ცოლი ანუ ჩემი თავგადასავალი
ცოლი ანუ ჩემი თავგადასავალი ავტორი: ვაჟა-ფშაველა |
1908 წ. |
I
ვის რაში ეპრიანება
ჩემი თავგადასავალი?
ასე ვსთქვი, როცა ავიღე
ხელში საწერად კალამი.
მაგრამ რა მექნა, მკვდარს გულსა
ვერსით ვუპოვნე წამალი.
ჭირის თქმით, გამიგონია,
ძველის-ძველადვე თქმულია, –
ჭირი ქარვდება და კაცსა
თურმე ურჩება წყლულია.
ნუ კი დამძრახავთ, თუ სიტყვა
ვერა ვსთქვი მოკაზმულია.
მაინც ვეცდები მოგითხრათ
ჩემი ამბავი სრულია,
სიტკბო ქცეული შხამადა,
სიამე დაკარგულია.
ვეღარ მშველიან ნაცნობნი,
ვერც ძმები, ვეღარც ფულია,
თითით უღერენ ჩემზედა
ქართველ-სომეხი-ურია.
ამბობენ: რაღა კაცია,
ქუდი რისთვისღა ჰხურია?
და ყველა ცდილობს იმასა,
რომ ამომაძროს სულია.
რისათვის? რადა? გაგება
არავის მოუსურვია…
ჭორებს რად მისდევთ, გიამბობთ,
კარგა დამიგდეთ ყურია,
და თუ დარწმუნდით ვსტყუივარ,
შემმურეთ შესამურია.
II
ყმაწვილად ვიყავ ჯერ ისევ,
ახლად წვერ-დაწამებული,
მყავს მეგობრები მრავალი,
ვიყავი გახარებული
იმათთან ყოფნა-ქეიფით.
არ ვიყავ შეყვარებული,
მხოლოდ ეს მაკლდა და ამ მხრივ
გრძნობები აზღვავებული
ეძებდა ტრფობის საგანსა
ყოველგან სოფელ-დაბადა.
ვაი ჩემს გაჩენის დღესა,
ღმერთმა რისათვის დამბადა,
თუ დღენი ჩემის სიცოცხლის
უნდა დავლიო შავადა, –
პირზედა ღიმილ-ჩამკვდარი,
ვიყო სულ-გულით ავადა?!
ნუ მიენდობით დიაცსა,
მის ერთგულების ფიცილსა,
ნურც ხვევნა-კოცნას, – ცრუვია,
ნურც იმის კისკის-სიცილსა:
შენ რომ გიცინის, იმავ დროს
სხვასაც დაუწყებს ღიმილსა.
დაგიგებს ეკლის ლოგინსა,
ეკლის დაგხურავს საბანსა,
რომ არ გეგონოს, ერთს წამში
შეჰქმნის საზღაპრო ამბავსა.
დაგაწყევლინებს დედის მკერდს,
თავის ბედს, თავის აკვანსა.
III
მომწყინდა ქალაქში ყოფნა,
ზურნა-დუდუკით ქეიფი.
ცხენს შევჯე აბჯრით მორთული,
თავი მეგონა ნეიბი,
და წამოვისხი ნაბადი,
მგზავრისა საბან-ლეიბი.
ვიფიქრე სოფლების ნახვა,
ჩემი მშობელი ქვეყნისა,
წყალ-ჭალა, მინდორ-ველების,
კავკასიონის ქედისა.
ერთგან მამიდა მეგულვის,
სხვაგან მიმელის დეიდა, –
ნათლია-ნათლიმამები
არაგვის პირზე, ზევითა.
დროც შევურჩიე საფერი:
პირველ მაისის რიცხვები, –
ტყე ჰყვავის თეთრად და წითლად,
ამწვანებულა მინდვრები;
არ იყო ცოლის შერთვისა
არ ამეშალა ფიქრები!
მთა-ბარი ჰყვავის, – ვამბობდი: –
რას ამბავს არის ბუნება?
ჟივილ-ხივილი ფრინველთა
სიყვარულს ჩამეუბნება.
ყველას ტოლი ჰყავ და სწორი
ერთურთის შემაქცევრადა.
მარტოკა, ოხერ-ტიალად
ვეხეტებოდე მე რადა?
ყვავილი ყვავილთან ჰყვავის,
ტოლთან სიცოცხლე სწყურია.
ფრინველთ, მცენარეთ ცხოვრება
გამიხდა შესაშურია.
ბუნების სიმშვენიერემ
ამაგზნო, ამიყოლია.
