მეფეცა მივიდა ალს, წარუძღუა მეჰმანდარი დიდითა პატივითა, ჩავლო ქართლი, შევლო ატენი, განვლო თრიალეთი, აბოცი და მივიდა ერევანს ქ~სა ჩ̃ქჟვ, ქარ. ტ̃პდ. შემდგომად მივიდა ისპაანს წინაშე ყეენისა, პატივ-სცა და კეთილად შეიწყნარა, მისცნა ნიჭნი და განკუეთილნი, და დახუდენ მეფესა ძმანი თჳსნი ლევან და ლუარსაბ და ძმისწული ქაიხოსრო. არამედ ვახტანგ ძმისწული მეფისა დაშთა სახლეულით იმერეთს.

ხოლო შემდგომად გიორგი მეფის წარსლვისა წარვიდა ქალბალიხან განჯას სპითურთ და ერეკლემ დაიპყრა სრულიად ქართლი, განაყენა კუალად კათალიკოზობიდამ ნიკოლაოზ და დასუა იოანევე კუალად. გარნა თუ ეპყრა კახეთი ქალბალიხანს, არამედ მარადის იყვნენ წინაშე ერეკლესსა და თუშნი, ქისიყი და ერწო-თიანეთი ეპყრა ერეკლეს. კუალად დასუა არაგჳს ერისთავად ბაინდურ, ჴსნისად დავით, ბიძაშვილი დათუნასი, ამილახორად იოთამ, სპასპეტად ლუარსაბ ყაფლანისშვილი, მუხრანის ბატონად კოსტანტინე. კუალად დაამდაბლნა ერთგულნი გიორგი მეფისანი და ზოგთა მიუხუნა მამულნი და აღამაღლნა კახნი უმეტეს პირველისა და მისცნა მამულნი მათნი, და უმეტეს ტფილისის მცველნი განალაღნა და მკჳდრ-ჰყო, რამეთუ არღარა იცვალებოდნენ; მერმე გადვა ჴიდი ნაგებს-მტკუარსა ზედა და ეტყოდა შეჭირვებულთა ქართველთა გლეხთა: "განვედით, აჰა კახეთი მშჳდობისა". და აღივსებოდა კახეთი ესრეთ. კუალად დაიმორჩილნა ესრეთ, რამეთუ რაი თუ მცირედი დაკარგული იყო, შეიპყრნის სალთხუცესნი კათალიკოზისა, მუხრან-ბატონისა არაგუ-კსნის ერისთავთა და ამილახორისა; და მასვე ჟამსა შინა მოაღებინის და ამისი მოქმედი მარადის იყო უმეტეს შუება-გაცხრომასა შინა.

არამედ არა ჰყვა ცოლი, გარნა ხარჭანი და ქართველთა განზრახჳთა მოთხოვნით მოიყვანა, რომელი დაეტევებინა ისპაანს ძით და ასულითა ანნა, რომელი ექორწინა მუნვე ასულით ელენეთი. ხოლო ძე მისი დავით დაშთა მუნვე. შემდგომად კუალად აღაშენა ნაგებს სასახლე და იყოფოდა მარადის ზამთარს მუნ ნადირობით, ნადიმობით და მგოსნითა.

ამავ ჟამთა იპარვიდიან სილაღითა მცველნი ციხისანი, თათარნი ტფილისისა, გორისა და სურამისა ტყუეთა და ჰყიდდიან და შეერიათ ქართველად სყიდვა ტყუეთა და იცვალებოდაცა ქცევაზნენი ქართლისანი და იქცეოდნენ უმეტეს ყიზილბაშთა ზნე-წესითა და ყოვლითა უწესოებითა ქრისტეანულისათა ცოდვითურთ. შემდგომად მოკუდა კათალიკოზი იოანე ქ~სა ჩ̃ღ, ქარ. ტ̃პჱ, დასუა ერეკლემ ევდემოზ ძმისწული იოანესივე.

ხოლო მოკლეს ჴსნისჴეველთა განზრახჳთა დათუნა ერისთავის დედისათა დავით ერისთავი, შეუძნდა ერეკლე მეფესა, განრისხნა და წარავლინა ზემო ქართლის დროშა, შეუჴდენ კსანსა და მოარბივნეს და დაიპყრნა ერეკლე მეფემან მამულნი მისნი.

შემდგომად ეშინოდა შესმენა ყეენისა და ამისთჳს მოითხოვა დათუნა ერისთავი ყეენისაგან, მოიყვანა და მისცა ერისთობა მასვე. ხოლო იმერეთს მოკლეს რა სჳმონ, აღუძნდა ესე ერეკლე მეფესა, ვინაჲთგან იყო წარვლინებული მის მიერ და შეკრებული ქართველ-კახთა სპითა მივიდა დაღალულასა შინა, რათა შურ-აგოს აბაშიძეს და მიუხუას ჴეფინისჴევი, რამეთუ შემდგომად გიორგი მეფის წარსლვისა მას ეპყრა. არამედ ვინაჲთგან იმერნი მტკიცედ დგნენ აბაშიძისად, ამისთჳს განზრახჳთა ყიასა ვეზირის და ლუარსაბ სპასპეტისათა მოიქცა ტფილისადვე.

ხოლო რაჟამს აღდგნენ ბულუჭ-აზარანი და ავღანნი, ესენი მეკობრობით არბევდნენ ქირმანით იეზდამდე და რავდენგზის წარავლინნა ყეენმან სპანი და სარდალნი, მარადის იგინი მძლე ექმნებოდიან. ამისთჳს აიძულებდა ყეენი გიორგი მეფესა, რათა განაგოს საქმე ესე და მიანიჭოს კუალად ქართლი, და არა ინებებდა მეფე. არამედ ქართველნი, რომელნი იყვნენ მის თანა, ევედრებოდნენ ყოფად ამისა. ამისთჳს ინება მეფემან, მისცეს ქირმანი და ნიჭნი დიდნი. ხოლო მეფემან პირველ წარავლინა ძმა თჳსი ლევან ქირმანს მცირედითა ქართველითა და მისრული ქირმანს ლევან წარვიდა ლუთბარსა ზედა, რომელთა ჰყვათ დედაკაცი, სახელოვანი ბრძოლათა და შფოთებათა შინა მათთა. არამედ ლუთბარელნი ვერ წინააღუდგნენ და მოსცეს დედაკაცი იგი, და მუნვე მოჰკიდა იგი ძელსა და დაიმორჩილნა იგინი. შემდგომად გამოვიდა მარბიელად სპანი დიდნი ბულუჭთა, ამათ ეწყო ლევან და მოსწყჳდნა სრულიად, რამეთუ ეერ განერა ერთიცა.

კუალად შემდგომად ამისა სამგზის მოსრულნი მარბიელნი სპანი დიდნი მოსრნა ლევან და წარუვლინნა თავნი მათნი ყეენსა. ამისთჳს ყეენმან ანიჭნა დიდნი. შემდგომად შთავიდა მეფეცა არა დიდითა სპითა ქართველითა. არამედ მოგზაურსა მეფესა ძღუნიდიან სრულიად სპარსნი. კუალად გამოვიდნენ ბულუჭნი და მოაოჴრეს სრულიად ხუარასანი. შემოიკრიბნა ამისთჳს მეფემან სპანი ქირმანისანი და ქართველნი მის თანა, ვლო უდაბნო ძნელი და უწყლო და მოეწია მათ. მხილველნი იგინი განმაგრდნენ კლდე-გორათა ზედა.

მაშინ განყო მეფემან სპანი თჳსნი: ლევან და ქართველნი ერთკერძო, ქირმანელნი ერთკერძოდ და თჳთ ერთკერძ, მიეტევნენ ფიცხელად და შეუჴდნენ ქართველნი ბანაკთა მათთა და შემუსრნეს და მოსწყჳდნეს სრულიად, რამეთუ ვერ განერნეს ერთიცა; მოიქცა მეფე ქირმანს და წარუვლინა თავნი მათნი ყეენსა. ამის წილ მოანიჭნა ნიჭნი ურიცხუნი ყეენმან და ლევანს მისცა მსაჯულთუხუცესობა ერანისა და ქაიხოსროს ტარუღობა ისპაანისა და მიუწოდა ლევანს ისპაანს წინაშე თჳსსა. მაშინ აუწყა მეფემან ყეენსა ლევანის გამო: "რამეთუ მწირ არს ძე ჩუენი ვახტანგ იმერეთს და, უკეთუ არარაჲ ეყოს შეწევნა ჩუენ მიერ, წარვალს იგი რუსეთს და ამისთჳს ჩუენ უენო ვიყვნეთ წინაშე შენსა". მსმენელმან ყეენმან მსწრაფლ მოუწერა ერეკლე მეფესა, რათა მოიყვანოს ვახტანგ ქართლს და მისცეს ყოველნი საუფლისწულონი მამისა თჳსისა ლევანისა. ხოლო ერეკლე მეფე, დაღათუ არა მნებებელი ამის, ვერ ურჩ ექმნებოდა ყეენსა. ამისთჳს წარმოევლინა ვახტანგს კათალიკოზი ევდემოზ და სპასპეტი ლუარსაბ და მიუწოდა ვახტანგს. მაშინ ვახტანგს მოსლოდა წარგზავნილი თჳსი ზალია შანშიაშვილი, ძე ბაადურისა, და მამუკა შათირი არჩილ მეფისაგან, რათა წარვიდეს რუსეთს. ამისთჳს ვახტანგ განეზრახა იმერთა წარჩინებულთა წარვიდეს თუ რუსეთს ანუ ქართლს. ხოლო მათ განუზრახეს მისლვა ქართლს. წარმოვიდა და მოვიდა ალს, მუნ შემოჰფიცეს კათალიკოზმან და ლუარსაბ უვნებელობისათჳს და მერმე მივიდა ტფილისს ქ~სა ჩ̃ღა, ქარ. ტ̃პთ.

მისრული ვახტანგ ერეკლე მეფემან კეთილად შეიტკბო და სცა პატივი დიდი და აუფლა ბრძანებულთა ზედა ყოველთა. მერმე მოვიდა სურამს ვახტანგ და მოიყვანა ცოლი და ძენი თჳსნი და სახლეულნი და იყოფებოდა ოდესმე ნაზარ-ალიხანისა თანა. ხოლო რაჟამს ეუფლა ვახტანგ მამულსა თჳსსა, მოსცა აბაშიძემ ჴეფინისჴევი; "ვინაჲთგან მკჳდრი თქუენი არს".

ხოლო მეფემან გიორგი დაამშჳდნა ყოველნი ურჩნი, რამეთუ ხოსროშა და შადადა, მპყრობელნი ბულუჭისანი, მოვიდნენ წინაშე მისსა შიშით შეძრწუნებულნი და თაყვანისმცემელნი. შემდგომად კუალად ინდოთ მესაზღვრენი ავღანნი და ბულუჭნი მოვიდნენ მორბევად ხორასნისა. ამათ ზედა წარავლინა მეფემან სპანი ქართველყიზილბაშნი. ამათ განვლეს უდაბნო სასტიკი, ეწივნენ და იქმნა ბრძოლა ძლიერი. არამედ სუემან მეფისამან სძლო და მოსრნეს სრულიად განურინებელად და მოვიდნენ წინაშე მეფისა გამარჯუებულნი. არამედ შემდგომად ყანდაარის ხანს აღუდგნენ ბულუჭნი და უფროს მირსამანდარ და აოჴრებდიან ყანდაარის გარემოთა. ხოლო ხანმან მან წარავლინა სპასპეტი თამაზ, რამეთუ იყო ბიძა თამაზისა, ბრძოლად მათდა და მრავალგზის სძლო მათ თამაზ. შემდგომად დაესხა მირსამანდარ, მოკლა თამაზ და მოსწყჳდნა სპანი მისნი და შემდგომად ამისა ვერღარა წინააღუდგა ყანდაარის ხანი და მარადის აოჴრებდენ სანახებსა ყანდაარისასა, რამეთუ ვერღარა გამოვიდის ხანი ციხიდამ. ესე ყოველი რა ესმა ყეენსა, უბრძანა ლევანს, რათა მიიღოს გიორგი მეფემან კუალად ქართლი და სპასალარობა ერანისა და განაგოს საქმე ყანდაარისა. ხოლო ლევან მსწრაფლ აუწყა ესე მეფესა და აღუძნდა ფრიად საქმე ესე მეფესა და არა ენება, არამედ აიძულებდენ მისთანა მყოფნი ქართველნი ამის ყოფად. ამისთჳს ნება-სცა ყეენსა, რათა მისცეს აწვე განმგეობა ქართლისა ვახტანგს და მერმე წარავლინოს ლევან ქართლს, რათა მან განაგოს საქმენი დაშლილნი მანდაურნი და წარუგზავნოს სპანი ქართლისანი. მოჴსენებულმან ყეენმან ესე ყოველი აღუსრულა გიორგი მეფესა და მოსწერა ნაზარ-ალიხანს: "მივეც ქართლი გიორგი მეფესავე, ხოლო შენდა მომინიჭებიეს კახეთი და ყულარაღასობა, აწვე წარმოვედ წინაშე ჩემსა". ამისი მსმენელი ერეკლე მეფე წარვიდა და მიიყვანა ცოლშვილნი მარტყოფს. ხოლო თჳთ მოიქცა ტფილისსვე წარსლვად წინაშე ყეენისა.

ვახტანგ წელი განაგებდა. თათრულსა , მოვიდა ლევან

[edit]

ხოლო მოვიდა ვახტანგ ტფილისს და დაჯდა განმგედ ქართლისად ქ~სა ჩ̃ღგ, ქარ. ტ̃ჟა, და ერეკლე მეფე წარვიდა ისპაჰანს მაისსა შინა. შემდგომად ივლისსა შინა ი̃ე მოვიდა ლევანცა. არამედ ესე ლევან იყო სიჭაბუკითგანვე ღუთისმოყუარე, ბრძენი და სიბრძნის მოყუარე, ეკლესიათა მაშენებელი, მამკობელი, მდაბალი და ბოროტისა არა მომჴსენებელი, მოწყალე, მშჳდი, ღრმად განმსინჯველი და მოუბარი. ამან განაგნა ყოველნი საქმენი ქართლისანი და არცაღა ვის მიაგო ბოროტებისა წილ ქმნულთა მათთა, რომელნი უყვეს მეფესა გიორგის. შემდგომად კუალად მოჴსენებითა მეფისათა გამოუტევნა ყეენმან გიორგი ერისთავი, პაპუა მუხრანბატონი და სრულიად ქართველნი ნიჭითა, ხოლო ლევან წარავლინა სპანი ქართველნი წინაშე მეფისა გიორგისა ც̃ () მჴედარნი, და ესენი რა შთავიდნენ ქირმანს წინაშე მეფისა, წარვიდა მეფე ყანდაარს. გარნა წინათვე წარევლინა სისტანის ხანი და კაცია ძე თამაზის მეფესა. ამათ მისლვასა ზედა სმოდათ ავღანთა და აზარათა მისლვაცა მეფისა, ამისთვის დამორჩილებოდნენ და არღარა იყო რბევა მათ მიერ. ხოლო წარსრულმან მეფემან განვლო უდაბნო ფიცხელი და მივიდა სისტანს, მუნიდამ გირიშკს და გირიშკიდამ მივიდა ყანდაარს. მისლვასა მეფისასა დაეცათ შიში და ძრწოლა ყოველთა და მოერთუნენ სრულიად ყოველნი. შემდგომად ბრძანა: "ყოველნი მორჩილნი ბრძანებისანი მოვიდნენ წინაშე ჩემსა და მივანიჭო ღირსნი პატივნი მათნი; უკეთუ არა ინებონ, მოვსრნე მახჳლითა უწყალოდ". ამისნი მსმენელნი მოვიდნენ ყოველნი ძღუნითა დიდითა წინაშე მეფისა და დაიმორჩილნა სრულიად და მეხარკე ჰყვნა; მერმე განვიდა ნადირობად სპითა დიდითა; ესე ჰგონა მირსამანდარ, მისლვა მას ზედა მეფისა, მსწრაფლ წარმოვიდა ძმისწულითა და ხუთოდენ მონითა და მოვიდა წინაშე მეფისა. ამისთჳს მეფემან პატივ-სცა და მისცნა ნიჭნი და შემდგომად ფიცით მორჩილება-მეხარკობასა ზედა პაემანისა დამდები განუტევა.

