არზრუმის ბეგლარბეგ ვეზირ ბაკი ფაშასაგან მიღებული წერილიდან კი როგორც ჩანდა, ის თავისი კაფიკულით და ვილაიეთის ჯარით იძულებული გამხდარა ამ რაიონში (საქართველოში) დარჩენილიყო, ვინაიდან, გარკვეული სამხედრო სამსახურიდან მოყოლებული, საქართველოს საკითხის მოგვარება, აგრეთვე ჯიზიას აკრეფა მას ჰქონდა დავალებული. ამის შემდეგ, ჯიზიას აკრეფის საქმე წესრიგში რომ მოეყვანა, ის გზაში გაჩერდა და, რაიონის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სასაზღვრო ზონებში მყოფ ღაზიებთან ერთად წინ წაიწია საქართველოს საზღვრამდე. როდესაც არჩილ ხანისა და გიორგი ხანის მოქმედების ალაგმვა გადაწყვიტა, ისინი უკვე იმერეთიდან გაქცეულები იყვნენ. ის თავადები და აზნაურები, ამ ორ ხანს რომ ემხრობოდნენ, ყველანი ოსმალეთის მთავრობას დაემორჩილნენ. ამის შემდეგ, მათ (ბაკი ფაშას) აუწყეს, მისი აღმატებულება ფადიშაჰის წინააღმდეგ აღარ გამოვალთ და ფადიშაჰის ბრძანებით დადგენილ გიორგი ხანს ვაღიარებთო. გურიის ხანი მთელ თავის ხალხთან ერთად ამ გარანტიას იძლეოდა. მათ, თავიანთ წეს-ჩვეულებების მიხედვით, ბავშვები (ფაშას) მძევლად დაუტოვეს და, ამგვარად, პატიება ითხოვეს. რადგანაც მიღებული გადაწყვეტილება ჯარის მოწინავეებმა ერთხმად მოიწონეს, თავადებს და აზნაურებს მათთან ერთად საქართველოს საკითხის მცოდნე პირებიც მიუყვანეს, კაფიჯი-ბაში მეჰმედ აღამ კი გიორგი ხანი მოიყვანა. ისინი ხანს უსარგებლო ჩვეულებების მიხედვით შეეგებნენ. ხანად რომ დაადგინეს, ამით საქმეს ადვილად მორჩნენ და ეს ამბავი შეატყობინეს (ბაკი ფაშას). საქართველოში არევ-დარევის გამომწვევმა, ახალციხეში მცხოვრებმა და არჩილის და გიორგის სურვილებს აყოლილმა, არზუმის ერთ-ერთი ძველი აღას სონბათის შვილმა სულეიმან აღამ, როცა გაიგო ჩემზე ფირმანი არსებობსო, გაიქცა.
დადიანის ძველ ხანად მყოფს კვლავ არეულობა სურდა და ეს ქვეშქვეშ რომ წააქეზა, ამის შესახებ (ბაკი ფაშას) ცნობები მოუვიდა. ამიტომ, თუ კი ამ ადამიანს არ დაიჭერდნენ და არ მოსპობდნენ. შემდგომში იგი კვლავ აჯანყების მიზეზი გახდებოდა. ირანელებიც საქმეში ერეოდნენ და ცდილობდნენ უფრო მეტი არეულობა შეექმნათ. სულეიმან აღას დამჭერებს კი, გარდა იმისა, რომ მისი მომხრეები ბევრნი იყვნენ, სხვა საზრუნავიც ჰქონდათ, ამის გამო მისი მოსპობა აუცილებელ საქმედ მიაჩნდათ. საქართველო ამ სახით სახელმწიფოსთან (ოსმალეთთან) რომ დააკავშირეს, დადიანის ახალმა ხანმა მამიამ თავისი ქვეშევრდომებით დიდი სამსახური რომ გასწია, დაბოლოს, საქართველოში ახლანდელი მდგომარეობა რომ შეენარჩუნებინათ, ამისათვის საჭირო იყო ამ პირობის დაცვა. სტამბოლში მყოფი ლევან ხანი, მთავართა როგორი ახლობელიც უნდა ყოფილიყო ის, ამ რაიონში კვლავ ხანად არ უნდა დაედგინათ.
