Jump to content

ქიტესა

From Wikisource
ქიტესა
ავტორი: ანტონ ფურცელაძე


ქიტესა
(ამბავი სახელმწიფო სოფლის ცხოვრებიდან)
I
მოვიდა ფოსტის ფულის გაწერის დრო. ჩვენ სოფლებში ფოსტის ფულს ისე კი არა ჰკრეფავენ, როგორც არის გაწერელი კაზიონი პალატიდან (სულზედ ან კომლზედ ამდენი და ამდენი). სოფელში თავისებურად ანაწილებენ ამ ფულს მცხოვრებლებზედ. სოფელი არის გაყოფილი ოთხ ნაწილად: ლიტრის კაცი, სამი ჩარექისა, ნახევარი ლიტრისა და ჩარექისა. ყველაზედ მეტს იღებს ლიტრის კაცი, მერე სამი ჩარექისა, მერე ნახევარ ლიტრისა და შემდეგ ჩარექისა. სახელმწიფო სოფელს ბრიყვეთიანში ცხოვრობს სახელმწიფო მამულზედ მდგომი გლეხი ოცი კომლი და უმამულო კაცი თორმეტი. კაზიონი პალატის განკარგულებით და კანონის ძალითაც უმამულო კაცზედ ნაკლებია და მამულიანს კაცზედ მეტია ხარჯი. მაგრამ მამულიანი ხალხი ბრიყვეთიანისა ამას არა ხედავდა თავის სასარგებლოდ დააღებინებდა უმამულო ხალხსაც იმ ხარჯს, რასაც თითონ იღებდნენ.
აქედან იწყება ჩვენი ამბავი.
ფოსტის ფულის გასაწერად შეიყარნენ ბრიყვეთიანის მოხელეები და ხალხი. მოხელენი ბრიყვეთიანისა იყვნენ ამორჩეულნი სულ მამულიანი ხალხიდან, ამორჩევაში თუმცა ბევრს ეცადა უმამულო ხალხი, რომ თავის კანდიდატებიც გაეყვანა, მაგრამ მაინც მამულიანებმა დასძლიეს, რაკი იმათ უფრო მეტი ხმა ჰქონდათ ამათზედ.
- მამასახლისო და სოფლის ჯამაათნო! - დაიწყო ერთმა უმამულო კაცთაგანმა, ბერო ბურტყლაძემ, როდესაც გათავდა ფულის გაწერა და ესენიც მამულიანებში ჩააგდეს: - ეს რა ამბავია, რომ აგრე თქვენ სულზედ ხელს იღებთ და ჩვენ ასე უსამართლოთა გვღუპავთ! არა, თითონ ი კამელარიაში არა სწერია, რომ უმამულო კაცს სამ მანეთზედ მეტს არ გამოვართმევთო. რატო თქვენ ღმერთს არ შეხედავთ, შვილო, იქნება გეგონოთ თქვენს იქით სამართალი არსად იყვეს. თავებს დავიხოცავთ და ჩვენი ცოცხალი თავით კი თქვენთან ხარჯს არ გავიღებთ.
- რჯულსაც გაგაგდებინებთ და ისე გაიღებთ, - უპასუხა ერთმა მამულიანმა გლეხმა, თევდორე ცეტიაშვილმა, - რასაც, შვილო, წელიწადში შენ არაყს გამოხდი, იმისი ფასი ვის რა გვაქს აქა.
- არა, მე რაღა მაქ, თქვე უღმერთოებო! თქვე უღმერთოებო! დაიწყო გულამომჯდარმა ქიტესა ნაცარკვერაძემ; - თქვენ ღმერთი გაქვთ? აგერა, შვილო, ერთი თვე იქნება ჩემ სახლში თბილი საჭმელი არ გაკეთებულა ამოდენა წვრილშვილის კაცი ქვეყნის სამადლოდ გამოვდივარ... არა, ღმერთი გაქვთ, თქვე ურჯულოებო, თქვე თათრებო, თქვენა?!.
- შენ, ეი! ჯღანი-ჭამია! - შეუტიეს ქიტესას ოთხთა ძმათ ცეტიაშვილებმა. - შენ ისიც შეგრჩეს, რომ შენმა გოგო-ბიჭებმა ლამის ამოაგდონ ჩვენი ბოსტანი, რომ საბუდარში კვერცხებს აღარ გვიყენებენ! ასე გაგიგლით მაგ ცხვირსა, რომ სულ ბუზანკალი გეხვეოდეთ.
- ვისა! ვის გაუგლით ცხვირსა, თქვე ასეულო ძაღლებო, თქვენა! - უცებ მოადგათ თავს ქიტესას ცოლი მარინე, - თუ კაი დედი თქვენი შვილები ხართ და ხელს ახლებთ. თქვენ იქნება თქვენი აშარი დედიშვილები გეგონოთ ვინმე...
- დედაკაცო! შენ აქ რა გინდა?! აი დაგწყევლა ღმერთმა! არა, რა შენი საქმეა!.. შენ ვინა გკითხავს? წადი, დაიკარგე-მეთქი! - შეუტია ქიტესამ და სხვებმაც მარინეს.
- არა, ვინ არის აშარი დედის შვილი?! - მოადგა თევდორე ცეტიაშვილი მარინეს, - არა, ვინ არი ერთი მითხარი... არა, ვისა ჰხედავ აქ შენ ტოლსა, შე ბოგანოს ცოლო, შენა!.. ვინ არის! - და თევდორე თანდათან იწევდა მარინეზედ. აქ უცებ დატრიალდა ჰაერში ერთი კეტი და გადმოუვიდა თევდორეს თავიდან ძმარი.
- მომკლა ამ ოჯახდაქცეულმა! - დაიძახა თევდორემ და დაეშვა ძირს.
მინამ სხვები მოვიდოდნენ გონს, თევდორეს ძმები ეცნენ მარინეს და ქიტესას და ერთი თვალის დახამხამებაზედ იდეს ქიტესა ქვეშ, მაგრამ მარინე კი ვერ წააქციეს და ეწეოდნენ რაც შეეძლოთ იმას უიმისოდაც ჩხუბში დაგლეჯილს თმებს. ქიტესას წაეშველნენ გასაშველებლად უმამულო კაცები, მაგრამ ცეტიაშვილის სახლიკაცებმა, რომელნიც იყვნენ შვიდ კომლამდის, ეს წასარჩლებად მიიღეს და დაუშინეს ამათაც კეტები, მაშინ იმათაც გამოიღეს ხელი. გამოიღეს იმათ ხელი და ჩაერივნენ ამაზედ სხვა მამულიანებიც, რომელშიაც მიიღეს მონაწილეობა თითონ სუდია-მამასახლისმაც. პატარა ხანს გაიმართა ძალიან კეტების ტრიალი, მაგრამ, რაკი იგრძნეს ცუდი ძალა მრავალის კეტით ცემისა და თვისი უძლურება, უმამულო ხალხმა ცოტ-ცოტა დააძვრინეს თავი ჩხუბს და მიიმალ-მოიმალნენ საბძლებსა და სხვა თავის მისაფარებელ ადგილებში.
- გამიშვით, გამიშვით! - იძახდა მარინე, რომელიც ეხლა კი ამოედოთ მუხლებქვეშ ცეტიაშვილებს, - თქვენი ცოლების ლეჩაქს დაგხურამთ... თქვე წმინდი გიორგის გიჟებო, თქვენა! გამიშვით! და რომ ვეღარას აწყობდა, ხელებ და ფეხებგაკავებული მარინე იკბინებოდა სიბრაზით.
პატარა ხანს უკან მარინეც და ქიტესაც მთლად სისხლში მოსვრილი და გონებამიხდილი მიჰქონდათ ჭილობებით სახლში.
მეორე დღეს ორივენი ხელებგაკრული და თავშეხვეულები სოფლის მოხელეებმა ჩაყარეს სამი დღით სატუსაღოში და დაადეს ხუთი მანეთი გადასახადი.
II
რამდენიმე დღის შემდეგ შეიყარა ბერო ბურტყლაძისას უმამულო ხალხი.
- დედაკაცო! აბა ერთი თითო ყანწი არაყი მოართვი ამ ხალხს, - უთხრა ბერომ თავის მეუღლეს.
თითო ყანწის მაგივრად ყველამ მიირთვა ორ-ორი და ზოგმა მესამეც მოითხოვა. ქიტესა ნაცარკვერაძემ მოითხოვა მეოთხე და ითხოვა პატარა ხახვის კვნიწაც.
- ხახვი ძაან კარგია არაყზედ, - დაუმატა იმან, - პატარა მჭადი, ან ნაცარკვერი ხომ არ გახლდებათ ამ ხახვთან.
ქიტესას მოერთვა პატარა კეცის მჭადის ნატეხიც.
- ძაან კაი კეცის მჭადი კი იცი, ნათლიდედ, შენა! მე შენ მოგახსენო, ეს თუმცა გუშინდელი გამომცხვარია, მაგრამ ახალში ვერ გამოარჩევ... კაი რამა, მე არ ვიცი და არა ვხდი არაყს, თორემ სულ ვერას გავყიდდი, მე შენ მოგახსენო... ეხლა და ეხლა ძაან შემიყვარდა ეგ გასატიალებელი.
- ეხლა რა უნდა ვქნათ, ე რო ამითანა ანგარიშებია? - დაიწყო ბერომ: - უსამართლობა იქნება, კაცო, და ამითანა. კამელარიაში რა გვიწერია და ჩვენ რას გვახდევინებენ. ცეტიაშვილთან გაიღე ხარჯიო! აი, დიდება შენთვის ღმერთო; კაცს რო ღმერთი გაუწყრება, აბა ეგ არი. ცეტიაშვილს თხუთმეტი დღის ნაფუძარი კარებზედა აქვს გადაჭიმული, და მე იმასთან ხარჯი როგორ გავიღო? ქრისტიანობა არ არის?!.
- არა, შვილოსა, - დაიწყო ეხლა მოსე მწყერაძემ, - ჩვენ თუ სამართალს არ მივმართეთ, არ იქნება. ჩვენ, შვილო, თუ მაგათ უყურეთ - მაგათგან ხეირი არ იქნება. მამულსაც ეგენი სჭამენ და არც ხარჯის გაღება უნდათ. დეე თითო დღის მამული მოგვცენ და ჩვენც მაგათთან ყაბული გვაქვს.
- სწორედ სამართალს უნდა მივმართოთ, მეტი ჩარა არ არი. ჩვენ ასე გულხელდაკრეფილი ჯდომა არას გვარგებს, - დაიწყო რამდენიმე ხმამ.
- ეხლა უნდა მივმართოთ, თორემ საცაა ზეკუცია მოვა, - დაიწყო ისევ ბერომ.
- დროით უნდა მივმართოთ, მაგრამ რომ მივმართოთ, ვინც წავა, იმას ხარჯი არ უნდა? რითი წავა, შვილოსა, რომ ეხლა გროში არსად გვაქვს, რომ მივცეთ, ვინც წავა? ვალსაც ვეღარ ვიშოვნით - ამ დამშეულმა წელიწადმა ისე დაგვღუპა. აი ერთი კვირა მარტო მხალით გამოვდივართ, მე და ჩემმა ღმერთმა, - სთქვა ერთმა.
