ოთხი უსათაურო
ოთხი უსათაურო ავტორი: ლადო ასათიანი |
1939 წელი |
- *
რად გაიფურჩქნე, წინანდლის ვარდო,
რად ააკვნესე ლერწამის ღერი!
დარდი ვარ მარტო, დავდივარ მარტო
და ეთიმ გურჯის ბაიათს ვმღერი:
– წყალში ვდგევარ, ცეცხლი მიკიდია!
- *
გთხოვთ არ გაიგოთ სხვანაირ სახით
ეს გახუმრება და ეს ბარათი,
მე მინდა თქვენთან დავიდგა სახლი
და მთაწმინდაზე დავრჩე მარადის.
რომ შთაგონებით უსაზღვროდ ხელი
ვმღეროდე თქვენი ტრფობის თილისმით.
თქვენ მოიღეროთ ჯეირნის ყელი
და გიყურებდეთ მთელი თბილისი.
- *
მიმატოვე და მალულად
ახლა ვეღარ გხვდები,
ნაფიქრალით დაფარულან
საქართველოს მთები.
როგორ სწრაფად წამიხველი,
სიტყვაც კი ვერ გითხარ…
შენს უნაზეს ძახილს ველი,
ჩემო კარგო, დიდხანს!
ვუმზერ მეტეხს, ნარიყალას,
შენ კი ვეღარ გხედავ,
გაიღვიძე, ჩემო ყველავ,
ჩემო სულის ერთავ!
ძველებურად, ჩვენებურად
ჩავუაროთ ისანს,
კაცი ვარ და ქუდი მხურავს
ქართველს შეუშიშარს.
მიმატოვე და მალულად
ახლა ვეღარ გხვდები,
ნაფიქრალით დაფარულან
საქართველოს მთები.
- *
– ამისი ქმარი სარდაფში მოკვდა, –
ასე იტყვიან შენზე ქალები,
და შენც ასეთი ნაზი და კოხტა
სიყვარულს ვერსად დაემალები.
– ამისი ქმარი ღვინოში მოკვდა, –
ასე იტყვიან შენზე ლოთები,
და შენც ასეთი ნაზი და კოხტა
ახალ სიყვარულს დაელოდები.
– ამ კაცის ცოლმა სხვა შეიყვარა, –
ასე იტყვიან ჩემზე ბიჭები,
გამიხსენებენ როგორც ნიკალას
და თბილ სამარეს დააბიჭებენ.