Jump to content

ტკბილი დუდუკი

From Wikisource
ტკბილი დუდუკი
ავტორი: ვასილ ბარნოვი


 

1 დაუვიწყარია სიყრნის მეგობარი. თუნდა გაგყაროს ცხოვრების გზამ, მაინც მისი სახე ნათლად არის აღბეჭდილი გულში, როგორც ბალღობისავე დროსათან დაკავშირებული სურათები ცხოვრებისა თუ ბუნებისა. ხომ დიდი ხანია, რაც ჩემი ძმობილი მიხა დამშორდა, მაგრამ დღესაც თვალწინ მიდგა მიმზიდველი სახე. ბიძაშვილები ვიყავით და დიდი მეგობრები ერთმანეთისა, ძმად შეფიცულნი. ჩვენი ოჯახებიც მეგობრობდნენ ერთმანეთს, თუმცა განაყოფები იყვნენ და მტრები ყოფილიყვნენ. ეს იმისთვის რომ ჩვენი სახლი უფრო დაწინაურებელი იყო ცხოვრებაში პატივითა თუ დოვლათით და არაფერს ედავებოდა ჩამორჩენილ განაყოფს; ბიძე და ძალუძს კი ისეთი კეთილი, ისეთი ღვთისნიერი ხალხი იყო, რომ მათ გულში ვერ ისადგურებდა შური. თითონ მე ძიაანთ ღარიბ ოჯახში უფრო მიხოროდა, სანამ ჩვენ შეძლებულ სახლში: პატარა მიხა ხომ მიზიდავდა იქით, ძალუა და ძიაც გულს მიხვდნენ, მიალერსებდნენ, მანებრივრებდნენ. იმათი ცხოვრება უფრო წყნარი იყო და ტკბილი; ცოლ- ქმარი უსიტყვოდ იტანდნენ შრომას თუ გაჭირებას. მუშაობდნენ ყოველჟამს, საყვედურს და გმობა კი არ გამიგონია მათგან არასდროს. შეწყობილად სწევდნენ ცხოვრების უღელს, თანხმობით; ერთმანეთს რომ ალერსით შეხედავდნენ, ერთმანეთს რომ ტკბილად გაუღიმებდნენ, დარდი დნებოდა მათ გარშემო. ისე ვმუშაობდი ძიაანთ ოჯახში, როგორც მათი სახლის შვილი. ჩვენები მიშლიდნენ, მაგრამ ვერ შევიგენი, რად არ უნდა მეშრომნა იქ, სადაც მიხა ირჯებოდა. თავი დამანებეს. ყველა სამუშაო გაზიარებული გვქონდა. წყალი ერთად ამოგვქონდა წყაროდან, კევრზე ერთად ვუსხედით, კალოს ერთად ვგვიდით, გუთანზე ჯერი ერთად მიგვქონდა; ბზეს ვუყრიდით ხარ-კამეჩს, ვუურვებდით. მომწონდა სოფლური სამუშაო. ჩვენ ოჯახში კი არაფერი ესეთი არ იყო, რადგან ჩვენები პურსა თუ ღვინოს სოფლიდა ჰკრეფდნენ, უბრალო საქმეს კი მოჯამაგირე აკეთებდა და დედაკაცი. რა უნდა გამეკეთებინა შინ? წიგნში ცქერა კი არ მომწონდა. მე და მიხას ძალიან გვიხაროდა, როცა ძია ტყეში წაგვიტვანდა. იმ ღამეს ძალუაანთ ვიძინებდი, რადგან უნათობლივ უნდა გავდგომოდით გზას. ეხლაც ყურში მიდგა ძიას ნაღვლიანი ურმული. გრილოდა, ძიას ნაბადში ვეხვეოდით, მზის ამოსვლას ველოდით. - ბიჭო, დათიკო, აგერ მგელი, ჩვენსკენ იხედება,- მეტყოდა შემკრთალი მიხა. - მართლა, კაცო, ჩვენსკენ მოდის, - მივუგებდო ამხანაგს და კოფოსკენ ვიწევდით შეშინებულნი. რომ მივუახლოვდებოდით, ჩვენვე გვეცინებოდა ჩვენ შიშზე: პირდაღრენილ ნადირის მაგივრად ჯირკი დაგვხვდებოდა ან ჯაგი. ტყეში ვშველოდი ძიას: სარებს ვყარაულობდით, ურემს საგორავს მივცემდით, ფიჩხს მოვათრევდით, ვათვალიერებდით საორთითე ტოტს თუ სასურუხე ხეს, ვჭრიდით სახრეებს. მიხას მამას უყვარდა ხის მუშაობა და სეშის თუ ფიჩხის ურემს უთუოდ წამოაყოლებდა გამოსადეგ მასალას, რომ მოიცლილ დროს ეჩორკნა იგი. კაბადოს თუ ფიწალს, არანდს თუ ნიჩაბს თითონა სთლიდა. დავძვრებოდით ტყეში. ხეებს ვათვალიერებდით, ხილს ვეტანებოდით, ფრინველს ვაფრთხობდით, ციყვს ვესროდით, ვგლეჯდით ჩადუნას თუ ბუერას. ხანდისხან მივიყუჟებოდით ხის ძირას და ყურს ვუგდებდით ტყის ათასნაირ ხმაურობას. მიხას გატაცებით უყვარდა ეს უცანური ხმები. შიში შეგვიპყრობდა, ჟრუანტელი გვივლიდა ტანში. მეტადრე თუ მისწყდებოდა ძიას ნაბიჯის ხმა. - ბიჭო, დათიკო, აქ კიდევ ვყოფილვართ ჩვენ, არ გახსოვს? - არა... როგორ ვიქნებოდით, როცა აქეთ არასოდეს არ წამოვუყვანივართ ძიას?! - როგორ არა! მე ვყოფილვარ. მაშინაც ასეთივე ხმები მესმოდა; ხეები კი უფრო დიდროანი იყო მაშინ, - მეტყოდა მიხა და შემკრთალი ახამხამებდა გაგანიერებულ თვალებს. ვერ გამეგო, რად ეჩვენებოდა ასე მიხას! როცა ამის მამისა ვკითხავდით, ისიც დასცინოდა ბალღს. გვარწმუნებდა აქეთ ჯერ არა ჰყოფილხართო. მიხას, მაინც არა სჯეროდა, მაინც დარწმუნებული იყო თავის სიმართლეში. ესევე მოსდიოდა მიხას, როცა სათევზაოდ მივდიოდით, ან მინდორში ყვავილებისა, ცერცვისა და ბარდანის დასაკრეფად: უეცრად შესდგებოდა გაფითრებული და დაიჟინებდა, სწორედ ეს კიდევ მინახავს, ეს ხმა კიდევ გამიგონიაო, მეტადრე სცნობდა ხმებს. უცნაური ხმები ესმოდა მიხას, რომლებიც ჩემს ყურს ვერ ახწევდა. გაინაბებოდა, სახე გაეცრიცებოდა, თვალები უელავდა და მიეპყრო ყური იდუმალ ხმებისათვის, თუმცა გარშემო სიჩუმე იყო და მყუდროება. - ადრეც გამიგონია ეს ხმები, ვიცნობ! გესმის შენც? - არაფერიც არ მესმის, კრინტსაც არავინა სძრავს. - როგორ? მართლა არ გეყურება?! - მეტყოდა გაკვირვებული და ნაღველი შეაჩნდებოდა თვალებში. 2 თავისებური ბავშვი იყო მიხა. სუფთა სახე, გამხდარი, ფერმკრთალი; გატაცებული ქვეყნის გაღმა მაყურებელი თვალები. როცა რამე საგანზე ლაპარაკობდა, ვისმე ესაუბრებოდა, თითქო ვერ ჰხედამდა საგანს, ვერც მოსაუბრეს: შორს იყურებოდა, სივრცეში. მაგრამ თუ გამოაფხიზლებდი. თუ მიიზიდავდი იმის ყურადღებას, მისი თვალები მიიღებდნენ გამორკვეულ გამომეტყველებას, აეგზნებოდნენ, მთელ სახეს აცისკროვნებდნენ; სახე ცოცხლდებოდა, მიმზიდველი ხდებოდა. მჭევრმეტყველიც იყო მიხა და ეს იყო მიზეზი, რომ ძალიან გვიყვარდა, როცა ზღაპარს მოგვითხრობდა ან რამე საშინელ შემთხვევას გვიამბობდა, რომელიც ცოტათიღა ირჩეოდა ზღაპრებისაგან, რადგან იგი ნახევარზე მისი ოცნების ნაყოფი იყო. ისე უბრწყინავდნენ მაშინ მიხოს თვალები, რომ ბნელშიაც ანათებდნენ. სასალი ბიჭი იყო, მაღალი, სუსტი აგებულობისა. გლეხურ შრომას ვერ იტანდა: ღონე არ მოსდევდა იმდენი. მე ვჯობდი ამგვარ მუშაობაში. თუმცა სხვანაირად ვიყავი აღზრდილი. ვერც ეწყობოდა გლეხურ გარემოებას. შრომობდა, თავს არა ზოგავდა, მაგრამ გული მაინც სხვა მხარეს მიეზიდებოდა, ოცნებათა სამფლობელოსაკენ ეწეოდა. ჩაცმა სუფთად უყვარდა, მოხდენილად, იმიდ ტანზე ფარატინი უფრო მშვენოდა, ვიდრე სხვის ტანზე ახალი: კოხტა ბიჭი თითონ ამშვენებდა ტანისამოსს. ანბანი მიხამ ჩვენ სახლში ისწავლა. მამაჩემმა ასწავლა წიგნი და მაშინვე დავითნი მისცა ხელში, რადგან აზრადა ჰქონდა ოდესმე დიაკვნობა მიეღებინებინა. - კარგი დიაკვანი დადგება მიხა: გარკვევით კითხულობს, ხმა სუფთა აქვს და გალობის კილოსაც ადვილად ითვისებს, - იტყოდა მამა. მაგრამ მიხა ვერ შეეთვისა ეკლესიურს, მუყაითობა ვერ განოიჩინა ფსალმუნთა ზეპირობაში. თუ თავისუფალ დროს იპოვიდა, ზღაპრებსა და ლექსებს ეწაფებოდა მწყურვალივით; ამგვარ წიგნებს სულ უბით ატარებდა. ბატის ფრთის კალამს ჩმეზე მარჯვედა სჭრიდა. ყველზე საყვარელი საგანი იმისთვის სიმღერა იყო. თუ მწყობრ გალობას ან სიმღერას გაიგონებდა, სმენად გადაიქცეოდა და მაშინ ხმების გარდა ამ ქვეყნად აღარა არსებობდა რა იმისთვის.. თითონაც იცოდა ღიღინი, მაგრამ ნელი ხმა ჰქონდა. - სუსტი ხმა იმისთვისა აქვს, რომ ჯერ ბალღია და ნაზი, დავაჟკაცდება, ხმა გაუძლიერდება და თუნდ დიდ ტაძარს შეამკობს თავისი გალობით! - იტყოდა მამა. დიდ აღტაცებაში მოჰყავდა მიხა მუსიკის ხმას. სალამური, თარი, ჩანგური, დუდუკი და ყოველგვარი შეწყობილი ხმა საშინლად აღელვებდა. ზურნის მაღალ ხმას კი ვერ ეწყობოდა, ვერც დაირ-ნაღარის დგრიალს. ყურსა მტკენსო, იტყოდა. ზოგიერთ ხმას ან ჰანგს უკიდურეს აღტაცებაში მოჰყვანდა მიხა. მაშინ სრულებით ვეღარ იკავებდა თავს და ხან ნეტარების ღიმილად გარდაიქმნებოდა, ხან სევდის ცრემლებად იღვრებოდა. - ბიჭო, დათიკო, მოვკარ თუ არა ყური იმ ხმას, მაშინვე მენიშნა, მაშინვე მივხვდი, რომ ნაცნობი ჰანგი იყო. ის ხმა კიდევ გამიგონია, როდესაც დიდი ვიყავ და სულ სხვანაირად ვცხოვრობდი! - მეტყოდა საიდუმლოდ ფერმიხდილი და ათრთოლებული მიხა. - რას ამბობ, ბიჭო! როგორ იქნებოდი დიდი ან როდის იცხოვრებდი სხვანაირად, ან სად გაიგონებდი მაგისთანა ხმებს სხვაგან?! შენ ხომ ამ სოფლიდან ფეხი არსად გადაგიდგამს?! - ვეტყოდი გაკვირვებული. მაგრამ მიხა ვერ დამერწმუნებინა. არ ამიხირდებოდა, მხოლოდ ნაღვლიანად შემომხედავდა. ფრთხილი ქცევისა იყო, სულ იმასა სცდილობდა, არავისათვის ეწყენინებინა, არავისთვის დაეშავებინა რამე. სხვის ტანჯვაზე თითონაც იტანჯებოდა გულჩვილი. ქათამს ვერ დაჰკლავდა გაჭირვებაში; სხვის უმართებულო ქცევაზე თუ სიტყვაზე თითონ წითლდებოდა უმწიკვლო. 