Jump to content

სოკო, სოკო!

From Wikisource
სოკო, სოკო!
ავტორი: ვასილ ბარნოვი


 

1 ხომ იცნობთ ცალხელ ჯამბარულას, სოკოს რომ ჰყიდის? არც იკი გაგიგონიათ?! ან კი რა გასაკვირველია, როცა იმისთანა ჭიების დანახვა დურბინდითაც ძნელია. ჯამბრულა სოფელ ფლატიანიდან არის, ამ სოფელს ცხვირწინ რომ ქალაქი უდევს, ზურგზე ტყე აკრავს, რომელიც უზარმაზარ მთას ასდევს ქოჩრამდინ. მეტად სასარგებლო არის სოფლისათვის ეს პატარა ქალაქი: ყველა ნაწარმოებს ფასი აქვს იქ; ქათამი, კვერცხი, ბოსტნეულობა, მსხალი, ხილი ტყისა თუ ბაღისა, რძე - მაწონი, - ყველაფერი იყიდება იქ და ანაზდად, თუ კაცს არაფერი მოეძებნება სახლში და ვერაფერს მოიხმობს ბაზარში გასატანად, მაშინ თითონ შრომობს ქალაქში დღიურად და ყოველთვის შოულობს საქმეს, რადგან, რაც უნდა იყოს, ეს ქალაქიც ქალაქია და ათასგვარი მოთხოვნილებები აქვს. ფლატიანელი ერთი ძმა რომ სოფელში ირჯება და შინაურს საქმეს უძღვება, მეორე ქალაქში ადგა რომელსამე ხელობას და ამ ორმაგი შრომით წაღმა ატრიალებენ ოჯახს, პირნათლად იხდიან მოვალეობას. ჯამბრულას ძმა სოფელში ცხოვრობდა, თითონ კი ქალაქში იყო გასული საშოვარზე. მაშინ ცალხელა არ იყო ის, არც ჭაღარა: მარჯვენა ზედვე ჰქონდა ახალგაზრდა ვაჟკაცს. ხელი კი არ იყო დალოცვილი, მანქანა იყო საქებური. იცით, რა მარჯვე იყო და ხვავიანი ის მკლავი! მაგრამ მოსწყდა, დაიმარხა, დაიკარგა: უბედურმა შემთხევავმ უცბად მოამსხვრია ჯამბრულას ხელი. ცეცხლმა გაუარა მაშინ მკლავში. ტკივილი კი არ იყო ის, დადაგვა იყო, ნაკვერჩხლის გატარება ხორცში. გონს რომ მოვიდა ჯამბარულა სახლში იწვა მაზარის ქვეშ. მისგან წვა-დაგვით შეგროვილი ფული, მისი ვერცხლის ქამარ-ხანჯალი, მისი საათი, სადღესასწაულო ტანისამოსი, - სულ იმსხვერპლა იმ უბედურებამ. როდესაც ფეხზე წამოდგა ავადამყოფი, ის მაზარაღა შერჩა, რომელიც ზედ ეხურა. 2 ხეიბარი ადგა ჯამბრულა ლოგინიდან. ღონე მოსდევდა. გული ერჯოდა, გარჯა კი აღარ შეეძლო: იარაღი აღარ ჰქონდა ზედ. იტანჯებოდა. მარცხენა შერჩა, მაგრამ რა უნდა ექნა მარტო იმას, როდესაც მხოლოდ წახმარებას იყო ნაჩვევი და თავისთავად საქმის გაკეთების შნო არ ჰქონდა. დარდში ჩავარდა ვაჟკაცი, თავმომწონე ბიჭი. რომელიც აქამდინ არავის ხელში შემაცქერალი არა ყოფილა, რომელსაც თავიც უცხოვრებია და ყველასათვის შემწეობაც მიუცია, ახლა კი გლახაკი შეიქმნა, სვის ხელში შემყურებელი საპყარი. მალეც გამოსცადა, რა ძნელი ყოფილა სხვის ულუფაზე ყოფნა: ძმა, რძალი, პატარები აქამდინ რომ უალერსებდნენ და მის მზესა ჰფიცულობდნენ, ეხლა განზე გადგნენ, რადგან აღარას გამოელოდნენ მისგან. უბღვეროდნენ, ზურგს უქცევდნენ. წყეული მარიკოც რომ შორს გაუხტა! გუილი კია არა, ქვა სდებია მკერდში გულმკვდარს. ახლა ჯაშიაანთ სოლომონას