- ვინც წავა კი არა - ყველანი უნდა წავიდეთ, - დაუმატა რამდენიმე ხმამ: - ერთისა და ორის წასვლით როგორ იქნება.
- მე და ჩემმა ღმერთმა! - გაიმეორეს სხვებმა: - თუ წავალთ, ყველანი უნდა წავიდეთ, რომ უფრო გაგვიკითხავენ, ერთი რო წავიდეს და ორი - იტყვიან, რომ ხარჯის გაღება ეზარებათ და ტყუილად დაეთრევიანო. ბევრი რო ვიქნებით - ბევრს სხვა ანგარიში აქვს.
- სწორედ! ყველანი უნდა წავიდეთ, - გაიმეორეს თითქმის ყველამ ერთხმივ.
- წავიდეთ კი, ყველანი წავიდეთ, - სთქვა რამდენიმე ხმამ, - მაგრამ რით, შვილოსა, რომ გავტყავდით ამ შიმშილობაში.
- ერთი და, ასე ვთქვათ, ერთი ხუთი-ექვსი დღე დავრჩეთ გზაში, თითომ ხუთი მჭადი გამოვიკრათ კალთაში და ისე წავიდეთ. მა ასე ხო არ გაგუშვებთ საქმესა, უფრო ცუდი არ იქნება, რო ზეკუცია მოგვადგება და არა გვექნება რა, რომ მივცეთ.
- მაშ დღესვე წავიდეთ, - გაიმეორა ყველამ ერთხმივ, და დაიშალნენ.
- აბა, დედაკაცო, - ეუბნებოდა ქიტესა, დაბრუნებული ბეროდან, მარინეს, - არც ეხლა იშოვი მჭადებს? უნდა წავიდეთ კამელარიაში, და ასე მშიერი ხომ ვერ ვივლი?
- სად ამოწყვეტაში უნდა გიშოვნო და სად დანელებაში? შენ კიდევ გახეთქილხარ და აქ ქულფათი ბავშვები აგერ ერთი კვირაა ცარიელ მხალზედ გამყავს. ე მხალიც გაწყდა ამ გვალვიან გაზაფხულზედ.
- ვიღუპებით-მეთქი, დედაკაცო, ქრისტიანი ხარ - დამიჯერე: აი, დიდება შენთვის ღმერთო! ამითანა რამე იქნება! დაღუპვა არ იცი, შე დასაღუპავის შვილო?!
- შენ დაგღუპოს ჩვენმა წმიდა გიორგიმ და ამოგაგდოს, რომ შენახვის თავი კი არა გაქვს და ამოდენა ცოლ-შვილის ცოდო კი მოიხვიე კისერზედ.
- რა ვიცოდი, თუ ასე იქნებოდა, შე ქოფაკო, შე სულაძაღლებულიშვილო, შენა! ვაჰმე, როდის იქნება ერთი თქვენ თავს მოვრჩე, რომ ერთი კუჭი მაინც მქონდეს გამაძღარი!.. რომ მოკვდე უნდა იშოვნო ერთი ხუთიოდე მჭადი საცა იყვეს, თორემ რჯულის მადლმა ისე გაგიხდით საქმესა, რომ თქვენი კბილით სჭამდეთ ერთმანეთს... ზეკუცია იცი? გეყურება?.. შიგ კრიჭაში ჩაგიყენებენ.
- რა ვქნა და რა დანელება ვუყო ამ ამოსაგდების შვილსა, - დაიწყო მარინემ თავისთვის. - შენ მითხარ, შე დასანელებელო, სად გიშოვნო ამისთანა ყისმათში, რომ აღარავის რა აბადია, და მერე ისე გაწყერი!
- როგორ სად მიშოვნო! დღეს ისეთი კეცი მჭადი ჰქონდა ბერუას ცოლ მაგდანასა, რომ იმითანა მე გამტკიცული პური არ მინახამს. აბა იმას უთხარი, თუ არ მოგცეს... შენ არა გაქ რა, თორემ ის სარისტიანი ადამიანია - იმას ყველაფერი აქ.
- სარისტიანი, შენმა ამოგდებამ, მზითევში მოჰყოლია. აბა შენც მიყიდე საარყე ქვაბი, თუ იმაზედ უარესი ვინმე იქნება. ერთი ძროხა გვებადა - ისიც შიმშილობით მოკალი ამ ზამთრინდელ ზამთარს.
- დედაკაცო! რატო არ დადგები, შე ღვთის მტერო და ღვთის გარეგანო, შენ ქერქში? რაზედ შემომაკვდები, ან რაზედ მომაკვლევინებ თავსა?.. მე ჩემი ნებით მოვკალი, რომ მოვკალი?!. არა, რა უნდა მექნა, რატო არ იტყვი, ყელქოროტიანო, შენა! რამდენგან ვითხოვე საჭმელი, რო ვერსად ვიშოვნე.
- რატომ მუშაზედ არ იშოვნე, ხელები დაგემტვრეოდა, რომ საჭმელი მუშაზედ აგეღო? ყველაფერი შენი უთაურობით არი...
- აჰი! აჰი! გველო, გველო!.. შე ცოფიანო, შენა! ხო ხედავ, შე ყელძაღლო, შე საფლავძაღლო, ვიჰიმე!.. აბა სადღა მაქვს ჩემთვის დრო... ამ ზამთარს აქამდის რომ გკვებეთ - სიმინდსა და ასლს მუშაზედ არ ვიღებდი. მარა შენი მზითვის ბაჯაღლოებითა ვყიდულობდი თუ?.. ეხლა მთელი მუშა დრო სულ სხვის კარეთად უნდა ვიყვე… ეხლა ამ ზამთარ რიღათ უნდა გამოგკვებოთ, ჰა!.. ჰაი, შენი გამომცემისი… შენი!..
- ვაი შენ და დანელება, რომ არ გიყურებდეთ თვალითა! - აქ მარინემ წამოავლო ხის ჯამს ხელი და გასწია.
- მაგდანო, მაგდანო! - შესძახა მარინემ ბეროს ცოლს.
- შემოდი, ადამიანო, რა შორიდან იძახი, - გამოსძახა შიგნიდან მაგდანამ.
მარინე შევიდა.
 ვიშ, გენაცვა, მაგდანო! ვიძახი კი არა, და აი ჩვენი წმიდი გიორგის მადლმა, პირი მერცხვინება, რომ ისევ შენთან მოვდივარ რა ვქნა და რა დანელება ვუყო იმ ჩემ კაცსა. ი, რაღაც კამელარია აიტეხეს, იქ მიდიან და აგერ ერთი კვირაა ჩვენს სახლში ნამცხვარი არა ყოფილა რა... რო გინდოდეს ერთი თითის წება გამოსაცხობი, რაც თქვენგან ადრევე ფეტვის ფქვილი არ წავიღეთ, მასაქეთ ჩვენს სახლში აღარა იპოვება რა. ერთი, შენ გეთაყვანოს მარინეს თვალები და შენი ორი შვილის მზესა, ე ჯამით ერთი რისაც ფქვილი უნდა იყვეს - ნუ დამიჭერ და რაზედაც უნდა დამავალე, თუნდა სამი დღე მოგეხმარები, გინდა არაყის ხდაზედ, გინდა რაზედაც მეტყვი.
- უი, შენმა მზემაცა და შენი სახის შვილებიც არ დამეხოცებიან, რომ ეს არის ეხლა, ვინც კამელარიაში მიდიან, ხუთმა-ექვსმა, რაც პატარა ქრთილის ფქვილი იყო, ისიც წაიღეს; ღმერთი შვილებს არ დამიხოცავს, თორემ ერთი ჯამი რაც უნდა იყვეს - რა დასაჭერია.
- რა ვუყო და რა წყალში გადავვარდე? - დაიწყო მარინემ დაღონებულმა. - ე წვრილი შვილები რომ არ მეგულებოდეს, აქამდის როგორც იქნებოდა, ჩემს თავს მოვარჩენდი ამდენი ცოდვის ყურებასა. მაგრამ რა ვუყო, უპატრონო შვილები დამრჩებიან.
- აი, თუ გინდა, ერთი ორიოდე ჯამი კიდევ არის საარაყეთ შენახული ქატოები ერთმანეთში არეული და თუ როგორმე მოიხმარებ, - როგორ დაგიჭერ ერთი, შენი შვილების მზესა.
- ვიჰ, ღმერთმაც გიშველოს! გინდ ქატო იყვეს, რაც უნდა იყვეს, ოღონდ კი ნამცხვარი ერქვას, რომ კაცი შიმშილით არ მოკვდეს. თორემ ვინ დასდევს, შენ გენაცვალე, მერე ამისთანა დროში.
აქ მარინემ სიხარულით მიიწყო: სიმინდისა, ფეტვილისა, ასლისა, ქრთილისა და სხვ. ქატო, რომელიც უფრო ჰგავდა სხვილად დახერხილს ხის ნახერხს, ვიდრე ხორბლეულის რისამე ქატოს.
მარინემ არ უთხრა ქმარს, შინ რომ სამი ჯამი ქატო მოიტანა. იმან ჩუმად გამოაცხო ამ ქატოს ნაცარკვერები, ნახევარი მისცა სამგზავროდ ქმარს და ნახევარი ჩუმად გამოუზოგა თავის პაწაწა შვილებს, რომელთაც ნამცხვრის დანახვაზედ შექმნეს ერთი სიხარული და ხტომა.
- დედი! - დაუძახა პაწაწა გოგომ მარინეს, - აი სვიმონა ამბობს, რომ ხორცი უფრო გემრიელი არი ამ პურზედაო. ამაზედ გემრიელი ხორცი როგორ იქნება?
- იქნება, ღმერთმანი! - გუშინ დიაკვნიანთ ძაღლს მოეტაცნა ხორცი, მე გავაგდებინე - და ისეთი გემრიელი იყო, ისეთი რო, როგორც თაფლი იმითანა, - დაიწყო პატარა სვიმონმა.
- ჰაი, შე სუნაგო, შენა! - დაუწყო მარინემ ჯავრობა სვიმონას. - მე არ გითხარი, მღვდლიანთკენ და დიაკვნიანთკენ ნუ გაივლი-მეთქი? ჯერ კიდევ მინახივხარ იქით - ემაგ სუნაგ ცხვირს მოგიგლი.
პატარა ხანს უკან მარინეს ბავშვები დაერივნენ თავის ტოლ ბავშვებში და შეჰკვეხოდნენ, “ასეთი პური გვქონდა ჩვენა, როგორც გამტკიცული. ჩვენმა მარინემ გამოგვიცხო, იცი, ხვალაც გვექნება”.
- ჩვენც გამოგვიტანეთ ცოტა, - ეხვეწებოდნენ მწარედ შიმშილისაგან მიხრწნეული ბავშვები.
III
მგზავრებმა ჩაიწყეს ხუთ-ხუთი მჭადი, ზოგმა სხვა ნამცხვარი და გაუდგნენ გზას. მესამე დღეს ისინი იყვნენ თბილისში და იმავე დღეს ეტუზნენ კაზიონი პალატის კარებზედ.
- ვინ გინდათ? - ჰკითხა ამათ სტოროჟმა, რომელმაც ძლივს მოიღო ამ ათზედ ყურადღება, რადგან ხედავდა, რომ ესენი აქ დიდხანს დგანან და რაღაცას ელიან.
