პატარა ქველმოქმედი
პატარა ქველმოქმედი ავტორი: დუტუ მეგრელი |
პატარა ქველმოქმედი
მართამ გააუთოვა ერთი წყება სარეცხი, გამოახვია ზეწარში და უნდოდა მუშტართან წაეღო, მაგრამ ნახა, რომ უთო ჯერ კიდევ გახურებული იყო და განაგრძო საქმე. მართას საუთოებელი ბევრი ქონდა და არ უნდოდა უთოს ტყუილ-უბრალოდ გაცივება. გააუთოვა კიდევ რამდენიმე ნაჭერი, მაგრამ მოაგონდა, რომ სარეცხის წაღება იყო საჭირო და არ იცოდა რა ექნა. ბოლოს ისევ არჩია, რომ მუშტარს არ აწყენინოს; გადადვა იქით უთო, რომელიც ისევ, თითქო მის გასახელებლათ, ძალიან ცხელი იყო და დააპირა სარეცხის წაღება. ამ დროს ოთახში შემოვიდა სკოლიდან დაბრუნებული, მართას პატარა ვაჟი, კოტე და, დედა რომ წასასვლელად მომზადებული ნახა, უცებ ჩამოიხსნა წიგნების ჩანთა და სიხარულით მოებღაუჭა კალთაზე მართას.
_ დედიკო, მეც წამოვალ შენთან, მეც წამოვალ! _ დაუწყო ხვეწნა.
_ შენ რა გინდა?.. დაისვენე! _ უპასუხა დედამ.
_ არა, არა, წამოვალ... მე არა ვარ დაღალული, _ ემუდარებოდა კოტე. მართა უცებ შეჩერდა, ეტყობოდა, რაღაც ფიქრმა გაუელვა და შეხედა შვილს.
_ იცი, რა გითხრა?.. თუ აგრე გულით გინდა სიარული, შენ წადი მარტო და წაუღე სარეცხი მუშტარს, მე-კი დავრჩები და ვაუთოვებ, სანამ უთო არ გაცივებულა. _ თქვა მართამ.
_ ძალიან კარგი! _ აღტაცებით წამოიძახა კოტემ და მივარდა სარეცხს.
_ მოიცა, მოიცა, ნელა მოკიდე ხელი, არ გასვარო, ან არა დაკარგო-რა!.. აქვე, მეორე ქუჩაზე რომ "ჩინოვნიკი" დგას, იმას მიუტანე, _ უთხრა მართამ და კარგათ გამოხვეული სარეცხი მიცა შვილს.
_ ფული გამოვართვა? _ კითხა კოტემ, როცა კარში გავიდა.
_ თუ მოგცემს, გამოართვი, მანეთი და ერთი შაური მერგება, _ მიაძახა მართამ.
_ კარგი, კარგი, _ ჩაილაპარაკა კოტემ და გაკურცხლა.
_ დული, დული, იაბლოკი, ჰაა!.. _ დაიყვირა კოტემ, როცა ქუჩაზე გამოვიდა, კოხტათ დაიდვა თავზე სარეცხი, თითქო ხილით სავსე გობიაო, და თავმომწონეთ წავიდა დანიშნულ სახლისკენ. კოტეს პირველად დაავალეს მუშტართან სარეცხის წაღება და მის მხიარულობას საზღვარი აღარა აქვს. მაშ, ის დიდია ახლა და შეუძლია დაეხმაროს დედას, რომელიც მუდამ დღე შრომობს: ხან რეცხს, ხან აუთოებს, ხან საჭმელს აკეთებს, ხან მუშტართან მიდის, ხან ბაზარში გარბის და სხვა. დღეიდან სარეცხის წამღებათ კოტე იქნება და ამნაირათ ცოტათი მაინც მოეხმარება საყვარელ დედას; დაიდებს ხოლმე სარეცხს თავზე და, თითქო ხილის გამყიდველი კინტოაო, შემოსძახებს: "დული, დული, იაბლოკი, ჰაა!".. იჰ, იჰ, რა კარგია! რა ბედნიერია კოტე! აქამდის რატომ არ მოიგონა ან თითონ, ან დედამ რატომ არ იფიქრა, რომ სარეცხის წაღება კოტესთვის მიენდო? ჯერ დილაობითაც, სანამ სკოლაში წავა, შეუძლია კოტეს ახლო-მახლო სარეცხის მიტანა, თვარა სკოლიდან რომ დაბრუნდება, ხომ სულ თავისუფალია და ბიჭებთან კოჭაობას, დედას დაეხმაროს არ ჯობია?.. რასაკვირველია, ჯობია და კოტეც ბეჯითათ შეასრულებს თავისს მოვალეობას: არც გასვრის სარეცხს, არც დააბნევს და ისე მიუტანს მუშტარს.