მეცა ვსთქვი: კაცი არ ვარგა,
თუ ტოლი არა ჰყოლია.
მივდივარ, თანაც ვიძახი –
უნდა შავირთო ცოლია.
თუ ვინმე შემხვდა ლამაზი
და მომივიდა თვალშია.
მზითევს არ დავსდევ, ეს ფიქრი
მიტრიალებდა თავშია.
საცა კი სოფელში მივედ,
ყველგან დამიხვდნენ ძმურადა:
მიკლავენ ვარიეებსა,
ღვინოს მასმევენ უხვადა,
თან იმასაცა მკითხავენ,
ქალაქით მოვედ თუ რადა?
ქართველთა მასპინძლობასა
რა ქება უნდა, დიდება,
გააჩენს გაუჩენელსა
კაცი საითაც იქნება.
არ იმჩნევს სიღარიბესა,
როგორც მდიდარი გიხვდება,
თვალ-წარბში უცქერს სტუმარსა,
რა ჰსურს, მაშინვე მიჰხვდება.
წყალი, ნადგომი ერთს ადგილს,
ხომ კარგად იცით, შმორდება.
მოყვარეც მოყვრისთვის ძვირობს,
ძვირად რომ ჰნახავს, – ჰშორდება.
თქმულია: ოქროდ სტუმარი
მხოლოდ დილითა ჩნეულა,
თუ დიდხანს დასცალებია –
მაშინ სპილენძად ქცეულა.
მეც ეს ვიცოდი და მიტომ
დიდხანს არსადა ვრჩებოდი…
მასპინძელს მადლსა ვუხდიდი,
თავის ლურჯაზე ვჯდებოდი
და, როგორც ვინმე რაინდი,
მალე გზას გავუდგებოდი.
ხურჯინში მიძე საგძალი:
პური, მოთალი, სათალი,
კახურით სავსე ტიკჭორა,
ვიჩინის ჩამონათალი.
IV
მივისწრაფები არანისს,
იქ მეგულება ძმობილი.
კაცია, კეთილშობილი,
გულ-უხვ მასპინძლად ცნობილი.
მივდივარ არაგვის პირ-პირ,
ვუცქერ მთებსა და ჭალებსა, –
ტურფად შემკობილს ბუნებას
ვეღარ ვაშორებ თვალებსა.
მხარზედა კოკა-შედგმულსა
გზა-გზა ვხვდებოდი ქალებსა,
ჯეირნებივით მალხაზებს,
ფეხ-შიშველ, წითელ კაბებსა.
სოფლისკენ ეშურებიან,
მგზავრს უმალავენ სახესა.
რა მნახეს უცხო-ქვეყნელი,
სიარულს მოუმატესა.
მე ლურჯას მოვათამაშებ,
პირიდან ისვრის ქაფებსა.
შევხედე, ზევიდან მოდის
სუფთად ჩაცმული მგზავრია.
ეგ აზნაური იქნება, –
თავში მიელავს აზრია.
მოაკუნკრუხებს მერანსა,
ვით აზნაურის წესია.
შორიდან მსინჯავს თვალითა,
მიცქერის თითქო ქეცია.
მომიახლოვდა, რა მიცნო,
მიძახა – გამარჯობაო,
– გაგიმარჯოსო, – მივუგე,
შემდეგ გავაბით ბჭობაო
და გავაახლეთ ხელდახელ
ჩვენ ერთმანეთის ცნობაო.
იქვე მწვანეზე გადმოვხდით,
ხელად გავშალეთ სუფრაო.
ამაზე მეტი, ხომ იცით,
ზანდუკელს რაღა უნდაო?
როს შევახურე ღვინითა,
მოხსნა სიცრუის გუდაო,
ნათქვამის დასამტკიცებლად
წინ ღმერთი დაიყუდაო.
ამბობს: არანისს მათ გვარმა
სით, როგორ დაიბუდაო.
თავის წინაპართ ქებასა
ათასჯერ დაუბრუნდაო.
მოყვარეს როგორ ჰმოყვრობდენ,
მტერს მიაყარეს გუნდაო,
და დღეს კი ბედმა უმუხთლა,
მათ ყოფნა გაუცრუვდაო.
აგვაჭიკჭიკა ღვინომა,
დავძახეთ მრავალ-ჟამიერ
და სადღეგრძელო გავაბით
ათას მხრივ, იმერ-ამიერ.
მას დაავიწყდა მგზავრობა,
ნადიმს აგრძელებს ხანიერ.
დღე მიიწურა, მზე ჩადის,
დაგვიღამდება წამიერ.
