პაპას მსოფლიო ფიქრები
პაპას მსოფლიო ფიქრები ავტორი: ვაჟა-ფშაველა |
1903 წელი |
პაპამ ანდაზებით ლაპარაკი იცის: რაც ძველებს უთქვამთ, ერთი სიტყვაც არ ჩავარდება, სულ მართალიაო, ამბობს იგი. კაცი უნდა დინჯი იყოს, რადგან „სიდინჯე გმობილი სჯობს სიჩქარესა ქებულსა“, და მომთმენი, რადგანაც „მოთმინება კაი საქონელია“. ყოველი ფიქრი, სიტყვა და აზრი, რაც კი რომელიმე ანდაზას არ ეთანხმება, ფუჭია, სიცრუვეა. ამიტომ თავის ფიქრს და რჩევას უმცროსებისათვის სავალდებულოდ ხდის. „დედის წინ მორბინალს კვიცს მგელი შესჭამსო“.
მისი სიწყნარე და სიდინჯე, სხვაც რომ არაფერი იყოს, აქედანაც გამოიხატება: ერთის დღის სავალს სამი და ოთხი დღე უნდება. საფერხედ ჯორაი ჰყავ და ძალიანაც ეზოგება; სულ ფეხით დაუძღვება წინ და მინამ თითონ კარგად არ მოიღლება, არ შეჯდება ზედა. შეჯდება და ვაი იმ შეჯდომას, უნაგირზე კი არა, ეკლებზე ზის და წამდაუწუმ დუდუნებს: „მოვკალ ჯორაი, მოვკალ ამ უღმერთომ!“ და ჩამოუქვეითებს. ჯორამაც კარგად იცის პატრონის ხასიათი და ამიტომ ბევრს თავს არც ის იტკივებს, სწორედ კატის ნაბიჯით მიცოცავს ყურების ბარტყუნით. გაივლის პაპა ცოტაოდენს მანძილს და მოაძოვებს, რომ ჯორა არ შეწუხდეს, არ დამჭლევდეს. ჯორი სძოვს ბალახს, პაპა კი გავას უსინჯავს, აათვალ-ჩაათვალიერებს, რამდენი ხორცი მოაკლდა, მოადნა მის ჯორას, რათა დანაკლისი ისევ შეუვსოს შეპატიებით.
პირუტყვი ძალიან ებრალება, რაც უნდა იყოს იგი: ცხენი, ჯორი, ხარი, ცხვარი, ძროხა და სხვ. ამიტომ თითონ დასთმობს სიმშილს, ხოლო პირუტყვის სიმშილს ვერ აიტანს მისი გული… როცა ჯორა დასაპალნებული მოჰყავს ფშავისკენ კახეთიდან სულადით ან კულუხით (ღვინით), მაშინ მისი მოგზაურობა სწორედ კუს მგზავრობაა და სულ იმას ჰფიქრობს, შეხვდეს ვინმე მგზავრი, რომ ბარგის ჩამოხდაში იშველიოს…
– გამარჯობა, ძმობილო!
– გაგიმარჯოს ღმერთმა! – ესმის პასუხად პაპას.
– მოდი, თუ ძმობა და ან ღმერთი გწამ, ე ჯორაის მოხდას მიშველე!
როცა ჯორას გაანთავისუფლებს პაპა, მაშინ ამოისუნთქებს თავისუფლად, თითქოს საპალნე იმას მოეხადა ზურგიდან, და ვიდრე მისი საფერხე კარგა ფერდს არ გამოიღებს, მანამდე არც შედგება პაპა გზაზე. მეტი არ შეიძლება, ისე გააზაქრებული, გარყვნილი და განაზებული ჰყავს. ციგნობა და ეშმაკობა პაპას ჯორას იმდენი შეუძენია პატრონის ხასიათის შესწავლით და დაკვირვებით, რომ ხანდახან ავადმყოფად მოაჩვენებს თავს, – კვნესის და რაღაც ერთნაირად, საუცხოვოდ ფრუტუნებს და ხრუტუნებს. „რა გაიგება, იქნება, ავადაც გახდა“, – ამბობს პაპა, – „პირუტყვია, რამდენჯერ შესცივდება, ან მოჰშივდება, მაგრამ ვერას იტყვის, – უენა-პიროა და იმით, კაცს უნდა ჰქონდეს იმდენი ცნობა, შეატყოს…“ პაპაც იგებს ჯორას ავადობას, ხოლო უბედურება ის არის, რომ უკუღმა იგებს და ბევრჯელ მოტყუებული რჩება გაბატონკაცებულ ჯორაკაის მიერ.