- კამერალია გვინდა და არ ვიცით, როგორა ვნახოთ? - უპასუხა ბერომ და რამდენიმე სხვებმა.
- წამოდით აქ, - და გაუძღვა სტოროჟი.
სტოროჟმა ისინი შეიყვანა კამერალნი ნაწილში.
- რას იტყვით? - ჰკითხა ამათ კამერალის ნაწილის მეუფროსემ.
- რასა, შენი ჭირიმე, - დაიწყო ჩახველებით ბერომ. - ე ჩვენ რომ ამოდენა ხარჯი გვაწერია, იმითვინ გიახელით.
- ეგ პრედსედატელს მოახსენეთ. ხვალ მოვა და მაშინ ნახეთ.
- ეგ შენი ჭირიმე, - დაიწყეს ბეროს გარდა სხვებმაც, - კამერალიაში გახლავთ ყველაფერი.
- პრედსედატელის საქმეა, პრედსედატელს მოახსენეთ.
გლეხები გამოვიდნენ.
- ეხლა, ბერო, - დაიწყო რამდენიმე გლეხმა. - ჩვენ, შვილო. ხუთი დღის ანგარიშით წამოვედით და ხვალაც რომ ვერ დავბრუნდეთ შინა, რა უნდა ვქნათ?
- მა რას ვიზამთ, რო ვერ დავბრუნდებით! მა, შვილო, რა ქარვასლის ქირები გვაქვს ასაკრეფი, მინამ ჩვენც პატარა მოვუჭიროთ მუცელს, ჩვენ ქვევით არი, ჩვენ ზეით ხო არ არი.
მეორე დღეს ადრიანად ეს გლეხკაცები ეჭვინტნენ ისევ კაზიონი პალატის კარებწინ, პრედსედატელი მოვიდა, ჩამოართვა მთხოვნელებს ქაღალდები და გლეხები ისევ კარებზედ ეჭვინტნენ ცხარე მზის ქვეშ, მინამ ისევ იმავე სტოროჟმა არ მოიღო იმათზედ ყურადღება.
- ეხლა ვიღას ელით, კამერალიაში ხომ შეგიყვანეთ გუშინ?
- ეხლა პრეცანტი ნახეთო, იმათთან მიგვასწავლეს, - უთხრა ბერომ, - და არ ვიცით, სად უნდა ვნახოთ.
- პრედსედატელი კიდეც მოვიდა და კიდეც გაისტუმრა მაჩივრები. სად იყავით აქამდის?
- აი, დილა რიჟრაჟისა აქეთია, სულ აქა ვდგევართ და ჩვენ არც პრეცანტელი გვინახავს და არცა. მაშ ეხლა რა გვეშველება! თუ დღესაც ვერა ვნახეთ, სულ დავიღუპებით. შინ ცოლ-შვილი შიმშილით დაგვეხოცება.
- აი აქ მოიცადეთ კიბესთან და აქ ჩამოივლის პრედსედატელი და მაშინ მიართვით ქაღალდი.
- ქაღალდი რო არა გვაქვს, ისე სიტყვიერად უფრო მოვახსენებთ.
- თუნდაც სიტყვიერად, მანდ კი მოუცადეთ.
პატარა ხანს უკან ჩამოვიდა პრედსედატელიც და წავიდა შინისკენ.
- ემანდა პრედსედატელი არ იყო ეგა, რატო არა უთხარით რა, - უთხრა სტოროჟმა გლეხებს.
- კაცო, და ე რა ვქენით! - მიუბრუნდნენ სხვანი ბეროს, - რატო არა უთხარით რა! ხო დავიღუპეთ ეხლა და დავნელდით, ვაი დედი ჩვენი ღმერთსა!
- რა ვიცოდით, შვილოსა, თუ ეგ იქნებოდა პრეწანტელი, აბა რა უნდა შეატყო რომ ეგ არი პრეწანტელი: სხვებსაც სერთუკი აცვია და მაგასაც. ვაიმე დაღუპულებსა და დანელებულებსა! ვაი დედი ჩემი ღმერთსა... ეხლა როდისღა უნდა ვნახოთ. ხვალაც კიდევ აქ უნდა დავრჩეთ.
- რო დავრჩეთ, შვილო, რის ამარა უნდა დავრჩეთ, - დაიწყო მოსე მწყერაძემ და სხვებმა, - რაც საგძალი გვქონდა, სულ გამოგველია... აბა ჩვენი ოჯახის დაღუპვა ეხლა მოვიდა აი!..
- ვაი, ვაი, ვაი! რა მარჯვე დრო დავკარგეთ და რა კარგი! ამითანა ადგილას სადღა ვნახავდით! აქ სულ გაგვიგონებდა ჩვენ დარდსა... დავიღუპენით - ისე დაიღუპოს ჩვენი სუდია-მამასახლისის ოჯახი.
- ავდგეთ, შვილო, წავიდეთ შინისაკენ, - დაიწყო ქიტესა ნაცარკვერაძემ და ღვთისავარა ხრილიჭამიაშვილმა, - მინამ ე თითო ნაცარკვერა კიდევ გვაქ, ვიაროთ, თორემ მერე მშიერი როგორღა ვივლით სამი დღის სავალზედა.
- რო წავიდეთ, სად უნდა წავიდეთ, თქვე ოჯახდაქცეულებო და სახლკარ ამოსაწყვეტებო! ხო აგვიკლო სოფელმა და დაგვანელა საშვილიშვილოთა. ფუი თქვენ კაცობასა!.. რო წახვიდე, ხვალ კიდევ ჩამოხვალ თუ!. უფრო უარესი დღე არ დაგვადგება... იქ რაღა გამტკიცულები გაფუჭდებოდა... სოფელს რაღა პირით უნდა შევხედოთ, შვილოსა! მარტო სხვა არა იყვეს რა, ამას იქით უარესს გვიზამენ, ყელს გამოგვაჭრევინებენ.
- დავრჩეთ ეს ერთი დღეცა, - დაიწყეს სხვებმაც. - რაც მოგვივა - მოგვივა: იქ დახოცვასა, ისევ აქ დავიხოცნოთ სამართლის კარზედ - ის გვირჩევნია. ჩვენ სიმართლეს მაინც გავაგებინებთ მოსამართლეებს.
მეორე დღეს მოვიდნენ ადრიანად გლეხები და მიმართეს პირდაპირ თავის დამხმარებელს სტოროჟს. სტოროჟი არ დაუხვდათ იქ. სამსჯავრო დაკეტილი იყო, ჩინოვნიკები არა ჩანდნენ. გლეხკაცები ეტუზნენ ჯოხებზედ დაყუდებული კარებზედ და გაჰყურებდნენ ერთმანეთს დაფიქრებულები და უნებლიეთ ამოხდებოდა ხშირად იმათი გულიდან ოხვრა.
გავარდა ზარბაზანი და ჯერაც არავინ ჩანდა.
- ესეც ჩვენი ბედი, - დაიწყო ღვთისავარამ, - რომ აქამდინ არავინა ჩანს. კვლავ ადრე მოსულან და ეხლა აგერ შუადღე გადავიდა და არვინ არის...
- ვინ იცის ჩვენი ცოლ-შვილი ეხლა რა გაჭირვებაშია, - დაუმატა ვიღამაც.
- ცოლ-შვილს, შვილო, მხალი მაინც ექნება, მაგრამ ჩვენი საქმეა, რომ მთელი სამი დღე, მინამ შინ მივალთ, მშივრები უნდა ვიყვეთ, - სთქვა მოსე მწყერაძემ.
- ერთი კარგი პირტი ეხლა კარგი არ არი! - დაუმატა ქიტესამ: - სულ გადაგვიყრიდა რაც ჯავრი გვაქ. ღმერთს რომ ეს სასმელი არ გაეჩინა არ ვიცი, ძმავ, როგორ იქნებოდა ე ქართველი კაცის საქმე.
- თუ არა პირტი, ხრაკიან არაყს კი აღარ იკადრებ, - უპასუხა ფიქრით ბერომ: - რა გვესპირტება, აქა ლამის ჯავრით გული გაგვისკდეს.. როდის მობრძანდება ეხლა, ვინ იცის!
- შენ იცი, ბერო, როგორც შენებურად ყველას მოახსენებ. სუყველაფერი დაწვრილებით მოახსენე, რომ კარგა გაიგოს ჩვენი მწუხარება, - მიუბრუნდა ბეროს მოსე მწყერაძე, - ისიც მოახსენე, რომ სოფელს ისიც კი შურს, რომ პირში სული გვიდგია-თქო: აგერ რაც თავს მოვსწრებივართ, შენი ჭირიმე, ჩვენი შურიდანა და ინადიდან არ ამოდიან-თქო. ქათამს ვეღარ გაუვლია ჩვენსას იმათ კარებზედ და ბავშვებსა-თქო. ამითანები ყველაფერი მოახსენე, რომ ყველა ეშმაკობა და მოუსვენრობა გაიგოს იმათი.
- რა, შვილო, რაც კი გვაქ სათქმელი, რაღას დავზოგავ. ღმერთმან იცის, ეგ არა და რამდენი მაგაზედ უფრო უარესებია სათქმელი, - სუყველაფერი უნდა მოხსენდეს, - უპასუხა ბერომ.
ამ დროს მოვიდა საიდანღაც სტოროჟი. ამან გამოუცხადა, რომ ამ სამ დღეს უქმეებია და სამსჯავრო აღარ იქნებაო.
ამ სიტყვებზედ ისე შეიცვალნენ გლეხები, ისეთი სახით შეხედეს ერთმანეთს, რომ გარეშე მნახველი შეფიქრდებოდა - დამბლა არ მოუვიდეთო.
- აბა ეხლა აშენებულა ჩვენი ოჯახი, აი! - სთქვეს იმათ და თავჩაქინდრულებმა გასწიეს.
ისინი მივიდნენ თავის ბინაზედ დახოცილებივით და დაეყარნენ. ისინი იდგნენ ერთ გომურის დერეფანში, სადაც, როცა შემოდგომაზედ ჩამოდიოდნენ -აყენებდნენ თავის საქონელს.
- ეხლა რა უნდა ვუპატრონოთ ჩვენს თავსა?! - დაიწყო რამდენიმე გლეხმა. - რაღა პირით უნდა დავბრუნდეთ შინა?..
- აბა, შვილო, ღვთის წყრომას რომ იტყვიან - ეს არის! უნდა ავიღოთ თავი და სადაც ადიდებული წყალია - გადავცვივდეთ.
- ავდგეთ, შვილო, წავიდეთ, რაღას უდგევართ აქა, - დაიწყო ერთმა, - ეგ არი, ღმერთს ჩვენთვის ხეირი არა ნდომებია, და ჩვენ ცოლ-შვილს მაინც მივაშუროთ.
- დაიცადეთ, - დაიწყო ბერომ, - ეგრე საქმე არ გარიგდება. ჩვენ რო ეგრე ვქნათ, უფრო ცუდად მოვა საქმე... იცი მე რა ვიფიქრე! დღეს მოშეშა ურიას მოვკარი აქ თვალი... ეგება იმას ერთი ათიოდე მინანთულს ვესესხნეთ, მაინც შვილო, იმისი ისეც ბევრი გვმართებს, და იქნება ეხლაც მოგვინაცვლოს ამითანა გაჭირვებაში ხელი.