შემდგომად წარმოევლინა ქობულს მჯდომს ინდოთ მეფის ძეს დესპანი ძღუნითა დიდითა მშჳდობის მთხოველსა, რამეთუ ჰგონებდა იგიცა მისლვასა მეფისასა თავის ზედა. ხოლო მეფემან წარმოუვლინა ძღუენი იგი და წიგნი მისი ყეენსა. ამისთჳს ყეენი ფრიად მადლიერ იქმნა და მიანიჭნა იგინიცა მეფესა და სხუანი უმეტესნი და კუალად საძღუნოცა მის ინდოთ მეფის ძისა და უბრძანა წარვლინება დესპანისა თჳსისა, და ამისთვს მისანდობელ იქმნა ფრიად ყეენისა მეფე და შურობდენ ამას ყიზილბაშნი.

ხოლო ლევან განაგნა დაშლილნი საქმენი ყოველნი ქართლისანი და დაჰყო თთუე ი̃ე ქართლს და დაუტევა ძე თჳსი ვახტანგ განმგედ ქართლისა და იესე ძე თჳსი წარიყვანა ისპაჰანს, ქრისტესით ჩ̃ღდ, ქართულსა ტ̃ჟბ, სექდემბერს კ̃ვ, თათრულსა . და ესე ვახტანგ იყო ღუთის მოშიში და ღუთის მოყუარე და ფრიად მოღვაწე, სამღუდელოთა პატივისმცემელი, ქურივ-ობოლთა და გლახაკთა მიმცემელი, უღონოთა შემბრალე, ეკლესიათა მაშენებელი, ხატთა და ჯუართა შემამკობელი, მოწყალე, ცოდნისმოყუარე, ბრძენი, მჴნე და ახოვანი, შუენიერ-ჰაეროვანი, მუშაკი, უხჳ და მშჳდი, არამედ ჟამად მრისხანე, ამან მოიწყო ყოველნი ქართველნი, გარნა მიეცა კათალიკოსობა მეფესა ნიკოლაოზისათჳსვე. არამედ შეითქუნენ ეპისკოპოსნი და არქიმანდრიტნი და არღარა ინებეს ნიკოლაოზ, რამეთუ არს სოფლიერი, და ევდემოსს დაუდვეს უმეცრება და გამორჩევით დაადგინეს ნებითა ვახტანგისათა კათალიკოზად დომენტი, ძე ლევანისა და ძმა ვახტანგისა, ახლად მოსრული რუსეთიდამ, და აკურთხეს ქ~სა ჩ̃ღე, ქარ. ტ̃ჟგ.

ხოლო ვახტანგ აღაშენა და განავსო ქართლი, რამეთუ რომელნი ჟამსა ერეკლე მეფისასა შთასრულ იყვნენ კახეთს ქართველნი, ამან ბრძანებითა ყეენისათა გამოიყვანნა ყოველნი და დასხნა თჳსთავე ადგილთა ზედა. ამას მორჩილებდენ იმერნი, უსმენდენ კახნი, მოიღო მბეჭდველობა ვლახეთიდამ და განამრავლნა წიგნნი სამღთონი, რამეთუ უმეცარნიცა სამღუდელოთა წერილთა იკითხვიდიან, განაწყუნა სპანი როქითა მცველად თჳსად. დასწერა წიგნი სამართლისა და მით სჯიდიან მსაჯულნი, მოშალა ტყჳს ყიდვა, დაამდაბლნა თათარნი, და უმეტეს ტფილისს ციხის მცველნი, აღამაღლნა ქართველნი, გაიღო რუნი და აღაშენნა მრავალნი დაბნებნი. ხოლო კათალიკოზს დომენტის არა აუფლეს კახთა კახეთს მამული თჳსი. ამისთჳს წარვიდა წინაშე ყეენისა ქ~სა ჩ̃ღზ, ქარ. ტ̃ჟე. მისრულსა კათალიკოზს პატივ-სცა ყეენმან და მისცნა ყოველნი მამულნი თჳსნი და ნიჭი დიდი. შემდგომად გამოუტევა და მოვიდა ტფილისს ქ{რისტ}ესა ჩ̃ღჱ, ქარ. ტ̃ჟვ. მერმე შთავიდა კათალიკოზი კახეთს, იმამ-ყულიხანისა თანა და აუფლეს მამულსა თჳსსა და იყოფებოდა მოსრული მცხეთას.

ხოლო ყანდაარი რა დაამშჳდა მეფემან, კუალად განდგა აზარის სულტანი დაქეზ. ამისი უბრძანა მეფემან მირვეისს ანუ მოკლას იგი, ანუ შეიპყრას და მოართუას მას. მაშინ მირვეისმან მოკლა იგი ღალატად და მოართუა თავი მისი და დაიმორჩილა აზარა მეფემან. არამედ თავი დაქეზისა წარმოევლინა ყეენსა მირვეისით და მოუმცნო, რათა არღარა განუტეოს მირვეისი მუნ, ვინაჲთგან ბოროტი მანქანი იყო. ხოლო დიდებულთა ყეენისათა შურითა მეფისათა კუალად განუტევეს და ამცნეს მტერობა მეფისა, და მირვეისი, მოსრული ყანდაარს, მარადის ეძიებდა ჟამსა სიკუდილისათჳს მეფისა. არამედ ზარისაგან მეფისა იჩემებდა ფრიადსა ერთგულებასა.

ხოლო მეფემან წარგზავნა იერუსალიმს ორიათასი თუმანი საჴსრად გოლგოთისა და ჯუარის მონასტრისა და სხუანი მრავალნი შესამკონი მათნი. კუალად წარმოგზავნა ხატი ოქონისა და ნაწილნი და ჯუარნი, რომელნი წინდად ეყო სამცხეს და მესხმან მან მუნ მიუღო ყოველნი და მეფემან მას მიანიჭნა უზომონი ნიჭნი. ხოლო ვახტანგს რა მოუთუალნა ნაწილნი და ხატი ოქონისა, თთუესა ივლისსა განუწესა დღესასწაული.

არამედ რა განისმა ძლიერება მეფისა, მისმოდა ფარიჯან სულტანსა ინდოეთს ლტოლვილსა, ამისთჳს ესე მოვიდა პაპუნა ციციშვილისა თანა, რათა წარავლინოს წინაშე მეფისა, ვინაჲთგან მას ეპყრა სულტნობა იგი. არამედ ქალანთარი იყო სულტანის მტერი, მისცა ქრთამი პაპუნას და მოგზაური მოკლეს სულტანი. ამისი მსმენელი მეფე განრისხნა და ბრძანა თავის წარკუეთა პაპუნასი, გარნა ვედრებითა ქართველთათა განერა. ამას ზედა შეშინდა ქალანთარი იგი და განდგა თემით თჳსით. ამისთჳს განრისხებულმან მეფემან წარავლინა მას ზედა სპანი ქართველნი და ყანდაარისანი სრულიად; ამათ უთავა ალექსანდრე, ძე ლუარსაბ ძმისა თჳსისა, ნაშობი ხარჭისაგან, და თჳთ მეფე დადგა აბდლის სპითა და ტაძრეულითა თჳსითა მცირედითა ქართველითა. მაშინ ამხილა მეფესა ღალატი მირვეიზისაგან ძმამან მირვეიზისამანვე. არამედ არა უსმინა მეფემან. ხოლო სპათა მეფისათა მისრულთა შემუსრნეს სიმაგრენი და მოსრნეს წინააღმდგომნი და ტყუე ყვნეს, აღიღნეს ალაფნი მათნი დიდნი და დაიმორჩილნეს სრულიად. გარნა აქა მეფისა თანა იდგა ტალად მირვეიზ, ამან იცა ჟამი და მოუწოდა სპათა და მორჩილთა თჳსთა, წარვიდა იდუმალ და მივიდა სპათა თჳსთა თანა და მოუჳდა აბდლის სულტანსა მეტყუელი: "ბრძანება არს მეფისა". და წარკუეთა თავი. რამეთუ არა მორჩილ ექმნებოდა არა თუ ბრძანებითა მეფისათა, ვინაჲთგან ერთგულებდა მეფესა, და უკეთუმცა იგი არა მოეკლა, ვერა რაისამცა მყოფელი იყო. მერმე მოვიდა მეფესა ზედა.

მაშინ ტალანი მეფისანი აბდალნი და მირსამანდარის ძმისწულნი და მცირედნი ქართველნი და თჳთ მეფე ფიცხლად ბრძოდნენ და ვერ შეუძლო შესლვად მირვეიზმან. ინება მეფემან აღმჴედრება და ეგრე ბრძოლა. არამედ არა აუფლეს ყიზილბაშთა მდედრგულთა, გარნა მოიჴელოვნა მირვეიზმან, მოჰკუეთა ვისმე თავი და ეტყოდა აბდალთა: "აჰა მოვკალ მეფე, იყავნ ქონება და საჭურჭლენი თქუენდა, ხოლო კაცნი ჩუენდა". ამის მრწმუნებელთა აბდალთა აღიღეს სიმდიდრე და ივლტოდნენ. შემდგომად მოერტყა მირვეიზი მეფესა სპითა და ბრძვეს ძლიერად მეფისათა. არამედ არღუევითა ბანთათა მოკლეს მეფე გიორგი ქ~სა ჩ̃ღთ, ქარ. ტ̃ჟზ, დიდსა ხუთშაბათს. და აჰყარნა ხატნი და ჯუარნი მეფესა მირვეიზ და ფსალმუნი, რომელსა იკითხვიდა ჟამსა მას, და წარმოუვლინა ყეენსა მეტყუელმან: "ესრეთ გაცდუნებდა მეფე". მერმე მოიქცა ყანდაარს და მცველთა ციხისათა მიუთხრა ყეენისა-მიერობა სიკუდილი მეფისა, ამისთჳს მისცეს ყანდაარი და დაიპყრა მან.

ესე რა ესმათ ალექსანდრეს და ქართველთა, დამძიმდენ ფრიად და განევლტვნენცა ყოველნი ავღანნი და, უკუმოიქცნენ რა, გზასა ზედა ეწიათ სპანი მირვეისისანი და უწყოდიან. არამედ მარადის მძლე ექნებოდიან ქართველნი და მოვიდენ ციხესა შინა ლეილ მაჯნურისასა და მუნ ჰსცნეს მირვეისისაგან დაპყრობა ყანდაარისა და წარვიდენ გირიშკს, არამედ ეტიკთა შეაცთუნეს და მოიყვანეს ყანდაარსვე და მუნ შევიდნენ წალკოტის ზღუდესა შინა. მოვიდნენ და მოერტყნენ სპანი მირვეისისანი.

მაშინ ხუანჯითა სიცბილისათა იერმაჰმად ძმამან მირვეისისამან წარიყვანა ალექსანდრე ყანდაარს. მერმე სთხოვეს ქართველთა საჭურველნი და აიძულებდენ მაჰმადიან-ყოფად და დაშენებად მუნვე. შეუძნდა ესე ფრიად ქართველთა და ღამე გამოხურიცხვს ზღუდე წალკოტისა, გამოვიდნენ და წარმოვიდნენ და აქაცა მრავალგზის მოეწია სპანი მირვეისისანი, გარნა მრე ექმნენ.

არამედ წყალიცა ყანდაარისა შეეკრა სპითა და მოსრულთა ქართველთა, იხილეს რა შეიცურვნეს ცხენნი და ერთჴმობით განვიდნენ და იქმნა მუნ ბრძოლა ძლიერი, მოსცა ღმერთმან ძლევა, აოტნეს და მოსწყჳდნეს მრავალნი. კუალადცა წარმოსრულთა მრავალგზის ეწივნენ, გარნა ქართველნი მძლე ექმნებოდენ. შემდგომად ეწივნენ ი̃ე ჩ̃ მჴედარნი, ქართველთა ხუთასთა ბრძვეს ძლიერად, ძალითა ღ{ვ}თისათა მოსრნეს, რამეთუ მცირედნიღა განერნენ ლტოლვითა და ქართველნი მოვიდნენ გირიშკს გამარჯუებულნი. არამედ საცთურითავე მირვეისისათა არა მისცნეს აქაცა ნავნი, შეიცურნეს კუალად ცხენნი და განვიდნენ უვნოდ. არამედ დაშთა კაცი უძლები მუნ კიდესა ზედა, ამას მოუჴდნენ ავღანნი, ჰკრა ჴრმალი ქუეითმან და განჰკუეთა ავღანი ჯავშნოსანი სრულიად და შეჯდა ცხენსა მისსა და გამოვიდა იგიცა. ხოლო ავღანთა მიართუეს განკუეთილი ჯავშანი მირვეისსა და ჰრქუეს: "ამის მოქმედთა არა ძალგვიძს ბრძოლა".

ხოლო ქართველნი შევიდნენ გირიშკის ციხესა შინა და განამაგრეს იგი. მერმე აცნობეს ყეენსა ყოველი ყოფილი: შეუძნდა ყეენსა ფრიად ესე, მერმე მოუწოდა ქაიხოსროს ძესა ლევანისასა, მისცა ქართლი სამეფოდ და სპასალარობა ერანისა. რამეთუ ლევან იყო ფრიად სალმობიერი და ქართველთა მათ წარუვლინა ნიჭი დიდი. არამედ დაუცხრომელმან მანქანამან მირვეის შეიკრიბა ი̃გ ჩ̃ მჴედარნი და მოგზავნა გირიშკს, რათა გარმოდგომილ ჰყონ იგი. მაშინ ქართველთა განიზრახეს გარმოდგომამდე მათთა მიგებება და მათ ზედა დასხმა და მეორეს განთიადს დაესხნენ მათ და მოსწყჳდნეს სიმრავლით, რამეთუ აღაშენეს თავთა მათთაგან კოშკნი და ტყავნი წარმოუვლინეს ბეჟან რატისშვილით ყეენსა.

ჟ̃გ. მეფე ქაიხოსრო გ̃ წელი მეფა

[edit]

ხოლო ქაიხოსრო მეფე, განმზადებული წარსლვად და ამისი მსმენელი იხარებდა. არამედ არღარა ინებეს განმზრახთა ყეენისათა წარვლინება ქაიხოსროსი, ვინაჲგან მარადის მძლე ექმნებოდენ ავღანთა ქართველნი: კუალად წარუვლინეს ქართველთა ნიჭი და მუნვე მყოფი მაჰმად ყულიხან სარდარ ჰყვეს და მისცნეს სპანი მუნებურნი, რათა მან ბრძოს მირვეისს. ამან მაჰმად ყულიხან წარუვლინა ალექსანდრეს ყანდაარს წიგნი, რათა გამოვიდეს გამოპარვით, ანუ აცნობოს ვითარ ჯერ არს მისლვა ყანდაარსა ზედა: ხოლო წიგნი ესე მიართუეს მირვეისს, განრისხნა იგი და გამოიყვანნა ქართველნი ოცდაათნი და წარჰკუეთნა თავნი. არამედ ალექსანდრე, პაპუნა და ნოდარ იჴსნა ძმამან მირვეისისამან.

ამას ზედა შეიკრიბნა მაჰმად ყულიხან სპანი ყიზილბაშ-ქართველთა და წარვიდა ყანდაარსა ზედა, მისრულსა ეწყო მირვეისი, სადაც ქართველთავე აოტნეს და მოსწყუეტდიან ურიცხუთა. არამედ ერთკერძ ივლტოდენ ყიზილბაშნი და დაუტევნეს ქართველნი მათ შორის. მხილველთა ქართველთა უყივლნეს ურთიერთთა და გამოვლნეს ბრძოლით და მოვიდნენ ესენიცა გირიშკს. ამისთჳს წარავლინეს ბეჟან რატისშვილი წინაშე ყეენისა და აცნობეს ესენი სრულიად. მაშინ ყეენმან წარავლინა ქაიხოსრო სპითა დიდითა და ნიჭითა და მოითხოვნა სპანი ქართლისანი ქაიხოსრომ.

ხოლო ვახტანგ, მსმენელი სიკუდილისათჳს ბიძისა და მამისა ლევანისა, რომელი მოკუდა ქ~სა ჩ̃ღთ, ქარ. ტ̃ჟზ, მაისს, მწუხარებდა ფრიად და გლოვისა შემდგომად წარუვლინა ძმასა თჳსსა ქაიხოსროს ქართველნი ՙჩ̃ფ მჴედარნი და თჳთ განაგებდა ქართლსა.

არამედ ვინაჲთგან დაამდაბლნა მცველნი ტფილისისანი თათარნი, განდგნენ და დაჴშნეს კარნი ციხისა და იწყეს სროლა თოფზარბაზნითა. ესე აცნობა ყეენს ვახტანგ, განრისხნა ყეენი, წარმოავლინა მტარვალნი, მოვიდა და ჴელხუნდოსანნი მოართუნა ყოველნი ვახტანგს: მერმე წარიყვანეს ისპაანს და პატიმარ ჰყვნეს ალამუტის ციხესა შინა.