ეს ორივემაც ვიგრძენით,
გავიგეთ წასვლის ხანია.
– უნდა მეწვიო ამაღამ,
ფრიად საამო წამია. –
მან მითხრა – მეც დავბრუნდები
უკან, წავიდეთ შინაო.
უნდა გაჩვენო, არ ძალმიძს,
ჩემი ყოფნა და ბინაო.
მე უარს როგორ ვეტყოდი,
როცა იქ წასვლა მინაო.
მივსდევდი უკან ჩანჩალით,
ის მიმიძღვება წინაო.
მივდივართ, ცხენებს ვაწონებთ
ერთიმეორეს გზაშია.
ის აქებს თავის მერანსა,
მე ჩემი ამყავს ცაშია.
„შენ რომ იცოდე, დიმიტრი,
ეს ჩემი ცხენი რაშია,
იცოდე, ამის მსგავსს ცხენსა
სხვას ვერ შაჰხვდები მთაშია.
ჩემს ნათქვამს ნუ დაიჯერებ,
თუნდა იკითხე ხალხშია.
ჩემს მერანს ერთიც ვერ მოჰყვა,
იმ დღეს ვიყავით ხატშია“.
ზანდუკლის ბაქი-ბუქებმა
მეც დამაკვეხა ახშია.
და მეც ჩემს ცხენზე ვუთხარი:
პირველობს ყარაბაღშია.
კამპები იცის, წიხლი-თქო,
ცხენი ვერ დაჰკრავს ყალხშია.
გავქუსლეთ კიდეც ცხენები…
და… გავებენით ბარდშია.
გადავიკაწრეთ თავ-პირი,
ეკლები გვერჭვა თავშია,
მე ფეხი ავიკანჭურე,
ის ტკივილსა ჰგრძნობს მკლავშია.
ძლივს გამოვძვერით ბარდიდან
და გამოვედით კარშია.
გავცვალეთ ბახი-ბუხები
„ვაი დედაოს“ თქმაშია.
ძლივსღა შევსხედით ცხენებზე,
ქუდები დაგვრჩა ჯაგშია,
ჩუმად მივდივართ, თავს ვიქექთ,
ეკლებს დავეძებთ თმაშია.
და, როგორც იყო, მივედით
ჩემის მასპინძლის სახლშია.
V
იმ ღამეს რა იქნებოდა:
ვეღარ შევედით სმაშია,
თუმცა მასპინძელს ეწადა,
რომ გვექეიფა ბაღშია.
შახს არ იტეხდა, თუმც ტკივილს
კარგად ვატყობდი ხმაშია.
კნავილით ლაპარაკობდა,
ტკივილებს გრძნობდა ძარღვშია.
მე განვაცხადე უარი,
არ დავეთანხმე აზრშია.
მანდილოსნები დაგვადგნენ
ჯანაოზებად სნეულთა:
ერთი მალამოს ამზადებს,
სხვა სჩეჩქვავს ბალახეულთა.
და ვაი იმ დღეს, შავს და ბნელს,
გულშიც დამკოდა, ამრივა:
შავ-თვალა ქალი დამბრუნავს,
ტრფობის მორევში შამრივა.
კრძალვით მექცევა და თვალებს
აელვებს როგორც ჯერანი,
გულში მჩხვლეტს ეკალივითა
იმ თვალთა შემოცქერანი.
მორჩა, ვერ მიხსნის ვერავინ,
სწორედ მახეში გავები.
არ შემიძლიან გავწყვიტო,
მაგარის ჯაჭვით დავები.
თვით შემიმზადა მალამო,
ჩუმად მზომავდა თვალითა,
სხვა ქალს გადასცა საწამლოდ,
თვითაც დამიჯდა თავითა.
მიამა მეტის-მეტადა,
გულში ნათელი ჩავიდა.
იმ წამს დავსტირი დღესაცა,
რა უბედურად წავიდა…
თვალ-წინ მიდგია ცხადადა,
ხუთმეტი წელი გავიდა.
რა ვნახე – კატო მბრალობდა,
გაჰქრა ყოველი ტკივილი.
შევცურე ოცნების ზღვაში,
ღელავს გული და გონება.
ტრფობის აღგზნებულს გრძნობასა
ან ვინ არ დაემონება?
ტრფობასა სატრფოისადმი
რა გრძნობა შაეწონება?
ვგონებ, შემატყო ეს ქალმა,
თავადაც იწყო ღონება,
გაიგო, ქსელში გავები,
გამჭრიახი აქვს გონება.
