პაპიჩემის ლექსებიდან
Appearance
პაპიჩემის ლექსებიდან ავტორი: ლადო ასათიანი |
1941 წელი |
პაპა სიკვდილამდე ლექსებს წერდა,
ახალგაზრდობას ეტრფოდა.
მე კაცის შვილი მაშინ ვიყავი,
მაშინ ვიყავი ადამის ძე მე,
როცა ვარდისფერ აღდგომა ღამით
აჩირაღდნებულ ტაძარში შეველ.
შეველ, პირჯვარი გადავისახე,
ხელნი აღვაპყარ და დავიძახე:
– „ღმერთო, მიცოცხლე ჩემი დედ-მამა,
კარგად მიმყოფე ყველა ჩემები!“ –
და ღვთისმშობელის შემოხედვამა
დამაფრქვევინა ცხელი ცრემლები.
მე მაშინ ვიყავ, თორემ ახლა რა,
როცა ცხოვრების მადგას უღელი.
მე მაშინ ვიყავ ბავშვი პატარა,
გაუფურჩქნელი და გაურყვნელი.