ამისთჳს არღარა იყო ტყჳს-ყიდვა. კუალად ნაზარ-ალიხან, ვითარცა როსტომ მეფე, მრავალგზის წარუვლინებდა ყეენსა ტყუეთა, არამედ ვახტანგ, უკეთუ არა მოითხოვდა ყეენი, არა წარუვლენდა, მასცა უმეტეს მოსყიდულთა.

ხოლო მირვეისმან, მცნობელმან წარსლვისა ქაიხოსროსამან, გამოუტევა ალექსანდრე და მუნ მყოფნი ქართველნი, მოსცა გუამიცა მეფისა და მჴეველნი მისნი. ესენი მოვიდნენ გირიშკს, მუნიდამ წარმოჰყვნენ სრულიად ქართველნი და მოვიდნენ მაშათს.

ესე სცნა ქაიხოსრო სპასალარმან და უბრძანა ქართველთა კუალად შთასლვა გირიშკსვე. არამედ მირვეისმან, რა სცნა ქართველთა მისლვა გირიშკსვე, შემოიკრიბნა სპანი და მოადგა გირიშკს. გარნა სიმრავლისაგან სპისა მისისა ვერღარა იკადრეს ველსა ზედა ბრძოლა ქართველთა და განამაგრეს ციხე-ქალაქი ოთხ თთუე, გარნა დამშივდნენ, რამეთუ ჴორცი ვირისა ლიტრა სამ მინალთუნად ისყიდოდა (აქა იხილე ზაკულება, რამეთუ მირვეისი არსენს დოლენჯიშვილს მოლოზონს უვლინებდა საკმაოსა ფქვილსა).

ესმა სპასალარს შეჭირვება გირიშკისა, წარმოავლინა ხან-მაჰმად ჭ̃ () მჴედრითა შეწევნად მათდა. ხოლო მიმავალს ეზრახა ამას მირვეისი: "უწყი, რამეთუ არს მტერი ჩემი სპასალარი, ამისთჳს გენდობი შენ, და მიურვე წინაშე ყეენისა, რათა შემინდოს და მოვიდე შენთანა". მსმენელმან ხან-მაჰმად განიხარა და შურით სპასალარისათა არღარა განიხილა ზაკულობა. არამედ მიუმცნო: "მოვედ და ვჰყო ყოველნი ნებანი შენნი". დაუტევა გირიშკი მირვეის და დილასა მივიდა მას ზედა.

მხილველთა სპათა ყიზილბაშთა იწყეს აღმჴედრებად, რათა ბრძონ. არამედ აყენებდათ ხანი იმედებული პაემნისა. მაშინ მიეტევა მირვეიზი სპითა და მოსწყჳდნა სრულიად, რამეთუ ვერვინ განერა თჳნიერ ზაალ ლორთქიფანისძე და არეშისშვილი, იგინიცა სიმჴნითა თჳსითა. ხოლო მირვეიზი გამარჯუებული მოადგა კუალად გირიშკსავე და მიუთხრა ესე ყოველი ქართველთა და მოითხოვა სეხნია ციციშვილი მძევლად: "და წარვალ ყანდაარს". აღუძნდათ ქართველთა და არა ინებეს. არამედ სეხნიამ დასდვა თავი მათთჳს, რათა განერნენ იგინი სიკუდილისაგან და მისცეს სეხნია და წარვიდა მირვეიზი. გარნა დაუტევნა ნუზლნი თჳსნი ყოველნივე მათ.

ხოლო ვახტანგ განაგებდა წინათქმულთაებრ ქართლსა, ნადიმობდა და ნადირობდა ზამთარს ყარაია-სომხითსა, შემოდგომა-გაზაფხულს გორს და ტფილისსა, ზაფხულს თრიალეთს შამბიანსაზე. გარნა მოკუდა ძმა მისი თეიმურაზ ქ~სა ჩ̃ღი, ქარ. ტ̃ჟჱ, დეკემბერს ზ̃; დამძიმდნენ ყოველნი და იგლოვეს ჟამამდე. ხოლო სპასალარი მოვიდა მაშათს, მაშათიდამ ფარას, მუნ მოერთო იესე, ძმა თჳსი, სპითა ქირმანისათა, მაშინ მოეგზავნა მირვეიზს და მოეთხოვა სპასალარისათჳს საჴსარი სეხნიასი და განუტეოს იგი. გარნა სპასალარმან რიდითა ყეენისათა მერ იკადრა ამისი ყოფა და ამისთჳს წარკუეთა თავი სეხნიას მირვეიზმან. ესე შეუძნდა სპასალარსა, მივიდა და დაიბანაკა მდინარესა ზედა ყანდაარისასა და იმიერ კიდესა დადგა მირვეიზი სპითა. მუნ სცნა მირვეიზმან, რამეთუ მოვლენან სპასალარისა თანა აბდალთა სულტანი შეწევნად სპითა. მაშინ დაუტევა მუნვე იერმაჰმად ძმა თჳსი, თვთ წარვიდა და დაესხა და მოსწყჳდნა წ̃ მჴედარნი აბდალთანი და წარმოვიდა. ხოლო დილასა განაწესა სპასალარმან მარჯუენით იესე, ძმა თჳსი, მარცხენით ალექსანდრე და შევიდნენ მდინარის ფონსა. არამედ ავღანთა იწყეს თოფ-ზამბურაკთა სროლა. გარნა განვლო ალექსანდრემ ცურვითა ცხენთათა სპითა და ივლტოდნენ ავღანნი განსლვასა იესესასა, ეწივნენ და მოსწყჳდნეს მრავალნი.

ხოლო იერმაჰმად ვერღარა წარმსლველი შევიდა კლდესა ბაბაველისასა და მოერტყნენ გარს სპანი ყიზილბაშნი. კუალად დამაშურალი მირვეიზი მომსწრაფებელი სპათა თჳსთა თანა და ამისი მხილველი ივლტოდა ყანდაარად. იხილა იგი ალექსანდრემ და მიეტევა მირვეიზს. ხოლო იგი ლტოლვილი შევიდა ციხესა რასამესა შინა შემუსრვილსა. მაშინ ალექსანდრე ლამოდა მიტევებასა ციხისასა და გამოყვანასა მისსა. არამედ განაზრახეს სპასალარი ყიზილბაშთა: "არს მირვეიზი მანქანი, არა არს ესე მირვეიზი. არამედ რა მივეტევოთ, მზირყოფილი იგი გვეკუეთებისა და მოსწყუედს სპათა ჩუენთა". ესე ისმინა სპასალარმან და მოუწოდა ალექსანდრეს მის თანა, გარნა ალექსანდრე დაამტკიცებდა ყოფად მირვეიზს და მიტევებასა მას ზედა. არამედ იძულებული წარმოიყვანეს ალექსანდრე და მოუდგინეს ციხესა მცველნი გარემოს.

ამასვე ღამესა გამოვიდა მირვეიზი და შევიდა ყანდაარს. ეგრეთვე იერმაჰმად ღამე აოტნა სპანი ყიზილბაშნი და შევიდა იგიცა ყანდაარს. შემდგომად სცნეს, რამეთუ მირვეიზი იყო იგი, დამძიმდენ ფრიად, რომლისაგან შეუდგა ბოროტი ქუემო თქმული.

ხოლო მეორესა დღესა მივიდა სპასალარი და დადგა ძირსა ყანდაარისასა და გონებდნენ მირვეიზის გამოსლვასა. არამედ არა გამოვიდა. მერმე წარავლინა სპასალარმან სულტანი შარბაშარისა. ამას მისრულს ეწყო მირვეიზი, აოტა. მხილველნი იესე და ალექსანდრე მიეტევნენ და აოტეს მირვეიზი და მოსრნეს სიმრავლითა, რამეთუ კართა ზედა ციხისათა მოსჭრიდიან თავთა, და შემოიქცნენ გამარჯუებულნი, დილით მწუხრამდე მბრძოლნი. გარნა იყო სამ თთუე მარადის ბრძოლა და მოისროდნენ იმიერ და ამიერ სიმრავლითა. არამედ მიუჭრესცა გზანი ყანდაარს. გარნა საზრდელთა სიმრავლითა უჭიროდ იყო მირვეიზი.

შემდგომად შეედვათ სენი მუცლისა ყიზილბაშთა და ქართველთაცა და მოკლება საზრდელთა. ესე იხილა მირვეიზ და შეკრნა გზანი და მოსრულთა მენუზლეთა ყიზილბაშთა სრვიდა. ამისი მხილველი მირსამანდარ, პაემნით აღმთქმელი სპითა მოსლვად წინაშე სპასალარისათა, არღარა მოვიდა და არცაღა მოსცა საზრდელნი. ამისთჳს შემჭირდნენ სპანი სენითა და უსაზრდელობითა. ხოლო მირვეიზი განამჴნობდა სპათა თჳსთა. შემდგომად წარმოავლინა მცირედნი სპანი და წარმოუდგა თჳთ უკან ფარულად. ამათ ეკუეთნენ ყიზილბაშ-ქართველნი, ვინ ვის ასწრებდენ და ივლტოდნენ ავღანნი. არამედ რა მივიდნენ სიმარჯუესა, ამათ მოუხდა მირვეიზი, აოტნა ჩუენნი და მოსრნა სიმრავლითა. გარნა სიმჴნითავე ქართველთათა განერნენ ნეშტნი, გარნა მიერითგან დაეცათ ზარი ყიზილბაშთა და ვერღარა შემართვიდიან ავღანთა. გამოვიდა კუალად მირვეიზი და ბრძოდნენ. არამედ მირვეიზი სიმაგრესა შინა მყოფი, უკეთუ ამჯობინის, გამოვიდის ბრძოლად და, უკეთუ არა, ბრძოდეს მუნიდამ. შეუჴდნენ მუნ ქართველნი და მივიდა სპასალარიცა შუელად, სძლეს მირმეიზს და მოსრნეს სპანი მისნი. გარნა შემაგრდნენ ქუეითნი ავღანნი კლდეთა და ისროდნენ თოფთა.

მაშინ მოვიდა ყიზილბაში ვინმე მეტყუელი: "ბრძანება არს სპასალარისა, აცადეთ ბრძოლა და უკუმოიქეცით". მსმენელთა ყიზილბაშთა დაუტევნეს ქართველნი და წარმოვიდნენ. ამისნი მხილველნი ავღანნი კუალად მოეტევნენ და მოსრნეს მრავალნი, მერმე მოკლეს ალექსანდრე მჴნედ მბრძოლი. ამისთჳს შეშინდნენ ფრიად ყიზილბაშნი და აზრახეს სპასალარსა, რათა უკუნიქცეს და განიმრავლოს სპანი და კუალად მოვიდეს და ბრძოს, ვინაჲთგან განმრავლდა სენი და სრვა და სიყმილი.

სცნა ესე მირვეიზმან და მოუვლინა ზავისა პირი სპასალარსა: "უკეთუ წარხვიდე, არა რაჲ გევნოს ჩემ მიერ და, უკეთუ მოგცეს კუალად სპანი ყეენმან, მოვედ". ამისმან მრწმუნებელმან სპასალარმან ბრძანა ღამე აყრა, და იესე განაჩინა, რათა არა განუტეოს სპანი, გარნა ბარგნი. მაშინ მაცთურმან მირვეიზ ჩამოგზავნა მეთოფენი და იწყეს სროლა თოფთა, ამისნი მხილველნი მდედრნი ყიზილბაშნი ივლტოდნენ.

ეგრეთვე იესემ არღარა მიხედა ძმასა თჳსსა, ივლტოდა იგიცა და დაუტევა სპასალარი მცირედითა სპითა. ხოლო სპასალარმან არა ინება სივლტოლვა და მოეტევა მირვეიზს, ეკუეთა სპასალარი მცირედითა სპითა, მოსწყჳდნა და აოტნა იგინი. არამედ იხილნეს სპანი ყიზილბაშთა ლტოლვილნი ზეიდამ ავღანთა, უყივლეს სპათა თჳსთა გაქცევა მათი, უკუმოიქცნენ კუალად და მოეტევნენ სპასალარსა. გარნა მჴნედ გამოჩნდა სპასალარი, რამეთუ მოსრნა მჴედარნი სამნი. არამედ მერმე სცეს ექუსთა ოროლნი სპასალარსა და მოკუდა ქ~სა ჩ̃ღია, ქარ. ტ̃ჟთ, ოკდომბერს კ̃ვ. შემდგომად მოჰყვნენ ავღანნი, მოსწყვჳდნეს ყიზილბაშნი და აღიხუნეს სრულიად სიმდიდრენი და ალაფნი მათნი. ხოლო იესე ქართველითურთ მოვიდა გირიშკს და მუნიდამ ისპაანს.

ხოლო ვახტანგ გამგე ქართლისა შემდგომად გლოვისა იშუებდა და ნადირობდა წინათქმულთაებრ. კუალად აღიმჴედრა სპითა შესლვად ოსეთს და შევიდა და შემუსრნა პ̃ კოშკნი, მოწვა და მოსტყუევნნა ურჩნი, ჩავლო ზრამაგა და შემოვლო ჟღელის ჴევი და გარდმოვლო კედელასა ზედა და მოვიდა კუდაროს და კუდაროდამ ქართლს გამარჯუებული ქ~სა ჩ̃ღია, ქარ. ტ̃ჟთ, დაიპყრა დუალეთი და დასდვა ხარკნი და გორს მდგომი იშუებდა სხჳსა განმზრახი.

ჟ̃დ. მეფე ვახტანგ გ̃ წელი მეფა

[edit]

მაშინ მოუმცნო ყეენმან სიკუდილი ძმისა თჳსისა და მოეცა ქართლი მისთჳს. შეუძნდა ფრიად ვახტანგს და წარვიდა ტფილისს. ხოლო მუნ განუზრახეს განმზრახთა წარსლვა წინაშე ყეენისა. ესე ირწმუნა და მიუწერა ყეენსა წინაშე ყოფა. ამისთჳს აქორწინნა ასულნი თჳსნი: თამარ თეიმურაზს ძესა ერეკლე მეფისასა, ხოლო ანუკა აბაშიძე ვახუშტის. შემდგომად მოვიდა მეჰმანდარი ყეენისა მიმწოდებელი. მაშინ დაუტევა ძმა თჳსი სჳმონ გამგედ ქართლისა და დედოფალი და ძენი თჳსნი დაადგინნა გორს და თჳთ წარვიდა მცირედითა კაცითა ქ~სა ჩ̃ღიბ, ქარ. უ̃ აპრილის კ̃გ. არამედ მისრული წინაშე ყეენისა პატივცემულ იქმნა დიდითა პატივითა ყეენისაგან და შეყუარებული ფრიად ყეენისაგან სიკეთისა მისისათჳს, და უთქმიდა მაჰმადიანობასა და უქადებდა ნიჭსა დიდსა და მსწრაფლ გამოტევებასა. არამედ მან არა თავს იდვა, მეტყუელმან: "მე მოვედ, რათა არა დამართონ მტერთა და შეირყეს ქართლი. გარნა არიან ძმანი ჩემნი მაჰმადიანნი და რომელი გნებავს წარავლინე და მე ვეგო წინაშე შენსა". მაშინ ინება ყეენმან წარმოვლინება ვახტანგისა სჯულითავე თჳსითა. არამედ არა აუფლნეს ომარათა, განმზრახთა თჳსთა, და არცა ინება იესემ ნებითა ვახტანგისათა წარმოსლვა. ხოლო ვინაჲთგან მაჰმადიანთა შინა ცოდვად სჩნდათ ხარკის მიცემა და მსახურება ქრისტიანეთა, და მეფეთა ქართლისათა მრავალნი ჰყვათ მოხარკენი და მსახურნი მაჰმადიანნი, ამისთჳს უფროს მაჰმადიან ჰყოფდნენ მეფესა. ხოლო ნიჭნი იყვნენ მათნი წინათქმულნი დაუთ-ხანისა, და მისრულისა და წარმოსრულისა და ვიდრე ქუეყანათა მათთა იყვნენ წარსაგებელნი ყოველნივე მათნი და სამ-დღე მუნ მისრულსა და სამდღე გამოტევებულსა მსახურებდნენ და მოართმიდენ სანოვაგესა სამჴრისა და სერისასა ყოველსავე ყეენისასა ჭურჭლითავე მისითა. ხოლო სჳმონ მასვე ქორონიკონსა მოიყვანა დაწინდული ქაიხოსროსი ასული ბარძიმისა ცოლად და იქორწინა, მომტკიცებისათჳს გიორგი ერისთავისა, და იწყეს ქუეგამხედველობად ვახტანგისა.