ეარშიყება. ჯიბის ბარაქა კი ჰქონდა მისგან გამქრალი. ჰაი მუზიკა, ჰაი დაიარა, ჰაი ჯაყვა და ათასი წვრილმანი. ისე როგორ ამოვიდოდა მარიკო ბაზარში, რომ არ ენახა ჯამბარულა და არ გაჰნაზებიყო, ახალი რამ სურვილი არ გაეცხადებინა. მერე რა სწრაფად უსრულებდა ბიჭი ყველა ნდომას! - აღარაფერი ახსოვს. მაინც ყველაფერი ალალი იყოს იმაზე: ბდღვრიალა თვალებში რომ დავჰკოცნიდი, ცხადად სამოთხეში შევდიოდი. რას გიკვირთ? სიტყვა გვქონდა მიცემული. დანიშნულებივით ვიყავით, მხოლოდ მარჯვე დროს ველოდი. ვაჟკაცი ვიყავ მაშინ საიმედო, ეხლა კი ჩენჩო ვარ გამოფიტული, ყიჭო რამ გულგამოცლილი. ვის რად ვუნდივარ! საპყარი იყო ჯამბრულა და ყველაფერი უნდა აეტანა. მოეთმინა; ყველას ფეხქვეშ უნდა დაჰგებოდა, ყველასთვის თვალ-წარბში უნდა ეყურებინა. მერმე რა ძნელი იყო ეს! და მით უფრო, რომ მაინც ცივად ეპყრობოდნენ. ბევრჯელ დაჰგმო ბიჭმა განგება, რომ იმ უბედურ დღეს მთლად არ მოუსპო მას სიცოცხლე. გულდამწვარი კაცი რამდენჯერმე ამოვიდა ქალაქში, მაგრამ აქ უფრო სტკიოდა გული, რადგან საქმეს ხედავდა, სათავისო საქმეს, მისი გაკეთება კი აღარ შეეძლო. იქაურმა ამხანაგებმაც მალე მიანებეს მას თავი; ნახეს დასახიჩრებული და გაშორდნენ. მთლად უხმნარი შექმნილიყო. ქალაქიდან ყოველთვის გულდასერილი ბრუნდებოდა, ბოღმის ცრემლი სდიოდა. ჯალაბისაგან მოძულებულს, ტოლ-სწორისაგან გულაყრილს, სატრფოსაგან მივიწყებულს, ცხოვრების მორევიდან გარიყულ უხმარ ვაჟკაცს ორი გზაღა ედო წინ: სამარისაკენ და მთხოვრობისაკენ. პირველ გზას უარჰყოფდა მისი ძალღონით სავსე სიჭაბუკე, მეორეს - მისი თავმოყვარეობა. მაგრამ ღმერთი არ გასწირავს კაცს ბედისგან განაწირს: ადამიანი რომ გულქვავად დახვდა საპყარს, ვნებამ შეიწყნარა ის, მოწყალებისა ხელი აღუღო მას და მიუპყრა პურიარსობისა სავსებისაგან თვისისა. 3 ჯამბარულას შემოდგომაზე დაატყდა უბედურება და ზამთრის დამლევამდინ ისე აითვალისწუნეს სახლში ეს ხორცმეტი, რომ სისხლი გაუშრეს. გაზაფხულის პირს ხომ მთალდ გაუბოროტდნენ: ყველა შრომობდა, მუშა ხელი ოქროს ფასადა ჰღირდა, ის კი ეგდო კოლოტივით, უსაქმოდ აღამებდა დღეს, ჭამის მეტს ვერას ახერხებდა. ერთ დილას, გაბოროტებულმა რძალმა ისეთი სიტყვები მოაყარა საპყარს, რომ მათი ატანა შეუძლებელი შეიქმნა. გამწარებული ვაჟკაცი გამოვიდა გარეთ და დიდხასნ ეგდო გომურთან ჩაფიქრებული. დააპირა მდინარეისკენ დაშვება, მის ზვირთებში მოსპობა თვის აწ უხმარ და უაზრო ყოფნისა. ვერ გაბედა: მის ძალ-ღონით სავსე არსებას ცხოვრება სწყუროდა და მოსპობის წარმნოდგენამ თავზარი დასცა. დააპირა ქალაქში წასვლა, მთხოვრობის დაწყება, მაგრამ, როცა წარმოიდგინა, რომ ხელი უნდა გაეწოდა ნაცნობ ქუჩებში ნაცნობი ხალხისათვის - იმათთვის, ვისგანაც მხოლოდ კუთვნილი სასყიდლის მიღებას იყო