ჩონგური შრომის - ჩონგური ბრძოლის
Appearance
ჩონგური შრომის - ჩონგური ბრძოლის ავტორი: გიორგი ქუჩიშვილი |
1922 წელი |
“ესთეტ” პოეტებს
თქვენი მუზაა ნაზი ამური,
მის საამური
ჰიმნიც შეჰქმენით;
მე კი რუხ ქარხნებს
მივაპყარ ყური
და მედიდური
ხმათა მოსმენით
შევქმენ ლექსები
მუსიკალური,
პროლეტარული
განცდით და რწმენით!
და თუ დამიწყეთ
კვლავ სამდურავი,
რომ არ ვღიღინებ
თქვენებურ ხმაზე, -
გეტყვით:
ნუ სწუხართ
ჩემთვის ნურავინ,
შრომაში ვპოვე
მე სილამაზე!
ჩვენ კი -
შრომის და ბრძოლის ჩონგურო,
დავჰკრათ,
მცონარებს დავუფრთხოთ ძილი,
რომ აზანზარდეს
გრდემლი და ურო,
როგორც ქარხნების
მხნე მოძახილი.