- ეგ კაი ფიქრია, მე და ჩემმა ღმერთმა, - უპასუხეს სხვებმა, - აბა ერთი მოვახსენოთ... ერთი კუჭებ მაინც გავიძღობთ...
- თავი არ მომიკვდება ი დუქნებთან რო გავივლით და საჭმელი სუნი მოგვდის - კინაღამ გული შეგვიღონდება ხოლმე.
ამ დროს მოვიდა გომურის პატრონი.
- ვა! ისევ აქა ხართ? ოხრებო! ეს თქვენთვის ხო არ არი გაკეთებული. საქონლისათვის არი... ვა! თუ დგეხართ, ქირას მაინც არ მოიცემით?.. თუ არა, აი ჩასტის ოფიცერს მოვიყვან და სულ პოლიციაში ჩაგყრით... ვინ იცის უბილეთო ვინმეებიცა ხართ...
- პარუნ პოღოს, განა არ მოგეხსენებათ ჩვენ ვინცა ვართ; ჩვენ სულ აქ არ გვიყენია ხოლმე საქონელი. ჩვენ ბრიყვეთიანელები ვართ.
- ვა! ბრიყვობა მეტი იქნება, ერთი კვირაა აქა ჰყრიხართ - გროში ფული არ ვიცი თქვენგან. არა, მამაჯან, გადით აქედან. საქონელს როცა დააყენებთ, მაშინ სხვა არის.
- ქირას მოგართმევთ, ქირასა, მაგაზედ როგორ გაწყეინებთ, - უპასუხა ბერომ, - აბა წავიდეთ ერთი, მოშეშა მოვნახოთ. - აქ ბეროს გაჰყვნენ სხვებიც მოშეშას საძებნელად.
IV
იპოვეს მოშეშა ურია.
- რა ვქნა, რომ თან ფული არ გამომყოლია, ეე! - დაიწყო იმან გლეხების ხვეწნაზედ.
- მოშეშ! ი ცოლ-შვილი ამოგვიწყდეს, ი წმინდა გიორგი კარწინ ნუ მიგვიყვანოს ცოცხალი, თუ შემოდგომაზედ საგიორგობოთ არ მოგართვათ. მარტო სხვა არა იყვეს რა სასულიერო საქმეა, ამითანა საქმითვინ ჩამოვსულვართ და ამითანა გაჭირვებას ჩვენ ვეღარა ვნახავთ.
- სულ აგრე იძახით, როცა გიჭირთ და მერე კი თავის ოხერა ფულზედაც კაცი უნდა ალაპარაკოთ - ეე!
- რა ვქნათ, შე ქრისტიანო, - უპასუხა მოსე მწყერაძემ, - ბევრი რო გვქონდეს, ხომ შენც აღარ გესესხებოდით, რაც შენ სარგებელს გაძლევთ, იმ სარგებლითა ხაზინა გაკეთდებოდა. მანათზედ ორი და სამი მანეთი კი მოგდის და გლეხკაცს რო ჭკუა ჰქონდეს, - იმას წყალს იქით გზა განა აქვს?
- არა, მოშეშ, ღმერთი გადღეგრძელებს, შენ იქით გზა არ გვაქვს, - ეუბნებოდნენ სხვა გლეხნი, - ამ ერთი გაჭირვებიდანაც უნდა გამოგვიხსნა და მერე ჩვენ ვიცით და ჩვენმა კაცობამ, როგორც გემსახურებით.
- აქ თუ ვისესხებ სადმე, თორემ, ჩემი რჯულის მადლმა, გროში არა მაქ, ე! აქ სომხებისაგან უნდა ვისესხო და ვინ იცის რამდენი სარგებელი გამამართვან, ე, და ეხლა მეც თქვენ უნდა სარგებელი გამოგართვათ და თქვენ იმდენ სარგებელს არ მოიცემით, ე.
- სარგებელი რაც შენი ნება იყვეს, ჩვენ მაგაზედ რა უარი შეგვიძლიან, - ოღონდ ერთი კი გვიშველე რამე.
- მაშ საღამოზედ მნახეთ ე და მინამ საცა იქნება ვისესხებ, ე.
საღამოზედ მოვიდნენ გლეხნი მოშეშასთან.
- მთელი ქალაქი შევძარ ჩემი რჯულის მადლმა და რის ხვეწნით ერთ ჩემ ნაცნობ სომეხს ძლივს გამოვართვი, ე. მაკარიობაა და ყველა უფულობას უჩივის, ე.
- აი, ღმერთმა გადღეგრძელოს ჩვენი ამ გაჭირვებიდან გამოხსნისათვის, თუ შენ არა - მე შენ მოგახსენო - დაღუპულები ვიყავით, ისე დაღუპულები, როგორც შარშანდელი თოვლი.
- ეს ერთი თუმანი მომცა და ამაში შემოდგომამდინ თხუთმეტი მანეთის ბარათი ჩამომართვა, ე, ეხლა უნდა თხუთმეტი მანეთის ბარათი დამიწეროთ შემოდგომამდის თავისის სარგებლითა, ე.
- ი ხუთი მანეთის სარგებელი რაღათ უნდა მოგცეთ. იმას ხომ არ იძლევი! - დაიწყო ისევ მოსემ.
- მაშ მე რომ დაუწერე სომეხს, მაშ ის მუქთი ხო არ იყო, ე! მე ხო უნდა იმას ერთ თუმანში თხუთმეტი მანეთი მივცე, ე!
- აი, დიდება შენთვის, ღმერთო! იმითანა ურჯულოობა იქნება! ხუთი მანათი სარგებელი რაღაში გერგება, შე ქრისტიანო?!.
- დაიცადე, შე ოჯახდაქცეულო, რა დროს ეგეებია! - გააჩუმეს გლეხებმა მოსე, - აბა შენი ჭირიმე, დაწერე როგორც თქვენი ნება იყვეს ბარათი და ჩვენ მოვაწერთ.
მოშეშა შევიდა დუქანში ბარათის დასაწერად.
- არა, შე ოჯახდაქცეულო, - დაუწყეს გლეხებმა მოსეს ჩხუბი, - ამითანა იქნება, რომ კაცი ნავში იჯდეს და მენავეს ეჩხუბებოდეს, არა ხედავს შენი თვალები, რომ ჩვენი სული მაგი ხელთ არი! რო მოინდომოს, ქრისტიანობის მადლმა, ერთ დღეს როგორც თხებს ისე ჩაგვრეკავს ბაზარში და ისე დაგვყიდის თავის ვალში.
- დაგვყიდოს კი არა, ბარემ რო დაგვხოცოს ის გვირჩევნია, ჩვენ კი აღარა ვართ, შვილოსა, და! საჭმელი ჩვენ არა გვაქვს, სასმელი, ტანსაცმელი, ცოლ-შვილი დედიშობილა დაგვიდის, სახლი და ერთი, მერე, ვისაც მიგვყიდის - პურს მაინც გვაჭმევს, კუჭს მაინც გაგვიძღობს, თუ არა, შვილო, სულს იქით სულ მაგას მიაქ ჩვენი ოფლი: წურბელასავით გვწოვს სისხლს. რა, შვილო, მაშ ღმერთს ჩვენი სული მაგითვის გაუჩენია და ჩვენი სუდია-მამასახლისისათვისა.
- აგრე არ იქნება, კაცო! - დაუწყო ბერომ, - ეხლა ეგ ერთი თუმანი ჩვენ იმითანა საქმეს გვიზამს, რომ იქნება კიდეც შემოგვნატროდნენ. ხუმრობაა, როცა ხარჯს გადავრჩებით! ეხლა, მარტო ის რადა ღირს, რომ სოფლის ჯიბრს არ შევჭამთ.
გამოვიდა მოშეშა და წაუკითხა ბარათი.
“ჩუ...წ. (ამა და ამ თვესა) ჩვენ სოფელ ბრიყვეთს მცხოვრებელთ (ამა და ამ გლეხთ) ავიღეთ შენ რაბინ მოშეშა ქებიაშვილისაგან თხუთმეტი მანეთი თეთრი ნაღდი რუსული სირმა ვერცხლი, რომელიც ამის ნახევარი იქს შვიდ მანეთსა და ათ შაურ წმინდა თეთრსა. ფული ესე ვალდებული ვართ ჩავაბაროთ საგიორგობოდ, ესე იგი ამ წლის გიორგობის თვის ათისთვის. და თუ ამ ვადაზედ ვერ ჩავაბარეთ, ვალდებული ვართ ერთი ამდენი, ესე იგი თუთხმეტი მანეთი თავისის სარგებლით შტრაფი გადვიხადოთ. სარგებელი ამისი უნდა ჩაგაბაროთ ამ წლის რთველში თუმანზედ სამი კოკა ტკბილი და თხუთმეტი მანეთისა ოთხ კოკა ნახევარი შენ მოშეშას საკუთარი თუნგითა, რომელზედაც ჩვენ ვაწერთ... “
გლეხებმა სთხოვეს მედუქნეს და მოაწერინეს ხელი.
მოშეშამ დაუთვალა ცხრა მანეთი და მისცა.
- ერთი მანეთიც ბარათის დასაწერი მივეცი და ეს ცხრა მანეთი ღმერთმა მოგახმაროთ, ე!..
- გადღეგრძელა ღმერთმა! - უპასუხეს ეხლა კი დაღონებულმა გლეხებმა. რაკი წაიკითხეს ეს ბარათი და ამასთან ერთ თუმანს ერთი მანეთიც დაუკლეს.
- აბა, შვილოსა, თუ უღმერთობა არ არის! მაგოდენა სარგებელი, მაგოდენა შტრაფი, ეხლა ი ერთი მანეთიცა. ერთი მანეთი ჩვენთვის ეხლა ერთი მილიონი ღირს, - დაიწყო მოსემ: - აბა ეხლა ჩვენ ვალებს ეგღა აკლდა, აი!
- ერთი წავიდეთ ამ ჯავრიან გუნებაზედ თითო პირტი მაინც დავლიოთ, - დაიწყო ქიტესამ, - მე და ჩემმა ღმერთმა, რომ დავიღუპენით კია, მაგრამ რას იზამ, შვილო, ეგ ფული რომ არ შეგვსწრებოდა, მთლად შიმშილით დავიხოცებოდით. დღეს, შვილო, ნაწილი არ ჩასულა ჩვენ პირში. ამდენი წყლის სმამ დაგვწყვიტა. წყალსაც აღარავინ გვასმევდა.
- წავიდეთ მართლა, - სთქვეს სხვებმაც, - პატარა მუცელს მივძლიოთ რამე, თორემ ამ შიმშილმა ძალიან ძალა გვიყო.
პატარა ხანს უკან ისინი შევიდნენ ერთს საცოდავ დუქანში, მოითხოვეს საჭმელი, დალიეს თითო არაყი და შემდეგ მოითხოვეს პატარა ღვინოც.
იმათ ერთი თვალის დახამხამებაზედ გააქრეს მოტანილი საჭმელი და პური. ამ საჭმელმა უფრო გაუღვიძა იმათ მადა და კიდევ მოითხოვეს ერთი იმდენი.