იტყობინებოდნენ, რომ ზემოხსენებულთაგან თითოეული მათგანის სადმე ერთ მხარეს გასახლება იყო საჭირო.
ამაზე ადრე კი რამდენჯერმე რომ იყაჩაღეს, სიავე ჩაიდინეს, და მათი ავი საქციელი აღკვეცეს, ქართლის მეფე შაჰნავაზის ვაჟი, არჩილ ხანად წოდებული, თავხედი, ზექემის ხანი, ამ ქართველ მეფეთაგანი იყო. მან ირანის შაჰისაგან პირი იქცია, საქართველოში ჩავიდა, აიყოლია ურჯულოები და ამ ყაჩაღებთან ერთად იმერეთის საზღვრებში მდებარე ქუთაისის ციხის ხელში ჩაგდება მოინდომა. ამგვარად, მთელ მხარეზე უნდოდა გაბატონება, მაგრამ მისი საომარი მსვლელობა მთავრობას აცნობეს და გამოგზავნილი ძალებით (ჯარით) საქმე ჩაშალეს. ამის შემდეგ ზემოხსენებული პირი რუსეთის საზღვრებისაკენ გაიქცა და რუსებმა რომ ციხე "აზოვი" აიღეს, მან განიზრახა მათთან ახლობლობით ესარგებლა, თავისი შვილი რუსეთის მეფეს მიჰგვარა, მოჩვენებით ძალები მოიკრიბა და ამგვარად საქართველოს მეფობის ხელში ჩაგდება განიზრახა. მან ქართველი თავადები, აზნაურები და სასულიერო წოდების მსახურნი ფარული შეგულიანებით შეაცდინა და საკმაოდ დიდი რაოდენობის ჯარის შეგროვების შემდეგ იმერეთის მეფე გიორგი ხანი და გიორგი მეფე გააქცია, 1109 წლის შევალის პირველ დღეებში [1698 წლის აპრილის შუა რიცხვები] ქუთაისის ციხის ალყის შემორტყმა დაიწყო და 7 თვე განუწყვეტლივ უტევდა. ციხეს წყლისა და სურსათ-სანოვაგის გზები გადაუჭრა და მათ განადგურებას შეეცადა.
მთელი იმერეთის თავადები: აბაშიძე, ქუთათელი, ერისთავი, გენათელი, რაჭა-ლეჩხუმის ურჯულონი, დადიანის მოურავი ლიპარტიანი, ყველანი 2000 ჯარისკაცით იმერთა დასახმარებლად როცა მოვიდნენ, ძალები შემოიკრიბეს და ციხეს მძლავრად შეუტიეს. ამ დროს ციხესთან და ჩიხის პირდაპირ "Sekam Pso"-დ წოდებულ დიდი ეკლესიის სახურავზე კიბით აიყვანეს მეთოფენი და იქიდქნ ციხეში მყოფთ ცეცხლი დაუშინეს, ამ ცეცხლის დროს იანიჩარები და სხვა დამცველებიდან რამდენიმე გმირი ბრძოლის ველზე დაეცნენ. ციხიდან კი მეზარბაზნეთა მეთაურმა აქეთკენ ბალემეზად წოდებული ზარბაზნები განალაგა და საპირისპირო ცეცხლი გახსნა. ამ ცეცხლმა ეკლესიაზე მყოფნიც გაანადგურა და ეკლესიის გუმბათი და კედლებიც დაანგრია. ეკლესიის შიგნით და ზემოთ მყოფი ყველა ქართველი მიწას შეერია. როცა ამის შემდეგ მეალყეთა ნაწილმა ცოტათი უკან დაიხია, ციხეში მყოფმა რამდენიმე იანიჩარმა სხვა ტანსაცმელი ჩაიცვა. მოხსენებითი ბარათი მათ უკანა