ჭირი მიმრავლა ჭირზედა,
არ კი დამიწყო ფონება…
და დღეს ხომ დამაგმობინა
ქმარს საიქიომ ცხონება…
მეორეს დილას ვუცქერი
მთა-ბარს, ბარდიანს ჭალასა,
სამოთხედ ვსახავ მიდამოს,
უცნაურსა ვგრძნობ ძალასა.
სხვა მიდორ-ჭალა ვერ გაჰზდის
ქალებსა კატოსთანასა.
ასე ვამბობდი ჩემთვისა
და ზედ ვურთავდი თანაცა:
თუ კატო ჩემი არ გახდა,
გულში დავიცემ დანასა.
ქალს თითო-ოროლ სიტყვობით
გავუბი წყნარი ბაასი.
რაც მე ვუთხარი ან იმან,
არ ძალმიძს გითხრათ ნაასი,
ჩემი თუ ორმოცი არის,
კატოსი იყო რვაასი.
შინაურებმაც შეგვატყვეს
კარგად ქალ-ვაჟთა ცელქობა,
ისინიც ხელს გვიმართავდენ,
მხოლოდა მეტის-მეტობა
არ გაგვეწია, ხომ იცით,
ტრფიალთ რომ მოსდით ცეტობა
ჯვარის წერამდე, – უმისოდ
არ სწყინდათ ჩვენი ერთობა.
ვიარებოდით წყვილადა,
სულ გადავთელეთ ფერდობა.
მე ჩემს გრძნობებსა ვფარავდი,
დავმალე გულის მწველობა.
ვხედავ, რომ ქალმა დამასწრო,
თავად დამიწყო ფერობა.
და ერთს დღეს, სეირნობის დროს,
ყელს შემომეჭდო, მკოცნიდა,
ყურები გამომიჭედა
ჩემ აღმზდელ ძუძუს ლოცვითა.
მეც ეს მინდოდა, რომ ქალის
გრძნობა ჩემს ტყუპად მყოლოდა,
მეთქვა და უყოყმანოდა
ის ცოლად გამომყოლოდა
და თანაც, როგორც მე მქონდა,
ჩემდამოც ტრფობა ჰქონოდა.
ცოლ-ქმრობა ჩვენი, როგორც კლდე,
ქმნილიყო საბოლოოდა,
ამას ველოდი ნიშნადა,
ესღა მინდოდა მხოლოდა.
ეს საიდუმლოც გავიგე
და ჩემი ბედიც გადასწყდა.
ამ დროსა ტკბილი, დღეს შხამით
მთელს საქართველოს გადასწვდა.
თქვენს მტერს და ავის მენდომეს,
რაც მე თავს ბედი გადამხდა.
დღეს იმ თვალების სიტურფე
შხამისას მაწვდის ფიალთა:
ერთით ერთს ხელში, სხვით – სხვაში
და დღეს მიბნელებს მზიანსა.
გულს მიკლავს, ცხოვრებას მირევს,
ზიანზე მაძლევს ზიანსა.
არ მინდა შემხვდეს ნაცნობი,
ვემალვი ადამიანთა
და ვამბობ დაჟინებითა:
ცოლი რად უნდა ჭკვიანთა?!
იმ წამის შებღალვაზედა,
რაც აგიწერეთ მოკლედა,
ცოდვა მეტიღა იქნება?
იანგარიშეთ ორზედა.
ჰრისხავდეს ღმერთი, ვინაცა
კაცი გასცვალა ღორზედა!..
VI
მომავალ ჩემ ცოლეურთა
ბაღში გამართეს სადილი,
მეორეს დღესა, იქ შეკრბა
სკოლა-მინდორში გაზრდილი,
დიდრონი მუხების ქვეშა
გადავიხადეთ ხადილი.
ზანდუკლიანთა ერთობლივ
ყანწები ეპყრათ აღვსილი,
თურმე უთვლიდა ნათესავთ
ჩემი სიმამრი ტან-წვრილი,
რომ მოსულიყვნენ, ვენახე,
თუ როგორ ვიყავ გაწვრთნილი,
მე სიძე, – სიძეს მეძახდა
იმავე დღიდან „ყმაწვილი“.
მე კატოს ცქერა მწადიან:
ვარდი წინ მიდგა გაფრჩქვნილი.
ვთვრებოდი იმის ეშხითა,
ღვინო რად მინდა მოწვდილი. –
კატოა ჩემი ოცნება,
სათაყვანოდ მყავს გახდილი.
სუფრას აქ კატო ამშვენებს
და მარანს – ქვევრი ახდილი.
ცაში მივყევარ ღვინოსა
ზედ დადებულის უნჯითა.
