სოფლისაკენ
Appearance
სოფლისაკენ ავტორი: ლადო ასათიანი |
1939 წელი |
ისევ მომინდა ჩემი სოფელი
ხალხურ ლექსებით და საკრავებით,
ეზოში – მწვანე და უშობელი
და მოკუნტრუშე თეთრი კრავები.
ისევ მომინდა ჩემი გალია,
ჩემი ველები და ვენახები,
აღარ მინახავს დიდი ხანია,
გამრდელის თვალებს დავენახევი.
ისევ ვიბრუნე სოფლისკენ პირი,
დიდი ყოფილა ძალა ბუნების,
ცოტა ხანს დავყოფ და მერე თბილისს
ვეწვევი ნედლი სალამურებით.