ჩვეული, სირცხვილმა დაწო, ალმური აედინა. ადგა, გასწია უაზროდ ტყისაკენ. თოვლი გამდნარიყო, მიწა კი ჯერ არ გამშრალიყო, ნიადაგს ისევ ეტყობოდა ღვარის ნადენი. ენძელა მოპურებულიყო, აღარ ხასხასებდა, წითელ იას მოეფინა მინდორი, აქა-იქ - ყუდროზე ნამდვილი იაც გაშლილიყო და მორცხვად იღიმებოდა. მიწა ყველგან აფუებული დახვდა, ნაყოფის გამოსაღებად გამზადებული. ახლად გამოღვიძებული ბუნება ჯერ ისევ იშმუშნებოდა, ტკბილ ოცნებას ვერ გამორკვეოდა, იმედებით სავსე იღიმებოდა. ჯამბრულამ გაიარა ბუწკნარი, შევიდა აყრილ ტყეში, შეყვა ხევ-ხევ. ხევში აქა-იქ ისევ იდო ნაქერი; გაყინული ნაპირი აჰხლეჩოდა მას და იქიდან ჟონავდა ნადნობი. გაჟღენთილი მიწიდან ბალახ-ყვავილს ამოეღო თავი. ტყის პირში რომ ხეებს ფოთლებიც გამოტანილი ჰქონდათ, აქ მხოლოდ ეხლა გახლეჩილიყვნენ დატენილი კოკრები და ოდნავ ჰმოსავდნენ შემწვანებულ ყლორტებს. ირგვლივ გაზაფხულის სუნი იდგა - სუნნელება, რომელსაც გამოსცემს ნაყოფის გამოსაღებად გამზადებული ბუნება და რომელიც ისე ადუღებს ძარღვებში სისხლს. გაფურჩქვნის ხანს ყველა სულდგმული გამოსცემს, როგორც ყვავილი რამ, ახალ სიცოცხლის მომასწავებელ სუნნელებას და იგი სუნნელება ეშხზე მოიყვანს სხვას. არ გიგრძვნია ეს? ჯამბრულას მოეწონა ანკარა ნაკადი. ჩამოჯდა ჯირკზე, ეხლაღა იგრძნო დაღალვა; მუხლებმა ჟუილი დაუწყეს. მოშივნოდა კიდეც, მაგრამ ლუკმა არა ჰქონდა თან: ისეც ეხათრებოდა ძმის ოჯახში პურის აღება და დღეს ხომ რა ჭამისას სცხელოდა, როცა ისე გამწარებული გამოვარდა შინიდან. აქა-იქ ტყის ჩიტები ხმაურობდნენ. ცის სივრციდან წეროების ყრიტინი მოისმოდა. - ნეტაი თქვენ, რომ უზრუნველადა ცხოვრობთ! - შეჰნატრა ჯამბრულამ, - გამჩენელს უხვად განუბნევია თქვენთვის სარჩო, ყველა ხე ან კლდის ნაპრალი ბინად მოუცია. -ცოტა სჭირიათ იმათ: მარცვალი და წყალი. მაგრამ განა ადამიანს არ შეუძლია მცირეთი დაკმაყოფილდეს. თუნდა მე! ნეტა ლუკმა პურის შოვნა შემეძლოს, თორემ, ღმერთს როგორ დავგმობდი ან კაცს როგორ შევაწუხებდი. ვიცხოვრებდი ჩემთვის ტკბილად, ვაი, რომ მომესპო ცხოვრების ყველა სახსარი! ფრთამოტეხილ ფრინველს ვგავარ. აბა მოფშვნიტეთ მხარი, რომელსამე იმ წეროთაგანს, თუ ლაჟვარდ ციდან ქვასავით არ დაეშოს ტალახში და შიმშილით არ ამოხდეს სული. ვაჟკაცს უფრო აერია დარდები, გული ამოუჯდა თვალთ ცრემლი მოიდინა. -რა ვარ ეხლა მე? მოტეხილი ხე დასალპობად დადებული. ვის რათ ვუნდივარ, ვის რით ვარგივარ, ან ჩემ თავს ან სხვას? არავის! არაფრით! როგორც ეს გადაჩეხილი წიფელი, რომელიც დახავსებულა, ლპობა შეჰპარვია. ჩალპება კიდეც უსარგებლო. ტყვილადღა უჭირავს ადგილი, ტყვილად! 