კარიდან გაატანინეს და ახალციხის ბეგლარბეგ ისჰაკ ფაშასთან გაუშვეს დახმარების სათხოვნელად. მანაც მოტანილი წერილები უმაღლეს მთავრობას გაუგზავნა და აცნობა, რადგანაც მტერი მრავალრიცხოვანია, მხოლოდ საკუთარი ძალებით მისი უკუქცევა შეუძლებელიაო. ამ ამბების გამო მოწყობილი თათბირის შემდგომ ვანიდან გამოსული ვეზირი სირქე ოსმან ფაშა ქუთაისის ძალების მეთაურად გამოგზავნეს, იგი დანიშნეს ყარსის ბეგლარბეგ სალიჰ ფაშას, ახალციხის ბეგლარბეგ ისჰაკ ფაშას, მცირე არტაანის სანჯაყბეგ ალი ფაშას, გონიოს სანჯაყბეგ აჰმედ ფაშას ქვეითთა, ვილაიეთის ჯარებისა და ვილაიეთში შემავალი სანჯაყების მრთაურად. ამ ძალებს კიდევ მთელი არზრუმის ვილაიეთის გაერთიანებები შეუერთეს. მას შენდეგ, რაც მტერი ქუთაისიდან განდევნეს, ოსმან ფაშას მოახსენეს, რომ იმერეთში მეფედ დაადგინეს ალექსანდრე მეფის უფროსი ვაჟი სიმონი, მას დაავალეს ქვეყანაში ახალი წეს-წყობილების დამყარება და მისი ძმა მძევლად ახალციხეში დაიტოვეს. ამ ბრძანების შესაბამისად, ოსმან ფაშამ სამეთაუროდ გადაცემული ჯარი არზრუმიდან აჰყარა, ახალციხის ახლოს მდინარე ოდასკენ დაძრა, იქიდან წყაროსკენ, წყაროდან კი იბრაჰიმ ფაშას სადგომისკენ წაიყვანა. ერთი ღამე მთაში გაატარეს და შემდეგ, მეორე დღეს, სილაშკურის რაიონის საყადო ცენტრში მოვიდნენ. ოსმან ფაშას თავდასხმის ამბავი რომ გაიგეს, ქართველებმა რამდენიმე კაცისაგან შემდგარი ელჩობა გამოგზავნეს, აქაც ჯარის მეთაურები ოსმან ფაშას კარავში შეიკრიბნენ და მათ მიერ მოტანილი წერილები განიხილეს. ამ წერილებში სურვილი კი არ იყო გამოხატული, მხოლოდ მორიგებაზე იყო ლაპარაკი. ამის გამო თარჯიმანმა ყარსელმა დავით ეფენდიმ თქვა: "ქართველებს ჩვენი ჯარების აქ რამდენიმე დღით შეყოლიება სურთ, ამ დროს კი ის გზები, ჩვენ რომ უნდა გაგვევლო, და მიუდგომელი ციცაბო უღელტეხილები გაამაგრეს, ადგილებე დაანგრიეს, უზარმაზარი ხეებით, მორებით ჩახერგეს, საჭირო ადგილებში სიმაგრეები გააკეთეს, მათ უკან მეთოფეები განალაგეს. ამგვარად, სურდათ, რომ ჩვენი წინ წაწევა შეეჩერებინათ და იმერეთის მიწაზე ჩვენი შესვლა შეფერხებულიყო. ისინი ფიქრობდნენ, რომ ამ ვადაში ჩვენ ამ შედეგების წინაშე უმწეოდ უკან დავიხევდით". ამიტომ გადაწყვიტეს წინსვლა. მას შემდეგ, რაც ამ აზრს დაეთანხმნენ და ქართველ ელჩებს საჭირო პასუხი მიეცათ, (ოსმალები) მათ უკან გაჰყვნენ იერიშით. იმერეთის მხარეში ქუთაისის