არ მინდა თვალ-მარგალიტი,
თუნდა მაყაროთ მუჭითა.
არას აშავებს, უხდება
დედალიც თავის კუჭითა
სუფრას, – არაგვის კალმახი
ფერითა წითელ-ლურჯითა.
არაგვიც გვალხენს ლაღობით,
გაჩაღებულის ტუშითა.
მხოლოდ ვაშავებ მარტო მე
ჩემის ოცნებით ფუჭითა.
არ ჩნდება ჩემთვის მოკეთე,
რომ გამათრიოს მუშითა
აქედან, სახლში გამგზავნოს
და ჩამაბაროს პატრონსა,
კარგები წამკრას კისერში
უკეთურს, ვნების ამყოლსა.
მაგრამ მე აქით წამსვლელი
არა ვარ ჩემის ნებითა,
ვით ხატის ზვარა, ბოძზედა
მაგრა დაბმული რქებითა.
ძლივს მესწრობიან ნაცნობნი,
მიხსენიებენ ქებითა.
მიწვევენ აქეთ-იქითა,
ქეიფებს ვერა ვრჩებითა.
გულს ჩავარდნილმა წინწელმა
იმატა, იქცა ცეცხლადა
და ერთ დღეს ჩემი წადილი
გამოვაცხადე ხელადა.
არავინ არ დამიწუნა,
ესიამოვნა ყველასა.
მალე ნიშნობაც მოხერხდა,
თან მოჰყვა ჯვარისწერაცა.
სიზმარში ვიყავ, მგონია,
არ მეჯერება ჯერაცა.
VII
ერთს წამში გაჩნდა ხუცესი,
უკან მოსდევდენ სხვანიცა:
მამასახლისი, გზირები,
ტარასტა, დიაკვანიცა.
ლხინ-გახარებას ელიან
ის არანისის მთანიცა.
ვით გამგებელი საქმისა,
ფაცაფუცშია სანიკა.
და ორივენი შაგვრეკეს
ახლო საყდარში ღამითა.
მღვდელი მოძახილს იძახის
და დიაკვანი ბანითა
ამშვენებს ასამაღლებელს,
თან ჩვენა გვსინჯავს თვალითა.
თავს გვირგვინებიც დაგვადგეს,
შემკობილები ჯვარითა.
ვერ ვგრძნობდი მე უბედური,
ყელი მეჭრება დანითა…
დედოფალს გულში უხარის,
სახელს იმშვენებს ქმარითა,
ამიერიდან თვის ქცევას
დაჰფარავს დიდის ფარითა.
რა იყო, ვერ გამიგია,
ნეტავ რომელი ქარითა
მე გადმოვვარდი არანისს,
მთაში წამოვედ ბარითა.
იქაც პურს წყალითა ჰზელენ,
მიწასა ჰხნავენ ხარითა.
იქაც არიან ქალები
ტურფანი, ალვის ტანითა.
ქრთამ-მზითევს მაინც მომცემდენ,
თუ შავრცხვებოდი გვარითა.
რა გავაგრძელო? რაღა ვსთქვა,
იცით ქორწილის წესია:
ხარიც დაიკლა, ცხვრებიცა,
თავს ხალხი წამოგვესია.
მე ვზივარ ყეინივითა,
ვნეტარობ, არა ვკნესია,
რადგან არ ვიცი, ვერა ვგრძნობ,
თუ ცეცხლში მიდგა ფესვია.
„გაბედნიეროსთ უფალმა!“
გვილოცავს ყველა ესია:
„გამრავლდით იაკობივით,
მფარველად გყვანდესთ მესსია.
დაბერდით ერთ სასთაულზე,
შხამ-კუპრს ნუმც გაულესია
თქვენს შორის ღვარძლი, გორველა
უფალს ნუმც დაუთესია!“
ამბობს, ან რა ეხარჯება,
მრავალი ენა-კვესია.
ღვინოსა ჰსვამენ ჯიხვებით,
და საუბარი ჩემზია.
ჰსვამს და სჭამს ვინაც დაბლა ზის,
ცეკვავობს ვინაც ზეზია.
ზურნა ზუზუნებს, ჭუჭყუნებს,
დაფსაც ხომ გააქვს ბრახუნი.
გაჩაღდა მღერა ყოველ მხრით
არაგვული და კახური.
ჩამოდის პანტა-პუნტითა
ყავარი სახლზე ნახური.
ვიღაცეებსაც გაუხდათ,
ისმის კეტების რახუნი.
ძვლებზე ძაღლებიც ჩხუბობდენ,
ვეღარ აშველებს მსახური.
