Jump to content

ორი ამბავი მეფე ერეკლეზე მთაში დარჩენილი

From Wikisource
ორი ამბავი მეფე ერეკლეზე მთაში დარჩენილი
ავტორი: ვაჟა-ფშაველა
1902 წელი


I
„თეკლა-ბიჭი“

მთაში უბირის კაცისაგან ისეთ რასმე გაიგონებთ ჩვენს სახელოვან ისტორიულ მოღვაწეებზე, რომლის მსგავსს ვერც ერთი ისტორიკოს-არხეოლოგი წიგნების და ნივთების ჩხრეკა-ძიებით ვერ აღმოაჩენს. უსწავლელს, უბირს კაცს არავითარი მზამზარეულად შედგენილი აზრი არა აქვს, ამბობს, რაც გაუგონია თავისავე მსგავსის უბირის პირით და ხშირად თითონაც არ ესმის, რას ამბობს. სწორედ ამიტომ არის ძვირფასი და საყურადღებო მისი ნაუბარი. მისი მოთხრობა.
აი, მაგალითად, ავიღოთ თუნდ მეფის ასულს, თეკლა-ბიჭზე, დარჩენილი ზეპირგადმოცემა. თეკლა-ბიჭს ფშაური თქმულება იცნობს „ბოგუნის“ სახელით. თქვენც, მკითხველო, ეს მამაცი ქალი გმირის მამისა არ უნდა გყავდეთ უცნობი. თვით სახელოვანმა მამამ ასწავლა „სამამაცონი ზნენი“: სწრთვნიდა თოფის სროლაში და ცხენის ჯირითში. მართლაც თეკლა-ბიჭი არც ერთს მოჯირითეს და მსროლელს არ ჩამოუვარდებოდა ჯირითსა და თოფოსნობაში. ადიდებულ, აღვარებულ არაგვში შეაგდებდა ცხენს, ფონს არ ეძებდა და გასცურავდა მეორე ნაპირას. დღეს ამისთანა ქალებს მთაში თუ შეჰხვდებით. ჰხედავთ, უბელო ცხენს შემოჰხტომია ქალი და მიაქროლებს ოღრო-ჩოღრო ადგილებზე უკრძალავად და თან მისი ჩიქილა მიფრიალებს ბაირაღის კალთებივით.
ერთხელ ნასახელარმა, ლაშქრობიდგან დაბრუნებულმა ერეკლემ თავის ლაშქარს ნადიმი გაუმართა. იმისა რა მოგახსენოთ, სუფრაზე ჯარისკაცნი თემ-თემობით ისხდენ თუ არევ-დარევით, – ამაზე თქმულება სდუმს. ხოლო ის ცხადია, რომ მეფემ უბრძანა თეკლა-ბიჭს:
– თეკლა-ბიჭო, წადი, მერიქიფეს დოქი ჩამოართვი და ფშავლებს ღვინო შენის ხელით დაალეინე ყველას სათითაოდ.
ასეთი განსაკუთრებული ყურადღება ფშავლებისადმი ერეკლეს მხრივ მარტო ფშავლების ერთგულებით და იმით, რომ „უნჯნი ყმანი“ იყვნენ, არ აიხსნება. აქ სხვა რამ მიზეზიც არის: სახელდობრ ისა, რომ ყრმა ერეკლე ფშავში აღიზარდა და თავის აღმზრდელ ერის სიყვარული განკერძოებით ექმნებოდა.
თეკლა-ბიჭმა იმ წამსვე შეასრულა მამის ბრძანება: დაუწყო მორიგად ჯარისკაცთ თასით ღვინის სმევა.
შეზარხოშებულ ჯარისკაცთ დაავიწყდათ თავისი თავიც და მასპინძელიც; დაიწყეს ფშაურად მღერა. მოაყოლეს კაფიების თქმა. სხვათა შორის, ერთმა მეორეს „შაუმღერა“:

ღვინოს გვირიგებს ბოგუნი,
შამეჯინჭრება მე გული.

თეკლა-ბიჭმა ეს ძალიან იწყინა, მერიქიფობას თავი დაანება და მეფეს შესჩივლა: შენმა საქებურმა ფშავლებმა შეურაცხმყვესო… უამბო ყველაფერი. ერეკლეს „პირმა შასცინა“.
– ნუთუ ეგა გწყინს? – ჰკითხა მან ღიმილით, – ჩემო თეკლავ, განა ეგ იმედი მაქვს შენი? ნუთუ ეგრე სულმოკლეცა ხარ? ფშავლები არიან. რა ვუყოთ, მაგათი წესი ეგ არის, დამშვიდდი!
თეკლა-ბიჭი დამშვიდდა, ხოლო მერიქიფობა აღარ იკისრა.
ნათქვამია: დრონი მეფობენ და არა მეფენიო. აი დრო, გარემოება და კაცი. ეხლანდელი იუნკერიც არ იკისრებს თავის ტოლ-ამხანაგ იუნკერებს დაუყენოს თავისი ქალი მერიქიფედ, განაღამც თავის ქვეშევრდომ „სალდათებს“ და, თუ მსგავსად შეურაცხყვეს, მოითმინოს; ორის გოჯის სიმაღლეზე გაკეთებულ ქანდარიდგან არ იკისრებს დაბლა ჩამოსვლას, განაღამც იალბუზის წვერიდგან პირდაპირ უფსკრულში გადმოხტეს. მაგრამ განა ყველა გმირია?!
დიახ, დიდებულმა გმირმა მეფემ იკისრა მწვერვალიდგან დაბლა ჩამოსვლა და, ვინ იცის, სხვა რამდენს რასმე კისრულობდა (მოიგონეთ, ტოტლებენს რომ დაუჩოქა), მხოლოდ იმ განზრახვით, – ერი გაეერთგულებინა და მით საქვეყნო საქმე კეთილად წარემართა. შეიძლება ეს მაღლიდან დაბლა ჩამოსვლა ბევრჯელ ბევრში ჰვნებდა, მაგრამ რომ ბევრ შემთხვევაში გამოსადეგიც იქნებოდა, ეს უეჭველია.