პაპას ჭირივით ეჯავრება დუქანი, იქ ქეიფი და ფულების ხარჯვა, ნამეტნავად სასმელზე. თუ არ საჭირო საგნისთვის, როგორც, მაგალითად, მარილია, ნავთი და სხვა და სხვა, იგი ფეხს არ შესდგამს დუქანში. ჯავრობს პაპა და დუდუნებს თავისთვის: „ოჰ, ძმაო, ოჰ! ძალიან გალოთდა ხალხი, ძალიან, – მუცლები თავზე აქვ ჩამოცმული ეხლანდელს ხალხსა: თუ არ დაითვრა ეხლანდელი კაცი, თავი კაცად აღარა ჰგონია! ოჰ, ოჰ, ღმერთმა მშვიდობა მისცეს ეხლანდელს ქვეყანას!“
ცოდვის ქმნა პაპას ფრიად აშინებს; აშინებს იმიტომ, რომ ღმერთი დაჰსჯის შვილებით ან შვილიშვილებით, მოუკლავს ვისმე. დღეს ღვთისა და ხატისა მადლობელია, რადგან თითონაც ცოდვას ერიდება და ღმერთი და ხატიც უფასებს ამაგს და არავითარ ზარალს არ აძლევს არც კაცით და არც საქონლით. როცა პაპა მადლს რასმე შვრება: გლახას გაიკითხავს, გაჭირვებულს უშველის, მაშინვე იმას ჰფიქრობს – ღმერთი დაინახავს, ის მე შემეწევაო. იგი მადლს მარცხენა ხელით ისევ ვერ დასთესავს, მარჯვენამ არ გაიგოს. რაც მართალია – მართალია. ერთხელ, როცა პაპა ცხვარში დადიოდა თავის ჯეილობაში, ჩობანი იყო, ამხანაგმა ძალიან შეაფიქრიანა. გეჯურა სრულიად სხვა ჯურის ადამიანი იყო. მთხოვარას არ გაიკითხავდა, გააგდებდა, თუმცა სიმდიდრით ბევრით, გაცილებით სჯობდა პაპას; ეტყოდა: „ღმერთსა აქვ ბევრი, წადი, ის მოგცემსო“.
– ცოდვაა, რად იცი, კაცო, ეგრე? აკი ყველა ღმერთს ვეხვეწებით?! – უთხრა ერთხელ პაპამ გეჯურას.
– ნეტავი შენა! გამოგწყვეტია საქმე და ამბობ, რაც არ არი, იმას. ჰო და ღმერთს რო ვეხვეწებით, კიდეც ეგ არი… ზოგს რად აძლევს ღმერთი და ზოგს არა! ალბად, ვისაც არა აქვს რა, არც ღირსია ქონებისა. ღმერთმა ჩვენზე კარგა არ იცის, ვინც რის ღირსია, ჩვენ იმაზე წინ რად უნდა გავრბოდეთ, რად უნდა ვეწინააღმდეგებოდეთ უფალსა?!.