- ჩვენ აქ ლამაზათა ვძღებით, - წარმოთქვეს ზოგიერთებმა - და ვინ იცის, ჩვენი ცოლ-შვილი რასა სჭამენ! ან სჭამენ რასმე თუ არა, ისიც ღმერთმა იცის.
როდესაც მორჩნენ ესენი პურის ჭმას, მედუქნემ უანგარიშა ამათ დანახარჯი ხუთი მანეთი.
ამ სიტყვის გაგონებაზედ, ყველამ ერთმანეთს შეხედეს ელდა ნაცემებივით.
- კაცო, და რა ვჭამეთ, შვილოსა, ისეთი? - დაიწყეს იმათ მწუხარებით.
- ვა! რა ჭამეთ რომელია! ი მგელივით რო ილუკმებოდით, რატო მაშინ არ ამბობდით მაგას! მერე ამისთანა სიძვირე - ხო ხედავთ მამასისხლობაა!.. ეხლა რა ბევრია! მთელი ერთი პოლკი დამშეული მგლები შეყრილხართ და ხუთი მანეთი ბევრია!
აქ მედუქნემ დაათვლევინა გლეხებს ხუთი მანეთი.
- აბა, შვილო! რა შეუძლიან ფულსა. ეს რაც ფული გვქონდა ეხლავე შევჭამთ და მერე კიდე სავალებლად გაგვიხდება საქმე, - დაიწყეს შიგადაშიგ მწუხარებით.
- არა, ეს არის, - დაიწყო ბერომ, - ამას იქით ისევ ცარიელ პურზედ უნდა ვიყვეთ, თორემ არ გვეყოფა.
- მეტი რა გზაა, - სთქვეს სხვებმა და გასწიეს თავის გომურისკენ, რომელსაც პატრონმა დაადო გომურში დგომისათვის სულზე დღეში ნახევარი შაური.
- ეგეც თქვენი ხათრისათვის, რომ სულ აქ აყენებთ ხოლმე თქვენ საქონელს, თორემ სხვებს შაურათაც არ დავაყენებდი, ჯერ მარტო წყალს დალევთ ნახევარ შაურისას.
V
გავიდა სამი დღე უქმეები და გასწიეს ჩვენმა გლეხებმა კაზიონი პალატისაკენ, იქ სტოროჟმა უჩვენა იმათ ადგილი, სადაც უნდა მოეცადნათ პრედსედატელისთვის.
- აბა, ბერო, შენ იცი და შენმა კარგმა ქართულმა, - ეუბნებოდნენ იმას ამხანაგები, - შენ იცი, როგორც არ დაგვიკარგავ ამოდენა ამაგს, ყველაფერი ისე დალაგებით უნდა მოახსენო, რომ ყველა სიტყვა ყურში ჩააწვეთო, ეხლა, შვილო, ჩვენი სული მაგის ხელთ არი: უნდა გვაცოცხლებს, უნდა სულ ადიდებულ წყალს მიგვცემს.
მოვიდა პრედსედატელი, იმან ჩამოართვა ჯერ ვისაც ქაღალდები ჰქონდა მერე მიმართა, ვისაც სიტყვიერი რამ სათქმელი ჰქონდა. მივარდა რიგი გლეხკაცებზედაც. როდესაც მიატანა იმათ პრედსედატელმა და რჩებოდა უკანასკნელს მთხოვნელს, გლეხებმა დაუწყეს ბეროს ჯიჯგვირი, რომ წამდგარიყო.
- არ დაგვღუპო! - წასჩურჩულა ვიღამაც ბეროს ყურში.
ბერომ დაიწყო ჩახველება და მზადება სალაპარაკოდ, ბეროს წინათ გუნებაში ლამაზათა ჰქონდა ყველაფერი სალაპარაკო დამზადებული. რამდენი რამა ჰქონდა სათქმელი, ყველა მძივად ასხმული ჰქონდა გუნებაში შენახული და აპირებდა პრედსედატელის წინ წამოლაგებას, მაგრამ იქ იგრძნო ბერომ, რომ როგორღაც ყველაფერი აერია და როდესაც პრედსედატელი მიუახლოვდა, შემკრთალმა აღარ იცოდა, საიდან დაეწყო. იმას უნდოდა კიდევ ჩაეხედნა თავის გუნებაში და დალაგებულიყო, მაგრამ იმის გონება გუნებაში კი არა, პრედსედატელის მოძრაობას არა შორდებოდა.
- თქვენ რაღას იტყვით! - ჰკითხა ამათ პრედსედატელმა.
გლეხებმა შეხედეს ბეროს და მერე ერთმანეთს. ბერომ კიდევ ჩაახველა და ძლივს დაიწყო.
- ჩვენა, შენი ჭირიმე! ჩვენ გიახელით, შენი ჭირიმე რომ აქ შენ წინ დავიხოცოთ თავები, იმითანა გაჭირება გვადგია ჩვენი სოფლისაგან. ლამის, შენი ჭირიმე, აგვყარონ სოფლიდანა.
- თუ სოფელი გაწუხებთ და მაგაზედ უჩივით, ეგ ჩემი საქმე არ არის, ეგ მიროვოი სუდიას უნდა სთხოვოთ და ეგეები იმის ხელთ არის. - აქ პრედსედატელი გაბრუნდა.
გლეხკაცებმა გაჰხედეს-გამოჰხედეს ერთმანეთს.
- აკი გითხარით, შვილო, ეგ მირონის სუდის საქმეა-მეთქი, - დაიწყო ერთმა გლეხმა, რომელსაც ეძახოდნენ ცხრაქოთანა ჭენჭილოკიაშვილს, - ეხლა სუყველაფერი სამართალი მირონის სუდის ხელშია. გინდა დაგკარგავს, გინდა ჩამოგახრჩობს: ყველა იმის ხელთ არი, აბა, შვილო, ეხლა ისევ უკან უნდა დავბრუნდეთ. ჩემთვინ რო გაგეგონებინათ, ხო ასე არ დავიღუპებოდით; ეხლა ამოდენა ზარალში ვართ: იმითანა მუშა დროს ცალკე საქმესა და სახლს მოვცდით, ცალკე ამოდენა ვალი დავიდეთ, ეხლა აღარც კი გვაქ, შვილო, ფული, რომ წავიდეთ. რა უნდა ვჭამოთ ან გზაში, ან იქა, მირონის სუდთან რომ მივალთ!
- ფული ერთი სამიოდე აბაზი კიდევა გვაქ, და როგორც იყვეს უნდა იქამდის ვიკმაროთ, იქ ორ დღეზედ ადრე ვერ მივალთ.
- ორი დღე გზას მოუნდებით, მაგ ფულ გზაში შევჭამთ, იქ რაღა ვჭამოთ? - დაიწყო მოსე მწყერაძემ. - არა, შვილო, წავიდეთ ისევ. ჩვენ სახლებს მივეპატრონოთ, რაც მოგვივა, მოგვივა.
- მიეპატრონო, შენი ოჯახის აშენებამა, შენმა ცოლ-შვილმა არ იცის, რა უყოს თავის ზინათებს, - შეუტია ბერომ, - ამოდენა შრომა გაგვიწევია და ეხლა უნდა ხელცარიელები დავბრუნდეთ შინა. ერთი დღე შიმშილ ვერ მოვითმენთ! ორ დღეს აქედან გზაში მოვუნდებით მირონი სუდიამდინა, მესამე დღეს მოვახსენებთ ჩვენ ანგარიშსა და იმავე დღეს ავალთ შინ. ერთი სიტყვით, რომ დავიხოცოთ, ხელცარიელები ჩვენი შინ დაბრუნება არ იქნება.
აქ გადაწყვიტეს გლეხებმა წასვლა თავის უეზდის ქალაქში, მიროვოი სუდიასთან.
იყიდეს ამათ სამ აბაზად თორმეტი პური და გაემგზავრნენ.
- დღეში ნახევარ პური უნდა ვიკმაროთ, - უთხრა ბერომ.
- მეტი რა ჩარაა, რომ არ ვიკმაროთ! - დაუმატეს სხვა გლეხებმა.
VI
მესამე დღეს მოჩვენებასავით შესუსტებულები შიმშილისაგან იდგნენ გლეხკაცები მიროვოი სუდიის კამერაში.
მოვიდა მიროვოი სუდია და დაიწყო ქაღალდებისა და პირადი საჩივრების ჩამორთმევა.
- ჰო! გაათავე და რაღა! - ეუბნებოდა ის ერთ გლეხს. - შენ იქნება გგონია შენს მეტი საქმე არ მქონდეს, ხომ ხედავ ამოდენა ხალხი იცდის.
- მოგახსენებთ, შენი ჭირიმე, თუ არ გამირისხდები, - ეუბნებოდა ის გლეხი, - ეგ, შენი ჭირიმე, ჩვენი ბერუკა გახლავთ ჭინტიაშვილი...
- ჰო, მერე ჭინტიაშვილი! სხვა კი აღარა იცი რა?!.
- როგორ არა, შენი ჭირიმე, ყველაფერ მოგახსენებ, თუ მიბრძანებ... ჩემი დარდები შენი ჭირიმე ზღვას შეაგუბებენ.
- წადი ქაღალდი შემოიტანე, თორემ შენსას თვით ქრისტე ღმერთიც ვერას გაიგებს. - შენა? - მიუბრუნდა მიროვოი სუდია ერთ გლეხკაცს.
- მე, შენი ჭირიმე?
- ჰო, შენა, მაშ ვისა!.. ხომ ხედავ, შენ გელაპარაკები.
- მე, შენი ჭირიმე!.. ერთი კარგად მამახსენებინე ე ჩემი საჩივარი... რო იცოდე, ბატონო, ჩემი მწუხარება. - აქ გლეხკაცმა გააქნივ-გამოაქნია თავი.
- სთქვი რაღა? - შეუტია მოუთმენლად სუდიამ.
- თუ ნებას მიბოძებ, ისევ ქაღალდით მოგახსენებ, თორემ ასე თქვენ საკადრისად ვაითუ ვერ გამოვიდეს.
- ქაღალდით! ქაღალდები ეხლა სხვებმა კი არ შემოიტანეს, რომ უნდა ისევ უკან დავუბრუნო, რადგან არა გაიგება რა.
- კვიმატიძე! - დაუძახა იმან ერთ ხაზინიდან გამოგდებულ მწერალს, რომელიც ადვოკატობდა ამ ნაწილში. - ერთი გაუგონეთ ამას საჩივარი, და თუ მართალი იყვეს - დაუწერეთ ქაღალდი.
ადვოკატმა სიხარულით თავი დაუკრა სუდიას.
- თქვენ რაღას იტყვით? - მიუბრუნდა ეხლა ის ისევ ჩვენ ბრიყვეთიანელებს.
- ჩვენ, შენი ჭირიმე, ბრიყვეთიანიდან გახლავართ.
- ვინა გკითხავთ ბრიყვეთიანიდანა ხართ, თუ ჯანაბელები! რა გაქვთ საჩივარი?
- საჩივარი, შენი ჭირიმე, ჩვენა გვაქვს, თორემ სხვა ვისა, - და ცოტა არ იყოს ამოუჯდა ბეროს გული.
