შავი ოქროს ქალაქი
შავი ოქროს ქალაქი ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე |
მოქრიალებს შავი ოქრო,
ოქრო მიჰქრი-მოჰქრის...
ახალგაზრდა გვარდია დღეს
გზნებას ვით არ მოგგვრის?
ის სადგურთან გვესალმება
ხელში ოქროს რტოთი.
ოქროს ხანას, ოქროს ხანას
გაუმარჯოს, მოდი!
მეგობარო ძველო, ყრმებთან
ძლივს გიცანი შენა;
მოგეხვევი, მიხარია
კვლავ შენი ხმის სმენა.
როდი არის კაცის გული
ყინული ან ლოდი,
მეგობარო, ძველი ხანა
გავიხსენოთ, მოდი!
გახსოვს ჩვენი სიყმაწვილე,
ჩვენი მთა და ველი?
ჭიათურა, ჭიათურა,
ჭიათურა ძველი!
ეჰ, სწრაფია ცხოვრების გზა -
როგორც ქარის ტოტი -
იმ დღეების გულწრფელობა
გავიხსენოთ, მოდი!
გახსოვს შრომა უზარმაზარ
კატორღას რომ ჰგავდა?
ამ შავ ქვაზე ფრენა იყო
ყორანთა და სვავთა.
გახსოვს მემაღაროეთა
გაფიცვა და შფოთი?
იმ ბრძოლების სადღეგრძელო
გამოვცალოთ, მოდი!
გახსოვს? გახსოვს, რომ ამბობდი:
„თუმც სტვენაა ქარის -
ჩვენი უნივერსიტეტი
ეს მაღარო არის“.
ბნელში არალეგალური
ფურცლებით რომ ჰქროდი,
იმ ბრძოლების სიდიადე
ვადღეგრძელოთ, მოდი!
შენ ამბობდი: „არა მისთვის
ვდგამთ შავი ქვის გორას,
რომ მოგება მოგებაზე
დარჩეს მუქთახორას,
არამედ დიდ ხალხისათვის
ვსუნთქავთ მაღაროთი“.
იმ შენს ოქროს სიტყვებისთვის
მოგეხვევი, მოდი!
მაგრამ ბნელში ვბრმავდებოდით...
არ მახსოვდეს ნეტავ,
ამბობდი, თუ: „სანთელს თვალწინ,
რა ვქნა, ვერა ვხედავ“!
ბრმავდებოდი მაღაროში,
მეგობარს კი გრძნობდი,
მეგობრობის სადღეგრძელო
თასით შევსვათ, მოდი!
გახსოვს ბნელში გაწეული
წლები ათეული,
დღე და ღამე უსინათლოდ
ასე გათეული?
ირიჟრაჟა, მოეცალა
თვალებს ბნელი ბლონდი;
ჩვენ ოქტომბრის სადღეგრძელო
ზე ავწიოთ, მოდი!
ხალხის ხელში გადმოვიდა
იგი ოქროს თასი,
ხალხის საკუთრება გახდა
მაღარო და ვაზი,
შავი ოქროს ქალაქის მზე,
შავი ოქროს ზოდი,
შავი ოქროს ელვარება
ვადღეგრძელოთ, მოდი!
მოქრიალებს შავი ოქრო,
ოქრო მიჰქრის-მოჰქრის,
ოქროს ხანა შემოიჭრა,
მზე სიხარულს მოგგვრის,
მომავალი გვესალმება
ხელში ოქროს რტოთი,
თავისუფალ შრომის ქალაქს
გაუმარჯოს, მოდი!