II
ხიმიკაურის ხმალი

ასპინძაში, როცა გაშხლართული, თავგაჩეხილი ერეკლის ხმლითა კოხტა-ბელადი სულსა ჰლევდა, მეფეს მაშინ თან ახლდენ შვიდნი ხევსურნი ძაღლიკა ხიმიკაურითურთ. ლეკ-ოსმალოს ჯარი, ნახა-რა უბედურებაში თავის სარდალი, აირია წეროს გუნდივით, როცა მას არწივი დაუტევს. სხვა ჩვენმა ჯარმაც მოუსწრო ამ დროს. ერეკლემ შეუძახა ქართველთა ჯარს: „ხმალი ამ წუნკალებს, ქართველებო!“
გამხნევებული მეფის გამარჯვებით ჩვენი ჯარი დაერია დაწიოკებულ ლეკ-ოსმალთ და დაუწყო თიბვა, როგორც ბალახს. ყველა მხედართა გარჯას ერეკლე თავის თვალითა ჰხედავდა. ყველაზე მეტად მოეწონა იმას ხიმიკაური ძაღლიკას ხმალი და მისი ომი: თითო შემოკვრით კაცს შუაზე სხეპდა. ერეკლე ომის დროს რას ეტყოდა, მაგრამ ომის მეორე დღეს დაიბარა ძაღლიკა თავისთან და სთხოვა ძაღლიკას, შენი ხმალი დამითმე და ფასი, რამდენიც გინდა, მიიღეო.
– ბარევალ ე ხელნ დამჭრენ, ერეკლევ! – უპასუხა ძაღლიკამ.
– აი ჩემ ხმალს მოგცემ, – სთქვა ერეკლემ, – სართი სხვა იქნება.
– ვაი დედას მტრისას, ერეკლევ ბატონიშვილო, ეგ ხო ჩემ მოკვლა იქნების?! მამკალ კიდეც, რაკი ხმალს გამამართომ.
ერეკლემ იცოდა კარგად, ვაჟკაცისათვის კარგი ხმალი მეორე სიცოცხლე იყო, მაგრამ რა ექნა, თითონაც ვაჟკაცი იყო და ხიმიკაურის ხმალიც მეტისმეტად მოეწონა.
საქმემ იარა და იქამდე მივიდა, რომ დაუთმო ძაღლიკამ და მის ნაცვლად მიიღო სხვა ხმალი და ერთი თოფი, რომელიც დღეს ხევსურეთში ინახება ხიმიკაურების ოჯახში; ამ თოფს ხევსურნი „ბატონიაანთეულ თოფს“ ეძახიან და ვისაც სურს მისი ნახვა, ამ სახელით შეუძლიან მოიძიოს და ჰნახოს.
ძაღლიკა ხიმიკაურს იმ ვაჟკაცობისა და ერთგულებისათვის, რაც მან ასპინძის ომში გამოიჩინა, მეფე ერეკლემ სიგელით დიდი მამული უბოძა; ის „ნაჩუქრობის ქაღალდი“ ამ 7–8 წლის წინათ მე ვნახე ძაღლიკას შვილიშვილის ხელში. სპილენძის კოლოფში შენახული ჰქონოდათ და იქნება დღესაც ისევ ჰქონდეთ; პატრონი დავას აპირობდა და არ ვიცი, საქმე როგორ წაუვიდა. ხოლო ის კარგად ვიცი, რომ დღეს მის პაპისთვის ნაჩუქარ მამულით სხვანი სარგებლობენ, სხვა მფლობელობს.
ალბად გაწყრა ძაღლიკა, „გულს შამოეყარა“, რომ ხმალი „წაართვეს“ და აღარც ადგილი – მამულ-დედული ინდომა, მეფისაგან ნაჩუქარი.
ამის შემდეგ, როცა კი ერეკლე ლაშქარს დაიბარებდა მთიდგან, ძაღლიკა ხიმიკაურს პირველად მოიკითხავდა, მაგრამ ძაღლიკა სალაშქროდ გამზადებულ ხევსურთა „ახალ-უხლებს“ ამას აბარებდა, ხოლო ადგილიდგან აღარ იძვროდა მტერთან საომრად: „უთხარით ერეკლე ბატონიშვილს, ავად არის-თქო ძაღლიკაი…“