ყინული
ყინული ავტორი: დუტუ მეგრელი |
ყინული
ერთ ზამთარის დილას პატარა
ბავშმა ნახა, რომ ყინულიც
მზეზე ბრჭყვიალებს, საწვიმარ
ღარზედა ჩამოკიდული,
და უთხრა დედას სიამით:
"დედილო, გენაცვალეო,
ეგერ ალმასი ჰკიდია
და ამომიღე მალეო."
_"მოიცა, შვილო," _ სთქვა დედამ:
"მზე კარგად ამოვიდესო
და მაშინ ნახე, შენს ალმასს
აბა რა მოუვიდესო!.."
მართლაც, გათბა დღე თუ არა,
წვეთა დაიწყო ყინულმა
და ისევ დედას მიმართა
პატარამ გაკვირვებულმა:
_"უიმე, დედა, შეჰხედე,
მოსწვეთავს, წყლად ქცეულიო!"
_"რად გიკვირს, შვილო? დამდნარა, _
თოვლია, გაყინულიო!"
_ "მე-კი ალმასი მეგონა,
ისე რომ ბრჭყვიალებდაო, _
სთქვა გულდაწყვეტით პატარამ:
"და მისთვის მახარებდაო,"
დედამ მიუგო: "ჰო, ხშირად
გვატყუებს გარეგნობაო;
მიტომაც არის საჭირო
დაკვირვება და ცნობაო!.."