რუსთაველ!
რუსთაველ! ავტორი: ალექსანდრე ორბელიანი |
1853; ჟურნალი ცისკარი #1 |
ყოვლის ზეციურის მადლით გაბრწყინვებულო,
და ანგელოზებრ წმინდად ამომსუნთქმელო.
ნეტავი მითხრან, ანუ ზეცითგანა გადმამძახონ,
ვინ გადმოაქცია შენზედ, მეტათ კარგი უცხოება ნეტარებისა!...
ვინ მოგიტანა დიდსულოვნების რტო სასუფევლიდგან?
ვინ გადაიპო თავისი გული ლესულ ალმასითა,
და იმაში ანთებული სიყვარული ვინ გაჩვენა?
ვინ გაჩვენა მომფრინავი სული დავნებული სურვილითა.
ვინ გაურია შენს მტკინვარეს ცრემლში აუარებელში სიტკბო...
ის ცრემლი რომლის მაღაროში შეგუბებული მეტათ წმიდა განბროლვილი?
ის ცრემლი, რის ემბაზით მიაქვს ცის კამარის მოსარწყავათ მთვარე სრულსა?
რომელს მინდორზე ილოცავდი, რომელ ცთომილთა მოგფინეს მზის პოდირი?
რომელს მდინარეს მოითხრობდი შენს გულის წადილს?
რომელ მკურნალმა გასო წამლად უკვდაება შენ?
როგორ საიდან ტკივილი სცან სოფლის გულისა?
ნეტა რად ილმე ტკინვა მისი დაუდგრომლისა?
—
რომლის სამოთხისა ყვავილების სურნელებით ავსილი ხარ?
რომელ მხრის ედემისა წყარო გისომს?
რომელს სანუგეშოს წალკოტში ხარ აღზდილი?
რამდენი გვარი მფრინველები ყოფილან შენთან მოსაუბრედ?
რამთენი ბრძენისაგან დალოცვილიხარ?
რომელს ზდილობიანს საზოგადოს ეკუთვნი შენ?
ვინ მოგართვა მხედრობისა განმკვეთელი ბასრი ძრიელი!
ის რა ტყე არის შენგნით მოლბენ მხეცნადირნი გააფთრულნი?
ის რომელი გველი იყო შენ წინ კრძალვით ამოწკრიტა გესლი თვისი?
იყო სადა, და ვინ გითხრა?-„აგერ ხედავ? ცა პატივს გცემს ღრუბლის გრგვინვით!”
იმ დროს სიგრილის ცვარიც მოვიდა გულსა შვებელი?
ვინ გასწავა ცხოვრებისა წესი, - მეგობრობა, - და ზნეობა?
სიხარულით და სიკეთილით მოზღუდული, - სცურავ სიამოვნებასა შინა!...
სიმდიდრე და დიდება სულ არა ჩანს არად შენთან.
ჩანგებნები და ყოველი სამუსიკო შეგამკობენ.
მგალობლები და მომღერალნი შემოგტრფიან.
რა უნდა იმ შენს მტერსა დავითს შენგნით?
შენი შურით თავისი ქნარი უკიანეს ზღვაში გადაუგდია,
და მწარეთ დასტირის საწყალი ზედა....
—
აი, ეხლა მესმის მთელი ქვეყნის ლექს-მგოსნების ღაღადება,
მარამ რუსთაველის ხმოვანება უფრო აღმატებულია და
სატრფიალოა იმაზე!
—
თ. ალექსანდრე ვახტანგის ძე ჯ. ორბელიანი.
9 ივლისს 1852-სა წელსა,
ალგეთის ხეობაში წ. სამების მთაზე.