- ეხლავე გეტყობა, რომ სტყუი! შენი ტირილით ვინ გინდა მოატყუო! სთქვი რაცა გაქვს სათქმელი, ხომ ხედავ რამდენი ხალხი იცდის!
- მოგახსენებ, შენი ჭირიმე, როგორ არ მოგახსენებ. ტირილს, შენი ჭირიმე შენთან როგორ გავბედავთ...
- ჰო, აბა დაიწყე ადამიდანა და ევადან.
- არა, შენი ჭირიმე! ადამი კი არა, ჩვენი დარდი სულ სხვა გახლავთ. ჩვენ რო უსამართლობა გვადგია, ნუ იფიქრებ, ბატონო, რო ეს უსამართლობა და უჯიათი მისდგომოდეს ვისმე.
- ჰო, რა უსამართლობა!.. სთქვი ჩქარა.
- უსამართლობა მეტი იქნება! ჩვენ სოფელს ისე შურს ჩვენი ცხოვრება, რომ ისიც კი უნდა, რომ სულები ამოგვხადონ. იმავ თაობითვე სულ შურსა და ინადში გვიდგანან, ბავშვს ვეღარ გაუვლია ჩვენსას იმათ კარებზედ, ქათამსა და პირუტყვსა.
- მოკლედ! მოკლედ მოსჭერი და სათქმელი თქვი.
- სათქმელი, შენი ჭირიმე, იმაზედ მეტი რაღა იქნება, - რომ მთელი სოფელი ცდილობდეს ერთისა და ორი გლეხკაცის დედამიწასთან გასწორებასა, სულები ამოგვხუთეს... იასაული რა არი, იმასაც კი ჩვენ გვასტუმრებინებენ და რაც ქათამი გვყავდა სულ გაგვიჩანაგეს.
- ეგ არი თქვენი საჩივარი?!
- მარტო ეს კი არა, შენი ჭირიმე, ჯერ სად არი. რამდენი მაგითანა სხვა გახლავთ.
- ქაღალდით შემოდით. თქვენ რაღა გნებავთ? - მიუბრუნდა ის ეხლა ერთ თავადიშვილს, რომელსაც მზად ეჭირა ხელში ქაღალდი, რომ ლაპარაკი არ მომინდესო.
- ჩვენა, შენი ჭირიმე - დაიწყო ისევ ბერომა; - არ...
- ქაღალდით-მეთქი! - უთხრა გადაწყვეტით სუდიამ.
გლეხები გამოვიდნენ.
- ისევ კი ქაღალდითა ჯობიან მე და ჩემმა ღმერთმა, - დაიწყო ბერომ. - ასე პირათა, ჩემო ძმავ, ვერ მოვახსენებთ იმი საკადრისათა. ჩვენ რო ქართულ ვიტყვით, ამითანა ქართულს მაგისთანა დიდკაცს ვერ გააგონებ, მაგათი ქართული სხვა არი.
- რო დავაწერინოთ, ეხლა მუქთად ვინ დაგვიწერს! - დაიწყო მოსე მწყერაძემ.
- მუქთად რათა! - უპასუხა ბერომ, - იმ ქალაქში გვიჭირდა საქმე, თორემ აქ რამდენი ნაცნობი სომხობა გვყავს, ერთი ხუთიოდე მანეთი ვისესხოთ და ზოგისა ქაღალდი დავაწერინოთ, ზოგისა პური ვიყიდოთ. ხვალ ქაღალდ მივართვათ და წავალთ კიდეც შინა.
იმათ იმავე დღეს ისესხეს ხუთი მანეთი შემოდგომამდის კოკა ნახევარ ტკბილად სარგებელში და მიმართეს ერთს თავის ნაცნობ მწერალს, რომელსაც ოთხ მანეთად გაურიგდნენ ქაღალდის დაწერას.
- აბა რა გაქვთ საჩივლელი? - ჰკითხა იმან.
- ჩვენი საჩივარი ეს გახლავთ, - დაიწყო ბერომ, - რომ რადგან უმამულო გლეხები ვართ ჩვენა, კამელარიაში სამი მანეთი ხარჯი გვაწერია და სხვა გლეხებსა, რაკი მამულები უჭირავთ - მეტი აწერიათ; ეხლა იმათ უნდა, რომ ჩვენც იმათთან გავიღოთ ხარჯი; ჩვენ ეხლა მაგას არ ჩავდივართ და ამაზედ ძალიანაცა გვცემეს და კიდეც გვახდევინებენ.
მეორე დღეს მიუტანეს სუდიას ქაღალდი. სუდიამ წაიკითხა.
- აბა გუშინვე რო ესე გეთქვათ, ხო გუშინვე მორჩებოდით და გაიგებდით საქმეს, რომ ლაპარაკის შნოც კი არა გაქვთ... ეს ჩემი საქმე არ არის, - ეს უეზდის ნაჩალნიკის საქმეა. რასაც სუდია მამასახლისს უჩივლებთ, კანონის ძალით, უნდა ნაჩალნიკთან უჩივლოთ და მე არ შემეხება.
- შენ როგორ არ შეგეხება, შენი ჭირიმე, შენზედ მეტი ვის შეუძლიან!.. შენ რო უბრძანო, სხვა მეტი კი არა უნდა რა.. სუყველაფერი სამართალი შენ ხელთ არი, გინდა დაარჩენ კაცსა, გინდა დაღუპავ, დაუწყო ბერომ.
- გეუბნებით ჩემი საქმე არ არი-მეთქი! - ალბათ არ არი, თორემ რატომ სხვებს არ ვეუბნები. - აქ დაუბრუნა სუდიამ გლეხებს ქაღალდი.
- ნაჩალნიკთან ნდომებია ქაღალდი, - დაიწყეს გლეხებმა, როდესაც დაბრუნდნენ თავის ქაღალდის დამწერთან.
- ნაჩალნიკთან?! ჰო, ალბათ აგრეა, თორემ სუდიამ უფრო კარგად არ იცის,- უპასუხა იმან.
- მაშ ეგები შენ სადღეგრძელოდ ერთი ქაღალდი იმათანაც დაგვიწერო და ეხლა ეგებ ნაკლებს დაგვჯერდე.
- ახლა სამ მანეთ დაგჯერდებით.
- სამი მანეთი სულ რო გავიყიდნეთ, შენი რისხვა გვქონდეს, თუ გიშოვნოთ.
- ეხლა, თუ კარგი არზა გინდათ - სამ მანეთ ნაკლებ არ იქნება, თუ იმისთანა უბრალო რამ გინდათ და განა არ შეიძლება ათშაურიანიც დავწერო, სამ აბაზიანიცა. რა გამოვიდა! როგორც საქონელშია ავი და კარგი, ისე აქ ავი იაფია, კარგი - ძვირი.
- მაშ, შენი ცოლ-შვილის სადღეგრძელოდ, ეგება შემოდგომამდინ დაგვაცალო, თორემ ისე შენი მტერი დაიღუპოს, როგორც ჩვენ დავიღუპებით ამ საქმის დევნაში.
- შემოდგომამდის თუ დაგაცდით, ხუთ მანეთს ნაკლებ არ დაგჯერდებით თავისის სარგებლით.
- ღმერთი გადღეგრძელებთ, რაც წინათ გიბრძანებიათ - მოგართმევთ, ნუ ინებებთ ჩვენ დაღუპვას. ჩვენ დღესაც შენ ხელთა ვართ და ხვალაცა. ცოლ-შვილი შიმშილით გვეხოცება. ვალით ყელამდისა ვართ გავსილი.
- არ ვიცი! თუ გინდათ ეგ არი, თუ არა სხვა მოძებნეთ.
გლეხები გამოვიდნენ, პატარა ხანს მოილაპარაკეს და ისევ დაბრუნდნენ.
- ხუთი მანეთი გახლდეს, შენი ჭირიმე, სარგებელს კი ნუღარ გვთხოვ. ჩვენი სულს იქითი სულ სარგებელში მიდის.
- მე რაც მითქვამს, ეგ არის!
- შენი ნება გახლდეს, ოღონდ ისეთი კი დაგვიწერე, რომ ნაჩალნიკმა მაშინვე გაგვისტუმროს, თორემ რაც იმ დღეს თქვენთვის ფული ვისესხეთ - გამოგველია და ეხლა ისევ მშივრები ვყრივართ.
პატარა ხანს უკან ეს გლეხკაცნი აწერდნენ ხუთი მანეთის ბარათზედ ხელს, რომელშიაც კალოზედ უნდა მიეცათ კოდნახევარი პური სარგებელში.
მეორე დღეს იყო რევიზია და ვერა ნახეს გლეხებმა ნაჩალნიკი. შიმშილმა დაატანა ძალა.
- ერთი შეხედე - ეუბნებოდა ქიტესა საღამოზედ თავის ამხანაგებს დუქნის ოთახიდან, - რა ლობიო უდგათ და ჭამენ დუქანში მეტივეები. აბა, შვილო, ცხოვრებაც მაგათ დაიკვეხონ. თითო ტივს ზოგჯერ ოცად, ოცდაათ თუმნად ჰყიდიან, ისეთი დოლაბ-დოლაბი პურები უწყვიათ, რომ ყეენს ეკადრება საჭმელათა.. ვაი ჩვენი ბრალიცა!..
- წამოდი აქეთა, შე ოჯახდაქცეულო! - შეუტია ბერომ.
- ეხლა ხო აგრე არ იფიქრებენ ეგენი... ეს ერთი დღე აღარა გვაქ, ამასაც როგორ ვერ მოვითმენთ!
ქიტესა წამოვიდა ისეთნაირად, თითქო არ უნდა, რომ იქაურობას თავი დაანებოსო.
- ეჰ, შვილო! - დაიწყო ვიღამაც, - ჩვენც ვიტყვით ქვეყანაზედა ვცხოვრობთ! რომელი ძაღლი იქნება, რომ ჩვენ არა გვჯობდეს. ძაღლი რაც უნდა ძაღლი იყვეს - ან მოიტაცებს, ან მოიპარავს, ან ძვლებს მაინც ვინმე გადუყრის, საყასბოში წელებს გადაუყრიან. ვინ შერცხვენილი, ეხლა რაც უნდა წელები იყვეს, არა სჭამდა, მაგრამ მერე სირცხვილით ვიღასთან გამოჩნდება... არა ვართ, არა! თორემ ჩვენ რომ კაცნი ვიყვნეთ და ქუდი გვეხუროს, უნდა აგვეტანა ესა. ერთი კარგი თოკი და ჩვენი ჯანი.