გეჯურას ფილოსოფიამ, ცოტა არ იყო, პაპა შეაფიქრიანა. მართლაც, იქნება, ეგრეც იყოსო, – ჰფიქრობდა თავისთვის პაპა. თავი პაპამ ამ მაცდურ მიმართულებას იმ ფიქრით დააღწია მხოლოდ, რომ ასე განსაჯა: გეჯურა კრიჟანგია, ღმერთი გვიწერს – საწყალი შეიბრალეთო. თუ სწყინს უფალს საწყლის, ბეჩავის შებრალება, ეხათრება ჩვენი, თუ რა არი, განა ვერ გვიბძანებდა: მე ვინც გავაბეჩავე, თქვენ, კაცნო, ნუ შეიწყნარებთო?! არაო, სთქვა მან, გეჯურასავით რომ ვიფიქროთ, მაშინ ცოდვასაც მადლად გადავაქცევთ, ცოდვასაც მადლი მოექვივნება. ბოლოს ასეც იფიქრა: ეხლა მეც მწყემსი მიჭირავ, მე – აღა, ის მწყემსი, მაშ ჯამაგირი აღარ უნდა მივცე?! ფუ! არა, არ ვარგა ასეთი ფიქრი. ქვეყანა წაიწყმიდება, თუკი შებრალება და შეწყნარება აღარ გვექნება ერთმანეთისა… მიჰყვება პაპა ისევ თავის გულისა და სინიდისის განაჩენს, მამაჩემსაც ასე ესმოდა ცოდვა-მადლი და მეც ასე უნდა მოვიქცეო, – ჰფიქრობს იგი თავისთვის. „რაც არ ექნას მამაშენსა, ნურც შენ დაჰხევ მარმაშებსაო“.
ყისმათიანი კაცი ვარო, – ჰფიქრობს პაპა თავისთვის. – პური არ მაკლია, ღმერთო, შენის ძალითა, ვინცა მყვანან – შვილები, შვილიშვილები, კარგადა მყვანან, არავინ მომკვდომია, საქონელიც საკმაო მყავს, დაილოცა ღმერთი, სხვა რა მინდა! არაფერს არ ვემდური ხატსა და ღმერთსა, ნეტავი, სულ ასე ვიყო, მინამ ცოცხალი ვარ. სამი ვაჟი ჰყავს და სამივე დაქორწინებული. ცოლის თხოვის დროს ყველას ამ დარიგებას აძლევდა: პირლამაზს კი ნუ ეძებთ, ბიჭო, სხვაფრივ იყოს დედაკაცი ლამაზი, არ იყოს გარყვნილი, არ იყოს ქურდი, ავის ენისა… ხომ გაგიგონიათ: „თივა – მთიბლების ნათიბი, ირმების ნაგელარია; ცოლსა ნუ ეძებ ლამაზსა – ბევრის ყმის ნახელარია“. თოვლიც ლამაზია, მაგრამ… და სხვა და სხვა. „ქალს ნუ ჰკვლევ ხატობაშია: ტანთ ნათხოვარი აცვია; ქალი თუ გინდა ლამაზი, დაჰკვლიე ქერის მკაშია…“
ღვთისა ძალით, რძლებიც კარგები გამოადგა, არც სილამაზე აკლიათ და სხვაფრივაც შემკობილები არიან. ცისმარე დღეს ჯარასავითა ტრიალებენ. ქმრებიც უყვართ, მაზლებიც, ერთმანერთიც, დედამთილ-მამამთილსაც დიდად პატივსა სცემენ. მუშაობა იმათი ხელობაა. მოდი და ღმერთს მადლობას ნუ შესწირავს პაპა!..
არც უჯილაგოები არიან პაპას რძლები, რადგან იგი თავდაპირველად ჯიშზე, ჩამომავლობაზე ეძებდა რძლებსა. ძველთაგან ასე ჰქონდა გაგებული: „ჯიში იკითხე, ცხენი იყიდეო,“; „კვიცი ჯიშზე ხტისო“; „არ შეიძლება ჯიშმა არ მაჰზიდნოს თავისაკეო“, – ამბობდა პაპა, – „ცოლის შერთვა საბოლოვო საქმეა, ჩვენ არა ვართ უჯიშო ხალხი; უჯიშოს ნუ გაურევთ თავის გვარში: ზოგს თეოდორაიანობა მაუდის ჯიშად, სხვას – ბნედა, ქურდობა, სიქაჩლე, უკბილობა და სხვა“.