4 უყურებდა ჯამბრულა დაყანდებულ წიფელს, ცნობისმოყვარეობით ათვალიერებდა. თითქო პირველადა ხედავდა აბრუნებულ ხესაო. ამ თვალიერების დროს, ხის ქვედა მხარეზე ახლად ამოფუჩფუჩებულ სოკოს მოჰკრა თავლი. ამავე დროს ჯამბრულას გაუელვა სასიკეთო აზრო და იმედის შუქი გაუკვესა უნუგეშოდ ჩაბნელებულო გულში. მივიდა, ხელი შეახო ნაზ სოკოს, უსუნა, გემოდ ნახა. ისე ნაზად ეხებოდა სოკოს ბუნჯგალს, თითქო შუქის სიფრიფანა რამ უჭირავსო ძვირფასი. მოიხადა ქუდი და მადლობა შესწირა ზეცას. - დაილოცოს, უფალო შენი სამართალი, რომ არ გასწირავ კაცს და შენ გაჩენილს შენვე დაარჩენ! ჯამბრულამ ფრთხილად დაკრიფა სოკო; სულ ქორფები დაარჩია; ჩაიწყო მაზარის კალთაში და სიყვარულით შეხედა დახავსებულ წიფელს. - ხომ მოჩეხილხარ და მიწაზე გდებით დამპალხარ, მაინც გამოსადეგი ყოფილხარ, სიკეთის მოტანა შეგძლებია; მე კი მთალად უხმარი რამ მეგონე, ქვეყანაზე მეტ ბატგად დადებული. ჯამბრულამ გასწია ქალაქისაკენ. ეხლა ჩქარის ნაბიჯით მიდიოდა. სიმაგრე და სისწორე აჩნდა მის ნაბიჯს, განსაზღვრულ საქმეზე მიმავალი კაცის ნაბიჯი იყო. ქალაქში პირდაპირ იმ ოჯახს მიატანა, სადაც კიდევ ახსოვდათ ჯამბრულა და მისი მარჯვე სამსახური. ბატონმა გასინჯა სოკო, გახედ-გამოხედა მას, ასუნდასუნა თავისი მოქნილი საყნოსელით და ორ აბაზად დააფასა მინატანი; თანაც შეაქო ჯამბრულას მხნეობა, მოუწონა იმას, რომ მთხოვრობას არ მიჰყო ხელი. ჯამბრულა ხალისიანად დაბრუნდა სინ და რძალს გაუწოდა ფული. ეფენამ ჯერ გაკვირვებით დახედა თეთრს, მერე ზიზღი დაეტყო სახეზე და ტუჩები დაებრიცა: ორი თითით აიღო ფული ისე ფრთხილად, თითქო ეშინოდა, რამე მწივლი არ ამყვესო. - გიწყალობეს? მოითხოვე? ახლა უნდა თქვან, ალუდაანთ სახლიდან არის ეს გლახაო: შენისთანა ბედშავისაგან უნდა გატყდეს ჩემი ოჯახის სახელი. - არ უწყალობებიათ, არც მითხოვნია მოწყალება. - მაშ ალბათ მოიპარე სადმე. - რას მაწუხებ, ადამიანო, და ცდილობ უფრო დამჩაგრო?! როდის გინახამ ჩემ ხელში ნაარმევი, რომ ეხლა ეჭვი მოგაქვს? ღმერთმა შემაძლებინა შრომით ვიცხოვრო: სოკო გავყიდე და იმისი ფასია. - მართლა, ბიჭო?! ყოჩაღ! - გაუღიმა რძალმა და ჩაიდო ფული ჯიბეში. 5 იმ დღიდან შეეჩვია ჯამბრულა ტყეს, დაუახლოვდა მას, გაიცნო, შეისწავლა. აქამდინ ხომ ხეების გროვა ეგონა ის უბრალო, ეხლა ნახა, რომ იქ თავისებური ცხოვრება ყოფილა გადაშლილი, ჰაზრით სავსე ცხოვრება, ადამიანთა ბრბოსათვის საგულისხმიერო. აქ განიცადა ჯამბრულამ ხელ შეუხებელი ბუნება, შეურყეველ-შეუმწიკვლელი - ისეთი, როგორიც გამოვიდა დამბადებელის ხელიდან. იქ აეხილა ჯამბრულას გონების თვალი, ჩამოეცალა მის მხედველობას ამაო ზრუნვათა მტვერი და მიჰხვდა, რასა ჰნიშნამს ის როდესაც ქმნილება გრძნობს მისადმი მინიჭებულ არსებობის სიკეთეს, როდესაც იგი ნეტარებს ამ მისდამი მისდამი მინიჭებული არსებობით: შეჰსტრფის და შეჰხარის მცენარე ცხოველმყოფელ მზეს, მისკენ იწვდის