ამასვე ქორონიკონსა, აგვისტოსა ბ̃ იშვა ძე ვახტანგისა გიორგი გორს დედოფლის რუსუდანისაგან. ხოლო იესემ აღუდგინა ვახტანგს ძმასა თჳსსა, ტფილისის გუშაგნი, რომელი იყო თოფჩიბაში, და შეასმენდენ ყეენსა დაწვითა ყორანისათა და სხჳთა მრავლითა უჯეროთა მაჰმადიანთა ზედა. ამისთჳს მოგზავნა ყეენმან ხოლოფა ტფილისს, რათა სცნას, რა ბოროტი უქმნიეს მაჰმადიანთა ზედა ვახტანგს. არამედ იდუმალ ამცნეს ხოლოფას, უკეთუ იცეს ჟამი, თჳთ დაიპყრას ქართლი და სჳმონ მუნ წარავლინოს. მოსრულის ხოლოფას თანა შეიზრახნენ სჳმონ და მთავარნი ქართლისანი ვახტანგის ბოროტსა ზედა, რამეთუ, რაჟამს დაიპყრა ვახტანგ ოსეთი და განიწყო მცველნი თჳსნი, მიერით ეშინოდათ გიორგის და დათუნას ერისთავთა მამულთა მათთა დაპყრობისა. ამისთჳს მიუწერეს ყეენსა: "არა გვნებავს ვახტანგ, არამედ მოგვივლინე იესე". ეჰა უცხო, რამეთუ ქრისტესთჳს იძულებულისა ვახტანგისათჳს ნება-მოწმობა სცეს კათალიკოზმან, ეპისკოპოსთა და სამღუდელოთამან. ხოლო ამისა მყოფელთა განკიცხეს ხოლოფა და წარივლტოდა ისპაანსავე. არამედ ამ ჟამებთა იყო მომსრველი ჟამი ფიცხელი, მკალი მომჭამელი, რამეთუ მფრინალთა დააბნელიან მზე და სიყმილი ძლიერი, და სჳმონ მართვიდა უფროს მოხუეჭით და არა შეიშინეს ღუთისა. არამედ ჰყვეს ესეცა: შეიპყრა სჳმონ კათალიკოზი დომენტი ზაკჳთ და წარმოევლინა ბაქარს, რათა აღმოჴადოს თუალნი. გარნა არა ჰყო ესე დედოფალმან რუსუდან და იყოფოდა მათ თანა პატივითა. ხოლო ყეენსა რა ესმა ვახტანგისათჳს ესენი, აღუძნდა და არა ინება ეგრეთ. არამედ ომარათაგან იძულებულმან წარმოავლინა იესე მეფედ ქართლისად ნიჭითა, ვინაჲთგან აღეთქუა იესეს ყეენისათჳს წარვლინებად დედოფალი და ძენი ვახტანგისანი და ხუთასნი ქართველნი ცოლშვილით, რათა დაასახლოს ფარაბათს.

ჟ̃ე. მეფე იესე, ბ̃ წელი მეფა

[edit]

მოვიდა ესე იესე წოდებული ყეენისაგან ალიყულიხან ტფილისს ქ~სა ჩ̃ღიდ, ქარ. უ̃ბ.

ხოლო იყო მჴნე, ახოანი, ჰაეროვანი, მოწყალე, უხჳ, მაღალთა და მდაბალთა მიმცემი, ლხინ-სიხარულთა, შუება-განცხრომათა მოყუარე, სამღუდელოთა პატივისმცემელი, და დალოცეს ყოველთა ქართველთა და გარდააყარეს ოქროჲ და ვეცხლი მრავალი დიდებულთა და წარჩინებულთა.

და იყო ესე ფრიად მიქცეულ მაჰმადიანობასა ზედა და მქცევი მათებრ, მდიდარი და ამაყი. ხოლო დედოფალი და ძენი ვახტანგისნი წარვიდნენ რაჭას და გამოუტენეს კათალიკოზი დომენტი. მოსრულსა იესემ პატივ-სცა და დაადგინა კუალად კათალიკოზად. შემდგომად მიუწერა იესემ ყეენსა: "უკეთუ არს წინაშე შენსა ვახტანგ, ვერა ვჰყოფ ბრძანებულსა. არამედ წარავლინე პატიმრად", შეუძნდა ყეენსა, რამეთუ უყუარდა ფრიად. მერმე მოუწერა ვახტანგს ტკბილად: "წარვედ პატივით ქირმანს, ვფუცავ, რამეთუ მსწრაფლ გამოგიყვანო კუალად, პატივს-გცე და მოგანიჭო მრავალი". და წარვიდა დიდითა პატივითა, ვითარცა პატრონი მათი. ხოლო იესე იყო მშუებელი და განმცხრომელი უწესოებითა ყრმათა თანა და უგვანთა მღერათა. გარნა მქცევი დიდებულად, წაგვარა ცოლი დედის ბიძასა თჳსსა ქაიხოსრო ამირეჯიბს, ბებიის ძმისწული თჳსი, ასული ერასტისა, და შეირთო თჳთ ცოლად. ამხილეს კათალიკოზ ეპისკოპოსთა და უმეტეს იოანე სააკაძემ, გარეჯის ბერთუბნის მამამან, კაცმან ღირსმან. არამედ მან არა უსმინა მეტყუელმან: "ვარ მაჰმადიან, ესრეთ ჯერ არს ჩემდა". შემდგომად მოიყვანა ერეკლე მეფის ასული ელენე ცოლად ქ~სა ჩ̃ღიე, ქარ. უ̃გ, და იქორწინა დიდებით. გარნა არა კმა საყოფელ.

ამ ჟამთა გამოვლეს ჭარელთა კახეთი, მოვიდნენ ხუნანს, მოსწყჳდნეს დაბნები და მოსტყუევნეს და წარვიდნენ. ამას ზედა სთხოვეს იესეს კახთა შეწევნა. ამან წარუვლინა სპასპეტი ლუარსაბ საბარათიასოთი. შემდგომად მოვიდა ლუარსაბ ლტოლვილი და მოწყუედილი წინაშე იესესსა. მერმე წარუვლინა ამილახორი ავთანდილ ზემოქართლითა; მივიდა ესე საგარეჯოს, არამედ ესეცა მოიქცა უქმი. ხოლო ვინაჲთგან ვერღარა აღასრულა იესემ დავედრული ყეენისა, მაშინ მოიყვანა ყეენმან ვახტანგ, მისცა ქართლი და სპასალარობა ერანისა და მიაქციეს რჯულსა მათსა ქ~სა ჩ̃ღივ, ქარ. უ̃დ და წარმოავლინეს თავრიზს, რათა წარავლინოს სპანი ხორასანს და მოსცეს განმგეობა ქართლისა ბაქარს, ძესა მისსა, და წარმოავლინეს მტარვალი, რათა შეიპყრას იესე და მისცეს ბაქარს პატიმრად. რამეთუ მოეთხოვა მეფესა ვახტანგს ეგრეთ. ხოლო ბაქარ მოვიდა იმერეთიდამ მცხეთას, რამეთუ ტფილისს იყო მომსრველი ჟამი და იესე განვიდა კახეთს. წარავლინა მტარვალი ყეენისა ბაქარ, რათა მოიყვანოს იესე. არამედ კახთ-ბატონმან იმანყულიმ არა სცა ნება. ესე აუწყა მამასა თჳსსა ბაქარ და მეფემან ყეენსა. განრისხნა ყეენი და წარმოავლინა მურდარი თჳსი. ესე მივიდა, შეიპყრა იესე, მოიყვანა და მოსცა ბაქარს, ხოლო ბაქარ პატიმარ-ჰყო ტფილისს სასახლესა შინა. კუალად ბრძანებითა მამისათა შეიპყრა სპასპეტი ლუარსაბ. არამედ იჴსნა ესე დედოფალმან რუსუდან. კუალად შეიპყრა მუხრანის ბატონი ერეკლე და აღმოჴადნა თუალნი და მისცა მუხრანი ლევანს, ძესა პაპუასასა. კუალად მოაშთო პაპუნა დიასამიძე, რომელი იყო მაშფოთებელი ძმათა და სხუანი რომელნიმე ექსორია ყვნეს და ესე ყოველი ჰყო ბრძანებითა მამისათა.

ჟ̃ბ. მეფე ბაქარ, ბ̃ წელნახევარი მეფა

[edit]

არამედ ვინაჲთგან ჰგონებდა მეფე ვახტანგ წარსლვასა ხორასანს, ამისთჳს ჰკადრა ყეენსა, რათა მისცეს მეფობა ქართლისა ძესა თჳსსა ბაქარს. უსმინა და მოსცა და მიაქციეს რჯულსა მათსა, მხოლოდ სიტყჳთა და არა საქმითაცა, კოჟორსა ზედა მყოფი ქ~სა ჩ̃ღიზ, ქარ. უ̃ე. ხოლო ზაფხულსა ამას გამოვიდნენ ლეკნი ჭარელნი სულხავით ჯ̃ მჴედარნი. ამათ მოსტყუევნნეს ბოლნისნი და ქციის ჴევნი თავმრგვალამდე. მცნობმან ბაქარ წარავლინა ბიძა თჳსი სვიმონ (რომელი ჰგლოვდა, რამეთუ მოისრნენ ცოლშვილნი და მსახურნი მისნი მომსრველისა ჟამითა, რომლისასა იტყოდენ კრულვითა კათალიკოზისათა ყოფასა). მივიდა სჳმონ სამასითა ოდენ მჴედრითა ნაზარას სოფლის ბოლოს, მოეტევნენ ლეკნი და მოერტყნენ გარ. არამედ შემდგომად თოფთა ცემისა ეკუეთნენ ქართველნი სისქესა მათსა და აოტნეს და სრვიდნენ, ვითარცა ნადირთა. გარნა სიმრავლითა ლეკთათა დაიფანჩნენ ქართველნი. იხილეს ესე ჭარელთა, მოიქცნენ ერთკერძო და მოსრნეს ქართველნი და აოტნეს სრულიად, მიჰყვნენ მარნეულის გორამდის და უკუნ-იქცნენ, განვლეს ყარაია შოებულთა, არამედ მოისრნენ უმრავლესნი სიცხე-უწყლობითა და მიერით ვერღარა იკადრეს რბევა ჟამამდე. ხოლო მიუღო რა ბაქარ სალთხუცობა დათუნას, კსნის ერისთავსა, და მისცა ედიშერს, ძესა ქაიხოსრო ლოპინასასა, მიზეზ-ჰყო ესე დათუნამ და უკუდგა. ამისთჳს წარავლინა ბაქარ ძმა თჳსი ვახუშტი მათ ზედა და მისლვასა მისსა მოკუდა დათუნა ერისთავი. ხოლო ძენი მისნი წარვიდნენ კახეთს, და დაიპყრა მამული მისი ვახუშტიმ. არამედ შანშე, ძე დათუნასი წარვიდა წინაშე ყეენისა ყაზმინს და მეფე ეახტანგცა მიეწოდა ყეენსა მუნ წინაშე თჳსსა. თავრიზიდამ შთასრული შანშე ითხოვა მეფემან ვახტანგ ყეენისაგან, მოსცა ყეენმან და პატიმრად წარმოუგზავნა ბაქარს, ძესა თჳსსა; ესე ბაქარცა პატიმარ-ჰყო ტფილისს. ხოლო შემდგომად ნებითავე ვახტანგ მეფისათა მიუხუნა სპასალარობა ყეენმან და წარმოავლინა ქართლს, რათა განაგოს საქმე ლეკთა.

ჟ̃დ. მეფე ვახტანგ, ე̃ წელი აწ მეფა

[edit]

შემდგომად მოვიდა მეფე ვახტანგ ტფილისს ქ~სა ჩ̃ღით, ქარ. უ̃ზ, და დაჯდა ტახტსა ზედა; შეჰფიცეს ყოველთა ქართეელთა მეფობისა მისისა მტკიცედ ერთგულებასა ზედა და დალოცეს ყოველთა ქართველთა მეფედ და მიულოცეს და გარდააყარეს ოქრო და ვეცხლნი მრავალნი დიდებულთა, წარჩინებულთა, აზნაურთა, კათალიკოზმან და ეპისკოპოს-არქიმანდრიტთა (არამედ ესე წესი ძუელითვე იყო საქართველოსა და უყოფდიან ყოველთა ესრეთ ტფილისს და მიერით უჴმობდენ მეფედ და თჳნიერ მისა არა). ხოლო იყო სიხარული და განცხრომა დიდი მოსლვისათჳს ვახტანგისა, და განაგებდა კეთილად. მაშინ შეიპყრა ძე ქამარ-ბეგისა სომხითის მელიქი და დახურიტა თოფით, კუალად ბაგრატ ციციშვილი, ფეშანგი ფალავანდისშვილი, ჯამასპი ხერხეულიძე, რევაზისშვილი პაპუნა, ვეშაპიძე და პლატონ, ესენი იჴსნა კათალიკოზმან სიკუდილისაგან და განყიდეს ოსეთს თხებთა ზედა.

ხოლო ვინაჲთგან აქუნდა დავედრებული მეფესა ყეენისაგან საქმე ლეკთა და ლეკნი აოჴრებდნენ არა თუ კახეთს, არამედ განჯას, ბარდას და შირვანს, ამისთჳს შეიყარნენ მუხრანს მეფე ვახტანგ და კახთ-ბატონი იმანყული, ზავ-ჰყვეს და აღუთქუა ვახტანგ წარვლინება სპისა კახეთს. შემდგომად გაზაფხულს წარავლინა საბარათიანოს სპითა ერასტი ყაფლანისშვილი, ამან დაჰყო კახეთს თთუე სამი, არ აბრძოლეს კახთა და მოიქცა ტფილისსვე უქმი. შემდგომად განივლტო შანშე და უკუდგა მამულსა თჳსსა. ხოლო მეფემან წარავლინა მას ზედა ბაქარ, ძე თჳსი, კსანსა ზედა და ვახუშტი ლიახუსა ზედა, შევიდნენ ესენი და წარუხუნეს ყოველნი. არამედ ჭურთას აოტნეს, მცირედნი სპანი და განმაგრდა მუნ შანშე.

ამისთჳს მიუწოდა მეფემან იმერთა, მოვიდა რაჭის ერისთავი შოშიტა, აბაშიძენი სჳმონ და ლევან სპითა, შეუჴდა მეფე ჭურთას. იხილა რა ესე შანშემ, ჴრმალ-კისერ-კიდებული მოვიდა წინაშე ბაქარისა; ამან მოიყვანა მამისა თანა, უკმოიქცა მეფე ტფილისს და განუსუენა იმერთა ნადირობა-ნადიმობითა, ანიჭნა დიდნი და განუტევა, და შანშეცა წარატანა მათ ჟამამდე. არამედ კუალად განივლტო შანშე და განმაგრდა ჭურთას.

ამ ჟამს წარმოევლინა ყეენს შირვანის ხანი შუელად კახთა. ესე რა მოვიდა შაქს, დაესხნენ ჭარელნი, მოკლეს ხანი და მოსწყჳდნეს სპანი მისნი. ამისთჳს მოუმცნო ყეენმან მეფესა შემუსრვა ჭარისა და მეფე სრულიად შეკრებული სპითა ქართლისათა წარვიდა. ხოლო კახთა მიიყვანეს მ̃ე დღე მაღაროს. მუნ ევედრნენ ჭარელნი მეფესა, რათა შეიწყალოს და დაემორჩილნენ, ვითარცა ნებავს.

მაშინ მოეიდა ყეენიდამ ბეჟან თაქალ-თოიანი, რათა უკუნიქცეს მეფე მათგან. უკმოქცეულმან მოინადირა ყარაია და მოვიდა ტფილისს. ხოლო გაზაფხულს შემოიკრიბნა სპანი მეფემან, მივიდა და დადგა ზებეყურს. მხილველი შანშე კუალად ვედრებული და ჴრმალკისერ-კიდული მოვიდა წინაშე მეფისა, მფიცარი ერთგულებასა ზედა, შეუნდო მეფემანცა და მისცნა მამულნი მისნი სრულიად, მუნიდამ მოვიდა მეფე გორს, მუნ მოვიდა კაცი ხონთქრისა. რამეთუ ვინაჲთგან ამან წარავლინა დისწული თჳსი ალექსანდრე ახალციხეს ნიჭითა სამეფოდ იმერეთისად, ამისთჳს მოუმცნო, რათა მწე ეყოს მას.