ციხიდან 5 საათის სავალზე მდებარე ბაღდადში როცა ჩავიდნენ და მტერმა ციხის ალყა მოხსნა, ხმა დაირხა, თურქები მოდიანო. ამის გამო მთელი ჯარი ამხედრდა. ზარბაზნები ადგილებზე განალაგეს და საბანაკო ადგილიდან ერთი საათის განმავლობაში წინ წაიწიეს და მტერი თუმცა ეძებეს, მაინც ვერ იპოვნეს. კვლავ უკან გაბრუნდნენ და საბანაკო ადგილას დარჩნენ. ამ დროს სარდალმა იკითხა, ეს ამბავი ვინ გაავრცელაო, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწია. სინამდვილეში მტერი საბანაკო ადგილიდან ახლო ადგილას იმყოფებოდა. ბანაკი ამხედრდა და საბრძოლო მდგომარეობის მისაღებად შეახტნენ ცხენებს. ქუთაისის წინა ადგილებამდე წაიწიეს და იქაურებს აუწყეს, თურქთა ჯარი მოდისო. ამ ამბავს ავრცელებდნენ და დიდი შიშის გამო (ქართველებმა) ალყის შემორტყმას თავი ანებეს, დაიქსაქსნენ და დაიფანტნენ. უმეტესი ნაწილიც ჭაობიან ადგილას ჩაეფლო და გაიბნა. როცა ეს მდგომარეობა მზვერავებმა სარდალს აცნობეს, მეორე დღეს, განთიადის დადგომისას, იქიდან გაემგზავრნენ და მათმა რაზმებმა ქუთაისის მიდამოებში მოედნად წოდებულ ადგილას კარავი დასცეს. ციხესა და ბანაკში იზეიმეს. ქუთაისის მიდამოების მოსახლეობა სარდლის კარავში მოვიდა. ხალხი სარდალს ხელზე ემთხვია.
ქვეყნის რჩეულებს თავისი რანგების მიხედვით ხალათები ჩააცვეს. ამის შემდგომ ვითარება კვლავ განიხილეს. ვინაიდან მტერი თავის მხარეში გაიფანტა, ისინი თვითონ ჩაიკეტნენ ჩასაფრებულ სოროებში, მათზე თავდასხმა დაღლისა და ამაოდ ადამიანთა განადგურების გარდა, სხვა არაფერს მოიტანდა. თანაც ბჭობა დაიწყეს, ზამთარი ახლოვდება, წვიმა და თოვლი გზებს გაუვალს გახდის, ჯარის სამშვიდობოზე გამოყვანა მალეა საჭირო და როგორ მოვიქცეთო. ისიც გაითვალისწინეს, რომ ქართველების ეს აჯანყება პირველი არ იყო. ისინი რამდენჯერმე აჯანყებულან და შემდეგ თვითონვე უთხოვიათ პატიება, ქედი მოუხრიათ. არც ის დავიწყებიათ, ქართველთაგან თავადებს რომ იღებდნენ და პატიობდნენ ხოლმე. იმერეთის თავადებს, აზნაურ-მღვდლებს, ოდიშელების სალიპარტიანოს მოურავებს გამოცდილი, მათი წერა-კითხვის მცოდნე წარმომადგენელი გაუგზავნეს და საჭიროდ ცნეს აჯანყებულების მშვიდობიანად გადმობირება. ამ საქმისათვის კვლავ ერთხმად დავით ეფენდი აირჩიეს, მათ ენაზე დაწერილი წერილები და 300 ყარსელი მცველი გააგზავნეს. დავით ეფენდიმაც ყველა მათგანი თავიანთ დამალულ ადგილას იპოვნა და