3 ვიზრდებოდით მეგობრები და თანდათან შორდებოდნენ ერთმანეთს გზანი ჩვენი ცხოვრებისა: ჩემი გზა ხელოვნური იყო და გადადიოდა სხვადასხვა სასწავლებლებზე, ხოლო მისი ბილიკი ბუნების კალთას ასდევდა და დედამიწის წიაღს არა შორდებოდა, თუმცა კი მიხას მისწრაფება თუ აღფრთოვანებული გრძნობა-გონება უფრო შეეფერებოდა ხელოვნებას ან მეცნიერებას. ჟინჟილივით ბიწი ვიყავ, ქედმაღალი, მკლავძლიერი, ბუნების შვილი, მისი ტრფიალი. იცით, როგორ მიყვარდა ბუნება, იცით, როგორი ტკივილი ვიგრძენი, როდესაც ამგლიჯეს დედამიწის კალთას და გადამრგეს ქალაქის მოკირწყლულ ქუჩაზე, სადაც ბალახის ხილვა მენატრებოდა?! ეჰ!.. შემდეგში ხილად ვეწვეოდი სოფელს და ვხედავდი, რომ გულითაც ვშორდებოდი მას, ახალი გზა მიპყრობდა და ძალით მარონინებდა აღნიშნულ მიზნისაკენ. მიხა მაინც ვერ შესთვისებოდა სოფელს, თუმცა სოფლის ცხოვრებას მაგრა ჩაებოჭა ბიჭი, მაგრამ თავის სისხლ-ხორცად კი ვერ გარდაექმნა; იგი ისევ ოცნების კაცად რჩებოდა. ოცნებები უფრო უძლიერდებოდნენ, მთლადა სნთქავდნენ მის არსებას. გადიოდა დრო. ულვაში ამოგვიზიზინდა, ხმა შეგვიბოხდა. ქალებს მუშტრის თვალით დავუწყეთ მზერა. აქაც გამოჩნდა, როგორ განსხვავდებოდა ჩვენი შეხედულობა ამ სანუკვარ საგანზე: მე რომ მიხაროდა ქალი, მე რომ სხეულით ვაფასებდი მას, მე რომ ნაწილ-ნაწილ ვსწონავდი მას და პირდაპირ გული მითქმიდა მისთვის, ის, ქალს რომ უყურებდა, თავის ოცნებას ეძებდა მის პიროვნებაში და მარად იტანჯებოდა, რადგან ვერც ერთში ვერა პოულობდა იმ ოცნების ნასახს. - რა ვქნა, დათიკო, ხომ კარგი ქალია, ხომ ლამაზიც არის, კეთილიც, გამრჯელიც, კარგი ოჯახისაც,მაგრამ მაინც გული ვერ შემიწყვია მასზე, გული არ მიმიწევს მისკენ: შუქური ის არ არის, რომელსაც მე ვეძებ. - ახლა ვინ გინდა, რომ შეგხვდეს, რომელი მზეთუნახავი? გლეხის გოგოს კვალობაზე მაგ ქალს წუნი არა აქვს. მე დიდის სიამოვნებით შევირთავდი მაგას შენს ადგილას. - განა უკეთესს ვეძებ, მაგრამ ეგ არ არის ჩემი ცოლი. მე ჩემს მეუღლეს ვიცნობ, ვნახამ თუ არა, მაშინვე ვიცნობ, ხმაზე და თვალებზე. - შენს ცოლს, თუ შენს საცოლეს?.. - ცოლს-მეთქი, კაცო მეუღლეს! - მითხრა მიხამ და შეწითლდა: თვალებში მოკრთალება რამ გამოეხატა. - როგორ?! - გეტყოდი, მაგრამ არ მომისმენ, გაგიკვირდება. - განაგრძო იმან ხმადაბლა. - მიხა! რიღაცის თქმა გინდა, ვერ კი მნდობიხარ. მაშ ჩვენ მეგობრობის ქსელში ძაფი ჩაწყვეტილა? - ვუსაყვედურე მე. - ძმა ხარ ჩემი და მიყვარხარ, მაგრამ მაინც მეძნელება გულახდით გიამბო ყველაფერი; მეშინიან, ვაი თუ შენც ვერ გაიგო ჩემი დარდი და გამკიცხო. ცნობისმოყვარეობამ შემიპყრო და მივეფერე, რომ მეთქმევინებინა საიდუმლო. მიხა დამყვა. - ყური დამიგდე! განმარტოვებულად ვგრძნობ თავს. გარშემო ბნელა. მეყვანან დედ-მამა, ნათესავები, ნაცნობები, მაგრამ მე იმათ ვერა ვცნობ, ვერა ვხედავ, ისინი ჩემთან არ არიან; ვერც ისინი მხედავენ, ვერა მცნობენ, მათ ვერ ჩამოუხედნიათ ჩემს გულში, რომ დაინახონ ჩემი გულისკვეთება. ერთადერთი მეგობარი შენა მყეხარ ამქვეყნად, მხოლოდ შენთვის ჩამივლია სარტყელში ხელი, მაგრამ ხანდისხან ისე მეჩვენება, თითქო შენც უნდა ხელიდან დამისხლტე და მიეფარო ჩემს თვალთაგან. მაშინ მე მთლად მარტო დავრჩები ამ თვალუწვდენელ სივრცეში და ჩამნთქავს ბნელი. ყოველთვის კი ეგრე არა ვყოფილვარ. მახსოვს, ბინდბუნდად მაგონდება ის დრო, როდესაც წინათ ვსცხოვრობდი ისევ ამ ქვეყნად. ისევ აქ. ხომ ბევრჯერ მითქვამს შენთვის, მაგონდება-მეთქი ესა თუ ის ადგილი თუ მდებარეობა ტყეში, მინდორში, მდინარის პირას, ან სხვაგან. თანდათან გამოვირკვიე გონებაში ეს ყველაფერი და ეხლა დანამდვილებით ვიცი, რომ ოდესმე კიდევ ვცხოვრობდი ამ ქვეყნაზედ. - როგორ, კაცო, მეორედ ხომ არ გაჩნდებოდი ამ ქვეყნად?! - დაიცა, სიტყვას ნუ შამაშლევინებ! ზოგიერთ ადგილას ხომ ჯერ არა ვყოფილვარ, მაგრამ რომ ჩავფიქრდებოდი, მაშინვე მომაგონდება, იქ რა არის ან როგორ არის მოწყობილი არე-მარე და როცა მივალ, სწორედ ისე დამხვდება ყოველივე; როგორც წარმოდგენილი მქონდა. ეს იმისთვის, რომ ვიცი იქაურობა. უწინაც ვყოფილვარ იქ. მაშინდელი მახლობელნიც მაგონდებიან სიზმარივით, მაგრამ ისინი სხვები იყვნენ, სხვანაირნი. მაშინ მე ცოლიცა მყვანდა და ძალიანაც მიყვარდა. ცხადად მახსოვს მისი ხმა, მისი თვალები. შევხვდი თუ არა, მაშინვე ვიცნობ. მისი შიგადაშიგ მაგონდება: ფრინველთა გალობაში, წყლის ჩხრილში, დუდუკის ტკბილ რაკრაკში, სალამურის სტვენაში თუ თარის წკრიალშია ჩაწნული მისი ხმის ბგერა და მე ვარჩევ იმ ტკბილ ხმებს, მე ვგრძნობ მათ. მისი ხმა უფრო კი დუდუკის სევდიან ჰანგებშია ჩაქსოვილი. - არა, ძმავ, ვერ გამიგია, რას უბნობ. თუ ღმერთი გრწამს, მაგისთანებს ნუღარ გამაგონებ. - აკი გითხარი, ვერ მიმიხვდები და დამცინებ-მეთქი. - არ კი დაგცინი, მაგრამ თუ ჩემი ხათრი გაქვს, მაგისთანა ამაო ოცნებებს თავი დაანებე! მიხამ ნაღვლიანად შემომხედა და გაჩუმდა. 4 რაკი წამოიზარდა მიხა, უფრო აჰყარა გული სოფელს და სოფლის შრომას, თვალი ქალაქისაკენ დაიჭირა. არც მაგდენი სამუშაოღა იყო, სოფლად იმის სახლში: მიწა ძალიან ცოტა ჰქონდათ, ტყე სულ არ გააჩნდათ, ხოლო სხვის ტყეში გადასახადი წაუმატეს; ვენახიც აღარაფერს იძლეოდა, რადგან ვაზს ავადმყოფობა მოერია და ვენახის წამლობა კი ჯერ არ იყო შეთვისებული ჩვენში. ბაღს გული აჰყარეს ძიაანთ და სხვა სამუშაოს ორი ვაჟკაცი აღარა სჭირდებოდა. რადგან მიხა საშინლად მიიწევდა ქლაქისაკენ და სოფლადაც უიმისოდ არა ფუჭდებოდა რა, ამისთვის დართეს მას ნება ქალაქში ჩასულიყო, იქ ეცადნა თავისი ბედი. ტფილისში მიხამ რამდენჯერმე იცვალა ადგილი და ბოლოს მიეკედლა სოვდაგარ მეწვრილმალეს: ჯერ უბრალო ბიჭად მსახურებდა მასთან, მერე უფრო მეტი საქმე ანდეს და ბოლოს, რაკი შეიგნეს მისი მუყაითობა და პატიოსნება, ნოქრად დააყენეს მით უფრო, რომ წერა-კითხვა კარგი იცოდა და დავთრების წარმოება შეეძლო. მიხა კმაყოფილი შეიქმნა თავის ბედისა. ჯამაგირი ჰყოფნიდა, კიდეცა რჩებოდა, რადგან მისი მოთხოვნილებები ჰქონდა. წიგნის კითხვას ძალიან მიეჩვია; ბევრ ქართულ წიგნს იძენდა და სწავლობდა. ერთდერთი მისი გასართობი მუსიკა იყო. სადაც შეიძლებოდა საკრავების ხმის გაგონება, მიხა იქ გაჩნდებოდა უეჭველად. უფრო ნაღვლიანი ხმები მოსწონდა თარისა და დუდუკისა. უყვარდა სიმღერაც, მაგრამ მხოლოდ წყნარი და სევდიანი. ამ ხმებში, საკრავებისა თუ სიმღერის ხმებში, მიხა აღტაცებაში მოჰყვანდა ზოგიერთ ბგერას, ზოგიერთ მიმოხვრის ხმისას. როცა მიხა ყურს მოჰკრავდა იმათ, ფითრდებოდა, ღელავდა ხან სიამოვნებით, ხან სიმძიმილით. სიმღერის თქმაში თუ საკრავების ხმაში მიხა დაეძებდა უფრო იმ აღნიშნულ ამოძახილს, იმ განსაზღვრულ ბგერას. თუ ახლო ვიჯექი, მაშინვე მანიშნებდა, რომ ყურადღება მიმექცია სწორედ იმ ხმებისათვის. - იცი, დათიკო, ის ჩემი მომხიბლავი ხმები დიდი ხნის გაგონილნი არიან ჩემგან და ნაგრძნობნი; ისისნი მე მაგონებენ უწინდელ დროს, დიდი ხნის წარსულს. ის ხმები თანაც გარს ევლებიან ჩემთვის დაუვიწყარ სახეს. ვაი, რომ ყველა ეს მაგონდება მხოლოდ გაკვრით, იგი წარსული მხოლოდ გაიელვებს ჩემს გონებაში და მსწრაფლ მიეფერება! გარკვევით კი ვერაფერი დამისახამს გონებაში. როცა ხმებს ვუგდებ ყურს, იმ დაკარგულ ძვირფას სახეს მივსდვ გონების თვალით,მაგრამ ვერ მივწვდენივარ. ვერ გამომირკვევია იგი სავსებით. ეს არის ჩემის ტანჯვის დაუშრეტელი წყარო. მე ალღო ავიღე და შევნიშნე ის ხმები, რომლებიც სწვდებოდნენ ჩემის მეგობრის გულს და იტაცებდნენ. იმ ხმების გარკვევაში და შესწავლაში მეხმარებოდა თითონ მიხას სახის მეტყველება, მისი სახის ცვლილებანი უტყუვრად მაჩვენებდნენ იმ ბგერებს, ისე რომ ბოლოს ის ხმები მე მთლად დავიხსომე და გავირკვიე. იცი, რომელი ხმები იყო? ეს ის ბგერა იყო, როდესაც სიმთა თრთოლაში ხორციელდება ადამიანის ამოძახილი: სიმებში ხომ ადამიანის ხმა არის ჩაწნული. საკრავის ხმის მოსმენის შემდეგ მიხა ყოველთვის ძლიერ ღელავდა, მოუსვენრად იყო, ტანჯვის განიცდიდა სულიერს, რადგან ის ხმები საიდუმლოობით მოცულს ჟამს აგონებდნენ, სანეტარო რამ ადგილს და დროს, სანუკვარს რასმე ცხოვრებას გარდასრულს. კიხა იგონებდა იმ ძნელ მოსაგონს, სცდილობდა გამოერკვია ბნელიდან უწინდელი თავისი ცხოვრება, სცდილობდა ცხადად დაეხატნა გონებაში მიმზიდველი სურათი ძვირფას არსებისა, რომელიც ატკბობდა ოდესმე მის ყოფას, მაგრამ იგი წარსული უსხლტებოდა მის გონების თვალს და განუჭვრეტელის ბურუსით იმოსებოდა. ესა სტანჯავდა მიხას, აწამებდა, ასევდიანებდა მისი გონების თვალი იმ მიმზიდველს, ხოლო ბინდით მოსილ სურათს მიეპყრო, იმ სურათს მიეზიდნა მისი არსება, როგორც ანდამატს ძლიერს და ეს იყო მიზეზი, რომ მიხა სავსებით არ ცხოვრობდა აწმყოთი, იგი ვერ შეცურებულიყო ცხოვრების ზღვაში, ვერ შეჰრეოდა მის ტალღებს და სოფლის გარე გაიყურებოდა, სხვა რამ ცისკროვან არესაკენ ეჭირა თვალი. 