ისმინა მეფემან და წარავლინა ვახუშტი მწედ მისად, ხოლო ზამთარსა ესმა მეფესა მოსლვა ლეკთა, შეკრბა და დადგა ხუნანს, რამეთუ განჯასაც ბრძოდა სულხავი. მუნიდამ წარავლინა სპანი და განარინა განჯა მათგან, არამედ აზნაურთა ჰგონეს ყანდაარს წარსლვა და ინებეს მუნ შფოთი, შეიპყრნა მეფემან, ზოგნი მოკლნა, ზოგნი სტანჯნა, სხუანი უმკჳდრო ყვნა.

ხოლო განძლიერდნენ ავღანნი და ძე მირმეიზისა მაჰმუდ მოვიდა ისპაანს ჯ̃ მჴედრითა. მაშინ განვიდნენ ომარანი, ბევნი და სპანი რ̃კ ჩ̃ ბრძოლად მისა; ამათ ეკუეთა მაჰმუდ, აოტნა ყიზილბაშნი და მოიკლა ძმა მეფისა ყულარაღასი როსტომ, მჴნედ მბრძოლი ყულით, მოსწყჳდნა სპანი და მოადგა ისპაანს ქ~სა ჩ̃ღკბ, ქარ. უ̃ი, მარტს.

მაშინ მოუწერა ყეენმან მეფესა, რათა მწე ექმნეს. კუალად მოადგნენ განჯას ლეკნი და განჯელნიცა ევედრებოდნენ განრინებასა. კუალად მოვიდა წარმოვლინებული რუსთ ხელმწიფისაგან მამუკა, რათა მივიდეს მეფე მის თანა, ოდეს გამოვიდეს სპარსეთს. ამის მცნობს ხონთქარს მოუმცნო მეფისათჳს, რათა ექმნეს მორჩილი მას. ესე განიზრახა მეფემან მთავართა თანა ქართლისათა, არამედ ამათ არა ინებეს წარსლვა ისპაანს, რამეთუ დაშთების ქართლი უკაცური და არიან მტერნი მრავალნი. გარნა დაასკუნეს განრინება განჯისა და წარვიდნენ განჯას. არამედ რა მივიდა მეფე შანქორს, სცნა სულხავმან, მოეცალა განჯას და წარმოვიდა თჳსად; მოეგება განჯის ხანი, მოუძღუა განჯას და უძღუნა მრავალი და ევედრა ელთა თჳსთა დამორჩილებასა. წარავლინა მეფემან სპანი, მოსრნეს ურჩნი და დაუმორჩილეს ხანსა. მერმე შემოიქცა და მოვიდა ტფილისს მეფე მაისს. ხოლო აგვისტოს კოჟორს მყოფს მოუვიდა მეფეს ყეენისაგან თაჯი და ჯიღა, ჴრმალი და ხანჯალი მოოჭვილნი და სპასპეტობა ადრიბეჟანისა. რათა დაიპყრას შირვანი, რამეთუ აქუნდა ლეკთა დაპყრობილი.

კუალად მოვიდა თურქისტანისშვილი ბაადურ დიდის პეტრეს იმპერატორისაგან, ვინაჲთგან გამოსულ იყო სოლახს, რათა მივიდეს შირვანს მეფე მისთანა. კუალად მოვიდა დესპანი ხონთქრისა დამორჩილებისა მისისათჳს. არამედ განუტევნა ყოველნი და აღირჩია რუსთ მეფე, რამეთუ ჰგონებდა განთავისუფლებასა ეკლესიათასა და ძალსა ქრისტეანობისასა. ამისთჳს შეკრებული სპითა წარვიდა განჯას, მისცა ყაზახის ხანს ყაზახი და მოუწოდა. არამედ კახთ-ბატონი მაჰმადყულიხან იდგა ყაზახს და მოუმცნო მეფისათჳს: "რამეთუ ჩემდა მოცემულ არს ყაზახი ყეენისაგან, აწ ჯერ არს თქუენგანცა არა მიხმად იგი. არამედ მე მოგცნე სპანი მისნი". ამისთჳს ნება სცა მეფემან, გარნა ითხოვა სპა მუნებური და დაასკუნეს შეყრა და ხილვა ურთიერთთა გატეხილ ჴიდსა ზედა. ხოლო მეფესა ძმა თჳსი იესე პირველვე გამოეყვანა პატიმრობიდამ და მისცა მუხრანი და მსაჯულთუხუცესობა. ამას აქუნდა კუალად მანკიერება და რომელთამე ქართველთა, და არა ინებეს შეყრა მაჰმად-ყულიხანისა და მეფისა შფოთისათჳს, ზრახჳთა ამათითა განვლო ღამე გემიყაიას მტკუარი მაჰმად-ყულიხან და მივიდა საგარეჯოს და არცაღა მოსცნა სპანი მეფესა და იქმნა მათ შორის ამისთჳს შური. ხოლო მეფე ვახტანგ მივიდა განჯას და დაჰყო სამ თთუე მუნ და ვერა რაჲ სცნა ჴელმწიფის პეტრესი.

შემდგომად მოვიდნენ ბაადურ და დესპანი მეფის პეტრესი ტფილისს, რამეთუ თჳთ უკუნქცეულ იყო და აღეთქუა გაზაფხულს კუალად მოსლვა და ესე ყოველი აუწყა ვახუშტიმ მეფესა. მაშინ სპანი მეფისანი და მაჰმად-ყულიხანისანი ბრძოდენ ყაზასსა ზედა. კუალად მოუძღუნა მაჰმად-ყულიხან კახნი ჭარელთა და მოსტყუევნეს ლილოს დაბნები. ამათი მსმენელი მეფე უკმოიქცა და მოვიდა ტფილისს. მერმე წარავლინა ბაქარ და იესე, რათა მოაოჴრონ საგურამო. მოვიდა თეიმურაზ კახით, იზრახნენ და ზაყ-ყვეს და მოიყვანეს ტფილისს თეიმურაზ კახითურთ. ამათ იფიცეს წინაშე მეფისა, ეპისკოპოსთა და მთავართა უცილებლობისა და ერთობისათჳს. ხოლო დაერწმუნა მეფე და განუტევნა ესენი ნიჭითა.

შედგომად აღიღეს ისპაანი ავღანთა ოკტომბერს ქ~სა ჩ̃ღკბ, ქარ. უ̃ი, და დაჯდა თავრიზს ძე შაჰსულტან უსეინისა შაჰთამაზ, რომელი ისპაანის გარმოდგომილებასა შინა წარმოგზავნა მუნ ყეენმან. ამ შაჰთამაზის წინაშე წარგზავნილ იყო სეხნია ჩხეიძე მეფისაგან. ამან სეხნიამ ჰყო სათნო მაჰმად-ყულიხანისა და არა რაჲ აცნობა მეფესა, რამეთუ დამართვიდნენ მეფე და მაჰმად-ყულიხან ურთიერთთა პირველ წინაშე ყეენისა. ხოლო შაჰთამაზ განმზრახთაგან მისცა ქართლი მაჰმად-ყულიხანს და აღირჩია იგი შაჰთამაზ.

ესე ამცნო მაჰმად-ყულიხან ტფილისის მეციხოვნეთა, ამათ დაჴშნეს კარნი ციხისანი ღამე და ისროდნენ თოფ-ზარბაზანთა. მაშინ მეფემან წარმოავლინა დედოფალი გორს და თჳთ დაადგრა სპითა ტფილისს. შემდგომად მოვიდა მაჰმად-ყულიხან და დადგა ავლაბარს და მოპარვით შემოვიდა თეიმურაზ მცხეთას და განამაგრეს კახთა იგი. კუალად შემოეპარნენ კახნი და აღიღეს ტფილისის კლდისუბანი, მიეტევა ბაქარ სპითა, აოტნეს კახნი და მოსრნეს იგინი, და დაიპყრნა თჳთ და დაადგინნა მცველნი. ხოლო მაჰმად-ყულიხან მოიყვანა შემწედ განჯის ხანი და სპანი ერევნისა და ლეკნი, ხოლო მეფემან რაჭველნი და იმერნი აბაშიძენი და იყო ბრძოლა სამ თთუე.

კუალად გამოვიდა მარბიელი თელეთს, მსმენელი ბაქარ წარვიდა მათ ზედა, არამედ იხილეს რა მათ ავლაბრიდამ გამოვიდნენ კახნი და ლეკნი და მოვიდნენ მთაბორსა ზედა, მიექცა ბაქარ და ეკუეთა სპითა, აოტნა კახ-ლეკნი და მოსრნეს მრავალნი, ვინაჲთგან გაკადნიერებულ იყვნენ. ოდეს მამუკა თამაზის ძე იდგა ტაბაჴმელას, მოუჴდნენ კახნი, ხოლო იგი ეკუეთა და იქმნა ბრძოლა, სძლეს მამუკას და მოსრნეს მრავალნი, რამეთუ რევაზს, ძმასა მამუკასასა, ჰკრეს კახთა თოფი, გარნა განერა და განიკურნა; და აწცა მოკლეს სალთხუცესი ვახტანგ, ძე გივი ამილახორისა, სრული ყოვლითავე.

ხოლო მოსრულ იყო განჯის ხანი შულავერს, ეოტნა სპანი და მოესრა შულავერი. მსმენელმან მეფემან წარავლინა ვახუშტი სპითა საბარათიანო-იმერლითა, მივიდნენ ესენი და მოსრნეს ელნი ბორჩალუ. გარნა არა გამოვიდა ხანი აღჯაყალის ციხიდამ, მერმე მოიქცნენ და დადგნენ წოფას. მეორე დღე განუტევეს მარბიელი. ესე აცნობეს სომხითართა ხანსა უსპობა ვახუშტისა. მაშინ მაჰმად-ყულიხანს წარმოევლინა კახნი და ლეკნი ხანისა შეწევნად. მცნობელნი წამსავე აღმჴედრდენ და წარმოემართნენ თავს დასხმად. სცნა ვახუშტიმ და მიეგება წინა. არამედ კუეთებულნი უკუდგნენ სიმაგრესა და ბრძოდნენ მწუხრამდე, არამედ ემატებოდენ სპათა ჩუენთა მარბიელნი. მერმე ეკუეთნენ მარცხენით, აოტნეს კახ-ლეკნი და მოსწყჳდნეს სიმრავლით და მოვიდნენ ალაფით ტფილისსა. კუალად გამოვიდა მარბიელი ამათ დაესხა ბაქარ თელეთს, მოსრნა და სხუანი შეიპყრნა სამასნი. ხოლო უკმოქცეულსა დახუდენ ბაქარს კახ-ლეკნი და ყიზილბაშნი, ეკუეთნენ ესენი და მისლვასავე აოტნეს და მოსწყჳდნეს უმრავლესნი და სხუანი ლტოლვილნი შევიდნენ სეიდაბადს შინა. ხოლო ბაქარ მოვიდა ტფილისს.

მერმე წარავლინა მეფემან ვახუშტი მცხეთას, რამეთუ დემეტრე ყაფლანისშვილს გაედვა ჴიდი და ეუწყა მცხეთელთაგან მოცემა მცხეთისა. ამისთჳს ეთხოვა სჭა მეფისათჳს, რამეთუ პირველ წარევლინა იესე და გამოსრულ იყვნენ კახნი დასხმად იესესა. არამედ მოსრნა იესემ და სხუანი ლტოლვილნი შევიდნენ მცხეთას. არამედ იესე არა მნებებელი ბრძოლისა წარვიდა მუხრანს. ხოლო ვახუშტი მოვიდა ქ̃ კაცითა ღამე და მოერტყნენ მცხეთას. მაშინ მლოცველთა ეკლესიასა შინა კახთა გარდუკლიტნეს კარნი მცხეთელთა, გარნა ისროლეს ძლიერად კახთა კუალად. არამედ შეუჴდნენ, მოსრნეს და შეიპყრნეს სრულიად და დაიპყრეს მცხეთა, გამოიყვანნეს მთავარნი კახნი და მოართუნეს მეფესა ტფილისს.

შემდგომად კუალად წარავლინა ბაქარ სპანი და წარუხუნა მთაბორი ღამე, აღუძნდა ესე მაჰმად-ყულიხანს, ვინაჲთგან იდგა სეიდაბადს, ამჴედრდა დილას და მოგზავნა თუშნი და ლეკნი მკჳრცხლნი თაბორსა ზედა, აღიღეს მათვე თაბორი და მომართეს ბაქარს. მაშინ ბაქარ ეკუეთა მაჰმად-ყულიხანს და მისლვასავე ივლტოდენ და მოსწყუედდნენ ქართველ-იმერნი და შესჯარნეს ვიწროსა მტკურისასა, არამედ უფროს მოიშთოდნენ მტკუარსა შინა, ხოლო დევნად არღარა აუფლეს მთავართა ბაქარ ზაკჳთ, ვინაჲთგან მცირე დევნითა შეიპყრობდა მაჰმად-ყულიხანს, რათა არა მოსპოს მეტოქი თჳსი, აღიღეს დროშანი და ალაფი მისი და მოადგნენ ტფილისს, რამეთუ შევიდა ვერ-განმსწრე თეიმურაზ ციხესა შინა (ამისთჳს იქმნა ბოროტი ქუემოთქმული უბოროტესი). ხოლო მაჰმად-ყულიხან განვლო გემიყაია ნავით და მივიდა მარტყოფს და მუნიდამ ქისიყს სპისათჳს ლეკთა, რამეთუ აქუნდა შიში ყეენისა, ვინაჲთგან მოცთუნებით ყო შფოთი ესე.

ხოლო მეფე მოადგა სეიდაბათიდამ ციხეს და დამშჳდდა ფრიად. კუალად წარავლინა ვახუშტი მარტყოფს, მოსტყუევნა იგი და მოვიდა ტფილისს. მაშინ იდგა აზრუმის ფაშა ყარსს შემუსრვად ერევნისად და დაპყრობად ადრიბეჟანისად. ესე უვლინებდა მეფესა, რათა არა მწე ეყოს მათ და მოანიჭოს ხონთქარმან ნიჭი დიდი. ამისთჳს წარუვლინა როჭიკაშვილი ედიშერ და აღუთქუა არა შუელა მათი, ვინაჲთგან იმედეულ იყო გაზაფხულს რუსთა მეფის მოსლვასა. მერმე მოვიდნენ და მოერთუნენ მეფესა ყოველნი წარჩინებულნი კახნი სეიდაბადსა შინა. ხოლო მისრულმან მაჰმად-ყულიხან აღუთქუა ლეკთა ვეცხლი დიდძალი, წარმოიყვანნა და დაესხნეს ტფილისს მეფესა.

იხილე ორგულობა რამეთუ ტალანი მრავალ, მტკუარი განდიდებული და ჴიდი იწრო; მუნ მდგომმან სჳმონ არა აჰყარა ჴიდი, არცა განამაგრნა საფარნი. ეგრეთვე ქართველთა დაუტევეს მეფე ჴელთა შინა მტრისათა.

რა იხილეს ჟამი ესრეთი, და ივლტოდნენ ყოველნი; ამისმან მხილველმან მეჯინიბემან მოართუა ცხენი მეფესა, ეგრეთვე ბაქარს და წარმოვიდნენ. მაშინ მჴნედ იყო როსტომ ფალავანდისშეილი, ჩამოუდგა მეფესა და არა აუფლებდა ლეკთა მოსლვად. კუალად ლეკთა მოსრნეს ქართველნი და კახნი მრავალნი. და მოადგნენ ქალაქს, ხოლო მეფე მოვიდა მცხეთას და ბაქარ წარვიდა დუშეთს, რათა მოესწრას სპითა ტფილისს. არამედ ერისთავმან გიორგიმ გამოუტევა უცხენოდ. ხოლო მისცეს მაჰმად-ყულიხანს ქალაქი და შევიდნენ ლეკნი, იავარ-ყვნეს და მრავალნი ტყუე-ყვნეს. ეგრეთვე გამოვიდნენ მცველნი ციხის თათარნი და დაწუეს სიონი და შემუსრეს ხატი ყოვლად წმიდისა ღუთისმშობლისა სიონისა (ლევან შეამკო, კოსტანტინემ შემუსრა). ჵი, რაოდენნი ქალწულნი განიხრწნენ და ჭეშმარიტნი დედანი და მოწესენი ბოროტთაგან და სისხლი მართალთა დაითხია უსჯულოთაგან, ქ~სა ჩ̃ღკგ, ქარ. უ̃ია.