თავისი ოჯახი უმცროს-უფროსობის წესზე ჰყავს დაყენებული, უმცროსმა უფროსს უნდა გაუგონოს, ვინაიდან უფროსს მეტი ჭკვა აქვსო: „ვისაც უფროსის სიტყვა არ ესმისო, იმის ვენახს არ ესხმისო“. პაპა კარგად ჰგრძნობს იმას, რომ ზოგჯერ შეიძლება უმცროსის ჭკვა სჯობდეს ზოგი უფროსის ჭკვასა, მაგრამ ეს იშვიათად მოხდება, უფრო ხშირად უფროსების ჭკვაა გამოსადეგი, ამიტომ უპირატესობა იმას ეკუთვნისო. ზოგ შემთხვევაში პაპა სწორედ უკუღმართად მსჯელობს და თუ ზე-ზერ შეხედე მის მსჯელობას, უსათუოდ დაიწუნებ; უკეთუ ღრმად ჩაუკვირდი და ფესვებიდან გასინჯე, არ შეიძლება არ მოიწონო. ერთის შეხედვით მართლაც რა მოსაწონია ჩვეულებრივი, საყვარელი მისი ანდაზა: „ვირი რო ბატონადა გყვანდეს, აჩიობას ნუ ჰკადრებო!“ რატომ? ვირს მაშ რა უნდა ჰკადროს კაცმა, თუ არ „აცეობა“, „აჩიობა“? მე და შენ, მკითხველო, ასე ვსჯით: ვირს, ჯერ ერთი, ბატონად ვერ მოვიხდენთ, ვერ გავიხდით, ვერც ვითვისებთ, და თუ როგორმე დაგვიდგა ასეთი ბატონი, ათასი წიხლიც რომ დაგვკრას, „აჩიობას“ მაინც ვკადრებთ და მაინც. პაპა არა ჰკადრებს იმიტომ, რომ მას წიხლებისა ეშინიან, მას გრძნობა თავისთავის დაცვისა, შენახვისა ძლიერი აქვს. ღმერთსა და ხატსაც თავის სარგებლობის გულისთვის ეფერება. ცოდვა აშინებს, ცოდვის ქმნას ერიდება, ჰფიქრობს რა, ღმერთი დამსჯისო. დღეს თუ მადლობელია ღვთისა, ეს იმიტომ, რომ მას დაუფასდა კეთილსინდისიერობა და პატიოსნება, და შემდეგისათვისაც ღვთის მფარველობის იმედი აქვს. შვილებსაც ამას უქადაგებს: „არამს, ცოდვას ერიდეთ; ღმერთმა დალოცოს თავისი ალალის ოფლით ნაშოვარი და მონაგარი“. ღმერთს რომ შეეხვეწებით, ეს უნდა სთხოვოთ: „ღმერთო, ის მაფიქრებინე, რაც ჩემთვისა სჯობდესო“. ძალიან კარგად ნათქვამია: „კაცს რო ღმერთი გაუწყრება, ჯერ გონებას წაართმევსო“. მართალიც არის: საქმე გონებაა; უჭკუო, უგონებო კაცის საქმე სად თქმულა ან სად გაგონილა გამოსადეგი და თავსმოსავალი?! საღი გონება ცხოვრების სწორე გზის მაჩვენებელია, ხოლო სნეული გონება (იგივე უგონებობა) – მრუდე გზისა. „კაცის გაჯავრებას ერიდეთ; ვინც კაცს გააჯავრებს, ის ღმერთს გააჯავრებს“, „როსტომ თქვა: გმირი მეც ვიყავ – ჯირითი შემოვისრიე; მეზობლის შეჩვენებასა, ისევ დათმობა ვირჩიე“. ვაჟკაცობა ის არის, კაცმა მტერი მოკეთედ გაიხადოს, თორო მოკეთე რო გადაიმტეროს, ეგ არაფერი ბიჭობაა… „მოთმინება კაი საქონელია“.
