რუსთველის პროსპექტი
რუსთველის პროსპექტი ავტორი: ლადო ასათიანი |
1941 წელი |
ის, შენობებში ჩამჯდარი თეთრად,
დიდი რუსთველის სახელს ატარებს,
მოდიან, მაგრამ მასთან შეხვედრა
ვერ გაუბედავთ ქუჩებს პატარებს.
ყოველი ქუჩა კაცის თვალებით
მოდის აქეთკენ და გზას უნდება,
მოვა, შეხედავს მას მოკრძალებით
და მერე ისევ უკან ბრუნდება.
ზოგი წარსულის ამბებს მოჰყვება:
როგორ იწვოდნენ ცეცხლში, ღადარში,
ვახუშტის ქუჩა მტკვარს გამოჰყვება
და მოშორებით ეტრატს გადაშლის.
ბესიკის ქუჩა ამბობს შაირებს,
მარტო სიმღერა არ დამშვენდება, –
და ჭავჭავაძის ქუჩას ჩაირევს,
თვალს გააყოლებს და გაჩერდება.
ზოგიც ბუტბუტით, – როგორ დავბერდით, –
(მარადი ყრმობა სურდათ მოხუცებს)
და შურთ რუსთველის პროსპექტის ბედი
ჩახრუხაძის და შავთელის ქუჩებს.
შურთ, მაგრამ მაინც მოდიან დინჯად,
შნოსა და იერს ჰმატებენ ქალაქს,
და როგორც ერთხელ დასახულ მიზანს,
ირგვლივ უვლიან უწმინდეს ალაგს.