დუქნის მეორე ოთახში დაიწყეს შეზარხოშიანებულმა მეტივეებმა სიმღერა. პატარა ხანს უკან შემოვიდნენ ბაზრის ბიჭები, დასხდნენ დაზგაზედ, მოატანინეს ხმელი თევზი, ღვინო, მწვანილი და სხვა, შემოიყვანეს მედოლეები და დააღუღუნა ტკბილმა დუდუკმა, დაუკრა იმან ჩვენებური გულის მოსაკლავი და ჩვენი ისტორიის გამომხატველი ხმები. გლეხები ამ ხმაზედ მეორე ოთახში მიეყარნენ ცარიელ ადგილზედ, ვითომც დასაძინებლად და მიეცნენ ათასნაირ ფიქრს, ვინ იცის რა არა ტრიალებდა იმათ გუნებაში, რა არ მოდიოდა ამათ თავში, აღეძრათ იმათ ათასნაირი არეული ფიქრი და გრძნობა, რომელიც ჩვენთვის, მკითხველო, სრულიად უცხოა, აღეძრათ ეს ფიქრები და არა ხედავდნენ ამ გრძნობების დამაბოლოებელს არავითარს გარემოებას, არც თვის ცხოვრებაში და არც თავის გარემო ვითარებაში. ქიტესა და ერთი კიდევ ვიღაც კიდეც ტიროდნენ, მაგრამ ჰფარავდნენ ამას ამხანაგებისაგან.
მეორე დღეს ნაჩალნიკმა მაშინვე გაისტუმრა ესენი და უთხრა, რომ დაიბარებს სუდია-მამასახლისს და გაიგებს ყველაფერს.
VII
- ნახე ჩვენი უნარი, - შეჰკვეხოდა ქიტესა მგზავრობიდან შინ დაბრუნებულ თავის მეუღლე მარინეს, - ბევრი ჯაფა გავწიეთ, ბევრი ვალი დავიდეთ, მაგრამ ჩვენი საქმე კი გავარიგეთ. ღმერთმა ადღეგრძელა ჩვენი ნაჩალნიკი, ძაან სიტყვები გვიბრძანა, სულ აქ დავიბარებ და თქვენ ამბავს ყველას შევიტყობო.
- ემაგისთვის იდებდით მაგოდენა ვალსა და ამდენი ხანი სცდებოდით თქვენს სახლ-კარსა, რომ რაც მოსავალი იყო, სულ ძაღლ-ღორმა შეჭამა... ვინ უნდა დაიბაროს ეხლა იქა?
- ვინ უნდა დაიბაროს და სუდია-მამასახლისი.
- სუდია-მამასახლისს უნდა ჰკითხოს თქვენი ამბავი?! თქვენზედ უკეთესად ვინ უამბობდა თქვენ ამბავსა? მა რისთვის იყავით იქა, თუკი თქვენ ამბავსაც არ უამბობდით? სუდია-მამასახლისი რათ ეტყვის თქვენზედ კარგს.
- დადექი-მეთქი, დედაკაცო, ნუ ხარ ე ავყია, თორემ, ღმერთია შენი თავდები, ერთ სისხლს შემამთხვევ. აი, დიდება შენთვის ღმერთო! მა რითვინ ვიყავით შე ოჯახდანელებულო, თუკი ჩვენ ამბავსაც არ ვეტყოდით! შენითანები ვიყავით იქა, რო ჭკუას იწავლები! ამითანა ურწმუნო ადამიანი იქნება, როგორიც ეს ქოფაკი დედაკაცია... ეიჰ, ეიჰ, ეიჰ!
- იიჰ, მაშ მე ღმერთი გამიწყრეს, თუ თქვენ იქ გაარიგებდით რასმე. - აქ მარინე გავიდა გარეთ რაღაც საქმეზედ.
ქიტესამ ამ სიტყვებზედ ერთი გადაჰბღვირა მარინეს და რომ ვეღარა გააწყო რა, ჯავრისაგან ერთი ძალიან ჩაიკრა გულში მუშტი და მერე გაიქნივ-გამოიქნია.
- აბა, ჯღანი ჭამიავ, რა მოიტანეთ ქალაქიდანა. რო ძალიან დაქადულები წახვედით? - ეუბნებოდა ქიტესას მეორე დღეს თევდორე ცეტიაშვილი.
- შენი ოჯახის დანელება!.. დაიცადეთ, შვილოსა, ისე გაგიხადოთ საქმე, რომ იძახოდეთ, ნეტავი დედი ჩვენი მუცლიდან არ გამოვმძვრალიყავითო...
- ვისი ოჯახის დანელებაო, რა თქვი! - წამოესარჩლა თევდორეს მეორე ძმა და წამოვიდა ქიტესასაკენ.
- შენ ხო არ გელაპარაკები, ჩემო ძმავ, შენ რა გინდა, ბნედიანო, - და ქიტესამ დაიწყო უკან წევა.
- ვინ არის ბნედიანი! - შემოუტია მესამე ძმამ და აქ ქიტესამ მოცხრილა. სამივე ძმები გამოეკიდნენ ამას.
ქიტესა ეცა თავის სახლს, სადაც აპირებდა თავის შეფარებას, მაგრამ დაუხვდა დაკეტილი. ის მიიყუჟა კარებთან და დაიწყო იმის მხრებზედ იფნის სახრეებმა ჟაპაჟუპი.
- მომკალით, შვილო, მომკალით! - იძახდა ქიტესა, - რაც გინდათ, მიყავით, და თან თავპირზედ იფარებდა ხელებს, რომ სახრეები არ მოჰხვედროდა სახეში.
აქ უცებ დატრიალდა საიდანღაც კეტი და თევდორემ თავსისხლიანმა წაიჩოქა. ძმები მიეტანენ ამას ასაყენებლად, და, როდესაც ერთი იმათგანი დაიდრიკა, ერთი სავსე ქვაბი მდუღარე წყლით დაეშვა თავზედ.
- ჰაი, თქვე ბოროტებო, თქვენა! - დაჰკივლა ამათ თავს მარინემ, რომელსაც მღვდლის სათონედან მოჰქონდა მდუღარე წყალი, რომ გამოეცხო ქირის ხმიადი, რომელიც ამან აიღო პურის საცხობში ერთი აზნაურისაგან. - შეგრჩათ განა იმ დღეს! - და ამან წამოავლო კიდევ კეტს ხელი მესამე ძმის სათავაზებლად, მაგრამ დაიჭირეს.
- ეს არის, ხო დაგვხოცეთ! ხო მომიკალით ეს ორ-ორი ძმა... შეგრჩეთ, შეგრჩეთ! - იმუქრებოდა მესამე ძმა.
თევდორე მალე მოსულიერდა და ისევ თავსისხლიანმა გასწია მამასახლისისაკენ. მეორე ძმას მდუღარისაგან სულ გასძვრა თავზედ ბალანი და წვერ-ულვაში.
- ეს კარგი ამბავია, - იძახდა ის, რამდენიც მოისვამდა ბალანზედ ხელს და ბალანი შერჩებოდა ხელში, - მაშ სამართალი აღარსადა ყოფილა! ერთმა წუპაკმა დედაკაცმა ეს უნდა გვიყოს. - და ამანაც მთელი სავსე ბღუჯა ბალნით ხელში გასწია მამასახლისისაკენ.
პატარა ხანს უკან მიაწიალებდნენ სატუსაღოში მარინესა და ქიტესას.
- სატუსაღოში დავლპები, ციმბირში წავალ და მაგათ კი თავს არ დავაჩაგვრინებ. - იძახდა გაბრაზებული მარინე, - ეგ წმიდა გიორგის გიჟები, ეგენი.
- აბა, შვილო, ან თქვენ რაზედ ცდებოდით, ან ჩვენ რაზედ მოგვაცდინეთ ამითანა სისხლი ღვრის დროს?! თქვენ გაჩენაში ღმერთი ურევია! - ეუბნებოდნენ ბეროს და სხვა უმამულო გლეხებს სუდია-მამასახლისი, დაბრუნებულნი ნაჩალნიკიდან. - გვიბრძანა: როგორც აქამდინ უღიათ, ახლაც ისე გაიღონო.
- აი დიდება შენთვინ, ღმერთო! - გადიწერა ბერომ გაოცებულმა პირჯვარი, - ვაჟო, და რო გვიღია, ჩვენ ხო აქამდის არ ვიცოდით კამელარიაში როგორ ვეწერენით. ეს, შვილო, წრეულს არ გავიგეთ; ღმერთმა ადღეგრძელოს, ი ხაზინადრის პოპოშნიკმა არ გვიბრძანა თითონ. არ გეყოთ, შვილო, რაც აქამდინ მეტი ხარჯი გაძლიეთ.
- გვაძლიეთ თქვენი სახლ-კარის ამოწყვეტამა, სულ ჩვენ ჯიბეში მიდიოდა! ჩვენ რათ გვაძლიეთ, შვილო, გადასახადი იყო და გადიხადეთ. ჩვენ რა, რომ ჩვენზედ თავს იქნევთ?
- მაშ ოჯახი ამომიწყდეს, თუ ეგ მაგათი მოგონილი არ იყვეს. - დაიწყო ქიტესამ, - ნაჩალნიკი მაგას რათ გიბრძანებდათ! მაგრამ სულ თქვენა ხართ, თქვენა. მინამ თქვენი სინსილა არ გაწყდება, ჩვენ ქვეყანაზედ არ გვებოგინება.
- აჰაი, ჯღანავ! აჰაი, ჯღანავ! შეგრჩა, განა! - შემოუტიეს ოთხთა ძმათ ცეტიაშვილებმა.
- შენ დადექი, შენ ვინა გკითხავს, შე ოჯახდაქცეულო! - შეუტია ბერომ ქიტესას.
- მკითხავს კი არა, ღმერთია შენი თავდები, სულ მაგათგანა ვართ დაღუპულები... აქა, შვილო, მე რა შემიძლიან! საიდან უნდა გავიღო მაგოდენა ხარჯი, ცოლ-შვილს ხო ვერ გავყიდი.
- რატო არ შეგიძლიან, შვილო? - დაიწყეს სუდია-მამასახლისმა, - ოროლი შვილი გყავს საშოვარზედა.
- საშოვარზედა! ღმერთმა მეტი საშოვარი ნუ შემოიტანოს თქვენ ოჯახში. ბიჭია ი რაღაც თუმან ნახევრად გვიდგია და ამი ფულით გამოვიკვებენით ამ სიძვირეში. გოგოა, შვილო, და რვა მანეთათა დგას, და რვა მანეთი რო თქვენ მოგცეთ, მე რიღას მოვაგლახე ვარ! რით უნდა ვირჩინო ამას იქით თავი... ერთი ბოჩოლა არა მყავს! ჰა!
- რო მოკვდე, უნდა ესე გაჭიმო ჭაპანი და ჩვენთანა სწიო უღელი, - დაიწყო თევდორე ცეტიაშვილმა.
- შენ, შენთვის დადექი, თევდორე... თორემ ვნახოთ!.. იმდღევანდელი ხო გახსოვს. აი, აჰაა! - აქ ქიტესამ მოისვა ულვაშებზედ ხელი.
- კვეხულობ კიდეცა, შენი აშარი ცოლის უნარებს! დახე ამ არამზადას!.. - და აქ შემოუტიეს ოთხთა ძმათა.
ქიტესამ მიიხედ-მოიხედა და მარინე ვერსად დაინახა, ამჯობინა სხლიკუდი. სხვებმა დაიჭირეს გაჭირვეულებული ცეტიაშვილები.
- ეხლა აგვიშენებია აბა ოჯახი, აი! - დაიწყეს უმამულო გლეხებმა, როდესაც გაშორდნენ სხვა გლეხებს. - აბა რა გვრჯიდა, შვილოსა, ჩვენთვის ვმსხდარიყავით შინა. საწყალი კაცისთვის არც გათენებულა, არც გათენდება. იმოდენა წვალება წვალებად შეგვრჩა, ვალი ვალად დაგვედო, ამოდენა საქმეს მოვცდით, და ბოლოს კი ნახე რა გამოვიდა!..