ამნაირ ფიქრებში გართულმა რამდენსამე წუთში მიირბინა კოტემ მუშტართან, ჩააბარა სარეცხი, ჩაიჩხრიალა ჯიბეში მანეთის თეთრი ფული და ერთიც შაურიანი და გამობრუნდა უკან, ბედნიერი, რომ პირველი მონდობილება მშვენიერათ შეასრულა. მოდის კოტე არხეინათ ქუჩაზე; მოდის ამაყათ და თავმომწონეთ. "ჩხრრრ, ჩხრრრ", გააქვს ჩხრიალი ჯიბეში ფულებს და მის ნეტარებას საზღვარი არა აქვს: კოტე ახლა პატარა კი აღარ არის, დედის მომხრეა, მისი მარჯვენა ხელია და შუაზე უყოფს შრომას. მივა თუ არა შინ, ახლა მეორე წყება სარეცხი დახვდება მზათ და წაუღებს მუშტარს.
ამ ფიქრებში იყო კოტე, ხელები ჯიბეში ჩაეყო და თან ფულებს ანგარიშობდა, რომ უეცრათ ქუჩაზე დამჯდარი გლახის საცოდავი ხმა: "გამიკითხე, ღმერთი გაგიკითხავსო", შემოესმა. გლახა იჯდა ქუჩის პირას და გამვლელ-გამომვლელს მოწყალებას სთხოვდა, მაგრამ გაიარა ერთმა, გაიარა მეორემ, მესამემ, მეოთხემ და, არც ერთმა ყურადღება არ მიაქცია გლახის მუდარას. კოტეს შეეცოდა გლახა და გული მოდიოდა მგზავრებზე, რომელთაც თითქო არც კი ესმოდათ გლახის ვედრება. "გულქვავები, საზიზღრები!" ფიქრობდა კოტე: "რატომ არ აძლევენ თითო გროშს საბრალოს". იქნება, დღეს არა უჭამნია-რა!" ამ დროს კოტეს ხელს მოხვდა ჯიბეში შაურიანი. "ამოიღე და მიეცი!" უთხრა გულმა კოტეს. ამანაც მოკიდა შაურიანს ხელი, მაგრამ უცებ შეჩერდა. ფული ხომ მისი არ არის, დედამისისაა. თვითონ-კი განა ბევრი აქვთ, რომ გლახებს ურიგონ ფული? არა, კოტე თავს დაღუნავს და ისე გაივლის გლახის წინ, როგორც სხვა მგზავრები მიდიან. მართლაც დაღუნა კოტემ თავი და უნდოდა უცებ გაერბინა მათხოვარის წინ, მაგრამ კიდევ მოესმა გულის შემზარავი: "გამიკითხე, ღმერთი გაგზრდისო" და შეჩერდა. გლახას ხელი გამოეშვირა და იმისთანა თვალებით უყურებდა კოტეს, რომ ბავშვმა ანგარიშ მიუცემლათ ჩაიყო ჯიბეში ხელი, ამოიღო შაურიანი, მიცა მათხოვარს და გაიქცა საჩქაროთ, თითქო უკან მისდევს ვინმეო. "ღმერთმა გაგზარდოს, ღმერთი შეგეწიოს!" წუწუნებდა გლახა მადლობის ნიშნათ, მაგრამ კოტეს აღარაფერი აღარ ესმოდა და მირბოდა. მან არ იცოდა რა ჩაიდინა, კეთილი საქმე, თუ ცუდი? გლახას ფული მისცა, მაგრამ დედას წაართვა; იმ დედას, რომელიც წელებზე ფეხს იდგამდა, სისხლის ოფლში იწურებოდა და ისე ჭამდა პურს, ისე ზრდიდა თავისს კოტესაც. გაირბინა კოტემ რამდენიმე ნაბიჯი და გაჩერდა მოსახვევთან, საიდანაც მოჩანდა მათი სახლი. დგას კოტე და აღარ იცის, რა ქნას, რა მოიგონოს შაურის შესახებ. მართლაც რა უნდა უთხრას დედას? მათხოვარს მივეციო? მერე ვინ უთხრა, მიეციო? არა, კოტეს არ უნდა მიეცა მათხოვრისთვის დედის ფული და ვერც გაუმხელს ამას დედას. მაშ რა უთხრას? არა, რაღა ამ გზაზე დამჯდარა მაინც