სიძველენი
Appearance
სიძველენი ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე |
ნახე ნანგრევთა ქვები დიადი:
რა სიმაგრეა მასში ჩართული.
ო, ეს ჩუქურთმა, ეს იშვიათი
შვენება, სივრცით შემოკვართული.
იმ საუკუნის, იმ მეთორმეტის
დიდებას - თამარს რომ აწერს ყველა -
სიმაგრეები მაღალ ორბეთის
ძველია, მაგრამ რამ დააძველა?
კედლები ციხის აოცებთ მნახველთ,
მძლავრი დუღაბით მტკიცედ ნაგები -
ასე ურყევი ძალით რომ მოსავთ
გარედან მსხვილი ქვის პერანგები.
არა ამაოდ იგი ნაშთები
წარსულმა აწმყოს შემოაჯარა:
სჩანდი, სჩანხარ და უფრო გაჩნდები
ქვათა მშვენიერ ხმებში, აჭარავ!