ტოტებს, მისკენ მიილტვის მთელი თავისი არსებით; იგი დაჰხარის ჩახჩახა ნაკადს და მადლობითა სვამს მაცოცხლებელ ნამს; იგი სურვილით გადაუშლის გულ-მკერდს უცხო შეზავებულ ჰაერს და ხუჩხუჩებს მის სიწმინდეში. სხვა არა უნდა რა ამ ახოვან წიფელს, ოღონდ ნუ მოაკლებთ მიწას, სინოტიეს, ჰაერსა და მზეს. და რად უნდა მოაკლოთ, როდესაც ეს ყველაფერი მრავალი მოუმადლებია გამჩენელს და ყველასათვის საკმაო? რად გინდათ დაიშოროთ ვისთვისმე ესე უხვად მონიჭებული კეთილი? მიეცით მაგ მშვენებას ნება ცამდინ აღიპყროს ტოტები, ჩაეკონოს დედამიწას ფესვებით და ინეტაროს! მიეცით ამის ნება ახოვანს და იმსახურეთ: ინებეთ მისი ნაყოფი, მოიჩრდილეთ მის ქვეშ. იცით რამოდენა სულდგმულს აძლევს ბინას და საზრდოს ის ბუმბერაზი? არა კმარა ყველა ეს! მაშ შეეხეთ იმასაც: დააჭერით შტოები, მთლად დაასხიპეთ, ოღონდ თითონ მას კი ნუ მოუსპობთ სანეტარო არსებობას! აგერ მწყაზარი ირემი, მშვენიერი ქმნილება ღვთისა! ნეკერ-ბალახი, ნამი და ჰაერი; სხვა არაფერი უნდა იამს, რომ იხაროს და დაამშვენოს ტყე. რად გინდათ გადაუშალოთ მას ყოფნა, როდესაც ეს ყველა ღვთისწყალობა მრავალია მოფენილი ქვეყანაზე? ნუ მოუსპობთ მას სიცოცხლეს, ნუ აატირებთ! იცით, როგორ შეჰხარის ის თავის არსებობას?! ამათ მიჰბაძეთ! ნუ ინებებთ მიჰბაძოთ სისხლისმსმელ მხეცებს, მიელტოდეთ სხვის ვნებას. მაგრამ თქვენ მტაცებლებსაც გადააჭარბეთ: აღარ გეკიდებათ ძღომა; ჰფლეთთ დაუცხრომლად და ჰსრუტავთ სისხლს, ისე ჰბდღვნით და ხვეჭავთ გარშემო, თითქო ათასი წლის სიცოცხლე მოგელოდდეთ; ისე არ ინდობთ არავის, თითქო დედამიწა მხოლოდ თვენთვის იყოს დაარსებული. გსურთ ყველა სურვილი დაიკმაყოფილოთ, თითქო შეიძლებოდეს ნდომის დაოკება, თითქო სურვილები უფრო და უფრო არ იზრდებოდნენ და არ ძლიერდებოდნენ, როცა უთმობთ მათ. ნდობა ხომ ჭიაკოკონაა, რომელიც უფრო ძლიერდება, რაც მეტს აყრით ჩალა-კაჭაჭს. სამარის კარამდინ ბრძოლა-დრტვინვაში ატარებთ სიცოცხლეს და აღარა გცალიანთ დასტკბეთ ან თქვენდამი მონიჭებულ არსებობით, ან ქვეყნის სიმშვენიერით. ვაი თუ, უკანასკნელ ჟამს აგეხილოთ გონების თვალი და ჰნახოთ, რომ მთელი სიცოცხლე მხოლოდ მზადებაში, ცხოვრებისათვის მზადებაში დაჰლიეთ. მაშინ ინატრებთ კიდევ ერთ წუთს, მხოლოდ ერთ წამს, რომ იხილოთ და იგემოთ სიტკბოება არსებობისა და არსათა მშვენიერება, მაგრამ ვეღარ მიხვდებით ამას და გამოუთქმელი სევდა მოიცავს თქვენ გულს, განუსაზღვრელად დაგნანდებათ ფუჭად ჩავლილი ცხოვრება, სინანულის ცრემლები აგითრთოლდებიან წამწამზე. მომისმინე, საყვარელო, მერწმუნე! პირისპირ ვიხილე სიკვდილი და არარაობა ვიგრძენ ყველა ეს. - აღარა მინდა რა, ჩემთვის აღარაფერი მინდა! მაზარა და ლუკმა პური მასულდგმულებენ მე და კმარა! მსურს მხოლოდ დავტკბე იმით, რომ ვარ, დავდივარ ამ მშვენიერ ქვეყანაზე და შემიძლიან მისი მზერა. გგონიათ, ცოტაა ეს? დიდი ზღვაა ეს ნეტარებისა. ღმერთს რომ ჩემთვის ყოფნა მოუნიჭებია, ვტკბები ამ ყოფნით და გული მიღიმის. მსურს, სხვებიც ტკბებოდნენ თავიანთ არსებობით, - უმღერდეთ გული. 6 შეიცვალა ჯამბრულამ ცხოვრება: წინათ რომ თვალი რჩებოდა ჩაცმა-დახურვაზე და ცხენ-იარაღზე, ეხლა მაზარას და შვინდის ჯოხს ანაცვალა თავის მისწრაფებები; ადრე რომ საჭმელს იყო შეჩვეული და არ მოსწონდა, საცა ნაირ-ნაირი არა მზადდებოდა, ეხლა ხმელ ყუასაც ქადასავით შეექცეოდა, მეტადრე ანკარა წყალში დამბალს; უწინ რომ მტკაველ მიწისათვის მეზობლებს ეტანებოდა და გულზე სკდებოდა, როცა სხვის წარმატება ესმოდა, ეხლა ყველა ამას ზურგი შეაქცია: დაინახა, რომ მის სამკვიდერბლად ქვეყანაზე სამი ადლი მიწა კმაროდა. ცდილობდა რაც შეიძლებოდა ცოტრა ადგილი ეჭირა საძმო სახლში, რომ უფრო მცირედ შეენიშნათ ის, ფეხქვეშ არავის მოსდებოდა ძმის ოჯახში, არავინ შეეწუხებონა იქ. მაინც იშვიათად არის ჯამბრულა შინ. მთელ დღეს ტყეში აღამებს. ბევრჯელ ღამესაც იქვე ათევს: თავშესაფარი ადგილები იცის. როცა ბუწკნარს ასცდება და საირმე ტყეში ავა, მაშინღა ამოისუნთქებს თავისუფლად. წინდაწინ ნადირისა ეშინოდა და ეს უმღვრევდა სიამოვნებას, ეხლა ეს შიშიც გადიყარა გულიდან. - უვნებელ ცხოველებს მე არას ვერჩი და ისინიც შემეჩვივნენ აღარ მიფრთხიან; საშიში მხეცების ხასიათი კი შევისწავლე და ადვილად ვახერხებ ავცდე მათ, ან გავაქციო ხმაურობით, თუ მეტი გზა არ არის. მოეწონება ცალხელს რომელიმე ლაღად აზრდილი, ცამდინ აწვდილი ზე და წამოწვება მის ძირას. ხშირ ფოთლებშუა მაინც მოჩანს ლაჟვარდი ცა. მზის სხივები მხოლოდ სასიამოვნოდ ანათებენ და ათბობენ აქ, მათ სიმწვავეს კი ვერა გრძნობს კაცი: ტყის ჩრდილი და სინოტიე აქარწყლებს მათ სიცხეს. - რა გრილა, სასურველო! იქ, ტყის იქით კი, სიცხით იწვის ხალხი, გახურებულ ჰაერთან მტვრად ნაქცევ მიწა-ნაგავს ჰყლაპოავს და იშხამება. ბუღი დგა იქ სიმყრალისა და ადამიანს სუნთქვას უხუთავს. ხვირქლში ცურავს იქ ადამიანთა ბრბო, ღელავს გალექებული, იბრძვის ბრბო, მისდევს შესაძენს, რომ გული იჯერეოს და იხაროს, კმაყოფილება კი გაურბის მას, გულის სისრულე კი ვერ შეუპყრია, როგორც აჩრდილი რამ. რა იცის ბრბომ, რა ახლოა მასზე ნეტარება ან ვინ დააჯერებს მას, რომ იგი მისდევს მხოლოდ მოჩვენებას, რომელიც ქაქანით მიიყვანს მას სამარემდინ და იქ შემზარავ ხარხარს დააყრის თავს. ჯამბრულა ხედავს ფოთლებშუა თეთრ ღრუბლებს და მათთან ნავარდობს ცის სივრცეში; ის ყურს უგდებს ფოთლების შრიალს და ესმის რაზე საუბრობენ ისინი: ისინი დაჰნატრაიან თავს, რომ არსებობენ, თბებიან მზის სხივებზე, სუნთქავენ ტურფად შეზავებული ჰაერით, სვამენ ზეციურ ნამს, მადლობენ შემოქმედს, რომელმაც