Jump to content

შემოდგომა მთაში

From Wikisource
შემოდგომა მთაში
ავტორი: ვაჟა-ფშაველა
1903 წ.


დარდმა შეიპყრო მთა-ბარი,
რა გაუხუნდა მშვენება,
დიდი ხანია დაღამდა,
აღარ გვეღირსა თენება.
ტყეს, გუშინ ამწვანებულსა,
ყვითელი ფერი სდებია.
ყველა იძახის: „აცივდა!“
დაუთოვნია მთებია.
ავსილა პანტით და ფოთლით
ბილიკები და გზებია.
მომაკვდავსა ჰგავს ბუნება,
თუმც არ იძახის: ვკვდებია,
მომეშველენით, კაცებო,
ეს არი, ვიღუპებია!..
ან რად იძახებს, რომ იცის,
მალე აღდგება მკვდრეთითა.
დაიწყებს ლაღად სულთქმასა
მოღერებულის ქედითა.
ბრალი ჩვენი, რომ სიხარულს
სად, როდის მოვესწრებითა!..
დაბლა სწვიმს, ცოტა ზევით-კი
თოვლი მოჰკიდა ხეებსა,
სახლებში ახალგაზდები
ყალიბში ასხმენ ტყვიებსა.
თოფებს ჰმართავენ, დათვების
კვალი გაჩნდება დილითა,
ვისც ხელი მოემართება,
ღამე გაიგებს სიზმრითა.
თან იბანდავენ ბანდულებს, –
აქ არ ივლება წუღითა.
საგძალსაც აცხობინებენ,
ზურგით საზიდავს გუდითა.
ზოგი სწუხს – დარჩათ მთაშია
ტიალი ქერი სამკალი:
ხელი არ დაეკარება,
არ ეკიდება ნამგალი.
სხვას დაჰრჩა დასაგულები
თივა, ზვავების მსხვერპლია.
მთაო, შენც უსამართლობას
ბევრჯელ მრავალსა ჰშვრებია,
დაუნაშავრის კაცისა
დიდს ცოდვაშია სდგებია;
აფუჭებ კაცის ამაგსა
მოულოდნელის წყრომითა;
გაატიალებ ერთს წუთში
კაცის მონაგარს შრომითა.
ან რა მოიგე, საწყალო,
მაგ უსამართლო ომითა?!
რაც ააშენე, მასვე ჰშლი
თავის ჯანით და ღონითა.