5 მიჰქროდა დრო. მე უკვე გავათავე სწავლა, შევედი კარგ სამსახურში და გამოწყობილმა დავიწყე სეირნობა ქვაშვეთის ბაღში თუ ბულვარზე. ქალის კვალი ნათელ რამ სრედ მეჩვენებოდა და მივსდევდი მას გატაცებით. ახალი ხალხი გავიცან ახალი ნაცნობები გავიჩინე. განათლებულთა და წარმატებულთა წრისაკენ ვიწევდი, რადგან ჩემს თავს განათლებულად ვსთვლიდი, ჩემი თანამდებობა შესამჩნევი მეგონა და დაწინაურებასაც ველოდი. გულის ვარდსაც მაღალ წრეებში ვეძებდი. ზვიადად მეჭირა თავი, ამაყად. თუმცა პირს ვარიდებდი ძველ ნაცნობებს, მაგრამ გულიდან კი ვერ ამოვირეცხე ისინი, მეტადრე ზოგიერთი მათგანი: ვერ ვივიწყებდი მდაბიო, გარნა კეთილსა და გულუბრყვილო ოჯახებს, ვერა ვწყვეტავდი მათთან კავშირს. მიხაც ისევ მიყვარდა, მეგობრობის გარდა პატივისცემასა ვგრძნობდი მისადმი, მაგრამ, თუმცა ნასწავლი ვიყავი და საპატიო, მაინც ვხედამდი, რომ ვერა ვსჯობდი მას ვერც გრძნობათა სიფაქიზით, ვერც ბუნებრივის გამჭრიახობით გონებისა, ვერც თვალად-ტანად. მაღალ-მაღალი, ტანწვრილი; ფერმკრთალ სახეზე შავი ხუჭუჭი წვერ-ულვაში; მარად გატაცებული დიდრონი თვალები, სუფთა ქცევა, უკიდურესი უანგარობა. ყველა ამას ვაფასებდი, ყველა ეს უნებლიეთ პატივისცემას იწვევდა მიხასადმი და მით უფრო, რომ ჩემს ახალ ამხანაგებში და მეგობრებში ვერ ვპოვებდი ამგვარ თვისბებს. გონება რომ აფასებდა მიხას, გულიც მისკენ იყო, სიყრმიდგანვე მასთან შექვსილი გული. მასთან სულით ვისვენებდი, მასთან მოვიხსნიდი ჩემს ხელოვნურ მედიდურობას და გადავდებდი; ვჭუკჭუკობდით მეგობრულად, ვუზიარებდით ერთმანეთს გულის ნადებს. უმთავრესი საგანი ჩვენი საუბრისა იყო ის უცნაური შეხედულობა ქვეყნიერებაზე თუ ცხოვრებაზე, რომელიც ჰქონდა ჩემს მეგობარს და რომელიც ეხლა შეურყეველ რწმენად გარდაქცეოდა: ბევრს ახალ საგანს თუ არსებას, ბევრს ახალს მოვლენას ბუნებაში თუ ცხოვრებაში ისე უყურებდა ის, როგორც უკვე ცნობილს და გამოცდილს, რომელიც ადრევე ენახა ან გადაჰხედოდა. ხომ პატარაობითვე ჰქონდა მას ესეთი მიმართულება გონებისა, ეხლა ესეთი ჰაზრთა დენა ისე გაუძლიერდა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში წინასწარმეტყველებრივ განსჭვრეტდა მომავალს და დანამდვილებით მოუთხრობდა მას. ის გონების თვალით ჰხედამდა ზოგჯერ იმას, რაც ჯერ არ არსებობდა, განსჭვრეტდა თვით დაფარულ ფიქრებს, ჯერეთ სიტყვებში განუხორციელებელს ჰაზრებს თუ გრძნობებს და ამ სანახაობით ჰხიბლავდა ჩემს გონებას, არყევდა ჩემს რწმენას, ლამის ცრუმორწმუნებათა ტალღით წაელექა ჩემი მსოფლშეხედულობა. თუ სცოდნოდათ ჩემი მეგობრის ესეთი ნიჭი, სწორედ გულთმისნად დასახამდნენ მას. მე ვუხსნიდი, რომ ამა თუ იმ საგანს ან ადგილმდებარეობას, ან ცხოვრებას ის პირველადა ჰხედამდა, მაგრამ რადგან მის გარკვეულს ცნობიერებას აღნიშნულ საგანზე, ამისთვის საგანი მეორდება გონებაში; იმას კი ჰგონია, მეორედ ვხედამო. მაგრამ მიხა ნაღვლიანად მიყურებდა და თავს იქნევდა უთანხმოების ნიშნად. იმას სწამდა თავისი შეხედულობა. მიხას ჰქონდა დასახული იმ ქალის სახეც, რომელსაც ის სათვისოდ გამოელოდა, რომელიც ჯერ არ შეჰხვედროდა მას; ის კი თავის მეუღლეს ეძახდა და დარწმუნებული იყო, შეეყრებოდა და იცნობდა. იმ ქალის თვალებს, მის ხმას ნათლად ამიწერდა მიხა და მოელოდდა მას მოუთმენლად. - ვგრძნობ, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ცოლი, სწორედ ის ქალი, რომელიც მეუღლე იყო ჩემი, სცხოვრებს ეხლა ამ ქვეყნად; გული მეუბნება, რომ შევხვდები მას. მაშინ შევიქნები, მაშინ ქვეყნიერება ისეთი ბნელი აღარ იქნება ჩემთვის. ჩვენნი სულნი იცნობენ ერთმანეთს, რადგან ჩვენ კიდევ გაგვივლია ერთად გზა ცხოვრებისა. მაშ მიამბე, როგორა სცხოვრობდით მაშინ, ან სადა სცხოვრობდით, ან რითი დათავდა მაშინ თქვენი არსებობა? - ახ! ვერ შემიძლია მოვიგონო, ჩემს გონებას ბუნდი რამ ზეწარი აქვს გადაბურვილი და იგი ფარდა ჰფარავს ჩემს უწინდელ არსებობას. სწორედ ესა მტანჯავს გამოუთქმელად. ვიცი, რომ გვიყვარდა ერთმანეთი; ეხლაცა ვგრძნობ იმ ტანჯვას, რომელმაც განვლო ჩემს გულში, როდესაც მოვსწყდი მას. ყველა სხვა გარემოება წაშლილია ჩემს გულში და წყვდიადით მოსილი. ნაწყვეტ-ნაწყვეტად მაგონდება მისი საყვარელი სახე და იერი, შიგადაშიგ მაგონდება მ,აშინდელი ცხოვრების ვითარებები, მაგრამ ძალიან იშვიათად და ისიც შემთხვევით. - მაშ იცნობ, რომ შეგხვდეს შენ საბედოდ გაჩენილი ქალი? - მაშინვე! მახსოვს მისი თვალები, ყურში მიდგა მისი ხმის ზოგიერთი ბგერა, მთლიანად კი ვერ წარმომიდგენია ჩემის გულის ვარსკვლავი. - იმან რომ ვერ გიცნობს და არ გამოგყვეს? - ღმერთმა ნუ ქნას! დავიღუპები მაშინ, წყვდიადი დამნთქავს სამუდამოდ. ამას და ამგვარს რომ მეტყოდა ჩემი მეგობარი. სახე უფითრდებოდა, თვალები ეგზნებოდა და უცნაური ღელვა იპყრობდა მთელ მის არსებას. ბევრჯერ ჟრუანტელს დაურბენია ჩემთვის ამისთანა საუბრის დროს, მეტადრე თუ ღამე ჩამოგვივარდებოდა ამ საგანზე ლაპარაკი; ბევრჯერა ვცადე კეთილგონიერ გზაზე დამეყენებინა ჩემიმეგობარი. ამეღებინებინა ხელი ამისთანა საკვირველ ცრუმორწმუნებაზე, მაგრამ ამაოდ. მაინცდამაინც საშიში კი არ იყო მისთვის ამისთანა რწმენა, რადგან მას არამც თუ არავითარი მავნე გავლენა არა ჰქონდა მის ცხოვრებაზე, არამედ სწორედ ეს რწმენა და სულის სწორის მოლოდინი იყო იმის მიზეზი, რომ ახალგაზრდა პატიოსნად ინახამდა თავს და ფაქიზად. 6 ჩემ ძველ ნაცნობებში ერთი ისეთი ოჯახი ერია, რომელიც არ ეკუთვნოდა არ არც დაბალ ხალხს და არც შუათანას, არც ხელოსან ვაჭრების წრეს არც მოხელეებისას. ჩუღურეთში სცხოვრობდნენ, ხევის პირას. იქ საკუთარი ქოხმახობა ჰქონდათ. დიასახლისი მშრომელი იყო, წესიერი, ოჯახისათვის თავდადებული. ერთი ქალი გათხოვილი ჰყავდათ ვიღაცა გადამწერალზე; მეორე, ქეთეთო, ჩვიდმეტ-თვრამეტი წლისა იყო. დიასხლისი თხელი ქალი იყო, სუსტი აგებულებისა; კაცი ბრგე, წარმოსადეგი,ევროპული ტანისამოსი ეცვა შეხუნებული. ოდესმე გადამწერად ყოფილიყო სადღაც სამდივნოში.შემდეგ ბაზრის ზედამხედველის ჯაჭვი ეგდო კისერზე; ერთხელ წყლის მილის მეთვალყურედ იყო, ხან სამსჯავროში დადიოდა მოსყიდულ მოწმად ან რომელიმე აბდალ გლეხის ვექილად. კეთილშობილადა რაცხდა თავს, რადგან აზნაურობის მაძიებელი იყო,თარი კარგი იცოდა,ქეიფი-თავადური. ვაი, რომ წელი არ მოსდევდა! ფუჭი კაცი იყო, აგორებული. იმდენსაც ვერა შოულობდა, ტანზე მიეკრა რამე. თუ არა საკუთარი სახლი და დიასახლისის მხნეობა, გაუჭირდებოდა ყოფნა. ქეთეთოც ეხმარებოდა დედ-მამას. თუმცა სუსტი იყო,ხელსაქმეში თუ სახლის სარისტაში არ ჩამოუარდებოდა დედას. ქმრის ნაცნობ-მოსადევარი დაბალი მოხელე იყო ან ფუჩეჩა აზნაური, მისი ოლის ნაცნობ-ნათესავი-კი,-ხელოსანი თუ ვაჭარი ხალხი. მე იმ ოჯახს ადრიდანვე ვიცნობდი, რადგან ბავშვობიდან იმ უბანში გავიზარდე. მაშინაც არ შევწყვიტე მასთან კავშირი, როცა სამსახურში შევედი.ტკბილად მიღებდნენ, უხაროდათ ჩემი მისვლა. ხშირად კი არ დავდიოდი მათთან. იქნებ, სულაც მიმეტოვებინა ისინი თუ გული არ დაეხვია ჩემთვის ქეთეთოს: იმ ქალის გვერდზე მყუდროობასა ვგრძნობდი, სულის სიმშვიდეს. როცა ჰკრეფავდა რასმე ან ჰქარგავდა, თან დაჰღიღინებდა და ეს ნაღვლიანი ღიღინი მოქმედობდა ჩემზე დამამშვიდებლად. დაღონებული თვალები ჰქონდა, შავი წარბები რკალებივით მოსჯროდნენ ზედ; დაშვებული გიშრის წამწამი ღაწვებამდის სწვდებოდა. მთელ მის სახეს ყოველთვის დარდის ზეწარი ჰქონდა გადაბურული. ხანდისხან ახლეჩდა გუგას, მთლად გააღებდა თვალებს და გადმოგვხედავდა ერთ წამს; მაშინ განცვიფრება რამ მოსჩანდა მის თვალთა სიღრმეში. მხოლოდ ღიმილი შემინიშნავს მის ბაგეზე, არ მახსოვს გაცინებულ-გადახარხარებული. ხანდისხან საქმე ხელში გაუჩერდებოდა და რამდენსამე წუთს გასცქეროდა სივრცეს, თითქო რასმე ხედავდა იქ, რაღაცასაც უღიმოდა. იცოდა წერა-კითხვა; რუსულს ახერხებდა. მაკვირვებდა მისი დალაგებული მსჯელობა, გეგონებოდა, ცხოვრებისა და წვრთნისაგან დაბრძნობილ გონებასთან გაქვს საქმეო. გულჩვილი იყო: მისი კარიდან გლახაკი გაუკითხავი არ გაბრუნდებოდა. ტკბილად და თავაზიანად რომ მიღებდნენ, იქნება რამ აზრი ჰქონდათ ჩემ შესახებ. მე კი გულუბრყვილოდ ვიყავი მათთან და ნაცნობობის მეტი არაფერი აზრი არ ჩამიდვია გულში მათ შესახებ: ქეთეთო ვნებათა ღელვას არ იწვევდა ჩემში და, გარდა ამისა, მე მეუღლეს უფრო მაღლა-მაღლა და შეძლებულ ოჯახებში ვეძებდი. დასავით უფრო მაღლა-მაღლა და შეძლებულ ოჯახებში. დასავით