ზოგს ჯერაც პირით ამოსდის
რქა-წითელ ვაზის ნაჟური.
ეს არს ქორწილის სურათი
ჩემი ნაგრძნობი, ნახული.
არავინ ჰხედავს ჩემს თავში
თუ რა ფიქრს გააქვს ფხაკური:
სულით ვილევი, თუ როდის
საძილედ დაგვიძახებენ,
მეფე-დედოფლის საამურს
საქმესაც განიზრახებენ.
გამოგეცადოსთ ეს წამი
თქვენაც, მკითხველო, იქნება?
ამისთვის არ კი დამძრახოთ
და არ დამიწყოთ გინება.
ამ წამით ბედნიერება
ჩემი უფალმა ინება.
რას მოველოდი? რა ვნახე?
გიჟივით გამეცინება.
როს მოვიგონებ იმ ღამეს,
თვალთ ცრემლი მომედინება…
მკვდარივით ვიყავ დილითა,
არეული მაქვს გუნება.
ხან ვამბობ – თავი მოვიკლა,
ხან გაპარვასა ვფიქრობდი.
არც პური მინდა, არც წყალი,
ჩუმად, ქურდულად ვტიროდი.
თუმც მიზეზს კაეშანისას
არ ვამბობ, არა ვყვიროდი.
VIII
მეორ-მესამეს ღამესა
აძრახდა ჩემი ვარდია,
თურმე შემატყო, რომ ვწუხდი,
გაიგო ჩემი დარდია,
თავის ტკბილ ენით გაკაფა,
რომელიც მბურავს ბარდია.
როგორ ტკბილის ხმით ჭიკჭიკებს,
სიტყვებში როგორ მარდია!
და ორ-სამ წუთში კატომა
გული სიამით ამივსო,
დაფანტა ჩემი დარდები,
წყლულზე მალამო წამისო.
„შენი წუხილი, მიტოჯან,
ბავშვის ოცნებას ჰგავისო“.
და ბრალი იმას დაადო,
ბაღში რომ თუთა ჰყვავისო…
„ხეებზე ახდომა მიყვარს, –
ცოდვად დასახა თავისო.“ –
სჩანს ხიდან ჩამოვარდნილა,
ესეც სიმართლეს ჰგავისო.
იქ დახვედრია პალოცა,
ცხენის საბმელად სჩრავისო.
ამბობს, ქვითინებს თანაცა,
გულ-მკერდი ცრემლით გამივსო.
მოდი და ნუ დაიჯერებ
ნათქვამსა ასე ნაზადა!
ვიჯერებ, ცოლის ცრემლები
გულზე მაჩნდება ხაზადა,
ჩემს თავს ვუწყრები: რადა ვგრძნობ
მე კატოს გასაბრაზადა
მას, რაც უბრალო შემთხვევას
თან დაჰყოლია ნავსადა.
ვეხვევი, ვიკრავ გულშია
უმანკოს დასაფასადა,
როგორც ცოდვილი ხატის წინ,
ფეხთ-ქვეშ ვეგები ფლასადა.
IX
ამიერიდან მომირჩა
გულს დაჩნეული წყლულია.
მე კატო მიყვარს ისევა,
თუმცა კი გლოვობს გულია
იმ მოულოდნელ ხიფათზე,
იმიტომ მინდა ცულია,
რომ შეჩვენებულ თუთასა
გავაფრთხობინო სულია.
ის პალოც უნდა ვიპოვნო,
შუა გაუპო გულია.
რომ ჩემი გულიც გამთელდეს
გამწყრალი, გაფხაჭულია.
როგორ შევჭამო მტრის ჯავრი,
დაიქცა იმათ რჯულია!..
ბევრის თქმას თქვენს სატანჯავად
ბევრით სჯობს მოკლედ თქმულია.
ზოგი იფიქრეთ თქვენ თავად,
იგრძნეთ სურათი სრულია!
დიდხანს არ დავიგვიანე,
წადილი ავისრულია.
თუთა მოვჭერი, მხოლოდა
ის „პალო“ დაკარგულია,
რამაც ამრივა ჭკვიდანა,
გულს დამაჩნივა წყლულია.
საოხროს ფეხი აუდგამ,
წასულა, – გაპარულია.
X
წამოვიყვანე ქალაქში
ეს ტურფა თაიგულია.
ღმერთმანი, დაგვამძიმებდა
საბანი, სასთაულია, –
მზითევი ჩემის ცოლისა
და ნაქრთამევი ფულია?!.