- ეს სულ შენი ბრალია, მე და ჩემმა ღმერთმა, ბერო, აი,- დაიწყო ვიღაცამ. - სულ შენ აგვშალე, შვილოსა, ძალიან ჭკუაზედ თავსა სდებ, და ვერ კი გააგებინე სამართალს, რა გვინდოდა და რა არა.
- მა რა იყო, თუ არ გავაგებინე! ვერ გაიგონა შენმა ყურებმა, რაც მოვახსენე და რაც დავაწერინე.
- რა მოახსენე, შვილო!.. ქალაქში რაღად მიგვახეტებდი, თუკი ნაჩალნიკთან უნდა გვეჩივლა?! ჩვენ სულ ი ქალაქმა დაგვღუპა.
- რათ მოდიოდით, შვილო! თქვენთვის კი ღმერთს ჭკუა არ მოუცია? თქვენც გლეხკაცი ხართ - მეცა.
- ჩვენ, შვილო, რაც საჭირო იყო, ის კი არ დავაწერინეთ ქაღალდში და იმოდენა ფული კი ჩავღუპეთ, - დაიწყო ეხლა სხვამ.
- რა უნდა ჩაგვეწერინებინა?
- რა, და ისა, რომ უმამულონი ვართ და კამელარიაში ნაკლები ხარჯი გვაწერია-თქო.
- ღმერთმა ნუ რა გაგაგონოს რა! იქ არ იყავი, შე ოჯახდაქცეულო, რო ველაპარაკებოდი ქაღალდი დამწერს! სადა გქონდა ე ყურები? მა სხვა რა უთხარი, თუ არ ეგ.
- ცარიელი სიტყვით ვინ დაგიჯერებდა!.. რატო კოპიო არ გამოვიტანეთ კამელარიიდანა?.. კოპიო უნდა გამოგვეტანა და წარგვედგინა.
- ეგ კია, მე და ჩემმა ღმერთმა! - დაიწყეს სხვებმა, - კოპიო რო მიგვერთმია, იქნება ესე არ დავნელებულიყავით. ნწუ, ნწუ, ნწუ!.. ვაი რა დავიღუპენით და დავნელდით.
- ეხლა შენღა შეუხვალ მარინეს შინა! - სთქვა ქიტესამ მწუხარებით, - ბერო, მაგდანა შინ არი?.. წავიდე ერთი პატარა დავლიო, თორემ ამდენ საცოდაობას რომელი ქრისტიანი ადამიანი გაუძლებს.
IX
მოვიდა ფოსტის ფულის აკრეფის დრო. სოფელში შეიქმნა ალიაქოთი. სოფელმა, სხვა უმამულო გლეხებს შორის, გამოუცხადა ქიტესა ნაცარკვერაძესაც, რომ, თუ რიგზედ არ შემოიტანს შეწერილს ფულს, - სულ ერთიან გაუყიდიან რაც აბადია.
- ოჯახი დაგექცეთ, თუ არ გაყიდოთ!.. რა მაქ, შვილო, რას გაყიდით. ეს ერთი აძაღლებული სული მაქ და.. - აქ ქიტესამ ისეთი სიტყვები დახარჯა, რომ ჩვენ მკითხველებს არ მოჰლანდებიათ.
- შენ მაგი დარდი ნუ გაქ. სულ წმინდა ბაჯაღლო ოქროებ დაგათვლევინებთ, - ეუბნებოდნენ სუდია-მამასახლისი.
ქიტესამ გასწია ბეროს მეუღლე მაგდანასაკენ.
- მაგდანა, ერთი შენი დაძმობის ჭირიმე, ერთი ყანწი არაყი სადმე გექნება... არ ვიცი, ძმავ, სად გავეცალო ამ სოფელს.... ერთი თქმით ჩვენი დაღუპვა უნდათ, მაგ სახლკარ ამოსაწყვეტებსა... რით უნდა გავცე ეხლა პასუხი და რა ამოწყვეტა უნდა ვქნა... ჩვენ გაჩენაში ღმერთი ურევია?..
მაგდანამ მოართვა არაყი. ქიტესამ მეორეც მოითხოვა, შემდეგ მესამეც, და გასწი შინასაკენ.
- ეს ჯერ ექვსი მუშისაა შენზედ არაყი, აი, - უთხრა მაგდანამ მიმავალს ქიტესას.
- დიახ, დიახ! ჭეშმარიტი ბრძანებაა... შენ ამაგს როგორ დავივიწყებ, მე და ჩემმა სულმა... მე შენ მოგახსენო, თუ ე შენი არაყი არა... აქამდის არ ვიცი რა მომივიდოდა.
ქიტესა ცოტა შეზარხოშებული დაბრუნდა შინ.
- დედაკაცო, აბა ეხლა ე ამითანა გაჭირვების დღე რო დაგვდგომია - რა უნდა ვქნათ!..
- მე რა ვიცი, რაც გინდა ქენი. როგორც ცოლ-შვილის აკიდება იცოდი, ისე კიდეც უპატრონე სხვებსაცა და შენ თავსაც.
- ეგება ერთი წახვიდე და ი გოგოს საჯამაგირო გამოართვა, რაღაც რვაოდე მანეთია.
- უი შენი თვალების დაბრმავებასა! სხვა კი აღარა გინდა რა... შენთვის არ გავიმეტე ი გოგო სახლიდანა... ი ფული აი ძროხის სასყიდლად მინდა, რომ ეგება სახლში ერთი ბოჩოლა გამოვზარდოთ. რაღა მიქნია, რომ ის ფულიც სახლიდან გაგატანიო.
- ახა, დიდება შენთვინა, ღმერთო! მაშ რა ვქნა, დედაკაცო!.. ქრისტიანი სული არ გიდგია. შე ოჯახამოსაწყვეტო!.. მა საიდან უნდა მივცე... ერთი არ მეტყვი!..
- საიდანაც გინდა მიეცი... მე ამაზედ მეტი მოთმინება აღარ შემიძლიან... პურის საცხობს ვიღებ - შენ ვალებ უნდება, ბიჭის საჯამაგირო - ვალებს უნდება... ეხლა ი გოგოს ფული მე მინდა, რო სახლში ერთი ბღავანაც არის გავიჩინოთ... ჩვენს უსაცოდავესი ქვეყანაზედ ძაღლიც კი აღარ არის...
- დედი! - შემოვიდა და შემოსძახა კარებიდან პატარა სვიმონამ, - მარო მოვიდა და ისეთი ტირის, რო...
- ქა, მაროს აქ რა უნდა?!
- რა ვიცი! - და სვიმონა გავარდა.
მარინე გაჰყვა თან და პატარა ხანს უკან შემოიყვანა თავისი ერთი თოთხმეტ-თხუთმეტი წლის გოგო, მარო. ძლივს მოსდევდა, გულამომჯდარი ქვითინებდა და იფარებდა თვალებზედ მკლავებს.
- არა, რა გატირებს, არ იტყვი, შე დანელებულის შვილო,- ეუბნებოდა იმას მარინე.
მარო უფრო უმატებდა ტირილს.
- თქვი-მეთქი, ღმერთია შენი თავდები, - შეუტია ქიტესამ - თორემ ეს არის გაგხეთქე კვახივით ზედ შუაზედ.
მარო ჩაჯდა ძირს, ჩაჰყო კალთაში თავი და უმატა უფრო ტირილს...
- თქვი, გოგო, რა მოხდა შენ თავს? - ეუბნებოდა მარინე.
მარო კიდევ ვერას ამბობდა.
- თქვი! თქვი-მეთქი, თორემ ეს არი მოგკალი, მოგკალი, შე გველისწიწილო! - დაუტრიალა თავის მუშტები ქიტესამ...
- მომკალით!.. რო მომკლათ ის არ მირჩევნიან... მაინც მკვდარი ვარ თქვენგანა და მაინცა... აი მომკალით! - და აქ გამწარებულმა მარომ წაუშვირა თავი.
- თქვი გოგო, ნუ მომკალ, თორემ ამაზედ მეტი აღარ შემიძლიან, - დაიწყო მარინემ.
- თქვი!.. რამდენჯერ გითხარით წამიყვანეთ-მეთქი, რო არა შვრებოდით... დღეს ბატონმა გაიგულა ყველანი წირვაზედა... შემიმწყვდია მარტოკა და...
- ვუი, ჩემს ჩაქოლვასა! - და აქ მარინემ შემოიკრა თავში და ჩაიჩოქა, რამდენსამე ხანს თითქო ჩაუვარდა ენაო.
- მერე?! მერე?! - იძახდა ქიტესა, - წაგვწყმინდე?! გამოგვჭერ ყელი!..
- ვაი ამ დღის მოსწრებასა! - შემოიკრა მარინემ საშინლად თავში და გაიწეწა თმები და გადაჰხედა საშინელის განწირულებით მაროს, - მაშ დავიღუპეთ და მოგვეჭრა საქვეყნოდ თავი?!
მარომ განწირულებით მოუმატა ტირილს.
- ადექ, გადი, გადი! შენ არა ხარ ჩემი შვილი. მე შენისთანა შვილი არ მინდა... წადი ჩემი სახლიდამა. - სტაცა მარინემ მაროს თმებში ხელი და აითრია ასე გარეთ გასათრევად.
მარო შემოეხვია მარინეს მუხლებზედ და შესტიროდა განწირულებით.
- მომკალი, დედილო! რაც გინდა მიყავ... - გაიძახოდა ის.
ქიტესა გავარდა სახლიდამ.
- წავალ! - იძახოდა ის, - ხემწიფესთან წავალ... ღმერთამდინ ვივლი, ღმერთამდინა... რაღად მინდა ქვეყანაში თავი ცოცხალი.
საღამოზედ ქიტესა დაბრუნდა შინ ძალზედ დამთვრალი არაყისაგან.
- ეჰეი! რა ცეცხლია, და! ამას რაღა მომაგონებდა... მოვიკლა თავი - როგორ მოვიკლა და სული როგორ წავწყმინდო! შვილი მოვკლა, და ეგ ხომ უარეს ცოდოში უნდა ჩავდგე... ჰა! მარინე სად არი ერთი ი გოგო, მაჩვენე კიდევა... ერთი ვნახო ის ჩვენი დამღუპველი! - დაიწყო ქიტესამ ენა მოკიდებით.
- აი გაგხეთქა წმიდა გიორგიმა, რომ კიდევ გახეთქილხარ საცაღას!.. აბა, რა გინდა შე შავდაუკუღმა გადასაშენებელო! რაღა შე...
აქ მარინეს მოერია ცრემლები, რომელიც კულავ იმას არასოდეს არ მოსვლია.
- მე რა ვქნა, დედაკაცო! რატო არ მეტყვი, შე ქათიბძაღლო! მა რა ვქნა, რო არც დავლიო? როგორ გაუძლო ამდენ დარდსა!.. ჰა! ვაი მეე!.. დედაკაცი განა გასაჩენი იყო! - და აქ ქიტესამ ცხარედ ჩაიკრა გულში მუშტი.
2 იანვარი, 1871 წ.