ეს გლახა? ამის შემდეგაც ხომ აღარ ენდობა დედა კოტეს და აღარსად გაატანს სარეცხს? ამნაირათ გამოდის, რომ კოტეს არ შეძლებია დედის მოხმარება, უსარგებლო ყოფილა მისთვის; დიახ, კოტე ცუდი ბავშვია: დავალებული საქმე ვერ შეუსრულა დედას, გამოტანებული ფული ვერ მიუტანა და დაუკარგა. დაუკარგა?.. არა, კოტემ კარგათ ქნა, რომ მათხოვარს ფული მისცა; ძალიან კარგათ, რადგან, იქნება, აქამდის მშიერი იყო საბრალო და ახლა კი შეუძლია პური იყიდოს და ჭამოს, მაგრამ დედასაც რომ ძალიან ჭირდება ფული? რახანია, სახლის პატრონი ქირასა თხოვს და იმას კი ჯერ ვერ მოუგროვებია მისაცემი ფული. არა, კოტემ ძალიან ცუდათ ქნა, რომ დედას შაური მოაკლო; კოტე ცუდი ბავშვია.
დგას კოტე მოსახვევთან ამნაირ ფიქრებში გართული, ხან კმაყოფილი თავისს საქციელით, ხან უკმაყოფილო, და ვერც იქით წასულა, ვერც აქეთ; უნდა სახლში მივიდეს, მაგრამ რა პირით შეხედოს დედას, რა უთხრას, როცა ის კითხავს, შაური რა უყავიო?.. ვინ იცის, რამდენ ხანს იდგომებოდა კოტე ერთ ადგილზე, რომ უეცრათ დედის ხმა არ გაეგონა.
_ კოტე, კოტე, მანდ რას აკეთებ? რატომ არ მოდიხარ? _ მოესმა კოტეს ნაცნობი ხმა და შეკრთა. მართას უთო გაუცივდა და ხელ-ახლავ აღარ გაუხურებია, რადგან დაბრუნდებოდა თუ არა კოტე, პური უნდა ეჭამათ. იცადა მართამ, იცადა და კოტეს მოსვლას რომ აღარაფერი ეშველა, გამოვიდა ქუჩაში. გაიგონა თუ არა დედის ხმა, კოტე, როგორც დამნაშავე, შეშინებული და თავ ჩაღუნული წავიდა მისკენ.
_ რა ქენი, მიუტანე სარეცხი? _ კითხა მართამ.
_ მივუტანე, _ ძლივს ამოილუღლუღა კოტემ.
_ ფული მოგცა?
_ მომცა, აჰა! _ თქვა კოტემ და გადაცა დედას მუჭით თეთრი ფული. მართამ უცებ დაითვალა ფული და შეხედა შვილს.
_ შაური? _ კითხა მან. კოტე ხმას არ იღებდა თავ-ჩაღუნული იდგა.
_ შაური? _ განუმეორა მართამ. _ შაური რა უყავი? _ კოტე მაინც ხმას არ იღებდა. _ არ გესმის, რომ გეკითხები? _ გული მოუვიდა მართას, მოკიდა ხელი ნიკაპზე და თავი აუწია. კოტეს ცრემლები მოერია.
_ შაურიც მოგცა ხომ მუშტარმა და რა უყავი? _ კიდევ კითხა მართამ.
_ არა, არ... _ დაიწყო კოტემ, მაგრამ ცრემლი ყელში მოებჯინა და ვეღარ დაათავა, რის თქმაც უნდოდა.
_ არ მოუცია?.. როგორ არ მოგცემდა?.. წამო, მაშ წავიდეთ იმასთან! _ დაიძახა მართამ, დაავლო ხელი კოტეს და დააპირა მუშტართან წასვლა.
_ კი მომცა, კი... _ ძლივს ამოიღო ხმა კოტემ.
_ მაშ, რა უყავი?.. იყიდე რამე განა, შე საძაგელო, შენა?.. რა იყიდე?.. კაკალი? მაჩვენე ჯიბეები! _ ყვიროდა გაგულისებული მართა და უშინჯავდა ჯიბეებს. მართა გულ-კეთილი ქალი იყო, მაგრამ გაჭირვებას გაესასტიკებინა და გულს წვავდა თავისს ნაოფლარის უბრალოთ დაკარგვა, როცა გარს იმდენი საჭიროება ეხვია.