გადმოიბირა. მათი სახელით დადიანის მეფე, გურიელის ხანი მამია თავდები იყო. [მან] თავისი ბავშვები მძევლად ჩააბარა. სიმონ-ხანი, ფადიშაჰისაგან მეფობა რომ მიიღო, კვლავ მეფედ დანიშნეს და მართვა-გამგებლობა დააწყებინეს. სახელმწიფო წესრიგი აღსდგა. ამის შემდეგ ისინი ფადიშაჰის ბრძანებას წინ არ აღუდგებოდნენ. მისტერიტორიას არ დაესხმებოდნენ, მის მგზავრთა ქონებას და ნივთებს არ მიაყენებდნენ ვნებას. თუკი ასეთი რამ მოხდებოდა, სანაცვლოდ ვალს გადაიხდიდნენ. ამ პირობით ზავი დაიდო, ოქმებში ჩაიწერა და მათ გადაეცათ ჰუჯათები. ვიდრე ეს საქმე ირჩეოდა, გასული ოცი დღის განმავლობაში ქუთაისის ციხის დანგრეული ადგილები შეაკეთეს. საომარი საჭურველი და სურსათ-სანოვაგის მარაგიც შეივსო. დაბოლოს, ოსმან ფაშამ თავის მეთაურობის ქვეშ მყოფი მეომრები დაითხოვა და თვითონ სტამბოლისაკენ პირდაპირ გზას დაადგა.
შეიხ ულ-ისლამ ეფენდიმ საქართველოში მდებარე გურიის ოლქი თავისთვის მამულად რომ გამოაყოფინა და იმ მიწის დასამუშავებლად, თავისი ვოევოდა დაანიშნინა, ოჯაკლიკის წესით ახალციხის ბეგლარბეგ აბდულკადირ ფაშას გამოაცემინა ბრძანება, რომ (ვოევოდა) მოვალეობის შესრულებას შედგომოდა.
მაგრამ გურიის ხალხი არ დათანხმდა, რომ თავიანთი ქვეყანა შეიხ ულ-ისლამ ეფენდისათვის გადაეცათ და გამოსვლები მოაწყო. მათი ქვეყანა ხომ ძველი დროიდანვე სამეფო იყო და წლიურ ხარაჯს იხდიდნენ. ამ საქმისათვის მისულები თავიანთი მიწიდან განდევნეს. ისინი, ვინც მთავრობის სახელით მოქმედებდა, თუმცა ფიქრობდნენ, რომ ქართველებს ხმლით წესრიგში ჩავაყენებთო, პირველ ბრძოლაშივე დამარცხდნენ. როდესაც შეჯახებისას ბევრი ასკერი დაიხოცა, თავიანთ შეცდომას მიხვდნენ და იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ. ყოველივე ეს მთავრობას აცნობეს, ბოლოს საჭირო გახდა ქართველათა დასჯა. თავად ბეგლარბეგი ვეზირი ქოსა ჰალილ ფაშა არზრუმის ბეგლარბეგად დანიშნეს და საქართველოში სარდლად გააგზავნეს. საქართველოს სანაპიროებისათვის ალყა რომ შემოერტყათ, ამ დავალებით ფლოტიდან გამოყვეს ორი ჩექთირის ტიპისა და 45 პატარა გემი, ახლად აშენებულ გემსაშენში რომ იცდიდა, მემი ფაშას შვილის აბდურაჰმან ფაშას მეთაურობით შავ ზღვაში გაიყვანეს. ანკარიდან წამოსული თათარი სალიჰ ფაშა კი ტრაპიზონის ვალად დანიშნეს და ამ ვილაიეთის ლაშქრისა და ქართულ მიწებზე მარცხენა ფრთაზე გამოსაყვანი ჯარის მეთაურობა დააკისრეს.