ჩემს შვილს კახაბერს
Appearance
ჩემს შვილს კახაბერს ავტორი: მამია გურიელი |
ჩემო კახაბერ, ჩემო გულო თვით ჩემო ჰაზრო.
მთლათ კახაბერსა დაემსგავსე, ღონე იხმარე
მეტი რა გითხრა, დაგარიგო, თავი გაბეზრო,
სამშობლოისთვის სულ იზრუნე, სულ იმწუხარე:
მაგრამ ამაებს ყველა მამა თავის შვილს ეტყვის.
მე სულ სხვა მინდა გქონდეს ხვედრი და ბედის წერა:
მსურს ზედ დააკვდე შენს მამულსა, რომ ის არ მოჰკვდეს -
და შემდეგ ხალხმა ქართლოსისამ გიწყოს სიმღერა.
მსურის, შენ და მთლად ქართველობა ერთგულად გახდეთ,
მსურის ივერთა დაახსომდეთ კვლავ ეს სახელი
და შენი წმინდა შრომა, ღვაწლი ისე არ წახდეს,
რომ არ გიწოდონ შენ პირველი მათში ქართველი!