მიანიჭა მათ ყოფნა. სიყვარულით უმზერს ჯამბრულა ხის ბუმბერაზ ღეროს და ამაყობს მის ძლიერებით, უხარიან, რომ წინააღმდეგნი ძალნი ვერ შეჰმართავენ მას, ვერ შემუსრავენ; ესმის მასაზრდოებელი ნამის ჟუჟუნი ამაყ ღეროში და სურვილით ჰკოცნის დედამიწას, რომელიც აძლევს საზრდოს ყოველ არსებას - როგორც ამ ტყის მშვენებას, ისე იმ პაწაწინა ჭიას, რომელიც აფერადებულა სიხარულით და აგერ მალხაზად მიგოგავს ბალახზე. - ახ! ნეტავ განუწყვეტლივ მამყოფა ამ ღვთის წყალობაში, ნეტა გამრია ამ არსებებში, შემაერთა მათთან განუყრელად, ისე კი, რომ არ დამეხშოს გონების თვალი, რომ ვხედავდე, ვგრძნობდე ჩემ ნეტარებას. მაგრამ ჯამბრულას არ შეეძლო სამუდამოდ ტყეში დარჩენილიყო: ღამდებოდა და უნდა დაბრუნებულიყო შინ. ბინდბანდირს რომ შინ მიდიოდა, მისი გონება ისევ იქ იყო, უდაბურ ტყეში, და ბაგეზე ღიმი უქროდა, სახეს ნათელი ეფინებოდა. მეტად ძნელი იყო ჯამბრულასათვის ზამთარი. კიდევ კარგი, რომ დიდხანს არა გრძელდებოდა ის. ზამთრობით ის გომში ბუნაგდებოდა, რომ კერასთან ადგილი არ დაეჭირა და ვისმე თვალის ეკლად არ მოსჩვენებოდა. მაინც ვერა სძლებდა ისე, რომ რამდენჯერმე არ დაეხედნა ტყისათვის, ვერ გაეძლო უიმისოდ, როგორც შეკვეთილს, გაიკვლევდა ნამქერში გზას თავის ნაცნობ ახოვნებისაკენ და მიესალმებოდა მათ, ანუგეშებდა ახალი ცხოვრების მოლოდინით, როდესაც, ცხოველმყოფელი მზე დაუბრუნდებოდა ტურფებს და აამწვან-ააყვავებდა მათ. 7 დატრიალდება თუ არა ჰაერში გაზაფხულის სუნი, ჯამბრულას გული გაეღება, სევდა გაულხვება, გულს მოეშვება, კაეშანი დაუდნება და იმედთა მიმშრალ-მიმქრალი ნაკადი ნუგეშით აევსება, აუპირთავდება, აუღელდება. ხედავს ცალხელი კეთილის მოახლოებას და სიხარულით გული უძგერ-უმღერის; მთელი თავისი არსებითა გრძნობს ბუნების განახლებას და თითონაც ახლდება, ხალისდება. დაბლობში რომ თებერვალშივე იწყება გაზაფხული, მწვერვალებს თიბათვეში ძლივს მიაღწევს, ისე რომ როცა თხილიანში გაზაფხულია, აყრილ ტყეში, იალაღებთან, მაშინ იშლენა გაზაფხულის ყვავილი და იფურჩქნება ტყე, ფოთლით იმოსება თვალჩაუწვდენელ ღრანტეებში ჯერი ისევ დნება თოვლის ნამქერი და არც კი გადაშილილა ღანძილი. ჯამბრულა სარგებლობდა ამით და როგორც დიდმარხვის პირველ კვიარაში, ისეც კალოობას, სიცხე-პაპანაქებაში ჩამოჰქონდა ტყიდან ახალ-ახალი სოკო. ქალაქში რომ სიცხით გულშემნოყრილი ხალხი ყინულსა და სარდაფებს ეტანებოდა, იქ რომ ბუღი და მტვერი ხეს ფოთოლს უხრუშტავდა, ჯამბრულა საღამ-საღამოობით გაიძახოდა: სოკო, სოკო! და იცით, რა სოკო მოჰქონდა, იცით რა სოკოს ამოალაგებდით, ფრთხილად რომ გადასწევდით ბუერის ფოთლებს? გრილს, როგორც წყაროს წყალს, სუფთას, როგორც ცის ნამს, ფაფუკს, როგორც დუმას კარაქივით გემრიელ სოკოს! მე ვიცი, ჭია