Jump to content

ორი საახალწლო

From Wikisource
ორი საახალწლო
ავტორი: ლადო ასათიანი
1942 წელი



1.
სანამ არ ჩაქრებიან იმერეთის ოდები,
ყოველ ახალწელიწადს მარად მომაგონდები.
შორი გზიდან მოსული, მამა-პაპის ჯილაგი –
უცხოდ განათებული პატარა ჩიჩილაკი.
უცხოდ განათებული, სხვაზე არ გასაცვალი:
მწვანე სუროს ფოთოლი… კურკანტელას მარცვალი…
უზარმაზარ ოდაში მუხის ცეცხლი გუგუნებს,
ბავშვი გაოცებული მხოლოდ შენ შემოგყურებ.
დგახარ დამშვენებული ქამარ-ხანჯალ-ყაწიმით,
როგორც თეთრჩოხიანი იმერელი ყმაწვილი.
ფოჩიანი კანფეტიც ზედ გასხია მასრებად,
ალბათ, ცაში თუ მოხდა შენი გალამაზება!
უზარმაზარ ოდაში მუხის ცეცხლი ჩახჩახებს,
ძველი „მრავალჟამიერ“ აღებს ყველა გასაღებს.
მე ხან პაპის წვერს ვუმზერ, ხან შენ გიმზერ, ჩიჩილაკს,
და ვიღვრები ბინულის ნაკადივით სიცილად.
სულაც არ გამიგია, რა მახარებს, რას ველი…
ასე თვალგაურყვნელი, სიხარულით თვალსველი,
მხოლოდ შენ შემოგცქერი, შენი შუქის მჯერა მე,
შორი გზიდან მოსულო, ვარსკვლავეთის მცენარევ!
სანამ არ ჩაქრებიან იმერეთის ოდები,
ყოველ ახალწელიწადს მარად მომაგონდები!

2.

რიონის პირად შფოთავს ქალაქი, ათას ჭირში და ლხინში ნაქები,
ყოველ ახალწელს საგულდაგულოდ განათებული ჩიჩილაკებით.
მის განთიადებს ნუ დაივიწყებ და არასოდეს არ დაბერდები:
ის თეთრი ჩოხა ისევ გაცვია, ისევ პრიალებს წუღა-მესტები,
ისევ მესხეთის ქუჩით მიდიხარ და მოგძახიან იგივ სწორები,
შეგხვდება ვინმე ოჯახისშვილი, კოხტა ყმაწვილი მოეწონებო,
ხელში აგიყვანს, შუბლზე გაკოცებს, უზალთუნს მოგცემს აგრე დაგლოცავს:
„მრავალ ახალწელს დაესწარ შვილო, და ესახელე იმერლის ოჯახს!“
რიონის პირად კი ქუხს ქალაქი, ათას ჭირში და ლხინში ნაგები,
ყველგან ნახევრად ღიაა კარი და ციმციმებენ ჩიჩილაკები,
მხოლოდ ბაგრატის ტაძრის ნანგრევნო გარინდებულად მკვდრულ მყუდროებით,
მთა შთაგინერგეს შენ სიყვარული, ყრმაო, გარდასულ იმა დროების!