ჩემს ნათესავებს, არ იყო,
ეს თვითნებობა ჩემია
სწყინდათ, თუმც არც ერთს მათგანსა
ფიქრი არ გაუმხელია.
დედა ამბობდა მხოლოდა:
„ძველებისაგან ვიცია,
მგლის ლუკმა ხდება მუდამა
დედის წინ მხტომი კვიცია.“
უცხოდ მეჩვენა მაშინა
ეს ბრძენთა დანამტკიცია.
დღესღა ვამართლებ დედაჩემს,
საქმე როს ვნახე ბილწია.
იმ დროს ღარიბად ვცხოვრობდი,
თუმც კატოს ყოველ სურვილსა
უთქმელად ავასრულებდი,
ჩაცმა-დახურვის წყურვილსა,
მეჯლისის, სტუმრობისასა,
ყოველს მის მოგონებულსა.
ამხანაგებსაც ვპატიჟობ
კატოსგან მოწონებულსა.
და როცა მოვღონიერდი,
ცოტად მოვიკარ ქონია,
მაშინ ხომ ცოლის სურვილებს
სამზღვარი არა ჰქონია:
მუდამ-დღე კაბებს იცვლიდა,
სულ ახალ-ახლის მნდომია,
გარბოდა ბაზაზხანისკენ
საკუთარს ეტლში მჯდომია.
კაბების ყიდვა და კერვა
იყო ნამდვილი ომია.
„ხაზეიკობაც“ უყვარდა,
ყაირათობის მნდომია;
ოღონდაც ბიჭებში იყოს,
ჰსურს რომ მოზილოს ცომია,
იმათთან ლაზღანდრობაში
არ ეზიზღება გომია.
ზოგს შვილს ეძახის, ზოგს ძმასა
ეს ჩემი ტკბილი ცოლია.
ისე ექცევა მსახურთა,
როგორაც ტოლსა ტოლია.
მეც ჩემი კატო ამ ქცევით
თვით ანგელოზი მგონია…
ღვთიური ადამიანი,
სად ჰპოვებთ იმის მსგავსსაო?!
არ მედიდურობს ზოგივით,
ყველას უყადრებს თავსაო.
როგორ შევნიშნავ ცუდადა,
როგორ ვიფიქრებ ავსაო?..
მეც ამის გამო ვმხნევდები,
ვასწორებ დღეს და ღამესა,
ათასი ხელი შევიბი,
ათასს ვაკეთებ საქმესა
და თავის ნაშრომ-ნაღვაწით
სხვასაცა ვშველი რამდენსა!
საქმე მიმიდის კარგადა,
მადლობას ვწირავ გამჩენსა.
რა მიჭირს, ცოლი კარგი მყავს,
წმინდაა, როგორც ღვთაება,
თუმც ვეხვეწები, შინ იჯდეს…
ძალად საქმეში ჩაება.
თურმე სხვა საქმეს აკეთებს,
მე არა მქონდა გაგება.
XI
ერთხელ ერთი რამ შევატყე,
შემდეგ ამეძრა ეჭვები, –
კატოსკენ გადმოსროლილი
ბევრჯერ მე მომხვდა კენჭები.
„შვილი“ რომ დედას კენჭს ესვრის,
რა არის დასაეჭვები?
მაგრამ მე, როგორც ცოდვილი,
კატოს ჩავუდეგ კვალშია –
და ისიც ვნახე, რომ „შვილი“
დედას ჰკოცნიდა თვალშია,
გულ-მკერდზე ეკონებოდა
მკლავ-გახლართული მკლავშია.
მუხლთ მომეკვეთა, დავეცი,
ხელი ვიტაცე თმაშია.
ვაი, რო გვიან გავიგე,
სად ვიყავ ამდენს ხანშია?!.
ამიერიდან გამოჩნდა
კატოს სიწმინდე რაშია.
კაბების საქმეც გავიგე,
ხშირად რომ იყო ცვლაშია.
გაყიდულები აღმოჩნდა
ნათქვამი საჩუქარშია, –
ობლებსა, საწყლებისათვის
დარიგებული ხალხშია.
და შინ დაზდილი ქათმები,
თითქოს ეყიდოს კარშია,
მე მაყიდებდა და როგორ?
– სულ საარაკო ფასშია.
განვსჭვრიტე ჩემი ცხოვრება,
ავსწონ-დავსწონე მთელია:
ვინ მყვანდა ან მეგობარი,
ცრუვი, ან პირად მთქმელია,
ვაჟკაცი, ჩემი გამტანი,
ან ფლიდი, ქურდი მელია, –
ულიკო, მაშო, სოსიკო,
ჩემის ნამუსის მცველია.
