ყური დაგიჩნდა
Appearance
ყური დაგიჩნდა ავტორი: ვაჟა-ფშაველა |
1904 წელი |
ყური დაგიჩნდა, სხივი ჰკრთის,
სრულად დამიჩნდი, მთვარეო,
გზა-დაკარგულსა, მტირალსა
მიშველე, გამახარეო,
გაფანტე, ეგებ გზა ვნახო,
წყვდიადი მარტყავ გარეო.
აღარა ვწყევლო, ეგები,
ჩემი სიცოცხლე მწარეო.
გულს სწყურის გნახოს ბადრადა,
ამო, ამოჩნდი ბარეო.
ვიხილო შენი სხივები
მთა-ბარზე მოელვარეო!
გზა-დაკარგულთა ნუგეშო,
შენს სხივებს ვენაცვალეო!