საახალწლო
საახალწლო ავტორი: ვაჟა-ფშაველა |
1889 წელი |
"ივერიას"
გიხდება სიდარბაისლე,
წინდახედული დინჯობა,
არად გაწყენდა, ხანდისხან
გამოგეჩინა ფიცხობა.
ილია ჭავჭავაძეს
რასაც კი ხელი ჩასჭიდა,
გამოდის მეთაურიო,
დიდს მანძილს მალე გაივლის,
როგორაც ბედაურიო.
სათავად-აზნაურო ბანკს
ბარათი დამიწერია,
ზედ მომიწერავ ხელია,
ვინც "პროცენტს" არ შემოიტანს,
დღე დაადგება ცხელია.
ნიკოლაძესა და "ლისტოკს"
ნ ი კ ო ლ ა ძ ე: აჰა, წაიღე, იხმარე,
როგორც ნაღვაწი თავისი.
ხ ა ჩ ა ტ ა: მე შენი რჩევა რად მინდა,
ჭამა მეც ვიცი ფლავისი.
ქართულ "ტრუპპას"
ახალ პიესად გვაუწყეთ
"ხანუმ" და "ხათაბალაო",
ტრუპპასა რეჟისორითურთ
არ აგცდათ ხათაბალაო.
პ. უმიკაშვილს
ერთს ეპისტოლეს ვამზადებ,
მთის ქალთ ვაცნობო ყველათა;
ისწავლონ ხალიჩის ქსოვა,
როგორც ყოფილა ძველათა.
ვლ. ა–შვილს
ღმერთმა ჰქნას, მეფერეობამ
არ დაგიკარგოს ფერია...
ყვავსაც უშველოს უფალმა,
დააჭერინოს მწყერია.