ხოლო ბაქარ მოვიდა მამისა თანა და წარმოვიდნენ გორს და დაიპყრა ტფილისი მაჰმად-ყულიხან. მიუწოდა ქართველთა და არავინ ინება მისლვა, რამეთუ ბარათიანთა სპანიცა ლეკთა გამოუსია; გარნა კუალად არა მივიდნენ. არამედ გიორგი ერისთავი მივიდა შურითა მეფისათა; შემდგომად მივიდა შანშეცა კსნისა, მერმე ვიეთნიმე ბარათიანნიცა და საციციანონი. ხოლო ზემოქართლისანი არცა ერთი. ამისთჳს წარმოავლინა მაჰმად-ყულიხან თეიმურაზ ძმა თჳსი კახ-ლეკითა. მაშინ მეფემან წარავლინა დედოფალი იმერეთს და თჳთ დაადგრა ქცხინვალს და განუტევა დესპანი რუსთ ჴელმწიფისა ბაადურითურთ მუნიდამ და ევედრა მწე-ყოფასა.

ხოლო ესე ყოველი ეცნა სარასკარს, ყარსს მყოფს, და წარმოემართა, ვინაჲთგან იხილა ჟამი მარჯუე და მოუმცნო მეფესა: "წარმომივლინე ნათესავთაგანი შენი, მე ვაოტო მაჰმად-ყულიხან და დაგიმტკიცო კუალად ქართლი ხონთქრისაგან". ამისთჳს წარუვლინა მეფემან იესე, არამედ შემდგომად მისა წარვიდა ბაქარცა და მიეგება შამბიანს სარასკარსა, გარნა მოვიდაცა თეიმურაზ ჭალას.

მაშინ განემრავლა მეფესა სპანი, რამეთუ მოვიდა სჳმონ აბაშიძე იმერლით და ზემოქართველნი ყოველნი და ლამოდა მისლვასა თეიმურაზსა ზედა. არამედ ეცნათ მოსლვა ურუმთა, უკუნიქცა თეიმურაზ ტფილისსვე.

ხოლო ოსმალნი ჩამოვიდნენ ივნისში და დადგნენ ყურყუთას. იხილა მაჰმად-ყულიხან, რამეთუ ვერ ავნებს, მიეგება და მიართუა კლიტენი ციხექალაქისანი, რათა მისცეს ქართლი მას. მოგზავნა სარასკარმან იენგიჩარნი და შეაყენნა ციხესა. მეორეს დღესა შეიპყრა მაჰმად-ყულიხან თხოვნითა ბაქარისათა და პატიმარ-ჰყო. ხოლო ციხის მოსახლეთა სპარსთა შეუსია იენგიჩარნი, იავარჰყვეს საქონლით და ქონებით და გამოაძნეს ციხიდამ ყოველნი ცარიელნი და მოსცეს ქალაქი და ქართლი ბაქარს. ამისთჳს მოუგზავნა მამასა, რათა წარუვლინოს ქრთამი ოსმალთა. მაშინ მეფემან წარუვლინა ი̃ბ ჯორი კიდული ოქრო-ვეცხლითა და მოოჭვილითა.

შემდგომად პატიმარ-ყოფილი მაჰმად-ყულიხან ევედრა ბაქარს, რათა განუტეოს და აღუთქუა ფიცით, ვითარცა მონა იყოს მისდა. მან გამოაპარა და მოვიდა კახეთს. მერმე შეიპყრა ბრძანებითა მამისათა და სარასკრისათა ერისთავი გიორგი ძით და სალთხუცით თეიმურაზით; შემდგომად მოჰკუეთა თავი გიორგი ერისთავსა და წარმოვიდნენ ოსმალნი შემუსრვად და მოტყუევნად დუშეთისა.

მაშინ აიძულებდნენ ოსმალნი მეფესა ხილვად ქეასსა და დადგა მეფე ოკამს და ოსმალნი დგნენ შიოსუბანს; აქა მოვიდა მეფის ხილვად ქეაჲ და შემოჰფიცეს მეფესა ოსმალთა მოუშლელობისათჳს მეფობისა მისისა და დაასკუნეს შესლვა დუშეთს. ამისთჳს მოვიდა მეფე ქსნის-ჴევს შესლვად გრემისჴევიდამ. იხილა ოთარმან, ძემან გიორგი ერისთავისამან, მისცა ქრთამი ქეას და აღუთქუა მორჩილება და მივიდა წინაშე ქეასსა. ხოლო ქეამ პაემნითა ამით განუტევა ოთარი და თჳთ მივიდა ტფილისს. არამედ შემდგომად ქცხინვალს მდგომს მეფეს მოერთუა, რამეთუ ლეკთაგან ლტოლვილი თამარ, ასული მისი, თეიმურაზით მოვიდა ანანურს, და წარვიდა მეფე შუელად მისა და დადგა არღუნს დუშეთს აქათ. ხოლო ლეკნი უკუნქცეულ იყვნენ. ხოლო ოთარი მოვიდა წინაშე მეფისა და ფუცა ერთგულებასა ზედა მეფისასა. ამისთჳს მისცა მეფემან ერისთობა და მამულნი მისნი ყოველნი და განუტევა.

არამედ მას ღამესა მოვიდნენ ლეკნი, მოსტყუევნეს გრემისჴევი და აღიღეს ალაფი კახთა ხიზანთა და წარვიდნენ. ამათ წარმოუდგა მეფე, ეწივნენ სპანი და აოტნეს ლეკნი და მოსრნეს მრავალნი და ნეშტი მათი შევიდა წილკნის ზღუდესა შინა; და მერმე კუალად გამოვიდნენ წილკნიდამ მცირენი და იწყეს ცემა თოფთა.

მაშინ ივლტოდენ სჳმონ და შანშე, და მოსლვასა მეფისასა შეიხუეწნენ მუნავე და ლამოდნენ სპანი მიტევებასა და შემუსრვასა ზღუდისასა. არამედ მოსრულმან შანშემ არღარა აუფლათ, უკუნიქცა მეფე და დადგა ქსოვრისს, კუალად მოვიდნენ სხუანი ლეკნი და მოსტყუევნნეს საამილახორო და უკუნქცეულნი შევიდნენ შიოსუბანს.

ამ ჟამთა მოსრულ იყო სჳმონ აბაშიძე სპითა მცირითა წინაშე მეფისა საქმისა რისთჳსმე, შეიკრიბნენ ოთარ ერისთავი და ქართველნი, და აიძულებდენ მეფესა ბრძოლად. არამედ შანშე მტერ იყო ოთარისა და, ვინაჲთგან სპანი ოთარისა უმეტესობდნენ, არა ენება შანშეს ბრძოლა, რამეთუ იქმნების გამარჯვებისა მიზეზი ოთარი და, მივიდნენ რა, გამოვიდნენ ლეკნი შიოსუბნიდამ, ეკუეთნენ ამათ იმერნი და მოსწყჳდნეს და აოტეს. ესე იხილა შანშემ, წამს უკუნიქცა და ივლტოდა, მოჰყვნენ ლეკნი და მოკლეს სჳმონ აბაშიძე და მოსწყჳდნეს იმერნი, არამედ უმეტეს ქართველნი. ხოლო მეფესა იძულებულსა წარმოსლვად უბრკმა ცხენსა და დაეცა. მაშინ მოართუა ცხენი თჳსი სიამარადისშვილმან და მოვიდა ქცხინვალს და, იხილა რა მეფემან ესევითარებანი ქართეელთა, იწყო სხჳსა განზრახუა. ამისა შემდგომად ქრთამთაგან და ურუმთა უჯეროთა საქმეთაგან შემჭირვებელი ბაქარ გამოვიდა ტფილისიდამ ურუმთაგან. მერმე მოვიდა მუხრანს სპითა მოწყუედად ლეკთა, არამედ ვერღარა ეწია, რამეთუ გაესწრათ ლეკთა საგურამოს, უკმოქცეული მოვიდა ალს მამისა თანა. შემდგომად მიიქცა მცხეთას და მუნ მოვიდა მაჰმად-ყულიხანცა და ყვეს აღთქმა ერთობა-სიყვარულისა და წარვიდნენ თჳს-თჳსად. შემდგომად წარგზავნა ბიძა თჳსი იესე ტფილისს ურუმთა შინა. ხოლო იესე მიიქცა სჯულსა მათსა ზედა, რამეთუ ოდეს პყრობილ იყო, მოიქცა ქრისტიანედვე და აწ ყო ესე, ვინაჲთგან იყო ჴორცთმოყუარე. ამისთჳს მიენდუნენ მას ურუმნი და წარმოავლინეს სპითა ღორისთავს მდგომს ბაქარსა ზედა. ხოლო ბაქარ უსპობითა ვერ დაუდგა და წარვიდა ატენს, და ოსმალთა დაიპყრეს საბარათიანო. არამედ გაზაფხულს წარავლინნა ბაქარ სპანი, ამათ მოსწყჳდნეს თრიალეთს მყოფნი ოსმალნი და ფოკას მოსრნეს ფ̃ მჴედარნი ტფილისს მომავალნი. ამისთჳს კუალად წარმოავლინეს იესე და ისაყ, ახალციხის ფაშა, სპითა, ვერ წინააღუდგა ბაქარ, არამედ შევიდა მთათა შინა. ხოლო ოსმალნი მოვიდნენ გორს, მოარბიეს გარემონი, დაიპყრეს გორი. უკუნქცეულთა შთავლეს საამილახორო, მუხრანი და მივიდნენ ტფილისს; შემდგომად კუალად წინაძღოლითავე იესესითა მოვიდნენ ქცხინვალს, მოსწვეს და მოსტყუევნეს ოსმალთა და წარვიდნენ.

წარვიდა მეფე ვახტანგ რუსეთს

[edit]

ჟამთა ამათ მოვიდნენ წარვლინებულნი რუსეთიდამ ნაზარაშვილი დავით და ფრანგისტან და მოართუეს მეფესა წარსლვა რუსეთს. მსმენელი მეფე იმედებული ჴელმწიფობისა მათისა აღეკაზმა, წარვიდა და მოვიდა რაჭას ქ~სა ჩ̃ღკდ, ქარ. უ̃იბ. ამას განჰყვნენ ქართველნი ყოვლისა სახლიდამ და კახნიცა მრავალნი, ვითარ ჩ̃უ და ზოგნი უმეტეს დედაწულითურთ, ხოლო რაჭიდამ მივიდა მეფე ვახტანგ დიგორს, მუნ მოეგება ცოლის ძმა თჳსი ჩერქეზის ბატონი, მუნიდამ ჩერქეზს შთასრულს მოეგება სპა დიდი რუსთა და მივიდა სოლახს ახალსა ციხესა შინა აგვისტოს კ̃ჱ, ოკდომბერს ჩაჯდა ნავსა და განვიდა აშტრახანს ნოემბერს ჱ̃.

ხოლო შემდგომად მეფე ვახტანგისა შეკრბნენ ქართველნი, მოიყვანეს მაჰმად-ყულიხან კახით, თუშით, ფშაველ-ჴევსურითა და დადგნენ თედოწმიდას, ამის მცნობთა ოსმალთა წარმოიძღუანეს იესე საბარათიანოს სპითა და წარმოვიდნენ. ხოლო ქართველნი მიეგებნენ გუფთას, ეკუეთნენ და ივლტოდნენ ურუმნი. მოუჴდა იესე, მოაქცია ოსმალნი, ეკუეთა კუალად, მოსრნა და ივლტოდა გივი ამილახორი და წარმოიყვანა ამან მაჰმად-ყულიხან, მოყვნენ ოსმალნი, მოსწყჳდნეს ესოდენ, რამეთუ თავნი ურმებითა წარიღო ერასტი ყაფლანისშვილმან ტფილისს რაჯაბ ფაშისა თანა, რომელმან მოსცა ოცდაათი დრაჰკანი ჯილდოდ, და დაიპყრეს ყოველი ქართლი. არამედ იესეს თუცა არა უწოდდენ მეპატრონედ, გარნა მასვე ჰკითხვიდნენ და იქმოდნენ საქმესა ქართლისასა მის მიერ. გარნა იგი ხუეჭდა და იღებდა ქუეყანათა ნარდად და ამით მოირჭმაცა ფრიად. ხოლო ვინაჲთგან არღარავინ ჰყვათ წინააღმდგომნი ოსმალთა, აღწერეს ქართლი სრულიად და დასდვეს ხარკი კაცს სულზედ დრაჰკანი, ცხვარზედ ორი შაური, ზროხაზედ აბაზი, კამბეჩსა და ცხენზედ ექუსი შაური, მოსავალსა ზედა ხუთისთავი ხილითურთ, და ამის გამო იქმნა ჭირი დიდი და მიექცათ სიცრუე თხემსავე, რამეთუ წაართვეს ოთარს ერისთობა და მისცეს თეიმურაზს, ძესა იასონისასა. ხოლო ლტოლვილი ოთარი მოვიდა აშტრახანს მეფისა თანა და სტყუენვიდიან მამულსა შანშესასა ოსმალნი.

ხოლო იხილა რა ესევითარება კათალიკოზმან დომენტიმ, წარვიდა ლორეს, რამეთუ ჯერეთ ოსმალთა არა დაეპყრათ, და ბესარიონ დაიპყრა იესეს გამო კათალიკოზობა. შემდგომად მოინდო ფაშამ კათალიკოზი დომენტი. არამედ კათალიკოზი ევედრა, რათა წარავლინოს წინაშე ხონთქარისა. რამეთუ ჰგონებდა მუნიდამ ლხინებასა რასმე ქართლისასა, მან წარავლინა და მისრულსა სტამბოლს მისცეს პატივი დიდი უმეტესი პატრიარქთა და უსმინეს ყოველნი. არამედ ისაყ ფაშას, რომელი დასუეს, ვითარცა მეფე ტფილისს, ახალციხისა, შეუძნდა პატივი კათალიკოზისა და ქართველთა მოწმობითა შეასმინა ხონთქარსა. ამისთჳს პატიმარ-ჰყვეს კათალიკოზი ჭალაკსა შინა თენადოსს და ბესარიონ იქმნა კათალიკოზად ქართლს.

ხოლო მეფესა ვახტანგს მიუწოდა დიდმან პეტრემან პეტრებუხს; მისრულსა ცარიცინს, ესმა სიკუდილი დიდისა პეტრესი, დამძიმდა ფრიად. არამედ წარვიდა და მივიდა მოსკოვს; მუნ დახუდა დარეჯან ასული არჩილ მეფისა და შეიტკბნენ ფრიად. შემდგომად მივიდა პეტრებუხს იმპერატორიცის ეკატერინას წინაშე და მან პატივ-სცა მეფებრ დიდებით და მიანიჭნა ურიცხუნი. მერმე გაზაფხულს წარმოავლინა გილანს, რათა ზავ-ჰყოს ყეენსა და მათ შორის. ამისთჳს მიუწოდა დედოფალსა მეფემან მოსკოვს. და მოსრულსა მოსკოვს მეფესა დახუდა დედოფალიცა მუნ. დაუტევა მუნ დედაფალი და თჳთ წარმოვიდა გილანს, ხოლო დარუბანდს მოსრულს მეფეს მოართუეს ანდრიის კავალერია ლურჯი იმპერატრიცისაგან. მერმე მოვიდა გილანს; მაშინ მოერთუნენ გილანელნი სრულიად და აცნობა ყეენსა ყოველნი მეფემან.

ამა ჟამებთა მოსრულ იყო ნადირ-ავშარი წინაშე ყეენისა, ამან ბრძანებითა ყეენისათა მოკლა ფათალიხან ყაჯარი და დააპყრობინა ყეენსა მაშათი. ამან ყეენმან უწოდა თამაზ და მისცა ყორჩიბაშობა. შემდგომად დაიპყრა ხორასანი. არამედ ვერა რისა მყოფელ იყო თჳნიერ მისსა ყეენი. მაშინ კითხვა-სათნოჩენითა მისითა მოუმცნო მეფესა ყეენმან ზავის ყოფად, ვითარცა ნებავს, და მოეგზავნაცა ნიჭი.

ხოლო მიიცვალა ეკატერინა იმპერატრიცა და დაჯდა ძის ძე დიდისა პეტრესი პეტრევე წლისა ი̃გ. ამან მიუწოდა მეფესა მოსკოვს და მივიდა მეფე ქ~სა ჩ̃ტკჱ, ქარ. უ̃ივ. ხოლო ამ ქორონიკონის წინას წელს მოკუდა იესე. მაშინ ისაყ ფაშამ განჰყო ქართლი, სომხით-საბარათიანო მისცა ერასტი ყაფლანისშვილს, მცხეთას ზეითი ბაგრატ ციციშვილს, ზემო ქართლი გივს ამილახორს, მუხრანი და საერისთონი მათთავე მთავართა და ამათ მიერ მოიღებდა ხარკსა და სხუათა რაი იგი უჴმდათ, არამედ შურითა ურთიერთთათა ქართველთათა იყო უუფროსესნი ჭირნი და ართმიდიან და ძრცვიდიან ოსმალნი შესმენითა მათითა, კუალად უმეტესად ოჴრებითა და ტყუეობითა ლეკთათა; გარნა დაიმორჩილეს ამ მთავართ გამო ოსმალთა ესრეთ, რამეთუ უკეთუ მალემსრბოლისად არა მიეცათ მყის ცხენი, შესხდიან თჳთ მას ზედა, ვითარცა უყვეს მანუჩარ ყაფლანიშვილსა და გიორგი ქავთარისშვილსა, აღუდვეს ლაგამნი, შესხდენ და ჩხულეტდენ დეზითა წარსლვად. კუალად უკეთუ ავნის ვინმე ოსმალთა, ჩამოარჩვნიან ანძასა და გარდააჴდევიან ვეცხლი დიდძალი, ვითარცა უყვეს დემეტრე ამილახორისშვილსა, რომელი ჩამოაცვეს ანძასა ორითა მსახურითა.