ვუყურებდი ქეთეთოს, მფარველობით დავყურებდი. ბევრჯერ თვეობით მივატოვებდი მათ ოჯახს, თუ გართული ვიყავი და ბედნიერადა ვგრძნობდი თავს. მხოლოდ მაშინ მომაგონდნენ ჩემი ძველი ნაცნობები, როცა რამე უსიამოვნება აღელვებდა გულს. მახსოვს, კვირა დღე იყო. ჩვენი სამმართველოს უფროსს ნადიმი ჰქონდა და მეც იქ ვიყავი სადილად. თავისი ყადრი სტუმრები მიეწვივნა: მაღალ განათლების მექონნი, დაწიანურებულ ხარისხისა, წარჩინებულ შთამომავლობისა. თურმე ზევიდან დამცქეროდნენ. ჯერ ვერ ვიგრძენი ეს და ხასად ვიქცეოდი: თავს ვევლებოდი ქალებს რაინდულად, მივდგებ-მოვდგებოდი გაბედვით, თავმომწონედ ვიგრეხდი ულვაშს, სადარბაზო ღიმილი მიქროდა სახეზე. სადილად როგორღაც სუფრის ბოლოზე მომაქციეს, სადღეგრძელო ბოლოსღა დალიეს და ტამადა თითქო დაცინვის კილოთი შემეხო. ავენთე. იქნებ კიდეც მომეჩვენა ყველა ეს და ჩემმა გოროზობამ დამიგო მახე. ცუდ გუნებაზე გავხდი. გამოვეთხოვე და ჩემ ნაცნობებთან წამოველ. ჩაიდანს ესხდნენ გარს. კაცი შინ არ იყო. მომესალმნენ. დაღამდა. დერეფანში მთვარე შემოდგა. ქალმა დაღონება დამატყო და თარი ჩამოიღო; იცოდა, რომ მისი სიმღერა და სიმთა ხმა კაეშანს უკუმყრიდა. ჩამოჰკრა სიმებს, შეხედა მთვარეს და დაჰმღერა მნათობს სადიდებელი რამ ჰიმნი. ჩავხედე თვალებში ქეთეთოს, ყური მივუპყარ იმის ხმის წკრიალს და ბინდი ჩამომეცალა თვალთაგან:მის თვალებში, სწორედ ის ხმები, რომლებიც ბავშვობიდანვე ელანდებოდნენ ჩემს მეგობარს. განვცვიფრდი, გადავწყვიტე, უთუოდ გამეცნო ეს ოჯახი მიხასათვის. ჩამოვაგდე ლაპარაკი ჩემს მეგობარზე, შევაქე იგი ყოველმხრივ და ვთხოვე, ნება მოეცათ მომეყვანა მათთან. დამთანხმდნენ, თუმცა უგემურად. ქალმა ხმა არ ამოიღო, მხოლოდ წამწამთა დასი დახარა დაბლა და ამოიოხრა. 7 როგორც იყო, დავითანხმე მიხა და წავიყვანე ჩემ ნაცნობებთან. გამოუსვლელი კაცი იყო, მოკრთალებულ-მორიდებული და უძნელდებოდა სხვა ოჯახში შესვლა, ახალი ხალხის გაცნობა. საღამო ხანზე წავედით. კინაღამ გზიდან გამექცა. როცა სახლი დაინახა, გამხნევდა, გამამაცდა, რადგან სახლი უბრალო იყო და მიხვდა, განდიდებულ ოჯახში არ მიმიყვანდა იგი, სადაც შეიძლებოდა რამე უხერხულობა ეგრძნო. დიასახლისმა ისე გულიანად მიგვიღო, ისე ტკბილად მოგვესალმა დალოცვილი, რომ მიხამ მაშინვე თავისუფლად ამოისუნთქა. ხელოსნის ქალი იყო და მალე მიხვდა, როგორ უნდა მოჰქცეოდა ახალ ნაცნობს ან რაზე უნდა ესაუბრნა მასთან. მე ის მაფიქრებდა, როგორი თვალით შეხედავდა მიხა ქეთეთოს, ისევე ცივად მოეპყრობოდა, როგორც სხვა ქალებს, თუ რასმე მიმზიდველს იპოვიდა იგი მასში და მიამსგავსებდა იმ საიდუმლო არსებას, რომელიც დასახული ჰქონდა ოცნებაში და რომელიც ბავშვობიდანვე იზიდავდა მას. ქალი მეზობლისას ყოფილიყო. გაგზავნეს დასაძახებლად. მალე შემოვიდა. ხელი ჩამოვართვი და მივმართე: - ეს მიხეილი გახლავს, ქალო, ჩემი გულითადი ძმობილი და ბიძაშვილი. ქალი მიბრუნდა მიხასაკენ და თავისებურად შეანათა თვალები. მიხამ ფეხი წამოდგა შესაგებებლად, მაგრამ ძლივს მოახერხა ხელის ჩამორთმევა. სიტყვა ბაგეზე შეაშრა. უხერხული წუთი იყო. ჩავერიე, გავიცინე, ცნობაზე მოვიყვანე ახალგაზრდა. ისევ გაება საუბარი. როცა ქალი ლაპარაკში ჩამოერია და მიხამ იმის ხმას მოჰკრა ყური, უფრო აღელდა, გაფითრდა. დიასახლისმა მსწრაფლ შენიშნა უხერხული მდგომარეობა სტუმრისა და მარჯვედ დაუარა თავს, არ აფიქრებინა, რომ ჰხედავდა იმის მღელვარებას. მიხაც თანდათან დაწყნარდა, იმის თვალებში ისევ დაისახა აზრი, მისი ქცევა გონთა მყოფ ადამიანის ქცევას დაეგვანა. ეს კი იყო, რომ თვალი ვეღარ მოსწყვიტა ქალს. მოგვართვეს ჩაი, მურაბები, ხილი. ვთქვით ამ მთისა თუ იმ ბარისა. ვისაუბრეთ შინაურებზე თუ გარეულებზე. ქეთეთო დაღონებული მეჩვენა, ახალ ნაცნობის უხერხულმა ყოფამაც კი ვერ მიიზიდა მისი ყურადღება. მხოლოდ ერთხელ გაეღიმა იმის უცნაურ ქცევაზე. ვატყობდი, ჩემკენ იქევდა ქალის გული, თითქო ნუგეშინისცემას გამოელოდა ჩემგან. ვერ გამეგო, რა აწუხებდა ქალს ან რას დაეჩაგრა მისი გული, მაგრამ რომ ჩემკენ იყო დახრილი მისი არსება, ამას კი ცხადადა ვგრძნობდი. კაცი შინ არ იყო. ბატონ ივანე ივანეს ძესთან არისო, მითხრეს. - ამ ბოლოს დროს ძალიან დაუახლოვდა ივანე ივანეს ძეს, სულ ერთად არიან. ჩვენთან ხშირად დაიარება ის, - მითხრა დიასახლისმა. - ისევ მაგიდის გამგეა, თუ რამ ახალი წარმატება მიიღო? - რაღაც წარჩინება მოსვლია, სამსახურში წარმატებას მოელისო. - ისევ სვამს? - ხანდისხან. იმ დღეს ამბობდა, რაკი სახლობას მოვეკიდები, სმას ავკრძალავო. ამ კაცის ხსენებაზე ქალი შეწითლდა და უსიამოვნების ჩრდილმა გადურბინა სახეზე. შევწყვიტეთ ამ საგანზე ლაპარაკი, მდუმარების ანგელოზმა ჩამოიარა. რომ დამერღვია უხერხული დუმილი, ვთხოვე ქალს რამე ემღერნა თარზე. ამისრულა თხოვნა: აკი გითხარით, ჩემკენ ჰქონდა-მეთქი გული. მომართა თარი და დააწკრიალა, რაღაც სევდიანი ჰანგი დამღერა. სიმთა წყნარი ჟღერა გადაეხვია ქალის ნაღვლიან ხმას, ჩაექსოვა, ჩაეწნა. ეს ხმები გარს შემოეხვივნენ ჩემს გულს დაჩაგრულს, და მძლავრად მიმზიდეს ქალისაკენ. ქვეყანა დამვიწყებოდა, მისი ხმისათვის მენაცვლებინა ყველა არსი; თვალთ ცრემლი გადმომდგომოდა. გათავდა ხმები, გამოვერკვიე გრძნობებს, შევხედე ჩემს მეგობარს და ელდა მეცა: ფეხზე იდგა გაფითქრებული, თვალებდაკარგული, მარმარილოს ქანდაკებად ქცეულიყო. დედაშვილმა შენიშნეს ეს საკვირველი ყოფა სტუმრისა, მაგრამ რადგან სიმღერის ძალას მიაწერეს, არ ეჩოთირათ, სასიამოვნოდაც დარჩათ. წამოვიყვანე ამხანაგი; შემეშინდა, არა წამოროშოს რა და უფრო მეტს უხერხულ მდგომარეობაში არ ჩამაგდოს-მეთქი. გამოვცდით თუ არა სახლს, მიხამ შემაყენა და ჩამჩურჩულა საიდუმლოდ: - ის არის, ძმავ, ის! - ვინ ის? - ის ... ჩემი მეუღლე!.. - რას ამბობ, კაცო, ქეთეთო შენი მეუღლე რად იქნება?! - ვუთხარ მე უკმეხად და გამოვტრიალდი. მიხამ რომ ქეთეთოს თავისი მეუღლე უწოდა, თავისი ცოლი, მე გულში ვიგრძენი, შურმა და სიავემ ამიტანა თითქო ჩემს ვისმეს შეჰხებოდეს ის მოუხეშავად. იმისთვის მომივიდა ეს, რომ ჯერ ისევ იმ თბილ გრძნობის გავლენის ქვეშ ვიყავი, რომელიც აღძრა ჩემში ქალმა. ახ! წუთიერი იყო იგი გრძნობა და წარმავალი! მე ქეთეთო ჩემთვის არ მინდოდა. აკი ვთქვი: მეუღლეს სხვაგან ვეძებდი და სხვანაირს. მიზნად მქონდა დადებული განდიდება და გამდიდრება, ხოლო ჩემს შეუღლებას ერთ-ერთ საშუალებად ვსთვლიდი ამ მიზნის მისაღეწევად. მაშინვე, ვიგრძენი ეს ყველა, სწრაფად მოველ გონს და შევინანე, რომ უმიზეზოდ გავათახსირე და დავჩაგრე ჩემი მეგობარი. მაგრამ აღარ მოვისურვე მისკენ მიხედვა: ბოროტი სჭარბობდა იმ ჟამს ჩემში; მაშინ ხასიათის სიმტკიცე მეგონა ეს უგვანი ქცევა და უგულობა. 8 ოთხ-ხუთმა დღემ გაიარა და ჩემი მეგობარი თვალით ვერსად დავინახე: თითონ არ მოვიდა ჩემთან და მეც ვეღარ წავედი, რადგან არ მეცალა, თორემ ის წუთიერი უსიამოვნება მაშინვე გაქრა, კიდეც დამავიწყდა. ვეღარც კი მეგობარი, რად ავენთე მაშინ ისე უეცრად და უაზროდ. მიკვირდა, რომ იმ საღამოს წუთიერ გრძნობას ავყევი და მეგობარს გული ვატკინე. ვინ მე და ვინ ქეთეთო ან თუნდ მიხა?! იარონ იმათ თავიანთ გზაზე! მე ჩემი გზა მაქვს საკუთარი და ჩემი მიზანი. ის იყო, თათმანი გავისწორე და ცალ ქუსლზე შემოვტრიალდი კარებისაკენ, როდესაც გაიღო კარი და ფეხაკრეფით შემოვიდა მიხა. - უდროვოდ შემოვედი, წასასვლელად გამზადებულხარ. - რა უშავს! მარტო ვიყავი, მომეწყინა და გავლა მოვისურვე, თორემ საქმე არა მაქვს რა. - იქნება ნაცნობებში მიდიხარ ან ქეთეთოსთან? - შემეკითხა მიხა და ეჭვიანად შემომხედა. - არსად არ მივდივარ ნაცნობებში! რა მინდა ქეთეთოსთან? სასეირნოდ მივდიოდი და თუ გინდა ერთად წავიდეთ. - შენ წადი! მე არ მეხალისება, გული არა მაქვს. მერე როდესმე შემოვივლი. დავაკვირდი ახალგაზრდას. ტანჯულ სახეზე შიში რამ აღბეჭდოდა და კრძალვა. რიღაცის თქმა უნდოდა, ვერც კი ბედავდა. - როგორი გატანჯული სახე გაქვს, კაცო?! რაღაც გაწუხებს, არც კი მეუბნები. - არაფერსაც არ გიმალავ! შენს კარგად იცი, რაც მაღონებს და რაცა მტანჯავს. - ქეთეთოს სახე ხომ არ დაგაჩნდა დაღად მაგ დამწვარ გულზე? - რას დამცინი?! იმ დღესაც გამიწყერი და გამობრუნდი. თუ შენთვის გინდოდა ის ქალი, რაღად გამაცან და ჩასდექი ჩემ ცოდვაში? ისე გულმტკივნეულად მითხრა მიხამ ეს საყვედური, რომ ვიგრძენი, რა ძნელი იყო მისთვის ეს ამბავი და ამისთვის გადაჭრით ვუთხარი: - არა, ძმაო, მე არც შეყვარებული ვარ, არც ჩემთვის გამოველი ქეთეთოს, თორემ აქამდისაც