კაცის მოკვლის ამბავი პაპას თავზარსა სცემს. კაცმა კაცი როგორ უნდა მოჰკლას?! დიდი, დიდი, უდიდესი ცოდვაა, თუნდა დიდი დანაშაულიცა ჰქონდეს. იტყვიან, ესა და ეს კაი ბიჭია: ხუთი თათარი ჰყავს მოკლულიო. რაო ვითომ? თათარი კი კაცი არ არი, ადამიანი? იმას კი არა ჰყავს ცოლ-შვილი, არავინ აუტირდება შინა? ჩვენ რო ჩვენს მკვდარსა ვტირით, თათრები კი არა ტირიან?.. თათრის დაწიოკებული ობლები კი არ თუ არიან შესაბრალისნი? კაცი სუ კაცია, რა რჯულისაც უნდა იყოს. ყველა ღვთის გაჩენილია, ყველა ღმერთს ეხვეწება და ემუდარება – ღმერთო, მაცოცხლე და მაცხოვრეო! ჩვენ კი უნდა მოვკლათ? ფუუუჰ!
– რად იცი ეგრე საუბარი, პაპავ? – ეტყვის მას თავისავე მეზობელი ბერიძე, – მაშ რა ვქნა, რომ მპარავს, თუ ქურდი მე მკლავს, პირში სულსა მხდის, სულის საზრდოსა მტაცებს?
– გაგტაცოს, წაიღოს – ერთი მგლის ვახშამი დიდი საქმეა? ნუ მოჰკლავ, გაისარჯე, ღმერთსა სთხოვე და ღმერთი მოგცემს. ერთისა და არა ათისა და ასის ცხვრის გულისთვის მაშ კაცი უნდა მოვკლათ? – უპასუხებს პაპა, – მე არც მომიკლავს და არც მოვკლავ. ღმერთმა ჩემობილი ნურავინ გარიოს ადამიანის სისხლში. უღმერთოებმა შარშან ემანდ ურია მოჰკლეს, დიდი სახელი ჰქნეს, არა? მოჰკლეს – ურია, ცოდვა არ არიო. აბა ვის რას უშავებდა საწყალი? დადიოდა თავისთვის, ერთ-ორ შაურსა შოულობდა, არავის რას ართომდა ძალით, არავის რასა სტაცებდა. ყველასთან თავდაბალი, ყველასთან საწყალი. აიღეს და მოჰკლეს. ღმერთი არ არი? მეტიღა ცოდვა იქნება?
– ეე, ბიჭოთ, – ეუბნება პაპა შვილებს, – გზაში რო კაცი შეგეყაროსთ, ეცადენით „გამარჯობა“ თქვენ დაასწროთ. რადა, იცით? იმით, რო ის „გაგიმარჯოსო“ იმას გეტყვისთ, და ღმერთიც გამარჯვებულებს გამყოფებსთ.
– ზოგს რო გამარჯვება ღვთის რისხვად ეყურება? – მიუგებს პასუხად უფროსი ვაჟი ბესო.
– რა ვუყოთ: შეიძლება ზოგმა ბოდიშიც არ გადაიხადოს; სხვამ კიდეც გაგლანძღოს და გითხრას: ნეტავი შენ, საქმე არა გაქვსო! მაინც არაფერი უშავ, ნუ იწყენთ, შარს ნუ აუტეხთ. იმის მაგივრად ღმერთი გადაიხდის ბოდიშს. ის იტყვის: „გაგიმარჯოს!“ მაინც წაგებული არ იქნებით და მაინც, უფრო მოიგებთ. მგზავრობაში ნუ დაითვრებით, დაგეძინებათ, ცხენს დაჰკარგავთ, ან ბარგსა, წყალში ჩაჰვარდებით, ან კლდეზე გადაჰვარდებით; მგზავრი ათასის ჯურისა დადის, ჩხუბი ვისთანვე მოგივათ, – ესეც კლდეზე გადავარდნა და წყალში ჩავარდნა არისო.
