ჩიტუნიას ლოცვა
ჩიტუნიას ლოცვა ავტორი: რევაზ ინანიშვილი |
გამოვიდა შენი ჩაგორგოლებული ბებია, ხელში ხის დიდი კოვზი ეჭირა, მიქნევდა იმ კოვზს და მეუბნებოდა:
- ქვეყანა ავსებულა ასკილის ყვავილით. წადი, კაცო, შენც დაკრიფე. ეს შვილიშვილები რომ გიხარია, მურაბები არ უნდათ? ზამთარი რომ დადგება, თოვლს რომ ჩამოჰყრის, ქარი რომ დაუზუზუნებს, ჩაი რომ გაგემრიელდება, რა უნდა მივატანებინოთ იმ ჩაიზე?
- ცოტა ხანს დამაცადე და წავალ-მეთქი. - ცოტა ხანსაც ვწერე, მერე გადავიკიდე ჩანთა და სულ ძუნძულ-ძუნძულით ჩავედი ჭალაში.
ის ჩვენი ჭალა ასკილის ბუჩქებით არის სავსე და ის ბუჩქები სულ გადაპენტილი იყო ყვავილებით. დავიწყე კრეფა. ვკრეფ, ვკრეფ, ვბეჯითობ. ჯერ მუჭაში მოვიგროვებ სიფრიფანა ფურცლებს, მერე ჩანთაში ვიყრი, ერთ ბუჩქთან რომ მომწყინდება კრეფა, მეორე ბუჩქთან მივდივარ.
მივადექი ერთ ლამაზ ბუჩქსაც, ავწვდი ყვავილებით დახუნძლულ ტოტს და - ფრი-ფრი-ფრი! - გაძვრა, პაწაწინა ჩიტუნია ბულბულა, ჰო, ჰო, ბულბული კი არა, ბულბულა, გადაფრინდა სხვა ბუჩქზე და იქიდან ყელყელაობს, მე მიყურებს. ამას აქ ბუდე ხომ არა აქვს-მეთქი, გავწი-გამოვწიე ტოტები, შევიჭვრიტე ბუჩქში და, მართლაც, ლამაზად მომრგვალებული პატარა ბუდე დავინახე. ავიწიე ფეხის წვერებზე, ჩავიხედე შიგ და გამეღიმა, - ბუდეში ხუთი მთლად პაწია რუხი კვერცხი იდო.
- წი-წი-წი! - ფრენით შემომიარა ირგვლივ ჩიტუნიამ, - კაცოო, შენი ჭირიმეო, ეგ კვერცხები არ დამიმტვრიოო.
მე გავუღიმე და ვუთხარი:
- ნუ გეშინია, ჩიტუნია, მე კეთილი კაცი ვარ, კვერცხებს რად დაგიმტვრევ. მე პატარა შვილიშვილები მყავს, შენც გამოჩეკე პაწაწინა ბარტყები და ვიყოთ, - შენ შენს ბარტყებთან, მე - ჩემს შილიშვილებთან.
აქეთ-იქით გაწეული ტოტები ფრთხილად მივაფარე ბუდეს და წამოვედი, მახლობელ ბუჩქს ამოვეფარე, მინდოდა მენახა, რას იზამდა ის პატარა ჩიტუნია. მაშინვე ცახცახ-ფართხალით მიფრინდა ბუდესთან, ნახა, ყველა კვერცხი თავის ადგილზე იდო, ერთი მოითქვა სული, მერე ამოძვრა მაღლა, წამოსკუპდა ყველაზე მაღალ ტოტზე, წამოიწია ჩემკენ და გალობით მოჰყვა ლოცვას.
- გმადლობ, კეთილო კაცო, კვერცხები რომ არ დამიმტვრიეო.
ასწია კიდევ უფრო მაღლა ყელი და ახლა ცას შეჰგალობა.
- ცაო, ლამაზო მზეო, შენ გაუზარდე კეთილ კაცს თავისი პატარები, თავისი პატარა შვილიშვილებიო.
მეც დიდი მადლობა გადავუხდე ჩიტუნიას დალოცვისათვის და წამოვედი, განვაგრძე ჩემი საქმე, ასკილის ყვავილების კრეფა.
ზამთარი რომ დადგება, თოვლი რომ მოვა, ცივი ქარი რომ აზუზუნდება და ცხელი ჩაი გაგემრიელდება, მურაბას მაშინ გაჭმევთ.
ახლა გაჭამოთ?
ეგ ბებოს საქმეა, ეგ უკვე ბებიკოს უნდა სთხოვოთ.