ეყოლებოდა! ჯამბრულა ერთი შეხედვით იცნობდა სხვა რამ სულდგმულისაგან შელახულ სოკოს და ხელს არ ახლებდა იმას; მხოლოდ შეურყეველ რასმე ჰკრეფდა. - სოკო ჭიის ლუკმაც არის და თუ იმან მიმასწრო, ხელს აღარ ვახლებ: რად მინდა სიცოცხლე მოვუსპუ სულდმულს, ან გუნება ავურიო ჩემ მუშტარს?! ჯამბრულამ კარგად იცის, რომელი ხის სოკო უფრო გემრიელია და ნიშანდობრ ახსოვს დაყანდებული ხეები; იცის, რომელი ხისაგან როდის უნდა მოისთვლოს ეს ნაყოფი და როგორც გაზაფხული იწევს თანდათან ზევით, ისეც ჯამბრულა აღმა მისდევს მთას საშოვრისათვის. სოკოს შესაგროვებლად ორი კალათა აქვს ხურჯინში ჩამაგრებული, გასასყიდად კიდევ ხოკერი უჭირავს ხელში. ეს ხოკერი საწყაოა და იმის ფასიც განიხრულია: უხვობის დროს ორ შაურად ჰყიდის, სიმცირის დროს კი აბაზამდინ ადის მისი ფასი. კალათებს ძირში ჩადუნას უფენს. ხომ გახსოვს, რა დიდ ხანს ინახავს ჩადუნა ტყის სუნნელებას? ზევიდან ბუერას აფარებს, ცივი წყლით ნაპკურებ ბუერის ფოთლებს და იმისთვის არის, რომ მისი ჩამოტანილი სოკო პაპანაქებაშიაც ისევ საღია და სუნნელი! მიდის ჯამბრულა მძიმე ნაბიჯით ქალაქისაკენ და თან მუშტარზე ფიქრობს, საზრამს, ვის უნდა მიჰყიდოს დღეს სავაჭრო; ვარაუდსა სწევს, ვინ რამდენს აიღებს. - ზევით ქუჩაზე წავალ, ქვეით ხომ იმ დღეს გავატარე. ნისლიშვილის მეუღლე გადმომძახებს აივნიდან; ერთ კიბეზედაც არ ჩამოსდგამს ფეხს. მთელ კალათს დამაფასებინებს, მეჩინჩება, არ კი იყიდის; მარტო ერთ საწყაოს აიღებს. ან რად უნდა მეტი? სუბათ არიან, ერთი ყმაწვილიღა დაცანცალებს ოჯახში. ბუერის ფოთოლსაც თან გააყოლებს, ესეთი ჩვეულება აქვს. ეჰ. სიბერე შეეპარა, ღაბაბი გუდა ლეღვივით ჩამოეკიდა. მერმე ეკალაანთ ნენე მომეგებება წინ. გასტეხს სოკოს, გემოთ ნახავს, დაიწუნებს; მაინც იყიდის. რამდენსამე გროშს დამაკლებს. ყველას ესრე უშვრება ვისგანაც რას იყიდის. რად უნდა?! ისეც დოვლათზე ზის. - ოსანა გაიგონებს ჩემს ძახილს და გამოვარდება. ნეტა ავცდებოედე! რა შავია, რა წვეტია, რა შამფურაა! აფსუსი არ არის, ი ბეგივით ქმარი ადგა თავს ყურთმაჯშეყრილი. - გაუმარჯოს ბატონ თენგიზს! - აა, ჯამბრულ, შენა? ხმა დაგხრინწებია, მგელი ხომ არ დაგინახამს? აბა მიჩვენე სოკო. კარგია, კარგი! რა მოგცე ხოკერში? - აბაზი, ჩემო ბატონო! - როგორ შეიძლება! ამ შუა ზაფხულში რა დროს სოკოა, რომ ძვირადაც აფასებ. - ტყუილად მევაჭრება ბატონი თენგიზი. ეს თითონაც იცის ბატონმა; იმის სახლში მისი ცოლია პატრონი და ეგ უიმისოდ ერთ ბლითსაც ვერ უყიდის თავის ბალღს. - უთუოდ გავუვლი დარიკოს. რა თეთრია, გამჭვირვალე! რა ფაშფაშაა! გული მიდარის მის დანახვაზე. რა კეთილია! უთუოდ მომიკითხამს, სიკეთეს მისურვებს. ნეტა გრძნობსღა მისი ქმარი, რომ სამოთხისთვის მოუხვევია ჩხიმალა მკლავები? - სოკო, სოკო! 1902 წ.