Jump to content

ცრემლები

From Wikisource
ცრემლები
ავტორი: ვაჟა-ფშაველა
1897 წელი


Ι

ახალ მტკვრად აღელვებული
ქვეყნად ცრემლები დიოდა.
ვინ იყო მისი მშობელი,
ვის თვალებს ჩამოსდიოდა?
ის ცრემლი იყო ხალხისა
და ზღვასავითა დიოდა,
თან ოხვრა-კვნესა მოჰქონდა,
რა ქვეყნად ჩამოდიოდა.
მოსთქვამდა ხალხი ხმამაღლა,
თან ცრემლებს ჩამოჰკიოდა:
„წადით, ეუწყეთ ღმერთებსა,
ზედ მიიჭრენით ლაღადა;
აყვირდით, ზვირთი ზვირთს ეცით,
რა შეხვალთ იმათ ბაღადა“.
დანაბარების მტვირთველნი
ჩამოდიოდა ცრემლები,
როგორაც მეფეთ გლახაკნი,
მათ გზას უთმობდენ ხევები.
მაგრამ ამაოდ: ქვეითა,
სადც თვალი ძლივსა სწვდებოდა,
ზღვასაებ უზარმაზარი
შავი ვეშაპი დგებოდა;
ჰსვამდა და ჰხვრეპდა ცრემლის წყალს,
ქვეით მდინარე შრებოდა.
მოზარეთ ცრემლი და ოხვრა
ღმერთთ ყურს აღარა ჰხვდებოდა.
გროვა-კი იდგა, მოსთქვამდა,
დედა მკვდარს შვილზე ბნდებოდა;
მთელი არსება ხალხისა
ცრემლის მდინარედ დნებოდა.
მაგრამ არ იქნა, წყეული
ვეშაპი არა კვდებოდა;
როგორაც გუშინ, დღესაცა
ცრემლის მდინარეს ჰხვდებოდა,
ჰხვრეპდა, აშრობდა ცრემლებსა,
თვით უჭირველად რჩებოდა.
ღმერთნი ღმერთობდენ, უცდიდენ:
სად არს მუდარა გროვისა?
რომ შემწეობა მიეცათ,
რა ხმა ესმოდათ გლოვისა.
ვეშაპი ცრემლებს არ უშვებს,
მტირალთ უშველენ როდისა?!

ΙΙ

ვნახე, მომკვდარა ვეშაპი,
მძოვრი იმისი ლპებოდა.
გაჰხარებოდათ ფრინველთა,
ლეშზე ყორნები სხდებოდა.
ურიცხვი გუნდი ფრინველთა
იმის ხორცითა ძღებოდა.
ცრემლიც მოსჩქეფდა თამამად,
ვეშაპის ლეშსა სთელავდა,
სრულად მოერწყო მთა-ველი,
შავს ზღვასავითა ღელავდა,
გარს შემორტყმია ღმერთთ სადგურს,
ცეცხლის ალივით ელავდა.

ΙΙΙ

ღმერთნი ჰხედავდენ ცრემლის ზღვას,
მწყობრად წყრებოდენ, ჩიოდენ,
უბრძანეს ანგელოზებსა –
იმათ ახლოსა დიოდენ:
„გათხარეთ მიწა, ცრემლის წყალს
გზა ჰქონდეს უფსკრულს სადენი.
ხომ დედამიწა წალეკა,
ზედაპირს დარჩეს ამდენი!“
გათხარეს, უფსკრულს მიუშვეს
ცრემლის მდინარე ჩხრიალით:
„მიწისა გული დაიტევს,
დარდს გაუქარვებს ტრიალით“.
დამალეს, ცრემლის წვეთები
უხვად მიწის გულს ცვიოდა,
დედამიწისა გულ-მკერდზე
ყვავილი ამოდიოდა;
ათასნაირი მცენარე
ათასნაირის ჯურისა.
შაექცეს, ისიამოვნოს,
ვისაც ჰშიან და სწყურისა.