გადავიწერდი ჯვარს. ვითომ ვინ დამიშლიდა? - რა და რა! ქალს უყვარხარ, ბედნიერო!.. - როგორ შეატყე, გულთმისანი ხომ არა ხარ? - შეჰყვარებიხარ ქეთეთოს, მაგრამ შემცთარა: ჩემი ბედია ის, ჩემთვის არის გაჩენილი. - გამიგონე! მე ქეთეთოს შემრთველი არა ვარ, ის არ არის ჩემი შესაფერი. მომწონს კი ქალი, დად მიმაჩნია და გამეხარდება, თუ შენი მეუღლე შეიქნება, - ვუთხარი მე მტკიცედ. თუმცა კი იმ წუთში გული აღარ დაეთანხმა გონებას: გრძნობა მომიჩვილდა, როცა მიხამ მითხრა - უყვარხარო. ეჰ, ჯერ კიდევ არ ვიცოდი მაშინ, რა იშვიათი მარგალიტი ყოფილა წრფელი სიყვარული. მხოლოდ უგვანი ადამიანი დასთრგუნავს მას. მიხა ერთხანს დამაკვირდა ეჭვიანად და გადამეხვია. - მართალს მეუბნები? რა კარგი ხარ! რა კეთილი ხარ! რა ბედნიერი ვარ! - ისე უეცრად როგორ შეგიყვარდა, კაცო ის ქალი? - უეცრად კი არა, ეგ ის ქალია, რომელზედაც მე გელაპარაკებოდი, ეგ უწინვე იყო ჩემი მეუღლე, მაგისი ხმა და თვალები ადრიდანვე მახსოვს, მხოლოდ სახის იერი და ტანადობა ვეღარ წარმომედგინა. აკი აგიწერდი ხოლმე მაგის თვალებს, განიშნებდი მაგის ხმას. - იცი, მიხა, მაგისტანა უცნაურ ლაპარაკს იქ მაინც თავი დაანებე, თორემ ვერაფერს გაიგებენ, შენი სიტყვა შეაკრთობთ და ვერ მიაღწევ საწადელს. - თუ ვერ მივაღწევ საწადელს, თავს მოვიკლავ! ისიც დაიღუპება მაშინ. მაგრამ ამაო შიშია: ქეთეთოს გული მიცნობს მე, შემიერთდება ისევ და მაშინ გამინათლდება ცხოვრების გზა ბნელი. მიხა იდგა ერთს წამს გაჩუმებული და პირს ღიმილი უქროდა. მისი გონების თვალის წინ ჭრელი რამ ჩვენება გამოსახულიყო და მას შესტრფოდა იგი, მას შეხაროდა. იმ წუთს არც კი ჰგრძნობდა, სად იყო და ვისთან. - მიხა! არ გინდა, წავიდეთ ქეთეთოსთან? ხვალ საღამოზე თავისუფალი ვიქნები და ვეწვივნეთ, - გამოვარკვიე იგი ოცნებიდან. - წავიდეთ, შენი ჭირიმე! იცი, დათიკო, ვეღარ მომიგონია, რა ერქვა მაშინ ქეთეთოს, თუმცა ენის წვერზე მადგა ის სახელი. 9 მეორე დღეს მე და მიხა წავედით ქეთეთოანთასა. მიხა მორთულიყო, სულ ახლები ეცვა. მოხდენილი ახალგაზრდა ჩანდა. თვალებში ხან იმედი ესახებოდა და სახეზე სიამე გადურბენდა, ხან უიმედობა მოიცავდა მას, და სახეზე ტანჯვა აღებეჭდებოდა. მივსდევდი მიხას, ჯოხს ხელზე ვატრიალებდი, ოდნავ ვუსტვენდი და ამ სტვენით ვიგერებდი იმ აზრს, რომელიც დაჟინებით მეტანებოდა, მოსაბეზრებლად დამტრიალებდა თავს: „შენდამი სიყვარულს რომ სხვას უთმობ, განა კიდევ მოელი საიდანმე მაგისთანა განძს?“ „ღმერთი იმდენს მომცემს, შინამდინაც ვერ მივიტანო!“ ვუპასუხებდი ზღაპრიდან ამოღებულ ფრაზით და ეს ფრაზები წინ მიძღოდნენ, უკან მომდევდნენ, გარს მივლიდნენ, არ მეშვებოდნენ. ყველანი შინ დაგვიხვდნენ. მასპინძელმა მხიარულად და ზრდილობიანად მიგვიღო. ჰკითხა ჩემს მეგობარს საკითხი, დარბაისლური საუბრით გაუმასპინძლდა. შეხედულობით, ქცევით თუ ენით კარგი შთაბეჭდილება მოახდინა ქეთეთოს მამამ მიხაზე. მე ვიცი, სიტყვა-პასუხი არ უვარგოდა! მართალია, ცოტა მედიდურად ექცეოდა კაცი მიხას, მაგრამ ისე კი არა, რომ საწყენი რამ მეგრძნობინებინა. გამხნევდა ახალგაზრდა თავი მაღლა აიღო. - თქვენ, ყმაწვილო, კარგ ხელობას დასდგომიხართ: დახელოვნდებით ვაჭრობაში და შეიქმნებით სოვდაგარი, მდიდარი, საპატიო, - შეაქო ახალაგაზრდა. - მართალსა ბრძანებთ! - მივუგე მე, - ეხლა სიმდიდრეს უფრო მეტი ძალა აქვს და პატივი, ვიდრე კეთილშობილებას; ფული ძალაშია და იმონებს ყველას და ყოველსავე. - მეცა ვხედავ მაგას და კიდეც გამოვცადე, მაგრამ წარმოიდგინეთ, ისევ ძველ აზრზე ვდგევარ: ადამიანს უფრო მეტ პატივსა ვცემ. ვიდრე ფულის პარკს. ხომ ხელმოკლე კაცი ვარ, მაგრამ დღესაც კეთილშობილი მირჩევნია მოუხეშავ მდიდარა აი ჩემი ქალისთვის რამდენი შეძლებული კაცი ამიჩნდა, ხელოსანი თუ ვაჭარი, მაგრამ ისევ მოხელე ვირჩიე: უფრო სუფთა და განათლებული ცხოვრება ექნება. - თქვენ თითონ მოხელედ ნამყოფი ხართ და იმისთვის თანაუგრძნობთ მოხელეებს, - შევუბრუნე სიტყვა. - ნეტავ რა მოგცა მოხელეობამ. მთავრობა არ აფასებს შრომას და აი, სიღარიბეში ჩავცვივდით ბოლოს დროს, - უსაყვედურა ცოლმა. - ეხლა ვაჭრობას იმისთვის არა აქვს პატივი, რომ ჩარჩობისა და მძარცველობის ნიადაგზე სდგას: ვაჭრობა მოიცილებს ყალბ ნიადაგს და სოვდაგარი სიმდიდრესთან პატივსაც დაიმსახურებს. - ჩემს მეგობარს ასე აქვს ცხოვრების მიზანი დასახული: ჰსურს შეიქმნეს სოვდაგარი პატიოსანი. კიდეც მიაღწევს მიზანს, რადგან ფხიზელია, გამრჯელი, სუფთა ქცევისა და მარტივ ცხოვრებას მისდევს, - შევაქე მეგობარი. - კარგად ლაპარაკობთ, მაგრამ სანამ მაგისთანა ნიადაგზე დადგება საქმე, ბევრი წყალი ჩაივლის და ჩემი სიტყვა მანამდის არ იქნება სიმართლეს მოკლებული. აი თუნდ ივანე ივანეს ძე: ჯერ შუახნის კაცი არ არის, მაგიდის გამგებლობა კი აბარია! - განმარტა მასპინძელმა და სიტყვა „მაგიდის გამგებელი“ ისეთის რიხით წარმოსთქვა, თითქო იგი მაგიდა საქართველოს სივრცე მაინც ყოფილიყოს. ქეთეთო ტახტზე იჯდა და ჰკერავდა. ივანე ივანეს ძის ხსენებაზე ფერმა გადაჰკრა და ხელები უღონოდ ჩამოჰყარა მუხლებზე. ეს მისი უნებლიეთი მოძრაობა შენიშნა მამამ და მიუბრუნდა: - ტყუილადა ჰღელავ, ქალო! ივანე ივანეს ძე ძალიან კარგი კაცია და წარჩინებული. თუ მართლა მოისურვა შენი თხოვნა, ბედნიერი ქალი შეიქნები და პატივცემული. ქალმა გადმოიხედა ჩემკენ თითქო საყვედურით და ჩაღუნა თავი. წამწამის ბოლოზე ცრემლი გადმოეკიდა. - იცით, ყმაწვილო, - მომიბრუნდა მასპინძელი, - იმ დღეს ჩვენსა იყო და გამოთხოვებისას მითხრა, მე თქვენი დამოყვრება მწადია და მალე განვახორციელებ ჩემს სიყვარულს, თუ თქვენთვისაც სასიამოვნო იქნებაო. მე გამეხარდა, მაგრამ დიასახლისი სულ სხვას ამბობს. - შვილის ბედნიერებაზე ვფიქრობ და იმიტომ ვამბობ! მართალია, სამსახური კარგი უჭირავს, მაგრამ ჩვენი ქვეყნის კაცი არ არის, ჩვენ იმისა არა გაგვეგება რა და იმას ჩვენი. გარდა ამისა, მსმელია და... - და ათას რასმე სხვას იტყვიან ეხლა დ მოაჭორებენ! ჰშურთ ადამიანო, რომ ჩვენ ოჯახში დადის და ტყუილებს უგონებენ, რა არის, ქალი არ გაუბედნიერდეთო! - დიასახლისის მხარე უნდა დავიჭირო: უცხოელნი და ჩვენ არა ვვარგივართ ერთად ოჯახში. სხვადასხვანაირი გვაქვს მოდგმა, ხასიათი, ჩვეულებები, მისწრაფება. და მსმელიც არის, დაღუპულია თითონაც და მისი ოჯახიც, - წარმოვსთქვი მე. მთელი ამ საუბრის დროს მიხას ხმა არ ამოუღია და მეც არ შემიხედნია იმისთვის. ეხლა გადავხედე და შევკრთი: ზაფრანის ფერი დასდებოდა, თვალები დაჰკარგოდა, აზრი აღარ ეტყობოდა შუბლზე. ვიგრძენი, რომ რამე შეუნდობელ შეცთომას ჩაიდენდა და მივბრუნდი მისკენ, რომ დროზე შემეყენებინა. გვიანღა იყო, წამოდგა კაცი, განაპყრო ხელი ქეთეთოსაკენ და წარმოსთქვა: - თქვენი ქალი ჩემი მეუღლეა, ჩემი მეუღლე უნდა შეიქმნეს! ჩვენ ერთმანეთისანი ვართ, ერთმანეთისათვის გაჩენილი. ვეძებდიმაგას ცხოვრების მორევში და ვიპოვე. ნუ დაგვაშორებთ ერთმანეთს, თორემ ორივეს დაგვანთქამს ცხოვრების წყვდიადი. ქეთეთოს დედ-მამა განცვიფრებით შეჰყურებდა ხან მიხას, ხან ქალს. ქალს თავი აეღო მაღლა და დაბნეულად აყოლებდა თვალს. მე შევკრთი, ერთ წამს დავიბენი,მაგრამ მალე მოვედი თავს და მივმართე: - მომისმინეთ! ჩემმა მეგობარმა გადაწყვიტა თქვენი ქალის შერთვა. პირველ ნახვაზევე შეუყვარდა და ისე ძლიერ, რომ უმაგისოდ სიცოცხლე ვერ შეუძლიან. მსურდა შემემზადებინეთ ამ ამბისთვის, მაგრამ ხომ ჰხედავთ, ვეღარ შესძლო ახალგაზრდამ გრძნობის დამორჩილება. ჩამოვარდა სიჩუმე. წამოდგა მასპინძელი და მომმარღა გადაჭრით: - ყმაწვილ კაცს თითონ ქალი მისცემს შესაფერ პასუხს. ძალას არავის დავატანთ, მაგრამ დღეს ჩემი მოვალეობაა ქალის ბედზე ზრუნვა და გეტყვით: მე ჩემთავად ვერ გავცვლი წარჩინებულ მოხელეს და კეთილშობილ კაცს ვინმე ნოქარზე, თუნდ თქვენს ნათესავსა და მეგობარზე! მწყინს კიდეც თქვენი შუამავლობა, თითქმის... საშინლად მეწყინა ესეთი ჩემდამი მომართვა. ავენთე, ფეხზე წამოვიჭერ. შედგა მეტყველი, სიტყვა გაუწყდა პირში. ქალმა ყვედრებით შეხედა მამას. დედა ბოდიშს იხდიდა. ჩავკიდე ხელი მეგობარს და გამოვედით. ღამის წყვდიადმა ჩანთქა ბედკრული. 