Jump to content

სამჭედლოში

From Wikisource
სამჭედლოში
ავტორი: გიორგი ქუჩიშვილი
1923 წელი


ცეცხლმა
ქურა გაახურა,
აშიშინებს ცეცხლი
რკინებს;

ყველამ ქურას
მიაშურა,
ყველა ძმურად
დაჰყიჟინებს:

დაჰკათ,დაჰკათ,
თორემ
რკინა გაცივდა და
გაიყინა.

ტაკატუკი!
დაგადუგი! -
გადავადნოთ
შრომის ურგი!

ვისაც უქმად
უყვარს ჯდომა,
ჩვენ შორის ვერ
იბოგინებს!

ვაშა, ვაშა
გარჯა-შრომას! -
გაუმარჯოთ
შრომის გმირებს!

ტაკატუკი!
დაგადუგი! -
ცეცხლს შევუნთოთ
ყველა ურგი!

რეკავს კვერი,
ცეკვავს ჰანგი,
ბაგაბუგი
გააქვსუროს;

გადამიტყდეს
ხელში ჩანგი,
თუ მეც მათ არ
ვემსახურო!

დაჰკათ! დაჰკათ
მამაცურად!
ერთსულოვნად,
მხნედ და ძმურად! -

სჭექსქარგალი
ხმამედგარი
და პერანგით
ხვითქშისცურავს.

- ტაკატუკი!
დაგადუგი!
ძლიერდება
ცეცხლის ბუღი!

- დაჰკათ! დაჰკათ
გაბედულად!
დე, ჩვენი ხმა
ჰქუხდეს ძმურად!

და ქურა კი,
ქშინავს ქურა,
მხიარულად
გრგვინავს ჭერი,

ყველას მკერდი
შეემურა,
ყველა ძმურად
ოფლს ღვრის, მღერის!

რეკავს გრდემლი,
ცეკვავს კვერი,
ნაპერწკლების
დგება მტვერი

და ოსტატიც
მკლავშიშველი
დაჰყიჟინებს:
- მარჯვედ, ხელი!

და ამ ხმაზე,
მტკიცე ხმაზე,
კვერის ყოველ
მხნე დარტყმაზე, -

საბერველი ქშუის,
ქშინავს,
ნაპერწკლებიც ფრინავს,

ბრწყინავს,
და იქმნება
შრომის ქება,
მუსიკა და აღტაცება

- დაჰკათ,
ძმებო, ძმებო,
დაჰკათ! -
სჭექს ქარგალი,

ფიცხი, მალი
და ედება
ცეცხლის
ალი!

- ტაკატუკი!
დაგადუგი!
აღიგავოს
ქვეყნის ურგი!

ქშინავს ქურა,
გრგვინავს ჭერი,
ჟღერის, მღერის
გრდემლზე კვერი.

- მალე, ძმებო!
აბა, მალე!
დაჰკათ! დაჰკათ,
გენაცვალეთ!

- ტაკატუკი!
დაგადუგი! -
გავამაგროთ
ფრონტის ზურგი!

- ეგრე, ეგრე!
ჩქარა, ჩქარა!
ხედავთ,
მზეც კი
გადიხარა!

- დაგადუგი!
ბაგაბუგი!
დაიბუგოს
ჩვენი ურგი!

ქშინავს, გმინავს
საბერველი,
დღეც ხალისით
გაიპარა;

ჰა, მანქანაც,
სოფლის მხსნელი, -
შაბაშ, ძმებო!
ბარაქალა!

ქშინავს ქურა,
გრგვინავს ჭერი,
ჟღერის,მღერის
გრდემლზე კვერი!

- მალე, ძმებო!
აბა, მალე!
დაჰკათ დაჰკათ,
გენაცვალეთ!

- ტაკატუკი!
დაგადუგი!
გავამაგროთ
ფრონტის ზურგი!

და შენც, ქურავ,
შრომის ქურავ,
დაისვენე,
დადექ, კმარა!

აღარ ჟღერის
გრდემლზე კვერი,
საბერველიც
აღარ ქშინავს,

და დაყრუვდა
ყველაფერი,
ცეცხლმაც
ფერფლში მიიძინა,

ვალმოხდილნი,
კმაყოფილნი,
მხიარულად
მივალთ შინა!