Jump to content

ქაღალდი

From Wikisource
ქაღალდი
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე


ქაღალდი, სუფთა
ზამთრის ველივით,
შრიალებს ღამით
თუ ღელავს დღისით,
მარადის ფიქრობს,
რომ ყოველივე
იწყება მისით,
თავდება მისით!

ქაღალდი მრავალს
იჩენს მარიფათს,
ქაღალდი მოდის
რაგინდ რაფერი:
იყო, არის და
რჩება ღარიბად...
სწერთ? ქაღალდია,
სხვა არაფერი!

მაგრამ მოვიდა
ერთხელ მგოსანი,
შემოქმედება
აზრს შეუზავა,
ვეფხის დაარქვა
მას ტყაოსანი,
და საუკუნე
გააუკვდავა!

1950 წ.

რესურსები ინტერნეტში

[edit]