Jump to content

შენდამი

From Wikisource
შენდამი
ავტორი: ვაჟა-ფშაველა
1909 წელი


(ვუძღვნი ილია ჭავჭავაძის ხსოვნას)

ნუ ეჭვობ, მაინც შენი ვარ,
ვიდრე სულს ვღაფავ ტანჯულსა,
მინამდე სამუდამოდა
ჩემს მზეს არ ჰნახავ ჩასულსა;
მაშინაც ვერ მომიშორებ
შენს გულს და გონში ჩაქსულსა.

ნუ ჰფიქრობ, ტანჯვით ცხოვრებამ
მომიკლას შენი ტრფიალი:
რად მინდა უშინაარსო
სიცოცხლე ოხერ-ტიალი?!
გასალკლდევებულს აზრითა
რას მიზამს შხამის ფიალი,
ზედ მოხეთქება მეხისა,
თავზე ყვავ-ყორანთ ფრიალი?!

დღესნამდე შენდამი ტრფობა, –
ახლა კი ვიტყვი კვეხითა, –
თუ მოვიტანე უვნებლად
გვემული ათას მეხითა,
დღეიდან ოხერ-მოხრები
მას ვერ გასთელენ ფეხითა,
ვერ ამომგლეჯენ გულიდან
ვერა რომელი ხერხითა.

იმატებს ტანჯვა? – უწყიდე,
ტრფობაც აიწევს მეტადა.
აიშლის ფაფარს მრისხანედ,
სდგეს იალბუზის ქედადა;
ის მუხლს გიყრიდეს და შენ კი
თავს დასცქეროდე ღმერთადა.

შენ რომ გახსენებ, ვინ შენა?..
ნიანგნი სცქვეტენ ყურებსა.
ერთი უყურეთ, უყურეთ
მაგ სისხლის მწოველ თულებსა!..

ბრიყვების სმენა ღირსია,
ვასმინო შენი სახელი?
თვით გიცნობს, ვისაც უყვარხარ,
არ არს საჯაროდ სათქმელი!

ლოგინად ეკალს მიგებდე,
ზედა ვწვებოდე შიშველი,
გზაზეც მიფენდე, მაინცა
რაც შემიძლიან, გიშველი.
უნდა დავადნო შენს ბედსა,
თვალი და გული ფხიზელი,
რადგან სხვა საშუალება
გამიქრა, როგორც წინწელი.

აგიგებ ხელოვნურს ტაძარს,
ბუნება ჰყვანდეს მთეველი:
ვარსკვლავნი ცისა, მზე-მთვარით,
ზღვა, ხმელეთზედა ტყე-ველი,
ია და ვარდი უჭკნობლად
შენს თავზე ყვავილთ მრხეველი,
ბულბული, სოროდან გველის
ტკბილის ხმით გამომწვეველი,
და წმინდა სული მთათ თხემთა,
ჭეშმარიტების მფრქვეველი.

თავზე დაგხურავ მანდილსა,
უნდა შეგმოსო კაბითა
იაფით… ფასს თუმც ვერ სდებდენ,
ნაკერსა დიდის ჯაფითა;
ჩემთ ცრემლთა ღილებს შეგიბამ,
მოქარგულს ტრფობის ძაფითა,
უკვდავს ვქმნი შენსა სახელსა,
დღეს შემურვილსა ლაფითა;
შემკობილს აზრით და გრძნობით
მეც თან გახლდები დაფითა.