კუალად განადიდა მელიქი ტფილისისა აშხარბეგ ისაყ ფაშამან, რამეთუ მოვიდნენ დარბაზობად მისა სპასპეტი ლუარსაბ და მთავარნი ქართლისანი ყოველნი. არამედ მან არა მიხედნა, არცა იხილნა და გამოუტევნა.

ხოლო მაჩაბელი თეიმურაზ არა ერჩდა ამილახორსა და სწყუედდა ოსმალთა, სადა ვის მოიჴელთდის.

კუალად განდგა კსნის ერისთავი შანშე და თეიმურაზ არაგჳს ერისთავიცა განაძეს ოსმალთა და დასუეს რევაზ; და ეს რევაზმა არა ერჩდათ ოსმალთა, ამისთჳს უბრძანა ისაყ ფაშამ მაჰმად-ყულიხანს და წარმოავლინა ახალციხის სპანი. მოვიდნენ ესენი, განაძეს რევაზ და დასუეს პაპუა ზურაბისძე. მერმე მოვიდნენ, კსანი მოარბიეს და მოადგნენ ვანათის ციხესა და ქუაბიდამ მოსრვიდნენ მრავალთა ოსმალთა, არამედ დამესა მას განივლტვენ ქუაბიდამ; იხილა შანშემ, მისცა ქრთამი ოსმალთა, ზავ-ჰყო მათ თანა, ხოლო ამილახორმან წარმოიყვანა მაჰმად-ყულიხანითურთ ოსმალთა სპანი და დაესხა მაჩაბელს მუგუთს, შემუსრეს ციხე სვერისა, რომელი აღაშენა თეიმურაზ მაჩაბელმან. გარნა მუგუთს მოსრნეს მრავალნი ოსმალნი. შემდგომად მისჭირდა და განივლტო მაჩაბელი და მივიდა რაჭას ცოლშვილით. ხოლო ოსმალთა მოსწყჳდნეს, მოსტყუევნნეს, შემუსრნეს ციხენი და მოვიდნენ გორს და ენებათ ოსმალთა მოტყუება და შეპყრობა მაჰმად-ყულიხანისა, ვინაჲთგან მუნ ეახლნა ლეკნი. სცნა მაჰმად-ყულიხან და წარვიდა კახეთს. არამედ ოსმალთა დაიმორჩილეს ქართლი უმეტეს და განიყვეს დაბნები.

ამ ჟამთავე მოადგნენ ლეკნი ჭალას, მოკლეს ამილახორის რევაზის შვილი ერასტი და შემუსრეს ჭალა, გამოიყვანეს ჩ̃ სულნი ტყუედ და წარვიდნენ. გარნა თჳნიერ ამისა და ამათ ჭირთა შინა, რომელი იყო ოსმალთაგან გაზაფხულ-შემოდგომას, მარადის ატყუევებდნენ ლეკნი, რამეთუ ჯარად და ჯარად გამოვიდიან ჩ̃, და უმეტესნი და უმცირესნი.

ხოლო ესმა უსუფ-ფაშას, ძესა ისაყისასა, გამოსლვა ლეკთა, წარმოვიდა სპითა ოსმალ-ქართველთათა და ეკუეთა მუხრანს ლეკთა, მოსრნა იგინი და ნეშტნი შევიდნენ შიოსუბანს, მოადგა გარს და შეესივნენ და სრვიდნენ ლეკთა. არამედ ესე ომის ბრძოლის ჴმა ესმათ სხუათა მომავალთა ლეკთა, მოუჴდნენ და აოტეს უსუფ-ფაშა, რამეთუ კნინღა გარდაიხუეწა და მოსრნეს ლეკთა ოსმალნი უმრავლესნი. კუალად ნადარბაზევს ეკუეთა ლეკთა მაჰმადბეგ ოსმალ-ქართველითა სპითა. არამედ ლეკნი ივლტოდნენ, სადაცა მზირ-ეყოთ ტყეთა შინა; და რა მივიდნენ ოსმალნი, უწყეს ლეკთა იმიერ-ამიერით თოფთა ცემა, მოსწყჳდნეს ოსმალნი და აოტნეს, ვითარ მცირენი განერნენ.

კუალად გორიდამ მომავალთა ოსმალთა სპათა ემთხვიათ ლეკნი ნიჩბისის ბოლოს, კუეთებასავე აოტნეს ლეკთა და მოსწყჳდნეს უმრავლესნი. ხოლო მკუდართა აჴმარნეს ჩიბუხნი თჳსნ უკანა კარით. განძლიერდენ ესრეთ, რამეთუ უწყეს სამცხე-ჯავახეთს რბევა და ტყუევნა ლეკთა. ვინაჲთგან არღარა დაშთა მსახლობელნი მუხრანს, ქართლს და საციციანოს და ადგილ საბარათიანო-სომხითსაცა, თჳნიერ სიმაგრეთა, რამეთუ მუშაკობადცა პარვით-მალვით ჩამოვიდიან და მათნი მხილველნი ივლტოდიან სიმაგრეთა. გარნა კუალად მრავალგზის მოსწყჳდნეს ოსმალთა, ვითარ ვერღარა წინააღუდგნენცა.

კუალად მოერბიათ ჯავახეთი, ჰსცნეს ქართველთა და აცნობეს ოსმალთა, მოვიდნენ ქართველნი და შეუკრეს დიდგორის კოშკისყელი; და რა მოვიდნენ ლეკნი, უწყეს თოფთა ცემა და მრავალნი მოსრნეს. ხოლო მათ დაჰყარნეს ნატყუენავნი სრულიად და ივლტოდნენ. მაშინ თელადგორის ბოლოს დახუდნენ ოსმალნი და უფროსად მოსწყჳდნეს. არამედ კუალად იყო მათგანვე უფროსად ტყუევნა და ოჴრება და ბრძოლისაცა უმეტეს იგინი მრე ექმნებოდიან, ვინაჲთგან განმრავლდა სიძვა-მრუშება, სოდომია, ტყჳს ყიდვა, შური, სრვა ურთიერთთა და სხუანი ბოროტნი, და ამისთჳსცა მოუშვა ღმერთმან ბოროტი, რამეთუ მჴეცნიცა მოეტევნენ და სჭამდენ ურიდად მრავალთა, კუალად მოვიდა სირი ჭივჭავი, რომელთა დააბნელიან მზე სიმრავლით და მოჭამა ნაშრომი სრულიად, რომელი არა თქმულ არს საუკუნით. კუალად იყო სრვაცა მომსრველი, ჟამი ძლიერი, გარნა არავინ შეიშინებდა ღუთისასა.

ხოლო შემდგომად ლტოლვისა ისაყ ფაშისა მოვიდა თოფალ ფაშა. ამან უბრძანა ქართველთა საჭურველით ყოფა და პატივთა უყოფდა და ასწავებდა ერთობასა და ვედრებასა ღუთისასა. მაშინ სპანი მისნი მარადის მრე ექმნებოდნენ ლეკთა და მოსწყუედდნენ. არამედ შემდგომად მცირედისა წარავლინეს ბაღდადს და შემდგომად მისა კუალად მოვიდა ისაყ ფაშავე და იქმნა ვითარცა პირველ, გარნა უძჳრესიცა.

ხოლო რაჟამს გარდაიცვალა მეორე პეტრე იმპერატორი და დაჯდა იმპერატრიცა ანნა, ამან მიუწოდა მეფესა ვახტანგს პეტრებუხს, მისცა ნიჭი და წარმოავლინა დარუბანდს, რათა დაიპყრას შამახია და მერმე ქართლი. წარმოსრული გამოვიდა დარუბანდს ქ~სა ჩ̃ღლდ, ქარ. კბ.

არამედ წინჴსენებულმან თამაზხან პირველვე დაიპყრა ხორასანი და განასხნა ისპაანიდან ავღანნი და დასუა მუნ შათამაზ. კუალად აღიღო ოსმალთაგან თავრიზი და დაუტევა ყეენი ბრძოლად ერევნისა, და თჳთ წარვიდა ხორასანს.

არამედ შაჰთამაზ აოტეს ურუმთა ერევანს და ლტოლვილი მივიდა ისპაანს. ესე სცნა თამაზხან, მივიდა ისპაანს და შეიპყრა შაჰთამაზ, რამეთუ იყო მემთვრალე და უბადოდ მქცევი. ხოლო თამაზხან წარვიდა ბაღდადს, მოკლა თოფალ-ფაშა და მივიდა ისპაანს და განემზადებოდა წარსლვად ბაღდადსა ზედა. არამედ ესმა წარსლვა მეფისა ვახტანგისა დარუბანდიდამ შამახიას ზედა, დაუტევა ბაღდადი და მოვიდა უცნობელად შამახიას, აღიღო იგი სულხავისაგან და მერმე შეუჴდა სულხავს კულმუხსა, მოსწყჳდნა და მოსტყუევნნა, აღიღო ალაფი მისი, გარდამოვიდა შაქს და მუნიდამ მოადგა განჯას. მიუვლინა დარუბანდს ვახტანგ მეფესა კაცი, რათა მივიდეს მისთანა. არამედ ვახტანგ არა ინება და განვიდა აშტარხანს, ვინაჲთგან მისცეს რუსთა ყოველნი სპარსეთისანი თამაზ-ხანს. გარნა თამაზ-ხან ვერ აღიღო განჯა ზამთარსა ამას. მაშინ ქართველთა მოსწყჳდნეს ოსმალნი ტფილისის გარეთნი სრულიად, ეგრეთვე გივი ამილახორი შეეტყუა გორის ციხეს ოსმალთა და მოსრნა იგინი და დაიპყრა ციხე.

მერმე მოერთუნენ ქართველნი განჯას თამაზ-ხანს. არამედ მან მცირედითა პატივ-სცა ნიჭითა, წარმოატანა ხანჯალხან სპითა, რათა ბრძოს ოსმალთა, მოვიდნენ ესენი, შეკრბნენ კუალად და დადგნენ ავჭალას.

მაშინ გამოვიდა ტფილისიდამ მაჰმადბეგ სპითა ოსმალთათა, ამათ ეკუეთნენ ყიზილბაშ-ქართველნი, აოტნეს ოსმალნი და მოწყჳდნეს და სხუანი შევიდნენ ტფილისს. შემდგომად დადგნენ კოჟორზედ ყიზილბაშ-ქართველნი და ტალანი ამათნი წავკისს. მოვიდნენ ოსმალნი ღამე და მოსრნეს ტალანი სრულიად და დილას დაესხნენ ყიზილბაშ-ქართველთა და ეკუეთნენ ესენიცა. არამედ ივლტოდნენ ოსმალნი და მოსრვიდნენ, მოჰყვნენ და მოადგნენ ტფილისს. ხოლო გაზაფხულსა ამას დაუტევა თამაზ-ხან განჯა თჳთ და გარმოდგომილ-ჰყო სხჳთა სპითა. მან შემოვლო სომხითი, და დბანისი, გარდავლო ყაიყულს და მივიდა ყარსს. მაშინ მუნ მოსრულ იყო სარასკრად ქოფრული სპითა დიდითა, ხოლო ვერარისა მყოფელი ყარსს თამაზხან მოიქცა და დადგა ერევანს ზეით.

ხოლო მესამის დღის დილასა მოვიდა ქოფრულიცა სპითა, ეწყუნენ და იქმნა მუნ ბრძოლა ძლიერი, მოკლეს ქოფრული და ივლტოდნენ ოსმალნი, რამეთუ ერთი ასთა შეიპყრობდა. ამის მხილველთა ოსმალთა მისცეს ერევანი, განჯა, ლორე, ტფილისი და დაიპყრა თამაზ-ხან და ქართველთა მიუწოდა ერევანს, არამედ მუნ შეიპყრნა ყოველნი თჳნიერ ქაიხოსრო ყაფლანისშვილისა, რომელი იყო მას ჟამსა სპასპეტი, და პატიმარნი წარმოავლინნა ტფილისს.

კუალად აჰყარა ყაიყული სრულიად და წარგზავნა ხვარასანს, მერმე თჳთცა ტფილისს ქ~სა ჩ̃ღლე, ქარ. უ̃კგ. ხოლო ქართველნი მოგზაურნი განივლტვნენ თჳნიერ ვახუშტი აბაშიძისა. ხოლო ტფილისიდამ წარავლინა სპანი და მიუჴდნენ ბარძიმს არაგუსა ზედა, მუნ აოტნეს ყიზილბაშნი. არამედ ზემო ქართლს და საციციანოს აჰყარნა სულნი მრავალნი და წარგზავნა ხორასანს. იხილე რისხუა, რამეთუ არა კმა იყო პირველ, არამედ ხილხილიდამ ინჯამდე სამასი დედათაგან მოგდებული ჩჩჳლნი ეყარნენ მკუდარნი. ხოლო თამაზ-ხანს, სრულიად აოჴრებისა ქართლისა განმზრახსა, მოესმა მოსლვა თათარხანთა დარუბანდს, ამისთჳს დაუტევა ქართლი, ჩავლო კახეთი ოჴრებით და მივიდა დარუბანდს. არამედ თათარხანნი უკუქცეულ იყვნენ და ამან შემუსრა უცმი და მოვიდა მუღამს. და მუნ გაჴელმწიფდა და იწოდა კუალად შანადირ. მერმე მივიდა ისპაჰანს წარსლვად ყანდაარს. ხოლო ქართლს დაეტევა ალიმირზა ძე იმანყულისა, ვითარცა ვალი და სეფიხან.

ამან სეფიხან მოიტყუვნა გორს ქართველნი, შეიპყრა თეიმურაზ, გივი ამილახორი, ბარძიმ ერისთავი და სხუანი, ხოლო შანშე ივლტოდა და წარუვლინა ისპაანს შანადირს. ხოლო მან არა რაჲ ავნო და წარიყვანა ყანდარს. შემდგომად მისცა ხანჯალხანს ხანობა ქართლისა, წარმოატანნა ქართველნი და გამოუტევა. ხოლო თჳთ აღიღო ყანდაარი და წარვიდა ინდოეთს. მაშინ მოსრულმან ხანჯალხან დასდვა ხარკი და ჭირი დიდი, რამეთუ ხეთა, ვენახთა, საჴნავთა და პირუტყუთა, ამათ ყოველთაგან იღებდნენ, და ამით დაიპყრნეს სპანი და უწოდეს ნოქარი; და მთავართაცა საჴელოთივე მათითა პატივ-სცეს და მიუხუნეს მამულნი და მსახურებდენ ტფილისის ხანსა, რამეთუ ამისივე განსაგო იყო კახეთი, ბორჩალუ და ყაზახი.

კუალად მოჰკრეფდიან ტყუეთა და წარუვლენდიან შანადირსა. ხოლო შანშე ჟამად ერჩდის და ჟამად უკუდგის. ხოლო მეფე ვახტანგ დადგა აშტარხანს და წარავლინა ბაქარ ძე თჳსი ქართველითურთ მოსკოვს და მოიყვანა დედოფალიცა. მუნ და იყო განსუენებით წელი ერთი. შემდგომად გარდაიცვალა ქ~სა ჩ̃ღლზ, ქარ. უ̃კე, მარტს კ̃ვ და დაფლის მუნვე დიდითა პატივითა და ჴელმწიფურითა. შემდგომად მისა წარვიდა დედოფალიცა მოსკოვს და დაშთნენ იგინიცა მუნ.

ხოლო მოკუდა ბესარიონ კათალიკოზი. შემდგომად მოვიდა კათალიკოზი დომენტი სტამბოლიდამ იმერეთს, მოიყვანეს იგივე კათალიკოზად. მოსრულს მიეგება ხანჯალსან და ყოველნი წარჩინებულნი და ქალაქი და სცეს პატივი დიდი.