სხვა ვერა ვსთქვი რა, მხოლოდა
ცაში ავაპყარ ხელია.
ღმერთს შავეხვეწე: „ჩემს ორგულს
მიაგე მაგიერია!“
რა მექნა აღარ ვიცოდი,
ამ ვერაგობის მნახველსა,
როგორღა მივაწებებდი
ჩემს სახელს ცოლის სახელსა?!.
ვერც თავის მოკვლა გავბედე,
როგორც უქნიათ ზოგებსა,
სულ სხვა ვიხმარე სახსარი,
მივმართე სულ სხვა ზომებსა,
წმინდანს ცოლს გამოვუცხადე:
„შენი სიწმინდე მჯერაო,
მოდი, მომშორდი თავიდან,
წაიღე შენი ყველაო.
არც გცემ, არც გლანძღავ, ხომ მხედავ,
ჭკვიანად გეტყვი, ნელაო.“
– მე შენ გიჩვენებ სეირსა, –
მან ჩუმად ჩაახველაო.
და, მეგობრებო, მიტომ ვწერ,
რომ გაგაგონოთ თქვენაო,
ღმერთმა დასწყევლოს დიაცის
წრეს გადასულის ენაო.
ის ცალკე დარჩა, მე ცალკე,
გავიყარენით ჩვენაო.
და, როგორც დამნაშავესა,
მანვე დამიწყო კბენაო.
ისეთი ბრალდება დამდო,
ვერ გამოიტყვის ენაო.
გამომასალმა ხალხშია,
დამწყევლა, შემაჩვენაო.
მანვე გამგზავნა ციხეში…
კიდევ არ მოისვენაო.
მისწვდა ჩემს ნათესავებსაც,
ძაღლივით უწყო ღრენაო,
ისეთ საბეზღრებს აწვდიდა,
მთავრობა გააჩემაო.
ამოსაყრელად ჯავრისა
სიცრუვე გააბევრაო
და თავის ნაუბარშია
ყველანი დააჯერაო.
ეხლა ამას გთხოვთ, მითხარით,
კარგა იფიქრეთ ამაზე,
ჩემი ბრალია, რომ ჩემს ცოლს
სხვა ხელს უსვამდა გავაზე,
რომ ვერ დავხუჭე თვალები
და ვეღარც პირი დავრაზე?!
რად იგრძენ საგრძნობელიო,
დავა ასტეხა ამაზე.
ტიმოშკინ-პურიშკევიჩი
ჩემს წმინდან ცოლთან ფასობენ,
ქართველებ, საქართველოზე
ისინი ვერა ბრაზობენ
იმდენს, რამდენსა ეს ნავსობს,
ეს ჩემი ვარდი გულისა,
დღეს კი შხამი და ნაღველი
და ამომწვდელი სულისა, –
ცოცხლად მიწაში მმარხველი,
წყლულზე მომმატი წყლულისა.
დღეს მხოლოდ ეკლის შტო მიპყრავ
იმ ტურფა თაიგულისა.
ეკლის მიგია ლოგინი,
ეკლისვე სასთაულითა.
მადლობელი ვარ უფლისა,
გადავრჩი სასწაულითა,
თორემ იქნება გენახვეთ
თავ-გახეჩილი ცულითა.
ეს არის ჩემი ამბავი
დღევანდელ დასასრულითა.
და ვინც ღირსია ჩვენს შორის,
გვახსენეთ წყევლა-კრულვითა.
მართლა, ეს რად მავიწყდება
ამ დაკარგულსა სულითა:
თილისმა დამრჩა ცოლისა,
ნაყიდი ჩემის ფულითა
ას თუმნად კატოს მიერა,
ქაჯ-ეშმაკების რჯულითა.
თორმეტის მოლის ნალოცი…
რაც მოინდომოთ გულითა,
უთქმელად აგისრულდებათ
იმ თილისმების ალითა.
მოგყიდით, თუ ხართ მუშტარი…
ნეტავ გაჩვენათ თვალითა.
ისეთი რამეებია,
იქნებ მტაცებდეთ ძალითა,
ათას თუმანსაც მაძლევდეთ
ხვეწნა-მუდარით მრავლითა.
დასრულდა ჩემი ამბავი
გამოუცდელის კალმითა,
ეხლა თუნდ მწყევლეთ, მაგინეთ,
გინდ მომეგებეთ სალმითა;
თუნდ ქრისტიანად დამსახეთ,
თუნდ თათრად, თავზე ჩალმითა!