10 ცუდ გუნებაზე დავბრუნდი სახლში. უეცრად ჩაგვეშალა დაწყებილება და სამუდამოდ. თუ ხასიათის სიმტკიცე გამოეჩინა მიხას და თავი შეეკავებინა, იქნება შესაძლებელი ყოფილიყო იმ საქმის ნელ-ნელა ჩვენკენ დახრა და მისი ჩვენ სასურველად დაბოლოვება. თუ ვერ შევძლებდით იმას, აზრიანად მაინც ვიმოქმედებდით და აღარ გავწბილდებოდით ესე გონჯად. ისეთი მკაცრი პასუხი, რომელიც მიიღო მიხამ, შეურაცხყოფა იყო მისიც და ჩემიც, რადგან მიხა მე გავაცანი მათ და მევე ვიტვირთე შუამავლობა. მაგრამ როცა გრძნობა მძლავრობს, გონება იხშობა და თვითმოქმედი ნება უძლურდება. მიხას კი ისე უეცრად და ძლიერ მოედო ტრფობა, როგორც ცეცხლი ბალახს განმხმელს; ტფრობის ალმა დაბუგა მისი გონება და ნებაც. - კიდევ არაფერი, რომ პირდაპირ ცემთვის არ მოემართნა საყვედურით. არა, მოუაზრებელი კაცი კია ე მიხა, მოუხერხებელი. მართალია, რაინდული იყო მისი ქცევა, გაბედული, სორედ ისეთი, როგორიც შეჰშვენის ფაქიზს და უძლეველ გრძნობით გამსჭვალულ ვაჟკაცს. მაგრამ რა სარაინდო ასპარეზი იყო იქ და ან რა ხელსაყრელი იყო იქ რაინდული გულწრფელობა! მაშ არა სჯობდა მოზომილი მოქმედება? ჰაი, ჰაი, სჯობდა, მაგრამ მიხასთანა გონებაგაუხსნელ ადამიანს ჩემთავად. ჩემი ფიქრები უნებლიედ მიხასაკენ გაემართნენ და ნისლივით შემოეხვივნენ მის პიროვნობას. საიმედო კი ვერა შენიშნეს რა: კაცი თავგანწირული იყო, თითქმის ატაცებული და საშიში იყო, არა აეტეხნა ტა თავის თავისათვის, სასოწარკვეთილის, უიმედობის შხამით დაგესლილს. ეს იყო მიზეზი, რომ მეორე დღეს სამსახურიდან პირდაპირ მიხას მაღაზიისაკენ წავედი. მიხა იქ დამხვდა; სუფთად გამოწყობილი მუშაობდა; ჩვეულებრივ მომიკითხა, კიდეც გამიღიმა. წამოველ დამშვიდებული და მალე დავიწყებას მივეცი ჩემი მცირეოდენი წყენაც, ქეთეთოც, მიხაც და ყველა მისი მისადევარიც. ისევ ჩემის ბედის ვარსკვლავს დავუწყე თამაშობა, დარწმუნებული ვიყავ, ოდესმე მოვწეოდი მას. გავიდა ერთი თვე და მივიღე წერილი: ქეთეთოს ქორწილში მპატიჟობდნენ, თანაც ბოდიშს იხდიდნენ, იმ დღეს უნებლიეთ გაწყენინეთო. პასუხი არ გავეცი, არც წავედი; თავს შეურაცყოფილადა ვთვლიდი და აბა რა წამიყვანდა? ეხლაც ჩემი ფიქრები ისევ ჩემი მეგობრისაკენ დაბრუნდნენ და მეც წავესწრაფე მის სანახავად. ქეთეთოს ჯვარისწერის ამბავი მიხასაც ეცოდინება და ვაითუ თავს რამე აუტეხოს-მეთქი, ვიფიქრე. მიხა შინ დამიხვდა: ძალიან გაეხარდა ჩემი მისვლა. - კარგია, მოხველ! ეს იყო, მე უნდა წამოვსულიყავ შენთან: მინდა ეს საღამო, ერთად გავატაროთ. დავსხედით, ვილაპარაკეთ. თითონვე ჩამოაგდო ქეთეთოზე საუბარი. უჯრა გამოსწია, ქალის სურათი ამოიღო და დაჰყურებდა. - ვინ მოგცა, კაცო, ქალის სურათი, რომელ ფოტოგრაფს გამოართვი? - შევეკითხე მე. - ფოტოგრაფს კი არა, თითონ ჩემმა ქეთეთომ მიძღვნა და თავისივე ხელით დააწერა ზედ, - მითხრა მიხამ და გადმოაბრუნა სურათი. - როგორ, კაცო, როდის?! - დავეკითხე გაკვირვებული. - იცი, დათიკო, მე მოვახერხე და თვალი ვადევნე ქალს, - მითხრა მიხამ: - გავიგე მისი დანიშვნის ამბავიც, მისი ჯვარისწერის დრეასც. ისიც გავიგე, რომ საქმრო არ უყვარს ქალს, კიდეც ეშიანიან მისი, მეტადრე როცა ნასვამი მიდის, მაგრამ დედ-მამა დაჟინებით ურჩევს, ძალას ატანს. გუშინწინ პირადაპირ წაველ ქალის სახლში, რადგან უთუოდ უნდა მეთქვა სათქმელი. არ შეიძლებოდა. ჩემს დანახვაზე ქალი და დედა ჯერ შეკრთნენ, მაგრამ როდესაც ნახეს, რომ მე მათთვის კეთილის მეტი არ მინდოდა რა, დაწყნარდნენ. შევევედრე ქალს, ნება მოეცა მხოლოდ რამდენიმე წუთი მეყურებინა მისთვის, რომ გამეახლებინა ჩემი გულის ფიცარზე აღბეჭდილი მისი სახე, უფრო გამენათებინა იგი. ქალმა ამის პასუხად თავისი სურათი მიძღვნა. ჩამოვართვი ხატი და გავუბედე ის, რასაც წინადვე ვხედავდი მის შესახებ. - ქეთეთო! შენ სწორედ ისა ხარ, რომელთანაც ოდესმე შემაკავშირა განგებამ. სენი თვალები ცახდჰყოფენ ამას. ეხლა ერთმანეთისათვისა ვართ ჩვენ მოვლინებულნი ამქვეყნად. მაგრამ მავნე ძალა გვაძლევს ეხლა, გვჯობნის და გვაშორებს ერთმანეთს, ტანჯვაღა მოგველის, წამებით გავივლით ეხლა წუთისფელს. წამებითა ვძლევთ იმ ბოროტ ძალას და ოდესმე კვლავ შევერთდებით! - ვუთხარ ეს, დავუკოცნე ხელები და წამოველ. მიხას თვალები აღეგზნო ამ ლაპარაკში, კვლავ აღელდა საშინლად, კვლავ გამოსცადა ის წარსული მძიმე წამები. მერე ისევ დამშვიდდა ნელ-ნელა და მითხრა: - სევდიანი გული მაქვს და მოდი ამაღამ ერთად გავატაროთ სადმე დრო. 11 წავყევი. არ შეიძლებოდა თავი დამენებებინა, რადგან ეს წუთი მძიმე იყო მისთვის, აუტანელი. გარეგნობით დაწყნარებული სჩანდა ახალგაზრდა, მაგრამ ცეცხლი ეგზნო მის გულში შემწველი. მივდიოდით ჩუმად. ძლიერ სევდაში სიტყვა უძლურია, მხოლოდ ახლო ყოფნით თუ ანუგეშებ ბედშავს. მუშტაიდისაკენ წამიყვანა. იქ ახლო სალხინო წალკოტია, იმ სალხინო ბაღში შევედით. მე ვთხოვე, იქვე საჩრდილობელქვეშ დაგვესვენა, მაგრამ ნება არ მომცა, ქვევით წამიყვანა მდინარისაკენ. ზედ წყლის პირს ყოფილიყო თალარი და იქ შემოვუსხედით მაგიდას. ბევრჯერ ვყოფილიყავ იმ ბაღში, მაგრამ ის ადგილი არა მქონდა შეთვალიერებული. გადავხედე იქაურობას: ორ ნაბიჯზე ჩამოდიოდა მტკვარი, წყლის პირი ვაკე იყო, ბექი არა ჰქონდა. შრიალებდა მდინარე,ნაპირზე ქვას აცურებდა, აბრუნებდა, აჩხრიალებდა. გაღმა მაღალი კლდოვანი ბექი მოჩანდა კედელივით და იმ კლდის ძირში წყალი ზვირთდებოდა, ეხეთქებოდა სალს, აქაფებული ბრუნდებოდა უკან, ტრიალებდა. მდინარის ტალღები მუქად ბრჭყვიალებდნენ შესაზარად. ხომ შუა ქალაქში მდებარეობდა ის ადგილი და ისე მივარდნილი იყო, ისეთი ბიამანი, რომ შევფიქრიანდი, თითქმის შიშმა ამიტანა. - ეს რა ბიამანი ადგილია ამ შუა ქალაქში?! - გავიკვირვე მე. - არ მოგწონს? მე კი მიყვარს, ხშირადა ვარ აქ, მაღაზიდან რომ გამოვდივარ დაღლილ-დაქანცული, აქეთ მოვდივარ დასასავენებლად. - მერე ამისთანა მიყრუებულ ადგილას რა სასიამოვნოა ყოფნა? საშიშიც კი არის: შეუძლიანთ დაგახრჩონ და მდინარეს მიგცენ. - მაინც მომწონს ეს ადგილი: მყუდროა და შეიძლება ადამიანმა აქ თავი გაიმართოვოს. იქნება საშიშივ იყოს, მაგრამ ვინ რას მაგულებს, რომ ბოროტი შემამთხვიონ. სოფელს მაგონებს ეს ადგილი. ჩვენი მდინარის პირს. აქ აღარ ისმის ქალაქის დაუდგომელი ხმა არ მიწუხებს სულს; ამ პაწია ადგილას ბუნება ისევ თავის სახით არის, კაცი თითქმის ვერ შეჰხებია მას და ვერ შეუბღალავს. მე აქ ისევე ვუყურებ მდინარეს და შევტრფი ბუნებას, როგორც სოფელში. ამ ძლიერი წყალის დენაში და ჩხრიალში, ამ ეების შრიალში იგივე საიდუმლო ხმები მესმის, რომლებიც მხიბლავდნენ ჩვენამდის მდინარის პირს. - იცი, დათიკო, - განაგრძო მიხამ ცოტა სიჩუმის შემდეგ, - მე აქ ორჯერ-სამჯერ დუდუკიც დავაკვრევინე, რომ სავსებით ამეკრიფა ის ძვირფასი ხმები, რომლის მექონსაც დავეძებდი ამქვეყნად. ეჰ, ნეტავ არ მეპოვნა! მე მწამდა, რომ თუ შევხვდებოდი, მიცნობდა, გავხსენდებოდი, მოიგონებდა ჩვენგან ოდესმე ერთად გავლილ ჟამს. დროთა დიად მსვლელობას მისი გონებიდან გადურეცხნია ჩემი სახე, გადუწმედია მისი გულიდან ჩვენი სიყვარული. ჩემთვის კი იგი სიყვარული დაუსრულებელია, საუკუნო. - გამიგონე! შენ ახლა ისე გგონია, რომ მხოლოდ ქეთეთო იყო სწორედ ის, რომელსაც დაეძებდი. მე კი დარწმუნებული ვარ, კიდევ სეჰხვდები ცხოვრებაში ქალს, რომელიც შენთვის გაჩენილად მოგეჩვენება, რომელზედაც ეგრევე დაიწყებ ლაპარაკს, რომელიც შეიქმნება შენი ოცნების განხორციელება, რომელიც მოიცავს და აავსებს შენს არსებას. ოღონდ ხასიათის სიმტკიცე გამოიჩინე, თორემ ჯერ ახალგაზრდა ხარ, ხანგრძლივი სიცოცხლე გიძევს წინ და ბევრ მაგისთანა სუნნელოვან ყვავილს მოგიპყრობს ცხოვრება მოსასთვლელად. - არა, ძმავ, დღეს რომ იმ ქეთეთოს ქორწილია, აქ დასამარებაა ჩემი გულისა. ეხლა ისღა დამრჩენია, სანამ ცოცხალვარ, სიწმიდით დავიცვა თავი, რომ გავასპეტაკო ჩემი არსება და იმ ქვეყნად ღირსი შევიქმნე ჩემი ანგელოზის ხილვისა... იცი, დათიკო, მოდი, მცირე ვახშამი მოვითხოვოთ, - განაგრძო მიხამ და დაუძახა ბიჭს. უკიდურესად იტანჯებოდა კაცი და ვერ ვეწინააღმდეგე მის სურვილს. მოგვართვეს მცირე რამ. მთლად ჩამოღამდა. ბაღის თავიდან ელექტრონის სინათლე დასწვდა ჩვენ მყუდრო ალაგსაც და აალაპლაპა მდინარე. მიხამ ხელი ვერ შეახო საჭმელს: მწარედ ეჩვენებოდა ყველაფერი, ყელში არ ჩასდიოდა. აშტერდებოდა საზარლად მოლაპლაპე მდინარეს, თვალს ვერ აშორებდა მას. მეც უნებლიეთ გავყურებდი მტკვრის ზვირთებს და საშიში გრძნობა მიხუთავდა სულს: მეფიქრებოდა, ვაჟკაცმა მდინარის ცივ ტალღებს არ მიანდოს-მეთქი თვის გულის სახმილის ჩაქრობა. - დათიკო, ერთი-ორი ხმა დავარეკვინოთ დუდუკზე! - შემეხვეწა მიხა. მწყობრი ხმებით ახმაურდა ის მყუდრო კუთხე. დუდუკის სევდიანი მოთქმა უერთდებოდა მტკვრის დუდუნს, ხმები ხან გულში ეკვროდნენ მდინარეს, ხან სხლტებოდნენ მის კამკამ მკერდზე და მარგალიტის მარცვლებად იბნეოდნენ მიდამოში. შევყურებდი მეგობრის სევდიან სახეს, ვისმენდი ნაღვლიან ჰანგებს ტკბილის დუდუკისას და მეც განუსაზღვრელი ნაღველით მევსებოდა გული. მიხას. დაეყრდნო ხელი მაგიდაზე და გაჰყურებდა სივრცეს გამშრალ თვალებით გაქვავებულ სახეზე. მძიმე გრძნობებით აღსასვსენი წამოვედით ბაღიდან. გამოთხოვებისას ძმურად გადავეხვიე მიხას: მის განუსაზღვრელ ტანჯვას ვეამბორე, იმ გამოუთქმელ მსოფლიო სევდას, რომლითაც გამსჭვალულია მთელი არსი და რომელიც ულმობელის ძლიერებით საცნაურქმნილიყო აწ ბედშავი მეგობრის გულში. 