Jump to content

ჩემი სამშობლო

From Wikisource
ჩემი სამშობლო
ავტორი: ლადო ასათიანი
1936 წელი


ტკბილია, როგორც დედის რძით ბალღი ტუჩშეუშრობელი,
ტკბილია, როგორც ცის ნამი, როგორც ალერსი მშობელის,
ტკბილია, როგორც ველებზე ჯეჯილის მწვანე ფაფარი,
ტკბილია, როგორც ძილისპირს ძველი ქართული ზღაპარი.

ბარში ბულბულთა ჯარია, მთაში ირემი ყვირისა,
ტკბილია, როგორც სურნელი ახლადმოხდილი ღვინისა,
ტკბილია, როგორც სურნელი ახლადგამომცხვარ პურისა,
ტკბილია, როგორც ნუგეში ბედისგან დაღუპულისა.
ტკბილია, როგორც ბეღელი ამოვსებული თავამდი,
ტკბილია, როგორც სიმღერა და შეძახილი თამადის:
– ჩემი სამშობლო ზურმუხტის და მარგალიტის სადარი,
ამრიგად აყვავებული მხარე მეორე სად არი?
ჩემი სამშობლო ქვეყანა რა ლამაზია, რა კარგი,
ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტი, ნაირფერებით ნაქარგი,
ტკბილია, როგორც რუსთველი, ტკბილია, როგორც აკაკი,
ხალხი შრომაში გართული, ამღერებული ფანდური,
იადონების გალობა და იავნანა ქართული.
როგორც კრიალა მთის წყარო, ცადმიჭედილი ნაძვები,
და იის წყალით ფერილი ლაჟვარდის ლიბრი ღაწვები,
ტკბილია, როგორც ხალხისთვის თავდადებული ლომგული,
ტკბილია, როგორც ურმული, ტკბილია როგორც ჩონგური.
საამო არის, ვით რთველი, მწიფე მტევნების ნაჯური,
დილისკენ ხოხბის ყივილი, სიმღერა გარიჟრაჟული,
იალაღებზე ღრუბლებად მიმოფანტული ნახირი
და გაზაფხულის პირზედა ტყიდან გუგულის ძახილი.
ტკბილია, როგორც წისქვილში მთვარიან ღამის გათევა,
ტკბილია, როგორც აპრილში ტყემლების შემონათება,
ტკბილია, როგორც მტევანი ვაზზე ასხმული შავადა
და სიყვარული უებრო, მოსული თავისთავადა.
ხალიხა ენამზიანი, გმირი და არამკვეხარა, –
დიდია ჩემი სამშობლო, ტკბილია ჩემი ქვეყანა.
ჩემი სამშობლო ზურმუხტის და მარგალიტის სადარი,
ამრიგად აყვავებული მხარე მეორე სად არი?