სახლებიდანა ამოდის
ბოლები, როგორც ნისლია,
ერთვიან ღრუბელს ცისასა,
ვით მონაწყვეტი მისია.
ცეცხლია გაჩაღებული,
ზედ ხარის იწვის ღვიძლია.
სამღთო აქვს, ხარი დაუკლავს
დღეს შავერდაანთ ბერასა,
სამი ჭედილაც წააკლა,
ეს ვერ გახდება ვერასა:
სახინკლე ხორცი საზამთროდ
საკმაო უნდა ყველასა.
რა სიცოცხლეა იმისი,
ვინც არ ჰხვრეპს ხინკლის წვენასა?!
კაცები შემოჰსხდომიან
გარს გაჩაღებულ კერასა.
ჰსვამენ სულადის არაყსა,
ბეროს უპყრია ხელადა
და ერთიც ყანწი ხარისა, –
ყვითლად რომ გააფერადა.
ასმევს ძველთ შესანდობარსა,
კარგად ცხოვრობდენ ძველადა;
არაყსა არც-კი კადრობდენ,
ღვინოს შოვობდენ ხელადა,
ვინც ყანწს არ დასცლის, მასპინძელს
ის მიაჩნია მგელადა:
„ვინც არ დასცალოს, რაც შასვა
შხამად შაერგოს, გველადა!..“
მჭვარტლი და ბოლი კუპრივით
თავზე ადგიათ მცველადა.
ხარი ირემიც დამშვიდდა,
არ შფოთავს, აღარ ჰყვირისა,
მოიკლა ვნება, დღეს ეძებს
ჰპოვოს საამო პირისა.
გამხდარი, გალეულია:
ძარღვები უჩანს კისრისა,
აღარ აქვს ძველი ილეთი,
თვალთგან ცეცხლს ვეღარ ისვრისა.
აქამდე ფურის მძებნელი
ახლა დაეძებს ბალახსა, –
მთების კალთებში ლელ-უროს,
ჯიხვის, არჩვების ნალახსა.
ცხვარი და ძროხა აჰსხმია
ჭალას და ჭალის პირებსა,
დატვირთულს გუდა-ნაბდებით
ცხვრებს შუა ვხედავ ვირებსა.
თავქვე იწევენ მწყემსები,
ბარს წასვლა დააპირესა.
ბევრს ჰრჩება ფეხი უკანა,
ჯადო არ უშვებს ოხერი,
აბორიალებს ვაჟკაცსა
გრძნობა და ფიქრი ორ-ფერი:
ერთი წინისკენ მიებრძვის –
ეს ცხოვრებაა ტიალი!
მაშ რაღა უშლის ბარს წასვლას?
– შავის თვალების ციალი,
ხშირი თმა, ხმა დათაფლული,
ღიმილი – დილის ცისკარი,
მწყემსის მუხლების მომკვეთი
სწორედ მიზეზი ეს არი.
დაუჯაბნია პირველსა
მეორე გრძნობა მღელვარი,
თავ-პირზე მოუხვევია
შავის ფიქრების ზეწარი.
ჯერხანადა სწუხს ჩობანი,
ვიდრე გასცდება არაგვსა,
და რაკი კახეთში ჩავა,
დაჰლევს ღვინოს და მაჭარსა,
მუხლებში გაიმართება,
დაეფერება ჩაფარსა.
მაშინ ის ფიქრი აწუხებს,
როდისა ჰნახავს შირაქსა –
თვალ-გადუწვდენელს მინდორსა,
ცხვრისას და თავის ბინასა,
მიურიალებს ცხვრის ფარას,
ჯოხს უქნევს ვაცსა წინასა.
ბოტიც დიდებით მიჰბოტავს,
ყეინი რით სჯობ იმასა?!
აგერ შირაქიც. ჩავიდა
მწყემსი და მისი ცხვარია;
აქ სხვა ფიქრები ებადვის,
საქმე უჩნდება ცხარია:
თავის და ძაღლების ჯერი,
საქონისათვის მარილი,
ოცნების ნებას არ აძლევს
ცხვრების და ძროხის ბღავილი;
ქურდის თათრების ტანტალი
და მგლების ჯოგის ღმუილი.
რა დროს ქალებზე ფიქრია,
თან ქარბუქს მოაქვს წუილი;
ყველა ეს მართალი არი,
ნუ გეგონებათ ტყუილი.
ათასში ერთხელ თეოზე
როცა მწყემსია მწოლარი,
მოელანდება თვალ-შურთხი,
მის მკერდზე ჭრელი ზონარი.
გაიშმუშნება, ადგება,
მოიცლის ნაბდის კალთასა,
იშორებს მაცდურს ოცნებას,
მწარე ფიქრების ხლართვასა.
რას არგებს მარტო ოცნება,
ჰაერში ხელის ფათური?
დღეს უერთგულოს თავის ცხვრებს,
იმათი არი მსახური…
ამოიოხრებს და მერე
ძაღლებს ხმას მისცემს ჩობანი,
არ დაიძინონ, იფხიზლონ,
არ გაახარონ ყორანი,
მასთან მოსულნი მხლებლადა
სვავნი, ორბნი და ბორანი,
ლეშ-სისხლის გაუმაძღრობით
სწორედ დევების სწორანი.
მერცხალიც აღარ ჭიკჭიკებს,
აღარც ქედანი ღუღუნებს.
მთის წყალიც მოდის ჩუმადა,
ერთს და იმასვე დუდუნებს:
„ღმერთო, შენია ქვეყანა,
შენი ნაღვაწი სრულადა,
დამადნო მუდმივმა შიშმა,
გულმა ნადებმა წყლულადა.
ნუ დამშრეტ, ქვესკნელს ნუ მიმცემ,
მიტყოდენ დაკარგულადა!“
საწყალს სიკვდილი აშინებს,
იმიტომ არის მწუხარი:
რა წამსაც დაცოტავდება,
ცრემლები მოსდის მდუღარი.
ამბობს: „ეგ არი, ვკვდებიო,
ტანზე ჩამეცმის სუდარი!“
ის როდი იცის, თუ მოვა
კიდევ ზაფხული მქუხარი,
მომავალს ვერ სცნობს საწყალი,
თავის სიმცირის მწუნარი.