პაპას ყმაწვილების აღზრდისა საკუთარი მეთოდი აქვს და საცა შემთხვევა მიეცემა, შინ თუ გარედ, ყველგან ამას ქადაგებს: „შვილი გაზარდე მტრულადა, მოყვრულად გამოგადგებაო“. შვილს ნუ მოამშევ, ნუ შეაციებ, უსამართლოდ ნუ მოექცევი; კარგი მოუწონე, ავი დაუგმე, და, თუ საჭიროა, დაკა კიდეც; კარგს, სასარგებლო ყოფაქცევას სიყრმითვე შეაჩვიეთ; უსაქმურობას ნუ დასჩვევთ; დილით ადრე ააყენეთ, უფროსის ხათრი ასწავლეთ, ყბედობას ნუ დასჩვევთ; რაც გკითხოს, თუ იცით, ასწავლეთ, ცუდს მაგალითს ნუ აჩვენებთ, იმასთან ცუდს ქართულს ნუ დაჰხარჯავთ: ბალღი რასაცა ჰხედავს და რაც ესმის, იმასა სწავლობს. ბევრს ჭამას ნუ დააჩვევთ, ნუ ჩააცივდებით კი, აქაოდა, ეგება გავასუქოთო: შვილო, ჭამე, ჭამე, შენი ჭირიმე! რიგზე აჭამეთ: – „მუცელს აქორებ – ქორია, აღორებ – ღორიაო“.
ბალღს უფროსისა ცოტა შიში თუ არა აქვს, გაირყვნება, გაფუჭდება, რადგან „ბალღს ისე არა აქვს ნამუსი, როგორც ძაღლსაო.“
ზომიერს ცხოვრებას პაპა არა მარტო პატარაებისთვის ნდომობს, არამედ დიდებისთვისაც. ბუნების დაკვირვებამ ეს აცოდინა: „არ ვარგა არაფერი მოჭარბებული, – უწვიმოდ არაფერი მცენარე არა ხარობს, – ამბობს იგი, – მაგრამ თუ მოსჭარბდა, ისიც ავნებს, აგრეთვე თუ უმზეოდ, მაგრამ თუ სულ მზე ჰხედავს და თავის რიგზე ნამიც არ მოჰხვდა, ყველა ჭირნახული ფუჭდება. წამალი ხომ წამალია, მაგრამ იმასაც თავის ზომაზე უნდა დალევა, თუ მოიჭარბა კაცმა, მოჰკლავს. მტრობა ხომ არ ვარგა გადაჭარბებული და არც კი სანაქებო სიყვარული: „დიდს სიყვარულს დიდი სიმძულვარე მოსდევსო“, – ნათქვამია. ყველაფერში ზომა, ზომაა საჭირო: „კაცი არ ვარგა უმტერო, არც მეტად მტერმორეულიო“. მტერიც კი თავის რიგზე და წესზე საჭირო და გამოსადეგია.
– ე ქვეყანა რო ქვითკირის სახლებსა სჭიმავს, ჩვენც შევიძლოთ ერთი-ორი ოთახი სუფთა დავდგათო, – ეტყვიან შვილები პაპას.
– ქვეყანას რა ყურს უგდებთ? ნათქვამია: – „სახლი გედგეს ფანჩატიო, შიგ რამ გედვას ფარსაგიო“. ქვეყანამ ბუზმენტიანი ჩოხები და ვერცხლის ქამარ-ხანჯრებიც შემაიღო: მერე შიგ რა ყრია? „ქუდი მრუდია ციბალთი, შუშპარი შვენიერიო, – რაცა აქვ, ტანზე აკრია, შინ სახლი ცარიელიო“. კოხტა-პრიზაობამ ეგრე იცის. თუკი სახლი დაცარიელდება, ცარიელმა კედლებმა და ქამარ-ხანჯარმა რა მიშველოს? ვინც კოხტად იცომს, ის კოხტადაც ჰფიქრობს ცხოვრებას, წუთისოფელს კი კოხტაობა არ უხდება. კაცს საბოლოვო ფიქრი უნდა ჰქონდეს.
ფულის უსარგებლოდ გაცემა პაპას დიდ მადლად მიაჩნია. თავი მოსწონს ამით, ჰფიქრობს თავისთვის: „სარგებელი ფულში არავისთვის გამომირთმევია, მაშ ეს მადლი არ არის? ოღონდაც მადლია, ღმერთი დაინახავს ამას, დამიფასებს სიკეთეს“ – და მისი გული სიამოვნებით გაიფართხალებს. ვინც ფულს დაესესხება, თუ აქვს, მისცემს, თანაც დაუყოლებს: „აჰა, წაიღე, როცა გექნება, იშოვნი, მომიტანე, ჩემი ჩამაბარე, შენი სარგებელი არ მინდა…“
ატყდება ყრილობის დროს ყაყანი: „არა, შენ მეტი და უკეთესი მამულები გიჭირავ და მე კი მაკლია!“ მოხდება ამაზე ლანძღვა-გინება, თავპირის მტვრევა.