ხოლო მოკუდა რა ხანჯალხან, მისცეს ალავერდის ხანობა ძესა იესესასა ნაშობსა ხარჭისასა; და, ვინაჲთგან არა ერჩდათ შანშე, მოადგნენ ყიზილბაშნი, ვერ დაუდგა შანშე და ივლტოდა დედაწულით იმერეთს და მუნიდამ რუსეთს. მისრული მოსკოვს არღარა შეიწყნარა ჴელმწიფემან და მოვიდა ქართლსავე და დაიპყრნა მამულნი თჳსნი, მოიყვანნა ლეკნი და აოჴრებდა ქუეყანათა, არამედ ლტოლვილსა შანშესა წაგვარეს იესეს, ძმასა მისსა ცოლი არაგჳს ერისთავთა და მისცეს ყიზილბაშთა.

ამისთჳს შეიკრიბნა შანშემ ლეკნი და მოადგა ანანურს, შემუსრა, აღიღო იგი და მოსწყჳდნა არაგჳს ერისთავნი სრულიად, რამეთუ არავინ განერა. იხილე, რამეთუ გიორგი ერისთვის ცოლი მარილის ქვით კიდული წარიქციეს. გარნა არა დასცხრა შანშე და ატყუევებდა ქართლს ლეკით. ესე ლეკნი მოვიდნენ ტაშირს, სცნა სეფიხან ყაზახს მდგომმან, რომელი პირველ იჯდა ტფილისის ხანად და შესმენითა ქართველთათა რისხჳთ წარიყვანა შანადირ. ესე მოვიდა ჭ̃ კაცითა დბანისს, წარიძღუანა ქაიხოსრო სპასპეტი და მიუსწრა ტაშირიდამ გარდმომავალთა ლეკთა, ეკუეთა და მოსწყჳდნა, რამეთუ მცირედნი ივლტოდნენ. კუალად გარდაუსწრა კახეთს და ქართლიდამ გარმოსულნი მოსწყჳდნა მრავალნი. არამედ ყიზილბაშთაცა მრავალჯერ მოსწყჳდნეს ლეკნი. გარნა აქუნდათ სადგურად კსანი და მარადის იყო მათგან რბევა და ტყუევნა, რამეთუ არღარაცა იყო მოსახლე, ვინაჲთგან შეშინდნენ ფრიად ლეკთაგან, რამეთუ ხუთმან ლეკმან ჩხიკვთას დაჰყვეს ზამთარი ტყჳთ დედაკაცებით, მიდგომილთა ლეკთაგან შობეს და ზაფხულს აჰკიდეს მათვე შვილნი მათნი და წარვიდნენ (ამისთჳს მიუშუა ღმერთმანცა, ვინაჲთგან იყო უშიშრობა ღუთისა).

შემდგომად მოიქცა რა შანადირ ინდოეთიდამ, მოვიდა და მოადგა ლეკეთს, წარმოავლინა სპანი და მოადგნენ შანშეს; გამოიყვანეს ამათ აწერის ხევის ციხიდამ ცოლშვილი შანშესი და ტყუენი მრავალნი. ხოლო შანშე ივლტოდა ახალციხეს და ალიყულიხან, რომელი იყო თავ სპათა და ხანი ტფილისისა, შევიდა მაღრან-დუალეთს, მოსტყუეენა იგი და მთანი შანშესანი. არამედ ჟამურის ოვსთა აოტეს ხანი და მოსწყჳდნეს სპანი მისნი. ხოლო თხოვნითა შანადირისათა მოსცეს ოსმალთა შანშე მას. არამედ შანადირ ინება განტევება მისი თავმდებობითა ქართველთათა. გარნა ქართველთა არა ინებეს, და წარგზავნა ხვარასანს. არამედ მოგზაური შანშე გამოიპარა, შეიპყრეს კუალად და აღმოჴადნეს თუალნი ძმითურთ.

ხოლო ქართველნი იყვნენ წინაშე შანადირისა მარადის დარუბანდს. მაშინ მოვიდა კათალიკოზიცა დომენტი და პატივით შეიწყნარა და წარმოავლინა ქართლსავე კათალიკოზად.

არამედ ქართლს იყო ჭირი დიდი საზრდელთათჳს, ვინაჲთგან თთუესა ერთსა მიაღებინა სამასი ათასი კოდი პური და ქერი, რამეთუ ჰყვათ წარჩინებულთა ცოლშვილნი ტფილისს და ვერვინ იკადრებდა ურჩებად. ხოლო ქართველთა შეასმინეს ალიყულიხან და მოგზავნა შაჰნადირ ყოჯახან ტფილისს. მაშინ მოსრნეს ყაფლანიანთა ვაჭარნი ქარავნისა ოსმალთა, შესჩივლეს შაჰნადირს, შეიპყრა ელიზბარ და მოაშთო იგი; ხოლო ქაიხოსროს მიუღო ფ̃ თუმანი და მისცა მათ ვაჭართა. კუალად დაჰკუეთა ბარათიანთა ყურნი საზრდელთათჳს.

შემდგომად მისცა გივს ამილახორს კსანი და ვექილობა ქართლისა, ბეჟანს ერისთობა არაგჳსა და უბრძანა მოსლვა ლეკთა ზედა კახეთის მთიდამ. ხოლო მოვიდნენ რა ტფილისს სრულიად ქართველნი წარჩინებულნი, ამ ჟამსა მიიცვალა კათალიკოზი დომენტი ქ~სა ჩ̃ღმა, ქარ. უ̃კთ, და დაფლეს მცხეთას. არამედ დასუა თჳთ მანვე კათალიკოზად ნიკოლაოზ ხერხეულიძე.

ესე იყო უმეცარი და საეროთა უფრო განმწყობი, ვიდრე სამღუდელოთა; და მოყურობდა თათართა, ვიდრე ქრისტიანეთა. ამან ომფორი ოქროქსოვილი, სჳმონ ბატონისშვილის ცოლის ანნას მოგზავნილი მცხეთისა, დასჭრა და ბეჟან ერისთვის ცოლსა ქათიბად შეაკერვინა და მიუბოძა, და საქადაგო ხატი მურასად მოოჭვილი შემუსრა. გჳრგჳნი საპატრიარხო ლევან დადიანის შემოწირული და ომფორი სხჳლ-მარგალიტთულით შემკული და სხუანი ხატნი და ჯუარნი და სამსახურებელნი კათოლიკე ეკლესიისა მცხეთისა შემუსრნა და განყიდნა. არაჯეროვნად იქცეოდა სამღუდელოთა წესითა. თუმცა ღმერთმან მიუშუა და ქმნა ბოროტი უსჯულომან დასაბამითგან არა-სმენილმან, უკეთურმან მაჰმადიან ყოფილმან თაზისშვილმან ტარიელ მახჳლითა მოკლა; ვინაჲთგან საქართველოს პირველი მღუდელმთავარნი იყო, ვერ შეეხებოდა ჴელი მოსიკუდიდ.

ხოლო გივი ამილახორი ემზახლა ბეჟან ერისთავს და დაიპყრა კსანი და მორჩილებდა ბეჟან გივს. არამედ ვინაჲთგან ერწმუნა შაჰნადირს მისთჳს ქართლი, მოითხოვნა ქურივნი ქალნი, ქალწულნი ქალნი და ვაჟნი სამას-სამასნი, ხუთასი კომლი კაცი და ოცი ათასი ხარვარი პური. ამისთჳს ეზრახა გივი ქართველთა: "არა ძალგჳცს ყოფად და განვდგეთ ვინაჲთგან ვერა ნებისაებრ დაიპყრნა შაჰნადირ ლეკნი", ხოლო მათ მისცეს პირი მტკიცე. ამისთჳს განაზრახა ხანი წარსლვად ლეკსა ზედა და განვიდაცა ხანი ყიზილბაშ-ქართველითა. მაშინ გივი გამოივლტო ცოლშვილით ტფილისიდამ სიმაგრეთა იმედებული და მოვიდა კსნის ჴევსა შინა. არამედ ქართველნი არღარავინ გამოჰყვნენ, არცა უკუდგნენ. ესე რა ესმა ხანსა, მოიქცა ტფილისსავე და მოთხოვილისათჳს მთავართა შეამჭირვებდა და მრავალთა გუემა და პყრობილება შეამთხვივა და მოუჴდა გივს, ვერ შემუსრა, მოაოჴრნა გარემონი და მოიქცა ტფილისსავე.

ჟამსა მას წარმოევლინა იმპერატრიცას ელისაბედს პეტროვნას ძე ვახტანგისა ბაქარ აშტარხანს. ესე ჰგონა გივმან მისასლველად ქართლს მეფედ, წარუვლინა ბარძიმ ბიძის ძე თჳსი და მოუწოდა ბაქარს, რათა მოვიდეს და დაიპყრას ქართლი. ხოლო შაჰნადირ ბრძოდა ლეკთა ერთ წელ, შეამჭირვა და შეაძრწუნვა ფრიად, რამეთუ ჰყიდდენ შვილთა თჳსთა და სჭამდნენ ჴორცსა ღორისასა. არამედ იყო სიყმილი ძლიერი სპათაცა შორის შაჰ ნადირისათა, რამეთუ ოთხი კოდი პური სამ თუმნად იყიდოდა. ამისთჳს უკუნიქცა შაჰნადირ და წარვიდა სპარსეთად.

ხოლო ბაქარს მიუწოდეს კუალად პეტრებურხსავე და მივიდა მუნ. გარნა გივი არა დასცხრა და ბრძოდა ხანი ტფილისისა და აოჴრებდენ ქუეყანათა იგიცა და ესენიცა. ამისთჳს მოიყვანა გივმანცა ლეკნი ნიჯადად თჳსად და მოსწყჳდნა რაოდენნიმე ყიზილბაშთა სპანი. არამედ აოჴრებდა უმეტეს ქუეყანათა. ხოლო შემდგომად შეჩენითა კახთათა მოკლეს ბეჟან ერისთავი ყმათამე მისთა და მიერთუნენ თეიმურაზს და წარუხუნეს მთიულთა ქონება გივს ამილახორს და გამოაძეს ცოლშვილნი მისნი ჴადიდამ. გარნა გივმან კუალად განამაგრა კსნის ციხე, ქცხვილოსისა, კეხვისა და სურამისა და წარვიდა ქართლს და კუალადცა არა დასცხრა გივი ოჴრებად ქუეყანათა ლეკითა.

ესე ყოველნი ამცნო თეიმურაზ შაჰნადირს და შაჰნადირ მოსცა არაგვს საერისთო თეიმურაზს. ესე მოვიდა და დადგა ტინს და ბრძოდა კსანს. მაშინ ლეკეთით ლტოლვილი ყეენის ძედ წოდებული წარვიდოდა ოსმალთა შინა და ეტიკმან მისმან შეაცთუნა და მოიყვანა თეიმურაზისა თანა. ხოლო თეიმურაზ შეიპყრა იგი და წარუძღუანა ძე თჳსი ერეკლე და წარავლინა წინაშე შაჰნადირისა, რამეთუ მაშინ ჰბრძოდა ოსმალთა მუსულს. ამისთჳს მადლიერ იქმნა შაჰნადირ, მოსცა ნიჭი დიდი და წარმოუვლინა ერეკლეცა ნიჭითა. არამედ ბიძაშვილმან გივისმან რევაზ მისცნა ციხენი კსნისანი თეიმურაზს და თჳთ აზნაურითა და გლეხითა შთავიდა კახეთს, რამეთუ მრავალნი წარჩინებულნი, აზნაურნი და გლეხნი დაეშენებოდნენ ქართველნი კახეთს, ვინაჲთგან მუნ უმცირესი ჭირი იყო თათართაგან.

ხოლო წელსა ქ~სა ჩ̃ღმდ, ქარ. უ̃ლბ, წარმოევლინა ხონთქარს განძი დიდი ლეკთათჳს და მოვიდა უსუფ ახალციხის ფაშა ი̃ე ჩ̃ სპითა ქართლს, რათა წარუვლინოს ლეკთა იგი; ამას მიერთო ამილახვარი გივიცა. ესმა ხანსა ტფილისისასა, შეიკრიბა ყიზილბაშით და მოუწოდა ქართველთა და თეიმურაზს; მერმე შეკრებულნი ყოველნი მოვიდნენ გორს. ხოლო ურუმნი მოვიდნენ თედოწმიდას. მიეგება ხანი თეიმურაზით და ქართველით, იძლივნენ ოსმალთაგან და შემოვიდნენ გორს. მოვიდნენ ურუმნი და მოადგნენ გარს და წარგზავნეს სპითა დიდითა საგანძური იგი ლეკთა შინა.

ესე აცნობა ხანმან თეიმურაზის ძეს ერეკლეს; ესე შეკრბა კახითა და ავღნით და შეუკრა არაგჳს პირის ჭალა მოსრულთა ურუმთა. ამათ უწყეს ცემა თოფთა, აოტნეს ოსმალნი და მოსრნეს მრავალნი. გარნა წარიღეს საგანძური იგი და მივიდნენ გორს ლტოლვილნი. ამისი მხილველი უსუფ ფაშა აღიყარა და წარმიდა, ვითარცა მეოტი. ხოლო ხანი და თეიმურაზ გამოვიდნენ გორიდამ და აღიღეს ალაფი ოსმალთა მრავალი. შემდგომად მოიქცნენ ესენი ტფილისს და აცნობეს ყოველი ყოფილი შაჰნადირს. ესე განიხარა ფრიად შაჰნადირ და მოსცა თეიმურაზს ქართლი, ხოლო ერეკლეს, ძესა მისსა - კახეთი. მერმე მოვიდა თეიმურაზ ტფილისს ქ~სა ჩ̃ღმდ. ქარ. უ̃ლბ.

ჩანართი (RMy)

"ამასვე ქორონიკონსა ( წ{ელსა}), აგვისტოს -ს, მოკუდა კათოლიკოსი ნიკოლაოს ხერხეულიძე (R + მახჳლითა უღმრთოსა თაზიშვილის ტარიელისაგან) და დასუეს კათალიკოსად ანტონი, ძე მეფის იესესი, რომელი იყო პირველ ქუთათელ მიტროპოლიტად, და ბიძამან თჳსმან მეფემან ამან (< y) თეიმურაზ (My + და ძმამან ანტონისამ ერეკლე) და (< My) ძემან ამის (< y) მეფის თეიმურაზისამან, (R + მეფემან კახეთისამან ერეკლემ), ორთავე მისცეს კათოლიკოსობა და ნება ჰსცა (m: ჰსცა < ჰსცეს) შაჰნადირმანცა. ხოლო წელსა ქ{რისტ}ეს , ქართულსა, იცხო მეფედ ცხებულობით თეიმურაზმან ოქტომბერს მცხეთას, რომელსაცა ჰსცხო და აკურთხა გჳრგჳნოსნებით (My: გჳრგჳნოსნობით) დისწულმან თჳსმან კათალიკოს-არხიეპისკოპოსმან (კათოლოკოს პატრიარხმან m) მეფის ძემ ანტონ დავითიან-ბაგრატიონმან (My ბაგრატოანმან) თანჴმა-ყოფითა (My:თანახმაყოფითა) ქარლისა და კახეთის ეპისკოპოს-წარჩინებულთათა".

ჩანართი (R)
"ხოლო ესე ქართლის ცხოვრება პირველივე მეფეს ვახტანგს თჳთ ეკეთებინა ქართლს მყოფობასა და მერმე რუსეთს ძველთა გუჯრებითა და ცხოვრებათა და მოხუცებულ მახსოვარ-მეცნიერთა საქართველოს კაცთაგან დიდის გამოკვლევით და გამოძიებით გულსმოდგინედ ეკეთებინა, რომ საქართველოს ცხოვრება ნოეს შვილის იეფეთის (!) ქართლოსიდამ აქამომდე რა როგორ ყოფილა, ან მეფენი ვინა მსხდარან და ან რა ჟამები და დრონი ყოფილან. ბატონიშვილის ვახუშტის თანხლებით ეკეთებინა და აღარ დასცალებოდა თანამდებობისგან სიკვდილისა. მერმე, რომ ასტრახანს გარდაცვალებულიყო, ბატონიშვილს ვახუშტის შეესრულებინა და არს აქ მეფის ირაკლისამდე, და ამას იქით, რაც იქმნას ქვეყანას ამას საქართველოსა შინა, მატიანეთა მწერალთ აღწერონ".


აღწერა აწინდელისა ქართლისა ვახუშტი ბატონიშვილი - "აღწერა სამეფოსა საქართველოსა"
ავტორი: ვახუშტი ბატონიშვილი
აღწერა ჰერეთისა, კახეთისა და კუხეთისა, კუალად თუშეთისა და დიდოეთისა