Jump to content

ქართული წიგნი და ქართველი მწერალი

From Wikisource
ქართული წიგნი და ქართველი მწერალი
ავტორი: მიხეილ ჯავახიშვილი
1924


საერთოდ მწერლობა ერის სულიერ კულტურის ერთ-ერთ დედაბოძად ითვლება. ასე იყო ყველგან და ყოველთვის. ასეა ჩვენშიც დღესაც. ერთის გაკვრით რომ გადავავლოთ თვალი ჩვენს შორეულსა და მახლობელს წარსულს, ადვილად დავინახავთ, რომ კულტურის ეს დარგიც მფარველობით შენდებოდა. სასულიერო მწერლობას ეკლესია აცხოვრებდა, საეროს – ხაზინა, ჯარადა ძლიერნი ამა ქვეყნისა. შემთხვევითი მოვლენა არა არის ის გარემოება, რომ წარსულ საუკუნეში თითქმის ყველა ჩვენი გოლიათი მწერლები თავადაზნაურნი იყვნენ. თუ მათ შორის გაერივნენ ღარიბი მწერლები, შუა გზაზე გასტყდნენ, ადრე დაილივნენ და მოსაცემის ნახევარიც ვერ მისცეს ქართულ კულტურას.

ყველას თვალწინ გვიდგა ტრაგიკული ბედი უეჭველ გენიოსების ვაჟა ფშაველასი და ნიკო ბარათაშვილისა. ქართულმა რეალობამ ორივენი მიყრუებულ ბუნაგებში ჩაჰკლა და იმდენი ვერ მოახერხა, რომ მათთვის მიეცა თავისუფალი დრო და საცხოვრებელი ბინა ტფილისში. ვინ დასთვლის, “ვინ იცის რაოდენი საუნჯენი დავკარგეთ ჩვენა” ამ გაუტეხელს, ულმობელ და უძლევნელ რეალობის გამო? ერთი მუჭა ხალხი ვართ, ისიც ევროპელებთან შედარებით მეტად ღარიბ-ღატაკნი. და ჩვენი ლიტერატურის ღარიბობას ვინ მიაწერს ქართველ ხალხის შემოქმედების უნარის სისუსტეს, ან ამოწურავს? რამდენიმე სახელი რომ მოვიგონოთ, ესეც საკმარისი იქნებოდა. ამას თუნდ მარტო შარდენის სიტყვები დავუმატოთ: “ქართველებს რომ შესაფერისი პირობები ჰქონდეთ, მრავალს დიდ ხელოვანსა და მეცნიერს მისცემდნენ კაცობრიობასო”. საქმეც მხოლოდ “შესაფერ პირობებში” ყოფილა. მაგრამ პირობებიც ორნაირია: დასაძლევი და უძლეველი.

უძლეველ პირობებს – ჩვენს მცირერიცხოვანობას და სიღარიბეს დავანებოთ. ეს მომავალ ისტორიის საქმეა, დავუბრუნდეთ დასაძლევს, სადღეისო საქმეს. ერთს წერილში უკვე ვსთქვით და ეხლაც ვიმეორებთ, რომ წიგნის ბეჭდვის გადაქცევა საწარმოო საქმედ და ერთგვარი სახელმწიფოებრივი დახმარება ორი უმთავრესი საფუძველია მწიგნობრობის განვითარებისა. პირველისთვის საჭიროა იაფი წიგნი და დიდი ტირაჟი, ე.ი. ბევრი მყიდველი, ე.ი. წიგნის გავრცელება. ქართული წიგნი რომ პროვინციელ მყიდველს ვერ სწვდება, ამაზე ბევრი თქმულა და დაწერილა. ამ საგანს ერთი წერილი ჩვენც მივუძღვენით. ქართული წიგნის მცირე გავრცელების ერთ-ერთი მიზეზეი წიგნის სიძვირეც გახლავთ.

უკანასკნელ დროს ცხოვრების გაიაფებას ხელისუფლებამ უდიდესი ყურადღება მიაქცია. პირველ საჭიროების მრავალი საქონელი თვალსაჩინოდ გაიაფდა. დღევანდელი ხელისუფალნი მუდმივ ხაზგასმით იმეორებდნენ, რომ წიგნიც პირველ საჭიროების საგანიო, მაშასადამე, დროა ამაზედაც ვიზრუნოთ და ხალხს იაფი წიგნი მივაწოდოთ. წიგნის თვითღირებულებამ წინანდელთა შედარებით ერთი-ორად მაინც მოიმატა. ამას მოჰყვა ბაზრის შეკუმშვა, მყიდველის შემცირება, თუმცა ამავე დროს ქართველმა მკითხველმა მრავალჯერ იმატა. წიგნის გაიაფების და გავრცელების შესახებ სხვებზე ადრე და ყველაზე მეტად სახელმწიფო გამომცემლობამ უნდა იზრუნოს. ეს არის მისი სადღეისო, უმთავრესი საქმე, და თუ მან იგი სძლია, მისი არსებობაც ერთი ორად იქნება გამართლებული. მაგრამ ეს გახლავთ საქმის ერთი ნახევარი. მეორე ნახევარს შეადგენს განსაკუთრებული მზრუნველობა და მფარველობა, რომელიც სახელმწიფომ უნდა გაუწიოს საერთოდ ხელოვნებას, და კერძოდ – მწერლობას.

ყველა წარმატებული ქვეყნები ამ საქმეზე უამრავს ენერგიასა და სახსრებს ჰხარჯავენ, ლიტერატურულს მფარველობის დანარჩენს ფორმებს თავი დავანებოთ და გავიხსენოთ მხოლოდ ერთი ფორმა: პრემიები. მარტო საფრანგეთი წლიურად ასიოდე პრემიას აძლევს სიტყვაკაზმულ მწერლობას. სახელმწიფოს გარდა ყოველწლიურ კონკურსს ნიშნავენ საზოგადო დაწესებულებანი, ქალაქები, ჟურნალ-გაზეთები, გამომცემელნი და მეცენატები. შეჯიბრება დიდი ხელწამკრავია შემოქმედებისა. ამ საგანზედაც ჩვენში მრავალი დაუწერიათ და უფრო მეტი უთქვამთ, მაგრამ სამწუხაროდ – “სიტყვა სხვაა, საქმე სხვაა, შუა უდევს დიდი მზღვარი”. ერთი ასეთი “სიტყვაც” გვაგონდება – ქართული აკრადემია. ვინ იცის რამდენი თაობა ატარებს აზრად ამ საგოგმანებელ საქმეს. დროც მოვიდა და საქმეც დამწიფდა. ძნელი დასაჯერებელია, რომ მას ვერ მოვერიოთ.

საჭიროა მხოლოდ შესაფერი მხნეობა და გამრჯელობა განათლების მზრინველის მხრივ, რომელიც ჩვენი კულტურის მესაჭედ არის დაყენებული.