12 მეშინოდა, მიხა ღელვას დაიწყებს ამ მისთვის სასტიკ უბედურების გამო გამო და ვაითუ ვერ აიტანოს-მეთქი იმედმიხდილმა, მაგრამ დიდი სიმტკიცე გამოიჩინა ხასიათისა და გარეგნობით არც კი შეიმჩნია ეს უბედობა. იგი უბრძოლველად მიეცა შავის ბედის ტალღებს და თავი მიანდო მათ დენას. თავის სიყვარულის გაცუდებას ის ისე უყურებდა ეხლა, როგორც უკვე გარდასულ მოვლენას, რომელთან ბრძოლა შეუძლებელიღა იყო; უბედობას უკვე გამოეცა მთელი თვისი სიმწარე და იგი სიმწარე მიხას უნდა დაელივნა ნელ-ნელა, უნდა დაეცალნა ფიალა ვარამისა. მაინც რაღას გააწყობდა? მომხდარს ხელი ვეღარ შეუბრუნდებოდა, საქმის მისკენ მიხვრა შეუძლებელი იყო. მართალია, გულჩათხრობილი დადიოდა ვაჟკაცი, ხშირად უნებლიედ გმინვა აღმოჰხდებოდა გულიდან, მაგრამ ეს ხომ აუცილებელი იყო და ბუნებრივი მის ყოფაში: მის საყვარელს ჯვარი დასწერეს სხვაზე და მას წილად ჰხვდა მხოლოდ ოხვრა უბედურისა. მაინც მიკვირდა, რომ მიხას დიდი მღელვარება არ ეტყობოდა. დარდი კი მქონდა მისი და ხშირად დავდიოდი მის სანახავად შინ თუ მაღაზიაში. მიხა ყოველთვის მხნედ გამოიყურებოდა, თავისებურად სუფთად ეცვა, ჰაზრიანად და მოხერხებულად ელაპარაკებოდა მუშტარს, მუყაითად ასრულებდა ყოველსავე თვის საქმეს. გამიღიმებდა, მომიკითხამდა. - აღარ უშავს რა, ღმერთია მოწყალე! ვარამმა ვერ წარღვნა მისი გონება, ვერც დაიმონა მისი ნება თავისუფალი; მოზღვავებულ უბედურებას მამაცურად დაუხვდა, - ვიფიქრე მე და დავმშვიდდი. შემდეგაც ყოველთვის ესეთ შთაბეჭდილებას ახდენდა ჩემზე მიხა, თუმცა ქალი კი არ დაჰვიწყებოდა ჯერ და თითქო არც აპირებდა მის დავიწყებას: ქეთეთოს სახე პატარად აეღებინებინა და უბის საათში ჩაესმევინებინა. სურათი რომ შევნიშნე, გამოვართვი საათი და სინჯვა დავუწყე. - ქეთეთოს სახეა, პაწაწად გადავაღებინე საათისათვის: მინდა მარად თვალწინ მქონდეს ჩემი ოცნების სურათი, - მითხრა მიხამ და საუბარი სხვა საგანზე გადაიტანა. - ეჰ, მალე შეჩვევ თვალს მაგ ხატსაც. შემდეგ ჩაგიქრება ის მწვავე გრძნობა, რომელსაც ეხლა გიღვივებს ეგ სურათი და ბოლოს გასცვლი მაგ აჩრდილს უსულოს და ცივს რომელსამე ხორცშესხმულ, ცხოველსმყოფელ ყვავილზე და გაიხარებ, - გავიფიქრე მე და თავი მივანებე მეგობარზე ზრუნვას. აღარც მეცალა მისთვის: ეს ის დრო იყო, როდესაც მთლად ჩამითრია და ჩამიხვია ცხოვრების მორევა: სამსახურში წინ წავიწიე, გავიცან რამდენიმე სახლობა წარჩინებული ხარისხით თუ ჩამომავლობით ან შეძლებით, დაუცხრომლად ვცდილობდი მხარდამხარ მივყოლოდი მათ, არ ჩამოვრჩენოდი არაფერში. რა მიხასათვის მეცალა! ახალ ნაცნობებში დაჟინებით დავეძებდი ჩემს იღბალს, რომელსაც ვერცხლით უნდა მოეკირწყლა ჩემი ცხოვრების გზა, რომ დაუბრკოლებრივ მევლო ამ გზით წარმატებისა და დიდებისაკენ. ათასში ერთხელ მაინც შევივლიდი მიხასთან და ვფრწმუნდებოდი, რომ იმასაც შეეგნო ცხოვრების ეშხი: სახლი სუფთადა ჰქონდა მოწყობილი, თითონ უნაკლოდ იცვამ-იხურავდა და თან ახერხებდა წითელ ოქროს გადაგდებას შავი დღისათვის. შეეძლო კიდეც, რადგან თითონ სადა ცხოვრებას ეწეოდა და მაღაზიის პატრონიც ძალიან აფასებდა თავის უანგარო ნოქარს, ხოლო ნიშნად პატივისცემისა ჯამაგირს უმატებდა მას. ერთი რამ ზნე კი დასჩემდა ჩემს მეგობარს: ხანდისხან ჩაიდებდა ფულს და გასწევდა საქეიფოდ. უფრო „ვაზა“ ჰქონდა ამოჩემებული, ის ბაღი, სადაც მე და იმას ვახშამი გვქონდა ქეთეთოს ჯვარის წერის ღამეს და იგივე ადგილი. მოითხოვდა სანოვაგეს, სასმელებს, მოიხმობდა დასტას და ისმენდა დუდუკის ფერად-ფერად ჰანგებს. თუ ამხანაგი შეესწრებოდა, კიდევ კარგი, თუ არა და მეზურნეებს თუ მსახურებს შეაჭმევდა ფულს და ცალიერი დაბრუნდებოდა შინ. ნეტა თითონ მაინც ეჭამნა ან დაელივნა! მეც შევსწრებივარ ამისთანა მის ქეიფს. დროს გატარება ყოველთვისა ჰგვანდა იმ ვახშამს, რომელიც ჩვენ იქ პირველადა გვქონდა: ისევ ის დარდით მოცული გაქვავებული სახე და მშრალი თვალები. ქეთეთოს სახელს კი აღარ ახსენებდა, კრინტს არა სძრამდა იმაზე. ბევრჯერ მოვინდომე იმ ქალზე ჩამომეგდო საუბარი, ბევრჯერ დავუახლოვე საუბარი ამ საგანს, მაგრამ ამაოდ: ქეთეთოზე ის ხმას არ იღებდა, თითქოს ქალის სახე ამოფხვრილიყო მის მეხსიერებიდან; ნამდვილ კი იმ ქალს დასტრილებდა მისი ფოქრები, მას შეჰკვნესოდა მისი გული. გახსნიდა საათს, დააკვირდებოდა ქალის სახეს და სასტიკი რამ გრძნობა გაურბენდა თვალებში. გავიდა წელიწადი. მიიწურა მეორეც. მიხას ამგვარ ცხოვრებას კი ცვლილება არა ჰქონდა. ვცადე წამეყვანა ნაცნობებში, ახალი სახე მეჩვენებინა მისთვის, ახალი სული გამეცობინებინა, რომ ეგებ ახლა მას შემოჰხვეოდა გარს ვაჟის ოცნება თუ გრძნობა. მაგრამ მიხა ყველას ერიდებოდა; უზარმაზარ ქალაქში სცხოვრობდა ისე, როგორც განდეგილი ვინმე განმარტოებული. გული ჩასთხრობოდა ვაჟკაცს, ჩაჰხვეოდა, ჩაჰბნელებოდა. სხვად ძლიერ წმიდადა სცხოვრობდა მოწიფული ახალგაზრდა, უმანკოდ; თითქო აღარც კი ამჩნევდა თავის გარშემო ქალთა ძვირფას არსებობას. მე რომ ისე არ გავუშვებდი ქალს, რომ თვალი არ ამედევნებინა და გულისთქმის ვარდი არ მესროლნა მისთვის, ის ზედაც არ უყურებდა ამ ცხოვრების მაშვენებელ არსებას. რამდენჯერმე ვეცადე შემეგნებინებინა მისთვის, რომ უარყოფა უდიდესის ქვეყნიურ სიამისა არის გმობა მთელის ბუნებისა, მაგრამ ვერაფერი შევასმინე გაქვავებულს. მწყინდა ესეთი მისი უგრძნობლობა, ჯავრი მომდიოდა. ვერას გავხდი: არც ერთხელ არ ინება შესულიყო წალკოტს სანუგეშოდ და მიეღო ევასაგან ნაყოფი ხისა მის ცნობადისა. მე მაინც გულში დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს დროებით მოვლენა იყო მიხას ცხოვრებაში და დაჰკრამდა ჟამი, როდესაც იგი კვლავ იგრძობდა სიხარულს. მაგრამ აღარ დასცალდა მას. 13 შეუსრულდა ნატვრა ქეთეთოს მამას: მიათხოვა ქალი ივანე ივანეს ძეს, მაგიდის გამგებელს, კაცს ჩინებულს და წარჩინებულს. დიდ ვინმედ მიაჩნდა სიძე, პატივსადებლად. თითონ სამსახურში გადამწერლობას ვერ ასცდა, მარადის მონა იყო ამისთანა მოხელეებისა, ეხლა კი სიმამრი შეიქმნა სახელოვანის გვამისა! კეთილშობილთა რიცხვში მოექცა მისი ქეთეთო, აღმატებულთა გუნდში. ამაყობდა კაცი ამისთანა გამარჯვებით. ულვაშს იგრეხდა თავმომწონედ. - მაშ, ქალო! თუ მე არ ცდილიყავ, არ მომეალერსნა კაცისათვის, გული არ დამეხვივნა, ასეთს ბედს ვერ შეეყრებოდა ჩვენი შვილი. იქნებ შენ იმ ვიღაც ნოქარისათვისაც კი მიგეგდო ქალი!.. ცოლი როგორღაც ვერ თანაუგრძნობდა თავის ქმარს, ვერ უზიარებდა მას აღტაცებას. მიზეზიცა ჰქონდა ამისი და ამ მიზეზს დედის გამჭრიახი თვალი პირველ დღეებიდანვე ჰხედავდა, თუმცა კი ჯერ არავის უმხელდა: არ უნდოდა ცოლქმრის საქმეში ჩარეულიყო. დედას იმედი ჰქონდა, რომ ქეთეთოს ოჯახში ჩრდილი დროებითი იყო, წუთიერი და მალე განქრებოდა. სცდებოდა გული დედისა: ჩრდილი რომ დაჰყვა ქეთეთოს ბედ-იღბალს. თანდათან იზრდებოდა; იგი ჩრდილი ისწრაფოდა გადაქცეულიყო სიბნელედ და ჩაენთქა ქალის გარშამო ყოველივე შუქი სიხარულისა. უბედობისა ის იყო, რომ ქმარმა პირველ დღიდანვე მრუდედ დაუწყო ყურება თავის მეუღლეს. ქალი წმინდად ვერა ლაპარაკობდა ქმრის ენაზე და ეს არ მოსწონდა კაცს, იმრიზებოდა, მეტადრე როცა სტუმრები ჰყვანდა; ქალს უყვარდა ფეხმორთხმული ჯდომა, ესე იყო შეჩვეული, ხელსაქმეც ესე უფრო ეხერხებოდა, ქმარს კი გული ემღვრეოდა ამაზე და სცდილობდა დაევიწყებინა ეს ჩვეულება; ქალს უცხო საჭმელი არც მოსწონდა და არც ეხერხებოდა, კაცი სადილ-ვახშამზე უკმაყოფილო იყო და ბუზღუნებდა. მოჰგლიჯა ქალს ჩიქილ-თასაკრავი და შაპო წამოარქვა. ქალი მოკრძალებული ქცევისა იყო და წყნარი, კაცს ეს დაჩაგრულობად მიაჩნდა და დასცინოდა. კაცი თხოულობდა, რომ ქალს სანოვაგე თითონ ევაჭრნა, თითონ ევლო ყასაბთან თუ ბაყალთან, ქალმა ვერ შესძლო ეს და კაცი ცოფდებოდა ამაზე. ქალს ქართული კითხვა უყვარდა, გულს აყოლებდა, სიამოვნებდა, ქმარს ქართული სიტყვა არც ესმოდა, არც მოსწონდა; იქამდის მივიდა საქმე, რომ ქალი წიგნსა ჰმალავდა