– რაზე სჭამთ და ჰგლეჯთ ერთმანერთს, შვილო, სასაფლაოზე მაინც არ გაგივლიათ, არ გინახავთ, რამდენი ხალხი წევს იქა? გაზომეთ თითო საფლავი და გაიგებთ მაშინ, მიწისგულისათვის ჩხუბს რაც ძალა აქვს. როგორც ისინი დაიხოცნენ, ისე ჩვენ დავიხოცებით, და დედამიწა აქვე დარჩება, ჩვენ ცოდვისა და მადლის მეტი თან არაფერი გაგვყვება. ეს ნუ გვავიწყდება, უნდა მუდამ გვახსოვდეს, თორო ჩხუბსა და დავიდარაბას არ მოვშლით, ეგრე, კაცებო, – ეტყვის პაპა დინჯად, აუჩქარებლად, – ჩვენი ბოლო სამი ადლი მიწაა და იმდენივე ადლი ტილოა. ეგ არის და ეგ!..
პაპას დიდ ცოდვად და სირცხვილად მიაჩნია აგრეთვე, რომ როცა ნათესავი ან მეგობარი ვინმე დაუზარალდება, იმ დროს არ მივიდეს, არ „მიჰხედოს“. „მიხედვა“ რა არის, როგორ გგონიათ? უნდა წირვის დროს მიიყვანოს ერთი საკლავი, ერთი ან ორი თუნგი არაყი, ერთი კელაპტარი, ერთი დიდი ფშაური ქადა და ერთიც ხმიადი. ყველა ამას აჰკიდებს თავის ჯორაკას და ამ სახით, ჯოხის ბჯენით, გამოცხადდება თავის მოკეთესთან. მოვალედ ჰრაცხს თავისთავს ასე მოიქცეს, რადგან უამისოდ იგი თავისთავს კაცად არ ჩასთვლის და ხალხის მხრივაც თითით საჩვენებელი გახდება. მოკეთის მიცვალებული იგივე საკუთარი მიცვალებულია, და როგორც საკუთარს მკვდარს უნდა დამარხვა, ისე გარდაცვალებულს მოკეთეს. მივა პაპა და მიუტირებს: „რა ძნელი საქმე მოგივიდა, შე ჩემ-თავმომკვდარო! ღმერთმა ნუ დაინანოს, ვისაც არ დაჰნანდი! ღმერთმა ზარალი ზარალად გაკმავოს, ვინც დაგრჩნენ, ღმერთმა ისეები გიცოცხლოს. ნუღარა ავი და ურიგო მოგარგინოს! სხვაფრივ ხომ აღარა გიჭირს? როგორა ხართო?
მოკეთეც ბოდიშს გადაიხდის: – „ღმერთმა წყენა აჰხადოს თქვენს თავსა, ღმერთმა შვილები გიცოცხლოს! არა გვიჭირს. ცოცხლები ვყრივართ. დღესნამდე ვათენ-ვაღამებთ“.
ჯორასაც, ამასობაში, მოტანილი ძღვენი მოეხსნება ზურგიდან და… ხონჩით სუფრა გაჩნდება, ხელადით არაყი. ერთი-მეორის სადღეგრძელო და მკვდართა შესანდობარი. ზედ სანელად დინჯი, დარბაისლური საუბარი გაიბმის სიკვდილ-სიცოცხლეზე, სააქაო-საიქიოზე და სხვა მრავალი.
აი, ამ პაპას გონება იქამდე შეზღუდული აქვს, რომ დღესაც სჯერა და ჰგონია, რომ დედამიწა ვეშაპის ზურგზეა დაფუძნებული, მზე დაღისტნის იქით მთის უკან იმალება, დილით იქიდან ამოდის, საღამ-საღამოობით კი იმერეთის მთას უკან იმალება.