_ არაფერი არ მიყიდია... _ თქვა კოტემ და ტირილი დაიწყო.
_ მაშ, რა უყავი? _ არ ეხსნებოდა მართა.
_ დამეკარგა, _ უთხრა კოტემ ბოლოს.
_ როგორ დაგეკარგა, სად დაგეკარგა?.. წამოდი ახლავე და მოძებნე, სადაც დაგეკარგა! _ ამ სიტყვებით დაავლო მართამ ხელი ბავშვს და წაიყვანა. _ ეძებე, ეძებე! _ უყვიროდა გზა და გზა. კოტე ძლივს მიჩანჩალებდა და, გულ-ამომჯდარი, ტიროდა.
_ გამიკითხე, ღმერთი გაგიკითხავს! _ მოისმა ამ დროს და ორივე დედა-შვილმა მიიხედეს გლახისაკენ. გლახა იჯდა იმავე ადგილზე, ხელში პური ეჭირა; თან ჭამდა და თან ივედრებოდა. კოტეს ჯერ ეწყინა თავისს ტანჯვის მიზეზის დანახვა, მაგრამ, როცა ნახა, რა მადიანათ შეექცეოდა გლახა პურს, იფიქრა, ეს ჩემი მიცემული შაურით იქნება ნაყიდიო და კმაყოფილება იგრძნო.
_ იქნება შენ ნახე შაურიანი?.. ამ ბავშვს აქ შაურიანი დაეკარგა და შენ ხომ არ გინახავს? _ კითხა მართამ მათხოვარს, როცა მიუახლოვდნენ. უკანასკნელმა გაკვირვებით შეხედა ჯერ მართას, მერე კოტეს და გაიღიმა. მან იცნო კოტე და მიხვდა ყველაფერს.
_ არა, მე არ მინახავს, _ თქვა მან.
_ აბა რა იქნა _ დაიწყო მართამ: _ ამ საძაგელს სარეცხი გავატანე მუშტართან და მანეთი და ერთი შაური უნდა მოეტანა; მანეთი მოიტანა და შაური-კი დამეკარგაო, მითხრა. _ გლახამ შეხედა კოტეს, რომელიც, სრულიად დამშვიდებული, მიჩერებოდა მას. გლახა მიუბრუნდა მართას და ვედრებით უთხრა:
_ შაური მე მომცა, ნუ გაუჯავრდები!.. კეთილი ბავშვი ყოფილა, ღმერთმა გაზარდოს და კაი კაცი გამოიყვანოს.
_ შენ მოგცა?.. _ გაკვირვებით წამოიძახა მართამ.
_ დიახ, მე მომცა და აი, პური ვიყიდე კიდეც, _ უთხრა გლახამ და აჩვენა პური.
_ მერე რატომ მაშინვე არ მითხარი, შვილო, თუ გლახას მიეცი, როცა გკითხე, რა უყავი-მეთქი? _ ტკბილი ხმით მიუბრუნდა მართა კოტეს და დაუსვა ალერსით თავზე ხელი _ გლახის მიცემა ცუდი არ არის და რაკი მიეცი, რაღაზე დამიფიცე? მართალია, ჩვენ თვითონ გაჭირვებულები ვართ, მაგრამ ეს კიდევ უფრო გაჭირვებულია ჩვენზე. ნეტა ბევრი მოგვცა, რომ ბევრის მიცემა შევიძლოთ...
_ ეჰ, _ ამოოხვრით დაიწყო გლახამ; _ გაჭირვებულს ისევ გაჭირვებული თუ გაიკითხავს, თვარა მდიდარს ჩვენი არა ეყურება-რა. დილიდან აქ ვზივარ და ამ ბავშვის მეტს ჩემთვის სამოწყალო არავის მოუცია. ღმერთმა გაზარდოს და კეთილ გულთან იმდენი შეძლებაც მისცეს, რომ ყოველი გლახისა და გაჭირვებულის გაკითხვა შეძლოს...
მართას სიხარულის ცრემლებით აევსო თვალები; მოხვია ხელი თავის პატარა ქველ-მოქმედს და ორივე დედაშვილი მხიარულად წავიდენ შინისკენ...