შვიდას ოთხმოცდა რვა წელი (1386)
[edit]გალაშქრება ამირა საჰებ ყერანისა[1] ნახიჩევანის მხარეს და იქიდან საქართველოზე, დაპყრობა საქართველოსი და იქიდან დაბრუნება. არანის ყარაბაღში ყიშლაღად დადგომა. შეპყრობა საქართველოს მბრძანებლის ბაგრატისა[2] და მისი გამუსლიმება და ხსენებულმა ბაგრატმა ურიცხვი თოჰაფი და ჰადიე[3] მიართვა [თემურს], მათ შორის განსაკუთრებული დავითის აბჯარი იყო. ამირა შეიხ იბრაჰიმ დერბენდის[4] მოსვლა ამირა საჰებ ყერანთან. [მან] საჩუქარი და ძვირფასეულობა მიართვა და დიდი მზრუნველობა და ალერსი მოიპოვა. დამორჩილება გილანების ხელმწიფებისა. [მათ] ფეშქაში, სიმდიდრე და თავისი ვაჟები ამირა საჰებ ყერანის სასახლეში გააგზავნეს.
შვიდას ოთხმოცდა ცხრა წელი (1387)
[edit]თემურის გალაშქრება არანის ყარაბაღიდან საქართველოსკენ. თოღთამიშ ხანის ბედშაობის, უმადურობის, წესგადასულობისა და ამბოხის შეტყობა; ბატონიშვილ ამირანშაჰის შებრძოლება თოღთამიშ-ხანთან და მისი გაქცევა; თემურის წასვლა გოგჩის ტბისკენ... თემურის თავდასხმა ყარა მოჰამედ თურქმანის ჯამაათზე და მათი დარბევა ალათაღში.
რვაას ორი წელი (1399/1400)
[edit]ამირა საჰებ ყერანის გალაშქრება საქართველოსკენ საღვთო ომით და გიორგის[5] გაქცევა. ჯანიბეკ ქართველის[6] შეპყრობა, დახოცვა და დატყვევება ქართველებისა და განთავისუფლება მუსლიმთა ჯგუფისა, რომელნიც ქართველთა ხელთ ტყვედ იყვნენ.
რვაას ექვსი წელი (1403/1404)
[edit]დაპყრობა გართინის ციხისა[7], რომელიც საქართველოს უმნიშვნელოვანესი ციხეთაგანი არის. ამირა საჰებ ყერანის ბრძანებით საქართველოსა და სომხეთის დალაშქვრა, რბევა და თარეში. მათი ამოწყვეტა და მუსლიმების განთავისუფლება მათი ხელიდან.
რვაას თხუთმეტი წელი (1412)
[edit]იღლარი ყარა იუსუფისა[8] თავრიზიდან. შაბანის თვის 22[9] არანის ყარაბაღში ჩამოხტომა. ამირა ყარა იუსუფის გადასვლა მდინარე მტკვარზე და მისი ბრძოლა შეიხ იბრაჰიმ დერბენდისთან, სიდი აჰმად შაქისთან[10], კონსტანტინე ქართველთან[11] და ქართველ ამირებთან რამაზანის თვის[12] შუახანებში და შეპყრობა ამირ შეიხ იბრაჰიმის, მისი ძმის შეიხ ფოჰლულის, კონსტანტინე ქართველის, მისი ძმის და ქართველი სარდლების უმეტესობის. ყარა იუსუფმა ბრძანა, რომ კონსტანტინე ქართველი, მისი ძმა და სამასი სული ქართველ სახელოვანთაგან არარაობის მიწაზე დასცენ, უზრუნველობის ქარს გაატანონ და ჯოჯოხეთის ცეცხლში გაგზავნონ. დაბრუნება ყარა იუსუფისა შავალის თვის[13] მეორე ხუთშაბათს და თავრიზში ჩამოხდომა.
- ↑ საჰებ ყერანი - თემურ-ლენგის ეპითეტი
- ↑ ბაგრატი - საქართველოს მეფე ბაგრატ V (1360-1393).
- ↑ თოჰაფი და ჰადიე - საჩუქარი, ძღვენი, ფეშქაში
- ↑ შეიხ იბრაჰიმ დერბენდი (1382-1417) - შირვანშაჰების დერბენდული დინასტიის (1382-1538) დამფუძნებელი.
- ↑ გიორგი VII (1393-1407) - საქართველოს მეფე
- ↑ ჯანიბეკ ქართველი - სავარაუდოა, რომ იყოს ქართულ სიგელებსა და ათონის აღაპებში მოხსენიებული ჯანიბეკ ზედგენიძე
- ↑ გართინის ციხე - ბირთვისის ციხის დამახინჯებული სახელი.
- ↑ ყარა იუსუფი (1410-1420) - "შავბატკნიან" თურქმენთა მბრძანებელი
- ↑ 815 წლის შაბანის 22 - შეესაბამება 1412 წლის 27 ნოემბერს
- ↑ სიდი აჰმედ შაქი - შაქის მბრძანებელი, შვილი სიდი ალი ორლათისა, რომელიც 1397 წელს თემურთან ბრძოლაში ალინჯის ციხესთან მოკლეს.
- ↑ კონსტანტინე I (1407-1412) - საქართველოს მეფე.
- ↑ 815 წლის რამაზანი შეესაბამება 1412 წლის 5 დეკემბრიდან 1413 წლის 4 იანვრამდე პერიოდს.
- ↑ 815 წლის შავალი შეესაბამება 1413 წლის 4 იანვრიდან 2 თებერვლამდე პერიოდს.