ქმრის ფეხის ხმაზე. ქალს უყვარდა ღიღინი, ქართული ხმების შეწყობა, თარიც იცოდა და მის სიმთა ჟღერაში ანდობდა გულის ვარამს, ქმარს არ ესიამოვნებოდა ეს ხმები, მისთვის ეს ნაზი და თავისებური ჰანგები გაუგებარი იყო და უაზრო. ათასგვარ წვრილმანში ირჩეოდნენ ცოლი და ქმარი ხასიათით თუ აღზრდით: ყველა წვრილმანში გამოსჭვიოდა მათი გემოვნებისა თუ ზნე-ჩვეულების განსხვავება, მათი სხვადასხვა შეხედულება ერთგვარ ყოფილიყო და შეთანხმებული. კაცს კი არც იმდენი ხათრი ჰქონდა ცოლისა, არც იმოდენა მოთმინება, რომ ცოტა რამ დროებით მაინც დაეთმო ქალისთვის. ნორჩს გულს ქალისას სიყვარული სწადოდა აღტაცებული, ხოლო ქმარი მიუძღვნიდა გულს გაციებულს, გრძნობას დაჩქლეთილს, გამოფიტულს. ქალი სცდილობდა მოთმინებით დაეძლივნა ყოველივე და ჩამოეგდო სიმშვიდე ოჯახში, სცდილობდა შესჩვეოდა ქმარს, გული შეეწყო მისთვის, მაგრამ შეუძლებელი გამოდგა მათ შორის სულიერი კავშირი და თუნდა აჩრდილი ერთობისა. ვერ შესძლო ქალმა ასეთი ყოფა და თრთოდა, კვნესოდა, ილეოდა. მთლად აუტანელი ხდებოდა კაცი, როცა ნასვამი ბრუნდებოდა. სასტიკად გამოიყურებოდნენ მისი გამორეცხილი ცივი თვალები. - არაყი! არაყში მსურს ჩავადნო დარდი ჩემი მოუნელებელი! - გასცემდა ბრძანებას ჩახლეჩილის ხმით. მოუჯდებოდა წინწანაქარს და სვამდა ნელ-ნელა, სვამდა დაჟინებით, სვამდა დაუსრულებლად. სვამდა და მოსთქვამდა თავის უბედო ბედს, იღვერფლებოდა, სანამ კინწი არ მოსწყდებოდა და არ ჩაეძინებოდა. ქალი გადააწვენდა კაცს ტახტზე, მიხურავდა და ჩამოჰყრიდა უღონოდ ხელებს, მიეცემოდა მძიმე საგონებელს. დარდობდა ქალი, რომ ბედმა უმუხთლა მას, შეაუღლა უფერ კაცთან, სამუდამოდ ჩაუშავბნელა ცხოვრება. განა ამისთანა ვაჟკაცზე ოცნებობდა ქეთეთო! მისი ოცნების გმირი არ იყო რაინდი საკვირველი, იგი იყო მუშაკი ტკბილი, წყნარი, ცოლ-შვილისათვის თავდადებული. ქალის ოცნებაში ეხლა თანდათან ირკვეოდა და სხივოსნდებოდა სანდომი სახე მისი სიყვარულით გატაცებულ მიხაკოსი. თუმცა ქალი ირიდებდა ამ სახეს, თავის ფიქრებს გარს არ ეხვეოდა რადგან ამგვარი ფიქრთა დენა ცოდვად მიაჩნდა და ღალატად თვისის გვირგვინისა. დარდობდა ქალი და თავის დარდს არავის უმხელდა, დედასაც კი არ უზიარებდა, თუმცა ამაოდ სცდილობდა დაფარვას: მისი ჩაფერფლილი სახე ცხადყოფდა მის დუხჭირ ცხოვრებას. ყველა ეს დარდი არ აკმარა ქალს მისმა მწარე ხვედრმა. ერთხელ სამსახურიდან ძალიან ავგუნებაზე დაბრუნდა კაცი: უფროსს შენიშვნა მიეცა მისთვის, დაეტუქსნა. სმას შეუდგა ჭირთ საფონებლად. გაჭირვეულდა გალოთებული და ჭიქა დაანარცხა იატაკზე. სასმისის ჭაქანზე ქალი ზე წამოვარდა, შეჰკივლა. კაცმა ძლიერ იწყინა და გაცოფებულმა ხელი ჰკრა ცოლს გულში, ქალი გადიმზღვრა იატაკზე: გული შეუწუხდა. 14 ვიცოდი, რომ ქეთეთო ავადმყოფობდა, გულს იტკივებდა, ზერაქვერად იყო, მაგრამ ის კი არ მეგონა, ისე მალე მოესწრაფებოდა დღე იმ ნორჩ ქმნილებას. ბოლოს ჟამს ქალს ქმარი სულ დაჰვიწყებოდა, პირი შეექცია მისთვის, არარ ახსოვდა მისი ვინაობა. სხვა რამ სურათი დაჰსახოდა მის გაწამებულ გონებას და ავადმყოფი იმ სურათს შესტრფოდა ეხლა. კაცი გამოეგზავნათ ჩემთან. ქალი ბალიშებზე იყო მისვენებული. თვალცრემლიანი დედა გვერდს ეჯდა და უსიტყვოდ ჩასჩერებოდა. მძიმედ სუნთქავდა ქეთეთო, ხრიალით. თვალები მოჰრღვეოდა, მიფერფლილ სახეზე გრძლად დაჰფენოდა გიშრის წამწამი; ხელებს აცოდვილებდა მოუსვენრად. ავადმყოფმა გააღო თვალები, მიიხედ-მოიხედა და გაკვირვებით შეხედა დედას. - რა იქნა, დედიჯან, მიხაკო? ეხლა ხომ აქ იჯდა ცემთან. - ვინ მიხაკო, გენაცვალე? - ჩვენი მიხაკო, ქა, ჩემი დანიშნული! - სთქვა ქალმა და ჩარჩეულ ლოყებზე სიწითლემ გადაურბინა. მაშინვე მივხვდი, ვინ მიხაკოს კითხულობდა ქალი. გავექანე ეტლით და მოვგვარე ჩემი მეგობარი. ქალი გარინდებული იწვა, ხელი გადმოეგდო ბალიშზე. მიხა მივიდა სარეცელთან, ცალ მუხლზე დაიჩოქა და ხელზე აკოცა ავადმყოფს. - მიხაკო, შენა ხარ, ჩემო სიცოცხლე? - მე ვარ, გენაცვალე! ეს რა ამბავია შენს თავს? - დაჯექ, სიყვარულო, ჩემს ახლო დაჯექ! დედა ფეხაკრეფით მოშორდა ქალის საწოლს. - ვკვდები, გენაცვალე, და მომსურვილდა შენი ნახვა. ვიცოდი მოხვიდოდი. - სულ შეანთანა ვარ, ჩემო სიცოცხლევ! ბალღობიდან ჩემი გონებიდან განუშორებელი იყო შენი თვალები, შენი სახე, შენი ტკბილი ხმა. გნახე და მაშინვე გიცანი. მას აქეთ შენითღა ვცოცხლობ, შენით ვსულდგმულობ. აი, საყვარელო, - უთხრა ვაჟმა და უჩვენა ქალს მის სახე საათში. - ჩემს გონებას კი ბინდი ჰქონდა გადაფარებული. რაღაც სახეს ევლებოდა თავს ჩემი აზრი, ვიღაცას ეტრფოდა ჩემი გული, მაგრამ ჩემმა საწყალმა გონებამ ვერ გამოერკვია იგი სახე და ვეღარ გიცანი, როდესაც გნახე... წყალი, გენაცვალე! მიხამ მიუპყრო ქალს ჭიქა. ქალმა დაისველა გაფიცხებული ტუჩები და განგრძო: - შემდეგ ნელ-ნელა ჩამოეხსნა ფარდა ჩემს გონების თვალს და ეხლა ვიცი, რომ შენა ხარ ჩემი ერთადერთი სიყვარული; უწინ რომ ვცხოვრობდი, მაშინდელი ჩემი სიხარული, თურმე შენ მოგელოდდა გული კრული! აზრმა კი დახშულმა ვერ გიცნო შენ. იცი, ქეთეთო ... ახ, უწინ სხვა სახელი გქონდა, ვეღარ მომიგონია. იცი, ქეთეთომე ცხადად მახსოვდა შენი თვალები, აი ეს მშვენიერი თვალები, - უთხრა მიხამ და ნაზად შეეხო ქალის წამწამს: - შენს ხმასაც კარგად ვარჩევდი, მაგრამ სახე კი მიეფარა ჩემს გონებას, ვეღარ წარმომედგინა, სანამ არ შეგხვდი. ქალს სიხარული დაეტყო. აღტაცება რამ დაესახა, მიმქრალი თვალები ნათელმა გაუშუქა! - ამაყენე, გენაცვალე! ვაჟმა მოხვია ხელი და ფრთხილად წამოსწია ბალიში გაუსწორა. - ეგრე იყავ, საყვარელო, ხელს ნუ მომაშორებ! - უთხრა ქალმა და გადისვა ხელი სახეზე, თმა გაისწორა, მერე მხარზე დაეყრდნო ვაჟს დაქანცული. - გახსოვს, გენაცვალე, ჰაერთა სივრცეში რომ მივცურავდით ესე გადჭდობილნი? - შეეკითხა ქალი. - მახსოვს სიზმარივით. - როგორი წყვდიადი იყო! როგორ ციოდა! იცი, სიყვარულო, ის მძაფრი სიცივე უკვე გამიჯდა ეხლა ჯანში, - სთქვა ქალმა და შეაჟრჟოლა. ვაჟმა გულში ჩაიკრა ავადმყოფი, სცდილობდა გაეთბო იგი. - მაშინ აკი მივაღწიეთ კიდეც ნათელთა სამფლობელოს, ვერ კი ვეღირსნეთ იქ დამკვიდრებას. ხომ გახსოვს ხმა: ძლიერია თქვენი სიყვარული, გარნა ტანჯვით უფრო განასპეტაკებთ მას და იგი სიყვარული შეგაერთებთ საუკუნოდ! - ეხლაც ყურში მიდგა იგი ხმა ციური! - მიუგო ვაჟმა. - რა საშინელი ჰაერის მცველნი გვყვებოდნენ თან! როგორ სცდილობდნენ გავეყარენით, დავეშორებინეთ ერთმანეთს საუკუნოდ. ჩვენი სიყვარული გვინათებდა, არ უშვებდა მათ ჩვენთან. - კვლავ გაგვინათებს იგი სიყვარული წყვდიადის უსაზღვროს, ჩემო სიცოცხლე! - მიუგო ვაჟმა აღატაცებით. - მეშინიან იმათი! ჰაერის მცველებისა მეშინიან! იქ დამიხვდებიან მარტოს, ამდევნებიან, - სთქვა ქალმა და მიეკრა ვაჟკაცს. - ნუ, გენაცვალე! აი შენთანა ვარ. - იქ, იქ მარტო დავრჩები, ჩვენი სიყვარულის ლამპარი ჩაქრება უშენოდ და ბნელი მომიცავს, წყვდიადი ჩამნთქამს. მეშინიან! - წამოსთქვა ქალმა და ძრწოლა აღებეჭდა სახეზე. - არა, გენაცვალე! ჩაუქრობელია ჩვენი სიყვარულის ლამპარი, ეხლა უფრო ბრწყინვალე იქნება იგი, რადგან ჩვენ იგი ჩვენი სიყვარული გავასპეტაკეთ დიდი ტანჯვით. ოხ, ძლიერ ვიტანჯებოდი ამ ორ წელიწადს უშენოდ. - მეც ვეწამებოდი უშენოდ, სიყვარულო! გავიგე ჩემი შეცთომა, გიცანი, მაგრამ გვიანღა იყო. მინდოდა გამეზიარებინა შენთვის ჩემი ტანჯვა, მაგრამ ეს ღალატი იქნებოდა ნაკურთხი გვირგვინისა. ეხლა სხვაა: ეხლა აღარ ვეკუთვნი ამ ქვეყანას. - ეხლა სხვაა: ეხლა ჩემი ხარ, ეხლა შენთანა ვარ საუკუნოდ! ვეღარავინ მომტაცებს შენს თავს, ვეღარავინ დამაშორებს შენს გულს ვეღარც აქ, ვერც იქ, იმქვეყნად! - მაშ ისევ გიყვარვარ, მაშ არ დამტოვებ, მაშ არ გამიშვებ მარტო? - არა, გენაცვალე, არასოდეს! - მაკოცე, სიყვარულო! ვაჟმა ჩაიკრა გულში სატფრო, დაუკოცნა ბაგე და ფრთხილად მიაწვინა ბალიშებზე, ხელი კი არ მოაშორა. ქალი დამშვიდდა, სიამის რამ ნათელი გადაეფინა სახეზე. კუკიის სასაფლაოზე დავკრძალეთ ქეთეთო, განაპირას, გორაკების მხარეს. ორი დღის შემდეგ იქვე გავთხარეთ სამარე მიხაკოს. ბანგი დაელივნა. ანდერძში მეხვეწებოდა, ქეთეთოსთან დამმარხეო. იმასაც მავალებდა, ყოველწლივ მომეხსენებინა მათი სული და დუდუკი ამეკვნესებინა მის საფლავზედ იმ ხმების მოსაგონებლად, რომლებიც ჰხიბლავდნენ მას ცხოვრებაში. ორივეს ერთნაირი ქვა ადევთ. უკლებლივ ვასრულებ მეგობრის ანდერძს და ყოველწლივ მის გარდაცვალების დღეს ტკბილი დუდუკი დასტირის შეყვარებულთა სამარეს. 1909 წ.